მთავარი,სიახლეები

„ბენზეში“ 465 ათას ლარად მოწყობილი განათება არ მუშაობს – მერია 192 ათასს აღდგენაში იხდის

08.11.2022 • 1392
„ბენზეში“ 465 ათას ლარად მოწყობილი განათება არ მუშაობს – მერია 192 ათასს აღდგენაში იხდის
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ გარე განათება, რომელიც 2021 წელს თამარის დასახლებაში დაამონტაჟეს, უკვე მწყობრიდანაა გამოსული. განათების კონსტრუქციების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე ბიუჯეტიდან მთლიანობაში 465 270 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

2022 წელს კი, მერიამ სანათების რეაბილიტაციაზე ისევ ტენდერი გამოაცხადა.

„თამარის დასახლებაში, რესტორან „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ დაამონტაჟეს 86 დეკორატიული სანათი, რაშიც 364 812 ლარია გადახდილი. მარტო ერთ სანათში 4 042 ლარია გადახდილი, რომელსაც ერთი თვეც კი არ უმუშავია.

ეს განათება ე.წ. მილკვადრატისგან შედგება, რომელსაც არ აწერია, ვისი გამოშვებულია და როგორი ხარისხისაა. ერთი შეხედვით, ეს არის კუსტარულად დამზადებული განათება, რომელშიც 4 042 ლარი გადავიხადეთ“, – ამბობს რეზო ხარაზი.

მიმდინარე წელს მერიამ სამ ადგილზე, მათ შორის, თამარის დასახლებაში იმავე მონაკვეთზე არსებული დეკორატიული განათებების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 415 324 ლარი გამოყო.

ამ თანხით დეკორატიული განათებები უნდა მოეწყოს სასტუმრო „პორტა ბათუმი თაუერის“ მიმდებარედ, ევროპის მოედანზე „მედეას“ ძეგლის განათება უნდა დამონტაჟდეს და 192 531 ლარით უნდა განახლდეს თამარის დასახლებაში, რესტორან „რივიერასა“ და „ოქრის თევზს“ შორის არსებული დეკორატიული განათებები.

სანაპიროს გასწვრივ არაერთ ადგილზე დაზიანებულია ქვის მოაჯირიც.

გარე განათება თამარის დასახლებაში

გასულ წელს თამარის დასახლებაში დამონტაჟებული გარე-განათებები არ მუშაობს

„სავარაუდოდ, განათებების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერსაც „აჭარგანათება“ მოიგებს, რომელმაც 2021 წელს დაამონტაჟა ეს განათებები, მაგრამ არ მუშაობს. ეს არის პირდაპირ კორუფციული სქემა. ამას სხვა არაფერი ჰქვია, რადგან წინა ტენდერის პირობებში განათებებზე 5-წლიანი საგარანტიო ვადაა მითითებული, რომელიც ირღვევა“, – ამბობს რეზო ხარაზი.

„აჭარგანათებამ“ დეკორატიული განათების რეაბილიტაციაზე 2022 წლის 29 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, თუმცა სატენდერო კომისიამ „აჭარგანათებას“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

შესაბამისად, ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით და იმავე თანხით 2 ნოემბერს მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველომ ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 19 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება.

რაც შეეხება გასულ წელს დამონტაჟებული განათებების დაზიანებას, მიმდინარე წლის 17 მაისს „ბათუმელებს“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში უთხრეს, რომ თამარის დასახლებაში, აღნიშნულ პერიმეტრზე, დეკორატიული გარეგანათების კაბელები მოიპარეს.

„ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ უწყებას, რომ დაიწყოს გამოძიება“, – გვითხრეს მერიაში.

ამავე საკითხზე დღეს, 8 ნოემბერსაც, ვკითხეთ მერიას, სადაც გვითხრეს, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: