10 ათასზე მეტი მშობელი სკოლაში უფასო კვების დანერგვას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით პეტიცია მომზადდა, რომელიც სკოლებში უფასო კვებას შეეხება. ინიციატივას შეუერთდა განათლების კოალიციაც, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელია.

პეტიციას ამ დროისთვის ათი ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მოქალაქეები სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვენ.

ორგანიზატორების განცხადებით, გაკვეთილებს უმეტესად „მშიერი ბავშვები ესწრებიან“, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის.

„გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ.

ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს.

ე.წ. ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული“ – აცხადებენ პეტიციის ავტორები.

პეტიციაზე ხელისმომწერები ითხოვენ:

  • იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა;
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი;
  • განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა;
  • მუშაობის პროცესი იყოს გამჭვირვალე.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პეტიციის ტექსტი და ხელმოწერები დღესვე წარედგინება განათლების სამინისტროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს.

„სასკოლო კვება მთელ მსოფლიოში განიხილება არა როგორც პრივილეგია, არამედ როგორც მოსწავლეთა უფლება, რომელიც ბავშვის საკვებ რაციონსა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ამაღლებს აკადემიურ მოსწრებას და სკოლას აქცევს მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად.

საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ 10%-შია, სადაც სასკოლო კვების პროგრამა ჯერ არ დანერგილა.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ 2021 წელს მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“ მიხედვით, ქვეყნების უმრავლესობა მნიშვნელოვან სახსრებს გამოყოფს მოსწავლის კვების დაფინანსებისთვის.

ეს დანახარჯი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიხედვით 42$-დან 242 $-ის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს მსგავსი შემოსავლების ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სასკოლო კვების ღირებულება ერთ მოსწავლეზე მთელი წლის განმავლობაში სულ მცირე 140 ლარს შეადგენს“ – ნათქვამია პეტიციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ფოტოზე: პეტიციის ორგანიზატორთა ბრიფინგი. 

___________________

ამ თემაზე:

როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები

ბოლო სამ თვეში საქართველოში ევროპიდან 1070 პირი დააბრუნეს – ყველაზე მეტი გერმანიიდან

2023 წლის ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 1070 მოქალაქის შესახებ გაიცა დაბრუნების ნებართვა რეადმისიის შეთანხმებით. სულ 1074 განაცხადი განიხილეს, აქედან მხოლოდ 4 განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ორი გერმანიიდან, ერთი საბერძნეთიდან და ერთიც შვეიცარიიდან.

ყველაზე მეტი თანხმობა საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დაბრუნებაზე გაიცა, საიდანაც ჯამში 696 ადამიანი დააბრუნეს საქართველოში, მათგან: 333 კაცი, 164 ქალი და 199 არასრულწლოვანი.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გერმანიის შემთხვევაში საქმეების განხილვისას მხოლოდ ორ კაცს უთხრეს უარი რეადმისიაზე.

შემდეგ მოდის საფრანგეთი, საიდანაც რეადმისიით 136 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, 48 მოქალაქე დაბრუნდა შვეიცარიიდან, 33 მოქალაქე – საბერძნეთიდან და ხუთეულს ასრულებს პოლონეთი, საიდანაც 28 მოქალაქე დააბრუნეს.

რეადმისიით დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეები ასევე ესპანეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან.

2023 წლის მესამე კვარტალში რეადმისირებული პირების ოდენობა მცირედით შემცირებულია მეორე კვარტალთან შედარებით.

ცნობისათვის, 2023 წლის მეორე კვარტალში – აპრილი, მაისი, ივნისი რეადმისია 1113 პირს შეეხო. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს (716), მეორე ადგილზე ამ შემთხვევაშიც საფრანგეთი იყო (183) და მესამე ადგილზე საბერძნეთი და შვეიცარია, 45-45 დაბრუნებული მიგრანტით.

რეადმისიის შეთანხმება არის სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმება მოცემულ სახელმწიფოში არალეგალურად მყოფ უცხოელთა თავიანთი წარმოშობის ქვეყანაში ან იმ სატრანზიტო ქვეყანაში დასაბრუნებლად, რომლის გავლითაც ისინი მოცემულ სახელმწიფოში შემოვიდნენ.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის მარტში გაფორმდა. რეადმისიის შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მოქალაქეთა ევროპიდან საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნება იყო.

მოქალაქეების წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების სატრანსპორტო ხარჯებს რეადმისიის მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ანაზღაურებს.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს საშუალება აქვთ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამაში ჩაერთონ და მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ასევე პროგრამით გათვალისწინებულია სოციალური პროექტების დაფინანსება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საცხოვრებლით დროებითი უზრუნველყოფა.

იმისთვის, რომ სარეინტეგრაციო პროგრამაში მოხვდეს, მიგრანტს საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი უნდა ჰქონდეს გატარებული ან პირს საზღვარგარეთ უნდა ჰქონდეს განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდეს თავშესაფრით.

რუსეთს ავდიივკას მიმართულებაზე დამატებითი ძალები გადაჰყავს – ISW

რუსეთს ავდიივკას მიმართულებაზე დამატებითი ძალები გადაჰყავს, მიუხედავად დიდი დანაკარგისა და შეტევის წარუმატებლობისა – ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი წერს 22 ოქტომბრის რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში.

აღნიშნული მიმოხილვა ეყრდნობა რუსულ და უკრაინულ ღია წყაროებს.

ISW-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, რუსულ ძალებს უჭირთ ავდიივკას მახლობლად უკრაინის მიერ დანაღმული ტერიტორიის გადალახვა, რაც უკრაინის სარდლობას საშუალებას აძლევს, სწრაფად გადაიყვანოს პერსონალი კრიტიკულ რაიონებში.

ამავე დროს უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ პერსონალის გადაყვანას ავდიივკას მიმართულებით დანაკარგის შევსებისა და შეტევისთვის.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევით ოპერაციებს ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, მიუხედავად რუსეთის აქტიური საომარი მოქმედებებისა ავდიივკას მიმართულებით.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 22 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეტევა კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან ახლოს, ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ, დონეცკ-ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო რაიონში, დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და დაწინაურდნენ ზოგიერთ რაიონში.

საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გადამდგარმა გენერალმა, ვახტანგ კაპანაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ავდიივკას მიმართულებაზე საკმაოდ ძლიერი უკრაინული დაჯგუფება იბრძვის და რუსეთი ცდილობს მის ალყაში მოქცევას და განადგურებას, რომ ამ ტერიტორიაზე გარკვეული პლაცდარმი შექმნას შეტევისთვის.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 294 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 5 093 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 9 653 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 7 057 ერთეული [+25]
  • MLRS – 825 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 551 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 345 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 536 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 419 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 998 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 508 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 176 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 882 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 169 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 853 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 583 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთს ავდიივკას მიმართულებაზე დამატებითი ძალები გადაჰყავს – ISW

ხიხანის ციხე [ფოტო]

ხიხანის ციხე შუა საუკუნეების [X-XI] ძეგლია ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც სოფელ ბაკოსთან მდებარეობს.

ციხესიმაგრე მთის თხემზეა და იქ ასასვლელად ერთადერთი საცალფეხო ბილიკია. მთის ძირიდან ციხემდე მანძილი დაახლოებით 1 კილომეტრია.

ციხეზე მისასვლელ ბილიკზე, შედარებით სახიფათო ადგილებში, დღეს რკინის კიბეებია მოწყობილი.

ხიხანის ციხე დღეს:
ხიხანის ციხე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხეზე ასასვლელად მოწყობილი კიბე და ბილიკი / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხეზე ასასვლელ ბილიკთან / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
კიბე ხიხანის ციხესთან მისსასვლელ ბილიკზე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხესთან მისასვლელ ბილიკთან/ 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხიხანის ციხე / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე
ხედი ხიხანის ციხიდან / 22.10.2023 / ფოტო: როინ გუნდაძე

ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის სამუშაოების ორწლიან შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტენდერი 865 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ეს ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

იმავე წელს სააგენტომ ხელახალი ტენდერი 900 ათასი ლარით გამოაცხადა, სადაც 4 პრეტენდენტს შორის გამარჯვებულად შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“ დაასახელეს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ კომპანიისთვის სააგენტოს ჯამში 748 519 ლარი აქვს გადახდილი.

ამავე თემაზე:

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

რა იცვლება ბათუმში გარევაჭრობის კუთხით 25 ოქტომბრიდან

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს.

ბათუმში უნებართვო გარევაჭრობაზე რეაგირებას მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახდენს, თუმცა 25 ოქტომბრიდან სიახლე იქნება ის, რომ ინსპექციას უფლება ექნება რეაგირება მოახდინოს „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც.

ასეთ შემთხვევაში კი, გარემოვაჭრე დაჯარიმდება 500 ლარით „სამართალდარღვევის საგნის [შესაბამისი საქონლის] კონფისკაციით.“

153​3  მუხლი: გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე [რომელიც 2023 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება]:

„1. გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური  ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის [შესაბამისი საქონლის] კონფისკაციით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“

ბათუმის საკრებულოში შეტანილია საკითხი, რომლის მიხედვითაც „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები“ უნდა განისაზღვროს.

უნებართვო გარევაჭრობის კუთხით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ოქმებს შეადგენს ზემოთ აღნიშნული 153​3  მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ხოლო იმავე ინსპექციას დაჯარიმების უფლება ექნება ამავე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

რაც შეეხება შესაბამისი საქონლის კონფისკაციას – ჩამორთმეული საქონლის [ასეთის არსებობის შემთხვევაში] განკარგვის წესს მუნიციპალიტეტი შემდგომში დაადგენს.

გარევაჭრობას ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ბულვარის ტერიტორიებზე კი, არა მერიის მუნიციპალური ინსპექცია, არამედ შესაბამისი ადმინისტრაციები გააკონტროლებენ.

გარევაჭრობა ბათუმში / 21.10.2023

ზემოთ აღნიშნულ მუხლს ახლავს შენიშვნაც:

„1. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს მას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისგან.

2. სამართალდამრღვევის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გაგრძელების აღსაკვეთად მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3. თუ ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენისას სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება.

4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

აქცია „ოცნების ქალაქში“ – მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

დღეს, 22 ოქტომბერს, აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები. აქციის მონაწილეებმა ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეებმა მხოლოდ რამდენიმე წუთით მოახერხეს გამზირის გადაკეტვა. მათი თქმით, აქციის ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა.

აქციაზე აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და მოითხოვენ, რომ „ოცნების ქალაქში“ ყველა მცხოვრებთან გაფორმდეს საგარანტიო ხელშეკრულება, რომ ისინი საცხოვრებელ ბინებს აუცილებლად მიიღებენ.

ისინი ასევე ითხოვენ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას.

„როცა მივიღებთ პასუხს ხელისუფლებისგან, რომ გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები, მხოლოდ ამის შემდეგ დავიშლებით“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

პარალელურად, აქციის მონაწილეები 15-დღიან ვადას აძლევენ აჭარის ხელისუფლებას, რათა ყველა ოჯახთან გააფორმონ საგარანტიო ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციებს ბათუმში გამართავენ.

განახლება: აქციის მონაწილეების თქმით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვის მცდელობის დროს პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე – რუსლან ფუტკარაძე დააკავა.

„ამ დროისთვის [19:30 სთ] აქციის მონაწილეებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე იმყოფება, რომელმაც აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინა და ითხოვა 10-დღიანი ვადა, რომ მოსახლეობას საბოლოო პასუხი გასცეს მათ მოთხოვნებზე. აქციის მონაწილეები არ იშლებიან და მინისტრის მოადგილეს სთხოვეს დარჩეს მანამ, ვიდრე რუსლან ფუტკარაძეს არ გაათავისუფლებენ“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

აქცია „ოცნების ქალაქში“ / 22.10.2023

„ოცნების ქალაქში“ ამ ეტაპზე 582 ბინა შენდება, დასახლებაში კი, 1500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

 

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

ბათუმში დღეს, 22 ოქტომბერს, სითბოა და ზღვის და მზეზე გარუჯვის მოყვარულებიც პლაჟზე არიან.

ზღვის  წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

ბათუმის პლაჟი. 22 ოქტომბერი, 2023. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე
ბათუმის პლაჟი. 22 ოქტომბერი, 2023. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე
ბათუმის პლაჟი. 22 ოქტომბერი, 2023. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე
ბათუმის პლაჟი. 22 ოქტომბერი, 2023. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე
ბათუმის პლაჟი. 22 ოქტომბერი, 2023. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე
ბათუმის პლაჟი. 22 ოქტომბერი, 2023. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ბათუმში მზიანი ამინდი ორშაბათსაც შენარჩუნდება. სამშაბათიდან კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

ვრცლად:

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

 

ქობულეთის მერიის წინ მოედნის „პიაცად“ გადაკეთება სურთ – კონკურსი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედნის მოდერნიზაციაზე კონკურსია გამოცხადებული.

„აღნიშნული სივრცე კონკურსში გამარჯვებულმა სასურველია განავითაროს, როგორც ე.წ. „პიაცა“ – ასეთია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური დავალება.

კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის საფუძველზე მოედნის მოდერნიზაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.

საკონკურსო თანხა 110 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 2023 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს დასრულდება.

ქობულეთის მერიაში თვლიან, რომ „საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ცენტრს, რომელსაც გააჩნია პოტენციალი გახდეს მიმზიდველი ლოკაცია. აღნიშნული სივრცე კონკურსში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სასურველია განავითაროს, როგორც ე.წ. „პიაცა“.

სასურველია გათვალისწინებული იქნას ცენტრალური მოედნისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. ლოკაცია გამორჩეული უნდა იყოს ქალაქში მდებარე სხვა სივრცეებისაგან. პროექტი უნდა მოიცავდეს ახალი ხედვის განვითარებას.“

ამასთან:

„შესაძლებელია მოედანი დაიგეგმოს იმდაგვარად, რომ მოედნის ირგვლივ მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს მიეცეთ საშუალება სურვილის შემთხვევაში თანამედროვე კომერციული ობიექტებით განავითარონ მათ მიმდებარედ მდებარე საჯარო სივრცე.“

ყვითელი ფერით მონიშნულია მოედანი და მიმდებარე ტერიტორია რომლის მოდერნიზაციასაც ქობულეთის მერია გეგმავს

კონკურსის პირობის მიხედვით, „პროექტირებისას, ძირითადი დეტალები უნდა შეთანხმდეს ქობულეთის მერიასთან და გათვალისწინებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის რეკომენდაციები.“

პროექტის ავტორი ვალდებული იქნება სამშენებლო სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობა დამატებითი ანაზღაურების გარეშე გაუწიოს.

„იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდება ანაზღაურების გარეშე. პროექტირების პერიოდში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი წერილობით თანხმდება შემსყიდველთან.“ – აღნიშნულია საკონკურსო პირობაში.

ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • „მოედნის განვითარება ცენტრალური მოედნისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით;
  • საპარკო სკამებისა და ურნების მოწყობა;
  • ტერიტორიის განათების მოწყობა;
  • საპარკინგე სივრცის [მათ შორის მოძრაობის სქემა] გადაწყვეტა, შემსყიდველთან შეთანხმებით;
  • ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების კონცეპტუალური ხედვა [არ იგულისხმება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება]“.

მოედნის მოდერნიზაციის მიზნით სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს ქობულეთის მერია პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ  გამოაცხადებს. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში გამოჩნდება რა თანხა იქნება საჭირო პროექტის განხორციელებისთვის.

 

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ოქტომბრის 21 საათიდან 23 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 ოქტომბერს აჭარაში დროგამოშვებით ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 293 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 5 081 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 9 631 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 7 032 ერთეული [+15]
  • MLRS – 825 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 549 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 339 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 535 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 404 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 991 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 508 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 157 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 869 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 167 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 847 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 567 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა ხდება ავდიივკასთან – ISW-ის ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე

„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ – ბათუმელი „გულთოს“ ცხოვრება სიღარიბეში

„თქვენს პირდაპირ დგას უმწეო, გაუბედურებული დედა, რომელიც დღე და ღამე ზის მარტოსული, ტირის, რომ შვილი დაიბრუნოს. მენატრება, რომ ვაჭამო, ვაბანაო, ჩავაცვა და ჩავეხუტო… დამიდექით გთხოვთ, გვერდში“, – ამბობს 44 წლის ნატალია გაგოშიძე.

მას ბათუმში თითქმის ყველა იცნობს. „გულთო“ – ასე ეძახიან მას მეტსახელად.

გვიყვება, რომ ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ ქუჩაში ცხოვრობს და თავს მოწყალებით ირჩენს.

„თბილისში ვმუშაობდი, ყვავილებს და ხატებს ვყიდდი. სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა, სადარბაზოებში ვცხოვრობდი“- გვეუბნება ნატალია.

ერი წლის შემდეგ ნატალიამ ბათუმში გადმოსვლა გადაწყვიტა, პატარა, ლამაზი ქალაქია და ხალხიც ალბათ უფრო მიმიღებსო.

მას შემდეგ ნატალია ბათუმში ცხოვრობს და როგორც გვეუბნება, ამ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული იცის.

„30 წელია უკვე ამ ქალაქში ვარ, ვისაც არ უნდა დავუკაკუნო, ყველა გამიღებს, ყველა მიცნობს, ერთ ლუკმა პურს და ერთ თეფშ საჭმელს არავინ მამადლის. წლებია ამ ხალხის დახმარებით ვარსებობ“ – ამბობს ნატალია.

2010 წელს ნატალიას შვილი შეეძინა. ამბობს, რომ მძიმე პირობებში ცხოვრობდა. ნაქირავები ოთახი ნესტიანი იყო და კედლებიდან წყალი ჩამოდიოდაო – გვიყვება ნატალია.

ამბობს, რომ უბინაობის და ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო იძულებული გახდა საკუთარი შვილი ბავშვთა სახლში მიეყვანა.

„ვერ ვაჭმევდი, ჰიგიენას ვერ ვიცავდი, ამ მქონდა არანაირი პირობები და შემეშინდა, რომ მომიკვდებოდა. მე თვითონ დავურეკე სოციალურ მუშაკს და ვთხოვე დახმარება.

ჩემს თვალზე ცრემლი არ შემშრალა ამის გამო. ყოველ დღე დავდიოდი და ასე ვაჭმევდი რძეს.

გულთო ამბობს, რომ ახლა მისი შვილის ნახვა მხოლოდ ტელეფონით თუ შეუძლია.

ოთხი თვის იყო ჩემი გოგონა, როცა მის დაბრუნება ვცადე, სასამართლოსაც მივმართე, მაგრამ არ მაძლევდნენ დაბრუნების უფლებას.

გულთო, 12 წლის გოგონას დაბრუნებას, უბინაობის გამო ვერ ახერხებს.

ახლა ჩემს გოგონას ჩემი ნათლიის და ზრდის. მას გადასცეს ჩემი შვილი მინდობით აღზრდაში. მეოთხე კლასამდე აქ იყო ჩემი გოგონა, მაგრამ სამი წლის წინ ნათლიის დამ სახლი იყიდა იმერეთში და იქ გადავიდა. ჩემი გოგონაც გადაიყვანა. ყოველ თვეში ჩავდივარ და ვნახულობ“ – ამბობს ნატალია გაგოშიძე.

მისი თქმით, ყველა ბავშვს თავისი დედა უნდა და ბინა რომ ჰქონდეს, ახლაც შეუძლია შვილის დაბრუნება.

„ჩემი ნათლიის და, დღესაც დამიბრუნებს, რომ ვუთხრა. თუმცა ბავშვზე ზრუნვის სააგენტო არ მაძლევს ამის უფლებას. მეუბნებიან, ბინა არ გაქვს, პირობები არ გაქვსო.

ერთხელ დავწერე განცხადება ბინის თაობაზე, მაგრამ არც პასუხი მომწერეს და არც არაფერი“ – გვეუბნება ის.

ნატალია ამბობს, რომ არ უყვარს როცა ვინმეს აწუხებს, მაგრამ მას შემდეგ რაც შვილი გაუჩნდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს მის წინაშე და სურს, რომ მის შვილს მაინც ჰქონდეს მშვიდი ცხოვრება.

„არა ისეთი, როგორიც მე გამოვიარე. როდემდე უნდა ვიყო ნაქირავებში… დედა ვარ, მეც მაქვს ვალდებულება, რომ შვილს რაღაც დავუტოვო.

ბევრი ოჯახი ვიცი, რომელსაც „ბათუმელები“ დაეხმარა, თქვენმა მკითხველმა ბევრს უსახლკაროს შეუძინა ბინა.

მინდა, რომ ჩემს მდგომარეობასაც შეხედოს საზოგადოებამ. შემხედონ მე, გაუბედურებულ და მარტოსულ დედას. გთხოვთ დამიდექით გვერდში“ – მიმართავს ნატალია საზოგადოებას.

ის ახლაც პატარა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. თავს მოწყალებით ირჩენს, მაგრამ ამბობს, რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ჭერია, რომ ერთადერთი შვილის დაბრუნება და მასთან ცხოვრება შეძლოს.

ნატალიას შესახებ ვიდეო ნახეთ აქ: 

„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ - ქალი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

იმ შემთხვევაში, თუკი სურვილი გექნებათ დაეხმაროთ ნატალიას ფინანსურად, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მის პირად ანგარიშზე.

საქართველოს ბანკი: GE55BG0000000100976529

თი ბი სი ბანკი: GE10TB7314945064300023

მიმღები: ნატალია (გურჯიძე) გაგოშიძე

რა ხდება ავდიივკასთან – ISW-ის ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 20 ოქტომბერს განაგრძეს სახმელეთო ოპერაციები ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

ანალიტიკოსების ცნობით, 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ სოფელ კრინკიში,  ქალაქიდან ხერსონიდან აღმოსავლეთით, მიიწევენ წინ. SW-ის ანგარიშში მოჰყავს რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინელები მაგრდებიან კრინკის მახლობლად.

ამავე დროს, რუსული და უკრაინული წყაროები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული სამხედრო ქვედანაყოფები ნაკლებად ეფექტურები არიან, ვიდრე რუსეთის სხვა ძალები ფრონტზე.

ანგარიშში მიმოხილულია ამჟამინდელი სიტუაცია ავდიივკასთან, რომელიც ბოლო კვირებია ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.

ანალიტიკოსები ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 20 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა განაახლეს შეტევა ავდიივკასთან და ოდნავ დაწინაურდნენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული სამხედრო სარდლობა აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს ამ რაიონში დიდი დანაკარგების დანაკარგების მიუხედავად.

ამავე დროს, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დააზიანეს და გაანადგურეს თითქმის 50 რუსული ტანკი და 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა ავდიივკას მახლობლად ბოლო 24 საათში. 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები რუსულ საარტილერიო სისტემას, TOS-1-ს უტევს ავდიივკას მახლობლად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევა ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, მაგრამ წინსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 292 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 5 063 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 9 612 ერთეული [+55]
  • საარტილერიო სისტემა – 7 017 ერთეული [+5]
  • MLRS – 822 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 548 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 330 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 535 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 391 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 990 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 504 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 127 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 828 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 166 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 843 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 515 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე

როგორ გამოიკვლიეს ხელვაჩაურში, საერთო სამარხში აღმოჩენილი რეპრესირებულთა ნეშტები

„რეპრესიების ისტორია არ ეხება მხოლოდ წარსულს, ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს თაობებზე, რეპრესირებულთა შვილებზე, შემდეგ თაობებზე. ეს ოჯახის ისტორიის ღია ჭრილობაა, როცა ახლობელი ადამიანების საფლავიც არ გაქვს,“ – თქვა ბათუმში გამართული პრეზენტაციის შემდეგ პოლონელმა ექიმმა, ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

ლუკაშ შლეშკოვსკი ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს. ის ექსპერტია სასამართლო მედიცინაში და უკვე 15 წელია მონაწილეობს მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების რეპრესიების მსხვერპლებთან დაკავშირებულ გათხრებში, ექსჰუმაციებსა და კვლევებში.

ლუკაშ შლეშკოვსკიმ აგატა ტანჰოიზერთან ერთად ანთროპოლოგიურად შეისწავლა ხელვაჩაურში, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მეექვსე მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტები.

„მე ძალიან კარგად ვიცი, რას გრძნობს დედაჩემი, რადგან მას არ აქვს მშობლების საფლავები, რომლებიც რეპრესირებულები არიან და მათი საფლავები უბრალოდ არ არსებობს – ეს ღია ჭრილობაა. სწორედ ამის გამო ვმონაწილეობ ამ საქმეში: მე ჩემი პროფესიონალური სასამართლო-სამედიცინო ცოდნით შემიძლია, დავეხმარო ოჯახებს არა აღმოჩენაში (რადგან ეს არქეოლოგების საქმეა), მაგრამ ძვლების გამოკვლევასა და იდენტიფიცირებაში, რათა დაკრძალვა შეძლონ და ოჯახის ისტორიის ეს ღია ჭრილობა დახურონ,“ – ამბობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი.

ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში“ ლუკაშ შლეშკოვსკი ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა და დეტალურად ახსნა, თუ როგორ ხდება რეპრესირებულთა ნეშტების გამოკვლევა.

კონფერენცია ბათუმში – „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში“
  • როგორ მუშაობენ სამარხიდან ამოსვენებულ ნეშტებთან 

როგორც ლუკაშ შლეშკოვსკი ხსნის, პირველ რიგში ზედმიწევნით იწმინდება საერთო სამარხში აღმოჩენილი ყველა ძვალი.

„ჩვენ ყურადღებას ძვლებზე აღმოჩენილ სხვადასხვა უმცირეს დეტალსაც ვაქცევთ: ღარებს, გამონაზარდებს, ტალღებს, ხორკლებს, ბზარებს, რათა განვსაზღვროთ ასაკი, სქესი, სიკვდილის მიზეზი და ა.შ. ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შემთხვევაში, ეს შრომატევადი სამუშაო ძალიან კარგად იყო შესრულებული.

დედა სიდონიასა და მონასტერთან მდებარე იმ სკოლის მასწავლებლების მიერ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე ძალიან კარგად და პროფესიონალურად იყო შესრულებული,“ – თქვა შლეშკოვსკიმ.

სამუშაოები მეექვსე სამარხზე ორ ნაწილად დაიყო. პირველი ნაწილი არქეოლოგების სამუშაო იყო. არქეოლოგებმა განაცალკევეს ყველა ნეშტი და სათითაოდ გაანაწილეს  მუყაოს ყუთებში.

მეორე ნაწილი უკვე ანთროპოლოგიურ სამუშაოს მოიცავდა, რომელშიც აგატა ტანჰოიზერმა და და ლუკაშ შლეშკოვსკიმ მიიღეს მონაწილეობა.

„საგულდაგულოდ გასუფთავების შემდეგ ყველა ძვალი უნდა განთავსდეს მაგიდებზე ანატომიური წყობის მიხედვით ისე, როგორც ისინი ადამიანის სხეულში იყვნენ განლაგებულნი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია, დაკვირვება დავიწყოთ. ნეშტების პირველადი შეფასება დაკავშირებულია მათი შენახვის დონესთან, მდგომარეობასთან, ამაზეა დამოკიდებული კვლევის წარმატება – რაც უფრო კარგად არის ძვლები შემონახული, მით უფრო მაღალია შანსები, რომ საკვანძო კითხვებს (სქესი, ასაკი, სიკვდილის მიზეზი) პასუხი გავცეთ. ბათუმის ნეშტები, შემიძლია ვთქვა, რომ არა იდეალურად, თუმცა მაინც საკმაოდ კარგად იყო შემონახული,“ – განმარტა ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

„ასეთი პატარა ზომის ძვლებიც კი, როგორიც თითების, ხელებისა და მაჯის ძვლებია, შემთხვევათა უმრავლესობაში შემონახული იყო. დროისა და სამარხის გარემო პირობების გამანადგურებელი ზემოქმედების მნიშვნელოვანი ნიშნები მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეიმჩნეოდა“ – ლუკაშ შლეშკოვსკი.

1937-1938 წლების სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტების შესწავლა რეპრესირებულთა ოჯახის წევრების ინტერესის საგანია. კითხვები, თუ როგორ და რა ფორმით ხდება 85 წლის წინ დახვრეტილი ადამიანების სქესის, ასაკისა და ვინაობის დადგენა, არაერთხელ დასმულა.

პოლონელმა სასამართლო ექსპერტმა კონფერენციაზე ზედმიწევნით ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ნეშტების შესწავლა.

„ჩვენი გუნდი ორი ექსპერტისგან – სასამართლო ანთროპოლოგისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტისგან შედგება. ნეშტების შესწავლა ორ ნაწილად, ანთროპოლოგიურ და სასამართლო-სამედიცინო კვლევად დავყავით. ამავე სქემით მუშაობდნენ, მაგალითად, ის ექსპერტებიც, რომლებიც ყოფილი იუგოსლავიის ბოლო ომის მსხვერპლთა ნეშტებს იკვლევდნენ.

პირველი ნაწილი ანთროპოლოგიური დაკვირვებაა – მისი მიზანი სქესის, სიკვდილის მომენტში პიროვნების მიახლოებითი ასაკის, სიმაღლის დადგენა და იდენტიფიკაციის ყველა სხვა საშუალების, მაგალითად, სტომატოლოგიური ფორმების შეხორცებული მოტეხილობების აღწერაა.

ჩვენმა არქეოლოგებმა მე-6 მასობრივი სამარხიდან 29 ნეშტი ამოასვენეს და ჩვენ ყველა მათგანი გამოვიკვლიეთ. სქესი, ძირითადად, თავის ქალისა და მენჯის სტრუქტურით განისაზღვრება. სავარაუდო მდედრობითი სქესის ნიშნები მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ, თუმცა ეს ნეშტი ყველაზე ცუდად იყო შემონახული. ამიტომ მისი იდენტიფიკაციისათვის დნმ-ის კვლევა საკვანძო, გადამწყვეტი იქნება. დანარჩენი ნეშტები, სავარაუდოდ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ სქესი საერთოდ განუსაზღვრელად რჩება, რადგან ზუსტად განსაზღვრა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს,“ – განმარტა სასამართლო ექსპერტმა ის თავისებურებები, რაც ნეშტების კვლევას ახლავს თან.

როგორ გამოიკვლიეს ხელვაჩაურში, საერთო სამარხში აღმოჩენილი რეპრესირებულთა ნეშტები

  • სიკვდილის ასაკის დადგენა

„ასაკი სიკვდილის მომენტში განისაზღვრება ბოქვენის შესახსრების სტრუქტურით. ბოქვენის შესახსრება, ეს მენჯის წინა მხარეა. ახალგაზრდებში მის ზედაპირზე განივი ღარები და ამობურცულობები გვხვდება. საშუალო ასაკის ადამიანის ბოქვენის შესახსრება ბრტყელია, ხოლო ხანში შესულებში – ჩაღრმავებული. გარდა ამისა, არსებობს მრავალი მეთოდი. შესაძლებელია განისაზღვროს ნეკნების დაბოლოებების სტრუქტურით, კბილების, ასევე, ძვლების განვითარების მიხედვით.

მაგალითად, ძალიან ახალგაზრდებს ამ ძვლების ნაწილი ერთმანეთთან ახლოს არ აქვთ, რადგან ძვალი ჯერ კიდევ იზრდება. თუმცა ასეთი ახალგაზრდები ბათუმის სამარხში არ აღმოგვიჩენია.

ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სიკვდილის მომენტში ასაკის დადგენა ძვლებზე დაკვირვებით მხოლოდ მიახლოებითაა შესაძლებელი. ძვლებზე დაბადების წელი არ არის გამოსახული – ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, ვისაუბროთ ცხოვრების რომელიმე პერიოდზე სიკვდილის მომენტში. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ზუსტადაა შესაძლებელი სიკვდილის მომენტში მისი ასაკის განსაზღვრა.

50 წელს გადაცილებული ადამიანის შემთხვევაში, ბოქვენის შესახსრებაზე დაკვირვებით, ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ჩვენ მიერ შესწავლილი დახვრეტილი პირების ასაკი, ძირითადად, 25-50 წლის შუალედში მერყეობდა.

უფრო მაღალიც იყო, რადგან, როგორც აღვნიშნე, ამ შემთხვევაში ზუსტი ასაკის დადგენა ძალიან რთულია. შემთხვევების უმრავლესობაში ასაკი 30-35 და 45-50 წლების შუალედში მერყეობს,“- განმარტა ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

  • როგორ ხდება რეპრესირებულთა ნეშტების იდენტიფიცირება

თანამედროვე სასამართლო ანთროპოლოგიაში ადამიანის იდენტიფიკაციის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: დნმ კვლევა, თითის ანაბეჭდები (რომელიც ბათუმის შემთხვევაში არარელევანტურია) და ოდონტოლოგია, რაც სტომატოლოგიური ფორმულის შესწავლას გულისხმობს.

„ჩვენ პროტოკოლში ყველაფერს ძალიან ყურადღებით ვწერთ, ვაფიქსირებთ ყველაფერს და ვაკეთებთ ფოტოდოკუმენტაციას, მაგრამ ამ მონაცემების გამოყენება პიროვნების იდენტიფიცირებისთვის არ შეგვიძლია, რადგან დაღუპული ადამიანების შესახებ შედარებითი მონაცემები არ არსებობს.

ერთადერთი, რაც გვრჩება, დნმ კვლევაა. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ შესადარებელი გენეტიკური მონაცემები, კერძოდ, დახვრეტილი ადამიანის ოჯახის წევრის დნმ-ი, ამ კვლევასაც სჭირდება. დნმ კვლევისათვის აუცილებელი ნიმუშები ჩვენ თითოეული ნეშტიდან ავიღეთ.

ჩვენ სტომატოლოგიური ფორმულის კვლევის შედეგებით ოდნავ გაოცებულები დავრჩით. გულწრფელად თუ ვიტყვი, ოქროს კბილების, გვირგვინებისა და ხიდების ასეთი რაოდენობა ადრე პოლონეთში არ გვინახავს. მეტიც, ეს რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა იმას, რასაც პოლონეთში მივეჩვიეთ. იყო ვერცხლის კბილებიც.

ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს კავკასიის კულტურულ გავლენებთან, თუმცა, პირველ რიგში, იმის მტკიცებულება იყოს, რომ ეს პირები ქართული საზოგადოების ელიტური, მდიდარი ფენებიდან იყვნენ.

„რამაც გაგვაკვირვა, ეს კბილების შესწავლა იყო, რადგან ამ რაოდენობის ოქროს კბილი პოლონეთში ცალკეულ გათხრებში ადრე არ გვინახავს. ეს შეიძლება კულტურულ გავლენას, ან იმას ასახავდეს, რომ მსხვერპლები ქართული საზოგადოების მაღალი, მდიდარი ფენიდან მოდიოდნენ. ასეთი რამე პოლონეთში საერთოდ არ გვხვდება“, – ლუკაშ შლეშკოვსკი.

მეორე ნაწილი – სასამართლო-სამედიცინო დაკვირვება, ძვლების დაზიანებებზე ყურადღებით დაკვირვებას, ტრავმის მიღების მექანიზმის განსაზღვრას და, რაც მთავარია, სიკვდილის მეტ-ნაკლებად ზუსტი მიზეზის დადგენას მოიცავს.

გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ მე ვახსენე „სიკვდილის მეტ-ნაკლებად ზუსტი მიზეზი“ და არა უბრალოდ „სიკვდილის მიზეზი“ – ამას ახსნა სჭირდება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ახალგარდაცვლილის ცხედრის დათვალიერებისას განსაზღვრავს ძალადობრივი სიკვდილის მიზეზს შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანების შესწავლაზე დაყრდნობით (მაგალითად, თავის ტვინის დაზიანება, შიდაქალის ჰემატომა, შინაგანი სისხლდენა). ხოლო, როცა ჩვენთვის, ექსპერტებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ძვლოვანი ქსოვილებია, სამედიცინო გადმოსახედიდან, მტკიცება არ შეგვიძლია. მხოლოდ ვვარაუდობთ.

მიუხედავად ამისა, თუ ექსპერტიზის შედეგებს შევადარებთ საარქივო მონაცემებს, მაგალითად, დახვრეტის შესახებ ცნობებს და ისინი დაემთხვევა, სიკვდილის მიზეზი აღარანაირ ეჭვებს აღარ გამოიწვევს,“ – ამბობს ლუკაშ შლეშკოვსკი.

სასამართლო მედიცინის ექსპერტი ამბობს, რომ ძვლებზე სამი სახის მოტეხილობის აღმოჩენა შეგვიძლია.

„პირველი, ეს არის სიკვდილამდელი მოტეხილობები – Ante Mortem Trauma. ეს არის მოტეხილობა, რომელიც სიცოცხლეში მიღებული დაზიანების ნიშნებს ატარებს, შეხორცებულია სრულად ან ხორცდებოდა სიკვდილის მომენტში. ამ ტიპის დაზიანებას სიკვდილის მიზეზის დადგენის პროცესში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირებისთვის გამოსადეგია.

მეორე, ეს არის სიკვდილისშემდგომი მოტეხილობები – Post Mortem Trauma. ეს არის მოტეხილობები, რომლებიც გამომშრალმა ძვალმა გათხრების, ექსჰუმაციისა და ტრანსპორტირების პროცესში მიიღო. მათი თავიდან სრულად არიდება თითქმის შეუძლებელია.

ჩემი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის გადმოსახედიდან, მესამე ტიპის დაზიანება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის Perimortem Trauma, რაც ითარგმნება, როგორც სიკვდილამდე მცირე დროით ადრე მიღებული დაზიანებები. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული დაზიანებებს, შინაგანი ორგანოების დაზიანებასთან ერთად, შეეძლო სიკვდილი გამოეწვია. ამ ტიპის დაზიანებები ბათუმის სამარხში არსებულ ყველა, 29-ვე შემთხვევაში აღმოვაჩინეთ.

ასეთი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღმოვაჩინეთ 21 შემთხვევაში. ხოლო დანარჩენ 8 შემთხვევაში დავაფიქსირეთ თავის ქალის მრავალმხრივი მოტეხილობები.

დიდი ალბათობით, ყველა მათგანის სიკვდილის მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით თავზე მიყენებული დაზიანება გახდა, თუმცა თავის ქალის ის ნარჩენები, რომლებშიც ტყვია იქნებოდა, არ შემონახულა“.

  • რა იარაღს იყენებდნენ რეპრესირებულთა დასახვრეტად

სასამართლო მედიცინის ექსპერტი, ლუკაშ შლეშკოვსკი საუბრობს იმ იარაღზე, რომლითაც სავარაუდოდ ხვრეტდნენ რეპრესირებულ პირებს.

ეს არის 1933 წლის ტოკარევის პისტოლეტი. მას აქვს ძალიან ძლიერი ტყვიები, რომლებიც 40-იანი წლებიდან ტყვიამფრქვევებშიც გამოიყენებოდა. პოლონეთშიც დახვრეტა სწორედ ამ იარაღით სრულდებოდა. რაც შეეხება 7-8მმ-იანი კალიბრის იარაღებს,  ეს [7.62X38Р] 1895 წლის ნაგანის სისტემის რევოლვერია, ან 7.65X17მმ ბრაუნინგი. მაგალითად, კატინის დახვრეტებს სწორედ ამ უკანასკნელით აღასრულებდნენ.

ჩემი აზრით, მესამე მაგალითი ბათუმის შემთხვევაში საკმაოდ სავარაუდოა. ეს მხოლოდ ჩემი სასამართლო-სამედიცინო მინიშნებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველმა მკვლევრებმა და ისტორიკოსებმა უკეთ იციან, რომელი ტიპის იარაღი გამოიყენებოდა ამ პერიოდში ბათუმში.

რომ შევაჯამოთ ბათუმის მე-6 მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ნეშტების სასამართლო-სამედიცინო დაკვირვების შედეგები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ბათუმში დახვრეტას აღასრულებდნენ მოკლელულიანი იარაღიდან კეფის არეში 1 გასროლით“, – განმარტა ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მეცნიერები აჭარაში 2022 წლის თებერვალში ჩამოვიდნენ რეპრესირებულთა სამარხის შესასწავლად.

მეცნიერებმა სრულად დაამუშავეს ხელვაჩაურში აღმოჩენილი, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მეექვსე მასობრივი სამარხი.

არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების 6-კაციანი ჯგუფი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით იყო ჩამოსული.

2022 წლის აპრილში რეპრესირებულთა ნეშტების ანთროპოლოგიური შესწავლა დაიწყო  პოლონელი სპეციალისტების ორკაციანმა ჯგუფმა, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის წევრებმა აგატა ტანჰოიზერმა და ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

დათვმა ბოსლიდან ძროხა გაიტაცა – კაცი შუახევიდან

შუახევში მცხოვრები ტარიელ დიასამიძე ამბობს, რომ დათვმა მისი ბოსლიდან ძროხა გაიტაცა.

შემთხვევა წელს, სექტემბერში მოხდა, თეთრობის მთაზე მდებარე იალაღზე, სადაც ტარიელის ოჯახი 5 სულ საქონელს უვლიდა.

„იმ ღამეს წამოსული ვიყავით, ღამე დამირეკეს მეზობლებმა, ასეაო… ავედი და ვნახე, კარები გატეხილი იყო, ძროხა გამოეყვანა და წაეყვანა. ყველაზე კარგი და დიდი რომელიც იყო, ის წაიყვანა. მეზობლებმა დაინახეს, ატეხეს ყვირილი, მაგრამ მაინც წაიყვანა. დათვის კვალიცაა ადგილზე, ეტყობა კარს და შეჭმული საქონელიც ვნახეთ დაახლოებით 70 მეტრში“.

ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა ტარიელ დიასამიძეს ახლაც აქვს. ფოტოებზე ჩანს გატეხილი კარი, ნაკაწრები და მინდორში დაფლეთილი საქონელი.

ბოსლის კარი
ნაკვალევი

ტარიელი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დათვს ბოსლიდან მიჰყავს საქონელი. მან გვითხრა, რომ იგივე მოხდა გასულ წელსაც, მეზობლად მდებარე იალაღზე. ნაჩადრევის მთაზე – „იქაც ასე გატეხა, შევიდა, ერთი სული აარჩია და წაიყვანა“.

იგი ამბობს, რომ ასე ხშირად მსგავსი შემთხვევები წარსულში არ ხდებოდა. მან გვითხრა, რომ ჯერჯერობით მუნიციპალიტეტისთვის არ მიუმართავს. „მიმართეს მაშინ, ნაჩადრევის მთაზე რომ გატეხეს, მაგრამ არ ყოფილა რეაგირება“, – გვითხრა მან.

ტარიელ დიასამიძე ამბობს, რომ დათვები არა მხოლოდ იალაღზე, არამედ სოფელშიც ჩნდებიან ხშირად და მოსავალს, ძირითადად სიმინდს, ანადგურებენ.

„წელს მოსავალი დათვმა აიღო, მე არ ამიღია. დავთესე, დავთოხნე სიმინდი, შევიდა დათვი, შეჭამა და ჩალა რომ ჩალაა, ისიც ისეთი გაფუჭებული იყო, აღარ წამოიღება. 70 პროცენტი ყანების დათვმა აიღო სოფელში. არც ერიდება, ახლა რომ გახვიდე, შეიძლება თავზე დაადგე. ერთი და ორი კი არ არის, ბევრია. მეზობელ სოფლებშიც ასეა. თან ბელებით დადის უკვე“, – გვითხრა მან.

წელს შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი, რომელიც ბელებით იყო, ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს დაესხა თავს. მაშინ „ბათუმელები“ შუახევის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მუშაობს მერია ამ საკითხზე და როგორ შეიძლება დაიცვას მოსახლეობამ თავი დათვებისგან ისე, რომ არ მოხდეს ცხოველების ლიკვიდაცია და არც საფრთხე შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესმა“ პროექტის ფარგლებში მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ე.წ. ელექტროღობეების მოწყობა შესთავაზა გარეული მხეცების მოსაგერიებლად.

ამ ღობეებში გარდაქმნილი დენი გადის, რომელიც უსაფრთხოა როგორც ცხოველის, ისე ადამიანისთვის. როდესაც მტაცებელი ღობეს ეხება, ცხოველი იღებს დიდ დარტყმას და ის მეტი აღარ ეკარება ამ ყანის პერიმეტრს, რომელსაც ელექტროღობე აქვს შემორტყმული.

ელექტროღობეების მოწყობა ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა უსაფრთხოა და წლების განმავლობაში დაცულია სასოფლო-სამეურნეო მიწები.

როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე

603 დღეა, რაც უკრაინა საკუთარ ქვეყანას იცავს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან. ზუსტად ამდენივე დღეა ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოველდღე იკრიბებიან უკრაინის მოქალაქეები 6 საათის შემდეგ დროშებით, პოსტერებით, აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის მცველებს.

55 წლის ინა ნედოვიზიც თითქმის ყოველდღე აქ არის. ამბობს, რომ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად დგას და ეს ძალას მატებს, ენერგიით ავსებს:

„ბათუმის ევრომაიდანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ დიდი ხნის წინ გავხდებოდი ცუდად. ვმკურნალობ ხოლმე, გულის დაავადება მაქვს, მივდივარ კვირაში ორჯერ პროცედურებზე, მოვძლიერდები და მერე აქ მოვდივარ.

ინა ნედოვიზი ლტოლვილია უკრაინიდან. ყოველდღე, საღამოს ექვსი საათის შემდეგ ბათუმში, ევროპის მოედანზე, დგას აქციაზე, უკრაინელი ჯარისკაცების სოლიდარობის ნიშნად

ხანდახან მარტოც ვმდგარვარ წვიმაში, ცუდ ამინდში ერთი დიდი პალმის ქვეშ ველოდებით ერთმანეთს და ვიკრიბებით, რომ დროშები გავშალოთ ქალაქის მთავარ მოედანზე. ბათუმში მყოფმა უკრაინელებმა საკუთარ თავს მივეცით პირობა, რომ წელიწადის ყველა დროს, ნებისმიერ ამინდში, უკრაინის დროშებით ხელში ვიდგებით ქუჩაში, ომის ბოლო დღემდე, მანამ, სანამ ჩვენი ჯარისკაცები უკრაინისთვის იბრძვიან და კვდებიან, მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ და გავთავისუფლდებით“, –  ამბობს ინა.

  • სკოლებიდან, ბაღებიდან, უკრაინულ ენაზე დაწერილი ყველა წიგნი გამოიტანეს და გაანადგურეს, ბავშვების ნახატებიც კი გადაყარეს უკრაინული წარწერებით

ინასთვის უკრაინის ომი ხერსონის საავადმყოფოდან დაიწყო. გულის დაავადების გამო გეგმურ სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ ინას ხერსონის კლინიკაში 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, როცა დაბომბვები და თავდასხმა დაიწყეს რუსებმა. საავადმყოფოში დაჭრილების შემოყვანა რომ დაიწყეს, ინა მიხვდა, რომ ომი დაიწყო. ახლომახლო, ანტონოვკის ხიდთან იყო დიდი ბრძოლები, საავადმყოფოში სწორედ ამ ბრძოლას გადარჩენილი დაჭრილები შეჰყავდათ.

კლინიკიდან რომ გაწერეს, ინა ხერსონში შვილის ბინაში დარჩა. თავად ხერსონიდან 40 კილომეტრით დაშორებული სოფლიდანაა, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

„ხერსონი ჯერ კიდევ არ იყო ოკუპირებული, მძიმე ბრძოლა იყო ქალაქისთვის. რუსებით იყო სავსე ქალაქი. სარდაფში ვიმალებოდით და ვკანკალებდით. ქუჩაში გასვლას ვინ გაბედავდა, ვიცოდით, რომ გარეთ ქალებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ…

პირველ მარტს უკვე აიღეს ხერსონი. შვიდ მარტს წავედი ხერსონიდან ჩემი სოფლისკენ მანქანით, ჩემი სოფელი ყირიმისკენ მიმავალ გზაზეა, სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებითაა ყირიმი. საჭესთან ვიჯექი და ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ გზაზე რუსების სამხედრო კოლონები კიევის ნიკოლაევისკენ.

ასეთი იყო ჩემთვის ომის პირველი დღეები“, – იხსენებს ინა. მისი სოფელი დნეპრის მარცხენა სანაპიროზეა. კახოვკის ჰესის აფეთქების მერე წყალმა მაღლობზე გაშენებული ეს სოფელი ვერ დაფარა, ამიტომ აქ მახლობელი, დატბორილი ადგილებიდან ბევრი ლტოლვილი გადავიდა:

„ოსტროვს ახლაც ბომბავენ, ალეშკას რეგიონი დაიტბორა, აქედან წამოსულმა ხალხმა ჩვენს სოფელს შეაფარა თავი. ჩემს სახლში ახლა ალეშკადან გამოქცეული ქალი ცხოვრობს. სახლის მფარველია ჩემთვის, ის რომ არა სახლს რუსები წამართმევდნენ, ოთხჯერ შესულან სახლში ოკუპანტები, მაგრამ რახან ეს ქალი ცხოვრობს, ვეღარ დაიკავეს.

სოფელში დარჩა ჩემი დაც. არც დედა მყავს, აღარც მამა, მხოლოდ ეს ერთი და დამრჩა იქ. ის მიყვება რა ხდება სოფელში. რუსები ყველაფერს იპარავენ, ტანკებით დადიან სოფელში. სკოლებიდან, ბაღებიდან თუ რამე წიგნი იყო უკრაინულ ენაზე, ყველაფერი გამოიტანეს და გაანადგურებს, ბავშვების ნახატებიც კი, უკრაინული წარწერებით. მოვედით, რომ გაგათავისუფლოთო, ამბობენ.

ახლა ჩემი სოფელიც სრულადაა ოკუპირებული რუსების მიერ. ყველას რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ. აიღებენ თუ არა კაცები ამ პასპორტებს, იძახებენ სამხედრო კომისარიატში და გზავნიან ომში რუსების მხარეს საბრძოლველად, საკუთარი ძმების, უკრაინელების წინააღმდეგ. ვინც შეძლო სოფლიდან გაიქცა, ბევრმა კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია და ოკუპანტებს აწვდიან ინფორმაციას, რომელი ოჯახიდან იბრძვის ჯარისკაცი უკრაინის დასაცავად და რომელი სახლია ცარიელი. რთულია ამ ყველაფრის ატანა“, – ამბობს ინა.

  • 540 დღეში შეგროვილი 90 ათასი დოლარი შეიარაღებულ ძალებს – რა გააკეთეს ბათუმის ევრომაიდნის წევრებმა უკრაინისთვის

ინა დილით სახლიდან პირდაპირ ფარნავაზ მეფის ქუჩის #46-ში მიდის. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გადაკვეთაზე აქ ძველი, ორსართულიანი ბათუმური სახლი დგას. სახლის სხვენში ყოველდღიური ფუსფუსია, იკრიბებიან ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეული ბელორუსები და ომსგამოქცეული უკრაინელები. ყოველდღე სამხედრო ტექნიკის შესანიღბ კამუფლაჟებს ქსოვენ ერთად.

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სახლის სხვენში, უკრაინელები საბრძოლო ტექნიკის შესანიღბ კამუფლაჟს ქსოვენ

რბილი, მსუბუქი ქსოვილი ადვილად შრება და იდეალურად ნიღბავს საბრძოლო ტექნიკას, სანგრებს და ჯარისკაცებს ოკუპანტების თავდამსხმელი თვითმფრინავების, დრონებისგან:

„ღარიბი ობლებივით შეგვიფარა ამ ადგილმა, ლელოს ოფისია აქ, სხვენში კი ჩვენ ვქსოვთ ბადეებს. ხანდახან საავადმყოფოში მივდივარ პროცედურებზე და პირდაპირ აქ მოვდივარ, ვქსოვ, ვქსოვთ ექვს საათამდე და ექვსის მერე ბათუმის ევრომაიდანზე ვდგავართ. ასეთია ახლა ჩემი ყოველი დღე ბათუმში“, – ამბობს ინა.

მარტო აქ არასდროსაა, ყოველთვისაა ვინმე, ვინც მასთან ერთად ქსოვს კამუფლაჟს. ახლა სხვენში ინასთან ერთად საშა და ლიზა არიან. საშაც ომის მერე ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად.

ინა ქსოვილის დიდ ნაჭრებს წვრილად ჭრის, საშა და ლიზა ბადეებს ქსოვენ. ლიზა ბელორუსიდანაა. ისიც ყოველდღე დადის ფარნავაზ მეფის ქუჩის სახლში ბადის მოსაქსოვად.

ინა ნედოვიზი ქსოვილს წვრილად ჭრის

ლიზას და მისი ოჯახის წევრებს პასპორტის მოქმედების ვადა რამდენიმე თვეში ეწურებათ, ახალი პასპორტის ასაღებად ისინი იძულებულნი არიან ბელორუსში დაბრუნდნენ. ეს მათთვის საფრთხისშემცველია, ამიტომ ოჯახი პოლონეთში გეგმავს წასვლას.

„სანამ საქართველოს დავტოვებთ, მინდა უკრაინელებს დავეხმარო და რამე გავაკეთო მათთვის, ეს საქმე ვუპოვე ახლა საკუთარ თავს. მშურს უკრაინელების, ისინი საკუთარი ქვეყნის გასათავისუფლებლად იბრძვიან, ჩვენ, ბელორუსები, ვერც ვიბრძვით. ვინც მზად იყო ბრძოლისთვის, დაიჭირეს ან ქვეყნიდან განდევნეს“, – ამბობს ლიზა.

ლიზა ბელორუსიდანაა, რამდენიმე თვეში საქართველო ოჯახთან ერთად უნდა დატოვოს. მანამდე კი უკრაინელებს კამუფლაჟის ქსოვაში ეხმარება

ერთი წლის განმავლობაში ფარნავაზ მეფის სახლის სხვენში 10 ათასი კვადრატული მეტრი კამუფლაჟი მოქსოვეს. ზამთრობით კამუფლაჟი თეთრი უნდა იყოს, წელიწადის დანარჩენ დროს – მწვანე. სპეციალურ, მომწვანო ნაჭერს ბათუმში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები უკრაინიდან იწერენ და თურქეთის გავლით საქართველოში შემოაქვთ, თეთრი კამუფლაჟი ბამბის ან მიტკლის თეთრი ქსოვილისგან მზადდება.

კამუფლაჟს ფარნავაზ მეფის ქუჩის სახლში ინას მსგავსად დღისით იგივე ხალხი ქსოვს, ვინც მერე საღამოს უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე დგას.

ბათუმის ევრომაიდნის წევრებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 90 ათასი დოლარი შეაგროვეს 540 დღის განმავლობაში. ამ ფულით იყიდეს 6 ავტომობილი, 5 დრონი, 10 გენერატორი, 7 გადამცემი, 20 ჯავშანჟილეტი და სხვა საჭირო ნივთები ჯარისკაცებისთვის.

  • ბათუმში ყველგან უკრაინის დროშა ან სიმბოლოებია, ხალხი თანაგვიგრძნობს და მხარს გვიჭერს, ეს სასიცოცხლო ენერგიაა ჩვენთვის

ინა ამბობს, რომ ერთი წლის წინ ვერ წარმოიდგენდა, ბათუმში თუ აღმოჩნდებოდა, საკუთარი სახლისა და სოფლის დატოვებაზე არასდროს უფიქრია, მაგრამ უკრაინიდან წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწრაფოს ვეღარ იძახებდა:

„როცა გულის შეტევა მეწყება, სასწრაფოს გამოძახება მჭირდება, არცთუ იშვიათად ხდება ასე. ოკუპაციის შემდეგ კომენდანტის საათი გამოცხადდა დ სასწრაფოს როცა გინდა მაშინ ვერ გამოიძახებ, იყო შემთხვევები, როცა სასწრაფოს მანქანებსაც ბომბავდნენ. მივხვდი, რომ ასე ვერ გადავრჩებოდი. აღარც ის მედიკამენტები იყო ხერსონში, რაც ყოველდღიურად მჭირდება.

ჩემი მეუღლე და ორი შვილი მეზღვაურები არიან. მეუღლე მეხმარება ფინანსურად. მან მითხრა, რომ უზრუნველმყოფდა ყველაფრით, ოღონდ გავცლოდი უკრაინას და სადმე მშვიდ ადგილას მეცხოვრა, ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. როცა გემიდან ჩამოდის ბათუმში, ისიც ჩვენთან ერთად დგას ხოლმე აქციებზე. უსაფრთხოდ და მშვიდად ვგრძნობთ თავს აქ: ქალაქში ყველგან უკრაინის დროშა ან სიმბოლოებია, ხალხი გვესაუბრება, თანაგვიგრძნობს და მხარს გვიჭერს. ეს სასიცოცხლო ენერგიაა ჩვენთვის.

ბინას ვქირაობ ოჯახისგან, რომლის ყველა წევრს დავუმეგობრდი. „ინა, თუ გული შეგაწუხებს, ან რამე დაგჭირდება მოგვიკაკუნე!“ – ასე მეუბნებიან ხოლმე, სულ მზად არიან, დაგეხმარონ, თუ გჭირდება. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს დამოკიდებულება, ეს ხალხი“, – ამბობს ინა.

ომის სტრესმა ინას პანიკური შეტევები, შფოთვა დაუტოვა, რასაც დღემდე ებრძვის. გაურთულდა გულის დაავადება, გულისცემის რიტმი – წუთში 160 55 წლის ადამიანისთვის ძალიან ბევრია, შეტევად ითვლება და ამ დროს სასწრაფო დახმარება, წამლები სჭირდება.

ამბობს, რომ სულ ველიკი კოპანიზე ფიქრობს ბათუმშიც, დაბრუნების შესაძლებლობაზე, იმაზე, თუ როგორ იცხოვრებდა, ადგილზე რომ დარჩენილიყო.

გვიყვება, რომ მის სოფელში ხალხი სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, მოჰყავდათ ხილ-ბოსტნეული და კვირაობით ყიდდნენ დიდ ბაზარში. ბაზარი ახლა გაუქმებულია, ხალხის უმეტესობა სოფლიდან გაიქცა, მყიდველი არავინაა და სოფელი უსახსროდაა დარჩენილი.

„ხანდახან ზედიზედ 3 დღე სროლებია ჩემს სოფელში, ხალხის დასაშინებლად. მთვრალი რუსი ოკუპანტები ტანკებით დარბიან და სიგიჟეებს აკეთებენ. მე კი გამოვიქეცი, მაგრამ ჩემს დას ახლა იქ ამის ატანა უწევს“, – ამბობს ინა.

შსს 1,3 მილიონს დახარჯავს ბათუმსა და ქობულეთში შენობების გარემონტება-დემონტაჟში

ბათუმსა და ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების გარემონტებასა და დემონტაჟისთვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 302 831 ლარია.

ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:

  • ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორი შენობის რემონტი
  • ქობულეთში, შოთა რუსთაველის N168ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი შენობის დემონტაჟი, ერთი შენობის გარემონტება, ნივთმტკიცების შენობის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
შსს-ს სარგებლობაში არსებული ქონება ბათუმსა და ქობულეთში

შსს აცხადებს, რომ სამუშაოები „ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად“ უნდა ჩატარდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში უნდა დამთავრდეს.

ტბელ აბუსერიძის ქუჩა 11ა-ში მდებარე ქონება დღეს სახელმწიფოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მას შსს სარგებლობს.

2 წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ აჭარის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს. სახელმწიფომ კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს – სარგებლობაში.

მიწის ნაკვეთი ბათუმში, ბარცხანაში, რომელიც შსს-ს სახელმწიფომ სარგებლობაში გადასცა

ტბელ აბუსერიძის ქუჩა 11ა-ში მდებარე ქონება მთლიანად უნდა გადასცემოდა საკუთრებაში ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა გასულ წელს ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ქონება მუნიციპალიტეტს საკუთრებაში მას შემდეგ გადაეცემა, რაც შსს ახალ შენობას ააშენებს ბარცხანაში:

„ეს თავიდანვე ასე იყო ჩადებული პირობაში. ვინაიდან პოლიცია დღემდე ფუნქციონირებს აბუსერიძის ქუჩაზე, ამიტომ აქ არსებული უძრავი ქონება ჯერ არ გადმოსულა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“.

ბარცხანაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი, დღემდე არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.

ამ თემაზე:

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

პოლიციის უფროსმა დგებუაძემ კაბინეტში პისტოლეტი დამიმიზნა, ბესელიამ კი მაგინა – მოქალაქე

„აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავის სამუშაო კაბინეტში ჯერ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი, პისტოლეტი მომიშვირა… ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო რიჟვაძეც, თორნიკე რიჟვაძის მამა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები კახა გურგენაძე.

მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსნებს პოლიციის შენობაში კრიმინალის ჩადენაში ადანაშაულებს.

მისი თქმით,  5 სექტემბერს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას აგინეს, კონკრეტულად ირაკლი დგებუაძემ კი, ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა.

კახა გურგენაძის მტკიცებით, წლებია მას შსს-ს მაღალჩინოსნები დევნიან და ქვეყნის დატოვებას აიძულებენ. პოლიციის სამმართველოს უფროსის კაბინეტში იარაღით დამიზნების შემდეგ კი, მოქალაქეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიუმართავს. ამ უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 12 სექტემბერს დაიწყო. სხვა დეტალებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ საუბრობს.

შსს-ს პრესცენტრშიც დუმილი არჩიეს.

„…თითქოს მეზობელს დავემუქრე და ამის გამო გადამიყვანეს პოლიციაში,“ – ამბობს კახა გურგენაძე და დეტალურად გვიყვება, რა მოხდა 2023 წლის 5 სექტემბერს, ვიდრე მას აჭარის პოლიციის უფროსის კაბინეტში აიყვანდნენ: – „მეზობლებს შორის კონფლიქტი გამოიყენეს იმისთვის, რომ მე გადავეყვანე პოლიციაში, არაფერ შუაში ვიყავი,  ფაქტია და არც არაფერს მედავებიან ამ ამბავზე.

თუმცა მაშინ მითხრეს, რომ გადამიყვანდნენ პოლიციის მე-3 განყოფილებაში, მიმიყვანეს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, მეორე თუ მესამე სართულზე ამიყვანეს გრიგოლ ბესელიასთან. მან მითხრა, პირობას რატომ არ ასრულებო,“ – ამბობს კახა გურგენაძე.

იგი აღწერს, რომ გრიგოლ ბესელიას – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით რიჟვაძეს – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსს [აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა] და ჯემალ ჭყონიას – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, 2023 წლის 14 თებერვალსაც შეხვდა ისევ გრიგოლ ბესელიას კაბინეტში.

„…მაშინაც იმავე კაბინეტში იყო შეხვედრა იმავე შემადგენლობით, ოღონდ მაშინ ირაკლი დგებუაძე [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი] არ იყო, რომელმაც ახლა პისტოლეტი მომიშვირა და გრიგოლ ბესელიამ ძლივს გამოართვა ხელიდან იარაღი,“ –  განაგრძობს კახა გურგენაძე. – „მაშინ შემომითვალეს, რომ უნდა მივსულიყავი სამმართველოში. იმ დღეს არაფერი არ უკადრიათ, არც დამმუქრებიან, მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა ქვეყანა.

ახლა კი, 5 სექტემბერს, გრიგოლ ბესელია თავის თანამშრომელს უყურებდა, რომელსაც არ ვიცნობ და რეალურად მე მეკითხებოდა, შვილი ორი გყავთ ხომ? მესამეს ელოდებითო? ბავშვებს საერთოდ რატომ ეხებით-მეთქი, ავნერვიულდი. მე არ შემომხედა, მერე ისე განაგრძო ცინიკურად ბესელიამ: „ისე, იქნებ ავარია მოხდეს სადმეო“… მაგინებდა გრიგოლ ბესელია, სიტყვას რატომ არ ასრულებო, მკიდია ადვოკატები და ჟურნალისტებიო… ვითხოვდი აეხსნათ, რატომ უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, ვერ მეუბნებოდნენ ვერაფერს.

ამ დროს ირაკლი დგებუაძე მაგიდის კიდეზე დებს პისტოლეტს ჩემკენ მოშვერილს, შავი იყო ვერცხლისფერი კანტით, ინსტინქტურად წამოვხტი ფეხზე, ირაკლი დგებუაძემ მომიშვირა პისტოლეტი, ბესელია მაშინვე შეახტა და ააწევინა ხელი ზემოთ, ძლივს გამოართვა ხელიდან. ამ დროს ირაკლი დგებუაძეც მაგინებდა.

შემდეგ ჩამომიყვანეს პირველ სართულზე, სადაც დამელაპარაკა ჯემალ ჭყონია, მას ბავშვობიდან ვიცნობ და მას ასაუბრებენ ხშირად ჩემთან. ჯემალმა მითხრა, რომ უნდა დავტოვო ქვეყანა, ბესელიას ესეც არ უხსენებია, რომ ქვეყნის დატოვებას მთხოვდა, მეზობლის მიმართ მუქარის კუთხით კი, ყველაფერი გაირკვა, აღარ გიჩივლებენო.

ჯემალ ჭყონიამ მითხრა, ამ საქმეზე აღარ გედავებიან, მაგრამ თუ არ დატოვებ ქვეყანას, იმდენ წამალს ჩაგიდებ, 20 წელი შენს შვილებს ვეღარ ნახავო,“ – ამბობს კახა გურგენაძე.

ადვოკატი ტურფა ნიკურაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში იგი 5 სექტემბერს მხოლოდ კახა გურგენაძის გამოკითხვის პროცესს შეესწრო.

„როცა მივედი, მოიყვანეს კახა, გამოჰკითხეს წესის დაცვით და შედგა გამოკითხვის ოქმი მუქარის შესაძლო ფაქტზე, სხვა ფაქტის შემსწრე მე არ ვარ სამმართველოში,“ – გვითხრა ტურფა ნიკურაძემ.

ხომ არ არის დაკავშირებული კახა გურგენაძე ქურდულ სამყაროსთან რაიმე ფორმით? – „რა ქურდულ სამყაროზეა ლაპარაკი? მე გამოვრიცხავ რამეს მაგ მიზეზის გამო. თუ ქურდული ტრადიციებია და დამნაშავე ვარ რამეში, რატომ შემომიშვეს მაშინ ქვეყანაში, როცა გასული ვიყავი საზღვარგარეთ?“ – კითხულობს კახა გურგენაძე.

კახა გურგენაძეს წინა წლებში რამდენჯერმე დაუტოვებია საქართველო ისევ შსს-ს მოთხოვნით. იგი 2008 წელს გაუსამართლებიათ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით. კახა გურგენაძე ამბობს, რომ უდანაშაულოა.

„კაცი, რომელიც ბათუმში, თავის სახლთან, 2008 წლის აგვისტოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, დიმიტრი დარბაისელის [სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი] სიმამრი იყო – მერაბ მეფარიშვილი. მე არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ დამაკავეს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმიტომ, რომ მანამდე ძარცვის ბრალდებით ვიყავი გასამართლებული და რეალური დამნაშავე ვერ ნახეს… ციხეში დიმიტრი დარბაისელმა მაწამა და მითხრა, შეიძლება აქედან ცოცხალი ვეღარ გახვიდეო. არ ვიცი, რამდენად უკავშირდება ამ ამბავს ეს დევნა, ის მიშა მეფარიშვილი გადარჩა მაშინ და წლების შემდეგ გარდაცვლილა სიმსივნით, მე მასთან და არც დიმიტრი დარბაისელთან არანაირი შეხება არ მქონია.

როცა 2008 წელს დამაკავეს, მაშინ ნარკოტიკი იმ მეზობლის გამომძიებელმა ძმისშვილმა ჩამიდო, ვისთანაც თითქოს ახლა კონფლიქტი მქონდა, 5 სექტემბერს. მე ვერ გავარკვიე, რატომ შეიძლება მდევნიდეს თუნდაც ეს ოჯახი, არ მესმის არაფერი, მაგრამ დატოვება მინდა ამ ქვეყნის, სადაც პოლიციის უფროსი იარაღს მადებს შუბლზე,“ – ამბობს კახა გურგენაძე „ბათუმელებთან“.

კახა გურგენაძეს 2008 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელის შემსუბუქებისა და ამნისტიის შემდეგ, მსჯავრდებულს ვადაზე ადრე, 2019 წელს დაუტოვებია საპატიმრო დაწესებულება:

„…ვიდრე გამოვიდოდი ციხიდან, თანამშრომელმა მითხრა, შენთვის უმჯობესია, თუ დატოვებ ქვეყანასო, გარეთ ოჯახი გელოდება, ინახულე და გვერდით შავი მანქანა რომ დგას, იმაში ჩაჯდები და გაჰყვებიო.

მე იმ შავ მანქანაში არ ჩავჯექი მაშინ,“ – გვიყვება კახა გურგენაძე, თუმცა ციხის დატოვებიდან მეორე დღეს ყოფილი პატიმარი თურქეთში წასულა. მისი თქმით, 2019 წელს არ დაინტერესებულა დეტალებით: რატომ აიძულეს ქვეყნის დატოვება.

ყოფილი პატიმარი სასჯელის მოხდის შემდეგ ცხოვრობდა თურქეთსა და უკრაინაში, 2021 წელს კი, საქართველოში შეზღუდვის გარეშე დაბრუნდა. 2023 წლის 14 თებერვალს, აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, კახა გურგენაძემ ისევ დატოვა ქვეყანა: ჯერ სომხეთში წავიდა, შემდეგ – ისევ თურქეთში.

„18 აპრილს წავედი ერევანში, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, იქ არაფერი იყო ხელმისაწვდომი და მეორე დღესვე უკან დავბრუნდი. საბაჟოზე მაჩერებენ და მოდის ვიღაც შავმაისურიანი და ტელეფონს მაწვდის, აჭარას ლაპარაკი უნდა შენთანო, გამოვართვი ტელეფონი და მესმის ხმა: კახა, რა ხდება, რატომ დაბრუნდი? დათო, შენა ხარ-მეთქი? ვიცანი დავით რიჟვაძის ხმა, არ უნდოდა ტელეფონში ამის დადასტურება. გავუმეორე შეკითხვა, მიპასუხა, მე ვარო.

დათოს [დავით რიჟვაძე] დავპირდი, რომ შემოვიდოდი თუ არა, თურქეთში წავიდოდი, ბესელიამ გამოართვა ტელეფონი და იმან გაღიზიანებული ლაპარაკი დაიწყო, სიაში ხარ შეყვანილი და სიტყვა არ უნდა გატეხოო. მართლაც შემომიშვეს თუ არა, თურქეთში წავედი.

თურქეთში ვცხოვრობდი შემდეგ, მაგრამ არ მინდოდა დეპორტი ჩაერტყათ, ამიტომაც დავბრუნდი უკან… 13 აგვისტოს სარფის საბაჟოზე 6 საათი მალოდინეს და შემდეგ შემომიშვეს.

გეუბნებით, საერთოდ კრიმინალი და ქურდული სამყარო ხსენებაში არ არის. ეს არის ვიღაცის ახირება, ვიღაცას მე არ მოვწონვარ საქართველოში. მანამდე მე ვიყავი დიმიტრი დარბაისლის პირადი პატიმარი. ახლა არ ვიცი, რა ხდება, სტალინიზმი დაბრუნდა ალბათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კახა გურგენაძემ.

უკრაინამ, სავარაუდოდ, 14 რუსული ვერტმფრენი გაანადგურა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 20 ოქტომბერს, X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ 17 ოქტომბერს, უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, 9 რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს ბერდიანსკში და 5 – ლუგანსკში.

უკრაინა აცხადებს, რომ მან დარტყმისთვის პირველად გამოიყენა აშშ-ს მიერ მიწოდებული, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS -ის რაკეტები.

ბერდიანსკი გამოიყენებოდა როგორც მთავარი ოპერატიული ბაზა სამხრეთის მიმართულებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ლოჯისტიკურ, ასევე შეტევით და თავდაცვით შესაძლებლობებს.

დადასტურების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს დანაკარგები სამხრეთის მიმართულებაზე გავლენას მოახდენს რუსეთის თავდაცვისა და შემდგომი შეტევის შესაძლებლობის განხორციელებაზე – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო წარმოების ამჟამინდელი დატვირთულობის გათვალისწინებით, ნებისმიერი საჰაერო დანაკარგი რუსეთისთვის რთული იქნება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.

დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს დანაკარგი ასევე გამოიწვევს დამატებით ზეწოლას რუსულ მფრინავებსა და საჰაერო ხომალდებზე, რომლებსაც ისედაც აქვთ ტექნიკური პრობლემები.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს დარტყმა აიძულებს რუსეთს კიდევ ერთხელ გადაიტანოს თავისი ბაზები და სამეთაურო-საკონტროლო კვანძები ფრონტის ხაზებიდან უფრო შორს, რაც გაზრდის ტვირთს ლოგისტიკურ ჯაჭვზე“ – მიიჩნევს ბრიტანეთის დაზვერვა.

___________

ფოტოზე: ATACMS/ვიკიპედია

კომპანიის დირექტორმა სკოლების რემონტიდან 2.2 მილიონი მიითვისა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კომპანია „ალიანსის“ დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ 3 სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალიანსთან“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში, 11 764 590 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების შემდგომ, შპს „ალიანსის“ დირექტორსა და „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს შორის შედგა კორუფციული გარიგება, რომლის მიხედვით, ბრალდებულებმა 2021-2022 წლებში შეადგინეს და “მუნიციპალური განვითარების ფონდს” წარუდგინეს შესრულებული სამუშაოს ყალბი მიღების აქტები, კერძოდ – ფორმა #2-ები და გადახდის სერტიფიკატები ხელოვნურად გაზრდილი შესრულებული სამუშაოების შესახებ.

აღნიშნული ყალბი აქტების საფუძველზე, შპს „ალიანსს“ 6 469 185 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც კომპანიის დირექტორმა ფონდის ყოფილ თანამშრომელს ქრთამის სახით 45.000 ლარი გადასცა“ – იუწყება პროკურატურა.

უწყება აქვე აღნიშნავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სამშენებლო-საინჟინრო დასკვნის თანახმად, სინამდვილეში შპს „ალიანსის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4 216 004 ლარს, შესაბამისად სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 2 144 830 ლარი შეადგინა.

პროკურატურის ცნობით, შპს „ალიანსის“ დირექტორი სახელმწიფოს კუთვნილ 2 253 182 ლარს თაღლითურად დაეუფლა. ამასთან, დროში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რის გამოც სამივე სოფლის სკოლა იყო უფუნქციო და მოსწავლეები იძულებულნი იყვნენ საგანმანათლებლო პროცესები მიმდებარე სოფლებში არსებულ სხვა სკოლებში გადაეტანათ.

საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ალიანსი“ 2002 წელს თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა და მისი მესაკუთრე და დირექტორი თეიმურაზ კანკავაა.

შპს „ალიანსის“ დირექტორს ბრალდება თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის მიღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

______________________

ფოტოზე: სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა/facebook

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის 21 საათიდან 21 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 –8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ნინო გოგოლაძე – „გოგოლაძე და კომპანიის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

ადვოკატის წარმატების ფორმულაა: ეფექტურობა, ორგანიზაციული უნარები და მრავალფეროვანი ცოდნა, კლიენტზე მორგებული პროცედურები და სამართლებრივი რისკების დაზღვევა.

„დასაწყისშივე ღრმად და საფუძვლიანად ვსწავლობთ თითოეული სამართლებრივი პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ვცდილობთ, კლიენტებს, სამართლებრივი საკითხების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გადაჭრის გზა შევთავაზოთ. ჩვენი მომსახურება წარმატებაზე ორიენტირებულია და გუნდის წინაშე დასმული, თითოეული პრობლემური საკითხის ღრმა ანალიზს და დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას მოიცავს. “- ამბობს ნინო გოგოლაძე, კონსალტინგური კომპანია „გოგოლაძე და კომპანიის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

ნინო გოგოლაძე 2010 წლიდან აქტიურად საქმიანობს კერძო და კორპორატიული სამართლის მიმართულებით. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (GBA), საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის (ACEG) წევრი. როგორც მედიატორს, ამ კუთხითაც აქვს გამოცდილება და ეწევა სასამართლო/კერძო მედიაციას.

მას აქვს ფართო სპექტრის სამართლებრივ ურთიერთობებში მაღალპროფილური კლიენტების წარდგენის მრავალმხრივი გამოცდილება; საუკეთესო გამოცდილება საადვოკატო მიმართულებით. პირადად და მისი კომპანიის გუნდი გამოირჩევა წარმატებული შედეგებით, როგორც ნებისმიერი სახის გარიგებებისა და მრავალმხრივი კომპლექსური პროექტების განხორციელების, ასევე პრეცედენტული ხასიათის სასამართლო დავების მოგების კუთხით. მისი კლიენტთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს  როგორც უმსხვილეს კერძო კორპორაციებს, ასევე განვითარებად კომპანიებს, ოჯახურ ბიზნესებს და კერძო პირებს.

ნინო გოგოლაძის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესსუბიექტების საადვოკატო და სამედიაციო მომსახურების უზრუნველყოფა, სამართლებრივი მხარდაჭერა სამშენებლო სფეროში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს, სამშენებლო საინჟინრო სამუშაოების სამართლებრივ მხარდაჭერას.

ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესოპერაციების სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება. საინვესტიციო პორტფელის შევსებისას გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, შესაბამისად ნინო გოგოლაძე და მისი კომპანია ემსახურება კლიენტთა საინვესტიციო საჭიროებების სრულ ინიციატივას, პორტფელის დეტალურ შესწავლას, ეხმარება გონივრული, მიღწევადი და საინვესიტიციო მიზნების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მიღწევაში.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით:

მისამართი: ქ. თბილისი, ლ. ანდრონიკაშვილის ქ. 9ა/14

მობ: 555 72-02-29

e-mail: ninogogoladze11@gmail.com

გაიცანი შენი ფარმაცევტი – სოფო მაკალათია

პირველად ფარმაცევტად მუშაობა რომ დაიწყო, 24 წლის იყო. ახლა 45 წლისაა და ამ დროის განმავლობაში ზღვა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. სოფო მაკალათიას ფოთში, რუსთაველის  N20 მდებარე პსპ-ს აფთიაქში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ. 

სოფო, მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ?

მე ვარ სოფო მაკალათია, 45 წლის.  პროფესიით ფარმაცევტი. შესაბამისი განათლება თბილისში ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში მივიღე.

როგორ მოხვდით პსს-ში და რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე რა არის?

როცა ვაკანსია გამოცხადდა, CV გავაგზავნე და გამომიძახეს. ჯერ სტაჟირების პროგრამა გავიარე და შემდეგ გავხდი ფარმაცევტი. უკვე 16 წელია პსპ-ში ვმუშაობ. საერთო ჯამში, 21- წლიანი ფარმაცევტული გამოცდილება მაქვს.

რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია? თუნდაც იმიტომ, რომ თუ აფთიაქში ადამიანი ცუდად გახდება, დაეხმაროთ. გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა ადამიანი ცუდად გახდა აფთიაქში. ასეთ დროს ვეხმარებით, წნევას ვუზომავთ, მედიკამენტს ვაძლევთ, ხოლო თუ მძიმე მდგომარეობაა, სასწრაფო დახმარებას ვიძახებთ. 

ერთი უკრაინელი გოგო იყო შემოსული. როცა წამლებს ვულაგებდი ქაღალდის პარკში, შევნიშნე, რომ ცუდად ხდებოდა და უღონოდ იყო.  მასთან ახლოს მდგომ ჩვენს ფარმაცევტს დავუძახე, დაიჭირე-მეთქი. ის რომ არა, შეიძლება იატაკზე თავი დაერტყა. სკამზე დავსვით, წნევა გავუზომეთ, წამალი დავალევინეთ და უკეთ გახდა. უამრავი მადლობა გვითხრა, შოკოლადიც კი შემოგვიტანა მადლიერების ნიშნად.

რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?

პსპ ჩემი მეორე სახლია. ალბათ, აქ მეტ დროს ვატარებ, ვიდრე საკუთარ სახლში. პსპ-ზე მიჯაჭვული ვარ. აფთიაქიც არ შემიცვლია, სულ ამ ფილიალში ვარ. პსპ-ს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.  ასე მგონია,  სხვა კომპანიაში ვერასოდეს დავიწყებ მუშაობას, ისე ვარ მიჯაჭვული აქაურობაზე.

რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?

ადამიანებს კარგად უნდა მოემსახურო. მომხმარებელი რომ შემოდის, პირველ რიგში, შენგან ელოდება კარგ სალამსა და კვალიფიციურ  მომსახურებას. 

ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი. თავიდან ეს ფილიალი რომ გაიხსნა, მე ვმუშაობდი და 1-2 ძველი კადრი. სანამ ახალ ფარმაცევტებს გაიცნობდნენ და მიეჩვეოდნენ მომხმარებლები, მანამდე მარტო ჩვენთან მოდიოდნენ, რიგშიც კი დგებოდნენ ხოლმე. რადგან ძველი კადრები ვიყავით და გვიცნობდნენ, ასე ერჩივნათ. შემდეგ ახალმა ფარმაცევტებმაც მოიპოვეს ადგილობრივების ნდობა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მომხმარებლებთან. 

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?

პსპ გამორჩეულია კვალიფიციური ფარმაცევტებითა და მომსახურებით. ხარისხიანი მედიკამენტებისა და თავის მოვლის საშუალებების დიდი არჩევანი გვაქვს, ასევე დაბალი ფასები. ამავდროულად, ძალიან ხშირად გვაქვს აქციები და ფასდაკლებები.  

მე ჩემი აფთიაქი ძალიან მიყვარს. ის ყველაზე დიდი აფთიაქია ფოთში, უზარმაზარი სივრცითა და ულამაზესი ინტერიერით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 292 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
  • ტანკი – 5 047 ერთეული [+55]
  • ჯავშანტექნიკა – 9 557 ერთეული [+120]
  • საარტილერიო სისტემა – 7 012 ერთეული [+29]
  • MLRS – 822 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 548 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 326 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 535 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 370 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 985 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 500 თვითმფრინავი
  • 252 ვერტმფრენი
  • 8 104 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 778 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 165 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 837 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 463 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ, სავარაუდოდ, 14 რუსული ვერტმფრენი გაანადგურა – ბრიტანეთის დაზვერვა

უკვე დახარჯულია 1.2 მილიონი, როგორი გენგეგმა ექნება ბათუმს – ინტერვიუ

დიდი ხანია, რაც მერიას ბათუმის გენგეგმის მომზადების ეტაპებზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, როგორ ამზადებენ ქალაქის გენერალური გეგმის პროექტს.

„გამოითხოვეთ“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამ საკითხზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფორმებულია რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი და გადახდილია ხელშეკრულების ღირებულების 50% – 1 მილიონ  235  371 ლარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმის 50 პროცენტიც შესრულებული უნდა იყოს.

მთლიანობაში პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

რადგან მერია კითხვებს არ პასუხობს, თავად შემსრულებელს ვკითხეთ, რა ეტაპზეა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი. ჩვენ კითხვებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ურბანისტმა, ანდრო ქორთუამ უპასუხა.

  • ბატონო ანდრო, რას მოიცავს დოკუმენტის ის ნაწილი, რაც უკვე ჩაჰბარდა და რა ეტაპზე გადავედით?

30 ოქტომბერს გვაქვს კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარდგენის ვადა, სამუშაო ვერსია კი ჩაბარებული გვაქვს. ეს ვერსია გულისხმობდა ალტერნატივების განხილვას და ამ ალტერნატივებიდან ყველაზე ოპტიმალურის შეფასებას. შემდეგ უკვე არის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება დამკვეთთან ჩართულობით, შეჯერებული ვერსია.

თავდაპირველად წარდგენილი გვქონდა კონცეფციის სამი სამუშაო ვერსია. ეს განვიხილეთ, როგორც დამკვეთთან, ასევე შეხვედრა გვქონდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

სამუშაო ვერსია წარვადგინეთ 25 ივლისს. შემდეგ გვქონდა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის დარბაზში, სადაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ანდრო ქორთუა – ურბანისტი
  • პრინციპში, კონცეფცია ყველაფერს უნდა მოიცავდეს, უბნების განვითარების ხედვას თუ სხვა დეტალებს…

ჩვენ ხედვაში დავაფიქსირეთ ის ღირებულებები, რაც ქალაქმა უნდა დაიცვას და შეინარჩუნოს დოკუმენტის მიღებიდან 10 წლის განმავლობაში. დოკუმენტში ძირითადად იმაზეა საუბარი, როგორ უნდა დაიცვან ეს ღირებულებები.

მართალია, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, თუმცა უფრო დიდ მასშტაბში, თუნდაც უბნების დონეზე, გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები ქალაქისთვის შემუშავებული. ეს გულისხმობს სადღაც ინტენსივობის გაზრდას, სადღაც შემცირებას ისეთ დონეზე, რომ ეს დაბალანსებული იყოს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი იმ კონცეპტუალური მიდგომების ფარგლებში იქნება, რაც ჩვენ შეხვედრებზე დავაფიქსირეთ, როგორც მოსახლეობასა და არასამთავრობოებთან, ასევე დამკვეთთან.

  • ამ პროცესის პარალელურად, აშენებენ ბევრ ახალ, მათ შორის მასშტაბურ პროექტს. დამტკიცდა და დამტკიცების ეტაპზეა ბევრი ახალი სამშენებლო პროექტი. ამ საკითხზე მერმა თქვა საკრებულოს სხდომაზე, რომ ყველა პროექტი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან თანხმდება. ასეა? 

უშუალოდ ამ კონკრეტულ საკითხზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჩვენ გვევალება გადაწყვეტილებები შევათანხმოთ დამკვეთთან, გვიწევს, რომ პროექტები განვიხილოთ – უშუალოდ რამეზე თანხმობა მივცეთ დამკვეთს, მსგავსი ფორმატი არ გვაქვს.

  • ბატონო ანდრო, ჩვენ გვაინტერესებს, მერია აგზავნის თუ არა პროექტებს თქვენთან განსახილველად?

არა, იცით, რა არის? – ეს იყო ადრე, კვლევითი ეტაპზე, როცა ზონირებაზე ვმუშაობდით და მუშავდებოდა მშენებლობის ნებართვების ზოგადი ანალიზი. მაგრამ ამდენი ინდივიდუალური პროექტის განხილვა ჩვენ ნამდვილად არ გვიწევდა. ეს იყო ზოგადი კლასიფიკაცია.

უბრალოდ, უნდა შეფასებულიყო, ზოგადად, ქალაქში რა ტიპის ნებართვები გაიცემოდა, რა მოცულობის ნებართვებზე იყო საუბარი. ბუნებრივია, გაცემულ ნებართვებზეც. ეს იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ უნდა ასახულიყო რეალობა პროექტში, ამას გვერდს ვერ აუვლიდნენ.

  • როცა გენგეგმის ჯგუფი ამბობს, რომ გვთავაზობს კონკრეტული უბნების განვითარების გეგმას, სწავლობს თუ არა ეს ჯგუფი ნებართვებს, რომლებიც სწორედ ამ უბნებშია გაცემული. შეიძლება ვინმეს თაროზე ედოს და შემდეგ ამ ნებართვის განახლება მოინდომოს. ასე მოხდა, მაგალითად, როცა ყოფილმა მერმა ძველ ბათუმში 12-მეტრიანი შეზღუდვა დააწესა, შემდეგ კი გვითხრა, რა ვქნა ადრე გაცემული ნებართვებია და უნდა დავამტკიცოო.

ეს რეალობა ჩვენც გვესმის, მით უმეტეს მას შემდეგ, როცა პროექტის კეთება დავიწყეთ. ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რაც ხდებოდა ქალაქში, ყოველმხრივ როგორი მძიმე სიტუაციაც არის. სანამ ჩვენი კომპანია მუშაობას დაიწყებდა, მანამდეც ჰქონდა ქალაქს მიწათსარგებლობის გეგმა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, არსებული მდგომარეობის შესწავლა. ბუნებრივია, ქალაქისთვის საჭირო ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზება.

  • თუ უკვე გაცემულ ნებართვებს ვერ შევისწავლით და ვერ გავითვალისწინებთ, მაშინ როგორ უნდა გვიშველოს ამ გენგეგმამ?

ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ ნამდვილად. ჩვენ ყველა პროექტს ძალიან განვიცდით, რადგან თავიდან ბოლომდე ვართ თითოეულში ჩართული და თითოეული პროექტი ჩვენთვის ძალიან დიდი შრომის ფასია. ჩვენ, როგორც ექსპერტებს, ამ შრომის დაკარგვა არ გვინდა.

მაქსიმალურად ვცდილობთ პროფესიული მოსაზრება დავაფიქსიროთ ისე, რომ რაც სწორად მიგვაჩნია, ის ბოლომდე გავიდეს, მაგრამ რეალობა სხვანაირია ხოლმე. ვცდილობთ, რომ რეალობას მოვერგოთ და რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები, როდესაც უბნების განვითარებაზე ვსაუბრობთ.

სად შეიძლება გადამისამართდეს ის რესურსები და რეზერვი, რაც ცენტრალურ ნაწილს აწვება? – სამუშაო ვერსიაში წარდგენილი გვქონდა ორი ტერიტორიის – მთის ძირის უბნისა და ბენზეს ნავთობკომბინატის განვითარების გეგმა. ეს ტერიტორიები არანაირად არ შეიძლება, რომ იმავე სახით განვითარდეს, როგორც განვითარდა ქალაქის პირველი რიგი: ის მაქსიმალურად უნდა იყოს კომპაქტურად განვითარებული. სართულიანობა, რაც შეიძლება ამ უბნებში განიხილებოდეს, მაქსიმალური შეიძლება იყოს 7-8 სართული.

ის რესურსი და პროგნოზი, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბათუმში მოსახლეობის მზარდი ნაკადი ჩაეტიოს ამ ორ ტერიტორიაზე. ამ უბანში არის 5 ჰექტარი მწვანე სივრცე, რომელიც უნდა დარჩეს ხელშეუხებელი, ეს არ ნიშნავს, რომ აქ ცალკეულ პროექტს თავისი გამწვანება არ უნდა ჰქონდეს.

მსგავსი ტიპის შეთავაზებით ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობის აკადემიური ნაწილი  გამოვიყენოთ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ეს არის სწორი მიმართულება.

ჩვენ ამ პროექტს გადავცემთ ქალაქს და შემდეგ კი პასუხისმგებლობა გადადის მერიაზე და ასევე მოსახლეობაზე.

წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის 

ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობის დასრულებას მთავრობა საარჩევნო, 2024 წელს გვპირდება. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

აღნიშნული გზების მომავალ წელს დასრულება საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი, თუმცა ამავე პროექტში ისიც აღნიშნულია, რომ „დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა“.

მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

მთავრობა 2024 წელს ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის დაწყებაზე საუბრობს მაშინ, როცა დღეს პროექტის გზშ-ც არ არის მზად. მშენებლობის დაწყებამდე კი, გზშ-ს ჩათვლით უამრავი პროცედურაა, ვიდრე მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებენ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო. მათ შორის ბათუმი-სარფის გზაც, თუმცა დღეს მხოლოდ ის ვიცით, დაახლოებით სად გაივლის ეს გზა.

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის მთლიანი თანხა 493 მილიონ 120 ათას 100 ლარია.

აქედან, 2022 წლის ჩათვლით დახარჯულია 428 120 100 ლარი, 2023 წელს დაიხარჯება 40 მილიონი ლარი, 2024 წელ კი – 25 მილიონი ლარი.

ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას კაპიტალურ პროექტებს ეხება სახელმწიფო აუდიტიც და აცხადებს, რომ აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

„კანონპროექტში ასახული არ არის 5 კაპიტალური პროექტი [ჯამური ღირებულებით 265 მილიონი ლარი], რომელთა განხორციელება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დაგეგმილი იყო 2024 წლისთვის.

  • საბიუჯეტო ორგანიზაციის განმარტებით, 1 პროექტი დასრულდა დროზე ადრე, 4 პროექტთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მათი ასახვა მოსალოდნელია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მომდევნო ვერსიებში;

2023 წელს მიმდინარე 8 კაპიტალური პროექტის შემთხვევაში, 8 თვის მდგომარეობით ათვისებულია 9 თვის გეგმის 40%-ზე ნაკლები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროექტებისთვის 2024 წელს იგეგმება ასიგნებების ზრდა 2023 წლის საწყის გეგმასთან შედარებით, ჯამურად, 136 მილიონი ლარის ოდენობით.

  • საბიუჯეტო ორგანიზაციების განმარტებით, ათვისების არსებული ტენდენციის მიუხედავად 2024 წლის გეგმების ზრდა ძირითადად შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა:
    ა) მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული შეფერხებებიდან გამომდინარე 2023 წლისათვის დაგეგმილი სამუშაოები გადატანილია 2024 წელს;
    ბ) 2023 წელს პროექტები საწყის ფაზაში იყო და შესაბამისად, ინტენსიური აქტივობები დაგეგმილია 2024 წლისათვის.“

აუდიტის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, სადაც გათვალისწინებული დაფინანსების ათვისება დაბალია [2023 წლის საწყისი გეგმა 40 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმა 24 მილიონი ლარი, ათვისება 35%. 2024 წლის გეგმა – 61 მილიონი ლარი]“.

„მნიშვნელოვანია, განმახორციელებელმა უწყებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე გაითვალისწინონ პროექტის განხორციელების/მიმდინარეობის როგორც წინარე გამოცდილება, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, რათა ოპტიმალურად გადანაწილდეს თანხები ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე“, – აცხადებს აუდიტი.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო მთლიანი თანხა, ჯამში 172 მილიონ 24 ათას 300 ლარია.

აქედან 2022 წლის ჩათვლით ათვისებულია 71 024 300 ლარი, მიმდინარე 2023 წელს უნდა დაიხარჯოს 40 მილიონი ლარი, 2024 წელს კი – 61 მილიონი ლარი.

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფრიდონ ხალვაშის გამზირი /20.10.2023

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ფრენბურთელი დები გერმანულ კლუბში

ფრენბურთელი დები – ლიზი და ნანუკა ლობჟანიძეები კარიერას გერმანიის „ბუნდესლიგა 2“-ის კლუბ Nawaro Straubing-ში აგრძელებენ. ლიზი ძირითად გუნდში ითამაშებს, ნანუკა კი – ახალგაზრდულში.

ლიზი [190 სმ] 23 წლისაა, ნანუკა – 15-ის [180 სმ].

ლიზი ლობჟანიძე 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და „საქართველოს უნივერსიტეტში“ გოგონების და ვაჟთა გუნდების მთავარი მწვრთნელიცაა.

როგორც ლიზი „ბათუმელებთან“ ამბობს, მან დააარსა პირველი ლიგის ქალ ფრენბურთელთა გუნდი, რომელმაც სადებიუტო წელს ჩემპიონობაც მოიპოვა. ლიზი ავარჯიშებს ბავშვებს და მუშაობს სამოყვარულო ჯგუფებთანაც.

„როგორც სპორტსმენისთვის, ცხადია, კარიერულად საკმაოდ დიდი ნაბიჯია ამ კლუბში თამაში. დიდი ხანია მინდოდა აქ მოხვედრა და წელს ეს გამოვიდა.

მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ გერმანიაში წასვლა ყოველთვის იყო ჩემი მიზანი და ახლა უკვე მეც და ჩემს დასაც მოგვეცა ამის შესაძლებლობა.

ერთად ვვარჯიშობთ, ერთსა და იმავე კლუბში ვართ, უბრალოდ ნანუკა რადგან 15 წლისაა, ის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს, მე კი – ძირითადში. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ორი ვარჯიში გვაქვს დღეში.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველ სპორტსმენს, მეც მინდა, რომ ვიასპარეზო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ჩემი ქვეყნის სახელით. თუ კლასიკური ფრენბურთით არ გამოვა, ქვიშის ფრენბურთიც რომ იყოს, ესეც საინტერესო იქნება ჩემთვის, რადგან ესეც ძალიან მიზიდავს და იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობაც მომეცემა“, – გვეუბნება ლიზი ლობჟანიძე.

ლიზი ლობჟანიძე

ლიზი ამბობს, რომ საქართველოში ფრენბურთი არ არის ისეთი პოპულარული სპორტი, როგორც, მაგალითად, რაგბი, ფეხბურთი ან ძიუდო და ამ მხრივ ფრენბურთელები შესაძლოა იჩაგრებიან კიდეც, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ახალგაზრდა ფრენბურთელებმა სპორტის ეს მიმართულებაც პოპულარული გახადონ.

„ფრენბურთი ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში, ახლა უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, სკოლებშიც აქტიურად თამაშობენ, ბევრი კლუბი და წრე შეიქმნა და ვფიქრობ, წლების შემდეგ, ჩვენს გვეყოლება გულშემატკივრები.

ქართველი გოგონების ახალგაზრდულმა ნაკრებმა წელს წარმატებით იასპარეზა სერბეთში და ვფიქრობ, კიდევ ექნებათ მიღწევები“, – ამბობს ლიზი.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც ლიზი ამბობს, დამოკიდებულება ამ სპორტის მიმართ „ცა და დედამიწასავით განსხვავდება“: გერმანიაში სპორტსმენს არ უწევს იმაზე ფიქრი, რა უნდა გეცვას თამაშზე, სად წახვალ და როგორ, რადგან ყველაფერი ორგანიზებულია.

„საქართველოში კი სპორტსმენს უწევს ამ ყველაფერზე ფიქრი, უფრო მეტად ისტრესება სპორტსმენი და შეიძლება ეს აისახოს თამაშზეც. გარდა მაღალი ანაზღაურებისა, გერმანიაში ყველანაირად გეხმარებიან, იქნება ეს ტრანსპორტირება, კვება, ჩაცმა… ცდილობენ, ყველაფერში ხელი შეგიწყონ.

საქართველოში კი, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, კლუბი მხოლოდ ფორმას თუ უზრუნველყოფდა, სამუხლეების და ბოტასის შეძენა ჩვენ თვითონ გვიწევს, სპორტსმენებს.

ანაზღაურებაც იმდენად დაბალია, ელემენტარულ რაღაცებზე არ მყოფნიდა.

ჩვენთან ამის გამოც ანებებენ გოგონები თავს, რადგან ანაზღაურება არ აქვთ საკმარისი და თუ მხოლოდ სპორტით ხარ დაკავებული, თავს ვერ ირჩენ. ამიტომაც, საქართველოში ადრეულ ასაკში ანებებენ გოგოები სპორტს თავს. მეც ამიტომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება მიმეღო და სპორტის პარალელურად მესწავლა“, – გვეუბნება ლიზი.

ლიზი ლობჟანიძე

მისი თქმით, გერმანიაში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ როგორც სპორტსმენმა საქართველოში უკვე მიაღწია კარიერის მწვერვალს და აუცილებელი იყო განვითარების ახალი შესაძლებლობები.

„ერთ-ერთი მიზანი აქ წამოსვლის ისიც არის, რომ ეროვნული ნაკრები გავაძლიერო, რადგან სტაგნაციის პერიოდი აქვთ. საქართველოში ეროვნულ ნაკრებზე მაღლა ვეღარ მიდიხარ და ვეღარც ვითარდები.

ვფიქრობ, აქ ჩემი განვითარების პიკს მივაღწიე და ახლა მჭირდება ევროპული გამოცდილება კლუბურ დონეზე“, – ამბობს ლიზი.

ამბობთ, რომ საქართველოს ნაკრები სტაგნაციაშია, მაშინ როგორ მოახერხებთ ასეთ გუნდთან ერთად თამაშს თქვენი ახალი გამოცდილებით, როცა ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებთ სადმე? – ვკითხეთ ლიზის.

მისი თქმით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს ქმნის კიდეც სირთულეებს, რადგან ევროპულ კლუბებში სპორტსმენები ახალ ტექნიკას, განვითარების სხვა სიმაღლეებს აღწევენ და შემდეგ მართლაც რთულია ძველ თანაგუნდელებთან ერთად თამაში.

თუმცა, ლიზის აზრით, ეს სირთულეებიც შესაძლოა დაიძლიოს, რადგან ბოლო წლებში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ნაკრებიდან ძალიან ბევრი გოგო წავიდა უცხოურ კლუბებში სათამაშოდ და მათი გამოცდილება ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება.

„ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი ფრენბურთელი ჩვენთან ანა კალანდაძეა და ისიც საზღვარგარეთ თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში როცა ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და თამაშობდა, ახლა ვხვდები რამდენად რთული გამოწვევა იყო ეს მისთვის, რადგან ბევრად მაღალ დონეზე თამაშობდა, მაშინ, როცა აქ გუნდში არასტაბილური სიტუაცია ხვდებოდა.

თუმცა ბევრი გოგო წავიდა სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში და როცა შევიკრიბებით, ვფიქრობ, უკეთეს შედეგს დავდებთ“.

ლიზის და ნანუკას ერთწლიანი კონტრაქტი აქვთ. ახლა ისინი გერმანიაში, შტრაუბინგში ცხოვრობენ და როგორც ამბობენ, ერთი წლის შემდეგ ახალ პირობებს განიხილავენ კლუბთან.

როგორც ლიზი ამბობს, მას სპორტის პარალელურად უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობაც აქვს, რადგან მეოთხე კურსზეა და „საქართველოს უნივერსიტეტთან“ მოლაპარაკების შემდეგ, შესაძლებლობა მიეცა, ბოლო სემესტრი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაეტარებინა.

ნანუკა ლობჟანიძე

რაც შეეხება ნანუკას, ის ჯერჯერობით სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს, თუმცა სახლში მეცადინეობს და აპირებს, რომ წლის ბოლოს კლასი ექსტერნად დაძლიოს.

„ოქროს მედლის კანდიდატიც ვარ. ვაპირებ, ეს პოზიცია შევინარჩუნო, ამიტომ სახლში ვმეცადინეობ და შემდეგ ერთად ჩავაბარებ მასალას.

აქ ვცდილობ, რომ კარგად დავეუფლო გერმანულ ენას, ამიტომ გაძლიერებულად ვსწავლობ“, – გვეუბნება ნანუკა ლობჟანიძე.

დების აზრით, არსებობს სტერეოტიპი, რომ სპორტსმენებს განათლება აკლიათ, ამიტომ მათი მიდგომაა, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.

„ამიტომ ვაპირებთ მე და ჩემი და, რომ განათლება მივიღოთ, რადგან განათლება სჭირდება ყველას, მათ შორის სპორტსმენსაც წარმატებისთვის“, – ამბობს ლიზი.

ნანუკა კი დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოში შეიცვლება მიდგომები ფრენბურთის მიმართ და მოსამზადებელ ბანაკებს მხოლოდ შემოსავლის წყაროდ არ აქცევენ ადამიანები.

„ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ ფულის გამო აკეთებენ ასეთ ბანაკებს და არა იმიტომ, რომ მართლა შეაყვარონ ბავშვებს სპორტი.

გერმანიაში რაც გადმოვედი, ერთ თვეში სრულიად შემიცვალეს ტექნიკა და მიდგომა სპორტის მიმართ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ აქეთ წამოვედი. ძალიან ცივილური, ძალიან პროფესიონალური მიდგომები აქვთ სპორტის მიმართ და მართლა სხვა სამყაროა“, – ამბობს ნანუკა.

რატომ ჩნდება სისხლჩაქცევა სხეულზე – ინტერვიუ ჰემატოლოგთან

ტრავმის შემდეგ კანქვეშ მცირე სისხლჩაქცევა ბუნებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ასეთი სისხლნაჟღენთი საშიში არ არის და ის რამდენიმე დღეში გაიწოვება. ზოგიერთი ადამიანი უფრო მიდრეკილია სისხლჩაქცევებისკენ, რასაც, შესაძლოა, ასაკობრივი ფაქტორი ან ზოგიერთი მედიკამენტის ჭარბი დოზით გამოყენება განაპირობებდეს, მაგრამ თუ სისხლჩაქცევები სპონტანურად და ტრავმის გარეშე ჩნდება, შესაძლოა საქმე ჯანმრთელობის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობასთან გვქონდეს. ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” ექიმ-ჰემატოლოგს, დარეჯან ეფაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო დარეჯან, რა შეიძლება იყოს სისხლჩაქცევების გამომწვევი მიზეზი?

სისხლჩაქცევას ან სისხლნაღვენთს ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

პირველი, ეს არის ტრავმა. სისხლჩაქცევა ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული კაპილარების მაღალი განვლადობით [გამავლობით], ზოგიერთი მედიკამენტის გადაჭარბებული დოზის მიღებით; ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს სისხლის და სისხლის მიმოქცევის დაავადებები; ლაქოვანი სისხლჩაქცევების მიზეზი შეიძლება გახდეს ვენური დაავადებებიც.

  • როგორ ვითარდება სისხლჩაქცევა?

სისხლჩაქცევა წარმოიშობა, როცა სისხლძარღვიდან სისხლი ახლომდებარე ქსოვილებსა და სივრცეებში იღვრება.

არის დიდი სისხლჩაქცევები, როდესაც სისხლძარღვის მთლიანობა ირღვევა, მაგრამ არის სისხლნაღვენთები, როდესაც არ ირღვევა სისხლძარღვების მთლიანობა, მაგრამ სისხლძარღვის კედლის განვლადობა არის მომატებული და ასე ხდება ერითროციტების [სისხლის წითელი უჯრედების] დიაპედეზი, ანუ მათი გაჟონვა ქსოვილში. 

  • ზოგიერთ ადამიანს უფრო ადვილად უჩნდება სისხლჩაქცევები მცირე ტრავმების შედეგადაც. რატომ ხდება ეს?

დიახ, არის ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აქვთ მყიფე სისხლძარღვები, ანუ მათი სისხლძარღვების კედელი არის ცოტა უფრო თხელი და სუსტი, რის გამოც, შესაძლოა, მცირე ტრავმითაც მოხდეს სისხლჩაქცევები. თუმცა ეს არ არის შეშფოთების მიზეზი და ასეთ ადამიანებს სპეციფიკური მკურნალობა არ ენიშნებათ.

MayoClinic: ასევე, სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება შეიძლება უკავშირდებოდეს ასაკის მატებას. დროთა განმავლობაში კაპილარების კედლები უფრო მყიფე ხდება, ასაკთან ერთად კანი უფრო თხელდება და კარგავს დამცავ ცხიმოვან ფენას, რომელიც იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან.

  • რა დაავადებებს შეიძლება უკავშირდებოდეს სხეულზე სისხლჩაქცევების სპონტანურად წარმოქმნა?

სისხლჩაქცევები შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ჰემატოლოგიურმა დაავადებამ.

არსებობს სხვადასხვა ტიპის სისხლჩაქცევები – ფორმის, ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დაავადებებმა. ასეთი სისხლჩაქცევა შეიძლება იმდენად სპეციფიკური იყოს, რომ მხოლოდ მათი დათვალიერებითაც შესაძლებელია პირველადი დიაგნოზის დასმა. 

სისხლჩაქცევა საკმაოდ მნიშვნელოვანი და წამყვანი სიმპტომია ჰემატოლოგიურ დაავადებებში.

ასეთი სპეციფიკური სისხლჩაქცევები შეიძლება გამოიწვის ჰენოხ-შონლეინის დაავადებამ [ვასკულიტი], ასევე ვერლჰოფის დაავადებამ [იგივე თრომბოციტოპენიური პურპურა].

სისხლჩაქცევები ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანემიებმა, განსაკუთრებით B12-ის დეფიციტმა, ასევე კოაგულაციურმა დეფექტებმა, ანუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა; ლეიკემიის [სიმსივნური დაავადება] დროსაც ხდება სისხლჩაქცევები, ისეთი სპეციფიკური არა, როგორც ზევით ვისაუბრეთ, მაგრამ აქაც არის ლაქოვანი სისხლჩაქცევები.

  • რა ლოკალიზაციის და რა სპეციფიკური ფორმის შეიძლება იყოს ასეთი სისხლჩაქცევა?

მაგალითად, სპეციფიკურია სიმეტრიული სისხლჩაქცევები ქვემო კიდურებზე, ჰენოხ-შონლეინის დაავადების [ვასკულიტი] დროს. ეს ძალიან სიმპტომურია და ძალიან სპეციფიკური, იმიტომ, რომ არის აბსოლუტურად სიმეტრიული და ერთი სახის, წვრილი სისხლჩაქცევები.

ვერლჰოფის დაავადებას, იგივე თრომბოციტოპენიას, ახასიათებს სისხლჩაქცევები მთელს ტანზე, ავაზას ლაქების მსგავსად. მათი ზომა შეიძლება იყოს როგორც დიდი, ისე პატარა.

ასევე, ჰემოფილიის დროს სისხლჩაქცევები ხდება სახსრებში, რა დროსაც სახსარი ხდება მტკივნეული და უმოძრაო – სისხლჩაქცევები ამ დროს არის ძალიან დიდი ზომის.

ლეიკემიის დროსაც შედარებით დიდი ზომის სისხლჩაქცევები ვითარდება.

  • თქვენ ახსენეთ მედიკამენტური მიზეზები. რა სახის მედიკამენტებია ეს?

ხშირად პაციენტები მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშეც, მაგალითად, როცა ხანგრძლივად ხდება პრეპარატების დანიშვნა და არ ხდება მედიკამენტური მკურნალობის შედეგების გადამოწმება. ეს არის ძირითადად ანტიკოაგულაციური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბული, გულის დაავადებების დროს. სისხლის შედედების სისტემას პერიოდული შემოწმება აუცილებლად სჭირდება, ასეთ დროს კოაგულაციური ტესტები უნდა ჩატარდეს.

ანტიკოაგულაციური მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმთან ხშირი კომუნიკაცია და პერიოდულად სისხლის ანალიზების და კოაგულაციური ტესტების ჩატარება, რომ არ გადავაჭარბოთ რომელიმე მედიკამენტის მიღება. ასეთი მკურნალობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხშირად ენიშნებათ ორსულებს, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, ამიტომ ინტენსიური დაკვირვება და კომუნიკაციაა საჭირო ჰემატოლოგთან, გინეკოლოგთან და ა.შ.

  • რა გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

აუცილებელია გამოვიკვლიოთ, როგორც კლინიკური ისე ბიოქიმიური ტესტები, იქნება ეს სისხლის საერთო ანალიზი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ანემიების, ან თრომბოციტოპენიების დასადგენად თუ სხვა. 

არის კოაგულაციის ტესტები, რა დროსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს კოაგულოგრამა, ფიბრინოგენია, D-დიმერი და ა.შ. გააჩნია, რა დაავადებაზეა ეჭვი. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც განსაზღვრავს იმ მომენტში რა უფრო სჭირდება პაციენტს, შეიძლება რამდენიმე კვლევა დასჭირდეს, შეიძლება ერთი ანალიზითაც განისაზღვროს ამ ლაქოვანი სისხლჩაქცევების ხასიათი და სიმძიმე.

___________________________

Cleveland Clinic: მიმართეთ ექიმს, თუ: 

  • გაქვთ ხშირი, დიდი სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით თუ სისხლჩაქცევები ჩნდება ტანზე, ზურგზე ან სახეზე ან ვითარდება უცნობი მიზეზებით;
  • მარტივად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები და გქონიათ გადაჭარბებული ან გახანგრძლივებული სისხლდენა, მცირე ჭრილობის ან ქირურგიული პროცედურის დროს;
  • მოულოდნელად დაგეწყოთ სისხლჩაქცევების განვითარება, განსაკუთრებით, თუ ახლახან დაიწყეთ ახალი მედიკამენტის მიღება. 

 

უკრაინამ რუსული „სუ-25“ ჩამოაგდო – მეხუთე სამხედრო თვითმფრინავი 10 დღეში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტავრიდის მიმართულებით ჩამოაგდეს რუსული „სუ-25“. ეს არის მეხუთე თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაგდეს დონეცკის რეგიონში ბოლო 10 დღის განმავლობაში.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დროს, ჯამში, უკრაინელმა სამხედროებმა 320 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

ბოლო ცნობებით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით და უტევენ მელიტოპოლის მიმართულებით. უკრიანელებს გარკვეული წარმატება აქვთ ვერბოვოს მიმართულებით, ზაპოროჟიეს რეგიონში.

ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩა ისევ დაიტბორა

ენვერ ხაბაძის ქუჩა ბათუმში ისევ დაიტბორა.

ამ ქუჩის 38 ნომერში მცხოვრები, თამაზ მგელაძე ამბობს, რომ უკვე წლებია ეს პრობლემა ქუჩაზე ვერ მოგვარდა.

„ყველა გაწვიმებაზე ეს პრობლემა გვაქვს, ბავშვების სკოლასა და ბაღში წასვლა-მოსვლა პრობლემურია. ეს კი არა, პატარა მანქანაც ვერ შემოდის, იმხელა წყალი დგება.

112-ში დავრეკეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია.

ადრე ბლოკებიც დავაწყვეთ, მაგრამ სამშენებლო ბლოკებიც კი არ ჩანს, იმხელა წყალია“ – გვითხრა თამაზ მგელაძემ.

კითხვაზე, მიმართეს თუ არა მუნიციპალიტეტს პრობლემის მოსაგვარებლად, მან გვითხრა, რომ ორი წლის წინ ბათუმის მერიის წარმომადგენელს ესაუბრნენ, გზაზე ორი ჭა მოაწყვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

თამაზ მგელაძის თქმით, ეს პრობლემა ათეულობით ოჯახს ეხება. მისი თქმით, წყალს სახლში არ შეუღწევია.

„წყალი არ შემოდის, მაგრამ მეც ვერ შევდივარ სახლში, იმხელა წყალია, ბიძაჩემთან ვარ“ – გვითხრა მან.

ხაბაძის ქუჩა / 19.10.2023
ხაბაძის ქუჩა

გერმანიის კანცლერი უკრაინას იარაღს და ახალ დახმარებას ჰპირდება ისრაელში ვიზიტის შემდეგ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას იარაღის შემდგომ მიწოდებასა და ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. მისივე თქმით, გარდა ამისა, გერმანია უკრაინას გადასცემს დახმარების პაკეტს ზამთრის სეზონისთვის. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა დღეს, 19 ოქტომბერს, განაცხადა ბუნდესტაგში, ევროკავშირის სამიტის წინ.

შოლცმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალ პაკეტში იქნება „ყველაფერი, რაც აუცილებელია საჰაერო თავდაცვისთვის“. მისი თქმით, გერმანია კიევს გადასცემს დამატებით „პატრიოტის“ საზენიტო სარაკეტო სისტემას, ახალ Iris-T სისტემებს, „გეპარდის“ ტანკებს და ასევე, ამ იარაღისთვის საჭირო საბრძოლო მასალას.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ახალი დახმარების დაფინანსება ევროპულ დონეზე უნდა განიხილებოდეს.

შოლცმა აღნიშნული განცხადება ისრაელში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. გერმანიის კანცლერი ისრაელში 18 ოქტომბერს იმყოფებოდა.

მოკვდა ცნობილი ძაღლი „კუპატა“, რომელიც ბავშვებს ზებრაზე აცილებდა

ბათუმში მოკვდა ძაღლი, მეტსახელად „კუპატა“, რომელიც ცნობილი გახდა ვიდეოს შემდეგ, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ ეხმარება „კუპატა“ ბავშვებს ზებრის გადაკვეთაში და უყეფს კანონდამრღვევ მძღოლებს.

„კუპატას“ ვიდეომ მალე მიიქცია არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მედიის ყურადღება. ამბავი ბათუმელ ძაღლზე, რომელსაც ზებრაზე ბავშვები გადაჰყავს, გააშუქა ABC News-მა, USA Today-მ, CBS News-მა, იტალიურმა sky-მ და ა.შ.

2020 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა „კუპატას“ სახლი უყიდეს, წარწერით – „ხალხის რჩეული“.

„კუპატა“ ქუჩის ძაღლი იყო, თუმცა მას ჰყავდა მიმკედლებელი, რომელიც წლებია მასზე ზრუნავდა.

„კუპატას“ მიმკედლებელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „კუპატა“ 18 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ცუდად გახდა და გარეთ გასვლა მოინდომა.

„გავიდა სადარბაზოში, წაბარბაცდა, დაწვა, ამოისუნთქა და გარდაიცვალა. გული გამიხეთქა, სიკეთით სავსე რომ იყო, სახლში არ მოკვდა“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, „კუპატას“ ელენთის სიმსივნე ჰქონდა და ბოლო თვეებია მძიმედ იყო ავად. ძაღლი დაახლოებით 10 წლის იყო.

„კუპატა“ ძირითადად მელიქიშვილის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრალური პარკის წინ სეირნობდა. ბოლო სამი წელია „კუპატასთან“ არაერთი ტურისტი იღებდა ფოტოს, როგორც ბათუმის ყველაზე პოპულარულ ძაღლთან და სოციალური ქსელების ვარსკვლავთან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 290 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
  • ტანკი – 4 992 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 9 437 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 6 983 ერთეული [+39]
  • MLRS – 818 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 548 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 318 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 534 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 337 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 985 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 493 თვითმფრინავი
  • 252 ვერტმფრენი
  • 8 065 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 764 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 823 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 438 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გერმანიის კანცლერი უკრაინას იარაღს და ახალ დახმარებას ჰპირდება ისრაელში ვიზიტის შემდეგ

ბათუმში „ორბის“ მიწებზე მერია ახალ გზებს აპროექტებს – საკითხი საკრებულოშია

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15ა და 15გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაშია, ქალაქის მერია გზებს აპროექტებს.

საპროექტო გზებისა და ქუჩების ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახვის მიზნით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.

საკრებულო საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რომელიც 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

„ორბის“ სამშენებლო ღობის რამდენიმე მეტრით გადაწევის სამუშაოები დაწყებულია – ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ სავარაუდოდ გზა გაკეთდება / 18.10.2023

მიწის ნაკვეთებზე, სადაც გზები უნდა გაკეთონ, „ორბის“ მრავალსართულიანი შენობები დგას, თუმცა, კომპანია ამ ნაკვეთებს შორის [შ. ხიმშიაშვილის 15ბ-ში] მშენებლობასაც აგრძელებს [მშენებლობის გამო გადაღობილია ის ტერიტორიები, სადაც გზის გაყვანაა დაგეგმილი].

„ორბის“ ეს მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტა გვერდით კორპუსებში მცხოვრებლებმა.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობა ასახელებდა იმასაც, რომ „ორბის“ მშენებლობა, მათ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მხრიდან საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელს უბლოკავდა.

ადგილი სადაც გზა უნდა გაკეთდეს / ხედები 9-სართულიანი კორპუსებიდან [მარცხნივ] და ხიმშიაშვილის ქუჩიდან [მარჯვნივ]/ 18.10.2023
„ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და თანდართული [გრაფიკული] სახით ჩამოყალიბდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო ნაწილის ძირითადი გზებისა და ქუჩების, მათ შორის საპროექტო გზებისა და ქუჩების ქსელის რუკა“, – აღნიშნულია საკრებულოს დადგენილების პროექტში, რომელიც მერიამ მოამზადა.

ადგილი სადაც გზა უნდა გაკეთდეს / ხედები 9-სართულიანი კორპუსებიდან [მარცხნივ] და ხიმშიაშვილის ქუჩიდან [მარჯვნივ] / 18.10.2023
„დადგენილების პროექტის მიღების მიზანია ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საინჟინრო გზების ნაწილში ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე შპს „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საპროექტო გზების გაყვანის საკითხს და შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შიდაკვარტალური გზების საპროექტო, საინჟინრო გზების რუკაზე დატანას“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შიდაკვარტალური გზების საპროექტო, საინჟინრო გზების რუკა / ზემოთ საპროექტო გზები დატანილია წითელი ხაზებით, ქვემოთ კი, რუკა – დადგენილების პროექტიდან / ეს რუკა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქალაქის მერიას, თუ რის სანაცვლოდ დათმო საკუთარი ტერიტორია კომპანიამ გზებისთვის და არის თუ არა რაიმე შეთანხმება მერიასა და „ორბს“ შორის. ბათუმის მერიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

კომპანია „ორბში“ კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიწის ნაკვეთს არაფრის სანაცვლოდ თმობენ იმისთვის, რომ ხიმშიაშვილის ქუჩიდან იქვე 9-სართულიანი კორპუსების მცხოვრებლებს შესასვლელ-გასასვლელი ჰქონდეთ.

„კომპანიამ, ქალაქის მერიის შუამავლობით, გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები, თუმცა, მოსახლეობა ითხოვდა გარანტიასაც. ამიტომ, ჩვენვე შევთავაზეთ მერიას სქემა, რათა საკრებულოზე განიხილონ და შეიტანონ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ეს იქნება ხიმშიაშვილის ქუჩის მიმართულებით შესასვლელი [კობალაძის ქუჩის მხრიდან „ორბის“ პირველ შენობასთან] და გამოსასვლელი [მესამე შენობასთან]. ამ შესასვლელ-გამოსასვლელსაც ჩვენ მოვაწყობთ“ – გვითხრა გელა მახარაძემ, კომპანია „ორბი ჯგუფის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გზა „ორბის“ აპარტამენტებსა და 9-სართულიან კორპუსებს შორის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [NN15ა, 15ბ, 15გ] მიმდებარედ / 18.10.2023
„ორბი“ ხიმშიაშვილის 15 ბ-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს ათ წელზე მეტია რაც აშენებს. შესაბამისად, იქვე არსებულ ცხრასართულიან სახლებშიც დიდი ხანია იციან, რომ მათი კორპუსების წინ „ორბის“ 3 ცათამბჯენი გაჩნდებოდა, რომელიც ეგრეთ წოდებული ფრთებით უნდა გაერთიანებულიყო. მოგვიანებით კომპანიამ მერიასთან შეთანხმებულ პირობებს გადაუხვია.

„ორბმა“, რომელიც მშენებლობას ვადაგასული, 2014 წლის ნებართვით აწარმოებდა, თვითნებურად გაზარდა ე.წ. ფრთების სიმაღლე. მოსახლეობამ ეს გააპროტესტა და ბრძოლაც მოიგო – მერიამ კომპანიას ნებართვის ვადა გაუგრძელა, მაგრამ პროექტში ცვლილება არ შეიტანა.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კი კომპანიას დაავალა, ე.წ. ფრთების სიმაღლეები ადრე შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა. ამის მიღწევას ბევრი საპროტესტო აქცია დასჭირდა… საბოლოოდ „ორბმა“ ნგრევა დაიწყო.

„ორბში“ დღეს გვითხრეს, რომ 2-3 სართულიანი „ფრთები“ აშენდება და სიმაღლე მაქსიმუმ 15 მეტრი იქნება, როგორც რენდერზეა გამოსახული.

„ფრთების“ მშენებლობა, ამ „ფრთების“ რენდერი და გაფრთხილება „ორბის“ სამშენებლო ღობეზე, რომ მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოებიც / 18.10.2023

ამ თემაზე ვრცლად:

ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე

 

გაქცევა მოგვიწია დიქტატორისგან, რომელიც შეიშალა – რას ჰყვება რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, 38 წლის ანატოლი პოტეხინი 2022 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან ერთად, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

ანატოლი ჯერ თბილისში ჩავიდა, რომ შეესწავლა როგორი მდგომარეობაა, რეალურად ღირდა თუ არა აქ გადმოსახლება, საბანკო ბარათების აღება, ბიზნესის დარეგისტრირება და საცხოვრებლის დაქირავება.

რუსეთიდან საქართველოში ანატოლის ოჯახი საბოლოოდ 2022 წლის მარტში ჩამოვიდა ლარსის გავლით.

ანატოლი და მისი მეუღლე ახლა ბათუმში ქირით ცხოვრობენ. ანატოლი ამბობს, რომ ორივე ვებდიზაინერია და დისტანციურად მუშაობენ უცხოური კომპანიებისთვის. ანატოლი ამბობს, რომ რუსეთში ყველაზე მეტად ფეიფალსა და ვიზაზე წვდომის შეზღუდვამ დააზარალა, რადგან უცხოური კომპანიებისთვის მუშაობს და ხელფასს ვეღარსად ჩაურიცხავდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ანატოლის თქმით, ეს საკითხის მხოლოდ პრაქტიკული მხარეა.

„სხვა მხრივ კი, რუსეთი არასწორ გზაზე დგას და აღარ მინდა მხარი დავუჭირო ამ სახელმწიფოს ჩემი გადასახადებით. ეს იყო ქვეყნიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა საკუთარი გეზი განსაზღვრა“, – ამბობს ანატოლი.

მისი შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ყველაზე მეტად სანქციებით და დასავლური კომპანიების ქვეყნიდან გასვლით დაზარალდა. ამბობს, რომ ცენზურა, რეპრესიები, მობილიზაცია და საომარი მოქმედებებიც კი, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხო, მაგრამ ვალუტის კურსის მერყეობამ, ფასების ზრდამ და ნაცნობი ბრენდების გაქრობამ ყველას ცხოვრებაზე იქონია გავლენა. ანატოლის თქმით, ბევრი დასავლური კომპანიის დახურვით რუსეთში უამრავმა ადამიანმა დაკარგა მაღალანაზღაურებადი სამსახური.

„ბათუმელებთან“ საუბრისას ანატოლი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხოვრება საქართველოში მოსახერხებელია. ფიქრობს, რომ საქართველოში ამერიკისა და ევროპის ქალაქებზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა:

„ვგულისხმობ იმას, რომ თბილისსა და ბათუმს აქვს ევროპული დონის, ღირსეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აშშ-ს ზოგიერთ ქალაქზე უკეთესი ურბანული ინფრასტრუქტურა, კარგად განვითარებულია ციფრული მომსახურება, მობილური კომუნიკაციები, ინტერნეტი და ბანკინგი.

საქართველო ამერიკას ჰგავს გამოხატვის თავისუფლებით, ქუჩის ხელოვნებით, სამოქალაქო აქტივიზმით, ბიზნესის კეთების სიმარტივით.

სახელმწიფო სერვისები მაქსიმალურად მოსახერხებელია მომხმარებლისთვის და არ არის ბიუროკრატიული ბარიერები, ევროპის მსგავსად, სადაც საღამოს 8 საათზე ყველა მაღაზია დაკეტილია“, – ამბობს რუსი მიგრანტი.

ანატოლის და მის მეუღლეს რუსეთში მშობლები და მეგობრები ჰყავთ. „ჩვენი ახლობლები იქ დარჩნენ, დავტოვეთ ახალაშენებული სახლი და წამოვედით. 2022 წელს ლანდშაფტის დიზაინი უნდა გაგვეკეთებინა, ყვავილები უნდა დაგვერგო ეზოში, ვერ წარმოვიდგენდით, რომ შორს გაქცევა მოგვიწევდა დიქტატორისგან, რომელიც შეიშალა და მეზობელ ქვეყანას დაესხა თავს“, – ამბობს ანატოლი.

მხოლოდ 2023 წლის მესამე კვარტალში 776 278-ჯერ გადმოკვეთეს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებმა, ამავე პერიოდში საქართველოდან გავიდა რუსეთის 780 514 მოქალაქე.

ომის შემდეგ რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ჯამში საქართველოში და მათგან რამდენი დარჩა ქვეყანაში საცხოვრებლად, ჯერჯერობით გაურკვეველია.

2024 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ჩაატარებს. კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტხანს მცხოვრები პირები, მათ შორის მიგრანტები, მუდმივ მცხოვრებლებად ჩაითვლებიან, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ქვეყანაში მუდმივად მობინადრე რუსი მიგრანტების დაზუსტებული რიცხვი.

Exit mobile version