ამ ფოტოებზე უკრაინელი ქალი, 73 წლის ვერა ჩერნუხაა, იგი ომის შედეგად დანგრეულ საკუთარ სახლთან დგას ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელ დემენტიევკაში.
ეს სოფელი რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2022 წლიდან სოფელი სამჯერ იყო ოკუპირებული. სოფლის ერთ-ერთი დაბომბვისას ვერა დაშავდა და გონს რომ მოვიდა, რუსეთის ტერიტორიაზე იყო, საავადმყოფოში.
73 წლის ვერა ახლა სოფელ დემენტიევკას ერთადერთი მკვიდრია. ყველაზე ახლო მეზობელი მისგან 11 კილომეტრში ცხოვრობს.
გამოჯანმრთელების შემდეგ ქალი მოხალისეების დახმარებით დაბრუნდა უკრაინაში, საკუთარ სოფელში, ბელარუსის, ლატვიისა და პოლონეთის გავლით. დემენტიევკაში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლი დაიწვა და სოფელში არავინ დარჩა.
ამის მიუხედავად, ქალმა სოფელი არ დატოვა. ვერა ფარდულში დასახლდა, მოჰყავს ბოსტნეული და ოცნებობს თხაზე, რომ ახალი რძე ჰქონდეს.
მისი ძველი სახლის ნანგრევების გვერდით ხუთი უკრაინელი მესაზღვრის საფლავის ქვაა.