რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 274 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
  • ტანკი – 4 638 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 8 883 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 6 137 ერთეული [+41]
  • MLRS – 781 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 528 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 850 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 479 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 670 ერთეული [+37]
  • სპეცტექნიკა – 911 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 475 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 7 020 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 016 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 154 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 473 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 281 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის ძალები ბახმუტთან, სავარაუდოდ, სუსტდებიან – ბრიტანეთის დაზვერვა

„სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს

რთულია არაა რომელიმე ადვოკატს „გაჭიანურებული საქმე“ უხსენო და მინიმუმ ორი-სამი საქმე არ გაახსენდეს. საქმე, რომელზეც სარჩელი წლების წინ შეიტანა და ერთი სხდომაც არ ჩატარდა, ან ჩატარდა ერთი სხდომა და აღარ გაგრძელდა.

„რა აზრი აქვს სასამართლოზე საუბარს?“ – გაღიზიანებით მოგვმართა მოქალაქე ირმა სიხარულიძემ, რომელიც ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ცხოვრობს ისტორიულ სახლში. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და მოქალაქემ 2020 წელს მიმართა სასამართლოს, სახლი რომ დაეცვა.

ირმა სიხარულიძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წელს წერდა, როცა მან სარჩელით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა – ისტორიული სახლის ეზოს მოსაზღვრედ ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს მშენებლობა დასრულდა. სასამართლოში საქმის განხილვა დღემდე არ დაწყებულა.

„ბათუმელები“ სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე შეისწავლა რამდენიმე მოსამართლის გრაფიკი – დღის განმავლობაში განსახილველი საქმეების რაოდენობა: მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს არც მეტი, არც ნაკლები – 20 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რვასაათიანი სამუშაო დღე აქვთ მოსამართლეებს და თუ დავუშვებთ, რომ მოსამართლეებს დასვენება საერთოდ არ სჭირდებათ, გამოდის, რომ თითო საქმეს მოსამართლემ 24-24 წუთი დაუთმო.

სასამართლოს გადატვირთულობა ის თემაა, რაც სასამართლო სისტემის ლიდერებისგანაც ხშირად სახელდება, როგორც სასამართლოს მთავარი პრობლემა. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში, როცა ლევან მურუსიძე, კლანის ლიდერი, ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად, ეს თქვა: „მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, უნდა გამოსწორდეს – ეს არის გადატვირთულობა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”, – უთხრა მაშინ ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ.

„სინამდვილეში ეს არის პრობლემა მაშინ, როცა სასამართლოს ეს აწყობს, სასამართლოს ამ პრობლემის მოგვარება არ სურს,“ – ეს კიდევ ერთი მოქალაქის და „გირჩის“ წევრის თემურ გორგაძის შთაბეჭდილებაა სასამართლოს გადატვირთულობაზე. მან 2022 წლის მარტში მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა დღემდე ერთი სხდომაც არ ჩატარებულა. ეს საქმე მოსამართლე გიორგი ლობჟანიძეს აწერია.

თემურ გორგაძის საქმე საინტერესო იმითაა, რომ ის სუს-ის შენობის წინ, 2021 წელს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სამართალდამრღვევად მიიჩნიეს და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე სრულად გაამართლა 2021 წლის ნოემბერში, რის შემდეგაც მოქალაქემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. თუ სუს-თან აქციის შემდეგ თემურ გორგაძე 2 დღეში გაასამართლა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ, შსს-ს წინააღმდეგ სარჩელის განხილვისთვის იგივე სასამართლომ ამ დრომდე ვერ მოიცალა.

„როდესაც სახელმწიფოს აზრით მე რაღაც დავაშავე, ეს სწრაფად განიხილეს და აღასრულეს – დამაპატიმრეს, მაგრამ როდესაც სახელმწიფომ ჩემი უფლებები დაარღვია, ეს ფეხებზე ჰკიდიათ.

თუ სასამართლო გადატვირთულია, მაშინ რატომ არ იყო გადატვირთული, როდესაც მსჯიდნენ? საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს ხომ ყველას მაშინვე ასამართლებენ? მე ფინანსური ზიანი მომადგა, რადგან 5 დღე ვერ ვივაჭრე, უმთავრესი მორალური ზიანია: აბსოლუტურად ტყუილად ვიჯექი ციხეში 5 დღე, რატომ?“ – კითხულობს მოქალაქე თემურ გორგაძე.

თემურ გორგაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლომ 2-დან 5 თვეში საქმის განხილვა მინიმუმ უნდა დაიწყოს, თუმცა ამ უფლებადამცავი ორგანიზაციის სამუშაო მაგიდაზეც რამდენიმეა ისეთი საქმეა, სადაც სასამართლო პროცესი არც კი დაწყებულა.

მაგალითად, „თემურ ბერიძის საქმე“ – ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე ორი სარჩელი დარეგისტრირდა: ერთი 2021 წლის მარტში, მეორე – 2021 წლის ივნისში. თემურ ბერიძე ხულოს არქივის ყოფილი უფროსია და მიიჩნევს, რომ სამსახურიდან დისკრიმინაციის მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.

„არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ ვმონაწილეობდი აქციებში, რეალურად ამის გამო გამათავისუფლეს. ჯერ მომცეს საყვედური, რაც გავასაჩივრე, შემდეგ – გამათავისუფლეს. მოპასუხე ამ საქმეზე აჭარის განათლების სამინისტროა. მხოლოდ ერთი პროცესი გაიმართა იმ სარჩელზე, სადაც გათავისუფლების შესახებ გამოცემულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებ და სამინისტრომ მოითხოვა, დაველოდოთ საყვედურის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს როგორ შეფასდებაო. ამ არგუმენტით გადაიდო სხდომა, მაგრამ საყვედურის აქტზე ორ წელზე მეტია, ერთი სხდომაც არ ჩატარდა.

მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიუხედავად, მაინც უნდა გამამართლონ, ამიტომაც არ მართავენ ამ პროცესს,“ – ყოფილ საჯარო მოხელესაც ეს განცდა აქვს, რომ რეალურად საქმეების სიმრავლის და მოსამართლეების სიმცირის მიუხედავად, სასამართლო მიზანმიმართულად არ განიხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს.

„თემურ ბერიძის საქმე“ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს აწერია. ეს ის მოსამართლეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეების დაჯარიმებით გამოირჩევა, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ცვლის, მაგალითად, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე მოსამართლე გოგუაძემ საკუთარ საშაურმის ვიტრინაზე განცხადების გამოკვრისთვის დააჯარიმა, სააპელაციომ – გაამართლა.

„არაფერი იცვლება“ – კატეგორიულია საია-ს იურისტის, ირმა აბაშიძის შეფასება საქმეების გაჭიანურებაზე. მას არ სჯერა, რომ ვინმე ზრუნავს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე.

„მე 2015 წლიდან ადვოკატი ვარ და სულ მესმის, რომ მოსამართლეებს ბევრი საქმე აწერიათ. მოსამართლეებს მართლაც ბევრი საქმე აწერიათ, მაგრამ პრობლემის მოგვარებისთვის არაფერი კეთდება. იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ადამიანებს ხშირად ინტერესი ეკარგებათ, ვიდრე საქმის განხილვა დაიწყება. ისეთი შემთხვევაც მქონია, როდესაც ადამიანებს ვუხსნი, რამდენ ხანს შეიძლება გაიწელოს პროცესი და საერთოდ გადაიფიქრა სარჩელის შეტანა სასამართლოში,“ – გვიყვება საია-ს იურისტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს მოსამართლე ლილი მსხილაძეს 12 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა, ლაშა ჩხიკვაძეს – 10 საქმე.

რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, რაც სამართალწარმოების ოფიციალურ გვერდზე სასამართლოების განრიგის გრაფაშია გამოქვეყნებული?- „ბათუმელებს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში დაუდასტურეს, რომ განრიგის შესახებ ინფორმაცია რეალურია და ნამდვილად, მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს 20 საქმე უნდა განეხილა. რეალურად განიხილა თუ არა ამ რაოდენობის საქმეები მოსამართლემ? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

განსაკუთრებული დატვირთვით დიდი ქალაქების სასამართლოებში მუშაობენ, მათ შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თუმცა საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე ხშირად ინფორმაცია ყველა  სხდომის შესახებ სრულად არ ქვეყნდება. მაგალითად, 20 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინტერნეტგვერდზე მხოლოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილის სხდომების შესახებ იძებნება ინფორმაცია – მას დღის განმავლობაში სისხლის სამართლის 10 საქმე უნდა განეხილა.

საერთო სასამართლოებში ამ დროისთვის სულ 335 მოსამართლეა. ახალი მოსამართლეების შესარჩევად საკვალიფიკაციო გამოცდები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ყოფილი მოსამართლე, ირაკლი შავაძე გვიხსნის, როგორ არ იღებს სისტემა ახალ მოსამართლეებს და თავადაც გახდა „ყოფილი“.

რას ჰყვება ყოფილი მოსამართლე: მეწერა საქმეები, რომელთა არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი“ 

„რა კონკურსებსაც ატარებენ, ყველამ კარგად ვიცით: ორჯერ ნათელ-მირონობით თუ არ ხარ დაკავშირებული, შეუძლებელია ვინმემ მოსამართლედ დაგნიშნოს. რეალურად სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება სისტემას არ აწყობს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა 2015 წლიდან – სამწლიანი, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, მოსამართლე უვადო მოსამართლედ აღარ გაამწესეს.

ირაკლი შავაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა სასამართლოს გადატვირთულობის ფონზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ არ გაამწესა მოსამართლეობის გამოცდილების მქონე კანდიდატი, რომელიც იმავე საბჭოს შეფასებით კვალიფიციურია და კეთილსინდისიერი. იუსტიციის საბჭო ამ კრიტერიუმების მიხედვით აფასებს კანდიდატებს და ირაკლი შავაძეც დადებითად შეფასდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაზე შავაძეს მხარი არ დაუჭირეს.

საინტერესოა ისიც, რომ მაშინ, 2018 წელს, ირაკლი შავაძის სარჩელზე ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია საკონსტიტუციო სასამართლოს.

„პირიქით, აწყობთ, როცა მოსამართლე გადატვირთულია და ყველას დარღვეული აქვს ვადები. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მოცემულობაში ვინმემ ვადების დაცვა შეძლოს, გეწერება კიდევ ახალი საქმეები… ეს მმართველ რგოლებს ნაკლებად აინტერესებთ, რომ მართლმსაჯულება იყოს და ვიღაცის დარღვეული უფლება აღდგეს. მათი ინტერესია გავლენის სფეროების გაძლიერება და პრივილეგიების მიღება, მათი პრიორიტეტი ეს არის.

მეწერა საქმეები, რომელთა არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი. ვიხილავდი იმდენ საქმეს, რაც გონივრული იყო, რომ დამესრულებინა და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიმეღო. ცხადია, ეს რაოდენობა აისახება გადაწყვეტილებების ხარისხზე, რადგან საქმეს სჭირდება სრულყოფილი შესწავლა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სამართლებრივი გადაწყვეტა. ფაქტობრივად, ფიქრის დრო მოსამართლეს არ ჰქონდა, ავტომატურ რეჟიმში უნდა ეფიქრა. ახლა კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია,“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე და გვახსენებს, ხშირად განაჩენებში მოსამართლეები სამართლებრივ მსჯელობებს აკოპირებენ.

„შეიძლება, ვნახოთ განაჩენები, რომელიც 25 გვერდია და იქიდან იმ კონკრეტულ საქმეს უკავშირდებოდეს მხოლოდ 2 აბზაცი,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.

ირაკლი შავაძე

ყოფილი მოსამართლე ეჭვობს, რომ გადატვირთულობა შესაძლოა სასამართლო კლანის კონკრეტულ შემადგენლობას ძალაუფლების ხაზგასასმელად სჭირდებოდეს. ირაკლი შავაძე არც კორუფციის რისკს გამორიცხავს:

„რა პრინციპით უნდა განიხილოს მოსამართლემ ამდენი საქმე, რა თანმიმდევრობით? – ყველაზე ძველი საქმე უნდა განიხილო ჯერ, მაგრამ ასე არაა. მე ვიცავ ერთი კაცის უფლებას, გვირაბი რომ გაიყვანეს მახინჯაურში, იქ მიწის ნაკვეთს სარგებლობდა და მოსარგებლეებს მაშინ კომპენსაცია მისცეს, სარჩელის შეტანიდან წლები გავიდა, ერთი სხდომაც არ ჩატარებულა…

სისხლის სამართლის საქმეებზე ეს პრინციპი მოქმედებს დღეს, რომ პრაქტიკულად აღარ განიხილავენ არასაპატიმრო საქმეებს [როცა ბრალდებულები გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ავტ.] და პრიორიტეტი აქვს საპატიმრო საქმეებს. სამოქალაქო საქმეებზე კი, კანონით განსაზღვრულია 2-დან 5 თვემდე ვადა, მაგრამ კლიენტი რომ მოდის, ხომ ვერ დაუმალავ, რომ მინიმუმ ერთი, ან ორი წელი დასჭირდება საქმის განხილვას? შემდეგ კიდევ აპელაციაა, კასაცია. უღირს ადამიანს ელოდოს სიმართლის დადგენას 5 წელი? ქონებრივი დავებია, ბიზნესმენი სად უნდა წავიდეს ამ დროს: ქურდებთან, თუ ოლიგარქებთან?

როცა გადატვირთულობაა, ამ დროს შეიძლება ვიღაც გთხოვდეს: ჩემი პროცესი ჩანიშნე ჯერ, რომელიც 3 თვის წინ შემოვიტანე, 5 წლის წინ შემოტანილი საქმე კი, ისევ თაროზე დარჩება. კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რა თქმა უნდა, აწუხებს ეს საკითხი, რადგან იცის, რომ ადამიანმა სასამართლოს მიმართა სიმართლის დასადგენად, არქივისთვის ხომ არ მოუმართავს?

სისტემა რომ არ ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ამას აჩვენებს ისიც, როგორ დაასუსტეს საარბიტრაჟო ინსტიტუტი. გსმენიათ დღეს ვინმე მიმართავდეს არბიტრაჟს?“ – კითხულობს ირაკლი შავაძე.

რამდენად შეიძლება მოსამართლემ დღეში 20 საქმე განიხილოს? – ყოფილი მოსამართლე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მხოლოდ საპროცესო შეთანხმების საქმეები აქვს მოსამართლეს, ან ისეთი საქმეები, სადაც უდავოდ არის მიჩნეული მტკიცებულებები და მოწმეები გამოსაკითხი არ არის.

„საპროცესო შეთანხმების დროსაც მოსამართლე რეალურად უნდა არკვევდეს კანონიერებას… ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლო როცა შემოდის, თავდაპირველად უფლებების განმარტებას სჭირდება დაახლოებით 10 წუთი, წესრიგის დაცვაზე აკეთებ განმარტებას, შემდეგ მოწმეების ვინაობის დადგენა, მათი უფლებების განმარტება… ასე რომ, მტკიცებულებები თუ არაა გამოსაკვლევი, შესაძლოა, განიხილო 20 საქმე, მაგრამ ხარისხი როგორი იქნება, სხვაა,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.

საუბრის ბოლოს ყოფილი მოსამართლე გვეუბნება იმასაც, რომ ყველაზე მეტად გადატვირთულობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აწუხებს, რადგან შენობაც არაა საკმარისი ახალი მოსამართლეების მისაღებად.

„ახალი მოსამართლეები რომც გვყავდეს, ხომ უნდა დასვა სადმე? – პრაქტიკულად ადგილი არაა. უნდა გამოყოფილიყო ცალკე შენობა, მაგალითად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებისთვის, მაგრამ ამაზე ფიქრობს ვინმე?“ – უიმედოდაა ყოფილი მოსამართლე და მოქმედი ადვოკატი ირაკლი შავაძე.

„აწყობს სასამართლო კლანს მოსამართლეები ბევრი საქმით“ – საია-ს ანალიტიკოსი 

„ეს უკავშირდება პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობის ასპექტს,“ – გადატვირთულობის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან პირდაპირ კავშირს ხედავს საიას იურისტი ნანუკა ყრუაშვილი, – „მოსამართლეები მუშაობენ 200 და 300 %-ით მეტ საქმეებზე, ვიდრე უნდა მუშაობდნენ.

ეს გადატვირთულობა შეიძლება იყოს გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმად. იმ ფონზე, როცა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში კლანია, ეს ძალიან კარგი ბერკეტია, ურჩი მოსამართლეების დასასჯელად, ან მათ გასაჩუმებლად. ამიტომაც აწყობს კლანს მოსამართლეები ბევრი საქმით,“ – ასე ასაბუთებს ნანუკა ყრუაშვილი, საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი თავის არგუმენტს, თუ რატომ არ ცდილობს წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას.

ნანუკა ყრუაშვილი

საიას იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ, პირველ რიგში, მოსამართლეების გადატვირთულობა საზოგადოებაზე აისახება.

„ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშნული პირები ნაკლები ოდენობით განიხილავენ საქმეებს და მათ არ აქვთ ვადების გადაცილება. ესენი კლანის წევრი, ან კლანისადმი ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები არიან. რაც შეეხება საქმეების ელექტრონულ განაწილებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოჩნდა, რომ საქმეების დაახლოებით ერთი-მესამედი არ ნაწილდება შემთხვევითობის პრინციპით და უწევს იმას, ვისაც უნდა შეხვდეს. დადგენილია საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, როცა მოქმედებს საგამონაკლისო წესი და ამას იყენებენ,“ – აღნიშნა ნანუკა ყრუაშვილმა.

საიას იურისტსაც ვკითხეთ, რა ხარისხის მართლმსაჯულება გვაქვს ქვეყანაში, როცა ერთი მოსამართლე დღეში შეიძლება 20 საქმეს განიხილავდეს?

„შესაძლოა, მოსამართლეების კვალიფიკაცია არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა ეს პირდაპირ აჩვენებს გადატვირთულობის პრობლემას.

კლანისთვის ძალიან სარისკოა ახალი სისხლის შემოყვანა სისტემაში, რომლის მართვაც შეიძლება გაუჭირდეთ, ურჩევნიათ შეჩვეული და კარგად ნაცნობი მოსამართლეები ჰყავდეთ, არ გააფართოონ სისტემა. იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა იყოს კარიბჭე ახალი მოსამართლეებისთვის, მაგრამ ჩაკეტილია ეს უწყებაც. ახლა გამოაცხადეს კონკურსი, თუმცა არ მოგვაწოდეს ინფორმაცია წინა კონკურსზე როგორ აირჩიეს კანდიდატები. ამჯერად 30 მსმენელი ჰყავთ და განმარტავენ, რომ მეტი რესურსი არ აქვთ.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების მიღებაზე დამოუკიდებელი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ასევე კლანის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხალხითაა დაკომპლექტებული,“ – გვითხრა საიას იურისტმა.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

„ცენზურის და ნგრევის მინისტრი“ – აქცია ბათუმში წულუკიანის წინააღმდეგ

„ჩვენ ვქმნით დღევანდელ კულტურას და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს კულტურა მოთვინიერებული და დაცენზურებული“ – აცხადებენ ხელოვანები, რომლებმაც დღეს, 20 სექტემბერს, ცენზურისა და საქართველოს კულტურის მინისტრის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გამართეს ბათუმში, ევროპის მოედანზე.

„ბათუმელებთან“ საუბარში მსახიობი თინა ლაღიძე ამბობს, რომ ხელოვანები თავისუფალი ადამიანები არიან და სურთ აზრის და შემოქმედების თავისუფლება.

„წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ დაგიწესოს თემატიკა, ვინმემ დაგიწესოს, როგორი უნდა იყოს ფილმის დასასრული, ვინმემ შეგიზღუდოს სიტყვის თავისუფლება და ის პრობლემატიკა, რაზეც კინემატოგრაფია და ზოგადად ხელოვნება საუბრობს.

ყველა პრობლემაში თავისი თავი უნდა იცნონ ადამიანებმა. სამწუხაროდ, კაცობრიობა არ არის დალხენილი, ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საკუთარ იდენტობას. იქნება ეს გენდერი, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, დღეს კი ამ ადამიანების აბსოლუტური უგულებელყოფა ხდება.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ამცირებენ, როგორ არ აქცევენ ყურადღებას უმცირესობების თემას და მალე ალბათ ეს თემები ძალიან სერიოზული ცენზურის ქვეშ გადავა“ – ამბობს თინა ლაღიძე.

მსახიობის თქმით, ჩვენ შეგვეძლო გვქონოდა კულტურის პოლიტიკა, თუმცა სინამდვილეში წულუკიანმა პუტინის მიერ გამოცემული კანონის აღსრულება დაიწყო, სადაც ნათლად წერია, რომ რუსეთის დასავლური ღირებულებების მტერია.

„ზუსტად იგივე სქემით, იგივე სცენარით მიჰყავს ჩვენს კულტურის მინისტრს თავისი რეპრესიული პოლიტიკა. იმის მაგივრად, რომ დამსხდარიყვნენ და ეფიქრათ, თუ როგორ მიიტანონ კინო მაყურებლამდე და როგორ გააკეთონ რეგიონებში და თბილისშიც მუნიციპალური კინოთეატრები.

ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია ფსევდო-პატრიოტულ ფილმებში თამაში. ჩვენ არ გვაქვს ჟანრული კინო, იმიტომ, რომ ძალიან მწირი დაფინანსება გვაქვს და ამას სჭირდება დაფინანსება და მეტი განვითარება და არა მითითებები, რადგან ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ამბობს თინა ლაღიძე.

ხელოვანების რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, დღეს, 20 სექტემბერს, თეა წულუკიანმა საპარლამენტო მოსმენაზე თქვა, რომ არ რცხვენია იმის, რასაც აკეთებს.

რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს მინისტრისგან? – ვკითხეთ მსახიობს.

თინა ლაღიძის თქმით, ბევრი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, თუ სადამდე მიჰყავს მსგავს პოლიტიკას ქვეყნები.

„გვახსოვს, რით დასრულდა 30-იანი წლები გერმანიისთვის, მსგავსი ფსევდო-პატრიოტული რიტორიკის გამო, ვხედავთ რა ხდება ირანში და ვხედავთ სადამდე მიიყვანა ამ ფსევდო-პატრიოტულმა ყიჟინამ რუსეთი. ამიტომ, არ გვინდა რომ ჩვენც ამ გზაზე წავიდეთ.

რაც შეეხება სირცხვილს, თეა წულუკიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, „ვისურვებდი ჩემს შვილს არ შერცხვესო“. მის შვილებს აუცილებლად შერცხვებათ გელათის გამო, შერცხვებათ იმის გამო, რომ დღეს ყველა სახელმწიფო თეატრს მართავს ნდობით აღჭურვილი პირი და ლოიალური ამ მთავრობის მიმართ და კიდევ ბევრი რამის, რასაც მისი პოლიტიკით აზიანებს“.

მსახიობი თინა ლაღიძე

წულუკიანის პოლიტიკას აპროტესტებს რეჟისორი გიორგი ფარქოსაძეც. მისი თქმით, კინოცენტრს და ნებისმიერ სფეროს უნდა მართავდეს პროფესიონალი და „არა ადამიანი, რომელიც ვერ ერკვევა სფეროში და მხოლოდ მინისტრის როლს ასრულებს“.

„დღევანდელი კულტურის მინისტრი სინამდვილეში არის ცენზურის, ტერორის და ნგრევის მინისტრი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა უნდა იყოს არჩევითი და ის უნდა აირჩიოს სფეროს წარმომადგენლებმა. ჩვენ კი დაგვინიშნეს დირექტორად ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, რომელიც პირდაპირ გვკარნახობს, როგორი დასაწყისი ან დასასრული უნდა ჰქონდეს კინოს.

თუმცა დღეს ჩვენი პრობლემა უფრო დიდია, რადგან ეს ქვეყანა და მისი ფორმალური ხელისუფლება არის მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული, შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება.

ასეთ პირობებში შეუძლებელი იქნება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც ჩვენ მოვითხოვთ“ – ამბობს გიორგი ფარქოსაძე.

ხელოვანების პროტესტი ბათუმში

პროდიუსერი ირინა გელაშვილი კი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანს დათმობებზე წასვლა მაინც მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელოვანების პროტესტი არ შეწყდება.

„მე მაინც მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ დათმობებზე წასვლა წულუკიანსაც და სახელმწიფოსაც, რადგან გამორიცხულია თავისუფალი ხელოვნების გარეშე იარსებოს თავისუფალმა ქვეყანამ. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ თავისუფალ ქვეყანას, რადგან ასე გვინდა.

კინოხელოვანებს გვაქვს მინიმალური მოთხოვნა ამ ეტაპზე, რომ კინოცენტრის დირექტორის დანიშვნა იყოს არჩევითი წესით. ამაზე დემოკრატიული და ამაზე ელემენტარული სხვა რა შეიძლება იყოს? და როდესაც მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ კინო პოლიტიკა არ არის თურმე და პოლიტიკაში ხელოვანები არ უნდა ერეოდნენ და ეს გვესმის დემოკრატიული ქვეყნის მინისტრისგან, უკვე საგანგაშოა უნდა იყოს არა მარტო ხელოვანებისთვის, არამედ ზოგადად ყველა მოქალაქისთვის“ – ამბობს ირინა გელაშვილი.

მისი თქმით, თუ ეს მინიმალური მოთხოვნებიც არ იქნება დაკმაყოფილებული სამინისტროს მხრიდან, ხელოვანები აპირებენ, ნებისმიერი ხერხით იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

„აუცილებლად ვიბრძოლებთ, რადგან ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია, ჩვენ ვქმნით დღევანდელ კულტურას და ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება მოთვინიერებული და დაცენზურებული კულტურა. თავისუფალი ადამიანები ვართ და გვინდა ჩვენი აზრის და შემოქმედების თავისუფლებაში გამოხატვა“ – ამბობს ირინა გელაშვილი.

დღეს, 20 სექტემბერს, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებმა თბილისშიც, პარლამენტთან გამართეს აქცია კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ

„რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„გამოვიქეცი გერმანიაში, ჩემს შვილებს რომ არ ენახათ, როგორ მოვკვდებოდი“ – ემიგრანტი ქალი

ეკა ვაჩაძეს მეუღლე და ორი შვილი ორი წელი არ ჰყავდა ნანახი. ორი წლის წინ იგი გერმანიაში მარტო წავიდა სამკურნალოდ, ერთი თვის წინ კი მისი ოჯახიც ჩავიდა გერმანიაში და ეკამ შვილები და მეუღლე პირველად ნახა ხანგრძლივი განშორების შემდეგ.

ეკა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სტატუსს ელის. გერმანიის სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ეკას ჯერ ლტოლვილის სტატუსი არ აქვს, მას სრულად უწევს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას. ოჯახი ახლა სამოთახიან ბინაში ცხოვრობს, გერმანიის სახელმწიფომ ეს საცხოვრებელი მას შემდეგ გამოუყო ეკას, რაც მისი მეუღლე და შვილებიც ჩავიდნენ გერმანიაში, ეკას მსგავსად, თავშესაფრის საძიებლად.

  • „გამოვიქეცი გერმანიაში, რომ ჩემს შვილებს არ ენახათ როგორ მოვკვდებოდი, ეს იყო გამოქცევის ერთადერთი მიზანი“

„სიმსივნე მოულოდნელად აღმოაჩნდა. ერთ ღამეს გაეღვიძა და იღლიაში კვერცხისოდენა წანაზარდმა შეაწუხა. მანამდე გული გაუჩერდა და ეგონა, რომ ნევროპათოლოგიურ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. სამედიცინო კვლევის შემდეგ უთხრეს, რომ 10 დღიდან 1 თვემდე იცოცხლებდა – ყველაზე კარგ შემთხვევაში.

„ჩემი შვილები ამ დროს 14 და 8 წლის იყვნენ. მარტო მე და ჩემმა მეუღლემ ვიცოდით ეს ამბავი, არავის ვუმხელდით. მეუღლესაც ჯანმრთელობის ასევე სერიოზული პრობლემა აქვს.

საძილე არტერიაზე იყო სიმსივნე და იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ადრენალინის გამოყოფის შემთხვევაში სისხლს საჭირო რაოდენობით ვეღარ აწოდებდა, კეტავდა არტერიას და გული მიჩერდებოდა.

პირველივე ვიზიტისას ექიმთან საქართველოში 1600 ლარი გადავიხადე გამოკვლევებში. მეორე დღეს მითხრეს, რომ 2200 ლარი იყო კიდევ სხვა კვლევებისთვის საჭირო, რომ გაგვეგო, ძვლებზეც ხომ არ იყო მეტასტაზები გადასული. იმ დღესვე ეს ფული არ მქონდა და ექიმს ვუთხარი, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ, მივწერ სოციალურ სამსახურს, იქნებ დამიფინანსონ კვლევა-მეთქი. დაფინანსების ლოდინი იცი შენ რამდენ ხანს გაგრძელდებაო? – მიპასუხა. ვუთხარი, რომ ათი დღიდან ორ კვირამდე იყო დაფინანსების ლოდინის დრო. მერე არ მეკითხები, მაგდენ ხანს თუ იცოცხლებ? ათი დღე, მაქსიმუმ ერთი თვე გაქვს დარჩენილი საუკეთესო შემთხვევაშიო – პირდაპირ ასე მითხრა.

ვიცოდი, რომ ცუდი მდგომარეობა მქონდა, მაგრამ ასე ნათქვამმა სრულიად გადამიწურა საქართველოში ყველაფრის იმედი. ვკითხე: დავუშვათ დაფინანსება რომ მივიღო, რა შანსი მაქვს გადარჩენის – მეთქი. ალბათ 10%, მაგრამ საშვილოსნო უნდა ამოვიღოთ, მკერდი უნდა მოიკვეთოს და მერე ვნახოთო.

ზუსტად ერთ კვირაში მომივიდა შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ საჭირო 2200 ლარიდან დამიფინანსებდნენ მხოლოდ 476 ლარს. არ ვიცოდი საიდან უნდა მომეტანა დანარჩენი თანხა. ეს იყო კოვიდის პერიოდი და შვილებისთვის რა გვეჭმია ყოველდღე ეს ფიქრი გვქონდა.

თუ მოვკვდებოდი, სტატისტიკას მიმატებული +1 გარდაცვლილი ვიქნებოდი. ისეთი დიაგნოზი მქონდა, რომ არ ვიცოდი, გავიღვიძებდი თუ არა მეორე დღეს.

ორ დღეში მივიღე საზღვარგარეთ წამოსვლის გადაწყვეტილება. მეგობრების, ახლობლების დახმარებით შევაგროვეთ წამოსასვლელი ფული და გამოვიქეცი გერმანიაში, რომ ჩემს შვილებს არ ენახათ, როგორ მოვკვდებოდი, ეს იყო გამოქცევის ერთადერთი მიზანი“ – იხსენებს ეკა ვაჩაძე.

  • „100 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა ჩემს მკურნალობაში და გერმანიის სახელმწიფომ დაფარა“

ეკას გერმანიაში ჩასვლისთანავე დაეხმარა ეთნიკურად ქურთი, ქართველი თარჯიმანი ლტოლვილთა ბანაკში. ეკა ჰყვება, რომ თარჯიმანი რამდენიმე დღის წინ შეესწრო, როგორ გარდაიცვალა ლტოლვილთა ბანაკში სიმსივნის დიაგნოზით 40 წლის ქართველი ქალი, სტატუსის მოლოდინში, ისე, რომ ექიმამდე ვერ მიაღწია.

„ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ეს გოგო ყველაფერს ცდილობდა გამეღწია ლტოლვილთა ბანაკიდან და მივსულიყავი ექიმამდე“ – გვიყვება ეკა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ დახმარების ჯაჭვი მალევე ამოქმედდა. ოპერაცია გამოირიცხა, 1 კვირაში სიმსივნე 7 მილიმეტრით იყო გაზრდილი. ეკას ქიმიოთერაპია დაუნიშნეს.

ლტოლვილთა ბანაკში ყოფნისას, როცა მისი დიაგნოზი გაირკვა, მალევე გადაიყვანეს ცალკე. მისცეს ახალი თეთრეული, პირველადი საჭიროების ყველა ნივთი, დაენიშნა ორჯერადი კვება და ყოველთვიური შემწეობა.

გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მომლოდინეებსაც აქვთ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის უფლება, შესაბამისად სამედიცინო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ ეკას 1 წლის მანძილზე 2 ოპერაცია გაუკეთდა. ჩაუტარეს ქიმიოთერაპიისა და სხივებით მკურნალობის რამდენიმე კურსი, გამოკვლევები, რაც ჯამში 100 ათას ევროზე მეტი ღირდა და გერმანიის სახელმწიფომ დაფარა. ემსახურებოდა ტაქსი, ფსიქოლოგიური ცენტრი, რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ინტეგრაციაში ეხმარება ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებს.

ეკა გვიყვება, რომ ოპერაციის შემდეგ მას ერთოთახიანი ბინა გამოუყვეს, იქვე იყო სოციალური მუშაკი ექიმთან კომუნიკაციისას, სხვადასხვა საჭიროებისას.

როცა მარტო ცხოვრობდა, ეკას 367 ევრო ერიცხებოდა ყოველთვიურად სხვადასხვა საჭიროებისთვის.

ეკა ამბობს, რომ ყოველთვიური შემწეობა ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებისთვის განისაზღვრება ქალაქისა და რეგიონის მიხედვით და განსხვავებულია, რადგან განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონში პროდუქტის ფასები და საარსებო მინიმუმი.

ახლა ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ ქიმიოთერაპიებმა, წამლებმა, დასხივებებმა იმოქმედა და ძვლების და სისხლის პრობლემა აქვს. ბევრი სხვა ქრონიკული დაავადება გამწვავდა:

„ახლა მედიკამენტურად ვმკურნალობ, რადგან ძვლები განილევა, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას. თუ დროულად ვიმკურნალებ, დიდხანს ვიცოცხლებ, თუ დროზე ვერ მივიღებ წამლებს, პროცესი დაჩქარდება და დავუშვათ, 10 წელი რომ უნდა ვიცოცხლო, შეიძლება მოვკვდე 2 წელიწადში – თუ უკან დამაბრუნებენ, საქართველოში.

ჩემმა შვილებმა და ქმარმაც ის გზა გაიარეს ლტოლვილთა ბანაკში, რაც მე. ოთხი თვის წინ ჩამოვიდნენ და 3 თვე ბანაკში იყვნენ. ერთი თვეა რაც ერთმანეთი ვნახეთ ამდენხნიანი განშორების მერე. ბავშვები ახლა სკოლაში დადიან, თუმცა მდგომარეობა ძალიან არასტაბილურია და სულ გვეშინია, რომ უკან, საქართველოში დაგვაბრუნებენ“ – ამბობს ემიგრანტი.

ეკა შვილებთან ერთად
  • „არ იცი როდის დაგიკაკუნებენ და გეტყვიან, რომ უნდა ჩაალაგო ბარგი და წახვიდე“

ეკა გვეუბნება, რომ ექიმების დასკვნით, 5 წლის განმავლობაში დაავადების რემისია ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. 3 თვეში ერთხელ გეგმურ სამედიცინო კონტროლს გადის, უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა. საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში კი ამ ყველაფერს, მისი თქმით, ვერ შეძლებს საკუთარი სახსრებით.

„მე ახლა თავშესაფრის მოლოდინში ვარ. მართალია ლტოლვილის სტატუსის მიღებამდეც ვმკურნალობ გერმანიის სახელმწიფოს ხელშეწყობით, მაგრამ თუ მკურნალობა 5, 7, 8 წელი გაგრძელდა, ამ ქვეყანას რა ვალდებულება აქვს სულ მიპატრონოს. ლტოლვილის სტატუსის მოპოვება აქ ძალიან რთულია, ათასში ერთხელ ასე რომ მოხდეს. ძირითადად ცხვრის ფარასავით ერეკებიან საქართველოში ქართველებს, რადგან ჩვენმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ონკოპაციენტებს საქართველოში მკურნალობა უფინანსდებათ.

ვიცი შემთხვევა, როცა კლინიკაშივე მოხსნეს ბავშვს გადასხმის აპარატი და მამასთან ერთად აეროპორტში გადაიყვანეს, თქვენს ქვეყანაშიც იმკურნალებთო.

კვირა ისე არ გავა, ქართველები არ გამოადეპორტონ. საშინელებაა ასეთ სტრესში ცხოვრება, როცა არ იცი, როდის დაგიკაკუნებენ და გეტყვიან. რომ უნდა ჩაალაგო ბარგი და წახვიდე“ – ამბობს ეკა.

მისი საქმეზე სასამართლოში ახლა დავა მიმდინარეობს. ეკას ადვოკატს უწევს მტკიცებულებების და ფაქტების შეგროვება, მტკიცება იმისა, რომ რასაც საქართველოს პირველი პირები აცხადებენ, სრულად არ შეესაბამება რეალობას და რომ ეკასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება.

„თქვენმა ქვეყანამ გიმკურნალოთ, საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ონკოპაციენტებს საქართველოში ამის შესაძლებლობა აქვთ – ამას გვეუბნება სასამართლო და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რეალობა ვაჩვენოთ ჩვენი რეალური მაგალითით.

წარმოიდგინეთ, რომ ყოველ კვირაში გჭირდება 600-ლარიანი წამალი, ამ წამლის გადასხმამდე გჭირდებათ გამოკვლევა, რაც დაახლოებით 200-290 ლარი ღირს. სამ თვეშ ერთხელ საჭიროა კვლევები: მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც ძვირია და ხშირად ამას აღარ აფინანსებს ჯანდაცვა. შეიძლება ერთხელ, ორჯერ დაგიფინანსოს და შემდეგ ჩვეულებრივი შემოსავლის მქონე ოჯახი ამას ვერ გასწვდება“ – ამბობს ეკა.

ეკას ოჯახს საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა. ამ სტატუსით გათვალისწინებული შემწეობა ოჯახს საზღვრის გადაკვეთისთანავე მოუხსნეს. კერძო დაზღვევით, რომელიც ონკოდაავადებების მკურნალობას აფინანსებს ეკას არასდროს უსარგებლია საქართველოში და მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობდა.

თბილისში ეკას მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა, მაგრამ მძიმე ტომრების აწევ-დაწევა დიდხანს ვერ შეძლო. მისი მეუღლე დისტრიბუციაში მუშაობდა 18 წელი, მარნეულის მაღაზიებს ამარაგებდა  ძეხვეულით, თუმცა სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია – ეკას მეუღლეს საყლაპავი მილის ვარიკოზი აქვს.

ქალი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეპორტი გარდაუვალი იქნება, საქართველოში ერთადერთი ბინის გაყიდვა მოუწევს მკურნალობის გასაგრძელებლად, რის შემდეგაც მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება:

„გასაგებია, რომ საქართველოში ვერ გვშველიან ონკოპაციენტების ნაწილს, გასაგებია, რომ არ აქვს ქვეყანას ამდენი რესურსი, მაგრამ თავიანთი განცხადებით საქმეს მაინც ნუ გვიფუჭებენ, გვაცალონ გადავრჩეთ სხვაგან, მოგვცენ შესაძლებლობა ფიზიკურად გადარჩენისთვის სხვა ქვეყანაში მაინც ვიბრძოლოთ, ამაში მაინც ნუ გვიშლიან ხელს თუ ვერ გვეხმარებიან“ – ამბობს ემიგრანტი და ონკოპაციენტი.

ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, კერძოდ მიგრაციის სტატისტიკით, 2022 წლისთვის გერმანიაში ლტოლვილთა რაოდენობა საერთო მოსახლეობის 2,7%-ს შეადგენდა და 2 234 932 ადამიანი იყო. გერმანიის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 83 მილიონ ორასი ათასზე მეტია.

ამავე წყაროს მონაცემებით საქართველო იყო იმ პირველ 15 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც 2022 წელს ყველაზე ხშირად ითხოვდნენ თავშესაფარს ევროპაში. ამ სიაში საქართველოს გარდა სირია, ვენესუელა, პაკისტანი, ბანგლადეში, ერაყი, მაროკო, სომალი და სხვა ქვეყნებია.

წყარო: ევროკავშირის მიგრაციის სტატისტიკის სამსახური

ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავს, დანიშნეთ ავტობუსი – რას პასუხობს მერია ჩელტის მცხოვრებთ

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტის მოსახლეობა სოფელში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს.

„არჩევნების დრო რომ მოვა, სუყველა მოვა ეზოში. აი, მაშინ მიიღებენ სათანადო პასუხს. ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს, მარშუტკები არ დადის შესაბამისი ოდენობის, ამიტომ ვითხოვთ დაინიშნოს მუნიციპალური ავტობუსი. ახლა სკოლა დაიწყო, ბავშვები ვერ დაგვყავს,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე, სოფელ ჩელტის მცხოვრები.

თამარი და მისი მეზობლები ამბობენ, რომ უტრანსპორტობა ყოველდღიურად ართულებს ცხოვრებას სოფელში.

ჩელტიდან ბათუმამდე 10 კილომეტრია. ამ გზის ნაწილის, დაახლოებით სამი კილომეტრის გავლა ჩელტის მცხოვრებთ ფეხით უწევთ.

სოფლიდან ბათუმის გარეუბნამდე ჩელტელები ფეხით ჩამოდიან, შემდეგ კი ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობენ.

„ფეხით ჩასვლა გვიწევს სამი კილომეტრი. მარშუტკის ლოდინს აზრი არ აქვს, არ ჩამოივლის. დილას ვაგვიანებთ სკოლაში, ბარცხანაში დამყავს ბავშვები. შუადღის ცვლაში ვინცაა, იქაც ვაგვიანებთ. მანქანა კი მყავს, მაგრამ 7 სული ვართ და შვიდივეს მანქანა ვერ გვეყოლება. მარშუტკა თუ მოდის ან სულ სავსეა, ან საერთოდ არ მოდის,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე.

უტრანსპორტობაზე ჩივის ჩელტის მცხოვრები ლელა თურმანიძეც. ლელა თურმანიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარება სკოლის დაწყების შემდეგ შეიქმნა – მოსწავლეები ხან სკოლაში აგვიანებენ და ხანაც – კერძო მასწავლებლებთან.

„სოფელში 36 ნომერი მარშუტკა დადის, მაგრამ დღეგამოშვებით. ხან საერთოდ არ დადის, ხან ერთი მარშუტკა დადის მარტო. ვისაც მანქანა არ ჰყავს, გაწამებული ვართ. მოსწავლეებს, ვინც ქალაქში სწავლობს ან მეცადინეობს, უწევთ ძალიან დიდი გზის გავლა.

საქორწინო დარბაზ „სამოთხემდე“ უწევთ სოფლიდან ჩამოსვლა. ჩემი სახლიდან დაახლოებით სამი კილომეტრია ამ დარბაზამდე. თუმცა ჩემ ზემოთაც ცხოვრობს ხალხი და მათ მეტი მანძილის გავლა უწევთ“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

ლელა თურმანიძის თქმით, სოფლის მოსახლეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს.

„მოვითხოვთ, დაგვინიშნონ მუნიციპალური ავტობუსი. ეს მარშუტკები, რომლებიც ჩვენთან მოძრაობს, წესით, ყოველ ნახევარ საათში უნდა დადიოდეს. მაგალითად, 2:15 წუთზე, მერე 2:45 წუთზე და ასე. მაგრამ ნახევარსაათიან ინტენსივობაზე აღარ არის საუბარი. მთელი დღე შეიძლება ერთმა მარშუტკამ იმუშაოს მხოლოდ. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა შუალედი აქვს და როგორ იმოძრავებს? ძალიან არიან გაწვალებული მოსწავლეები. მოსწავლეებს ვერ ეყოლებათ მანქანა. ჩელტის სკოლის მასწავლებლებსაც აქვთ ეს პრობლემა,“ – ამბობს ლელა თურმანიძე.

„აქამდე წერილობითი ფორმა არ მიგვიცია, მაგრამ ახლა ვაპირებთ ხელმოწერები შევაგროვოთ და მივმართოთ მუნიციპალიტეტს მთელმა სოფელმა მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნის მოთხოვნით. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ სოფლის მოსახლეობა. ახლა ავტობანი გადის ჩვენს სოფელთან, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგის წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ გზა არის დაზიანებული, ატალახებულია და უჭირთ ბავშვებს იმ მონაკვეთის ფეხით გავლა,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა. ვკითხეთ, აპირებს თუ არა ხელვაჩაურის მერია სოფელ ჩელტაში მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას, ასევე რა ინტენსივობით მოძრაობს N36 მიკროავტობუსი.

„სოფელ ჩელტაში N36 მიკროავტობუსს მოძრაობა არ შეუწყვეტია, ამ მიმართულებაზე დღის განმავლობაში მუშაობს 4 მიკროავტობუსი, მაქსიმუმ ერთსაათიანი შუალედით.

რაც შეეხება მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას, ქალაქ ბათუმთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებაზე უკვე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსი და კიდევ დაემატა 12 მიმართულება.

პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიიდან.

ვინ არის დეპუტატი მაჭარაშვილი, რომელიც პარლამენტში სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს იმით მიიქცია მედიის ყურადღება, რომ პარლამენტის დერეფანში სცადა გადაეფარა ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა, რომელიც იძახდა – „არა რუს ჯაშუშებს“. მედიის თანდასწრებით, მმართველი პარტიის წევრი მაჭარაშვილი მთელი ხმით ცდილობდა ჩაეხშო ოპოზიციონერი ქალის ხმა და დაიწყო სკანდირებდა – „არა ამერიკის აგენტებს“.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის დეპუტატის, „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის კარიერული წინსვლა დიდწილად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის „ბანკ ქართუს“ – ის ამ ბანკში 2001 წელს დასაქმებულა იურისტის პოზიციაზე და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამ პოზიციას ინარჩუნებდა.

გურამ მაჭარაშვილი 2006 წელს „ბანკ ქართუში“ დააწინაურეს უფროსი იურისტის პოზიციაზე და ასევე გახდა „გენერალური დირექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში“.

ამ პოზიციებზე მან 2008 წლამდე იმუშავა.

გურამ მაჭარაშვილი 2008-2010 წლებში „ქართუში“ კიდევ უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს, კონკრეტულად კი ხდება „იურიდიული დეპარტამენტის შიდა სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი, გენერალური დირექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში“.

გურამ მაჭარაშვილი ამ თანამდებობას ბანკში 2014 წლამდე იკავებს და მისი წლიური ხელფასი 62 818 ლარია, ანუ თვეში 5234 ლარი.

ამავე პერიოდში მას აქვს ორი ბინა თბილისში, სახლი და მიწის ნაკვეთები სოფელში, 41 ათასი დოლარის სესხი „ქართუში“ და 10 ათასი ლარი ასევე ერთ-ერთ ბანკში. სხვათა შორის, დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, ქონების თვალსაზრისით დეპუტატს წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი შეუძენია.

2014 წლიდან გურამ მაჭარაშვილი საჯარო სამსახურში გადაჰყავთ – მას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ ნიშნავენ.

მაჭარაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში 2017 წლიდან საქმიანობს.

დეკლარაციის თანახმად, წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მთავარ ექსპერტად დაინიშნა დეპუტატ მაჭარაშვილის მეუღლე ლელა წიკლაური, რომლის წლიური ხელფასი 45 665 ლარია.

___

მთავარი ფოტო: გურამ მაჭარაშვილი სკანდირებს – „არა ამერიკის აგენტებს“

სამინისტრო ბავშვების კვებას უფულობის მიზეზით არ აფინანსებს, თავად კი 1 მილიონს ერთ დღეში ხარჯავს

განათლების სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილება შეეხება 2023 წელს გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესებას.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, „მასწავლებლის ეროვნული დღის“ აღნიშვნაზე სამინისტრო ბიუჯეტიდან წელს დახარჯავს 600 ათას ლარს, მომავალ წელს კი – 1  მილიონ ლარს.

პროექტის მიხედვით, წელიწადში 10 მასწავლებელი უნდა დაჯილდოვდეს 10-10 ათასი ლარით, მათთვის ასევე დამზადდება სამკერდე ნიშნებიც.

აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი – 500 ათასი ლარი, ღონისძიების მოწყობაზე დაიხარჯება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში არსად წერია, თუ რატომ ითხოვს სამინისტრო 2024 წლისთვის 1 მილიონ ლარს. განმარტებითი ბარათში არც იმის შესახებ წერია, გაიზრდება თუ არა მომავალ წელს დასაჯილდოებელი პედაგოგების რაოდენობა ან კონკრეტულად რა აქტივობებს უნდა მოხმარდეს დამატებით მოთხოვნილი 400 ათასი ლარი.

მთელი წელია მასწავლებლების დიდი ნაწილი საბაზისო ხელფასის გაზრდას მოითხოვს. ასევე, ღირსეულ პენსიას იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საპენსიო ასაკი აქვთ, მაგრამ სისტემიდან დაბალი პენსიის გამო ვერ გადიან.

შესაბამისად, ეს პროცესი ხელს უშლის სკოლაში ახალგაზრდა კადრების შესვლას.

მათი მოთხოვნების შესახებ პედაგოგებმა განათლების მინისტრთან შეხვედრის დროსაც ისაუბრეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ცოტა ხნის წინ მასწავლებლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნის კამპანია საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზეც წამოიწყეს, თუმცა მთავრობამ მათი ყველა კომენტარი წაშალა.

სწორედ ამ ამბების შემდეგ განაცხადა მინისტრმა, რომ დაარსდება „მასწავლებლის ეროვნული დღე“, მიუხედავად იმისა, რომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნაწილია, შვიდი წელია უკვე არსებობს და ანალოგის შექმნის საჭიროება არ არსებობდა.

გარდა ამისა, რამდენიმე წელია როგორც მასწავლებლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სკოლაში უფასო კვების დანერგვას, რადგან სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ბავშვების დიდი ნაწილი შიმშილობს.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ ჩხენკელის მინისტრობის დროს აცხადებდა, რომ სკოლებში უფასო კვების პროექტზე „იუნისეფთან“ ერთად მუშაობდა, ეს საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი სახელმწიფოს მიერ.

მარინე კვარაცხელია, რომელიც წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალშია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქართულ ენისა და ლიტერატურას ასწავლის, მიიჩნევს, რომ 1 მილიონი ლარის დახარჯვა ისეთ ღონისძიებაზე, რომლის მსგავსი ქვეყანაში უკვე არსებობს, არარაციონალურია.

„ეს თანხა შეეძლოთ უფრო პრიორიტეტული საკითხების მოსაგვარებლად მიემართათ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა საგანმანათლებლო სისტემაში.

იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ სხვა ნებისმიერი რამ. როცა ვითხოვთ, მაგალითად, სასწავლო რესურსებს, გვეუბნებიან, რომ არ ჰყოფნით თანხები. ამიტომ უკეთესი იყო, მაგალითად, მასწავლებლის საბაზისო ხელფასების გაზრდა, ან სკოლებში კვების დაფინანსება.

როცა ამდენი ბავშვი შიმშილობს, კარგი იყო ეს პრობლემა გადაეჭრათ, რადგან ბავშვმა რომ იაზროვნოს გაკვეთილზე, მისი საჭიროებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

ბავშვს არ უნდა ციოდეს, არ უნდა შიოდეს და მერე დაინტერესდება სწავლითაც“, – გვითხრა მარინე კვარაცხელიამ.

სკოლებში უფასო კვების საპილოტე პროგრამა გასულ წელს წალენჯიხის მერიამ დანერგა და 276 ბავშვს უფასო კვება დაუფინანსა. ერთ ბავშვზე 4 ლარი იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული.

მიმდინარე წელს კი სურდათ უფასო კვება მეორეკლასელებისთვის დაეფინანსებინათ და ამ მიზნით საქართველოს მთავრობას მიმართეს თანხის გამოყოფის მოთხოვნით. თუმცა როგორც წალენჯიხის ვიცე-მერმა, თამარ ბელქანიამ „ბათუმელებს“ განუმარტა, მთავრობამ მათ თხოვნას არ უპასუხა.

„მოვითხოვეთ იგივე თანხა – 200 ათასი ლარი, მაგრამ სახელმწიფომ პასუხიც კი არ გაგვცა, თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც ვერ დააფინანსებდნენ ბავშვებს.

ჩვენი გამოთვლებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელის კვება რომ დავაფინანსოთ, ბიუჯეტის 0.7 პროცენტია საჭირო, თუმცა სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებაზე არ ზრუნავს“, – ამბობს თამარ ბელქანია.

ბელქანია ამბობს, რომ თუ სახელმწიფო საოკუპაციო-გამყოფ ხაზზე მცხოვრებ ახალგაზრდებს უმაღლეს განათლებას უფინანსებს, მაშინ ბავშვების კვებაც უნდა დააფინანსოს.

„ეს არ არის სწორი, რადგან სკოლა ამოაგდეს ამ პროცესიდან. რა განათლებაზეა საუბარი, სადაც ბავშვი შიმშილობს“, – გვეუბნება ის.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ამიტომ შესაძლოა ბიუჯეტის გაზრდა სამინისტროს სწორედ პედაგოგების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჭირდება.

„თუ ამ მილიონი ლარის ხარჯვის მიზანი პედაგოგების კეთილგანწყობის მოპოვებაა საარჩევნოდ, მაშინ არა მგონია, რომ ეს კეთილგანწყობა მოიპოვონ, რადგან ამ ჯილდოს ყველა მასწავლებელი ვერ მიიღებს ხომ?

ამიტომ ჯობდა, ეს თანხები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისკენ მიემართათ“, – ამბობს მარინე კვარაცხელია.

რატომ არის საშიში ბავშვთა სიმსუქნე – „შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკიდან“

ბავშვთა სიმსუქნე და ჭარბი წონა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა – ზედმეტი კილოგრამები შეიძლება გახდეს ისეთი დიაგნოზების გამომწვევი, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები.

კლინიკა „მედცენტრის“ მოზრდილთა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ლია კაკაურიძის თქმით, ბავშვების ჭარბი წონა და სიმსუქნე მზარდი პრობლემაა საქართველოში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის ბოლო ანგარიში რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა. 

„ბათუმელები“ ლია კაკაურიძეს ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის მიზეზებსა და საფრთხეებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ლია, რა შეიძლება იყოს ბავშვებში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის მიზეზები?

სიმსუქნემ ბავშვებში საკმაოდ მოიმატა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი, კვების პირობები, საკვების სახეობები, ბაზარზე შემოსულია და ბავშვებისთვის  ხელმისაწვდომია მათთვის ძალიან მავნე საკვები, მშობლები კი ვერ ახერხებენ ამის კონტროლს, პრობლემაა ბავშვებისთვის კვების პროდუქტების სწორად შერჩევაც.

ბავშვებში სიმსუქნის ძირითადი მიზეზი მაინც საკვებიდან მიღებული ჭარბი კალორია და მოძრაობის დეფიციტი ან მისი არარსებობაა.

თუმცა ბავშვების სიმსუქნე და ჭარბი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორებით – ნივთიერებათა ცვლის მოშლით, მეტაბოლური მოშლით. 

პირველ რიგში, ბავშვებში ეს არის ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება). თუ ეს დროულად არ იქნა დადგენილი, გარდა სიმსუქნისა, იწვევს სერიოზულ შეუქცევად მოვლენებს, აზიანებს თავის ტვინს და ბავშვის ფსიქომოტორულ ზრდა-განვითარებას და შეიძლება გამოვლინდეს თუნდაც ჭარბი წონის სახით.

მეორეა პრედიაბეტი – ეს არის ინსულინისადმი ტოლერანტობის დარღვევა. ამ დროს, ჭარბი წონის ფონზე, ინსულინი გამომუშავდება დიდი რაოდენობით, რათა აითვისოს ზედმეტი კალორიები, მაგრამ ინსულინის რეზისტენტობა და ათვისება არ ხდება, უჯრედამდე ვერ მიდის ინსულინი, გროვდება სისხლში, იწვევს მადის მატებას და იქმნება მანკიერი წრე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებამდე. 

წონის მატება ასევე შესაძლოა კავშირში იყოს D ვიტამინის დეფიციტთანაც.

  • რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს წონასთან დაკავშირებული პრობლემები?

ძირითადად მაშინ, როცა ბავშვები იწყებენ დამატებითი საკვების მიღებას, უფრო ბაღის ასაკიდან (3 წლიდან). შეიძლება დაიწყოს სკოლის ასაკიდან, როცა მშობლები უკვე აძლევენ ჯიბის ფულს და ბავშვები ამ ფულით თავისით ყიდულობენ ჩიფსებს ან სხვა მავნე პროდუქტებს.

წონის მატებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ასევე პუბერტატული ანუ გარდატეხის ასაკი და პრეპუბერტატული პერიოდი.

  • რა არის პირველი შეცდომები კვებაში?

ერთ-ერთი ასეთი შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკშივე, როცა მშობლებს ბავშვი ჰყავთ ხელოვნურ კვებაზე (ხელოვნური ნარევები, რომლებიც წყალში იხსნება) და არ ითვალისწინებენ დოზებთან დაკავშირებულ მითითებებს. დავუშვათ, შეფუთვაზე მითითებულია ულუფის გრამობა 5-10 გრ, მაგრამ ზოგჯერ მშობლები ყრიან 15-20 გრამს და ფიქრობენ, რომ ასე უკეთესია, უფრო ნოყიერი იქნება, რომ არაფერი დაშავდება…

მოსწონთ ფუმფულა და მსუქანი ბავშვები, მიაჩნიათ, რომ ასე ბავშვი კარგად იმატებს, კარგად იზრდება, რეალურად კი როგორი უნდა იყოს სხეულის მასა და სიმაღლე, დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით ითვლება. 

ბავშვის ჯანსაღი წონის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, შეიძლება გადამოწმება ოჯახის ექიმთანაც. ამისთვის არსებობს სხეულის მასის ინდექსის მთვლელი – როგორი უნდა იყოს ბავშვის წონა სიმაღლესთან მიმართებით, ამას თავისი ნორმები აქვს. ნებისმიერი პედიატრი ეტყვის მშობელს, ნორმალურია ეს წონა, ჭარბია თუ უკვე სიმსუქნეა.

ცხადია, პრობლემის მოგვარება უფრო მარტივია საწყის ეტაპზე, როცა ჯერ არ არის სიმსუქნე და არის ჭარბი წონა.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ბავშვებისა და თინეიჯერების ჯანსაღი წონის მთვლელი. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

UNICEF|2019: მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვებით შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, მაგალითისთვის, ექვს თვემდე ბავშვების მხოლოდ 42%-ს კვებავენ ექსკლუზიურად ძუძუთი და სულ უფრო მეტი ბავშვი იკვებება ხელოვნური საკვებით. როცა ბავშვები დაახლოებით ექვსი თვის ასაკიდან რბილიდან მყარ საკვებზე გადასვლას იწყებენ, ბევრი მათგანი კვებას არასწორი რაციონით იწყებს. მსოფლიოს მასშტაბით, 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების დაახლოებით 45% არ იკვებება ხილით ან ბოსტნეულით. 

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჭარბ წონასა და სიმსუქნეს ბავშვებისთვის?

მე, როგორც ენდოკრინოლოგს, მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამას მშობლები პრობლემად არ აღიქვამენ, მოსწონთ მსუქანი, ფუმფულა ბავშვები და სანამ ჯანმრთელობის რაიმე სერიოზულ პრობლემის წინაშე არ დავდგებით, მანამდე მომართვიანობა იშვიათია. ძირითადად ამ პრობლემას ყურადღება ექცევა მაშინ, როცა სხვა პრობლემის გამო მოდიან კლინიკაში. 

ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გართულებები ბავშვებისთვის შეიძლება იყოს: ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი; ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, ცვლილებები, დეფორმაციები და მოძრაობის შეზღუდვა ჭარბი წონის ფონზე; გულსისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები. ეს პრობლემა საბოლოოდ თითქმის ყველა სისტემას ეხება.

სიმსუქნე გოგონებში უკვე მოზრდილობის ასაკში შეიძლება გახდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევის და ამენორეის მიზეზი.

  • როგორია მკურნალობის ტაქტიკა და რეკომენდაციები?

გამოკვლევების შემდეგ დგინდება, ეს არის ბანალური სიმსუქნე, რაც კვებითა და უმოძრაობით არის გამოწვეული და სჭირდება კვების მოწესრიგება, თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობაა, რასაც უკვე მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.

საქმე ის არის, რომ ყველა ბავშვისთვის ასაკობრივად გათვლილია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება, პრობლემის დროს ეს უნდა დაიანგარიშოს ექიმმა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშობლების მიერ, თვითნებურად შერჩეული დიეტების გამოყენება. 

მკაცრი დიეტები არ შეიძლება არც მოზარდებისთვის, რადგან ეს მოზარდი ორგანიზმია და მას ყველაფერი სჭირდება: ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც, ასევე ვიტამინები; მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამოვუთვალოთ ასაკობრივად.

ბავშვებში კვებით გამოწვეული ჭარბი წონის დროს აბსოლუტურად დაუშვებელია მედიკამენტური მკურნალობა. დღეს არსებობს ინექციური და სხვა სახის საშუალებები, რომელთა გამოყენებას მე არ ვემხრობი.

ბავშვებში ეს დაუშვებელია, თუნდაც რომელიმე მადის დამაქვეითებელი წამლის გამოყენება 12 წლამდე ასაკში. 

  • რა უნდა შეიზღუდოს რაციონში?

პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ტკბილეული, ასევე, ცხოველური ცხიმები.

იკრძალება ტრანსცხიმები და ტრანსცხიმებზე დამზადებული პროდუქტები, რომლებიც ასე დამკვიდრებულია ჩვენს ცხოვრებასა და რაციონში.

ყველაზე საზიანო პროდუქტები, რაც ძალიან პოპულარულია ბავშვების რაციონში: სხვადასხვა სახის ჩიფსი, ე.წ. სუხარიკები, ენერგეტიკული სასმელები, ტრანსცხიმებზე დამზადებული ტკბილეული, განსაკუთრებით – შოკოლადის ნაწარმი; ასევე ბურგერები, შაურმები, რაც არაჯანსაღი, ცხიმიანი და ძალიან კალორიულია, თეთრი პური და თეთრი, ძალიან გაწმენდილი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები. 

დიდებთან ტკბილეულის სრულად აკრძალვა შეიძლება, ბავშვებთან სხვა მიდგომაა საჭირო, აკრძალვები არ მუშაობს, ამიტომ მათ უნდა მივცეთ ყველაფერი, მაგრამ ზომიერად (ასაკიდან გამომდინარე) და მაქსიმალურად ჯანსაღი. 

მაგალითად, არ მივცეთ ხილის წვენები, რომელთაც, მართალია, აწერიათ, რომ „ნატურალურია“, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ქიმიურია მათ შემადგენლობაში. ახლა ნებისმიერი სუნის, გემოსა და არომატის ქიმიური სინთეზი შეიძლება, რითაც ადვილად შეიძლება მოვტყუვდეთ. უმჯობესია ხილის წვენები ბავშვებისთვის დავამზადოთ სახლში, შეიძლება ეს იყოს კომპოტი, მაგრამ არა ნაყიდი, ტკბილი წვენები.

ამ დროს ძალიან ეფექტურად ხდება წონის კლება, მაგრამ ერთი-ორი წლის მერე ბავშვები ისევ უბრუნდებიან ძველ რეჟიმს, ამიტომ მათთან ერთად ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრებით უნდა ვიზრუნოთ დაკლებული წონის შენარჩუნებაზე.

ბავშვებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ფიზიკურად იყვნენ აქტიურები. როცა სახლში რამდენიმე მობილური და კომპიუტერია, ისინი დროის გატარებას ეკრანებთან ამჯობინებენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ფეხით ვატაროთ სკოლაში, შევუწყოთ ხელი, რომ ითამაშონ ეზოში, ძალიან კარგია ველოსიპედის ტარება, ასევე ცურვა ან ცეკვა, რომ ბავშვმა კალორიები გახარჯოს და ფიზიკურად აქტიური იყოს.

ამ დროს მნიშვნელოვანია პროცესში მთელი ოჯახის ჩართულობა, თუნდაც იმ მხრივ, რომ თავადაც შეზღუდონ არაჯანსაღი საკვები, არ მიიღონ ცხიმიანი საკვები, სოლიდარობის ნიშნად მაინც. 

UNICEF: რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო საგანგაშოა მათი წვდომა არაჯანსაღ საკვებზე, რაც მეტწილად გამოწვეულია შეუსაბამო მარკეტინგით და რეკლამით, დამუშავებული საკვების სიჭარბით, როგორც ქალაქებში, ასევე შორეულ დასახლებებში. ასევე, იზრდება ხელმისაწვდომობა სწრაფ კვებასა და ჭარბად დაშაქრულ სასმელზე.

ამავე თემაზე:

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

„ადამიანურ კრეატიულობას ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს“

14-16 სექტემბერს ბათუმში ტრადიციულად გაიმართა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 ნომინაციაში შეეჯიბრნენ (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია). მათ ნამუშევრებს 17 ქვეყნიდან მოწვეული  ჟიურის 32წევრი აფასებდა.

ნახეთ გამარჯვებულები აქ

ფესტივალის პირველ დღეს მთავარ სცენაზე ვიხილეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით მოწვეული მომხსენებლები ისლანდიიდან სელმა თორსთეინსდოტირი და აგა იონსდოტირი. მათი მოხსენება შეეხებოდა რეკლამის სფეროში მუშაობას ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ისლანდიაა. ასევე ისეთ სამაგალითო ქალს, როგორიც ვიგდის ფინბოგადოტირია, მსოფლიოსა და ისლანდიაში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი, თუ რამ მოიტანა გენდერული თანასწორობისაკენ ეს სვლა ისლანდიაში.

აგა და სელმა აქტიურად თანამშრომლობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან და ამზადებენ მათთვის სარეკლამო კამპანიებს. სანამ უშუალოდ ინტერვიუს ნაწილზე გადავალთ, გთავაზობთ ვიდეოს, რომლის მთავარი სლოგანია: გენდერული ძალადობა იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენია.

YouTube video player

 

თქვენ პრეზენტაციის დროს ახსენეთ, რომ ხართ „შეშლილი ქალები“ (M’ad women) ისლანდიიდან. მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ აღმოჩნდით რეკლამის ინდუსტრიაში?

სელმა: ორივენი ამ ინდუსტრიაში ვართ 20 წელია. ისლანდიის ხელოვნების აკადემიიდან მოვდივართ. დაახლოებით 10 წლის წინ ჩვენი კომპანიები გაერთიანდა. მანამდე ჩვენ ვიყავით მხოლოდ 2 მაღალი დონის ქალი წარმომადგენელი რეკლამის სფეროში, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ უფრო წინ წავიწიეთ. ახლა უფრო მეტი კრეატიული დირექტორი ქალია ამ სფეროში.

წარსულისგან განსხვავებით, როცა ქალების სხეული უფრო დიდი დოზით იყო განხილული პროდუქტის გასაყიდ ელემენტად პოსტერებსა თუ სარეკლამო რგოლებში, დღევანდელ ტენდენციებს როგორ შეაფასებდით?

აგა: ვფიქრობ, უმჯობესდება. დღეს ქალები ისე აღარ არიან გამოსახული, როგორც რაიმე სახის პროდუქტი. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ქვეყნის ბაზართან მიმართებაში განსხვავებულია, მაგრამ ჩვენთან, ისლანდიაში და ასევე ევროპაში ვცდილობთ სარეკლამო კამპანიებისთვის შევარჩიოთ ქალების მრავალფეროვანი სახეები, ფორმები და ზომები. იგივე ხდება კაცების შემთხვევაშიც. არ ვფიქრობთ, რომ „ლამაზი“ ეს არის ნორმა დღეისათვის.

რა განსხვავებაა „ქალის ხედვასა“ და „კაცის ხედვას“ შორის, როცა საქმე ეხება გრაფიკულ დიზაინს? არის თუ არა ისეთი დეტალები, რომლებსაც ქალები და კაცები სპეციფიკურად უყურებენ?

სელმა: ქალები უფრო მეტ დეტალს აქცევენ ყურადღებას. ჩვენ მუდამ თითის წვერებზე დავდივართ, რათა არ გავაღრმაოთ სტერეოტიპები, დამაზიანებელი იდეები. უშუალოდ ჩვენი კომპანია მართულია ქალების მიერ, ისლანდიაში გენდერული თანასწორობა საკმაოდ კარგ დონეზეა, თუმცა ხშირად სტერეოტიპები იმდენად ფესვგადგმულია, რომ ჩვენი თანამშრომელი კაცებისთვისაც გვიწევს ხოლმე ხანდახან უნებლიე დეტალების შესწორება, და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ.

თანამედროვე ტექნოლოგიების ასათვისებლად რა უნდა გაკეთდეს ქალების გაძლიერების კუთხით, რათა მათ შეძლონ უნარების განვითარება არაპრივილეგირებული საზოგადოებების ფენებში? მაგალითად, თუნდაც ისეთ ღონისძიებაზე დასწრება, როგორიც Ad Black Sea-ა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ადგილობრივი ღარიბი ქალებისთვის.

სელმა: ეს ძალიან კომპლექსური თემაა. უნდა ვიყოთ მისაბაძი მაგალითები. საჭიროა ვთქვათ მეტი კი. რადგანაც სოციალურად განპირობებული ბუნებიდან გამომდინარე უფრო მეტად ვართ ხოლმე უკანა პლანზე. არ უნდა ვისაუბროთ რბილი ხმით. ჩვენ ისლანდიაში ვცდილობთ სწავლა იყოს ძალიან იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხანდახან გამოცხადებულ ვაკანსიაზე ქალები საკუთარ CV-საც არ აგზავნიან, რადგან კომპეტენტურად არ მიიჩნევენ თავს, როცა კაცები დაუფიქრებლად, თავდაჯერებულები მიდიან გასაუბრებაზე. ასე, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქალები საკუთარ თავს მეტ ნდობას გამოუცხადებენ.

როგორია თქვენი კლასიკური მიდგომა, ოქროს სტანდარტი, რაც ყველას და ყველგან გამოადგება, რომ იპოვოს ძალა და საკუთარ არჩეულ გზას არ გადაუხვიოს დიზაინერის პროფესიაში, როცა ირგვლივ უკვე ამდენი ადამიანია გრაფიკული დიზაინერის სქილებით?

აგა: ყოველთვის სიახლეების ძიება. არასდროს არ უნდა გაჩერდე იმაზე, რაც უკვე მიღებული ნორმაა. ოქროს სტანდარტი ჩვენთვის არ არსებობს. ჩარჩოს მიღმა ფიქრი და სიახლის ძიებაა ჩვენი მუდმივი მამოძრავებელი.

რა არის გრაფიკული დიზაინის მომავალი? თქვენი აზრით ხელოვნური ინტელექტის გაელვება წამიერი იქნება, თუ სამუდამოდ შეცვლის, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლებს ადამიანურ უნარებს?

სელმა: ხელოვნური ინტელექტი (AI) არის მხოლოდ და მხოლოდ ხელსაწყო, ის ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანის გონებასა და სულს. ჩვენ შეიძლება უბრალოდ უკეთ ვმართოთ AI, მაგალითად, დაახლოებით 10 წელიწადში, როცა ფოტოშოპის დასასრული დადგება. ადამიანური კრეატიულობა იქნება უკანასკნელი სამსახური დედამიწაზე, მას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

რას ფიქრობთ Ad Black Sea-ზე, როგორი შთაბეჭდილებით ტოვებთ ბათუმს?

აგა: ნამდვილად გაოგნებულები ვართ, ყველაფერი მშვენივრად დაგიგეგმავთ. მოლოდინს გადააჭარბა ფესტივალმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას დიდი პოტენციალი აქვს.

სელმა: გავისეირნეთ ძველ ბათუმშიც, შავი ზღვა ძალიან მშვიდი და ლამაზია. ძალიან სტუმართმოყვარე და კარგი ქვეყანა გაქვთ.

ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ავარიის გამო დროებით შეფერებული იყო მოძრაობა ფიროსმანის ქუჩაზე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.

 

ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სქემაში ცვლილებები შევიდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით ცვლილებები იგეგმება.

ცვლილების მიხედვით, კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან.

მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა.

უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.

ცვლილებები შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:

უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;

კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;

კერძო სკოლებისთვის სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა.

სკოლა თავად განსაზღვრავს, რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით.

სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;

სკოლას უფლება აქვს, ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10-ბალიან სისტემაში;

სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;

სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;

ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;

კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;

კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულობა;

განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).

პაპუაშვილის სექსისტური განცხადება ქალ დეპუტატებზე

დრეს, 20 სექტემბერს, პარლამენტის დერეფანში უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, სხდომის გაგრძელების შემდეგ კი შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების აქტივობას სექსისტური ფრაზებით გამოეხმაურა:

შალვა პაპუაშვილის აზრით, ის, რომ ქალმა დეპუტატებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც „ქართული ოცნების“ დროშა იყო გამოსახული წარწერით – „Русский военный корабль, иди на хуй“, „სამარცხვინო საქციელია, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა“.

პაპუაშვილმა თავის გამოსვლაში გააგრძელა ქალი დეპუტატების დამცირება შემდეგი სიტყვებით: „ეს არის დისკრედიტაცია მათ შორის ქალის როლის პარლამენტში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი ეს არის აბსოლუტური შელახვა ადამიანების ღირსებისა“.

პარლამენტის თავმჯდომარე უფრო შორსაც წავიდა და თქვა, რომ ამ ქალი დეპუტატების „გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი“.

ამ განცხადებამდე პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას და სალომე სამადაშვილის სხდომათა დარბაზიდან გაძევებას ითხოვდა.

ინციდენტის დაწყებამდე ოპოზიცია ითხოვდა, რომ დღეს პარლამენტში ოთარ ფარცხალაძის საკითხზე დებატები გამართულიყო. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ამაზე უარი თქვა.

2021 წლის 18 ივლისს შალვა პაპუაშვილმა პირადად იძალადა ქალ დეპუტატზე – პარლამენტის ერთ-ერთ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ იმ ტრიბუნასთან მიახლოება სცადა, საიდანაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. მაშინ ჯერ კიდევ რიგითმა დეპუტატმა პაპუაშვილმა ბოკუჩავა შებოჭა და ტრიბუნიდან გამოაძევა.

რუსეთის ძალები ბახმუტთან, სავარაუდოდ, სუსტდებიან – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 20 სექტემბერს, ყოველდღიურ ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მიმოიხილავს ბახმუტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.

დაზვერვა წერს, რომ 2023 წლის 15 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი კლიშჩიივკასა და ანდრიივკაზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამხრეთით.

„ეს ტაქტიკური წარმატება აახლოებს უკრაინულ ძალებს T 05-13 გზასთან, ბახმუტის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტთან.

თუმცა რუსეთი აგრძელებს სარკინიგზო ხაზის შენარჩუნებას კლიშჩიივკასა და T 05-13-ს შორის.

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ბოლოდროინდელმა გადანაწილებამ ბახმუტიდან ზაპოროჟიეში სამხრეთ უკრაინაში, სავარაუდოდ, შეასუსტა რუსეთის თავდაცვა ბახმუტის ირგვლივ“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის გენერალური შტაბის დღევანდელი ცნობების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეეცადნენ აღედგინათ დაკარგული პოზიციები ანდრიივკაში, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გენერალური შტაბი იუწყება, რომ უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციას ბახმუტის სამხრეთით.

ბათუმის მერიამ ხელფასებში 37 მილიონი დახარჯა სამუშაო დროის კონტროლის გარეშე – აუდიტი

ბათუმის მერიასა და საქალაქო ორგანიზაციებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს 2022 წელს ჯამში 37 მილიონი ლარის ხელფასი დაერიცხათ, ტრანსპორტისთვის კი, რომელიც მათ ემსახურება, 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ბათუმის მუნიციპალურ დაწესებულებებში დასაქმებულთა მიერ მიღებული ხელფასის და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობა არ კონტროლდებოდა, არ ხდებოდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და მიმოსვლის აღრიცხვა“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

ამასთან, „მერიის ორგანიზაციებმა ვერ წარმოადგინეს გაცემული საწვავის სამსახურებრივი მიზნით ხარჯვის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია“.

აუდიტის მიხედვით, 2022 წელს ბათუმის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასის სახით დარიცხულია 37 037 866 ლარი, საიდანაც საშტატო ნუსხით განსაზღვრული პირების „შრომის ანაზღაურების“ ხარჯია 29 886 266 ლარი, ხოლო შტატგარეშეთა ანაზღაურების ხარჯი − 7 151 600 ლარი.

„ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვისთვის საჭირო მონაცემების – საბანკო ანგარიშების არასწორად მითითების შედეგად რიგი თანამშრომლების ხელფასები არასწორად გადაერიცხათ სხვა თანამშრომლებს.

წარმოდგენილი ინფორმაციით, არასწორად გადარიცხული ხელფასები თანამშრომლებს შორის პირადი ანგარიშსწორებით დარეგულირდა, თუმცა აღნიშნულის დოკუმენტური დადასტურება აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი“ – აცხადებს აუდიტი.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვისა და სახელფასო თანხების დანიშნულებისამებრ გამოყენების მიმართულებით არსებული ხარვეზები, შრომის ანაზღაურებასთან მიმართებით არსებული კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სამუშაო დროის აღრიცხვის წესის“ მიხედვით, „სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის დასაქმებულთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ“.

რაც შეეხება ტრანსპორტს. აუდიტის მიხედვით, 2022 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯებმა შეადგინა 1 027 691 ლარი.

მუნიციპალიტეტში 2022 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ჯამში გახარჯულია 588 052 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 83 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 469 407 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 70 ერთეულ ავტოტრანსპორტზე − 118 645 ლარის საწვავი.

„ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ არასათანადო კონტროლია დაწესებული მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის საკითხზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის ხარჯვის სრული დოკუმენტური დადასტურება.

მიზანშეწონილია, საწვავის ხარჯვის საკითხზე მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა და ოპტიმიზაციის გეგმა“ – აცხადებს აუდიტი.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს – აუდიტი

 

 

 

„ჰკითხეთ პრიგოჟინს, შეიძლება თუ არა პუტინის ნდობა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, ნიუ იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, რუსეთთან „კულისებში ჩრდილოვანი გარიგებების“ დადების მცდელობების შესახებ.

„ბოროტების ნდობა არ შეიძლება. ჰკითხეთ პრიგოჟინს, შეიძლება თუ არა ენდოთ პუტინის დაპირებებს“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან თქვა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ მსოფლიოში არავინ გადაწყვიტოს შეტევა რომელიმე ქვეყანაზე.

დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებდნენ, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო. „ვაგნერმა“ ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინაში ქალაქ ბახმუტის აღებაში. ქალაქის აღების შემდეგ, პრიგოჟინმა, რუსეთის სამხედრო სარდლობასთან უთანხმოების ფონზე, აჯანყების შესახებ განაცხადა. წარუმატებელი აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მანამდე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ბუდანოვი ამბობდა, რომ რუსულ ფსბ-ს პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება ჰქონდა.

_____________

ფოტოზე: ზელენსკი ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. ფოტო: EPA-EFE/JUSTIN LANE

 

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებს

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ თანახმად, რუსეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება.

განცხადება საბორნე მიმოსვლის დაწყების შესახებ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ გააკეთა, რომლის თქმით, ბორანს 300 მგზავრი ეყოლება.

„ტასის“ თანახმად, განცხადება პადალკომ ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართული რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან.

„ვისაუბრეთ საზღვაო მიმართულებით საბორნე მომსახურების თურქეთი-საქართველო-რუსეთის მონაკვეთზე. ახლა 150 მანქანაზე და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს,“ – თქვა ჟურნალისტებთან ვლადიმერ პადალკომ.

პადალკოს თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი.

„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, თუმცა სააგენტოში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

კომენტარისთვის მივმართეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაც. სამინისტროს პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოში საპროტესტო აქციები მოჰყვა ბათუმში რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას. ორდღიანი მასშტაბური აქციის შემდეგ, საკრუიზო კომპანიამ ბათუმი ტურისტული მარშრუტიდან ამოიღო.

____________________

მთავარი ფოტო: მოქალაქეები აპროტესტებენ ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლას 27 ივლისი, 2023

რამდენად უსაფრთხოა ბარცხანის ხიდი – რას ამბობს აუდიტი და რას აცხადებს მერია 

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელდა და ხიდის მდგრადობა არ გაუმჯობესებულა – ასეთ შეფასებას სახელმწიფო აუდიტი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით წერს.

ბარცხანის ხიდს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა და სამუშაოებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 139 801 ლარი დაიხარჯა.

„ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ განხორციელებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის გაუმჯობესებას, რაც სამუშაოების პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელებაზე მიუთითებს“, – აცხადებს აუდიტი.

რეაბილიტირებული „ბარცხანის ხიდი“ / 18.09.2023

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში მერიის სამმართველოსა და შპს „ბონდი 2009“-ის შეთანხმებით შეიტანეს ისეთი ცვლილებები, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მიუღებლად მიიჩნევდა.

სახელმწიფო აუდიტი მოუწოდებს ბათუმის მერიას, „ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის დადასტურებისათვის გაატაროს სათანადო ღონისძიებები.“

რეაბილიტირებულ „ბარცხანის ხიდზე“ არაერთ ადგილზე ასფალტია დაკერებული / 18.09.2023

აუდიტი ბათუმის მერიას ზოგად რეკომენდაციასაც აძლევს – „დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო პირობების შესაბამისად განხორციელებას“.

„ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გადაგვამისამართეს.

მერიის სამმართველოში აუდიტის შეფასებას არ ეთანხმებიან.

„ე.წ. ბარცხანის ხიდზე სამუშაოები სამშენებლო ნორმების დაცვით არის შესრულებული, რასაც ადასტურებს საბოლოო ექსპერტიზა. არსებული ხიდის კონსტრუქცია მდგრადი და უსაფრთხოა. ხიდი, ექსპლუატაციაში მიღებიდან დღემდე, სრული დატვირთვით მუშაობს“, – მოგვწერეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

სამმართველოში გვითხრეს, რომ „საბოლოო ექსპერტიზა“ და სხვა დოკუმენტები შეგვიძლია წერილობით, ოფიციალურად გამოვითხოვოთ.

რეაბილიტირებულ „ბარცხანის ხიდზე“ რკინა-ბეტონის მოაჯირებიც დაბზარულია / 18.09.2023

მერიის სამმართველოს ბარცხანის ხიდის სავალ ნაწილზე დაკერებული ასფალტისა და დაბზარული ბეტონის მოაჯირების ფოტოებიც გადავუგზავნეთ და მიზეზი ვკითხეთ. თუმცა, სამმართველოდან პასუხად მხოლოდ ეს მოგვწერეს: „დატვირთულობიდან გამომდინარე, ხიდი პერიოდულად საჭიროებს ზედა საცვეთი ფენის აღდგენას, რაც საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება.“

რა მოხდა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებისთვის კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 2021 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, შპს „ბონდი-2009“. შესაბამისად, ის გამოვლინდა გამარჯვებულად.

გაფორმებული ხელშეკრულებით, მიმწოდებელს 2021 წლის 15 დეკემბრამდე უნდა შეესრულებინა 2 582 697 ლარის ღირებულების სამუშაო.

თუმცა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების დღეს, 15 დეკემბერს, შეიცვალა სამუშაოს დასრულების ვადა და განისაზღვრა 2021 წლის 28 დეკემბერი.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმებით შესაძლოა „მხარეებმა თავი აარიდეს პირგასამტეხლოს დაკისრებას“, – 56 474 ლარის ოდენობით.

„შეთანხმება N3-ით შეიცვალა სამუშაოს შესრულების ვადა 2021 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, იმ მოტივით, რომ მიმწოდებელმა [ბონდი-2009] ვერ წარმოადგინა კონსტრუქციულ ნაწილზე კორექტირებული დოკუმენტაციის ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა, შემდგომში მოწოდებული დასკვნის შედეგები მიმწოდებელს არ გაუთვალისწინებია და დასკვნის მიღებამდე აგრძელებდა სამუშაოებს, რაც წარმოშობს რისკებს, რომ დასკვნის მოტივით მხარეებმა თავი აარიდეს პირგასამტეხლოს დაკისრებას;

კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული კალენდარული დღისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების (დარჩენილი) შესაბამისი ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც მოცემული გარემოებისათვის შეადგენს: 941 247ლარი*05%*12 დღე= 56 474 ლარი“, – აცხადებს აუდიტი.

რაც შეეხება ბარცხანის ხიდის პროექტში ცვლილებებს, აუდიტის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციაში შესატან ცვლილებებზე ექსპერტი [სამხარაულის ბიურო] წარდგენილი არგუმენტებით მიუღებლად მიიჩნევდა ამ ცვლილებებს და მოითხოვდა დამატებით დასაბუთებას. აუდიტის მასალების მიხედვით, ცვლილებებთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროს თავად მშენებელმა კომპანიამ მიმართა.

[ცვლილებები, რასაც სამხარაულის ექსპერტიზა მიუღებლად მიიჩნევდა, შემდეგია: „ხარჯთაღრიცხვიდან შუალედურ ბურჯებზე რკინაბეტონის პერანგის მოწყობის ნაცვლად მალთაშორის გამონოლითების აღდგენა; ანაკრები კონსტრუქციის ტროტუარის ბილიკების ნაცვლად მონოლითური ტროტუარის მოწყობა; ხიდის სავალ ნაწილზე 4 სმ სისქის ასფალტის ფენის და შემდეგ 4 სმ სისქის ორი ძირითადი ასფალტის საფარის (სულ: 12 სმ) მოწყობა“].

აუდიტის მიხედვით,  სამხარაულის ბიურო „მიუთითებს, რომ თუ მალები გამონოლითებულია (გადაბმულია ხისტი კვანძით), ეს მნიშვნელოვანი დარღვევაა, რითაც იცვლება საანგარიშო სქემა. საჭიროა ხიდის მალებს შორის მოეწყოს სადეფორმაციო ნაკერები.“

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მოთხოვნით, 2021 წლის 20 დეკემბერს განმეორებით წარმოდგენილია მეორე დასკვნა, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ პროექტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს წინა პერიოდის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ექსპერტის დასკვნის გაცემიდან 7 დღეში, 2021 წლის 27 დეკემბერს, მხარეებს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი და შესრულებულად ნაჩვენებია დარჩენილი 941 247 ლარის ღირებულების სამუშაოები.

ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი – აცხადებს აუდიტი და აკონკრეტებს, რომ „შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინსპექტირების ანგარიშები წარმოდგენილია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების, შესრულებული სამუშაოების აქტთან (ფორმაN2-თან) შესაბამისობაზე“.

„შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ განხორციელებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის გაუმჯობესებას, რაც სამუშაოების პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელებაზე მიუთითებს“, – ასკვნის აუდიტი.

„ბონდი-2009“-ს წილებს თანაბრად ფლობენ ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, დავით დევაძე და ნუკრი დოლიძე [ნუკრი დოლიძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. მისი შვილი ლევან დოლიძე კი, ბათუმის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“]. კომპანიის დირექტორი მამუკა დოლიძეა.

„ბათუმელებმა“ მამუკა დოლიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ბარცხანის ხიდი / 18.09.2023 / დოკუმენტების მიხედვით, რკინიგზაზე გადასასვლელი ე.წ. ბარცხანის ხიდი 1984 წელში აშენდა. მას შემდეგ ხიდს რეაბილიტაცია მხოლოდ 2021 წელს ჩაუტარდა. ხიდის სიგრძე 366.3 მეტრია. ხიდი, რეაბილიტაციის შემდეგ, ავტოტრანსპორტისთვის 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა.

ამავე ტენდერის ფარგლებში ცვლილება შეიტანეს გოგოლის ქუჩაზე მდებარე [უშუალოდ მდინარე ბარცხანაზე გადასასვლელი] ხიდის სარეაბილიტაციო პროექტშიც.

სატენდერო დოკუმენტაციით, გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები ითვალისწინებდა ლითონის სპეცპროფილებით, რეზინის ფასონური ფურცლებით, ლითონის ფურცლებითა და არმატურით ხიდის სადეფორმაციო ნაკერების (MAURER) მოწყობას.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებებით, სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამოდ, ხელშეკრულებაში ცვლილებები დაუსაბუთებლად განხორციელდა. კერძოდ, სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული კონსტრუქცია შეცვლილია დახურული ტიპის სადეფორმაციო ნაკერის მოწყობით.“

„მიმწოდებელი კომპანიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული კონსტრუქცია მზადდება გერმანიაში და საქართველოს ბაზარზე მისი მოძებნა შეუძლებელია, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ამასთან, აღნიშნული მოტივით შესასრულებელი სამუშაოების შეცვლას სატენდერო წინადადება არ ითვალისწინებს“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ხიდი მდინარე ბარცხანაზე, რომელსაც რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა/ ბათუმი, გოგოლის ქუჩა / 18.09.2023

ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის (წმ. დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე) კეთილმოწყობის სამუშაოებზე, გოგოლის ქუჩაზე არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2021 წლის 5 მარტს გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან ხელშეკრულება 2 582 697 ლარზე 2021 წლის 16 აპრილს დაიდო.

ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა და საერთო ფასების ცხრილი საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა:

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის ჯამში გადახდილია 2 507 314 ლარი [საბოლოო სახელშეკრულებო თანხის – 2 571 604 ლარის – 97%].

ამავე თემაზე:

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 273 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
  • ტანკი – 4 635 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 8 868 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 6 096 ერთეული [+34]
  • MLRS – 779 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 526 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 821 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 479 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 633 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 906 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 475 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 6 945 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 009 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 152 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 462 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 262 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა მალე მიიღებს აშშ-დან „აბრამსის“ ტანკებს

კობახიძის ორმაგი სტანდარტი – როდის ახსენდება „ოცნებას“ უდანაშაულობის პრეზუმფცია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან თანამშრომლობის გამო დაასანქცირა.

ფარცხალაძის სანქცირების ფონზე „ქართული ოცნების“ წევრები თავგამოდებით იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს და ამბობენ, რომ ფარცხალაძე ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს არ გამოუთხრიდა.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე, რომელიც მარტში, რუსული კანონის მიღების წინ ირწმუნებოდა, რომ სიტყვა „აგენტს“ ნეიტრალური მნიშვნელობა აქვს, ფარცხალაძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ადამიანს არ შეიძლება დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, განაჩენი“.

არადა, სულ რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის მარტში, სწორედ „ქართული ოცნება“ იღებდა უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რუსულ კანონს, რომელიც გულისხმობდა ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის „აგენტად“ გამოცხადებას, ვინც დასავლეთისგან იღებდა გრანტს ან რაიმე ფინანსურ მხარდაჭერას.

კობახიძე, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულებების და სასამართლო განაჩენის გარეშე რუსეთის აგენტებს ეძახდა სამოქალაქო აქტივისტებს: გიგა მაქარაშვილს, შოთა დიღმელაშვილს და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, ახლა აშშ-ს მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს იცავს.

უდანაშაულობის პრეზუმფცია და კონსტიტუცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს მხოლოდ ახლა, ოთარ ფარცხალაძის დაცვისას გაახსენდათ.

გუშინ, 18 სექტემბერს სუს-მა განაცხადა, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალება იგეგმება და ამის ორგანიზებაში ბრალი დასდო ყოფილ შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს და „მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს“ – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრ მიხეილ ბატურინს, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს და, ასევე, ორგანიზაცია „კანვასს“ .

კობახიძეს მათთან მიმართებაში „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ არ გახსენებია, სამაგიეროდ, ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიზნით ამბობს:

„წარმოადგინონ [მტკიცებულებები], ვის უმალავენ?! არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები.

ვიღაც რომ დააბრალებს ადამიანს აგენტობას, შენ როდესაც ხარ სახელმწიფო და როდესაც საუბარია შენი ქვეყნის მოქალაქეზე, უნდა მოითხოვო მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით.

სახელმწიფომ და საზოგადოებამაც… ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში.

არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი. ამ სტანდარტზეა საუბარი, მეტი კი არაფერზე“- ამბობს კობახიძე.

თუ ოთარ ფარცხალაძე კობახიძისთვის საქართველოს მოქალაქეა და „მას კანონი იცავს“, სამოქალაქო აქტივისტების ან ოპოზიციის წევრების შემთხვევაში, კობახიძეს არც კონსტიტუცია ახსენდება და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია.

 

„შვებულებაში ვართ, ვისვენებთ“ – როგორ აღმოჩნდნენ ჩინოვნიკები კვიპროსზე ანსამბლთან ერთად

მათი კვიპროსზე ვიზიტი რატომღაც დაემთხვა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლების გასტროლებს ამავე ქვეყანაში და ჩინოვნიკებიც იმავე სუფრაზე აღმოჩნდნენ, სადაც ოფიციალურ ვიზიტში მყოფი მერი და ანსამბლის წევრები.

გასულ კვირას ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ის კვიპროსზე ოფიციალური მივლინებით იმყოფება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინდია დიასამიძე კი აცხადებს, რომ კვიპროსზე მეუღლესთან ერთად ისვენებს.

თუკი პირადი ხარჯით იმყოფება დასასვენებლად, როგორ აღმოჩნდა იმ სუფრაზე, სადაც მერი და ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ, ვკითხეთ მინდია დიასამიძეს.

„ამ სუფრაზე მოვხვდი ჩემი პირადი სახსრებით, ეს იყო საღამოს სუფრა, სადაც ყველამ ერთად ვივახშმეთ“, – გვითხრა მან.

„არანაირი ოფიციალური ვიზიტი არ მაქვს, ვიმყოფები მეუღლესთან ერთად დასასვენებლად პირადი ხარჯებით, მივლინების ხარჯების გარეშე და თან დავესწარი ხელვაჩაურის ანსამბლის კონცერტს, რომელიც ფესტივალში იღებს მონაწილეობას“, – გვითხრა მან.

თავმჯდომარის მოადგილეს ასევე დავაზუსტებინეთ, კვიპროსზე დასვენება საგანგებოდ დაამთხვია ანსამბლის ვიზიტს, თუ როგორ აღმოჩნდა იქ? რაზეც მინდია დიასამიძემ გვიპასუხა, რომ „უბრალოდ დაემთხვა“:

„ჩემი ნათესავი ცხოვრობს კვიპროსში, გადაწყვეტილი გვქონდა ნათესავთან ჩამოსვლა და ძალიან მესიამოვნა, რომ დაემთხვა და ფესტივალსაც დავესწარი.“

ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს, რომ სუფრაზე სხვა საჯარო მოხელეებიც იმყოფებიან: კერძოდ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რამაზ თავდგირიძე და მისი მეუღლე ლია გოგიტიძეც, რომელიც ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების დირექტორია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მისი მეუღლე მერთან ერთად ვახშამზე კვიპროსში

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამაზ თავდგირიძის მეუღლეს ლია გოგიტიძესაც, რომელიც ასევე ამბობს, რომ კვიპროსზე საკუთარი ხარჯით იმყოფება და ფესტივალი უბრალოდ მათ შვებულებას დაემთხვა.  

„დიახ ვისვენებდი მეუღლესთან ერთად საკუთარი ხარჯებით და არანაირი მივლინებით. მაგრამ ორმაგად მოხარული დავრჩი, რადგან იქ ყოფნის პერიოდს დაემთხვა ესეთი გრანდიოზული  სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი“, – მოგვწერა მან.

კვიპროსზე ფესტივალზე ხუტამდე მუსიკალური ჯგუფი იმყოფება, რისთვის ბიუჯეტიდან 48 ათასამდე ლარია გამოყოფილი.

აუდიტი ბათუმის განათებაზე – მაღალია რისკი, რომ ტენდერი მიმწოდებლის ინტერესებზეა მორგებული

ბათუმში, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებას შპს „აჭარგანათება“ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებს. შეთანხმებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა გარე განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაცია, სადენების შეერთების და საჰაერო ხაზების ყოველდღიური შემოწმება, დაზიანებული კაბელის შეცვლა და  დაზიანების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს.

კომპანიის მოვალეობაში შედის არსებული გარე განათების ბოძებისა და გამანაწილებელი კარადების დანომვრა ქალაქის ტერიტორიაზე. ასევე, ქუჩების მიხედვით დანომრილი გარე განათების ბოძების რუკაზე გადატანა.

გარე განათების წერტების მოვლა-შენახვისთვის ტექნიკურ მომსახურებაზე მერია ყოველ წელს აცხადებს ტენდერს. ამ მომსახურებისთვის 2020-2021 წლებში ბიუჯეტიდან 4 მილიონ 867 931 ლარი დაიხარჯა. ორივე წელს შპს „აჭარგანათებამ“გაიმარჯვა. წინა წლებშიც ეს კომპანია ეწეოდა ანალოგიურ მომსახურებას.

დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ შემსყიდველის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობები, შესაძლოა, ზღუდავდეს კონკურენციას. ამაზე „ბათუმელებს“ არაერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული გასულ წლებში. არაერთი ანგარიში მოამზადა ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველომაც“, თუმცა ტენდენცია დღემდე გრძელდება.

გარე განათების მომსახურების შესყიდვის დროს, სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული წერტილების ჩართვა-გამორთვის რეგულირება და გრაფიკი. ბაზრის სრულყოფილი კვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად არის მიღებული გარე განათების წერტილების მომსახურების და მოწყობის სავარაუდო ფასი. ამასთან, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებში, რაც ანაზღაურების საფუძველია, რიგ შემთხვევებში არ იდენტიფიცირდება მომსახურების პარამეტრები – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, განათების წერტილის ჩართვა-გამორთვა უმეტესწილად ფოტორელეს საშუალებით რეგულირდება. თუმცა, ეს შესაბამის სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ყოველწლიურად, სავარაუდოდ 23 914 წერტილის ადამიანური რესურსით განათება უფრო მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე ფოტორელეს საშუალებით.

2021 წელს განხორციელებული შესყიდვის სატენდერო პირობებსა და ხელშეკრულებაში არ არის ასახული გარე განათების წერტილების საათობრივი განათების გრაფიკი და ასევე ფოტორელეს საშუალებით განხორციელებული მომსახურება. ხელშეკრულებაში განათების გრაფიკის დარღვევისთვის თითოეულ ფაქტზე 20 ლარია გათვალისწინებული.

აუდიტორი მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები პრეტენდენტის შესაძლო შეზღუდვის რისკებს წარმოშობს.

სატენდერო დოკუმენტაციით, განათების წერტილების ყოველდღიური მოვლა-ექსპლუატაცია მოიცავს განათების წერტილზე სადენების და საჰაერო ხაზების ყოველდღიურ შემოწმებას, სანათების დამჭერების რეგულარულად შემოწმებას, სადენების შეერთებების დათვალიერება – გაწმენდას და სხვა სამუშაოებს.

ამასთან, მიმწოდებელმა ქუჩების მიხედვით უნდა დანომროს ქალაქის ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები და გამანაწილებელი კარადები.

წარმოდგენილი დოკუმენტებით ნუმერაცია არ განხორციელებულა. განათების წერტილების მომსახურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა 2020 წელს – 22 001 წერტილზე და 2021 წელს – 23 911 წერტილზე, თუმცა მერიის მონაცემებით, ბალანსზე ირიცხება 6300 განათების ბოძი და 30 შემთხვევაში გარე განათების დაუმთავრებელი სამუშაოები.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ რწმუნება განათების წერტილების ფაქტობრივი რაოდენობის სისწორეზე და მასთან დაკავშირებით ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე“ – წერს აუდიტი. 

აუდიტის განმარტებით, განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისთვის ბაზრის კვლევა 2020 წელს სრულყოფილად არ განხორციელებულა, ხოლო 2021 წლის შესყიდვაზე, პრეტენდენტებთან წარდგენილია მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოს პრეისკურანტის ფასი:

„სავარაუდო ფასის განსაზღვრის და შეფასების კრიტერიუმი და დოკუმენტები არ არის მოთხოვნილი და, შესაბამისად, წარმოდგენილი.

აღნიშნული მიუთითებს, რომ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებით შესყიდვის სავარაუდო ფასის განსაზღვრა არარელევანტურია. შექმნილ პირობებში, შემსყიდველმა არ შეაფასა გასული და მიმდინარე წლის ბაზრის კვლევის შედეგების რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობა და დაუსაბუთებლად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრა 4,959,922 ლარი“.

მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენებია სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების მქონე მასალების შეცვლის და მონტაჟის სამუშაოები და  მიმწოდებელზე გადახდილია 3 მილიონ 309 618 ლარი. მათ შორის: 2021 წლის 27 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო გარე განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაციის სამუშაოები 2021 წლის 31 დეკემბრამდე. გახარჯულია 1 მილიონ 449,872 ლარი, თუმცა 2021 წლის აგვისტოში მეორედ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით არის გახარჯული 499 956 ლარი.

აუდიტორი წერს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება შესაძლო შესაცვლელი მასალების რაოდენობა. სატენდერო დოკუმენტაციაში ასახული პარამეტრების მასალების ფაქტობრივი საჭიროება, ასევე მასალების ფაქტობრივად ხარჯვის ადგილი და დრო.

ამასთანავე, 2020 წელს ხელშეკრულებაში სამ შემთხვევაში დაუსაბუთებლად განხორციელდა ცვლილებები და შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალების სახეობები და მახასიათებლები.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მაღალია რისკი იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მასალების პარამეტრები, ოდენობა და ფასი მიმწოდებლის ინტერესებზეა მისადაგებული.

განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, 2020 წელს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში, შესრულებული სამუშაოს დასახელებაში, გაერთიანებულად არის ნაჩვენები და შეფასებული სხვადასხვა დასახელების სამუშაოს შესრულება. გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ჯამში – 485 170 ლარი, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, ფაქტობრივად რა ოდენობის მოწყობილობები შეკეთდა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, მაღალია იმის რისკი, რომ მიმწოდებელს ელექტრომოწყობილობების შეძენა, შეცვლა და მონტაჟი, შესრულებაში ნაჩვენები ღირებულების შესაბამისად არ განუხორციელებია.

შპს „აჭარგანათების“ ასი პროცენტი ზოია დოლიძეს ეკუთვნის, კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ თოფურიძეა, ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“.

ბათუმის ბულვარში ენვერ ხაბაძის ქანდაკებას დადგამენ – ტენდერი 120 ათასი ლარით

ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, ქორეოგრაფ ენვერ ხაბაძის ბრინჯაოს ქანდაკებას დადგამენ. ქანდაკება 185 სმ სიმაღლის იქნება.

„საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ენვერ ხაბაძის მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) დამზადება-მონტაჟის სამუშაოებზე“ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 120 ათასი ლარით გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2023 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდია.

ენვერ ხაბაზის ქანდაკება ბათუმის ბულვარში / ფოტომონტაჟი პროექტიდან
ენვერ ხაბაზის ქანდაკების განთავსების ადგილი ბათუმის ბულვარში

 

72 წლის უკრაინელი ქალი დაბრუნდა სოფელში და აღმოაჩინა, რომ იქ აღარავინაა, დამწვარია მისი სახლიც

ამ ფოტოებზე უკრაინელი ქალი, 73 წლის ვერა ჩერნუხაა, იგი ომის შედეგად დანგრეულ საკუთარ სახლთან დგას ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელ დემენტიევკაში.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/სერგეი კოზლოვი

ეს სოფელი რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2022 წლიდან სოფელი სამჯერ იყო ოკუპირებული. სოფლის ერთ-ერთი დაბომბვისას ვერა დაშავდა და გონს რომ მოვიდა, რუსეთის ტერიტორიაზე იყო, საავადმყოფოში.

73 წლის ვერა ახლა სოფელ დემენტიევკას ერთადერთი მკვიდრია. ყველაზე ახლო მეზობელი მისგან 11 კილომეტრში ცხოვრობს.

გამოჯანმრთელების შემდეგ ქალი მოხალისეების დახმარებით დაბრუნდა უკრაინაში, საკუთარ სოფელში, ბელარუსის, ლატვიისა და პოლონეთის გავლით. დემენტიევკაში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლი დაიწვა და სოფელში არავინ დარჩა.

ამის მიუხედავად, ქალმა სოფელი არ დატოვა. ვერა ფარდულში დასახლდა, მოჰყავს ბოსტნეული და ოცნებობს თხაზე, რომ ახალი რძე ჰქონდეს.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/სერგეი კოზლოვი
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/სერგეი კოზლოვი

მისი ძველი სახლის ნანგრევების გვერდით ხუთი უკრაინელი მესაზღვრის საფლავის ქვაა.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/სერგეი კოზლოვი

ნაჩვენებია სამუშაოები, რომელთა შესრულება მაღალი რისკის შემცველია – აუდიტი ბათუმის მერიაზე

„ერთი დღის შესრულებაში ნაჩვენებია ისეთი დიდი მოცულობის სამუშაოები, რომლის ფაქტობრივად შესრულება მაღალი რისკის შემცველია“, – წერს სახელმწიფო აუდიტი ბათუმის მერიის ორგანიზაციებსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შემდეგ.

ამ აქტების მიხედვით, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებით შესრულებული სამუშაოები ჩაიბარეს.

აუდიტორი ცალკეულ შემთხვევას აღწერს და მიუთითებს, რომ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით, შესრულებულად ნაჩვენებია და მიმწოდებელს აუნაზღაურდა 54 მილიონ 989 500 ლარი, აქედან ფარული სამუშაოების ღირებულება იყო 24 მილიონ 653 999 ლარი.

მიღება-ჩაბარების ეტაპზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით კი ირკვევა:

ნაცვლად იმისა, რომ ექსპერტს დაედასტურებინა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან, დასმულია მხოლოდ ერთი შეკითხვა შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის ინსპექტირებასთან მიმართებით.

აუდიტორის განმარტებით, ინსპექტირების ანგარიშების საფუძველზე გადახდილია შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თუმცა წარმოდგენილი ანგარიშებით არ დასტურდება მითითებული ფარული სამუშაოების მოცულობა და ფარულ სამუშაოებზე გამოყენებული მასალების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა.

ექსპერტმა აზომვები ჩაატარა მხოლოდ ხილულ სამუშაოებზე, ხოლო იმ სამუშაოებთან მიმართებაში, რომლებიც განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და რომელთა ზუსტი მოცულობების დადგენა ინსპექტირების ჩატარების პერიოდისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ექსპერტმა გაითვალისწინა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფარული სამუშაოების აქტები. რიგ შემთხვევებში ფარული სამუშაოს აქტების რიგითი ნომერი და სამუშაოს შესრულების აქტის შედგენის თარიღი შეუსაბამოა.

ამასთან, ერთი დღის შესრულებაში ნაჩვენებია ისეთი დიდი მოცულობის სამუშაოები, რომელთა ფაქტობრივად შესრულება მაღალი რისკის შემცველია.

  • ხარვეზით შესრულებული პროექტები და სხვაობა ფასებში

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2020-2021 წლებში მერიის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით ინფრასტრუქტურული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება  84 მილიონ 676 973 ლარით განისაზღვრა. შესყიდვის პროცედურები კი განხორციელდა 77 შემთხვევაში.

ამ პროექტის მომზადებაში, ჯამში, არანაკლებ 265 401 ლარი დაიხარჯა.

ამის მიუხედავად, პროექტები არაერთხელ შეიცვალა: ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შემცირდა 11 მილიონ 092 234 ლარით და შეადგინა 73 მილიონ 584 739 ლარი, ხოლო ხელშეკრულებებში სისტემატურად განხორციელებული ცვლილებებით და ფაქტობრივად, შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით, რეალური ფასი კვლავ შემცირდა 5 მილიონ 202 345 ლარით და 68 მილიონ 382 394 ლარი შეადგინა.

ჯამში პროექტებით განსაზღვრულ ფასსა და ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ფასს შორის სხვაობამ არანაკლებ 19,24%, ანუ 16 მილიონ 294 579 ლარი შეადგინა.

აუდიტორმა წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით გამოარკვია, რომ შესასრულებელი სამუშაოების ფასების შემცირება, ძირითადად, საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზით შედგენამ განაპირობა.

კერძოდ:

სანიაღვრე არხების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაში გადახდილია 1 მილიონ 271 ლარი. ამ პროექტით სამუშაოები შეასრულა შპს „გზებმა“, რომელსაც ხელშეკრულება 1 მილიონ 688 496 ლარზე გაუფორმეს.

სამუშაოების მიმდინარეობის დროს ხელშეკრულება სხვადასხვა მოტივით ხუთჯერ შეიცვალა:  შეიცვალა მილების სახეობა და პარამეტრები, შემცირდა სანიაღვრე არხის, სანიაღვრე ჭებისა და გადახურვის ფილების მოცულობა. აღნიშნული ხარვეზების გამო შემცირდა პროექტით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოს ღირებულება და ჯამში 471 640 ლარი შეადგინა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების 22%-ია.

ანალოგიური ხარვეზებია დაშვებული ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის დროსაც.

ქუჩების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 045 510 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპზე ხელშეკრულება ოთხჯერ შეიცვალა და საბოლოო ფასი განისაზღვრა 2 მილიონ 143 575 ლარით.

დოკუმენტაციით დადგინდა, რომ შეიცვალა მიწის ვაკისის, საგზაო სამოსის, ხელოვნური ნაგებობების, მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების მოცულობები და პარამეტრები.

ცენტრალური პარკის გარე განათების მოწყობის სამუშაოების ხელშეკრულება ითვალისწინებდა 775 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს. თუმცა, პროექტში არსებული ხარვეზების გამო, სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული 638 273 ლარის სამუშაოები არ შესრულებულა.

საბოლოოდ, 77 პროექტის მომზადებაზე მიმწოდებელს გადაუხადეს 265 401 ლარი, თუმცა რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ შესრულდა.

  • ეს არის კორუფცია – ოპოზიციის შეფასება

ბათუმის საკრებულოს წევრმა ოპოზიციიდან, რეზო ხარაზმა აუდიტის დასკვნის შემდეგ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დასკვნაში მისთვის ახალი არაფერია.

„ჩვენ რამდენჯერმე გამოვითხოვეთ ინფორმაცია დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. დიახ, ეს არის სისტემური კორუფცია და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით.“

მერიაში აუდიტის ამ დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ქობულეთში სამარშრუტო ტაქსების მუნიციპალური ავტობუსით ჩანაცვლებას ითხოვენ – პეტიცია

ქობულეთში №1 და №2 სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსების მუნიციპალური ავტობუსებით ჩანაცვლებას და გადახდის ელექტრონული საბარათე სისტემის ამოქმედებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა ქობულეთის მერიაში პეტიცია 2023 წლის 24 ივლისს დაარეგისტრირეს.

„ეს გააუმჯობესებს როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს, ასევე მგზავრთა შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას“ – წერენ მერს პეტიციის ავტორები.

მათივე ინფორმაციით, მოუწესრიგებელი და გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქობულეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა: „საჭიროა ავტოპარკის განახლება, ასევე, დამატებითი რეისების დანიშვნაც“.

პეტიციის ავტორი ა(ა)იპ „იალქანის“ ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

„პეტიციის მიზანია ჩამოაყალიბოს გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას თანამედროვე ტექნოლოგიების სტანდარტების სრული დაცვით, რომელიც ინდივიდუალურად იქნება მორგებული როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის სექტორის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე“ – წერია პეტიციაში.

პეტიციას ხელს აწერს 677 მოქალაქე.

ქობულეთის მერიამ პეტიცია საკრებულოში გადააგზავნა, საკრებულო მის განხილვას მომავალ სხდომაზე გეგმავს.

ამავე სხდომაზე საკრებულო განიხილავს კიდევ ერთ პეტიციას – „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნისა და ცხოველთა თავშესაფრის აშენების შესახებ“.

____________

ფოტო: ქობულეთის მერია

თიბისის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება – VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა

VMware User Group (VMUG) Georgia-ს ინიციატივით 15 სექტემბერს ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა. თიბისის მხარდაჭერით, შემოდგომის სერიაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე VMUG-ის ლიდერებმა, ირაკლი ბეროშვილმა და დავით ბერაიამ VMware-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათთან ერთად სცენაზე უფროსი ტექნიკური მენეჯერი (Senior Technical Account Manager), ვლადიმირ მიტკო წარსდგა. მან დამსწრე საზოგადოებას VMware-ის აუცილებლობაზე მოუთხრო და კომპანიაში მისი დანერგვის გამოცდილებაც გაუზიარა. ღონისძიებაზე დამსწრეებს თიბისის ტექნოლოგიური გამოცდილება და შესაძლებლობები ზურაბ ტალიკაძემ გაუზიარა.

„ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და გამოცდილება გავცვალოთ. თიბისი დიდი ტექ ორგანიზაციაა და საინტერესო სიახლეების დანერგვის საშუალება გვაქვს, თუმცა არიან პროფესიონალები, რომლებიც პატარა კომპანიებში მუშაობენ და მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზრდით“- ზურაბ ტალიკაძე, თიბისი ჯგუფის IT ინფრასტრუქტურის არქიტექტორი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზრდა.

ბათუმში ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე გაზი გაითიშა

„სოკარის“ ცნობით, დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე მცხოვრების აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. გათიშულია 200-მდე აბონენტი.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 18:00 საათიდან“ – აცხადებს „სოკარი“.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ზელენსკიმ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა აშშ-ში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე ნიუ იორკში მყოფი, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა ჰოსპიტალში, სადაც ისინი რეაბილიტაციას გადიან.

ზელენსკიმ მათ მადლობა გადაუხადა და ჯარისკაცებს, რომელთაგანაც რამდენიმე ეტლშია, რამდენიმე კი კიდურის პროთეზს ატარებს, სიგელები გადასცა.

ამ კვირის ბოლოს ზელენსკი გეგმავს შეხვდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კონგრესის ლიდერებს ვაშინგტონში, რათა მიიღონ მეტი დახმარება აშშ-სგან.

უკრაინის პრეზიდენტი ხშირად ხვდება ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე და მის მიღმაც, არაერთხელ ჩასულა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში, მაგალითად, ბახმუტში.

ფოტო: ukrinform.ua
ფოტო: ukrinform.ua

უკრაინა მალე მიიღებს აშშ-დან „აბრამსის“ ტანკებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მალე მიიღებს „აბრამსის“ ტანკებს.

„ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო უსაფრთხოების დამატებითი დახმარების პაკეტები, რომელთა საერთო რაოდენობა 2 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს პაკეტები მოიცავს სასწრაფოდ საჭირო საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალებს და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას.

და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ „აბრამსის“ ტანკები მალე ჩამოვა უკრაინაში“, – განაცხადა ოსტინმა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ აპირებს „აბრამსის“ ტანკების უკრაინაში გაგზავნას. „აბრამსების“ რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

„აბრამსები“ არაა ერთადერთი დასავლური ტანკი, რომელიც უკრაინას გადაეცემა. კიევი უკვე აქტიურად იყენებს „ლეოპარდებს“ – გერმანული წარმოების ტანკებს.

„აბრამსების“ მართვისთვის უკრაინელი სამხედროების წვრთნა გერმანიაში მაისში დაიწყო. „პოლიტიკოს“ ცნობით, ორასმა უკრაინელმა სამხედრომ წვრთნები უკვე დაასრულა.

„M1 Abrams-ი“ აშშ-ის არმიის ძირითადი ტანკია, რომლის სერიული გამოშვებაც დაიწყო 1980 წელს. აშშ-ის გარდა იგი სხვა ქვეყნების არსენალშიც შედის. ამ ჯავშანმანქანას წუთში 10-12 ჭურვის სროლა შეუძლია და კარგადაა ბრონირებული.

_______________

ფოტო: ვიკიპედია

აშშ-ის დაზვერვა დეტალებს არასდროს ასაჯაროებს, რადგან „ეფესბე“ გაშიფრავს წყაროებს – ქემოკლიძე

აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა მიუხედავად ისეთი სერიოზული ბრალდებებისა, როგორიც რუსულ „ეფესბესთან“ კავშირებია, ქვეყნის შიგნით ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, კახა ქემოკლიძის დაკვირვებით, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავდაპირველად მიუთითებდნენ, რომ ფარცხალაძეს 10 წელია პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია, დღეს კი ამბობენ, რომ აშშ-მ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რის საფუძველზე დაუწესეს მას სანქციები.

ქემოკლიძის თქმით, მტკიცებულებების მოთხოვნა არის პროფესიული აბსურდი, რადგან, მისი განმარტებით, სანქცირებაზე პასუხისმგებელ უწყებას, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსაც კი არ ექნებოდა დეტალური მასალები ნანახი, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდოლოგიასა და წყაროებს.

„დარწმუნებული იყავით, რომ დეტალების დონეზე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს, რომელიც სანქცირებაზეა პასუხისმგებელი, არც ექნებოდა კონკრეტული დეტალები მიწოდებული ცენტრალური სადაზვერვო დეპარტამენტის მიერ, რადგან ეს უნივერსალური კანონია. მსგავსი ტიპის დეტალები არ საჯაროვდება, იმიტომ, რომ თითოეულმა წვრილმანმაც კი შესაძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებს ის ინფორმაცია მიაწოდოს, რაც მათ დაეხმარება გაშიფრონ მათი [ამერიკული სპეცსამსახურების] საქმიანობის მეთოდოლოგია და ამ ინფორმაციის წყაროები“, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.

ქემოკლიძის განმარტებით, ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან გამოჩნდა, რომ ამერიკისა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის ნდობა განულებულია.

ქემოკლიძის თქმით, სხვაგვარად ასეთი ინფორმაცია საჯაროდ ან საერთოდ არ გახმიანდებოდა, ან მისი დღის სინათლეზე გამოტანა მოგვიანებით მოხდებოდა, მანამდე კი სახელმწიფოს ექნებოდა შესაბამისი რეაგირება:

„ჯანსაღი პარტნიორობის სცენარში ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, წინმსწრებად, თვეებით ადრე მიეწოდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ის ამას სერიოზულად მიიღებდა, იქნებოდა პოლიტიკური ნება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ამ საქმეს გაჰყოლოდნენ ბოლომდე და ბატონ ფარცხალაძესთან ერთად, თუკი იარსებებდა რაიმე ტიპის სადაზვერვო ქსელი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახორციელებდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, ახორციელებდა დამატებით აგენტურულ საქმიანობას, ამის გამოვლენა და განეიტრალება მოხდებოდა.

რა თქმა უნდა, ეს ამერიკელებისთვის სასარგებლო იქნებოდა, ისევე როგორც ქართული კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის. ეს იქნებოდა ორმხრივი სარგებლის მქონე პროცესი, რომელიც გაანეიტრალებდა ამ ყველაფერს“, – აცხადებს კახა ქემოკლიძე.

მისი თქმით, იმის ფიქრის საბაბს, რომ ასე არ მომხდარა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები აძლევს, რომელთათვისაც ფარცხალაძის სანქცირება იმდენად მოულოდნელი იყო, მესიჯბოქსის დალაგებაც ვერ მოასწრეს და ჯერ სრულიად გაემიჯნნენ ყოფილ გენერალურ პროკურორს, დღეს კი უკვე მის დაცვაზე გადავიდნენ და „ეჭვების ინსტრუმენტალიზებას აწარმოებენ“ მოსაზრების გამყარებით, რომ რაკი ამერიკელები მტკიცებულებებს არ მიაწვდიან, თითქოს ისინი არც არსებობს.

ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ საკითხზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესში უნდა იყოს, რადგანაც ფარცხალაძეზე გახმიანებულმა ბრალდებებმა, მისი თქმით, სისტემის შიგნით გააჩინა კითხვები. თუ დადასტურდა, რომ ყოფილი გენპროკურორის მიმართ წაყენებული ბრალდებები რეალურია, ქვეყანას შესაძლოა კოლოსალური ზიანი მიადგეს.

„დაწყებული საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის და პირდაპირ მტრული სახელმწიფოს ხელში აღმოჩენით, დამთავრებული ადგილობრივ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ამაზე მეტი ზიანი რა უნდა მიადგეს ქვეყანას. საზოგადოების ინტერესი რა შუაშია, შენ ფაქტობრივად სადაზვერვო საქმიანობა აგიყირავდა, თუ დადასტურდა ის ფაქტი, რაც გითხრეს. ამიტომ შენი კონტრსადაზვერვო კუთხით ინტერესი უნდა არსებობდეს, როგორც ინსტიტუციის, და ამიტომაც უნდა იწყებდე გამოძიებას და არა მოკვლევას“, – აღნიშნავს ქემოკლიძე.

ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ფარცხალაძის გარშემო შექმნილ ვითარებას უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადებაც. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიიჩნევს, რომ სწორედ გენპროკურორის სანქცირებამ დააჩქარა „ქართული ოცნების“ მხირდან ამ „კოზირის“ ახლა გამოყენება:

„სუსის დღევანდელი განცხადება, ჩემი აზრით, ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არის, ვისაუბროთ არა ამ ძალიან სერიოზულ საკითხზე, რომელიც ფარცხალაძის შესაძლო ჯაშუშობას ეხება, არამედ იმაზე, რაც შემოგვთავაზეს. ჩემი აზრით, ეს არის საინფორმაციო ველზე ნარატივის ფორმირების ძალიან მახინჯი  და იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ნახევრად სახუმარო გახდა, რადგან ხალხმა უკვე სათვალავი დაკარგა, იმდენი მსგავსი ტიპის განცხადება აქვთ გაკეთებული.

ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. მე დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდებოდა არჩევნები, ამგვარ განცხადებებს გააკეთებდნენ, მაგრამ ფარცხალაძის ამ ძალიან სერიოზულმა საქმემ, რომელიც, ჩემი აზრით, გაგრძელდება, ნაადრევად გაასროლინა ეს ტყვია. დარწმუნებული ვარ, ამას ინახავდნენ არჩევნების მოახლოებისთვის და არა ახლა, ამ დროისთვის“, – აღნიშნავს ქემოკლიძე.

რატომ დაბრუნდნენ ქართველები თურქეთში ჩაის საკრეფად – ფასი დღეში 94 ლარია

„ჩაის დაკრეფის საფასური გაორმაგდა რეალურად, მაგრამ ლირა ისე გაუფასურდა, რომ იგივე გამოდის… ამ სეზონზე ჩაი ცოტაა და ყველას დღიურად ურჩევნია ანაზღაურება. ამიტომაც, დღეში 1200 ლირას [94 ლარი] ვიხდით, გასულ წელს კი, დღიური ანაზღაურება 600 ლირა იყო,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ. ის რიზეში, დემირისარიში ცხოვრობს და ჩაის პლანტაციები აქვს.

ერჰანი ამბობს, რომ წელს, გაზაფხულზე მკვეთრად შემცირდა საქართველოდან თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთა რაოდენობა. აგვისტოს ბოლოდან კი, თურქეთში ჩაის ძირითადად ისევ ქართველები კრეფენ.

„ჩემი შვილი პოლონეთში წავიდა წელს სამუშაოდ, მაგრამ მე ისევ თურქეთი ვარჩიე, მე კილოზე ვმუშაობ გამომუშავებით, მინდა ავდგები, მინდა – დავჯდები და დავისვენებ,“ – გვითხრა ბაგრატ სურმანიძემ, რომელიც წლებია თურქეთში ჩაის დასაკრეფად დადის.

„წელს 4 ლირას მიხდიან კილოში… დღეში დაახლოებით 100 ლარი გამომდის. საქართველოში რა უნდა ვიმუშაო ისეთი, რომ დღეში 100 ლარი მომცენ?“ – კითხულობს ბაგრატ სურმანიძე.

ჩაის კრეფის სეზონი თურქეთში, ერჰან ქოსიოღლუს ფოტოები

„…ბევრი უცხოელი ჩამოვიდა ჩაის საკრეფად, მათ შორის, ავღანელები, მე მომწონს ქართველებთან მუშაობა. ჩემთან ვინც მუშაობდა, გავიგე, ბევრი პოლონეთში წასულა.

ახლა ისევ ქართველები მუშაობენ ჩემთან: ბათუმიდან, ქობულეთიდან, ქუთაისიდან, სვანეთიდან… მესამე სეზონზე, როგორც წესი, უკვე მცირეა მოსავალი,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 სექტემბრის 21 საათიდან 20 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 21-22 სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

„შაჰედებით“ თავდასხმა ლვოვზე – დაიღუპა ერთი ადამიანი, ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

19 სექტემბერს, ღამით, რუსეთი 18 „შაჰედით“ დაესხა თავს უკრაინაში ლვოვის ოლქს. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 15 „შაჰედი“ ჩამოაგდო, თუმცა სამი დრონი სამიზნეს მოხვდა.

„შაჰედები“მოხვდა ლვოვის სამრეწველო საწყობებს. ბოლო ცნობების თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, მუშა, რომელიც ნანგრევებში იპოვეს და დაშავდა 26 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავდასხმის დროს საწყობში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ქალიც იმყოფებოდა, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

ხანძარი საწყობებში ოთხ ადგილას გაჩნდა. მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ ხანძრის ჩასაქრობად.

_______________

ფოტოზე: კადრი ლვოვში ხანძრის ამსახველი ვიდეომასალიდან/telegram

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 273 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
  • ტანკი – 4 628 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 851 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 6 062 ერთეული [+35]
  • MLRS – 778 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 526 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 784 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 479 ერთეული [+17]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 601 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 903 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 473 თვითმფრინავი
  • 249 ვერტმფრენი
  • 6 903 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 151 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 444 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 167 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კონტრშეტევის შედეგად უკრაინამ სამხრეთით გაათავისუფლა 260 კვ. კმ-ზე მეტი – მალიარი

უცხოეთში 300 000 ამომრჩეველი დარეგისტრირდება, თუ ცესკო იმუშავებს – ვინ დაიბრუნებს დაკარგულ ხმებს

„არჩევნებში რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდა,“ – ასეთია რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის მთავარი მოთხოვნა ცესკოსადმი 2024 წლის არჩევნებზე, იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად მეტმა ემიგრანტმა მიიღოს.

მოქმედი კანონმდებლობით, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. არსებული პრაქტიკით საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ძირითადად დედაქალაქებში იხსნება. დედაქალაქიდან შორს მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი უმეტესად ვერ ახერხებენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებას.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ 66 217 ადამიანი დარეგისტრირდა. არჩევნებში მონაწილეობა კი 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო ოდენობა 3 511 853 იყო.

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, თენგიზ თევზაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო საარჩევნო უბნების რაოდენობას გაზრდის, ამომრჩეველთა რაოდენობაც გაიზრდება. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო თენგიზ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რა გამოწვევები აქვთ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეება?

ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, მიეცეთ საშუალება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

ის, რომ თითქოს ქართველები არ აქტიურობენ და არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, არის ლეგენდა და  ყალბი ისტორია.

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული ანალიზი. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 60 ათას ამომრჩეველზე მეტი დარეგისტრირდა საზღვარგარეთ და 13 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე და მეხუთე ამომრჩეველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

მთავარი პრობლემაა ის ბარიერები, რომლებიც ემიგრანტებს ექმნებათ. ისინი ჯერ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ზოგ ქვეყანაში იხსნება ერთი, ორი ან სამი საარჩევნო უბანი, მაშინ, როცა ემიგრანტები გაშლილი არიან სხვადასხვა ქალაქში. ყველა ქართველი ემიგრანტი ბერლინსა და პარიზში არ ცხოვრობს. პირიქით, ქართველი ემიგრანტები თავს არიდებენ დიდ ქალაქებსა და დედაქალაქებში ცხოვრებას.

ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან, და ეს არ ეხება მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

პირველ რიგში, უნდა გაიზარდოს ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადები და მეორე, გაიზარდოს უბნების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში.

პირობითად ვამბობ, თუ გერმანიაში მხოლოდ მიუნხენსა და ბერლინში იხსნება საარჩევნო უბანი, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში ჰამბურგში ან სხვა ქალაქში, ამ დაბრკოლებების გამო შეიძლება ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იმიტომ, რომ ძალიან რთულია გაიარო 400-500-600 კილომეტრი [ხმის მისაცემად]. ეს ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ამომრჩევლის რეგისტრაცია, ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, მისცენ ხმა; ასევე ცესკომ გახსნას შესაბამისი რაოდენობის უბნები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 50 საარჩევნო უბანი იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილი.

თენგიზ თევზაძე, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი
თენგიზ თევზაძე, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი
  • საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას რა სჭირდება? საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას?  

თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და იმყოფებით რომელიმე ევროპულ ან სხვა სახელმწიფოში, თუ ფლობთ კანონიერ უფლებას, რომ იყოთ ამ სახელმწიფოში, თქვენ შეგიძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგეთ. თუმცა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სავალდებულო არაა.

მაგრამ იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღოს პირმა მონაწილეობა, უნდა იყოს საკონსულო აღრიცხვაზე. როგორც უკვე ვთქვი, საკონსულო აღრიცხვაზე რომ დადგე, ამის წინაპირობაა ლეგალურად იყო ქვეყანაში.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ბარდება სხვა ქვეყანაში, უარს ამბობს მოქალაქეობაზე და ა.შ. ასეთ მოქალაქეს ვერ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

  • რა უნდა გააკეთოს ცესკომ და სახელმწიფომ იმისათვის, რომ ემიგრანტებმა შეუფერხებლად ისარგებლონ საარჩევნო ხმის უფლებით?

საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია აწყობს იმ სივრცეს, სადაც შემდეგ იხსნება საარჩევნო უბანი. ცესკოს ასევე შეუძლია იქირაოს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში დროებით ფართობი და მოაწყოს საარჩევნო ადმინისტრაცია. საუბარია დაახლოებით 50 დამატებით ადგილზე.

რა თქმა უნდა, ეს ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ არა ისეთ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ გასწვდეს.

ახლა ცესკო მარტივად აკეთებს ამას. სადაც არის ჩვენი საელჩოს ან საკონსულოს შენობები, იმ ადმინისტრაციულ შენობებში აწყობენ საარჩევნო უბნებს.

ეს მარტივია. მისამართი ცნობილია. ხშირ შემთხვევაში საკონსულოს და საელჩოს წევრები არიან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ისინი ითვლიან ხმებს და ა.შ.

აქ არის მენეჯმენტის ამბავი.

სამწუხაროა, რომ ექვსი თვით და ერთი წლით ადრე გვახსენდება ემიგრანტები. ვინაიდან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის მუდმივმოქმედი ორგანო: 2020 წლის არჩევნები როგორც კი მორჩა და ნახა, რომ მხოლოდ 13 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მეორე დღესვე უნდა დაეწყო ამ პრობლემის მოგვარება და არა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.

რატომ?

იმიტომ, რომ არამხოლოდ არჩევნების ჩატარება, არამედ არჩევნების მომზადებაც არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობა.

ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები იმყოფებიან ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ქართველი სამხედროები საომარ ვითარებაში იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ავღანეთში. ამას უზრუნველყოფდა საარჩევნო ადმინისტრაცია. რა პრობლემას წარმოადგენს მათთვის იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიაში, ავსტრიაში დამატებით საარჩევნო უბნები მოაწყონ?

  • რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში?

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეს არჩევნებამდე 19 დღე აქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიაროს.

თუ არ არის პირი საკონსულო აღრიცხვაზე, ესეც უნდა მოასწროს.

როგორ გამოდის, იცით? რამდენიმე დღე გაქვს და ამ რამდენიმე დღეში უნდა მოახერხო დარეგისტრირება, როგორც ამომრჩეველმა.

ჯერ დგები საკონსულო აღრიცხვაზე, შემდეგ რეგისტრირდები როგორც ამომრჩეველი, ასეა პროცედურა.

წერილობით ჯერ არ მიგვიმართავს, მაგრამ გამარტივებას ვითხოვთ, რომ ონლაინ გაკეთდეს საკონსულო აღრიცხვა ან სხვა რამე პლატფორმა შეიქმნას, სადაც ემიგრანტები მოთხოვნილ დოკუმენტაციას ატვირთავენ.

თუმცა ამ მოთხოვნის ადრესატი ცესკო არაა – საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხება.

ცესკოს პასუხისმგებლობა არის შემდეგი, ემიგრანტებს მიეცეთ ხანგრძლივი ვადა, რომ დარეგისტრირდნენ როგორც ამომრჩევლები და არა ცესკომ უზრუნველყოს მათი რეგისტრაცია.

ამ წუთას გვაქვს ასეთი სქემა – მოქალაქეები საკონსულოში უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ამის შემდეგ ისინი უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც ამომრჩევლები, ამომრჩევლად რეგისტრაციის ვადა უნდა გაიზარდოს და მოქალაქეები მერე თავად მიხედავენ რეგისტრაციის პროცესს.

ჩვენ ვითხოვთ გახანგრძლივდეს რეგისტრაციის ვადა ამომრჩევლისთვის და გაიზარდოს უბნების რაოდენობა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მინიმუმ ხუთჯერ მეტი ამომრჩევლის რეგისტრაციას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე იყო.

თუ საარჩევნო ადმინისტრაცია კარგად მოემზადება და მოამზადებს ქვეყნის გარეთ არჩევნებს, 2024 წლის არჩევნებში შეიძლება იყოს რეგისტრირებული 300 ათასამდე ამომრჩეველი. რამდენი მიიღებს მონაწილეობას, ეს მათი გადასაწყვეტია. შეიძლება 200 ათასმა მიიღოს, შეიძლება 50 ათასმა. მაგრამ 300 ათასი ამომრჩეველი იქნება მინიმუმ რეგისტრირებული.

შენიშვნა:

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 3. 736 მილიონია. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რამდენი მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ და მათგან რამდენს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 

 

სად იყო სუს-ი, როცა ფარცხალაძემ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო? – სულხან სალაძე

„ფარცხალაძის მიერ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არ არის უბრალო შემთხვევა. ამიტომაც სუს-ი იმაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ „საკითხს შეისწავლის“, არამედ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, როგორ დააზღვია მან რისკები, როცა ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო“ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.

მას „ბათუმელები“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებასა და ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირებაზე ესაუბრა.

დღეს, 18 სექტემბერს, სუს-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. ამ განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ.

  • ბატონო სულხან, სუს-ის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ თურმე ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება არეულობა საქართველოში, რა ფორმით უკავშირდება ყოფილ პროკურორს, რომელიც აშშ-მ რუსულ „ეფესბესთან“ თანამშრომლობის გამო დაასანქცირა?

ჯერ ერთი, „საქმის შესწავლა“, რაზეც სუს-ი საუბრობს, რას ნიშნავს?! ეს საერთოდ არ არის სამართლებრივი პროცესი. სუს-ს არ უთქვამს, რომ გამოძიების დაწყების მიზნით რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიმართა და ასე შემდეგ.

ამიტომ, ჩავთვალოთ, რომ განცხადება – „დაწყებულია საქმის შესწავლა“ საერთოდ არაფერია, აბსოლუტურად არაფერი, რადგან ეს არ არის სამართლებრივი პროცესი.

შესაძლოა, ეს იყოს დროის მიცემა ფარცხალაძისთვის და ის დაკავებული იყოს ქონების გადაფორმებითა და წილების გასხვისებით.

მეორე მთავარი ამბავი, რაც დღევანდელი განცხადებით ჩვენ ვნახეთ, არის სწორედ ფარცხალაძის ამბის გადაფარვა. ასევე, იმ მოვლენების, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ეს არის, ვთქვათ, შოვის ტრაგედია, ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავით სარგებლობა შვებულების დროს და ასე შემდეგ.

ცხადია, რომ ხელისუფლებას სჭირდება რაღაც ტიპის თემის შემოტანა საინფორმაციო ველზე, რომელიც გახდება დისკუსიის და განხილვის საგანი. ამიტომაც სუს-ის განცხადებით ბევრს ვერაფერს გავიგებთ, რადგან ყველა თემა ერთად არის ჩაყრილი. იქნება ეს „ევრომაიდანის მოწყობის თემა“, რაღაც „ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა“, „უმისამართო სროლა“ და ასეთი რაღაცები.

ამ ტიპის საფრთხეები, თუკი ეს მართლა რეალურია, ცალკე მსჯელობის საგანია და დღეს რაში დასჭირდა სუს-სს ამაზე საუბარი?!

ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, მოსალოდნელ რევოლუციებზე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე და შემდეგ ეს საქმეებიც ისევე გაქრა, როგორც ჩავლილი წლები.

სუს-ის დღევანდელი განცხადებაც, ალბათ, ამ ოპერიდან არის და ეს ყველაფერი ემსახურება მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას, რაც უკვე ვახსენეთ.

  • თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მიზეზებთან დაკავშირებით აშშ-მ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოსო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რას აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა, აქვს აშშ-ს მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება?

საერთაშორისო პრაქტიკაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არ არის ჩემი ექსპერტიზის სფერო, მაგრამ თავად ის განცხადებები, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, კომიკურია, როგორი ნირწამხდარი სახეებით ცდილობენ ისინი ფარცხალაძის დაცვას.

თავიდან გახსოვთ, ალბათ, როგორი იყო მათი განცხადებები, რომ „ფარცხალაძე კერძო პირია“, „დიდი ხანია შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან“ – ეს იყო პირველი განცხადებები ერთგვარი შოკის ეტაპზე. ახლა კი მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ „ფარცხალაძე არ არის ის კაცი, რომელიც სახელმწიფოს ძირს გამოუთხრის“, – თალაკვაძის განცხადება იყო მაგალითად ასეთი, ზარქუა ხომ საერთოდ სასწაულებს ამბობს, კალაძე საუბრობს, რომ თურმე მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ასე შემდეგ.

ესენი აშშ-ის საგამოძიებო სამსახურების საქმიანობას უყურებენ იმავე სტანდარტით, როგორი სტანდარტითაც საქმიანობენ თვითონ. და საერთოდ, დიდი ხანია სუს-ი გასცდა სერიოზული, კვალიფიციური ორგანიზაციის სტატუსს და გახდა „ქართული ოცნების“ დანამატი, რომელიც სხვა ადამიანების პირადი ცხოვრებით არის დაკავებული და არა სახელმწიფოს წინაშე რეალურად არსებული საფრთხეებით და გამოწვევებით, რომ ეს შეისწავლოს და აღმოფხვრას ან მოხდეს ამ საფრთხეების პრევენცია.

ფარცხალაძესთან მიმართებაშიც ნათელი და ცხადია ის, თუ როგორ სწრაფად აგროვებს ქონებას თანამდებობის დატოვების შემდეგ რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძე.

  • კალაძემ ისიც თქვა, რომ არც მურუსიძის დასანქცირების მოტივი იყო ნათელი. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებს „ოცნება“ ლაპარაკს და არ გადადგამს არსებით ნაბიჯს, რა პროცესებამდე მივა ეს ყველაფერი?

ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი – ერთი, ილაპარაკოს ის სისულელეები, რასაც ახლა ლაპარაკობს ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ან მეორე – რეალურად ამ გადაწყვეტილებას, რაც არის მიღებული აშშ-ს მხრიდან, მოეკიდოს სრული სერიოზულობით. მაგრამ ხელისუფლებას არ შეუძლია მეორე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ თავად არის იმ ყველაფრის ნაწილი, დიდი ალბათობით, რასაც ვისმენთ ფარცხალაძესთან დაკავშირებით.

საკუთარ მხილებას ხელისუფლება ვერ დაიწყებს, ამიტომაც ისინი ამბობენ: „წარმოადგინონ მტკიცებულებები“, „დაასაბუთონ“ და ასე შემდეგ.

როცა სათქმელი არაფერი აქვს ხელისუფლებას, ის ცდილობს გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედოს და ამბობს, რომ თითქოს ეს კაცი ამას არ იმსახურებს. და რა იცის ხელისუფლებამ იმსახურებს თუ არა. ფარცხალაძე არ არის ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე დასანქცირდა აშშ-ს მიერ, არ ვლაპარაკობ მარტო მოსამართლეებზე ან ყოფილ მოსამართლეებზე, ზოგადად, იმ სანქციებზე, რომლის გამოყენებაც დაიწყო აშშ-მ რუსეთთან დაკავშირებული პირების ნაწილში.

მე კიდევ მგონია, რომ რაღაც აპოკალიფსური განცხადებები ჯერ კიდევ არ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან ფარცხალაძის საკითხზე, მაგრამ ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ, რადგან პირველი დაბნეულობის ტალღა გადავლილია და ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო.

ხელისუფლება რატომ ითხოვს დამატებით მტკიცებულებას, თავად ფარცხალაძემ უნდა მოითხოვოს, თუ ამაზეა ლაპარაკი და სამართლებრივი პროცესიც უნდა დაიწყოს ფარცხალაძემ, თუ ის თვლის, რომ მის მიმართ გადაწყვეტილება არის უკანონო.

თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ფარცხალაძე არის კერძო პირი და მას შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან, მაშინ ვინ ეკითხება ხელისუფლებას ისაუბროს იმაზე, რომ თურმე აშშ-მ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები.

ლოგიკასაა აცდენილი ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან.

  • როგორც ვიცით, ოთარ ფარცხალაძე 2019 წელს გახდა ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის მოქალაქე. რა გარემოებების გამო შეიძლება მიეცათ მისთვის ორმაგი მოქალაქეობა და უნდა დაინტერესებულიყო თუ არა სუს-ი სწორედ მაშინ ფარცხალაძის რუსეთთან კავშირების გამო?

ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის იმასაც, თუ ორმაგ მოქალაქეობაზე ვლაპარაკობთ, რა პირობებში მოხდა, რა საკითხები იყო წინასწარ გავლილი და შესწავლილი, იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება პირის მხრიდან, რომელსაც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა ქვეყანაში, კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობა, ასე რომ ვთქვათ, რადგან ის არ იყო რიგითი პროკურორი და როცა ასეთი სტატუსის მქონე ყოფილი ჩინოვნიკი იღებს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობას, ცხადია, იქ ორმაგად დიდი ინტერესი და ორმაგად მეტი ფილტრი უნდა იყოს გამოყენებული.

ამაზე ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც უნდა თქვას უფრო მეტი. იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტროსგან იმაზე მეტს არაფერს უნდა ველოდეთ, რაც დღეს სუს-მა გაავრცელა. მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნამდვილად შეუძლია უფრო მეტი უთხრას საზოგადოებას, ვიდრე ჩვენ აქამდე მოგვისმენია ამის თაობაზე.

ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღება არ არის უბრალო შემთხვევა, არამედ ეს ის შემთხვევაა, რომლის მიმართაც (დიდი ალბათობით) თავად რუსეთის მხარესაც ჰქონდა გარკვეული ტიპის ინტერესი.

ამიტომაც სუს-ი იმაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ „საკითხს შეისწავლის“, არამედ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, როგორ დააზღვია მან რისკები, როცა ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.

  • სუს-ის მიერ გაჟღერებულ არეულობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ახსენეს უკრაინაში ქართველი მებრძოლების სახელი. ამით ხომ არ ცდილობს „ოცნება“ ერთგვარ ანგარიშსწორებას, რომ ფარცხალაძის სანაცვლოდ უკრაინაში მებრძოლების წინააღმდეგ დაიწყებენ დევნას ან რაღაც ამის მსგავსი?

როგორც ვთქვი, სუს-ის განცხადებაში ბევრი საკითხია ერთად ჩაყრილი, საიდანაც სხვადასხვა თემის გამოტანა შეიძლება, მათ შორის, ცალკე პროპაგანდისტული მედიისთვის. ამაში შედის ცხადია ისიც, რომ დაიწყონ უკრაინაში მებრძოლების დისკრედიტაცია.

მთავარი ამბავი, რაც ასევე არ უნდა გამოვტოვოთ ამ პროცესში, არის ისიც, როცა საუბრობენ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში მოვლენების განვითარებაზე.

თუ ევროკომისია არ მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ცხადია, ასეთი შემთხვევისთვისაც იზღვევს თავს ხელისუფლება, რომ თუ უამრავი მოქალაქე გამოვა ქუჩაში და ექნება ბუნებრივი პროტესტი იმის გამო, რომ მან არ შეასრულა 12 რეკომენდაცია, ეს ყველაფერი გადააბრალოს „გლობალური ომის პარტიას“ და ყველას, ვინც არ არის ხელისუფლების მხარეს.

Exit mobile version