აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა მიუხედავად ისეთი სერიოზული ბრალდებებისა, როგორიც რუსულ „ეფესბესთან“ კავშირებია, ქვეყნის შიგნით ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, კახა ქემოკლიძის დაკვირვებით, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავდაპირველად მიუთითებდნენ, რომ ფარცხალაძეს 10 წელია პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია, დღეს კი ამბობენ, რომ აშშ-მ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რის საფუძველზე დაუწესეს მას სანქციები.
ქემოკლიძის თქმით, მტკიცებულებების მოთხოვნა არის პროფესიული აბსურდი, რადგან, მისი განმარტებით, სანქცირებაზე პასუხისმგებელ უწყებას, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსაც კი არ ექნებოდა დეტალური მასალები ნანახი, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდოლოგიასა და წყაროებს.
„დარწმუნებული იყავით, რომ დეტალების დონეზე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს, რომელიც სანქცირებაზეა პასუხისმგებელი, არც ექნებოდა კონკრეტული დეტალები მიწოდებული ცენტრალური სადაზვერვო დეპარტამენტის მიერ, რადგან ეს უნივერსალური კანონია. მსგავსი ტიპის დეტალები არ საჯაროვდება, იმიტომ, რომ თითოეულმა წვრილმანმაც კი შესაძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებს ის ინფორმაცია მიაწოდოს, რაც მათ დაეხმარება გაშიფრონ მათი [ამერიკული სპეცსამსახურების] საქმიანობის მეთოდოლოგია და ამ ინფორმაციის წყაროები“, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.
ქემოკლიძის განმარტებით, ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან გამოჩნდა, რომ ამერიკისა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის ნდობა განულებულია.
ქემოკლიძის თქმით, სხვაგვარად ასეთი ინფორმაცია საჯაროდ ან საერთოდ არ გახმიანდებოდა, ან მისი დღის სინათლეზე გამოტანა მოგვიანებით მოხდებოდა, მანამდე კი სახელმწიფოს ექნებოდა შესაბამისი რეაგირება:
„ჯანსაღი პარტნიორობის სცენარში ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, წინმსწრებად, თვეებით ადრე მიეწოდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ის ამას სერიოზულად მიიღებდა, იქნებოდა პოლიტიკური ნება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ამ საქმეს გაჰყოლოდნენ ბოლომდე და ბატონ ფარცხალაძესთან ერთად, თუკი იარსებებდა რაიმე ტიპის სადაზვერვო ქსელი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახორციელებდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, ახორციელებდა დამატებით აგენტურულ საქმიანობას, ამის გამოვლენა და განეიტრალება მოხდებოდა.
რა თქმა უნდა, ეს ამერიკელებისთვის სასარგებლო იქნებოდა, ისევე როგორც ქართული კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის. ეს იქნებოდა ორმხრივი სარგებლის მქონე პროცესი, რომელიც გაანეიტრალებდა ამ ყველაფერს“, – აცხადებს კახა ქემოკლიძე.
მისი თქმით, იმის ფიქრის საბაბს, რომ ასე არ მომხდარა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები აძლევს, რომელთათვისაც ფარცხალაძის სანქცირება იმდენად მოულოდნელი იყო, მესიჯბოქსის დალაგებაც ვერ მოასწრეს და ჯერ სრულიად გაემიჯნნენ ყოფილ გენერალურ პროკურორს, დღეს კი უკვე მის დაცვაზე გადავიდნენ და „ეჭვების ინსტრუმენტალიზებას აწარმოებენ“ მოსაზრების გამყარებით, რომ რაკი ამერიკელები მტკიცებულებებს არ მიაწვდიან, თითქოს ისინი არც არსებობს.
ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ საკითხზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესში უნდა იყოს, რადგანაც ფარცხალაძეზე გახმიანებულმა ბრალდებებმა, მისი თქმით, სისტემის შიგნით გააჩინა კითხვები. თუ დადასტურდა, რომ ყოფილი გენპროკურორის მიმართ წაყენებული ბრალდებები რეალურია, ქვეყანას შესაძლოა კოლოსალური ზიანი მიადგეს.
„დაწყებული საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის და პირდაპირ მტრული სახელმწიფოს ხელში აღმოჩენით, დამთავრებული ადგილობრივ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ამაზე მეტი ზიანი რა უნდა მიადგეს ქვეყანას. საზოგადოების ინტერესი რა შუაშია, შენ ფაქტობრივად სადაზვერვო საქმიანობა აგიყირავდა, თუ დადასტურდა ის ფაქტი, რაც გითხრეს. ამიტომ შენი კონტრსადაზვერვო კუთხით ინტერესი უნდა არსებობდეს, როგორც ინსტიტუციის, და ამიტომაც უნდა იწყებდე გამოძიებას და არა მოკვლევას“, – აღნიშნავს ქემოკლიძე.
ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ფარცხალაძის გარშემო შექმნილ ვითარებას უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადებაც. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიიჩნევს, რომ სწორედ გენპროკურორის სანქცირებამ დააჩქარა „ქართული ოცნების“ მხირდან ამ „კოზირის“ ახლა გამოყენება:
„სუსის დღევანდელი განცხადება, ჩემი აზრით, ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არის, ვისაუბროთ არა ამ ძალიან სერიოზულ საკითხზე, რომელიც ფარცხალაძის შესაძლო ჯაშუშობას ეხება, არამედ იმაზე, რაც შემოგვთავაზეს. ჩემი აზრით, ეს არის საინფორმაციო ველზე ნარატივის ფორმირების ძალიან მახინჯი და იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ნახევრად სახუმარო გახდა, რადგან ხალხმა უკვე სათვალავი დაკარგა, იმდენი მსგავსი ტიპის განცხადება აქვთ გაკეთებული.
ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. მე დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდებოდა არჩევნები, ამგვარ განცხადებებს გააკეთებდნენ, მაგრამ ფარცხალაძის ამ ძალიან სერიოზულმა საქმემ, რომელიც, ჩემი აზრით, გაგრძელდება, ნაადრევად გაასროლინა ეს ტყვია. დარწმუნებული ვარ, ამას ინახავდნენ არჩევნების მოახლოებისთვის და არა ახლა, ამ დროისთვის“, – აღნიშნავს ქემოკლიძე.