მთავარი,სიახლეები

ბოლო სამ თვეში საქართველოში ევროპიდან 1070 პირი დააბრუნეს – ყველაზე მეტი გერმანიიდან

23.10.2023 • 919
ბოლო სამ თვეში საქართველოში ევროპიდან 1070 პირი დააბრუნეს – ყველაზე მეტი გერმანიიდან

2023 წლის ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 1070 მოქალაქის შესახებ გაიცა დაბრუნების ნებართვა რეადმისიის შეთანხმებით. სულ 1074 განაცხადი განიხილეს, აქედან მხოლოდ 4 განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ორი გერმანიიდან, ერთი საბერძნეთიდან და ერთიც შვეიცარიიდან.

ყველაზე მეტი თანხმობა საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დაბრუნებაზე გაიცა, საიდანაც ჯამში 696 ადამიანი დააბრუნეს საქართველოში, მათგან: 333 კაცი, 164 ქალი და 199 არასრულწლოვანი.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გერმანიის შემთხვევაში საქმეების განხილვისას მხოლოდ ორ კაცს უთხრეს უარი რეადმისიაზე.

შემდეგ მოდის საფრანგეთი, საიდანაც რეადმისიით 136 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, 48 მოქალაქე დაბრუნდა შვეიცარიიდან, 33 მოქალაქე – საბერძნეთიდან და ხუთეულს ასრულებს პოლონეთი, საიდანაც 28 მოქალაქე დააბრუნეს.

რეადმისიით დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეები ასევე ესპანეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან.

2023 წლის მესამე კვარტალში რეადმისირებული პირების ოდენობა მცირედით შემცირებულია მეორე კვარტალთან შედარებით.

ცნობისათვის, 2023 წლის მეორე კვარტალში – აპრილი, მაისი, ივნისი რეადმისია 1113 პირს შეეხო. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს (716), მეორე ადგილზე ამ შემთხვევაშიც საფრანგეთი იყო (183) და მესამე ადგილზე საბერძნეთი და შვეიცარია, 45-45 დაბრუნებული მიგრანტით.

რეადმისიის შეთანხმება არის სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმება მოცემულ სახელმწიფოში არალეგალურად მყოფ უცხოელთა თავიანთი წარმოშობის ქვეყანაში ან იმ სატრანზიტო ქვეყანაში დასაბრუნებლად, რომლის გავლითაც ისინი მოცემულ სახელმწიფოში შემოვიდნენ.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის მარტში გაფორმდა. რეადმისიის შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მოქალაქეთა ევროპიდან საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნება იყო.

მოქალაქეების წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების სატრანსპორტო ხარჯებს რეადმისიის მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ანაზღაურებს.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს საშუალება აქვთ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამაში ჩაერთონ და მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ასევე პროგრამით გათვალისწინებულია სოციალური პროექტების დაფინანსება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საცხოვრებლით დროებითი უზრუნველყოფა.

იმისთვის, რომ სარეინტეგრაციო პროგრამაში მოხვდეს, მიგრანტს საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი უნდა ჰქონდეს გატარებული ან პირს საზღვარგარეთ უნდა ჰქონდეს განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდეს თავშესაფრით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: