მთავარი,სიახლეები

ამჟამად რუსეთს არ აქვს ფართომასშტაბიანი შეტევის ძალა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

13.10.2023 • 990
ამჟამად რუსეთს არ აქვს ფართომასშტაბიანი შეტევის ძალა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინის ფრონტზე და შეასუსტებს თუ არა ისრაელის მოვლენები დასავლეთის ყურადღებას უკრაინის მიმართულებით? – „ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალს ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.  ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბოლო დღეებია უკრაინული მედია წერს ანდრიივკასთან მიმდინარე მძიმე ბრძოლების შესახებ. დღეს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ანდრიივკასთან რუსები ძალიან ბევრნი არიან და „ტარაკნებივით მოძვრებიან“. როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდა რუსეთი ამ ქალაქთან და თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია ანდრიივკას დაკარგვის საფრთხე უკრაინელებისთვის?

რუსები გააქტიურდნენ იმიტომ, რომ ანდრიივკა, ეს ტერიტორია, რუსეთის თავდაცვის სიღრმეშია და იქ გარკვეული პლაცდარმი შეიქმნა შეტევისთვის.

ვინაიდან უკრაინელები ვეღარ აგრძელებენ შეტევას სხვა მიმართულებაზე ამჟამად, რადგან ძირითადი ყურადღება გადატანილი ჰქონდათ სამხრეთისკენ, რუსები ახლა ცდილობენ, რომ ალყაში მოაქციონ უკრაინული დაჯგუფება, ორი მხრიდან – ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოკვეთოს ეს დაჯგუფება ძირითად ნაწილს და ალყაში გაანადგუროს.

ეს საკმაოდ ძლიერი უკრაინული დაჯგუფებაა.

ამჟამად რუსები ცდილობენ გაიმყარონ ჩრდილოეთის ფლანგი, რათა არ მოხდეს ალყის შემკრავი დანაყოფებისთვის უკრაინელების მხრიდან ზურგში დარტყმა.

  • ექნებათ წარმატება, თქვენი შეფასებით, ამ მიმართულებაზე უკრაინელებს, თუ ჯერ ადრეა ამის პროგნოზი?

პროგნოზი დამაიმედებელი არ არის, მაგრამ ეს დამოკიდებულია უკრაინაზე. თუ უკრაინა შეიყვანს რეზერვებს ანდრიივკას მიმართულებაზე, რა თქმა უნდა, ის შეძლებს დაიცვას აღნიშნული ტერიტორია. თუ აქ რუსების კონცენტრაცია მოხდება და უკრაინელები არ გაამაგრებენ ტერიტორიას, მაშინ შეიძლება დაკარგოს უკრაინამ ეს მიმართულება.

აქ უკრაინა დგას დილემის წინაშე, რადგან, გარდა იმისა, რომ რეზერვები სჭირდება ჩრდილოეთის მიმართულებით, ასევე ძალები უნდა შეინარჩუნონ სამხრეთით, ძირითად მიმართულებაზე, რომელიც არის აზოვის ზღვისკენ, მარიუპოლისკენ, რომ აქ გააგრძელონ შეტევა.

  • უკრაინული მხარე ოფიციალურად აცხადებს, რომ კონტრშეტევას აგრძელებს, თუმცა წერს რუსეთის შეტევებზეც. რა სურათი იკვეთება ბოლო ცნობების თანახმად ფრონტზე, თქვენი შეფასებით?

სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინელები აგრძელებენ შეტევას, ცდილობენ გააგრძელონ ნაკლები ინტენსივობით. ჩანს, რომ უკრაინა უკვე უახლოვდება კულმინაციის წერტილს ამ ეტაპისთვის და მას უფრო მეტი ძალები და შეიარაღება სჭირდება, რომ პრაქტიკულად განავითაროს შეტევა.

ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, კუპიანსკის მიმართულებაზე რუსები ცდილობენ შეინარჩუნონ ინიციატივა და შეტევას ახორციელებენ.

ბრძოლის ბედი ვისკენ გადაიხრება, ჯერ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ახლა ორივე მხარე ცდილობს გაიმყაროს პოზიციები.

ვინაიდან იწყება წვიმების სეზონი, რაც გამოიწვევს გარკვეული აქტიური მოქმედებების შეფერხებას, ამჟამად რუსეთს არ გააჩნიათ ძალა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს და არც უკრაინელებს აქვს ძალა, რომ ამ ეტაპზე იგივე ინტენსივობით გააგრძელონ შეტევა.

  • უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ და ნისლიანმა ამინდმა შეიძლება გაართულოს დრონების და ავიაციის გამოყენება, უკრაინული ძალები გააგრძელებენ ბრძოლას ზამთრის განმავლობაში. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რამდენად მოსალოდნელია ამ ზამთარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ვნახოთ ფრონტზე?

ყველა სეზონს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ერთმნიშვნელოვნად ყველაფრისთვის კარგი პერიოდი არ არსებობს და იგივეა ამ შემთხვევაშიც.

თუ ზამთარში ღრუბლიანობის გამო რთულდება ვთქვათ, დრონების და თვითმფრინავების გამოყენება, სამაგიეროდ ადვილდება ინფრაწითელი, სითბური დეტექტორებით ადამიანის ან ტექნიკის აღმოჩენა.

ყოველ შემთხვევაში, კარგი ჯარებისთვის არ არსებობს ცუდი და კარგი ამინდი.

  • როგორ აისახება ისრაელში მიმდინარე მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომზე? ხომ არ არის მოსალოდნელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირება?

მე მგონი, დასავლეთის ყურადღება გარკვეულწილად გადასულია ისრაელისკენ. გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება ისრაელში, თუმცა არა მგონია მნიშვნელოვნად დააკლდეს უკრაინას მხარდაჭერა, რადგან ეს მხარდაჭერა დაგეგმილი და გათვლილია დიდი ხნის წინ.

მაგრამ თუ ისრაელში კონფლიქტი დროში გაიწელება, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად იმოქმედებს უკრაინის მდგომარეობაზეც.

ჯერჯერობით იმის ნიშნები არ იკვეთება, რომ უკრაინის მხარდაჭერას ეს რაიმე ფორმით შეაფერხებს.

  • დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ზელენსკი ჩავიდეს ისრაელში. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ასეთი ვიზიტის მიზანი?

თუ ჩავა, ბუნებრივია ეს იქნება სოლიდარობის გამოცხადება ებრაელი ხალხის მიმართ და ჩემი აზრით, ზელენსკის პიროვნებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ეს მან გააკეთოს.

ამავე თემაზე: 

რუსეთს „უპრობლემოდ“ ექნება რესურსი 2025 წლამდე ბრძოლისთვის – ბუდანოვი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: