სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი 1,1 მილიონი ლარის მითვისებისთვის 3 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი“ ხუთი ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგან სამი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად.

ხსენებული თანხა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა მათი თანამონაწილეობის თანხასთან – 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის მოწყობა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება.

თუმცა კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 301 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 5 223 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 9 834 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 7 250 ერთეული [+23]
  • MLRS – 846 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 563 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 321 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 468 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 547 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 624 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 1 019 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 520 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 512 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 089 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 172 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 941 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 865 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დასტურდება უკრაინული ძალების წინსვლა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში – ISW

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „საქართველოს ბანკისა“ და სპეციალური პლასტიკური ბარათების გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი.

„დაემატა „თიბისი“, არის „საქართველოს ბანკი“ და საერთაშორისო ბანკებიც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების 90 პროცენტს უკვე შესაძლებლობა აქვს მგზავრობის საფასური პირადი ბარათით გადაიხადოს.

„ლიბერთი ბანკს“ რაც შეეხება, ვისაც ამ ბანკის ბარათები აქვს, ისინი ჩვენთან ისედაც ფასდაკლების ბარათებით სარგებლობენ – პედაგოგები, პენსიონერები, მოსწავლეები და სხვა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი შეღავათიანი გადახდის ბარათები „ლიბერთის“ ფუნქციასაც ასრულებს – რადგან ამ ბანკის კლიენტების 95 პროცენტი ჩვენი ბარათებით სარგებლობს.

სხვა ბანკების, ასე ვთქვათ, წილი ბაზარზე დაბალია, მაგრამ ეტაპობრივად მათი დამატებაც იგეგმება“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდა 2023 წლის იანვრიდან იგეგმებოდა, ეს პროცესი დროში გაიწელა, თუმცა მთლიანად შეიცვალა ავტობუსებში გადახდის აპარატები.

გადახდის ახალი სისტემის პარალელურად ძალაში დარჩა საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი თუ უფასოდ მგზავრობის არსებული წესი. შესაბამისად, მოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათები.

ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია. ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

შემოწმების პროცესში ავტობუსს გადაადგილება ეკრძალება, რაც ხშირ შემთხვევაში მგზავრთა უკმაყოფილებას იწვევს.

ამავე თემაზე:

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ

ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთმა აჭარის მთავრობას გადასცა

დღეს, 31 ოქტომბერს, ქობულეთის საკრებულომ დააკმაყოფილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა ჩაქვში მდებარე ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემაზე. ამის წინააღმდეგი არც ქობულეთის მერია იყო: ქონება მიწის ნაკვეთი და სახლია, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აჭარის მთავრობა მის გასხვისებას გეგმავს.

სახლს 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

„…ეს იმ კაცის სახლია, რომელმაც ჩაი შემოიტანა საქართველოში. რა თქმა უნდა, ვამაყობთ ამ ისტორიითა და მემკვიდრეობით“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის დროს, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქ. N12-ში მდებარე 1379 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 348,20 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის პრივატიზების საკითხს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიზანშეწონილად მიაჩნია, შემდგომში პრივატიზების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოეცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ზემოაღნიშწული ქონება…“

თავის მხრივ, ქობულეთის მერი სწერს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილს, რომ „ქობულეთის მერიას რეაგირებისათვის გადმოეგზავნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილი, რომელიც შეეხება ჩაქვში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აჭარის საკუთრებაში გადაცემის საკითხს“, და რომ ქობულეთის მერია არ არის წინააღმდეგი ეს ქონება აჭარას საკუთრებაში გადაეცეს.

თორნიკე რიჟვაძისა და ლევან ზოიძის წერილები

რა პირობით იგეგმება ქონების გასხვისება? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერც აჭარის მთავრობიდან მიიღო და ვერც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები არც ქობულეთის მერიამ მოგვაწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

ჩაქვში, ზღვასთან ახლოს მდებარე ქონება 2021 წლიდან „საქართველოს საპარტნიორო ფონდისთვის“ იყო გადაცემული, მანამდე კი, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა.

სახელმწიფომ, 2023 წლის სექტემბერში, ქონება ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა, ქობულეთმა კი – 2023 წლის 31 ოქტომბერს – აჭარას, შემდგომში პრივატიზებისთვის.

ამ სახლში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა.

ეს „მემკვიდრეობა“ დღემდე მიტოვებული და მოუვლელია.

წლების წინ აქ ჩაის მუზეუმის გახსნის იდეაც განიხილებოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

რა სახის მედიკამენტები იწვევს კუჭის წყლულს და როგორია დიეტა ამ დროს

პეპტიური წყლული მტკივნეული ღია წყლულია, რომელიც კუჭის შიდა გარსზე და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილზე ვითარდება. ცოტამ თუ იცის, რომ პეპტიური წყლულების განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა გასტრიტის გამომწვევ ჰელიკობაქტერიასთან ერთად მედიკამენტურ ფაქტორს, კერძოდ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას უკავშირდება. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი ხათუნა ციცქარავა ამბობს, რომ წყლულის მდგომარეობა შეიძლება გაართულოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი და ცხარე საკვები.

  • ქალბატონო ხათუნა, რა იწვევს წყლულს?

აქ ორი ძირითადი მიზეზია, ჰელიკობაქტერია და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების [მათ შორის ტკივილგამაყუჩებლების] ჭარბი გამოყენება.

ჰელიკობაქტერია [Helycobacter pylori] აზიანებს კუჭის ან და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსს, აქვეითებს მის დამცავ ფუნქციას და ხელს უწყობს ლორწოვანზე პათოლოგიის ანუ წყლულის ჩამოყალიბებას.

ჰელიკობაქტერია ასევე ხელს უწყობს პროცესს, რის შედეგადაც მჟავა აზიანებს კუჭის კუნთოვან ნაწილს. სხვა შემთხვევაში ვითარდება კუჭის ლორწოვანი ზედაპირული დეფექტი და ამ მდგომარეობას ეროზია ჰქვია.

ჰელიკობაქტერიის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ კუჭში წყლული აუცილებლად განვითარდება. ჰელიკობაქტერიის გავრცელება პოპულაციაში მაღალია, თუმცა ძირითადად – პათოლოგიური გამოვლინების გარეშე. 

MayoClinic: ჰელიკობაქტერია გადადის ადამიანიდან ადამიანზე ნერწყვთან ან ფეკალურ მასასთან პირდაპირი კონტაქტით. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით.

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივად და დიდი დოზით მოხმარება ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წყლულის განვითარების. როდესაც ამ პრეპარატებს იღებს ადამიანი, ხშირად წყლულოვანი პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ იმ პირებს, ვისაც ასეთი მედიკამენტები აქვთ დანიშნული, სჭირდებათ მონიტორინგი/ვიზიტი გასტროენტეროლოგთან.

როცა ადამიანს თვეზე მეტი ხნით აქვს დანიშნული არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, სასურველია, რომ თვის ბოლოს ან თვე-ნახევარში გაიაროს კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან. ამ მედიკამენტებს შორის არის ტკივილგამაყუჩებლები, რასაც მოსახლეობა საკმაოდ ხშირად მოიხმარს.

  • რამდენად რეალურია, რომ სტრესი ამწვავებს წყლულოვან პათოლოგიას?

სტრესი და ფსიქოემოციური დატვირთვა საკმაოდ უწყობს ხელს წყლულოვანი პროცესისა და ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას. მასთან ერთად მდგომარეობის გამამწვავებელი (და არა გამომწვევი) ფაქტორებია ალკოჰოლი, თამბაქოს მოხმარება, კოფეინის მაღალი შემცველობა და ცხარე საკვები.

  • რა სიმპტომები ახასიათებს?

ერთ-ერთ წამყვანი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კუჭის წყლულის დროს არის მღრღნელი ხასიათის ტკივილი კუჭის მიდამოში. ტკივილი ძირითადად აღინიშნება ღამით და ძირითადად მშიერზე, მაშინ, როდესაც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს სიმპტომატიკა ვითარდება ჭამის შემდგომ. დანარჩენი ნიშნებია: სიმძიმის  და სისავსის შეგრძნება კუჭის არეში, შებერილობა, ძლიერი გულძმარვა, გულისრევა და ღებინება.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

გართულებები შეიძლება აღმოცენდეს როგორც ადრეულ, ისე გვიან სტადიაზე. პაციენტთა დაახლოებით 20%-ში აღინიშნება სისხლდენა. სისხლდენის დამახასიათებელი ნიშანია სისხლიანი ღებინება და მელენა [შავი ფერის ან სისხლიანი განავალი], რომელიც მიუთითებს იმას, რომ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში სისხლდენაა დაწყებული.

შემდგომი გართულებაა პერფორაცია, ანუ კუჭის მთლიანობის დარღვევა, რომლის დროსაც შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში; ასევე, შესაძლოა წყლული ჩაიზარდოს მეზობელ ორგანოებში. 

ყველაზე მძიმე გართულებაა წყლულის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება [მალიგნიზაცია], რის თავიდან ასაცილებლადაც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მონიტორინგი და ბიოფსია.

  • რა გამოკვლევები ტარდება დიაგნოსტირებისთვის?

დიაგნოსტიკა ხდება გასტროდუოდენოსკოპიით, ამ დროს დეტალურად ხდება საყლაპავი მილის დათვალიერება, თვითონ კუჭის, კუჭის ლორწოვანის, თორმეტგოჯა ნაწლავის და ხდება ორგანოების მდგომარეობის ძალიან მაღალი სიზუსტით შეფასება. ამ დროსვე ისაზღვრება მჟავიანობის დონე.

გარდა ამისა, საჭიროა კვლევა ჰელიკობაქტერიაზე.

  • მკურნალობა როგორია?

წყლულის მკურნალობა კომპლექსური პროცესია და ის რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მოწოდებულია 3 და 4-კომპონენტიანი მკურნალობის კურსი. ძირითადად ეს არის მედიკამენტური მკურნალობა. მკურნალობა მიმართულია მარილმჟავას სეკრეციის შეჩერებასა და ლორწოვანის დამცავი ფუნქციის აღდგენაზე. თუ მიზეზი ჰელიკობაქტერიაა, მაშინ ანტიბიოტიკოთერაპია ერთვება მკურნალობაში.

  • რა სახის რეკომენდაციები არსებობს კვებასთან დაკავშირებით?

დიეტის დაცვა აუცილებელია ასეთი სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცხიმიანი [განსაკუთრებით ღორის ხორცი], მლაშე/მარილიანი, შებოლილი და ცხარე  საკვები. არ შეიძლება მაიონეზი და ტომატიანი საკვები. მნიშვნელოვანია, გამოვრიცხოთ  წყლულოვანი დაავადების მაპროვოცირებელი ყველა რისკ-ფაქტორი – თამბაქო, კოფეინი, ალკოჰოლი.

არ შეიძლება ზედმეტად ტკბილი პროდუქტი, ასევე ტკბილი გაზიანი წვენები. მინერალური წყლის მიღებასთანაც საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესი – არ მიიღოთ მინერალური წყალი ჭამის დროს, ის შეიძლება მხოლოდ კვებიდან ორი ან ორ საათ-ნახევრის შემდეგ.

_________________________________________

Mayoclinc წერს, რომ კუჭის წყლულის ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

  • სტრესის კონტროლი – სტრესმა შეიძლება გააუარესოს პეპტიური წყლულის ნიშნები და სიმპტომები. გარკვეული სტრესი გარდაუვალია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სტრესთან გამკლავების ტექნიკები.
  • თამბაქოზე თავის დანებება – მოწევამ შეიძლება დააზიანოს კუჭის დამცავი ლორწოვანი გარსი, რაც თქვენს კუჭს უფრო მოწყვლადს გახდის წყლულის განვითარების მიმართ. მოწევა ასევე ზრდის კუჭის მჟავიანობას.
  • შეზღუდეთ ან მოერიდეთ ალკოჰოლს – ალკოჰოლის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გააღიზიანოს და გაანადგუროს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსი, გამოიწვიოს ანთება და სისხლდენა.

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 31 ოქტომბერს, საღამოს მოხდა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

მიწა გონიოს ხიდთან ყოფილი დეპუტატის კომპანიამ იყიდა – აუქციონი პირობით და უპირობო ხელშეკრულება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებული 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდდა. ნაკვეთი 2 მილიონ 465 ათას ლარად ერთი ბიჯით, შპს „მტზ-კომპანიმ“ იყიდა, რომლის დირექტორი ყოფილი პარლამენტარი იაშა შერვაშიძეა. კომპანიის მესაკუთრე კი – ყოფილი პარლამენტარის მეუღლე.

სამინისტრომ კომპანიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 6 ოქტომბერს გააფორმა.

19 597 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი „მტზ-კომპანიმ“ საკუთრებაში 2023 წლის 20 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა რეესტრის ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად „უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება“ არის მითითებული.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან

ვინაიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული ქონება პირობებიან აუქციონზე გაყიდა, რატომ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასთან ქონების უპირობო პრივატიზებაზე? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს მიმართა.

„ტექნიკური შეცდომაა და გაასწორებენ“, – მოგვწერეს სამინისტროს პრესსამსახურიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ.

მიუხედავად ამისა, ეს ჩანაწერი რეესტრში დღემდე [31 ოქტომბერი] არ შეცვლილა.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, კომპანიას ეკრძალება ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა ან გასხვისება სამინისტროს თანხმობის გარეშე, თუმცა რატომ და რა ვადით, არ არის მითითებული:

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან

„ბათუმელებს“ კომპანიასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ გამოუთხოვია, თუმცა აუქციონის პირობის მიხედვით, „მტზ-კომპანიმ“ საპრივატიზებო თანხა სრულად 2025 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა გადაიხადოს.

ამასთან, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან:

  • „12 თვის ვადაში – ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „საწარმოო ზონის“ შესაბამისი საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა) მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • 30 თვის ვადაში – საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება;
  • 36 თვის ვადაში – საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა), ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს.“

კომპანიამ დასაქმებულთა თანაფარდობა და საწარმოს პროფილი ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. აღნიშნულ პროექტში კი, მთლიანობაში არანაკლებ 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „მტზ-კომპანი“ ბათუმში 2018 წელსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი იაშა შერვაშიძეა, კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი კი, მისი მეუღლე – ზინა ტურაშვილი.

იაშა შერვაშიძე საქართველოს VII – VIII  მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით, მაჟორიტარული სიით შევიდა. ის ქედის მაჟორიტარი იყო. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისიც „ოცნებაში“ გადავიდა.

იაშა შერვაშიძე და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ბათუმში, ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის ქუჩებს შორის ჰექტრობით ფართობს ფლობენ და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის სტადიონთან მინიმუმ 4 თაუერის აშენებას გეგმავენ – პარლამენტიდან ბიზნესში

„ტურისტერი“ – ტურიზმის ფესტივალი ბათუმში აქცენტით ციფრულ ტექნოლოგიებზე

„ტურისტერი 2023“ – ასე ეწოდება ტურისტულ ფესტივალს, რომელიც 10-11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული სააგენტო „შინდია“.

„ტურისტერის“ წლევანდელი თემატიკა ტურიზმში ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებასთან ერთად, მონაცემთა ანალიტიკა, ტურისტის ქცევის ცვლილება და ტურისტული მარკეტინგი იქნება.

ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, „ტურისტერი“ შესაძლებლობას იძლევა გავეცნოთ მომავლის ტექნოლოგიებს, მიდგომებსა და ტრენდებს, რომლებსაც უკვე ეფექტურად იყენებენ დასავლეთის ქვეყნებში.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც მუშაობენ უკეთესი მომავლისთვის. ტურისტული სფეროს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ცოდნისა და გამოცდილების მიღებასთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ დაბალანსებული წარმოდგენა შეექმნათ საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტზე“ – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა ცვლილებებია ტურიზმში და როგორ უნდა მოვერგოთ ტურისტის საჭიროებებს:

„იმისათვის, რომ ქართული ტურიზმი სწრაფად ადაპტირდეს ამ ცვლილებებთან და გადაერთოს მდგრად განვითარებაზე, აუცილებელია გავიგოთ, როგორ შევცვალოთ ტურიზმის სტრატეგიები“.

„ტურისტერი 2023-ის“ ერთ-ერთი მთავარი თემაა ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში.

ფესტივალის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა Google Cloud-ი, TripAdvisor-ი და Expedia, ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობენ მოერგონ ტურისტის ქცევის ცვლილებას, შექმნან ახალი, განსხვავებული პროდუქტები და უპასუხონ თაობათა შორის ქცევით განსხვავებებს.

„ტურისტერი 2023-ის“ ფარგლებში სწორედ აღნიშნული კომპანიების – Google Cloud-ის, TripAdvisor-ისა და Expedia-ს წარმომადგენლები ისაუბრებენ ამ თემებზე და მსმენელებს გაუზიარებენ გამოცდილებას და საუკეთესო, საერთაშორისო, მათ შორის ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ მაგალითებს.

კერძოდ:

Google Cloud-ის ციფრული ტრანსფორმაციების ექსპერტი, ჟივკო გურმანოვი ისაუბრებს რა ხელსაწყოებს სთავაზობს Google Cloud-ი სტუმარმასპინძლობის და უძრავი ქონების სფეროს და როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების გამოყენება მონაცემთა შეგროვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის;

Expedia-ს აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების განვითარების კოორდინატორი, ლაურა მილოშ სანჩესი ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე, მოგზაურობის დაგეგმვის ახალ თავისებურებებზე და ამ მიმართულებით ახალ ტრენდებზე ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მაგალითებზე დაყრდნობით, ხოლო კონკრეტული აქცენტი სასტუმრო და ავია ინდუსტრიაზე გაკეთდება;

ასევე, Tripdavisor-ის აღმოსავლეთ ევროპის კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, ალექს გროსი ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე, თაობებს (თაობა X, მილენიალები , Z) შორის განსხვავებულ ქცევებზე და როგორ პასუხობს Tripdavisor-ი აღნიშნულ ცვლილებებს.

ფესტივალის ფარგლებში Google Cloud-ი და TripAdvisor-ი გამართავენ ვორკშოპებს, სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული ეს თემები.

„ვორკშოპებზე, წარმატებული ევროპული პრაქტიკის შეფასებით, განვიხილავთ როგორც ტურიზმის საგადასახადო სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე „ლურჯ ეკონომიკას“ – თუ რა მნიშვნელობა აქვს საზღვაო ეკონომიკას, საზღვაო ტურიზმს, ტრანსპორტირებასა და აკვაკულტურის საკითხებს ჩვენი რეგიონისთვის“ – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია იმ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოფენა, რომლებიც სტუმარმასპინძლობის სფეროსთვის ახალ მიმართულებებს ქმნიან. მამუკა ბერძენიშვილის შეფასებით, ფესტივალი საერთაშორისო კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია, ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობს, სტუდენტებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ორდღიანი ფესტივალი სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ გაიმართება.

ფოტოზე: მამუკა ბერძენიშვილი, „ტურისტერის“ აფიშა

______________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

მოხალისეობა საქართველოში – ვის როდის და რატომ ვეხმარებით

რატომ გვიჩნდება სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დავეხმაროთ სხვებს? –  თანაგრძნობის ბუნებრივი უნარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს უბიძგებს, გახდნენ მოხალისეები და გაიღონ საკუთარი დრო და რესურსი სხვისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

საქართველოში მოხალისეობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. უახლოეს წარსულში ამის მაგალითია 17 ივნისს თბილისში, დიდ დიღომში, 11 წლის გოგონას ძებნაში როგორ ჩაერთო ასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ, საკუთარი სურვილით.

ასევე, ახლო წარსულში მოხალისეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მაგალითია 2015 წლის წყალდიდობა თბილისში, როცა მდინარე ვერე ადიდდა, დატბორა „მზიური“, ზოოპარკი. წყალდიდობამ შეიწირა ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე.

სტიქიის მეორე დღეს შეიქმნა ფეისბუქჯგუფი: „13 ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება“ და მოხალისედ დარეგისტრირდა 10 000-ზე მეტი ადამიანი.

მოხალისე ნიკა დავითაშვილი 8 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს. სწორედ მან შექმნა ონლაინდოკუმენტი ამ დღეებში მოხალისეების დასარეგისტრირებლად. ნიკა პროფესიით პროგრამისტია, ივნისის წყალდიდობის ტრაგედიამდე იცავდა ვაკის პარკს, სადაც მშენებლობას გეგმავდნენ და კარგად ჰქონდა შესწავლილი ინფორმაციის სწრაფად გავრცელების მეთოდები.

მოხალისეები მზიურის ტერიტორიას ასუფთავებენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ნათია გაბეჩავა. 16.06.2015

ნიკა ძირითადად კომპიუტერთან იჯდა და მოხალისეებს კრებდა, ინფორმაციას ავრცელებდა და ერთმანეთთან აკავშირებდა სხვადასხვა ჯგუფს:

„მიუხედავად იმისა, რომ ღამით არ მეძინა იმ დღეებში, მაინც არ ვიღლებოდი. ეს იყო დიდი ადრენალინი და მუდმივი შეგრძნება იმის, რომ უზარმაზარი საქმე გვქონდა ყველას ერთად გასაკეთებელი.

ცოტა მოულოდნელიც კი იყო ადამიანების მაშინდელი თანადგომა და თავდაუზოგავი შრომა. ძალიან სწრაფად გავავრცელეთ ინფორმაცია. ძალიან ბევრმა მიიტანა წყალდიდობის ტრაგედია გულთან. ყველა მზად იყო დახმარებოდა დაზარალებულებს. შრომობდნენ, დროს, რესურსებს, ენერგიას ახმარდნენ ტერიტორიის დალაგებასა და გაწმენდას.

იმ დღეებში ბევრს ჰქონდა განცდა, რომ საქართველოში რეალური, ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება სწორედ 2015 წლის ივნისში დაიბადა, მოხალისეობის დიდ მუხტთან ერთად.

ალბათ ასე ფიქრობდნენ 1920 წლის მაისშიც, ქუთაისში, როცა გიმნაზიელები ჯერ ერთად კრეფდნენ, მერე კი ჰყიდდნენ გვირილებს ქუთაისის ქუჩებში და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს ეხმარებოდნენ. მოხალისეობის ეს იდეა გიმნაზიელ ალექსანდრა ჩიქოვანს ეკუთვნოდა. ტუბერკულოზი მე-20 საუკუნის დასაწყისში მომაკვდინებელი დაავადება იყო და წამალი არ არსებობდა.

„გვირილობა“ ქუთაისში. საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

სწორედ ასე დაიბადა „გვირილობა“ ქუთაისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ დღესასწაული გაუქმდა და 60 წელი აღარავის აღუნიშნავს, თუმცა ქუთაისს „გვირილობა“ 1980-იანი წლებიდან დაუბრუნეს და დღემდე ყოველწლიურად აღინიშნება.

მოხალისეების ძალისხმევა მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. საქართველოში ასობით მოხალისე სრულიად უანგაროდ ზრუნავს მიუსაფარ კომპანიონ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე, გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

ბათუმელმა მასწავლებელმა, თეონა ყურშუბაძემ „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ 5 წლის წინ შექმნა ფეისბუქზე. ჯგუფში 10 000-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, რომლებიც საკვებით, წამლებით და ნივთებით ეხმარებიან მიუსაფარ ცხოველებს. ნაავარიევი ძაღლებისა და კატებისთვის აგროვებენ ფულს ოპერციებისთვის, სტერილიზაცია-კასტრაციისთვის და ცდილობენ გააჩუქონ მიუსაფარი ცხოველები:

„მეგობრების, ნაცნობების, ნათესავების დიდი წრე მყავს და ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს და ცხოველებს. ადამიანი მოგიყვება მაინც რა უჭირს და გაგაგებინებს, ცხოველებს კი ჩვენით უნდა მივხვდეთ რა სჭირდებათ, ეს მათ ბევრად უფრო მოწყვლადს ხდის.

თეონა ყურშუბაძე. ფოტო: facebook

ვთხოვდი ყველას, ვისაც მეტისი ჰყავს სახლში, კატა იქნება თუ ძაღლი, გთხოვთ, არ გაამრავლოთ მიუსაფარი ცხოველები, რადგან ეს საქართველოში კანონით არ რეგულირდება, თუ კასტრაცია-სტერილიზაციის საშუალება არ გაქვთ მოგვმართეთ და დაგეხმარებით. მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლება მათ საშინელ დღეში ჩაგდებას ნიშნავს.

მოხალისეობა უანგაროდ, უსასყიდოდ რაიმეს კეთებას გულისხმობს, სიტყვაც ამას მიგვანიშნებს – ხალისით რამის კეთება. ეს ცხადია არ არის ჩემი შემოსავლის წყარო. პროფესიით პედაგოგი ვარ, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც მიყვარს. მოხალისეობა ჩემი ნებაყოფლობითი საქმიანობაა“ – ამბობს თეონა ყურშუბაძე.

სამი წლის წინ საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მოხალისეობაზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმა შეიქმნა, სადაც ერთდროულად ხდები მოხალისე და სხვა მოხალისეებისგან შემოთავაზებული დახმარების მიმღებიც. 

volunteer.ge – ასე ჰქვია ვებგვერდს, სადაც დარეგისტრირება შეუძლიათ მოხალისეთა დახმარების საჭიროების მქონე პირებსაც და მოხალისეობის მსურველებსაც, როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს. 

ვებგვერდზე დარეგისტრირებული ადამიანი წერს, თუ რაში სჭირდება დახმარება, მის ირგვლივ კი მოხალისეები იკრიბებიან. ამ დახმარების საპირწონედ მოხალისე, რომელიც სხვას დაეხმარება, საკუთარ ანგარიშზე აგროვებს მოხალისეობაში გახარჯულ დროს. შემდეგ კი ამ დროით თავადაც შეუძლია მიიღოს სხვისგან მოხალისეობრივი სარგებელი. 

ვებგვერდის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ლიკა კილაძეა – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღირიცხოს, რა დროს მოახმარენ ვებგვერდზე დარეგისტრირებულები მოხალისეობრივ საქმიანობას. 

„ამ სტატისტიკას ვაწარმოებთ სამომავლოდ მოხალისეობასთან დაკავშირებული სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად. გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერთ მოხალისეობრივ იდეას და ამ კულტურის პოპულარიზაციას ჩვენ ვართ პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული, ადვოკატირებას ვუწევთ სხვადასხვა მხარეს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სტრუქტურასთან და ვაკვირდებით, რა ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოაქვს მოხალისეობას, ეს შრომა გაზომვადია“ – ამბობს volunteer.ge-ს წარმომადგენელი. 

მოხალისეობის კულტურა საქართველოში და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა ხელისუფლებამ.

სწორედ ესა აღნიშნული ღია საზოგადოების ფონდისა და ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში – „სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო გამოცდილება“. კვლევაში ვკითხულობთ, რომ გაეროს მონაცემებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოხალისეობა არაპოპულარულია.

ამ ფაქტს მკვლევრები იმით ხსნიან, რომ საბჭოთა კავშირში მოხალისეობა კომუნისტური იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი იყო, რაც ხშირად იძულებით და სავალდებულო შრომას გულისხმობდა, მოხალისეობა კი პირველ რიგში საკუთარი სურვილის, სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაა.

თუმცა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიასაც კი გადაურჩა ძველი ქართული ტრადიცია, რაც მოხალისეობის და თანადგომის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ. ეს გარდაცვლილის ოჯახში სადილის მიტანის ტრადიციაა, რომელიც საქართველოს ბევრ კუთხეში დღემდე არსებობს.

სადილი მგლოვიარე ოჯახში მიაქვთ მეზობლებს, ოჯახის წევრის გარდაცვალების პირველსავე დღიდან.  როცა ვინმე გარდაიცვლება, იკრიბებიან ოჯახის მეზობლები, „მოხალისეები“ და ინაწილებენ, ვინ რომელ დღეს უნდა უზრუნველყოს საკვებით მგლოვიარეები, მიცვალებულის დაკრძალვამდე.

„ხარჯის გაღებას“ გარდაცვლილის მეზობლებს არავინ ავალდებულებს, თუმცა დიდ სირცხვილად მიიჩნევა ამ საქმისთვის თავის არიდება. ტრადიციის საფუძველი გარდაცვლილის ოჯახისთვის    მატერიალური საზრუნავის ჩამოშორება და ამ ფორმით მძიმე დღეების შემსუბუქებაა.

შრომაში მოხალისეობის მაგალითია კიდევ ერთი ცოცხალი ტრადიციაა – ნადი. ყანის მკის, ხვნისა თუ თესვისას დღემდენ იკრიბებიან ოჯახის ახლობელ-ნათესავები, შორეული თუ ახლო მეზობლები და ეხმარებიან ერთმანეთს.

მოხალისეობას ვერავის აიძულებ, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში თავად მოხალისეობის წამახალისებელი მიდგომები მოქმედებს. მაგალითად, როცა უცხოელისთვის საფრანგეთის მოქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხი დგება, ამ დროს სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იყო თუ არა ჩართული პირი საფრანგეთში მოხალისეობრივ საქმიანობაში, სულერთია, რომელ სფეროში.

მოხალისეებს  გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის, სხვა ადამიანების ან ცხოველების დახმარების უანგარო სურვილი აერთიანებთ. ეს სურვილი კი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არ იკარგება.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.  

 

ბათუმი-ხულოს გზაზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდა | ხიჭაურიდან-გომარდულის ასახვევამდე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ბათუმი-ხულოს გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში – ავტოტრანსპორტის მოძრაობა პირველი ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შეიზღუდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-60 კმ-ზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან ორი თვის განმავლობაში,

ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე

შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-დან (სოფ. ხიჭაური) კმ65-მდე (სოფ. გომარდულის ასახვევი) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად 2022 წლიდან იზღუდება:

ამავე თემაზე:

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

 

რას ამბობს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში „საინტერესო საქმეების“ გადანაწილებაზე

„ელექტრონული გადანაწილება ჩვენ მოცემულობაში ვერ უზრუნველყოფს თანაბრობას: ზოგიერთი მოსამართლე ნაკლებად დატვირთულია და საქმეებს ნაკლებად განიხილავს, თუმცა ჩვენთან ისეთი მოსამართლეები არიან პრივილეგირებული, უმჯობესია, მაგათ არც განიხილონ რომელიმე საქმე,“ – ხუმრობის განწყობაზე მოდის ადვოკატი ბექა ბასილაია, როცა მას საქმეების ელექტრონულ გადანაწილებაზე ვესაუბრებით.

ეს სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. ამ მოდელმა უნდა უზრუნველყოს როგორც თანაბრობა მოსამართლეებს შორის, ასევე მიუკერძოებლობის პრინციპის შექმნა: არავინ იცოდეს წინასწარ, რომელი საქმე რომელი მოსამართლის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება.

რა შეიცვალა სასამართლო სისტემაში საქმეების ელექტრონული, შემთხვევითი გადანაწილების სისტემის ამოქმედებით?

„თუ მანამდე სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლო, პირდაპირ მიეტანა „საინტერესო“ საქმე მოსამართლემდე, ახლა ეს წესი იძლევა საშუალებას, რომ მოსამართლე მიიყვანონ კონკრეტულ საქმემდე. ეს არის ირიბი გზა იმისთვის, რომ „საინტერესო საქმე“ სისტემისთვის სასურველი მოსამართლის ხელში აღმოჩნდეს,“ – გვიყვება მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

პროგრამა ალგორითმის მიხედვით მუშაობს, როცა მოსამართლეებს რიგითობის მიხედვით უწევთ საქმეები, თუმცა სამართლებრივი ბაზა არაერთ დაშვებას ითვალისწინებს, მაგალითად, თუ მოსამართლე იმავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მისი სახელი და გვარი უფრო იშვიათად მოხვდება ელექტრონულ პროგრამაში, ვიდრე ჩვეულებრივი მოსამართლე.

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელსაც ხშირად აქვს პოლიტიკურად მაღალი ინტერესის მქონე საქმეები, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საქმე, თავის დაკვირვებას გვიზიარებს, რატომ ვერ აღმოჩნდა ეფექტური საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი გადანაწილების მოდელი:

„არ ვიცი, პრაქტიკაში რა მეთოდს იყენებენ, მაგრამ მთავარი პრობლემა ხომ ჩვენ შემთხვევაში არის დამოუკიდებელი მოსამართლეები. ეს სისტემა იმუშავებდა იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლეების დიდი ნაწილი დამოუკიდებელია და მცირე ნაწილთან გვაქვს მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების საფრთხე. ჩვენ დაახლოებით 10 პროცენტი გვყავს კეთილსინდისიერი მოსამართლე და 90 % – კონტროლირებადია.

სისტემის ამოცანაა, მისთვის საინტერესო საქმე არ მოხვდეს კეთილსინდისიერ მოსამართლესთან, რომ მან არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება არ მიიღოს,“ – გვიყვება ბექა ბასილაია.

ბექა ბასილაია

პრაქტიკაში რა სქემა მუშაობს იმისთვის, რომ პოლიტიკურად „საინტერესო საქმე“ დაინტერესებული ჯგუფისთვის სასურველ მოსამართლესთან მოხვდეს? – კანონი არაერთ გამონაკლისს უშვებს, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარეების ბუნდოვანი უფლებამოსილება, როცა მას შეუძლია მოსამართლეების მორიგეობის გეგმა დაუსაბუთებლად შეცვალოს, ან კლანისთვის არასასურველი მოსამართლე ერთი კოლეგიიდან მეორეში გაამწესოს.

სამხილი არ მაქვსო, შენიშნავს ადვოკატი ბექა ბასილაია, თუმცა მას ეჭვი აქვს, ამ მხრივ პროკურორებიც აქტიურობენ:

„პროკურორებმაც იციან, რომ პროგრამის ალგორითმი რიგითობის მიხედვით აწერს მოსამართლეებს საქმეებს. პროკურორებს აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელ მოსამართლეს რომელი საქმე ეწერება. თუ პროკურორს სურს, სასურველი საქმე არ მოხვდეს მისთვის არასასურველ მოსამართლესთან, იმ დღეს სხვა საქმეს შეიტანს სასამართლოში, მაგალითად, ნარკოდანაშაულის ან ქურდობის საქმეს. „არასასურველი“ მოსამართლის რიგი რომ ჩაივლის და სხვა საქმით დაკავდება, მერე შეიტანს სასამართლოში საქმეს, რომელსაც რომელიმე კონტროლირებადი მოსამართლე განიხილავს.

თუ დააკვირდებით, საქმეებზე, სადაც ხელისუფლების პირდაპირი ინტერესია გამამტყუნებელი განაჩენების მიღება, მუდმივად ხვდება იმ მოსამართლის ხელში, ვისგანაც ლოიალური განწყობა ხელისუფლებას გარანტირებული აქვს,“ – მიიჩნევს ბექა ბასილაია.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ელექტრონული განაწილების წესი არის ძალიან კარგი – საქმეები უნდა ნაწილდებოდეს შემთხვევითობით, მაგრამ ჩვენ მოცემულობაში ეს სისტემა ადამიანის ჩარევას არ გამორიცხავს: არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები და წესი უფრო გამოდის გამონაკლისი, ვიდრე თავად საგამონაკლისო შემთხვევები,“ – გვესაუბრება ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

მაია ბაქრაძე ამჯერად „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წევრია და გამონაკლისებზე ამახვილებს ყურადღებას:

„მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარე  ვერ ჩაერევა იმ საქმეების გადანაწილების სისტემაში, რომელიც ალგორითმის მიხედვით მუშაობს, თუმცა შეუძლია, მაგალითად, მოსამართლეების მორიგეობის გრაფიკი შეცვალოს.  შემთხვევითობის პრინციპი ასე ირღვევა.

ჩარევის შესაძლებლობა არის იმ შემთხვევაშიც, როცა სასამართლო ადმინისტრაციულ დავებზე ვადებში შეზღუდულია.

შემთხვევა იყო სააპელაციო სასამართლოში, როცა კონკრეტულ სპეციალიზაციაში საქმეებს მხოლოდ 3 მოსამართლე განიხილავდა. პროგრამას როგორც არ უნდა ემუშავა, სულ ამ სამ მოსამართლეში ატრიალებდა საქმეებს. ეს სამი მოსამართლე ერთი პალატის შემადგენლობა იყო.

სასამართლოს თავმჯდომარეებს შეუძლიათ, მოსამართლეები პალატიდან პალატაში გადააადგილონ, ან კოლეგიიდან – კოლეგიაში,“ – უყვება მაია ბაქრაძე „ბათუმელებს“.

მაია ბაქრაძე

ყოფილ მოსამართლეს თანაბრობის პრინციპის დაცვაზეც ვკითხეთ: რა სახის პრობლემაა, როცა თანამდებობაზე მყოფ მოსამართლეებს ნაკლებად უწევთ საქმის განხილვა?

„პრობლემაა ის, რომ ეს თანამდებობები იქცა ერთგვარ ცენზად და ჩინად. ამ წოდების ქვეშ ფუნქცია არ მოიაზრება, ამიტომაც ეს შეღავათები ძალიან უსამართლოა. მოდით, ვთქვათ, რა დამატებითი ფუნქციების შესრულება უწევთ, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარეებს? – სადაც მენეჯერები ჰყავთ, იქ ისინი ახორციელებენ მენეჯერულ ფუნქციებს, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს საერთოდ ფუნქცია არ აქვთ. თქვან მაშინ, რას აკეთებენ, რის გამო არ უნდა განიხილავდნენ საქმეებს?“

სასამართლო კლანის ცნობილი სახეები, რომლებსაც საქმეების განხილვა იშვიათად უწევთ, სახალხო დამცველის 2023 წელს გამოქვეყნებული საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდნენ:

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში დაეწერა 27 საქმე, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ამავე კოლეგიის დანარჩენ 5 მოსამართლეს 1840 საქმე – თითოეულს საშუალოდ 368 საქმე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ირაკლი ბონდარენკოს, 2022 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში სულ დაეწერა 3 საქმე, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში იმავე პალატის დანარჩენ 5 მოსამართლეს დაეწერა ჯამში 1109 საქმე – თითოეულს საშუალოდ 222 საქმე.

უზენაესი სასამართლოსა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 1 საქმე დაეწერა. მაშინ, როდესაც ამავე პალატის დანარჩენ 8 მოსამართლეს იმავე პერიოდში 1394 საქმე (თითოეულს საშუალოდ 174 საქმე) დაეწერა.

თვალშისაცემია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კიდევ ერთი მოსამართლის, ქეთევან ცინცაძისათვის დაწერილი საქმეების სიმცირე. მას 2022 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში სულ 31 საქმე დაეწერა.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, შალვა თადუმაძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში მხოლოდ 13 საქმე დაეწერა, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში პალატის დანარჩენ 5 მოსამართლეს ჯამში 1291 საქმე (თითოეულს საშუალოდ 258 საქმე) დაეწერა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, გიორგი მიქაუტაძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 7 საქმე დაეწერა, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში პალატის დანარჩენ 12 მოსამართლეს ჯამში 1693 საქმე (თითოეულს საშუალოდ 141 საქმე) დაეწერა,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

„თუ გადავავლებთ თვალს, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების სიხშირეს, თვალსაჩინოა, რომ არ აქვთ მათ ისეთი დატვირთულობა, რომ ამ დონით არ უწევდეთ საქმეების განხილვა. თანაც, როცა მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელს უშლის სისტემაში ახალი მოსამართლეების ნაკადის შემოდინებას,“ – ამბობს ანა პაპუაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების მიმართულების პროექტების კოორდინატორი.

„თანაც, თანამდებობაზე ერთი და იგივე პირები ხვდებიან: დიმიტრი გვრიტიშვილი, ლევან მურუსიძე და ასე შემდეგ,“ – დასძენს იურისტი.

ანა პაპუაშვილი

„საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის არსებული მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე არასათანადო გავლენების რისკების მინიმუმამდე შემცირებას. რიგ შემთხვევებში ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეების, ისე სასამართლოების კანცელარიებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის როლი ამ
პროცესში,“ – ვკითხულობთ შეფასების ანგარიშში „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა“ საქართველოში, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 2022 წელს გამოაქვეყნა და 2020-2021 წლების პერიოდს ასახავს.

„2020-2021 წლების პერიოდში, ჯამურად, 537 929 საქმე განაწილდა, აქედან შემთხვევითი პრინციპის დაცვით – 333 485 საქმე. შესაბამისად, საქმეთა მესამედზე მეტი ისევ შემთხვევითობის პრინციპის დაუცველად ნაწილდება და წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ, გაუმჯობესება არ შეინიშნება,“ – კვლევაში აქცენტირებულია ის, რომ ამ თემაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის სტანდარტიც გაუარესდა.

შეფასების ანგარიშში რამდენიმე ფაქტორია ხაზგასმული, რაც ელექტრონული გადანაწილების სისტემის ეფექტურობას ხელს უშლის:

  • „სასამართლოს თავმჯდომარეებს კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. შესაბამისად, არსებული კლანურობისა და კორპორატივიზმის ფონზე, დიდია მათ მიერ რიგი უფლებამოსილებების არაკეთილსინდისიერად, თვითნებურად გამოყენების რისკები. პრობლემას წარმოადგენს თავმჯდომარეებისთვის ისეთი ფართო უფლებამოსილებების მინიჭება, რომლებიც სუბიექტური შეფასების და ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არალეგიტიმური ზეგავლენის შესაძლებლობას იძლევა.
  • კვლავ ბუნდოვანია, ვინ და რა გარემოებებზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს „აუცილებელი შემთხვევის“, „მართლმსაჯულების შეფერხების თავიდან აცილების“ ან/და „ობიექტური გარემოების“ არსებობა, რომელთა საფუძველზეც: ა) სხვა ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეს კონკრეტული საქმის განხილვის შესაძლებლობა ეძლევა, ბ) ჩერდება საქმეთა განაწილება და საქმე განსახილველად სხვა მოსამართლეს გადაეცემა;
  • მორიგეობის განსაზღვრა საქმეთა განაწილების სისტემის ერთ-ერთი პრობლემური ასპექტია, როგორც შინაარსობრივი, ისე ამ პროცესში სასამართლოს თავმჯდომარის ჩართულობის თვალსაზრისით. კერძოდ, საერთო სასამართლოებში მორიგეობის განრიგი წინასწარ არის განსაზღვრული, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ნებისმიერი ვადით შეიტანოს მასში ცვლილებები. შესაბამისად, საქმეთა მორიგეობით განაწილების წესი საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების წესით განსაზღვრულია კონკრეტულ მოსამართლეზე საქმეების განაწილების შეჩერების შესაძლებლობა სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის, შვებულების, ორსულობის, სამსახურებრივი მივლინებისა და დეკრეტული შვებულების საფუძვლებით.
  • სასამართლოს თავმჯდომარეებთან მიმართებით, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ისაა, რომ მათ მოსამართლეები კი არ აირჩევიან, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. თავად საბჭოში არსებული კლანურობისა და კორპორატივიზმის პრაქტიკების გათვალისწინებით, ასეთი მოწესრიგება თავმჯდომარეების საშუალებით ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არასათანადო ზეგავლენის მოხდენის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის,“ -აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშში.

„საქმეთა ელექტრონული გადანაწილება პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს გადატვირთულობას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს. ეს ის პრობლემაა, რომელსაც თავად სასამართლო სისტემა ადასტურებს,“ – ამბობს ანა პაპუაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი. მისი აზრით, პირველ რიგში, მოსამართლეების მოტივაციაზე აისახება ცუდად რეალობა, როცა მათ ასობით საქმე აწერიათ, კონკრეტულ მოსამართლეებს კი, 3-4 საქმე აქვთ.

„გარდა იმისა, რომ გადატვირთული მოსამართლეების მოტივაციაზე აისახება ეს, ამას გავლენა აქვს მოსამართლის დროის მენეჯმენტზე, ის აცილებს ვადებს და მისი გადაწყვეტილების დასაბუთება იქნება ნაკლებად ხარისხიანი.

გარდა ამისა, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ერთ-ერთი წინაპირობა იქმნება, როცა არ ვიცით, რომელი მოსამართლე განიხილავს ჩვენს საქმეს. როცა საქმეების მესამედზე მეტი არ განიხილება შემთხვევითობის პრინციპით და კორპორატივიზმის საფრთხეებზე ვსაუბრობთ, მოქალაქეებს არ აქვთ გარანტია, რომ მისი საქმე დამოუკიდებელ მოსამართლესთან შეიძლება მოხდეს,“ – გვიყვება ანა პაპუაშვილი.

თუ კლანს აქვს მეტ-ნაკლები გავლენა ყველა მოსამართლეზე, რატომ შეიძლება მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყოს საქმეების ელექტრონული გადანაწილების პროგრამა და ის, თუ რომელი მოსამართლის ხელში მოხვდება მისი საქმე?

„ჩვენ ჰიბრიდულ რეჟიმად მოვიხსენიეთ სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დაშვება: სისტემაში არსებობენ კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლეები.

გვინდა, გვჯეროდეს, რომ სისტემაში ასეთი მოსამართლეები არიან და ასეცაა: თუ წინა ხელისუფლების დროს საუბარი იყო მოსამართლეების ტოტალურ კონტროლზე, დღეს ცალკეულ საქმეებზე არის შანსი, რომ სასამართლომ სამართლიანი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ელექტრონული გადანაწილების არსებული სისტემა იძლევა შესაძლებლობას, განსაკუთრებული ინტერესის საქმეები არ მივიდეს კეთილსინდისიერ მოსამართლემდე,“ – აღნიშნა ანა პაპუაშვილმა „ბათუმელებთან“.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

„ოცნების“ დეპუტატმა ბერაიამ ღირსების შემლახავი ფრაზებით მიმართა ქალ კოლეგას

„უსინდისო, სამარცხვინო, მატყუარა და უღირსი ადამიანი“, – ამ სიტყვებით მოიხსენია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ბერაის შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ გამიჯვნია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიას, რომელიც დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებდა, სიტყვით გამოსვლის დრო გაუგრძელა.

„მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა“, – თქვა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

„ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ქალი დეპუტატი თეონა აქუბარდია სიტყვიერად შეურაცხყო

„არ ითამაშო გამყოფი ხაზის მხარეს“ – ამბები მდუმარე სოფლიდან

„გიმნაღურა უდეს ქაგურ ხურჩაქ“ – ხურჩა მგლოვიარე გახდაო, ასე ამბობენ აქაურები, როცა ჩვენი მდგომარეობის აღწერა სურთ.

ადამიანი რომ გარდაიცვლება და სიჩუმე ისადგურებს, ეგეთი სიჩუმეა ახლა სოფელში გამსვლელი პუნქტის ჩაკეტვის და მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ,“ – ასე იწყებს საკუთარ სოფელზე საუბარს ხურჩაში მცხოვრები ლია კვარაცხელია.

ხურჩა ოკუპირებულ აფხაზეთთან გამყოფ ხაზზე მდებარე სოფელია. ის ორ მდინარეს – ენგურსა და ხურჩას შორისაა მოქცეული და სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება. ხურჩა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის, ნაბაკევი კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელია.

2017 წლამდე ხურჩაში მოქმედებდა ე.წ. გამშვები პუნქტი – ადგილობრივი მოსახლეობა ორივე მხრიდან იყენებდა ამ პუნქტს მიმოსვლისათვის.

„ორი „მარშუტკა“, ერთი მუნიციპალური ავტობუსი და 45 ტაქსი მუშაობდა ხურჩაში. მაღაზიები მუშაობდა, კაფე-ბარი იყო, თონის პური ცხვებოდა. გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა ორივე მხარეზე – ქართულზეც და აფხაზურზეც.

იმიტომ, რომ გალის რაიონის სოფლებიდან მოსახლეობა ჩვენთან გადმოდიოდა სავაჭროდ. სანტექნიკაც კი აქედან მიჰქონდათ. ვგიჟდებოდი – ორჯერ დამწვარი მოსახლეობა, მესამეჯერ აკეთებდა სახლს,“ – გვიყვება ხურჩის მცხოვრები ნონა თორია-ბუკია.

2017 წლის მარტში გამშვები პუნქტი დაიკეტა. დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა მხოლოდ ენგურის ხიდის გავლითაა შესაძლებელი.

გამშვები პუნქტის დაკეტვას წინ უძღოდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. 2016 წელს სწორედ ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, მდინარე ხურჩაზე გადებულ ხიდზე მოკლა აფხაზმა მესაზღვრემ გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2016 წელს შეცვალა კანონი –  ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლების მიზნით გამშვები პუნქტების შემცირება გადაწყვიტა. ამ ცვლილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა გალის რაიონში. თუმცა საბოლოოდ გამშვები პუნქტები მაინც გაუქმდა.

გამყოფი ხაზი მდინარე ხურჩისწყალზე. ამ ხიდის მიღმა ოკუპირებული აფხაზეთია

ხურჩელები ამბობენ, რომ ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტის დაკეტვამ „დრამატულად გაზარდა სოფელში მიგრაცია“.

„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითოეული ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინცაა საზღვარგარეთ წასული. ჩვენი ქალები იტალიაში არიან. ზოგჯერ ვიცინი ხოლმე – პატარა ხურჩა აქვთ იქ გახსნილი-მეთქი.

დასვენების დღეს ერთად იკრიბებიან. სურათებს რომ დადებენ ხოლმე, იმხელა სურათია… მთელი ჯარი დგას ქალების. მთელი სოფელი იქ არის – შრომობენ და ოჯახს ინახავენ.

კაცები პოლონეთში არიან. ახალგაზრდობის 70% წასულია ან საზღვარგარეთ, ან შიდა მიგრაციაში,“ – ამბობს ხურჩაში მცხოვრები ელისო შამათავა.

თუმცა მიგრაცია მხოლოდ ერთი სოფლის პრობლემა არაა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ოდენობა 2002 წელთან შედარებით 47 %-ით იყო შემცირებული. 2002 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარედ 29 675 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს – 15 603 ადამიანი.გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა, 2019

ბოლო წლების მზარდი მიგრაციის ფონზე, უცნობია უკანასკნელი ათი წლის მონაცემები.

72 წლის ნონა  თორია-ბუკია სამჯერ გახდა დევნილი. პირველად 1992 წელს, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, მეორედ – 1998 წელს, ე.წ. გალის მოვლენების დროს, ბოლოს კი 2008 წელს – რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

ნონა თორია-ბუკიას სახლი ხურჩაში გზის პირას დგას. „ომის დროს ამ სახლში აფხაზების შტაბი იყოო,“ – გვიყვება.

„ცარიელი სახლი დამიტოვეს აფხაზებმა, ყველაფერი წაიღეს. თავიდან შევიძინე ყველაფერი, მეორადი,“ – იხსენებს ნონა და მუდმივი საფრთხის შეგრძნების ქვეშ ცხოვრების მიუხედავად ხურჩაში დარჩენის მოტივს ასე ხსნის:

„ჩვენ რომ არ ვიყოთ აქ, სოფელი და ხალხი რომ არ იყოს, თავისუფლად შემოვა რუსი. არაფერი არ შეუშლის ხელს“.

ნონა ბუკია-თორია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ნონა თორია-ბუკია ფონდ „სოხუმის“ ქალთა მხარდამჭერი ცენტრის მობილიზატორია გამყოფი ხაზის სოფლებში – ხურჩაში, კოკსა და კახათში.

2000-იანი წლების დასაწყისში ნონამ თავის ხუთ თანასოფლელთან ერთად სათემო კავშირი „ხურჩა“ დააფუძნა. ამ კავშირის საშუალებით სოფელში შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შესვლა და პროექტებზე მუშაობა.

„იაპონიის საელჩოს ვთხოვეთ დახმარება. საელჩოს დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ 2010 წელს სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა,“ – გვიყვება ნონა თორია-ბუკია იმ მცირე თუ დიდ წარმატებებზე, რაც მისი და მისი თანამოაზრეების საქმიანობამ გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელს მოუტანა.

„იმდენი უბედურება გვქონდა გამოვლილი, ხმადაბლა ლაპარაკი არ შეგვეძლო, ვყვიროდით ხოლმე საუბრისას. ფონდი „სოხუმი“ შემოვიდა სოფელში პროექტით, რომელიც ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენას ითვალისწინებდა. ძალიან დაგვეხმარა.

მარტო ფსიქოლოგიური ტრენინგები კი არ იყო, ეკონომიკური გაძლიერების მცირე პროექტებიც შემოიტანეს, ასევე ადვოკატირების და უფასო იურიდიული დახმარების,“ – ასე იხსენებს ნონა თორია-ბუკია იმ პერიოდს, როცა სამგზის კონფლიქტგამოვლილმა სოფელმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

ჯამბულათ ეხვაია ოკუპირებულ გალის რაიონში მდებარე სოფელ ნაბაკევის სკოლის ყოფილი დირექტორია. ის სათემო კავშირ „ხურჩას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჯამბულათი იხსენებს, რომ 2013 წლამდე ხურჩაში „არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმი იყო“ და სოფელში არაერთი კარგი საქმე გაკეთდა მათი დახმარებით.

„როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვალა, მათ [„ქართულმა ოცნებამ“] წარმოიდგინეს, რომ ჩვენ ყველა ვართ ოპოზიცია და თანდათანობით ჩაკვდა ამ სოფელში მუშაობა.

ქალთა ცენტრი იყო სოფელში, გვქონდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. კომპიუტერის სწავლება პირველებმა დავიწყეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ცხრა კომპიუტერი გვედგა და ვასწავლიდით.

დღესდღეობით უმოქმედოდაა. იმიტომ, რომ შევიკრიბებით და ეგრევე უშიშროებიდან მოდიან და კითხვებს სვამენ – რას აკეთებთ, რას იხილავთ, რა პრობლემაა.

ახალმა ხელისუფლებამ ჩვენი ორგანიზაცია გამოაგდო იმ შენობიდან, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენი ძალებით სოფლის ცენტრში,“ – გულისტკივილით აღნიშნავს ჯამბულათ ეხვაია.

ჯამბულათ ეხვაია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

მას შემდეგ, რაც სათემო კავშირს სოფლის ცენტრში აშენებული შენობის დატოვება მოუწია, ნონა თორია-ბუკიამ გადაწყვიტა, საკუთარ სახლში დაეთმო ერთი ოთახი ხურჩაში მცხოვრები ქალების შესაკრებად.

„ფონდ „სოხუმს“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამბულატორიის გაკეთებაში. დიდი წვლილი აქვს სოფლის ავტობუსის დანიშვნაში.

როცა სოფლის ცენტრში მდებარე შენობიდან გამოგვიშვეს, ავდექი და ჩემი სახლის კარი გავაღე, დავუთმე ერთი ოთახი. თვეში ერთხელ აქ შეხვედრები იმართება, ხურჩაში მცხოვრებ ქალებს ტრენინგებს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციებს უტარებენ,“ – გვიყვება ნონა თორია-ბუკია ფონდის საქმიანობის დეტალებზე.

ბოლო ათი წელია ნონას სახლი ხურჩელი ქალებისთვის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის უცვლელი ადგილია.

  • ცხოვრება გამყოფ ხაზზე

ადგილობრივები ამბობენ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრება ნიშნავს, იცხოვრო მუდმივი საფრთხის შეგრძნების რეჟიმში. ამასთან, გამოიმუშაო ისეთი ჩვევები, რაც თავის თავში საფრთხის პრევენციას მოიცავს.

მაგალითად, სახლის ის მხარე, რომელიც გამყოფ ხაზს ესაზღვრება, ნაკლებად გამოიყენო.

„ცდილობ, საძინებელი წინა მხარეს იყოს, გამყოფ ხაზს არ უყურებდეს. ცდილობ, ბავშვებმა წინა მხარეს ითამაშონ ეზოში და არა გამყოფი ხაზის მხარეს,“ – გვიხსნის ელისო შამათავა ხურჩაში ცხოვრების თავისებურებას.

ელისოს თქმით, ადგილობრივების დიდი თავსატეხი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლაა, რადგან ძროხები ადამიანების მიერ დაწესებულ „საზღვრებს“ არ ცნობენ და მდინარის გაღმა-გამოღმა თავისუფლად გადადიან. ოკუპირებულ აფხაზეთში ძროხის გადასვლა კი ნიშნავს ან ოჯახის მარჩენალის დაკარგვას, ან გრძელი გზის გავლას მის უკან დასაბრუნებლად.

მდინარე ხურჩისწყალთან არსებულ გამყოფ ხაზზე რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ეკლიანი მავთულხლართი გააბა. ადგილობრივების თქმით, ამის მიუხედავად, საქონელი მაინც ახერხებს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ხურჩელები ამბობენ, რომ სოფელში შემოსავლის რამდენიმე წყაროა – თხილი, მსხვილფეხა საქონელი და სოფლის მეურნეობა, თუმცა ეს შემოსავალი მხოლოდ თავის გასატანად თუ ჰყოფნით. ოჯახებს ძირითადად ემიგრაციაში წასულები არჩენენ.

ხურჩელებს პრობლემა აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც. მართალია, ზუგდიდის მერიამ ახალი, ლურჯი ავტობუსი დანიშნა ხურჩა-ზუგდიდის მიმართულებაზე, მაგრამ ადგილობრივთა თქმით, „ავტობუსით ტვირთის წაღება არ შეუძლიათ“.

„მუნიციპალური ავტობუსით ბაზარში გასაყიდად ვერაფერი მიგვაქვს. მარტო ისეთი ჩანთის წაღების უფლება გვაქვს, რომელიც ფეხქვეშ შეიძლება დაიდო.

ერთ-ორ ტომარაზე ხუჭავენ მძღოლები თვალს. კი ეშინიათ დაგვაჯარიმებენო, მაგრამ არაფერს ამბობენ. ცოტა მეტი თუ მოგროვდა, იწყებენ თხოვნას – ვაიმე, არ დამღუპოთო.

არადა, ყველა ბაზარში მიდის. როგორ უნდა გამოზომოს სოფელმა, ვინ წაიღოს ბაზარში პროდუქტი და ვინ – არა?!

ბევრჯერ მივმართეთ ამაზე მუნიციპალიტეტს. პასუხი იყო – ეს მუნიციპალური ტრანსპორტია, მოსამსახურეებისთვის არის, ქალაქში გასვლა-გამოსვლისთვის, ეს სატვირთო მანქანა არ არისო. ჩვენ სატვირთო გვჭირდება. მაშინ იმ ავტობუსს გამოაყოლონ ერთი სატვირთო. ავტობუსში წინ ჩვენ დავსხდებით, უკან საქონელს სატვირთოს გამოვატანთ.

მუნიციპალური ტრანსპორტი… კი, ვიღაცამ შეიძლება ისე გაიგოს, რომ უმადურები ვართ. არა, ბატონო, მადლობელი ვართ, მაგრამ სოფლისთვის არ არის.

განსაკუთრებით აისახება ჩვენზე, ქალებზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს ბაზარში სიარული. მუნიციპალური ავტობუსი დგას რკინიგზის სადგურთან. ბაზარი არის ერთი კილომეტრით მოშორებული. რამე რომც იყიდო, ამხელა გზაზე ხელით უნდა ატარო.

[ბაზარში] კაცები ხომ არ დადიან? ქალები დადიან. ჩვენი სოფლის მოსახლეობის სურვილი არავინ გაითვალისწინა. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას და ყველაფერი რთულდება,“ – გვეუბნება ელისო შამათავა.

ელისო შამათავა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
  • სოფლის მხარდაჭერის პროექტი სოფლის მცხოვრებთა ნაწილის ჩართულობის გარეშე?

ის ხურჩელები, ვისაც „ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა, ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რეალურად არ ითვალისწინებს იმ საჭიროებებს, რაც გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას აქვს.

„ხშირად ვიღებ მონაწილეობას შეხვედრებში, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოზიცია მართავს ამ შეხვედრებს თუ ოპოზიცია. ყველა შეხვედრაზე მაქვს ჩემი აზრი. მაგრამ როგორ გამოდის, იცით? თუ ხელისუფლების აზრს არ დაეთანხმე, ოპოზიცია ხარ, თუ დაეთანხმე, მაშინ კი ბატონო.

მაგალითს გეტყვით, ხურჩას 2023 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოეყო 24 ათასი ლარი. რა იყო მნიშვნელოვანი ჩვენი სოფლისათვის?

სოფლის ბოლოს, მდინარე ხურჩასთან არ მიდის, ცუდი გზაა და გვინდოდა რომ გზა გაკეთებულიყო. არ გაკეთდა.

შარშან გააკეთეს სკვერი. შემოღობეს. მაგრამ სკვერი კი არაა, უფრო ძროხისა და ღორის დასამწყვდევი ადგილივითაა. წელს ამ შემოღობილ ადგილას გვინდოდა გაკეთებულიყო გასართობი ადგილი – ტრენაჟორები ახალგაზრდებისთვის და ატრაქციონი ბავშვებისთვის. არ გაკეთდა.

იმის ნაცვლად, რა გვინდა ჩვენ, თვითონ გვთავაზობენ, რაც უნდა აირჩიოს მოსახლეობამ. ყოველწლიურად ხრეშს ყრიან, ყრიან, ყრიან და ეს არასდროს არ მთავრდება. ხრეში ყოველ წელს შემოაქვთ, გზა ყოველ წელს გასაკეთებელია. ერთ წელიწადს ნორმალური გზა რომ გააკეთონ და სხვა წლები სხვა რამე გააკეთონ ხომ შეიძლება?

ამას რომ იტყვი, შენ უკვე პოლიტიკურად ოპოზიციურად ხარ განწყობილი,“ – ამბობს ნონა თორია-ბუკია.

„სკვერი“ ხურჩაში, რომელიც ხურჩელების თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკვერში სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ნონას თქმით, ხურჩაში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უჭირთ სამსახურის პოვნა.

„მე არ მიძებნია სამსახური, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, მაგრამ მსმენია და ვიცი, რომ თუ შენ ხარ და ოდესმე თუ ყოფილხარ „ნაციონალი“, სამსახურს მრეცხავადაც ვერ დაიწყებ. თეფშის მრეცხავიც აღარ უნდათ ოპოზიციურად განწყობილი,“ – ამბობს ნონა თორია-ბუკია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში გათვალისწინებულ თანხებს მოსახლეობა სოფლის კრებაზე განკარგავს და სოფელი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ასე მოხდა ხურჩის შემთხვევაშიც.

„როგორც ხურჩაში, ისე ყველა სხვა სოფელში სოფლის პროგრამების განხორციელების დროს მოსახლეობის ინტერესია გათვალისწინებული. მოსახლეობა თავად აკეთებს არჩევანს, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში,“- განმარტა „ბათუმელებთან“ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მაგდალინა თოდუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მოვიკითხეთ მუნიციპალური ავტობუსის საკითხიც. გვაინტერესებდა, რატომ არ აქვთ უფლება ხურჩაში მცხოვრებლებს ავტობუსით პროდუქტები გადაიტანონ. მერიაში გვითხრეს, რომ შეზღუდვა მხოლოდ გარკვეული სახის ტვირთს ეხება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაქსიმალურად არის მოსახლეობის და მგზავრების ინტერესი გათვალისწინებული და დაცული. ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს პირუტყვის და ფრინველების გადაყვანაზე. სხვა არანაირი პრობლემა არაა ნამდვილად.

რაც შეეხება ტომრებს, ფქვილი იქნება თუ სხვა რამე, თუ ეს ტომრები შეფუთული იქნება ცელოფანში, არ არის მისი გადატანის პრობლემა,“ – განმარტა მაგდალინა თოდუამ.

როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან

ომი აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა. საომარი მოქმედებების დასასრულს საქართველოს ჰყავდა 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი.  რუსებმა და აფხაზებმა აიძულეს ეთნიკური ქართველები საკუთარი სახლებიდან გაქცეულიყვნენ.

ამჟამად აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას.

დე ფაქტო აფხაზეთთან გამყოფი ხაზის გაღმა-გამოღმა მცხოვრებ მოსახლეობას ერთმანეთთან ახლო მეგობრულ-ნათესაური კავშირი აქვთ, მაგრამ ახლა ერთმანეთის ნახვას ვეღარ ან იშვიათად ახერხებენ.

დასტურდება უკრაინული ძალების წინსვლა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მიმოხილვაში წერს, რომ 30 ოქტომბერს უკრაინის ჯარებს წინსვლა ჰქოდნათ ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეში.

„უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს დადასტურებული წინსვლა ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში 30 ოქტომბერს.

29 ოქტომბრის გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები ზღვრულად დაწინაურდნენ რობოტინოს დასავლეთით, დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში“ – წერს ISW-ი და იქვე აღნიშნავს, რომ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის გენერალური შტაბიც.

ბახმუტთან რომ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, ამის შესახებ გუშინ, 30 ოქტომბერს, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ.

მისი თქმით, რუსები ცდილობენ შეაჩერონ უკრაინის ჯარების წინსვლა და დაკარგული პოზიცია აღიდგინონ საჰაერო დესანტის გამოყენებით. ასევე, ზოგიერთ რაიონში გამოიყენება Storm Z-ის რაზმები.

_________________

ფოტო: უკრიანის გენშტაბი/facebook

მედიის როლი თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში – დისკუსია ბათუმში

პირველ ნოემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „ბათუმელების“ ჟურნალისტ ლელა დუმბაძესთან ერთად თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში მედიის როლზე იმსჯელებენ.

შეხვედრა ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ოფისში გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ის გამოწვევები და მიღწევები, რაც თემს თვითრეპრეზენტირებისა და ადვოკატირების პროცესში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას აქვს.

რა მნიშვნელობა აქვს ეთიკურ და მიუკერძოებელ მედიას გარემოსა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ძალისხმევაში და როგორ შეიძლება იგი კიდევ უფრო ეფექტური იყოს? – ამ და სხვა საკითხებზე დისკუსია 17:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში იმართება და დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. #135 „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“. 

ხულო-თაგოს საბაგირო შეიძლება 1 კვირით გაჩერდეს – იგეგმება რეაბილიტაცია

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის [სავალი ნაწილის] რეაბილიტაციაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 39 ათას 672 ლარია.

საბაგიროს კაბინა ერთი წლის წინ გაარემონტეს. ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ახალი ტენდერი უშუალოდ კაბინას არ ეხება, არამედ ღერძს და სავალ ნაწილებს, ასევე ბაგირი არის დასამოკლებელი“.

„სამუშაოების გამო შესაძლოა საბაგირო დაახლოებით ერთი კვირით გაჩერდეს“ – გვითხრეს „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“.

ტენდერის პირობის მიხედვით გამარჯვებულს ევალება შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • სამგზავრო ვაგონის გორგოლაჭების მეტალის კონსტრუქციის დამზადება [დურალუმინის გვერდითი ფირფიტებით]
  • გორგოლაჭების პოლიურეთანის ბანდაჟების დამზადება
  • სამგზავრო ვაგონის საწევი ბაგირის ჩამოკლება, ქუროების ჩასხმა, დაანკერება
  • ვაგონის საკიდის ურიკასთან ჩაბმის ღერძისა და ამონაგის დამზადება, შეცვლა
  • ვაგონის, როლიკების და საკიდის დემონტაჟი-მონტაჟი

სამუშაოები აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერით დაფინანსდება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 17 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.

შესრულებულ სამუშაოებზე სამწლიანი გარანტია გავრცელდება.

„საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

  • ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის რეაბილიტაციაზე და გენერატორის შესყიდვაზე 2022 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 112 512 ლარია გადახდილი.

სამუშაოები, შესყიდვების პორტალის მიხედვით, შპს „ბაგირმშენმა“ შეასრულა, მიღება-ჩაბარების აქტი კი 2022 წლის ნოემბერშია გაფორმებული.

ხულოს მუნიციპალიტეტს აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 115 ათას 888 ლარით ქონდა გამოცხადებული.

გასული წლის ბოლოს ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის საფასურიც გაიზარდა და ერთი მგზავრისთვის 5 ლარია. გაიზარდა ტვირთის გადატანის ტარიფიც.

ამ თემაზე:

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ოქტომბრის 21 საათიდან პირველი ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

თავშესაფარს ითხოვდა საფრანგეთში, უარი მიიღო და მერე უკრაინაში დაიღუპა – მედია ქართველ მეომარზე

41 წლის ქართველი მეომარი, მალხაზ კვიჟინაძე უკრაინის ომში 2023 წლის 24 ივნისს დაიღუპა საარტილერიო დაბომბვისას. ქალაქში, სადაც მშობლები და შვილები ჰყავს, პირველ ივლისს ჩამოასვენეს, დაკრძალეს 2 ივლისს.

საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსს ყოველწლიურად საქართველოს უამრავი მოქალაქე ითხოვს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაგალითად, 2022 წელს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 8867-მა მოქალაქემ მიმართა საფრანგეთის სახელმწიფოს. ეს 2021 წლის ამავე მონაცემებს 92,8 %-ით აღემატება.

ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს საფრანგეთში მალხაზ კვიჟინაძეც ითხოვდა – უკრაინაში დაღუპვამდე რამდენიმე თვით ადრე. მახომ თავშესაფრის თხოვნაზე უარი მიიღო და საფრანგეთის დატოვება მოუწია. ფრანგული პრესა წერს, რომ მახოსთვის (როგორც მას ეძახდნენ) თავშესაფარი რომ მიეცათ, შესაძლოა გადარჩენილიყო და აღარ დაბრუნებულიყო უკრაინაში საბრძოლველად.

მალხაზ კვიჟინაძე პროფესიით კარისკაცი იყო და 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინაში. ქუთაისში ოთხი შვილი, ძმა და მშობლები ჰყავდა, ცოლი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. შვილები მეომარს 2016 წლის შემდეგ არ ჰყავდა ნანახი.

ფრანგულმა გამოცემამ rue89strasbourg მახო სიცოცხლეშივე ჩაწერა, მაშინ, როცა ის თავშესაფარს ელოდებოდა.

„დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდა. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით მიიჩნევდა, რომ საკუთარ სამშობლოსაც იცავდა. 2022 წლის მაისში მახო ტოქსიკური გაზით მოიწამლა უკრაინის ფრონტზე, სუნთქვა უჭირდა და ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. სამკურნალოდ საფრანგეთში ჩამოვიდა. მოწამვლის დიაგნოზი მას სტრასბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა დაუსვეს.

მახომ საფრანგეთში 24 წლის ჯუკა გაიცნო, რომელსაც საფრანგეთში ბინადრობის უფლება აქვს, როგორც მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირს. ჯუკა დაეხმარა მახოს მიეღო საჭირო სამედიცინო დახმარება. ის გაჰყვა პრეფექტურაში, სადაც მახომ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაწერა განცხადება.

მახომ რამდენიმე კვირა გაატარა სტრასბურგის ეტუალის პარკში გაშლილ კარავში. მერე კი საფრანგეთის მიგრაციისა და ინტეგრაციის სააგენტომ ერთი ოთახი გამოუყო სტრასბურგში, შემდეგ 2022 წლის სექტემბერში პარიზში წავიდა, მოქალაქეობის არმქონე და ლტოლვილთა უფლებადამცველი ორგანიზაციის (OFPRA) წარმომადგენლებისთვის საკუთარი ამბავი რომ მოეყოლა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მახომ თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი მიიღო“, – წერს rue89strasbourg-ი უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის შესახებ.

ეს სტრასბურგული გამოცემა ხშირად წერს საფრანგეთში მყოფი ქართველი მიგრანტების პრობლემებზე, უფლებებზე, საჭიროებებსა და მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, რაშიც მათ უწევთ ყოფნა თავშესაფრის მოლოდინში.

გამოცემის ცნობით, მახო საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან არ იყო უსაფრთხო უკრაინაში მებრძოლისთვის საქართველოში ყოფნა.

„ჩვენი ხელისუფლება პუტინის ხელისუფლებასთანაა ახლოს და დამიჭერენო, ამბობდა“, – იხსენებს მახოს მეგობარი, 24 წლის ჯუკა ფრანგულ მედიასთან საუბრისას.

„საფრანგეთში მახოს მუშაობის უფლება არ ჰქონდა, დღეები ოთახში ბოლთის ცემით გაჰყავდა. ოთახს ინაწილებდა თავშესაფრის მომლოდინე კიდევ ერთ ადამიანთან ერთად, რომლის ენაც არ ესმოდა. ხანდახან მეგობრებს მისთვის სიგარეტი და საჭმელი მიჰქონდათ. ძალიან უჭირდა უსაქმოდ ყოფნა, ისე რომ ვერავის ნახულობდა. ხშირად იმეორებდა, რომ საფრანგეთმა შეუნარჩუნა სიცოცხლე და მადლიერი იყო ამ ქვეყნის“, – ამბობს მახოს მეგობარი.

2023 წლის 6 აპრილს, ორი თვის შემდეგ, რაც გაიგო, რომ საფრანგეთმა მას ლტოლვილის სტატუსი არ მისცა, მახო უკრაინაში დაბრუნდა.

ფრანგულ გამოცემასთან მახო მაშინ ამბობდა, რომ ავტობუსით აპირებდა პოლონეთში ჩასვლას, საიდანაც უკრაინაში, ფრონტზე დაბრუნდებოდა. „ეს ერთადერთი შანსი მაქვს“, – ეუბნებოდა მახო ჟურნალისტს.

„ლტოლვილის სტატუსს თუ მიიღებდა გეგმავდა 4 შვილი ჩამოეყვანა ქუთაისიდან. 2016 წლის მერე არ ჰყავდა ისინი ნანახი. უკრაინაში რომ დაბრუნდა ბრძოლის გასაგრძელებლად მას ისევ ჰქონდა იმედი, რომ გაასაჩივრებდა თავშესაფარზე უარის გადაწყვეტილებას და კიდევ იყო საფრანგეთში დაბრუნების იმედი. უკრაინიდან ჰქონდა მიმოწერა სოციალურ აგენტთან და ადვოკატთან საფრანგეთში, რომელსაც მახოს სახელით უნდა ეწარმოებინა დავა სასამართლოში თავშესაფარზე უარყოფითი გადაწყვეტილების გამო“, – წერს ფრანგი ჟურნალისტი კამილ ბალზინგერი.

24 ივნისს მახო ბახმუტთან დაიღუპა საარტილერიო დაბომბვისას.

„სადაზვერვო კაბინაში იყო, როცა ტანკიდან გასროლილმა ბომბმა იმსხვერპლა“ – ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს მახოს მეგობარს, 24 წლის ჯუკას მახოს ფრონტის მეგობრებმა მისი გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ, 27 ივნისს.

იმ დღეს, როცა სტრასბურგს ტოვებდა, მახომ გამოსამშვიდობებელი სადილი მოაწყო და ქართველი მეგობრები მოიწვია. „ეს ჩვენი ბოლო შეხვედრააო, ამბობდა. ყველანი ვხვდებოდით რასაც გულისხმობდა, რა ფიქრებიც ჰქონდა. მართლა ასე გამოვიდა“, – იხსენებს მახოს საფრანგეთში მცხოვრები მეგობარი – ჯუკა.

2 ივლისს, ქუთაისში მახოს დაკრძალვის დღეს, სტრასბურგში მახოს მეგობრები შეიკრიბნენ, ის მეგობრები, რომლებიც ეტუალის მოედანზე მასთან ერთად ცხოვრობდნენ გაშლილ კარვებში:

„შევიკრიბეთ, რომ გვეჩვენებინა: ჩვენ მის გვერდით ვართ. ვფიქრობთ მახოზე და სულ გვემახსოვრება, ამიტომ შევიკრიბეთ“, – ამბობს მახოს მეგობარი ჯუკა.

2 ივლისს ქუთაისში მალხაზ კვიჟინაძე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი დაკრძალეს. ამ დღეს სტრასბურგში მახოს ის მეგობრები შეიკრიბნენ, რომლებიც მასთან ერთად, თავშესაფრის მოლოდინში ეტუალის მოედანზე გაშლილ კარვებში ცხოვრობდნენ

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 300 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
  • ტანკი – 5 211 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 9 804 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 7 227 ერთეული [+25]
  • MLRS – 844 ერთეული [+10]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 562 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 321 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 440 ერთეული [+21]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 546 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 590 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 1 016 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 518 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 464 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 044 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 172 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 929 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 797 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბახმუტთან რუსები თავდაცვიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ – სირსკი

სახელმწიფოსგან 1 ლარად ნაყიდი მიწა ბათუმში 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

შპს „ADOG-GEORGIA“-ს ბათუმში, გოგებაშვილის #6-ში სასტუმრო უნდა აეშენებინა. სწორედ ამ პირობით გადასცეს ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს მდებარე 1621 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ქონება პირდაპირი წესით და სიმბოლურ ფასად 2011 წელს.

კომპანიამ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მთელი ამ წლების განმავლობაში მშენებლობა რამდენიმეჯერ განაახლეს, თუმცა უშედეგოდ. ეს განახლებები საძირკველს ვერასდროს გასცდა.შპს „ADOG-GEORGIA“-ს 100-ვე პროცენტი და მასთან დაკავშირებული ქონება მისმა მფლობელმა -„კუბიკ თაუერს“ 4 მილიონ დოლარად მიჰყიდა. თავის დროზე სწორედ ეს ქონება მიიღო სახელმწიფოსგან 1 ლარად „ADOG-GEORGIA“-მ. კომპანიის მფლობელი იყო აზერბაიჯანის მოქალაქე მუსა სულეიმანოვი, ხოლო დირექტორი მიხეილ ძოძუაშვილი.

საბოლოო შეთანხმება „ADOG-GEORGIA“-ს მფლობელმა მუსა სულეიმანოვმა და შპს „კუბიკ თაუარის“ მფლობელებმა 2022 წელს გააფორმეს. კომპანია ასივე პროცენტით „კუბიკ თაუერის“ საკუთრებაში გადავიდა.

 

ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა, ადგილი სადაც კუბთაუერი უნდა აშენებულიყო / 16.02.2019

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ მოლაპარაკებები ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით კომპანიებს შორის 2019 წელს დაიწყო. ამ დროს შედგა პირველი შეთანხმებაც. მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული ხარჯისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული დავალიანების დაფარვაზე, ასევე ყადაღადადებული ქონების ვალდებულებებისგან გათავისუფლებაზე. შეთანხმების საგანი იყო სრული თანხის გადახდის გრაფიკი და პირობებიც.

შპს „კუბიკ თაუერის“ 90 პროცენტს  შპს „მარდი კორპორაცია“ ფლობს, 10 პროცენტი კი რამინ ბალაძის საკუთრებაა.

„მარდი კორპორაციას“ 50 პროცენტს „მარდის“ დამფუძნებელი ირაკლი თურმანიძე, 50 პროცენტს კი მიხეილ ძოძუაშვილი ფლობს, რომელიც კომპანიის გაყიდვამდე „ADOG-GEORGIA“-ს დირექტორი იყო.

მიხელ ძოძუაშვილი ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის მეუღლეა.

გოგებაშვილის #6-ში მშენებლობა ჯერ ისევ არ გაუახლებიათ. გასულ კვირას ერთ-ერთმა არქიტექტურულმა კომპანიამ გაავრცელა რენდერი, რომელიც მდებარეობის მიხედვით ტოვებდა განცდას, რომ პროექტის მშენებლობა სწორედ გოგებაშვილის #6-შია დაგეგმილი. რენდერს ჰქონდა ასევე დასათაურება – „კუბიკ თაუერი“.

შპს „კუბიკ თაუერის“ დირექტორის, ნუგზარ ბერიშვილის ინფორმაციით, გავრცელებული რენდერის მიხედვით კომპანია მშენებლობას არ გეგმავს და პროექტი კონკურსის წესით, „ბათუმელების ჩართულობით“ უნდა შეირჩეს.

„ჯერ კიდევ პანდემიამდე ვთხოვეთ კომპანიას ჩვენთვის მოემზადებინა სავარაუდო ვერსია და იქვე შეგვიქმნეს ესკიზი ფანქრით. პროექტზე არ უმუშავიათ. ახლა აიღეს და გამოაქვეყნეს ეს ესკიზი. ჩვენ ამას არ განვიხილავთ. პროექტთან დაკავშირებით ბევრი დეტალია განსახილველი და მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ადგილის განვითარების კონცეფციაზე. ზუსტ დროს, როდის გვექნება შედეგები ახლა ვერ დაგისახელებთ“, – აცხადებს ნუგზარ ბერიშვილი.

ბათუმის მერია ადასტურებს, რომ ამ დროისთვის გოგებაშვილის #6-ში მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის და არც ახალი განაცხადია შესული.

2011 წელს დადებული შეთანხმებით, შპს „ADOG-GEORGIA“-ს 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ ბათუმში 40 თვეში უნდა აეშენებინა. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინა.

კომპანიამ ეს ვადები დაარღვია.

ახალი შეთანხმებით, 2016-2017 წლებში, კომპანიას უნდა დაესრულებინა ნულოვანი ნიშნულის, მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა.

2018 წლის 1 თებერვლამდე კი, ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, უნდა  დაესრულებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა არანაკლებ 22-სართულიანი შენობა, ხოლო 2018 წლის 11 თებერვლამდე ამ შენობაში არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო უნდა აემოქმედებინა.

ამ ყველაფერში კომპანიას 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა; სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უნდა შეექმნა არანაკლებ 100 სამუშაო ადგილი.

ამის პარალელურად სამშენებლო მოედანზე გამოჩნდა ახალი ბანერი, რომლითაც ირკვეოდა, რომ კომპანიას მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ, 2017 წლის ბოლომდე გაუგრძელეს.

კომპანიამ ვალდებულება ისევ ვერ შეასრულა.

2019 წელს ე.წ. „კუბთაუერის“ მშენებლობაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა. თუმცა 1 ლარად გაყიდული ქონება საკუთრებაში ვერ დაიბრუნა.

ამაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

რატომ ვერ აშენდა კუბთაუერი ბათუმში – სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, მიწას კი ვერ იბრუნებს

მარტოხელა დედა: გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე, თავშესაფარში ადგილი აღარ არის

„გუშინაც ქუჩაში გავათენე ღამე. ღამის თავშესაფარში მითხრეს, გამოტენილი ვართ, აღარ არის ადგილებიო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია მ. ის 43 წლის მარტოხელა დედაა.

ნათია მას შემდეგ დაგვიკავშირდა, როცა ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიტყო, რომ ვარშანიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფრის რეაბილიტაცია მალე, 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო უსახლკარო ადამიანებს თავშესაფრად დაქირავებულ სახლებს სთავაზობენ.

„ვესაუბრე მერიის წარმომადგენელს და მითხრა, გამოტენილია ქალების თავშესაფარი, თუ გათავისუფლდება ადგილი, დაგირეკავთო. ასევე მითხრეს, რომ თავშესაფარი გაზაფხულამდე არ დასრულდება. შაბათს ვესაუბრე მერიის წარმომადგენელს. გუშინ და გუშინწინაც ღამე ქუჩაში გავათენე. ადრე თავშესაფარში ვრჩებოდი, მერე ეს თავშესაფარი დაიხურა და დავრჩი ქუჩაში.

ორი წელია ხან ახლობელთან ვჩერდები, ხან – დაქალთან, მეტაქსას ქუჩაზე რომ კერძო თავშესაფარია, მეჩხუბნენ და ვეღარ მივდივარ, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი,“ – გვიყვება ნათია მ.

„ქალის ადგილი არ მაქვს, კაცის – მაქვს,“ – მოქალაქის ნათქვამს ადასტურებს ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორი, მამუკა შამილიშვილი. სწორედ მას ესაუბრა ნათია მ. თავშესაფარში მოთავსებაზე. მამუკა შამილიშვილი არ მიიჩნევს, რომ ბათუმში არსებობს თავშესაფრის პრობლემა და ვინმე ქუჩაში რჩება.

„როგორც ვიცი, ახლობელთან ჩერდება… ჩვენთან არაა სტატიკური მონაცემები, ვიღაც გადის, ვიღაც – შემოდის. როგორც კი გამოთავისუფლდება ადგილი, დავუკავშირდები. ჩვენ ვერ ვეტყვით ვინმეს, რომ უნდა დატოვოს თავშესაფარი. პირობა არის ასეთი, რომ ღამით შეუძლიათ გაჩერდნენ და დღისით გავიდნენ“, – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის თქმით, რეაბილიტირებულ თავშესაფარში 70 ადგილი იქნება. მანამდე კი მერიას სახლებში დაქირავებული აქვს ადგილები 50 ადამიანისთვის.

„არ ვიცი, როდის დასრულდება რეაბილიტაცია. მოვინახულეთ მშენებლობა, ამ ტემპით თუ გაგრძელდა, დასრულდება ალბათ წლის ბოლოსთვის,“ – გვითხრა თავშესაფრის რემონტის დასრულების ვადაზე მამუკა შამილიშვილმა.

მანამდე კი, ნათია მ. ისევ ქუჩაში რჩება. ნათიას თქმით, მისი 5 წლის შვილი ახლა მინდობით აღზრდაშია, რადგან მას სახლი არ აქვს და თან პირობითი მსჯავრის ქვეშაა. მან გვითხრა, რომ არც სამსახური აქვს.

„ჩემი შვილის ხმის გაგონება მინდა ყველაზე მეტად. ვერ ვნახულობ, რადგან პირობითი მაქვს… მახინჯაურის თავშესაფარში როცა ვიყავით, იქ მქონდა კონფლიქტი სხვა მშობელთან და პირობითი მომცეს. 2024 წლის 8 თებერვალს შემიძლია ვნახო ჩემი ბიჭი.

სასადილოში დავდივარ ხან და იქ ვიკვებები, ხან დაქალები მეხმარებიან, ღამით მათთან ვჩერდები, მაგრამ რამდენჯერ შეაწუხებ სხვას?

ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, ექიმთანაც ვერ მივდივარ… პროდუქტების მაღაზიაში ვმუშაობდი, მაგრამ ისიც დახურეს.

ჩვენ ბინა ზუბალაშვილის ქუჩაზე გვქონდა, მაგრამ ჩემმა ძმამ ბინა გაყიდა. ახლა ჩემი ოჯახის წევრები ნაქირავებში არიან, მაგრამ იქ ვერ მივდივარ, ჩემი ძმა მეჩხუბება, იქ მისვლა არ მინდა,“ – გვითხრა ნათია მ.-მ.

_________________________

მთავარ ფოტოზე: ღამის თავშესაფარი ბათუმში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მშენებლებს გამწვანების შესახებ დაფის განთავსებაც დაევალათ – ახალი კანონი

მშენებლობის შესახებ საინფორმაციო დაფის გვერდით მშენებლებმა სხვა საინფორმაციო დაფაც უნდა განათავსონ – ტერიტორიის გამწვანების შესახებ.

სამშენებლო ტერიტორიებზე [სადაც, ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის შესახებ დაფებიც არ აქვთ გამოკრული], გამწვანებაზე საინფორმაციო დაფის განთავსება 2024 წლის იანვრიდან იქნება სავალდებულო.

მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით:

„ნებართვის მფლობელმა ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ, კერძოდ:

  • გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
  • გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
  • გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
  • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
  • ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
  • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
  • შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.“.

ახალი ცვლილებით, გამწვანების შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსება არ არის სავალდებულო „ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტების შემთხვევაში, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის“.

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები 2023 წლის ოქტომბერში შეიტანეს და ის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.

დადგენილებაში გამწვანების პროექტი ასეა განმარტებული: „სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლებელია, ითვალისწინებდეს შესაბამის ადგილზე არსებულ მწვანე ნარგავს/ნარგავებს, მათ შორის, მერქნიან მცენარეებს (ხე, ბუჩქი) და არამერქნიან მცენარეებს, მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელებას ან/და მწვანე ნარგავების გაშენებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

არსებულ განმარტებაში აღნიშნულია, „ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვაც“ – ეს ჩანაწერი იანვრიდან აღარ იქნება.

თუმცა იანვრიდან ძალაში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები სხვა საკითხებთან ერთად ასევე უნდა მოიცავდეს:

  • „ინფორმაციას მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავებისა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესახებ;
  • ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);
  • ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით (გარდა იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის)“.

უშუალოდ არქიტექტურული პროექტი კი, 2024 წლის იანვრიდან უნდა მოიცავდეს „დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებსაც“, რომლებზედაც მითითებული იქნება ინფორმაცია „სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ“.

მთავრობის ახალ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ შესაბამისი მუხლების საფუძველზე 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები „დასრულდეს ახალი დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად“.

ამავე თემაზე:

როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში

როგორ ამოვიცნოთ მენისკის დაზიანება და როგორია პირველადი დახმარება მუხლის ტრავმის დროს

მუხლი რთული სახსარია, მრავალი შემადგენელი კომპონენტით, რის გამოც ის ხშირად ექვემდებარება სხვადასხვა სახის ტრავმას, მათ შორის საკმაოდ ხშირია მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანებები. მიიჩნევა, რომ მუხლის ტრავმა ძირითადად სპორტსმენების პრობლემაა, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნებისმიერმა აქტივობამ, რომლის დროსაც მუხლი ძლიერად ტრიალდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასზე მთელი წონით აწვებით, შეიძლება გამოიწვიოს მენისკის გაგლეჯა.

„ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი მიხეილ მიქელაძე ამბობს, რომ მუხლის ტრავმების მკურნალობა ზოგჯერ შესაძლებელია შედარებით მარტივი ზომებით, როგორიცაა ფიქსატორი, სარეაბილიტაციო ვარჯიშები და მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა ზოგიერთი შემთხვევა, შესაძლოა ოპერაციული ჩარევასაც საჭიროებდეს.

ექიმი მენისკისა და იოგოვანი აპარატის ტრავმის სიმპტომებზე, ასევე ტრავმის დროს საჭირო პირველ დახმარებისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება.  

  • ბატონო მიხეილ, რა არის მენისკი, რა ხდება მუხლში?

მუხლის სახსარი, გარდა ძვლოვანისა, შედგება სხვა სტრუქტურისგანაც. ეს არის იოგოვანი აპარატი, რომელიც სტაბილიზაციაში ეხმარება მუხლს, რათა ზედმეტი მოძრაობა არ იყოს მუხლის სახსარში, და ორი მენისკი – ხრტილოვანი წარმონაქმნი, რომელიც უზრუნველყოფს ბარძაყისა და დიდი წვივის ძვლის შორის რბილ კონტაქტს, ანუ სიარულის დროს რომ არ მოხდეს ღერძული დატვირთვა პირდაპირ [ხრტილზე]. ფაქტობრივად, ბალიშის ფუნქცია აქვს.

  • რა ზიანდება ტრავმის დროს მუხლში?

მენისკის დაზიანება ერთ-ერთ ხშირი ტრავმაა, იგი დამახასიათებელია სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით კი მოთხილამურეებისთვის. ამ დროს მენისკი ნაწილობრივი ზიანდება, იხლიჩება მენისკი, ნაწილი მოწყდება ხოლმე, რაც სამომავლოდ მექანიკურ პრობლემას ქმნის მუხლში. 

რაც შეეხება იოგოვან აპარატს, იგი ოთხი ნაწილისგან შესდგება, ორი ჯვარედინი იოგია, რომელიც უზრუნველყოფს (მუხლის) ორმხრივ ფიქსაციას და ორი გვერდითი იოგია – რომელიც მუხლის გვერდით ფიქსაციას უზრუნველყოფს. 

თუ ეს ტრავმა თხილამურებზე ვარდნაა, დახურული ფეხსაცმლის გამო ამ დროს კოჭ-წვივი გაჩერებულია და მთელი დატვირთვა მუხლზე მიდის, რის გამოც შეიძლება იოგოვანი აპარატი დაზიანდეს. იოგოვანი აპარატის სრული დაზიანების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში ეს ინდივიდუალურად განისაზღვრება.

  • რა სპეციფიკური სიმპტომები ვლინდება ამ დროს, რაც მიგვანიშნებს მენისკის ან/და იოგოვანი აპარატის დაზიანებაზე?

სიმპტომები შეიძლება კომბინირებული იყოს, შეიძლება ცალ-ცალკე. თუმცა, როგორც წესი, კომბინირებულია ხოლმე, რადგან ტრავმის მექანიზმი აზიანებს ერთსაც და მეორესაც. 

იოგოვანი აპარატის დაზიანების შემთხვევაში მუხლში გამოხატულია არასტაბილურობის შეგრძნება; როცა პაციენტი გადაადგილდება, შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ მუხლის სახსარში დამატებითი მოძრაობაა, რომელიც არ უნდა იყოს.

მენისკის დაზიანების შემთხვევაში ფიზიკური დატვირთვა მტკივნეულია. სიარულისას პაციენტს აღენიშნება ზომიერი ან მომატებული ტკივილი, ტკივილის ინტენსივობა ინდივიდუალურია და პაციენტის მგრძნობელობაზეა დამოკიდებული ტკივილის მიმართ. ვიზუალურად ახლავს შეშუპება – სახსრის ჰიპერემია, რაც ნაწილობრივი დაზიანების დროს სახსარში ჩაღვრილი სისხლის გამო ხდება.

MayoClinic: თუ მენისკი გაიგლიჯა, ტკივილისა და შეშუპების დაწყებას შეიძლება 24 საათი ან მეტი დრო დასჭირდეს, განსაკუთრებით თუ დაზიანება მცირეა. მუხლზე შეიძლება განვითარდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: მცირე გასკდომის შეგრძნება; შეშუპება ან დაჭიმულობა; ტკივილი, განსაკუთრებით მუხლის მოხვევის ან მობრუნებისას; უჭირს მუხლის სრულად გასწორება; მუხლის ჩაკეტვაა და სისუსტე მუხლში.

  • როგორია პირველადი დახმარება ასეთ დროს?

ნებისმიერი ტიპი ტრავმის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე კარგი პირველადი დახმარება იმობილიზაციაა, ანუ დატვირთვის შეზღუდვა ამ სახსარზე ან კიდურზე; და მეორე – ცივი კომპრესები, რომ შევიწროვდეს სისხლძარღვები და რაც შეიძლება ნაკლები ჰემატომა განვითარდეს – შესაბამისად, ნაკლებად შეშუპდეს ფეხი. 

შემდგომი რეკომენდაციები უკვე ინდივიდუალურია და დიაგნოსტირებას საჭიროებს – უნდა გავიგოთ არის თუ არა დაზიანება და რა ტიპის დაზიანებაა.

  • რამდენ ხანში უნდა გადავიდეს ტკივილ და დისკომფორტი? 

ტრავმის შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს პაციენტი ორთოპედიულ რეჟიმს. ასევე გადის თუ არა მედიკამენტურ მკურნალობას და ეს ვადა საშუალოდ ორი კვირაა. თუ ორი კვირის მერე ტკივილი რჩება, ეს უკვე იმის ჩვენებაა, რომ აუცილებლად მივმართოთ ექიმს; შემდგომ პერიოდში, თუ დინამიკა დადებითი არ არის, ანუ ყოველდღე უკეთესობისკენ არ მიდის საქმე, ესეც ჩვენებაა, რომ ექიმთან მივიდეთ.

  • რა სახის გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

მენისკების და იოგოვანი აპარატის დიაგნოსტირება რენტგენოლოგიური კვლევით ვერ ხერხდება, რენტგენზე მხოლოდ ძვლოვანი ნაწილები ჩანს. ამიტომ მუხლის სახსრის ექოსკოპიური კვლევა გვჭირდება ან მუხლის სახსრის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. გააჩნია რა დაზიანებას ვვარაუდობთ და რისი დანახვა გვინდა.

  • როცა მუხლის ტრავმის მერე ტკივილი გადადის, მაგრამ პრობლემა პერიოდულად, მუხლის მტკივნეული ჩაკეტვის სახით იჩენს თავს – რა ხდება ამ დროს? 

მუხლის ჩაკეტვა მენისკის დაზიანების პირდაპირი სადიაგნოსტიკო ნიშანია, მუხლი თუ იკეტება, ნიშნავს, რომ მენისკი დაზიანებულია და დაზიანებული მენისკის ნაწილი მექანიკურად აჩერებს მუხლის სახსარს.

მუხლში არსებული ორი პათოლოგია იწვევს ამას ან მენისკის ნაწილობრივი დაზიანება ან მუხლის თავისუფალი წარმონაქმნი, რომელიც მუხლში არსებობს. 

შესაძლებელია, მექანიკურად ჩაიჭედოს და ფეხის კონკრეტული მოძრაობით გათავისუფლდეს სახსარი. ეს შეიძლება მოხდეს სამ წელიწადში ერთხელ, შეიძლება ათ წელიწადში ერთხელ, ან ყოველდღე – ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ეს. 

პაციენტი ასეთი ეპიზოდებით აუცილებლად საჭიროებს კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებულ დიაგნოსტირებას, რომ ამის მიხედვით მიეცეს მას რეკომენდაციები, ან საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა, თუ სხვა რომელიმე ტიპის მკურნალობა.

  • როგორია მკურნალობა?

მენისკის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში, მკურნალობა დამოკიდებულია ასაკსა და დაზიანების ხარისხზე. თუ, მაგალითად, არის ასაკოვანი პაციენტი და დაზიანება მცირეა, მაშინ კონსერვატიულად, მედიკამენტური მკურნალობა [არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მიორელაქსანტები და სხვა] ინიშნება. მედიკამენტური მკურნალობა კომპლექსურია, ამ დროს ინიშნება რამდენიმე მედიკამენტი. 

იოგოვანი აპარატის დაზიანების შემთხვევაშიც იგივეა – გააჩნია დაზიანების ხარისხს, ამის მიხედვით პაციენტს ეძლევა მითითებები: რამდენი ხანი არ შეიძლება კიდურის დატვირთვა, რამდენი ხანი სჭირდება ფიქსატორი, რომელიც ამ იოგოვანი აპარატის როლს შეითავსებს; ხოლო, თუ მთლიანობის დიდი ნაწილია დარღვეული, მაშინ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

მწვავე დაზიანების შემთხვევაში, მენისკი შეიძლება გაიკეროს. თუ მენისკის დაზიანება დიდია, მაშინ ხდება დაზიანებული ნაწილის ამოღება, რომ სამომავლოდ მუხლში პრობლემა არ შექმნას. 

ოპერაციის მიზანია მენისკის შენარჩუნება, გამომდინარე მენისკის ფუნქციიდან, რაც ორ ძვალს შორის სირბილის წარმოქმნაა – მას აკისრია ბალიშის ფუნქცია, რომ პირდაპირი დატვირთვა არ იყოს ხრტილზე. 

თუ მუხლის სახსარში არის თავისუფალი სხეული, მაშინ განიხილება ისიც, რომ ამ თავისუფალ სხეულს შეუძლია ქრონიკულად შექმნას პრობლემა. ამიტომ აუცილებელია დროული კონსულტაცია ექიმთან და შესაბამისი სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება.

MayoCliniC: დაზიანებული მენისკმა შეიძლება დაგიტოვოთ მუხლში სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა ან მუდმივი ტკივილი. იზრდება რისკი დაზიანებულ მუხლში ოსტეოართრიტის განვითარების.

გამთენიისას ივანიშვილის ბაობაბის ხე ავტომანქანით შეკვეთილში მიიტანეს 

აღმოსავლეთ აფრიკიდან, კერძოდ, კენიიდან დენდროლოგიური პარკისთვის ფოთის ნავსადგურში შემოტანილი ხეები სავარაუდოდ უკვე შეკვეთილშია. თვითმხილველების თქმით, ბაობაბის ერთი ხე ფოთიდან შეკვეთილში სპეციალური ავტომანქანით დღეს, 30 ოქტომბერს, გამთენიისას გადაიტანეს. დანარჩენი ხეები კი ზღვით, ბარჟით უნდა გადაეტანათ.

ვიდრე ხეს მაგისტრალზე გამოატარებდნენ, გრიგოლეთი-ფოთის გზაზე ყველა ის კონსტრუქცია [სარეკლამო ბანერები, საგზაო მანიშნებლები] ჩამოხსნეს, რაც ხელს უშლიდა არაგაბარიტული ტვირთის გატარებას. პროცესს პოლიცია აკონტროლებდა.

პერიოდულად, 29 ოქტომბრის საღამოდან, გადაკეტილი იყო გრიგოლეთი-ფოთის გზა, შეფერხებული იყო მოძრაობა ურეკი-გრიგოლეთის მონაკვეთზეც.

კენიიდან საქართველოში ბაობაბის ხეები, როგორც კენიის ადგილობრივი მედია წერს, 2023 წლის აგვისტოში წამოიღეს, კენიის ქალაქ მომბასადან.

ამავე მედიის ინფორმაციით, „კენიიდან საქართველოში ბაობაბების გადამზიდავ გემში დამალული ორი ადამიანი დააკავეს“, რომლებიც ამ გემით ქვეყნის არალეგალურად დატოვებას ცდილობდნენ.

ტერიტორია შეკვეთილში, სადაც დენდროლოგიური პარკია მოწყობილი, შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. ამ კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი კი, რეესტრის ბოლო ამონაწერით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძეა. ამავე დოკუმენტებით, ეკატერინა ხვედელიძეს ეს კომპანია შვილმა, ბერა ივანიშვილმა უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში [აჩუქა] 2023 წლის ივნისში.

მილიარდერი და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კენიიდან ბაობაბის გიგანტური ხეების გადმოტანაზე ინფორმაცია დაახლოებით ხუთი წლის წინ გავრცელდა.

მიმდინარე წელს კი, კენიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიებაც დაიწყეს საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში.

მედიის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა ბაობაბის 8 ხეს, რომლებიც უცხოურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაეტანა კენიის კილიფის ოლქიდან. როგორც კენიის სატყეო სამსახურში ამბობდნენ, მათ აცნობეს, რომ ხეების დანიშნულების ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი.

„განზრახვა იყო, რომ ხეები გამოფენილიყო [ერთ-ერთ] განყოფილებაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვილ ხეებთან ერთად“, – აღნიშნავდა სამსახურის წარმომადგენელი ჯეიმს მვენდენი.

კენიაში მყიდველად ასახელებდნენ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გვასალიას. ადგილობრივთა ცნობით, სწორედ გვასალია ხელმძღვანელობდა იქ ჩასული უცხოელი კონტრაქტორების ჯგუფს, რომელმაც ბაობაბების მოძიება 2019 წლიდან დაიწყო. იგი იყენებდა დრონებსაც, რათა „საუკეთესო“ ხეები ამოერჩია.

2022 წელს, პროტესტის ფონზე, კენიის მთავრობამ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის პროცესი შეაჩერა, დასძინა რა, რომ შესაბამისი ლიცენზია არალეგალურად იყო გაცემული.

თუმცა გადაწყვეტილება 2023 წლის თებერვალში შეიცვალა, როცა კენიის სატყეო სამსახურმა გიორგი გვასალიას ნებართვა მისცა, ბაობაბები საქართველოში გაეტანა. უწყება დასძენდა, რომ ხსენებული ხე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ არის და მას არც დაცული ხის სახეობის სტატუსი აქვს კენიაში.

მთავარი ფოტო: Kevin Odit / Nation Media Group: „კენიამ დაამტკიცა ბაობაბის რვა ხის ექსპორტი ოზურგეთში, საქართველოში.“
ბაობაბის ხის ტრანსპორტირებისთვის ჩამოხსნილი კონსტრუქცია გრიგოლეთი-ფოთის მაგისტრალზე. ხე აქ მანქანით დღეს, გამთენიისას გაატარეს / ფოტო: „ბათუმელები“ / 30.10.2023

გრიგოლეთში კონსტრუქციები გზაზე 2019 წელსაც ჩამოხსნეს, როცა ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის სუფსიდან [სოფელ ხიდმაღალადან] მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს.

არც ის არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ბაობაბები შემოიტანეს. ადრე შემოტანილი ერთ-ერთი ხე ისევ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფშია“.

ამასთან, ბრიტანული გამოცემა EveningStandard 2018 წლის სექტემბერში იუწყებოდა, რომ ივანიშვილს კენიიდან კიდევ ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ხე მოჰქონდა.

ამ თემაზე ვრცლად:

ივანიშვილს აფრიკიდან ოთხი ბაობაბის ხე მიაქვს – პორტი $850 000 მიიღებს (ბრიტანული გამოცემა)

ბახმუტთან რუსები თავდაცვიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ – სირსკი

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ბახმუტთან საგრძნობლად გააძლიერეს დაჯგუფება და თავდაცვიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინულ სააგენტო „ინტერფაქს უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სირსკის თქმით, რუსეთი ყოველდღიურად უტევს უკრაინულ პოზიციებს – „განსაკუთრებით კუპიანსკის რეგიონში, სადაც ცდილობენ წინსვლას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. ბახმუტის რაიონში მტერმა საგრძნობლად გააძლიერა ჯგუფი და თავდაცვიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა“ – განაცხადა მან.

სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსები ცდილობენ შეაჩერონ უკრაინის ჯარების წინსვლა და დაკარგული პოზიციის აღიდგინონ საჰაერო დესანტის გამოყენებით. ასევე, ზოგიერთ რაიონში გამოიყენება Storm Z-ის რაზმები.

„ამავე დროს, ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალური და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, მტერი დიდ ზარალს განიცდის და მიზნებს ვერ აღწევს“ – თქვა სირსკიმ.

ონკოლოგიური ქირურგია თითქმის ყველა პაციენტს დაუფინანსდება – მთავრობა

ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებს და იმ პაციენტებსაც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000-ზე მეტი ლარია – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირები. 

მთავრობის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარაში საზმაუს ბორდის 2 კანდიდატი შეარჩიეს – მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისთვის მეურვეობის ორი კანდიდატი შეარჩია: გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე.

სხდომა უმაღლეს საბჭოში დღეს, 30 ოქტომბერს შედგა.

უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში „აჭარის ტელევიზიას“ სამი კვოტა აქვს. აქამდე აჭარიდან საზმაუს მრჩეველთა საბჭოში ერთი კვოტა იყო გათვალისწინებული და ამ პოზიციაზე 2018 წლიდან ბესიკ ლილუაშვილი მუშაობს.

გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, როცა წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძეს დირექტორად არჩევის შემდეგ ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საქმიანობის უფლება წაართვეს და გაჩნდა შეფასება პოლიტიკურ ზეწოლაზე, სასამართლოში კი 9 სარჩელი შევიდა.

გათავისუფლებულები შრომით დავებს იგებენ, გიორგი კოხრეიძის მხრიდან უკანონო გათავისუფლების შემთხვევას სასამართლო ადასტურებს, თუმცა სასამართლო მათ სამსახურში დაბრუნებაზე უარს ამბობს.

არაერთი უკანონო გადაწყვეტილების მიმღები გიორგი კოხრეიძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 30 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩია.

თამილა დოლიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ამჯერად მას „ოცნებამ“ საზმაუს ბორდში შეურჩია სამუშაო ადგილი.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 7 კონკურსანტს უყარა კენჭი. ეს კონკურსანტები იყვნენ: გიორგი კოხრეიძე, თამილა დოლიძე, თამარ წილოსანი, ემზარ პაქსაძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნატო ასათიანი, მარინა გიორგაძე.

აჭარის ტელევიზიას კი მრჩეველთა საბჭო 2023 წლის ივლისიდან აღარ ჰყავს, გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა – გია ქარცივაძემ და გოგა ჩხარტიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ოკუპანტებმა 9 ადამიანი დახოცეს საკუთარ სახლში, მათ შორის ბავშვებიც – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ვოლნოვახაში, რუსმა ოკუპანტებმა საკუთარ სახლში 9 ადამიანი დახოცეს, მათ შორის, ორი ბავშვი – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი დიმიტრი ლუბინეცი წერს ტელეგრამზე.

ლუბინეცის თქმით, ოჯახი კადიროველებმა დახოცეს, რომელთაც ოჯახმა უარი უთხრა სახლის დათმობაზე. დაღუპულთა ცხედრებზე ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული ჭრილობები.

მკვლელობის შესახებ წერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიც, რომელიც ადასტურებს ერთი ოჯახის 9 წევრის მკვლელობის ფაქტს, მაგრამ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ დამნაშავეები სამხედრო პირები არიან.

ტელეგრამზე პროპაგანდისტული არხი BAZA წერს, რომ მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება, კერძოდ, 28 ოქტომბერს კერძო სახლის მცხოვრებებს კონფლიქტი მოუვიდათ „უცნობ პირებთან სამხედრო ფორმაში“.

უკრაინელი ჟურნალისტი დენის კაზანსკი წერს, რომ მკვლელობის დღეს დაბადების დღეს აღნიშნავდა ნატალია გორკუნი, წინა დღეს მისმა სიძემ, ანდრეი კაპკანეცმა, იჩხუბა კადიროველებთან, რომლებიც ცდილობდნენ მისი სახლის მითვისებას.

„კადიროველებმა გადაწყვიტეს შურისძიება. შეიჭრნენ ოჯახური წვეულების დროს და დახოცეს ყველა, ვინც იქ იყო, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები“, – წერს კაზანსკი.

______________

ფოტოზე: დაღუპული ოჯახის წევრები. ფოტო: hromadske.ua

გაიცანი შენი ფარმაცევტი – თინა ჯალაღონია

თინა ჯალაღონია 30 წელია ფარმაცევტია. მას უყვარს ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა. თინას სენაკში, რუსთაველის N243-ში მდებარე პსპ-ს აფთიაქში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ. 

თინა, მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ ?

მე ვარ თინა ჯალაღონია, პსპ-ს აფთიაქის მენეჯერი სენაკში. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე.

როგორ მოხვდით პსპ-ში და რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე რა არის?

ფარმაცევტული საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება  მაქვს. უკვე 12 წელია პსპ-ში ვმუშაობ. მიყვარს ჩემი პროფესია, რომელსაც ადამიანებზე ზრუნვა ჰქვია. 

რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია? თუნდაც იმიტომ, რომ თუ აფთიაქში ადამიანი ცუდად გახდება, დაეხმაროთ. გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

ადამიანები დახმარების თხოვნით ხშირად მოგვმართავენ. ძირითადად, წნევის გაზომვას გვთხოვენ. ვუწევთ შესაბამის დახმარებას, ხანდახან სასწრაფო დახმარებასაც ვიძახებთ.  ცხადია, ასეთ დროს ფარმაცევტის კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან გვაქვს.

რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?

პსპ მუდმივად ნოვატორი და სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ჩემთვის ერთი დიდი და ძლიერი ოჯახია.

რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?

მთავარი არის ფარმაცევტის კომპეტენცია და ნდობა. მომხმარებლების ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, ამას დრო სჭირდება. ნდობა არის უმნიშვნელოვანესი, რასაც შენი კომპეტენციითა და კვალიფიციური მომსახურებით მოიპოვებ. 

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?

პსპ დაკომპლექტებულია გამოცდილი, კომპეტენტური და მზრუნველი ფარმაცევტებით.  ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ხარისხიან  მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასად. მუდმივად გვაქვს აქციები როგორც მედიკამენტებზე, ისე თავის მოვლის საშუალებებზე, ბავშვთა კვებაზე და ასე შემდეგ.

„დაშავებული კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – ავარია მახოს ხიდზე

„დაშავებული კაცის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება,“ – გვითხრეს კლინიკა BMC-ის პრესცენტრში, სადაც ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები მოათავსეს.

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში, მსუბუქი ავტომანქანა ხიდიდან ხევში 28 ოქტომბრის ღამით გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.

ავარიის დროს კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა, ის ახლა იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკაში ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

BMC-ში მკურნალობს ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილიც. კლინიკის პრესცენტრის მონაცემებით, ქალის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა, მისი შვილის კი – სტაბილური. დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აქვთ.

ჯანმო სიგარეტის ქართულ კანონპროექტზე: პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ინტერესებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები არ გავრცელდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდის და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც შეიძლება იქნას განთავსებული.

ჯანმო წერს, რომ ამ ცვლილებების მიღებით პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ფინანსურ ინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების ხარჯზე.

დღეს ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე სადა შეფუთვას იყენებს, როგორც თამბაქოს კონტროლის ეფექტურ ღონისძიებას. ამით თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობა მცირდება, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტი იზრდება, უფრო ნაკლებად ხდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელიც მცირდება.

სადა შეფუთვა გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისთვის სასაქონლო ნიშნის, ფერების, ბრენდის გამოსახულების ან სარეკლამო ინფორმაციის გამოყენების აკრძალვას, გარდა ბრენდის სახელებისა და პროდუქტის სახელებისა, რომლებიც ნაჩვენები იქნება სტანდარტულ ფერსა და შრიფტში

ჯანმოს მონაცემებით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია.

2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანდაცვის პირდაპირი და აგრეთვე არაპირდაპირი ხარჯებით, რაც ლარზე მეტი შეადგინა, დაღუპულთა რიცხვი კი 11,000-ს აჭარბებს.

ჯანმო: ამ ვითარების შეცვლა თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ძლიერი კანონმდებლობის მიღებით, საქართველომ დადებითი ნაბიჯი გადადგა, რომლის ეფექტური განხორციელებით პირველი შედეგები მიიღო კიდეც. თუმცა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლების სტაბილურად კლების და მისი კატასტროფული ზემოქმედების შესამცირებლად, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედება და შემდგომი გაძლიერება არის საჭირო.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, ამ პუნქტის ამოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო და შემდგომ კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის 1 ივლისამდე.

„ეს გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს“, – წერს ჯანმო. – „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს და ვიმედოვნებთ, რომ ის განაგრძობს უმაღლეს დონეზე გაცხადებული პოლიტიკის გატარებას ჯანმრთელობის დაცვის და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ასევე დაიცავს კანონმდებლობას თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ჩათვლით“.

____

ამავე თემაზე:

ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 299 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
  • ტანკი – 5 190 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 9 775 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 7 202 ერთეული [+14]
  • MLRS – 834 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 559 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 321 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 419 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 544 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 555 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 1 014 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 517 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 431 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 019 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 170 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 913საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 776 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელებს შედარებით წარმატება ხერსონში აქვთ, დნეპრზე პლაცდარმი ჩამოაყალიბეს“ – ინტერვიუ

შეჯიბრი საგრიალოებით – იმერეთის მაღალმთიან სოფელში ფესტივალი მოაწყვეს

„ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ველომოყვარულებს იმერეთში ველოტური გვქონდა და ბაღდათის ამ მაღალმთიან სოფელში – ხანში გავჩერდეთ, ბავშვები მოვიდნენ საგრიალოებით. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ხანში საგრიალოებით შეჯიბრი იქნებოდა კარგი,“ – ამბობს ლექსო პაიკიძე, ფესტივალ „ხანის დრიფტის“ ორგანიზატორი.

„ხანის დრიფტი“ შეჯიბრია საბავშვო თვითმავლებით, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორებმა „საგრიალოები“ დაარქვეს. ასეთი ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება: 53 სრულწლოვანი ადამიანი სოფელ ხანის დაღმართზე საგრიალოებით დაეშვა. ლექსო პაიკიძე გვიყვება, რომ გაისად, ისევ ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას, საგრიალოებით ერთმანეთს ბავშვებიც შეეჯიბრებიან.

„ბავშვებისთვის 70-დან 100 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. ამჯერად ორდღიანი ფესტივალი მოვაწყვეთ: პირველ დღეს დროს ვინიშნავდით, ვინ უფრო სწრაფად ჩაივლიდა 600-მეტრიან მონაკვეთს, დღეს კი, ოლიმპიური პრინციპით მონაწილეები წყვილში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს: ვინ მიასწრებდა მისვლას ფინიშთან.

83 წლის მონაწილეც გვყავდა, პირველი ადგილი კი, ხანში მცხოვრებმა გაგა ნატრიაშვილმა აიღო, ის 22 წლისაა. სპონსორების დახმარებით, პირველ ადგილზე გასულს მოტობლოკი ვაჩუქეთ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულს კი, 500 და 300 ლარი.

იმერეთში იშვიათობაა მაღალმთიანი სოფელი, ხანი იმერეთის ხევსურეთია, ულამაზესი რელიეფია და გვინდა, პოპულარული გავხადოთ,“ – გვითხრა ლექსო პაიკიძემ.

და რატომ დრიფტი? – ვეკითხებით ფესტივალის ორგანიზატორს, რომელიც „იმერეთის ტურიზმის კლუბს“ წარმოადგენს და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ფესტივალს აწყობს.

„ჯერ დიდხანს ვფიქრობდით, რა დაგვერქმია „სამაკატებისთვის“, ბოლოს „საგრიალოები“ დავარქვით. იუმორით შევხედეთ ასევე დრიფტის დარქმევას. ეს „ტოკიო დრიფტის“ ინტერპრეტაციაა,“ – დასძინა ლექსო პაიკიძემ.

ხანის დრიფტი, არჩილ გეგენავას ფოტო

 

ხანის დრიფტი, გიორგი ცაავას ფოტო
ხანის დრიფტი, გიორგი ცაავას ფოტო
ხანის დრიფტი, გიორგი ცაავას ფოტო
ხანის დრიფტი, გიორგი ცაავას ფოტო

შეხვედრა პროფესიული კოლეჯის სტუდენტებთან – დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა რეგიონში

რა როლი აქვს მედიას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? – 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმში პროფესიული კოლეჯ „ბლექსის“ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის მენეჯერი მარიკა ზაქარაძე და ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი სალომე ფუტკარაძე ისაუბრებენ: რა როლი აქვს მედიას ადამიანის უფლებების დაცვასა და საზოგადოების განვითარებაში; რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის არსებობა განსაკუთრებით რეგიონებში.

შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” დისკუსიათა ციკლის:”მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ” ფარგლებში იმართება და დასწრება თავისუფალია.

მისამართ: კოლეჯი „ბლექსი”, ლერმონტოვის ქუჩა #92ა.

კაცი ცოლს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგის შემთხვევა ბათუმში

შსს-ს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ვ.ა. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავის მეუღლეს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

„ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

ავარია ხელვაჩაურში – დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში, მსუბუქი ავტომანქანა ხიდიდან ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.

ავარიის შედეგად კიდევ 5 მგზავრი დაშავდა, მათ შორის, ერთი კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, იგი ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამავე კლინიკაში მოათავსეს დედა-შვილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კიდევ ორი დაშავებული „მედინაშია“ გადაყვანილი.

შემთხვევა 28 ოქტომბერს, ღამით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Exit mobile version