ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მთავრობა გონიოს ხიდთან 2 ჰექტარ მიწას პირობებით ყიდის

06.09.2023 • 2476
მთავრობა გონიოს ხიდთან 2 ჰექტარ მიწას პირობებით ყიდის

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებულ 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. მყიდველმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საწარმო ან წარმოების ხაზი უნდა აამოქმედოს და მას პროფილი მინიმუმ 15 წელი შეუნარჩუნოს.

ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული 19 594 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 2 მილიონ 400 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 60 ათასი ლარი.

განაცხადში აღნიშნულია, რომ გასაყიდად გამოტანილ ნაკვეთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი გზა.

გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთი / ფოტო აუქციონიდან

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 20 სექტემბერს დასრულდება.

მიწის ნაკვეთის მომავალი მყიდველი ვალდებული იქნება უზრუნველყოს:

  • „შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „საწარმოო ზონის“ შესაბამისი საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა) მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა), ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
  • დასაქმებულთა თანაფარდობის და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

აუქციონის პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა მყიდველს აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად მოუწევს. კერძოდ:

2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2025 წლის 1-ელ ივნისამდე კი, დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

გასაყიდი მიწის ნაკვეთის მდებარეობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: