მთავარი,სიახლეები

„არ ითამაშო გამყოფი ხაზის მხარეს“ – ამბები მდუმარე სოფლიდან

31.10.2023 • 1119
„არ ითამაშო გამყოფი ხაზის მხარეს“ – ამბები მდუმარე სოფლიდან

„გიმნაღურა უდეს ქაგურ ხურჩაქ“ – ხურჩა მგლოვიარე გახდაო, ასე ამბობენ აქაურები, როცა ჩვენი მდგომარეობის აღწერა სურთ.

ადამიანი რომ გარდაიცვლება და სიჩუმე ისადგურებს, ეგეთი სიჩუმეა ახლა სოფელში გამსვლელი პუნქტის ჩაკეტვის და მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ,“ – ასე იწყებს საკუთარ სოფელზე საუბარს ხურჩაში მცხოვრები ლია კვარაცხელია.

ხურჩა ოკუპირებულ აფხაზეთთან გამყოფ ხაზზე მდებარე სოფელია. ის ორ მდინარეს – ენგურსა და ხურჩას შორისაა მოქცეული და სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება. ხურჩა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის, ნაბაკევი კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელია.

2017 წლამდე ხურჩაში მოქმედებდა ე.წ. გამშვები პუნქტი – ადგილობრივი მოსახლეობა ორივე მხრიდან იყენებდა ამ პუნქტს მიმოსვლისათვის.

„ორი „მარშუტკა“, ერთი მუნიციპალური ავტობუსი და 45 ტაქსი მუშაობდა ხურჩაში. მაღაზიები მუშაობდა, კაფე-ბარი იყო, თონის პური ცხვებოდა. გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა ორივე მხარეზე – ქართულზეც და აფხაზურზეც.

იმიტომ, რომ გალის რაიონის სოფლებიდან მოსახლეობა ჩვენთან გადმოდიოდა სავაჭროდ. სანტექნიკაც კი აქედან მიჰქონდათ. ვგიჟდებოდი – ორჯერ დამწვარი მოსახლეობა, მესამეჯერ აკეთებდა სახლს,“ – გვიყვება ხურჩის მცხოვრები ნონა თორია-ბუკია.

2017 წლის მარტში გამშვები პუნქტი დაიკეტა. დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა მხოლოდ ენგურის ხიდის გავლითაა შესაძლებელი.

გამშვები პუნქტის დაკეტვას წინ უძღოდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. 2016 წელს სწორედ ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, მდინარე ხურჩაზე გადებულ ხიდზე მოკლა აფხაზმა მესაზღვრემ გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2016 წელს შეცვალა კანონი –  ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლების მიზნით გამშვები პუნქტების შემცირება გადაწყვიტა. ამ ცვლილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა გალის რაიონში. თუმცა საბოლოოდ გამშვები პუნქტები მაინც გაუქმდა.

გამყოფი ხაზი მდინარე ხურჩისწყალზე. ამ ხიდის მიღმა ოკუპირებული აფხაზეთია

ხურჩელები ამბობენ, რომ ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტის დაკეტვამ „დრამატულად გაზარდა სოფელში მიგრაცია“.

„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითოეული ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინცაა საზღვარგარეთ წასული. ჩვენი ქალები იტალიაში არიან. ზოგჯერ ვიცინი ხოლმე – პატარა ხურჩა აქვთ იქ გახსნილი-მეთქი.

დასვენების დღეს ერთად იკრიბებიან. სურათებს რომ დადებენ ხოლმე, იმხელა სურათია… მთელი ჯარი დგას ქალების. მთელი სოფელი იქ არის – შრომობენ და ოჯახს ინახავენ.

კაცები პოლონეთში არიან. ახალგაზრდობის 70% წასულია ან საზღვარგარეთ, ან შიდა მიგრაციაში,“ – ამბობს ხურჩაში მცხოვრები ელისო შამათავა.

თუმცა მიგრაცია მხოლოდ ერთი სოფლის პრობლემა არაა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ოდენობა 2002 წელთან შედარებით 47 %-ით იყო შემცირებული. 2002 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარედ 29 675 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს – 15 603 ადამიანი.გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა, 2019

ბოლო წლების მზარდი მიგრაციის ფონზე, უცნობია უკანასკნელი ათი წლის მონაცემები.

72 წლის ნონა  თორია-ბუკია სამჯერ გახდა დევნილი. პირველად 1992 წელს, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, მეორედ – 1998 წელს, ე.წ. გალის მოვლენების დროს, ბოლოს კი 2008 წელს – რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

ნონა თორია-ბუკიას სახლი ხურჩაში გზის პირას დგას. „ომის დროს ამ სახლში აფხაზების შტაბი იყოო,“ – გვიყვება.

„ცარიელი სახლი დამიტოვეს აფხაზებმა, ყველაფერი წაიღეს. თავიდან შევიძინე ყველაფერი, მეორადი,“ – იხსენებს ნონა და მუდმივი საფრთხის შეგრძნების ქვეშ ცხოვრების მიუხედავად ხურჩაში დარჩენის მოტივს ასე ხსნის:

„ჩვენ რომ არ ვიყოთ აქ, სოფელი და ხალხი რომ არ იყოს, თავისუფლად შემოვა რუსი. არაფერი არ შეუშლის ხელს“.

ნონა ბუკია-თორია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ნონა თორია-ბუკია ფონდ „სოხუმის“ ქალთა მხარდამჭერი ცენტრის მობილიზატორია გამყოფი ხაზის სოფლებში – ხურჩაში, კოკსა და კახათში.

2000-იანი წლების დასაწყისში ნონამ თავის ხუთ თანასოფლელთან ერთად სათემო კავშირი „ხურჩა“ დააფუძნა. ამ კავშირის საშუალებით სოფელში შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შესვლა და პროექტებზე მუშაობა.

„იაპონიის საელჩოს ვთხოვეთ დახმარება. საელჩოს დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ 2010 წელს სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა,“ – გვიყვება ნონა თორია-ბუკია იმ მცირე თუ დიდ წარმატებებზე, რაც მისი და მისი თანამოაზრეების საქმიანობამ გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელს მოუტანა.

„იმდენი უბედურება გვქონდა გამოვლილი, ხმადაბლა ლაპარაკი არ შეგვეძლო, ვყვიროდით ხოლმე საუბრისას. ფონდი „სოხუმი“ შემოვიდა სოფელში პროექტით, რომელიც ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენას ითვალისწინებდა. ძალიან დაგვეხმარა.

მარტო ფსიქოლოგიური ტრენინგები კი არ იყო, ეკონომიკური გაძლიერების მცირე პროექტებიც შემოიტანეს, ასევე ადვოკატირების და უფასო იურიდიული დახმარების,“ – ასე იხსენებს ნონა თორია-ბუკია იმ პერიოდს, როცა სამგზის კონფლიქტგამოვლილმა სოფელმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

ჯამბულათ ეხვაია ოკუპირებულ გალის რაიონში მდებარე სოფელ ნაბაკევის სკოლის ყოფილი დირექტორია. ის სათემო კავშირ „ხურჩას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჯამბულათი იხსენებს, რომ 2013 წლამდე ხურჩაში „არასამთავრობო ორგანიზაციების ბუმი იყო“ და სოფელში არაერთი კარგი საქმე გაკეთდა მათი დახმარებით.

„როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვალა, მათ [„ქართულმა ოცნებამ“] წარმოიდგინეს, რომ ჩვენ ყველა ვართ ოპოზიცია და თანდათანობით ჩაკვდა ამ სოფელში მუშაობა.

ქალთა ცენტრი იყო სოფელში, გვქონდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. კომპიუტერის სწავლება პირველებმა დავიწყეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ცხრა კომპიუტერი გვედგა და ვასწავლიდით.

დღესდღეობით უმოქმედოდაა. იმიტომ, რომ შევიკრიბებით და ეგრევე უშიშროებიდან მოდიან და კითხვებს სვამენ – რას აკეთებთ, რას იხილავთ, რა პრობლემაა.

ახალმა ხელისუფლებამ ჩვენი ორგანიზაცია გამოაგდო იმ შენობიდან, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენი ძალებით სოფლის ცენტრში,“ – გულისტკივილით აღნიშნავს ჯამბულათ ეხვაია.

ჯამბულათ ეხვაია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

მას შემდეგ, რაც სათემო კავშირს სოფლის ცენტრში აშენებული შენობის დატოვება მოუწია, ნონა თორია-ბუკიამ გადაწყვიტა, საკუთარ სახლში დაეთმო ერთი ოთახი ხურჩაში მცხოვრები ქალების შესაკრებად.

„ფონდ „სოხუმს“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამბულატორიის გაკეთებაში. დიდი წვლილი აქვს სოფლის ავტობუსის დანიშვნაში.

როცა სოფლის ცენტრში მდებარე შენობიდან გამოგვიშვეს, ავდექი და ჩემი სახლის კარი გავაღე, დავუთმე ერთი ოთახი. თვეში ერთხელ აქ შეხვედრები იმართება, ხურჩაში მცხოვრებ ქალებს ტრენინგებს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციებს უტარებენ,“ – გვიყვება ნონა თორია-ბუკია ფონდის საქმიანობის დეტალებზე.

ბოლო ათი წელია ნონას სახლი ხურჩელი ქალებისთვის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის უცვლელი ადგილია.

  • ცხოვრება გამყოფ ხაზზე

ადგილობრივები ამბობენ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრება ნიშნავს, იცხოვრო მუდმივი საფრთხის შეგრძნების რეჟიმში. ამასთან, გამოიმუშაო ისეთი ჩვევები, რაც თავის თავში საფრთხის პრევენციას მოიცავს.

მაგალითად, სახლის ის მხარე, რომელიც გამყოფ ხაზს ესაზღვრება, ნაკლებად გამოიყენო.

„ცდილობ, საძინებელი წინა მხარეს იყოს, გამყოფ ხაზს არ უყურებდეს. ცდილობ, ბავშვებმა წინა მხარეს ითამაშონ ეზოში და არა გამყოფი ხაზის მხარეს,“ – გვიხსნის ელისო შამათავა ხურჩაში ცხოვრების თავისებურებას.

ელისოს თქმით, ადგილობრივების დიდი თავსატეხი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლაა, რადგან ძროხები ადამიანების მიერ დაწესებულ „საზღვრებს“ არ ცნობენ და მდინარის გაღმა-გამოღმა თავისუფლად გადადიან. ოკუპირებულ აფხაზეთში ძროხის გადასვლა კი ნიშნავს ან ოჯახის მარჩენალის დაკარგვას, ან გრძელი გზის გავლას მის უკან დასაბრუნებლად.

მდინარე ხურჩისწყალთან არსებულ გამყოფ ხაზზე რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ეკლიანი მავთულხლართი გააბა. ადგილობრივების თქმით, ამის მიუხედავად, საქონელი მაინც ახერხებს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ხურჩელები ამბობენ, რომ სოფელში შემოსავლის რამდენიმე წყაროა – თხილი, მსხვილფეხა საქონელი და სოფლის მეურნეობა, თუმცა ეს შემოსავალი მხოლოდ თავის გასატანად თუ ჰყოფნით. ოჯახებს ძირითადად ემიგრაციაში წასულები არჩენენ.

ხურჩელებს პრობლემა აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც. მართალია, ზუგდიდის მერიამ ახალი, ლურჯი ავტობუსი დანიშნა ხურჩა-ზუგდიდის მიმართულებაზე, მაგრამ ადგილობრივთა თქმით, „ავტობუსით ტვირთის წაღება არ შეუძლიათ“.

„მუნიციპალური ავტობუსით ბაზარში გასაყიდად ვერაფერი მიგვაქვს. მარტო ისეთი ჩანთის წაღების უფლება გვაქვს, რომელიც ფეხქვეშ შეიძლება დაიდო.

ერთ-ორ ტომარაზე ხუჭავენ მძღოლები თვალს. კი ეშინიათ დაგვაჯარიმებენო, მაგრამ არაფერს ამბობენ. ცოტა მეტი თუ მოგროვდა, იწყებენ თხოვნას – ვაიმე, არ დამღუპოთო.

არადა, ყველა ბაზარში მიდის. როგორ უნდა გამოზომოს სოფელმა, ვინ წაიღოს ბაზარში პროდუქტი და ვინ – არა?!

ბევრჯერ მივმართეთ ამაზე მუნიციპალიტეტს. პასუხი იყო – ეს მუნიციპალური ტრანსპორტია, მოსამსახურეებისთვის არის, ქალაქში გასვლა-გამოსვლისთვის, ეს სატვირთო მანქანა არ არისო. ჩვენ სატვირთო გვჭირდება. მაშინ იმ ავტობუსს გამოაყოლონ ერთი სატვირთო. ავტობუსში წინ ჩვენ დავსხდებით, უკან საქონელს სატვირთოს გამოვატანთ.

მუნიციპალური ტრანსპორტი… კი, ვიღაცამ შეიძლება ისე გაიგოს, რომ უმადურები ვართ. არა, ბატონო, მადლობელი ვართ, მაგრამ სოფლისთვის არ არის.

განსაკუთრებით აისახება ჩვენზე, ქალებზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს ბაზარში სიარული. მუნიციპალური ავტობუსი დგას რკინიგზის სადგურთან. ბაზარი არის ერთი კილომეტრით მოშორებული. რამე რომც იყიდო, ამხელა გზაზე ხელით უნდა ატარო.

[ბაზარში] კაცები ხომ არ დადიან? ქალები დადიან. ჩვენი სოფლის მოსახლეობის სურვილი არავინ გაითვალისწინა. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას და ყველაფერი რთულდება,“ – გვეუბნება ელისო შამათავა.

ელისო შამათავა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

  • სოფლის მხარდაჭერის პროექტი სოფლის მცხოვრებთა ნაწილის ჩართულობის გარეშე?

ის ხურჩელები, ვისაც „ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა, ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რეალურად არ ითვალისწინებს იმ საჭიროებებს, რაც გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას აქვს.

„ხშირად ვიღებ მონაწილეობას შეხვედრებში, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოზიცია მართავს ამ შეხვედრებს თუ ოპოზიცია. ყველა შეხვედრაზე მაქვს ჩემი აზრი. მაგრამ როგორ გამოდის, იცით? თუ ხელისუფლების აზრს არ დაეთანხმე, ოპოზიცია ხარ, თუ დაეთანხმე, მაშინ კი ბატონო.

მაგალითს გეტყვით, ხურჩას 2023 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოეყო 24 ათასი ლარი. რა იყო მნიშვნელოვანი ჩვენი სოფლისათვის?

სოფლის ბოლოს, მდინარე ხურჩასთან არ მიდის, ცუდი გზაა და გვინდოდა რომ გზა გაკეთებულიყო. არ გაკეთდა.

შარშან გააკეთეს სკვერი. შემოღობეს. მაგრამ სკვერი კი არაა, უფრო ძროხისა და ღორის დასამწყვდევი ადგილივითაა. წელს ამ შემოღობილ ადგილას გვინდოდა გაკეთებულიყო გასართობი ადგილი – ტრენაჟორები ახალგაზრდებისთვის და ატრაქციონი ბავშვებისთვის. არ გაკეთდა.

იმის ნაცვლად, რა გვინდა ჩვენ, თვითონ გვთავაზობენ, რაც უნდა აირჩიოს მოსახლეობამ. ყოველწლიურად ხრეშს ყრიან, ყრიან, ყრიან და ეს არასდროს არ მთავრდება. ხრეში ყოველ წელს შემოაქვთ, გზა ყოველ წელს გასაკეთებელია. ერთ წელიწადს ნორმალური გზა რომ გააკეთონ და სხვა წლები სხვა რამე გააკეთონ ხომ შეიძლება?

ამას რომ იტყვი, შენ უკვე პოლიტიკურად ოპოზიციურად ხარ განწყობილი,“ – ამბობს ნონა თორია-ბუკია.

„სკვერი“ ხურჩაში, რომელიც ხურჩელების თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკვერში სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ნონას თქმით, ხურჩაში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უჭირთ სამსახურის პოვნა.

„მე არ მიძებნია სამსახური, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, მაგრამ მსმენია და ვიცი, რომ თუ შენ ხარ და ოდესმე თუ ყოფილხარ „ნაციონალი“, სამსახურს მრეცხავადაც ვერ დაიწყებ. თეფშის მრეცხავიც აღარ უნდათ ოპოზიციურად განწყობილი,“ – ამბობს ნონა თორია-ბუკია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში გათვალისწინებულ თანხებს მოსახლეობა სოფლის კრებაზე განკარგავს და სოფელი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ასე მოხდა ხურჩის შემთხვევაშიც.

„როგორც ხურჩაში, ისე ყველა სხვა სოფელში სოფლის პროგრამების განხორციელების დროს მოსახლეობის ინტერესია გათვალისწინებული. მოსახლეობა თავად აკეთებს არჩევანს, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში,“- განმარტა „ბათუმელებთან“ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მაგდალინა თოდუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მოვიკითხეთ მუნიციპალური ავტობუსის საკითხიც. გვაინტერესებდა, რატომ არ აქვთ უფლება ხურჩაში მცხოვრებლებს ავტობუსით პროდუქტები გადაიტანონ. მერიაში გვითხრეს, რომ შეზღუდვა მხოლოდ გარკვეული სახის ტვირთს ეხება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაქსიმალურად არის მოსახლეობის და მგზავრების ინტერესი გათვალისწინებული და დაცული. ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს პირუტყვის და ფრინველების გადაყვანაზე. სხვა არანაირი პრობლემა არაა ნამდვილად.

რაც შეეხება ტომრებს, ფქვილი იქნება თუ სხვა რამე, თუ ეს ტომრები შეფუთული იქნება ცელოფანში, არ არის მისი გადატანის პრობლემა,“ – განმარტა მაგდალინა თოდუამ.

ომი აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა. საომარი მოქმედებების დასასრულს საქართველოს ჰყავდა 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი.  რუსებმა და აფხაზებმა აიძულეს ეთნიკური ქართველები საკუთარი სახლებიდან გაქცეულიყვნენ.

ამჟამად აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას.

დე ფაქტო აფხაზეთთან გამყოფი ხაზის გაღმა-გამოღმა მცხოვრებ მოსახლეობას ერთმანეთთან ახლო მეგობრულ-ნათესაური კავშირი აქვთ, მაგრამ ახლა ერთმანეთის ნახვას ვეღარ ან იშვიათად ახერხებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: