საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ქართველი მეზღვაური დაზიანდა. სააგენტოს ინფორმაციით ნავსადგურთან მიმდინარეობდა გემის სარემონტო სამუშაოები.
„მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, “General Hospital of Ioannina G. Hatzikosta” – ში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “
სააგენტოს განმარტებით 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.
აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს.
ვითარების ადგილზე გასაცნობად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.
მაღალმთიანი სოფლების გაზსადენის მშენებლობისთვის გათვალისწინებული 4 მილიონიდან აჭარის მთავრობამ მხოლოდ 700 000 ლარის ათვისება შეძლო. ამის შესახებ მთავრობა ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშში განმარტავს, რომ შეფერხება ხულო- ზარზმის გზის მშენებლობამ გამოიწვია.
პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებასა და გოდერძის
უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალო წნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა.
მთავრობის ინფორმაციით გაზსადენის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობს, რაც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებით არის გამოწვეული:
„ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს.გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად ხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები.“
მომავალი წლის ბიუჯეტში მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის მთავრობამ 1 მილიონ 500 000 ლარი გაითვალისწინა. პროექტი განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნეს.
„დღეს ჩვენ ბათუმში არ გვექნებოდა სიღარიბე, არ გვექნებოდა უსულო და ჩაბეტონებული ქალაქი, არ გვეყოლებოდა მომავლის იმედიდან დაცლილი ახალგაზრდობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის 11 წლიანი ოლიგარქიული, კორუფციული და კრიმინალური მმართველობა.“ – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ, ბრიფინგზე.
ბრიფინგი პარტიის აქტივისტებთან ერთად, მა როგორც ენმ- ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ „ოცნების“ ხელისუფლების წლიანი მმართველობის შედეგების შესაფასებლად გამართა.
ენმ- ი დაპაუზებულ პროექტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკა განვითარებას აფერხებს.
„მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის განვითარების ხედვა დაფუძნებული იყო ქალაქის კონცეპტუალურ განვითარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ახალგაზრდების განათლებაზე.“
ბრიფინგი ენმ- ის წევრებმა ახალ ბულვარში გამართეს:
„ეს ადგილი სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით კარგად აჩვენებს კონტრასტს სააკაშვილის ოცნების შავი ზღვის მარგალიტს და ბიძინა ივანიშვილის მიტოვებულ და გაუბედურებულ ბათუმს შორის. ჭოროხის ხიდის შეჩერებული მშენებლობა მავნებლობის შესაშური მაგალითია.
მიხეილ სააკაშვილი ამ ხიდის მშენებლობით ჩვენ თანაქალაქელებს უხსნიდა შესაძლებლობის ახალ ფანჯარას.
ეს ხიდი ბათუმისთვის ახალი სუნთქვის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, მორიგი დიდი საინვესტიციო ტალღის მიზიდულობის ცენტრი, რაც თავისთავად ნიშნავდა მეტ სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულ ადამიანს და მეტ შემოსავალს ჩვენი თანაქალაქელებისთვის.
ხიდის მშენებლობის შეჩერებით შეაჩერეს გონიო- კვარიათისა და სარფის განვითარება ჩაკლეს. ასვე, გონიოს ყოფილ პოლიგონზე ახალი ტურისტული ქალაქის აშენების შესაძლებლობა გაანადგურეს. საქონლის ბოსლად აქციეს გონიოს პრომინადი. “ – განაცხადა ლევან ანთაძემ ბრიფინგზე.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით ბათუმის ბიუჯეტში სამ კვარტალში 47 მილიონ 191 800 ლარი შევიდა. მათ შორის სათამაშო აპარატებიდან მიღებულმა შემოსავალმა ბიუჯეტში 22 მილიონ 656 300 ლარი შეადგინა.
წამახალისებელი გათამაშებიდან – 296 900 ლარი შევიდა ბიუჯეტში.
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 300 000 ლარი, ხოლო სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით -23 მილიონ 938 600 ლარი აისახა ბიუჯეტში.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტის ანგარიშში ასახულია „სხვა შემოსავლების“ ნაწილში.
სხვა შემოსავლების 2023 წლის 9 თვის საპროგნოზო მოცულობა 52 მილიონ 511 100 ლარით იყო განსაზღვრული.
ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 70 მილიონ 858 300 ლარი, რაც გეგმის 134.9 პროცენტია .
სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 29.5%-ს შეადგენს.
საერთო ჯამში კი სხვა შემოსავლების წილი ბიუჯეტში ასე გადანაწილდა:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 304 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830]
ტანკი – 5 276 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 9 939 ერთეული [+38]
საარტილერიო სისტემა – 7 363 ერთეული [+35]
MLRS – 861 ერთეული [+7]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 568 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 534 ერთეული [+39]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 551 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 716 ერთეული [+25]
სპეცტექნიკა – 1 038 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
525 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 629 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 175 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 182 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 980 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
14 965 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ხშირად ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ამჩნევენ და არ იციან, თუ რა დიდი შრომა სჭირდება მის გახარებას.
ზოგადად, რასაც ადამიანი არ აკეთებს, ყველაფერი იოლი ჰგონია. მეგობრები, ნათესავები თუ სხვები ძალიან ხშირად მეუბნებიან: „ვაიმე, ვარდები რა ლამაზია, მათ მოყვანას რა უნდა, რა ბედნიერი ხარ, ვარდებთან რომ გაქვს შეხება“ და ა.შ.
ერთი შეხედვით როგორც ჩანს, ასე ნამდვილად არ არის. ვარდებთან ყოფნა გულისხმობს დიდ შრომასა და ძალისხმევას. ყოველდღე ვარდების ბაღში უნდა იყო. ზედმეტი ტოტები მოაშორო, დააკვირდე, რაიმე დაავადების ნიშნები ხომ არ აქვს. ყურადღებით უნდა იყო, რამე არ გამოგეპაროს“, – მეუბნება 42 წლის ქეთი ქარცივაძე, რომელიც 3 000 ძირ, კენიური ჯიშის ვარდების ბაღს უვლის.
ქეთი დაქორწინების შემდეგ გადაიკვეთა ვარდებთან, როცა ქედაში, სოფელ ინაშარიძეებში გადავიდა საცხოვრებლად, დაახლოებით 3 წლის წინ.
„იქამდე ქობულეთში ვცხოვრობდი, იქ დავიბადე და გავიზარდე. გვქონია ეზოს, სახლის ყვავილებიც, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ მათით. ამის არც სურვილი მქონდა და არც დრო.
ქედაში რომ გადმოვედი, ჩემს მეუღლეს უკვე ჰქონდა დარგული ვარდები, მაგრამ პირველი მოსავალი ჯერ არ ჰქონდა აღებული.
აქედან დაიწყო ჩემი ვარდებთან ურთიერთობა. ბევრი რამ ვისწავლე მათზე და პარალელურად სულ ვეძებდი ინფორმაციას ვარდების შესახებ.
იქამდე საერთოდ არაფერი არ ვიცოდი ვარდებზე, მათი მოვლის ტექნიკაზე. მხოლოდ ის იყო, რომ ქობულეთში, ეზოში გვქონდა და ვხედავდი.
თავიდან, რადგან ოჯახის ყოველდღიური საქმიანობა იყო, ჩავერთე მეც, მაგრამ მერე და მერე, ვარდებთან ხშირი ურთიერთობის ფონზე, გულწრფელი ინტერესი გამიჩნდა, თუ როგორ უნდა მეზრუნა მათზე, უკეთესად როგორ გამეხარებინა.
სიყვარული თანდათან მოდის და ღრმავდება მცენარის მიმართ. თუ არ გიყვარს ვარდი, მართლა ვერ გაახარებ, ვერ მოუვლი, იმდენად ძნელია მასზე ზრუნვა“, – გვეუბნება ქეთი.
მებაღის თქმით, ყველაფერი ჯერაც არ იცის ვარდის შესახებ, მაგრამ ეს სულაც არ აშინებს.
„მართალია, ვარდის ნერგები უკვე დარგული დამხვდა, მაგრამ ახლა უკვე მათი მოვლის სადავეები სრულად მაქვს ხელში აღებული. ცხადია, რომ სრულიად მარტო ფიზიკურად ვერ მოვუვლი, იმდენი შრომაა საჭირო. მუდმივად უნდა გაასუფთაო ბალახისგან, სჭირდება ხშირად შეწამვლა და კიდევ უამრავი რამ. ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ცდილობს დამეხმაროს“ – ამბობს ქეთი.
იგი გვიხსნის, რომ წვიმა ძალიან აზიანებს ვარდს და წვიმის შემდეგ, ყოველ ჯერზე, შეწამვლა სჭირდება: „ალბათ ყველამ იცის, რა სათუთი მცენარეა ვარდი. მნიშვნელოვანია კოკორში ჩასული წვიმის წყლის გაშრობა მალევე მოასწროს. თუ ამას ვერ ახერხებს და წვიმიანი დღეები ერთმანეთს ებმის, ვარდი ფუჭდება“.
ქეთი ვარდების ბაღში
ქეთისა და მისი ვარდების ბაღისთვის ყველაზე რთული პერიოდი გასული წელი იყო.
„თითქმის ერთი თვე იწვიმა. ამ ერთი თვის განმავლობაში ვჭრიდით და ვყრიდით ვარდებს.
ალბათ 5 000 ცალ ვარდზე მეტი გადავყარე და ეს ძალიან, ძალიან განვიცადე. წაგებაზე აღარც ვსაუბრობ, იმდენად ცუდად იმოქმედა ამან ჩემზე ემოციურად. აი, წარმოიდგინეთ, ამდენ ვარდს ჭრი და ყრი ნაგავში. საშინელი განცდა იყო.
თითო-თითოს ვარჩევდი. ზოგს მეზობლებს ვურიგებდი, ზოგს – ვის. დღესაც რომ მახსენდება, ძალიან ცუდად ვხდები. თან გადაბმული წვიმის გამო იმდენად ბევრი დაავადება დარჩა ნერგებს, რომ ძლივს გამოვაჯანსაღეთ.
ერთი წლის წინ რომ მქონოდა ჩემი ვარდების ბაღი გადახურული, ამდენ ზარალს არ მივიღებდი. ასეა ყველა სხვა სფეროში. მაღალმთიან აჭარაში რთული კლიმატია და ძალიან გვჭირდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. სავარაუდოდ, ფინანსების არ ქონა ბევრს აფერხებს იდეების განხორციელებაში“, – გვეუბნება ის.
ქეთიმ 4 500 ლარის დაფინანსება მოიპოვა „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში და გაზაფხულზე ვარდების ბაღში ღია სათბურს მოაწყობს, რისთვისაც უკვე შეიძინა ხის მასალა და ცელოფნის პარკი: „ზამთარში უხვი ნალექი აუცილებლად გაგვიფუჭებს სათბურს, ამიტომ მოგვიწევს სათბურის ალაგება და შენახვა. ზამთრისთვის ვარდს დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე ვჭრით და ვტოვებთ, არ იყინება“.
ქალის თქმით, ვარდების ფასი ბაზარზე ყოველთვის იცვლება, თუმცა ფასი, ძირითადად, დამოკიდებულია ვარდის სიმაღლეზე.
„ბაზარზე რეალიზების კუთხით არ გვექმნება პრობლემა. მეგობარი გვყავს, რომელსაც [ყვავილების] მაღაზიები აქვს ბათუმში. ვარდებს კარგად ვფუთავ, რომ მისი ფურცელი არ დაზიანდეს და ხან ოჯახის მანქანით ჩაგვაქვს, ხან „მარშუტკით“ ვაგზავნით, როგორც მოგვიხერხდება“ – გვითხრა ქეთიმ.
მებაღის თქმით, მისი ყოველი დილა ვარდების ბაღის მოვლით იწყება, მზის ჩასვლის შემდეგ კი ვარდებს ჭრის.
„ვარდების მოვლა დამღლელია, მაგრამ, როცა ვარდებში ხარ და ამდენ ვარდს უყურებ, ვერაფრით იქნები ცუდ ხასიათზე. ხანდახან ვიტყვი, რომ ვაიმე, როდის დასრულდება-მეთქი, მაგრამ, აი, მაგალითად, მთელი ზამთარი რომ ვარ ვარდების გარეშე, ძალიან მენატრება, თითქოს მაკლია რაღაც.
პერიოდულად ვასაქმებთ ადგილობრივებსაც, რომლებიც ვარდების ბაღის ბალახისგან გასუფთავებაში გვეხმარებიან“, – გვიყვება ქეთი.
ფოტო ქეთის ვარდების ბაღიდან
ზამთარში ვარდების მოსაყვანად იზოლირებული სათბურია საჭირო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და რისი გაკეთების საშუალებაც ქეთის და მის ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვთ.
გაზაფხულიდან ქეთი ვარდის სხვა ჯიშების გამრავლებაზეც ფიქრობს.
„ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება მცენარეების მიმართ შეიცვალა. ძალიან მიკვირს ჩემი თავის, რადგან მსგავსი რაღაცების გაკეთება არასდროს არ მიფიქრია, არ დავინტერესებულვარ მცენარეებით. ახლა უკვე ოთახის მცენარეების მომრავლებაზეც გადავერთე. სადმე თუ ქოთნებს დავინახავ, ვყიდულობ, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ყვავილებს ვეძებ, მათი სახლში წამოღება და გახარება მინდება. მოკლედ, ამ საქმესაც მივყავი ხელი“, – გვითხრა ქეთიმ.
მებაღე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალს ჰქონდეს თავისი შემოსავალი, რათა გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული და იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი.
„როცა მიზანი გაქვს, შეუძლებელი მართლა არაფერია. მთავარია, მონდომება. მე მივმართავ ქალებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც კონკრეტულს ვერ გააკეთებენ – მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაც გვერდში გედგას, ნებისმიერი სახის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი, მაგრამ სულ მარტოც ყველაფერს შეძლებენ ქალები.
ძალიან მინდა, ყველა ქალს აუხდეს ოცნებები“ – ამბობს ქეთი.
უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში საქართველოში მიგრაციული სალდო დადებითი ერთადერთხელ იყო – 2020 წელს, როცა ქვეყანაში 15 732 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან წავიდა.
“2020 წლის მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია „COVID-19-ის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა გადაადგილების შეზღუდვებმა“ – ასეთია დადებითი მიგრაციული სალდოს ოფიციალური ახსნა საქართველოს მიგრაციის 2021 წლის პროფილის დოკუმენტის მიხედვით.
2020 წლამდეც და 2020 წლის შემდეგაც საქართველოდან საზღვარგარეთ მიგრაციის ტემპი მაღალია. ადამიანები ურთულეს გზებს ირჩევენ იმისათვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ და უცხოეთში იპოვონ თავშესაფარი. ემიგრანტთა დიდი ნაწილი შრომითი მიგრანტებია, ისინი საქართველოდან ძირითადად დაბალი ხელფასის და არასათანადო შრომის პირობების გამო მიდიან.
რა გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე შრომისუნარიანი მოქალაქეების საქართველოდან წასვლა, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, რას არ აკეთებს და სად არის გამოსავალი?
„ბათუმელების“ კითხვებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი პასუხობს.
ქალბატონო ნათია,რა სურათი გვაქვს დღეს საქართველოში შრომითი მიგრაციის კუთხით?
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიემგზავრებიან სხვადასხვა ქვეყანაში, ევროკავშირში და ან ევროპის გარეთ, უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივების მოსაძებნად ან გაუარესებული ჯანმრთელობის პრობლემების გასაუმჯობესებლად, ან სწავლის მიზნით.
ასევე ხდება იმიგრაცია: საქართველოში შემოდიან უცხოელები – უცხოელი სტუდენტები, უცხოელი მიგრანტები, რომელთა მიზნობრიობა შეიძლება არ იყოს გამოკვეთილი. ქვეყანაში ყოფნის და ცხოვრების დროს შეიძლება დაზუსტდეს მათი აქ ყოფნის მიზნები.
ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი
როგორია ემიგრაციის ტემპი საქართველოში და ასე თუ გაგრძელდა, რას მოუტანს ეს ქვეყანას?
რა თქმა უნდა, ემიგრაცია გაზრდილია. მიგრაციულ სალდოს თუ შევხედავთ მოქალაქეობის ჭრილში, ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეებს და უკან დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის განსხვავება მზარდია და უარყოფითი.
მიგრაციული სალდო მზარდია და უარყოფითი. 2020 წელს იყო დადებითი, კოვიდის პერიოდში, მაგრამ მას შემდეგ მზარდია. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წელშიც ზრდა გვექნება.
გაზრდილია და დადებითია მიგრაციული სალდო იმიგრაციის კუთხით – უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და ცხოვრების მხრივ.
თან მრავალჯერ აღემატება უკან დაბრუნებული მიგრანტების რაოდენობას და თუ ვთქვათ გავითვალისწინებთ ამ პროცესებს, დემოგრაფიული საკითხი დგება დღის წესრიგში. შეიძლება დღეს მაინცა და მაინც არა, მაგრამ მცირე ხანში ალბათ გვექნება ცვლილებები ქვეყნის დემოგრაფიულ შემადგენლობაში. თუ ასეთი ინტენსივობით გაგრძელდა ემიგრაცია და სხვადასხვა კატაკლიზმებით გამოწვეული იმიგრაცია.
მზარდი იმიგრაცია უკავშირდება როგორც უკრაინის ომს, ისე წინა აზიაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გაზარდოს. ამიტომ თავისთავად დგება საკითხი, დემოგრაფიული სურათი როგორ შეიცვლება საქართველოში.
ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში რა დადებითი და უარყოფითი კონტექსტი აქვს ემიგრაციას?
ემიგრაცია ჯერ კიდევ არალეგალური ხასიათის მქონეა. ადამიანები მიემგზავრებიან უცხოეთში ძირითადად არალეგალურ სამუშაოებზე. საქართველოს აქვს შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან და ისრაელთან.
გერმანიასთან არის სეზონური, საფრანგეთთან არის 50 პროფესია. კიდევ გახსნილია სექტორები და პროფესიები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის 35 წლამდე. არის მიგრაცია ისრაელში, რომელიც სავარაუდოდ შეჩერდება.
აქტიურად გახსნილია დასაქმება გერმანიის მიმართულებით. ამას იყენებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, მათ შორის სტუდენტები დასვენების პერიოდში.
იციან დასაქმების პირობები, დასაქმების შესაძლებლობები, დასაქმების ადგილები. წლის განმავლობაში ორჯერ მაინც ახერხებენ წასვლას და მუშაობას გერმანიაში, ფერმებში. გამომუშავება ნორმალურია და შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ამ თანხით საკუთარი დღის წესრიგი წინ წაწიონ.
ეს იქნება ოჯახური საკითხები, განათლება თუ რაც არის.
ეს არის დადებითი კომპონენტი. ასეთი შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებები უნდა გაიზარდოს მთელ რიგ ქვეყნებთან. რადგანაც დღეს, ჩვენი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი მიდის უცხოეთში, არალეგალურ სამუშაოებზე, არალეგალურად და არარეგულირებული ხასიათი აქვს ამ მიგრაციას. ეს თავისთავად დაკავშირებულია ადამიანის შრომითი უფლებების დარღვევასა და სხვა დარღვევებთან, რადგანაც უკან არ გიდგას სახელმწიფო, არ იცის სახელმწიფომ შენს შესახებ, შენი მოძრაობის და მოქმედების შესახებ უცხო ქვეყანაში. რაც მთავარია, რისკებია მაღალი.
შესაბამისად, ემიგრაციის ეს მზარდი ტემპი დადებითად ვერ შეფასდება, რადგან მთელ რიგ პრობლემებს და რისკებს ითვალისწინებს.
ის, რომ შრომისუნარიანი ადამიანები გადიან ქვეყნიდან, როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე?
მინდა გამოვყო ახალგაზრდების მიგრაცია უცხოეთში სასწავლებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები უკან დაბრუნდნენ და მათი უკან დაბრუნების პერსპექტივები შევქმნათ.
ამისათვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი რეფორმების გატარება – ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მხოლოდ უმუშევრობა კი არ არის, არამედ დაბალი ანაზღაურებაც.
რაც თავისთავად ბადებს კითხვებს, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყნის მასშტაბით იმისათვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას – მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დაწესებული.
დაბალი ანაზღაურება ცალმხრივი არ არის. მეორე მხარეა სამუშაო ძალა, ის კვალიფიკაცია და უნარები, რაც სამუშაო ძალას უნდა ჰქონდეს.
საქართველოს ბაზარზე მუდმივად არის კვალიფიკაციაზე და უნარებზე დიდი შიმშილი. ეს მიუთითებს ჩვენი სამუშაო ძალის დაბალ კონკურენტუნარიანობაზე და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე.
აქ მოდის საკითხი განათლების, მათ შორის პროფესიული განათლების, ხარისხის გაძლიერების, განვითარების და ამ პროცესების ხელშეწყობის.
განათლების სამინისტრო წლებია მუშაობს ამ მიმართულებით – პროფესიული განათლების სისტემა მაღალ ხარისხშია აყვანილი და პრიორიტეტულია ქვეყნისათვის, მაგრამ მაინც არის საჭირო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა იმ სწავლისა, რომელსაც ადამიანები იღებენ კონკრეტულად პროფესიული სწავლების პროცესში.
ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ კვალიფიცირებული და მაღალკვალიფიციური ძალა გაედინება საქართველოდან… თუმცა აქტიურ სამუშაო ასაკში მყოფი ადამიანები გადიან და ეს დამანგრეველია, არ არის კარგი ქვეყნისა და მისი ეკონომიკისათვის. რადგან ეს არის პოტენციური ძალა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს.
ეროვნული სამუშაო ძალა შეიძლება ჩანაცვლებული იყოს რიგ შემთხვევაში საერთაშორისო სამუშაო ძალით და ეს ტენდენცია ცხადია, არის.
შრომის სააგენტომ შეიტანა ცვლილება კანონში, რომლითაც საქართველოში მოქმედ ბიზნესებს ევალებათ აღრიცხონ და მოაწოდონ ინფორმაცია შრომის სამინისტროს მათ დაწესებულებებსა და ბიზნესებში დასაქმებული უცხოელი სამუშაო ძალის შესახებ. ეს გაზრდის ინფორმირებულობას და პასუხების გაცემის შესაძლებლობას გამოწვევებზე.
ბოლო ორი წლის მიგრაციის ტენდენციაზე საუბრისას, სულ ამბობენ, რომ გაედინება ეგრეთ წოდებული „ტვინები“. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცეს?
თუ კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება არ იქნება ჩვენ ქვეყანაში, ცხადია ადამიანმა შეიძლება იფიქროს სხვა ქვეყანაში თავისი უნარების და კვალიფიკაციის გაყიდვა და უკეთესი ანაზღაურების მიღება. ამას ვერ გამორიცხავ. რა თქმა უნდა, არის ეს პროცესი.
განსაკუთრებულად დაზარალდა ჩვენი სამუშაო ძალა და ბაზარი 90-იან წლებში და 2000-იანი წლების პირველ პერიოდში, როდესაც მართლაც ძალიან ბევრმა მაღალკვალიფიციურმა ადამიანმა დატოვა საქართველო და დამკვიდრდა სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში და მთლიანად მსოფლიოში. ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა ქართული დიასპორის რუკა.
საქართველოს მის საზღვრებს გარეთ ჰყავს ძალიან სერიოზული, მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთა გამოყენება, ჩაყენება შრომის ბაზრის ინტერესებში და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებში, ძალიან მნიშვნელოვანია.
სათითაოდ არ დაგვითვლია, მაგრამ სადღაც 6 ათასი ადამიანის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და აქედან კონტაქტები გაცოცხლებულია 500-600 კაცთან.
სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა რა არის, რა უნდა გააკეთოს?
შრომით მიგრაციას სრულად უარყოფით კონტექსტში ნუ შევხედავთ. ემიგრაციაში წასულია ადამიანების ნაწილი ახერხებს გარკვეული ცოდნის, უნარების და რაც მთავარია, ენის ცოდნის დონის განვითარებას. უკან დაბრუნებული ეს ძალა ცოტა განსხვავებულია მათგან, ვინც აქედან არ წავიდა. მეტი გამოცდილება აქვთ, ცოტა სხვა თვალსაწიერი აქვთ, ჰორიზონტი გაფართოებული აქვთ, ეს ხალხი ძალიან კარგი რესურსია ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.
მეორე საკითხია შრომითი მიგრაციის სქემების განვითარება ბევრ ქვეყანასთან.
აქაც განსასაზღვრია ის ნიშა, რომელსაც ქართული სამუშაო ძალა დაიკავებდა ამ ქვეყნებში.
უნდა მოვიძიოთ ამ ქვეყნების შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაცია და მერე დავუკავშიროთ ჩვენი სამუშაო ძალის განათლებასა და კვალიფიკაციას.
შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა ცირკულარული მოძრაობისთვის – ადამიანების წასვლისთვის, სამუშაოს შესრულების შემდეგ უკან დაბრუნებისთვის, სხვა ქვეყანაში წასვლისთვის.
ეს რეალურად ქმნის წრეს, რომელშიც უკან დაბრუნება გათვალისწინებულია. არ არის გრძელვადიანი. ადამიანი დაბრუნდება ერთი წელი იქნება თუ ორი წელი და შეუძლია საკუთარ ქვეყანას არგოს, აქ განვითარებული უნარებით. დაფუძნდეს საერთოდ ან იფიქროს ისევ ცოტა ხნით სადმე წასვლაზე, მაგრამ არ იფიქროს გადასახლებაზე და ოჯახის წაყვანაზე, რაც ხშირად ხდება დღეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური დღეს, 3 ნოემბერს, X-ზე წერს, რომ ბოლო კვირებში გაგრძელდა ომის დასაწყისშივე გამოვლენილი ტენდენცია – თუ ფრონტზე გარემოებები არ შეიცვალა, სახმელეთო ბრძოლის ბალანსი ძირითადად თავდაცვითი ძალების სასარგებლოდაა.
ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სამხრეთით უკრაინის შეტევა შედარებით სტატიკურია რუსეთის კარგად მომზადებული თავდაცვითი პოზიციების ორ მთავარ ხაზს შორის.
ასევე, ქალაქ ავდიივკასთან რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა უკრაინის ძლიერ თავდაცვას შეეჩეხა.
ამ ფენომენის მთავარი ფაქტორი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა საიმედო საჰაერო თავდაცვა, რაც ხელს უშლის საბრძოლო თვითმფრინავებს ეფექტური თავდასხმების განხორციელებაში – წერს ბრიტანული დაზვერვა.
ასევე, დაზვერვის ცნობით, კონფლიქტის გეოგრაფიულმა ზომამ შეაფერხა თავდასხმები: ორივე მხარე ცდილობდა შეეკრიბა ჯერ ისევ გამოუყენებელი დამრტყმელი ძალები, რომელთაც შეეძლოთ გარღვევა, ამავე დროს მობილიზებული ჯარების დიდი ნაწილი საჭიროა 1200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად.
ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს. მოძრაობაში „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულები და სხვადასხვა მიმართულებით აქტიური მოქალაქეები გაერთიანდნენ.
დამფუძნებლების ინფორმაციით, „ბათუმის თავისუფლების მოედანი იქნება სახალხო დემოკრატიის შესაძლებლობა, სივრცე, სადაც მოქალაქეები პირდაპირ და უშუალოდ განიხილავენ მათ საჭიროებებს, ადგილობრივ თუ საზოგადო ინტერესებს და დემოკრატიული პროცედურებით ჩამოაყალიბებენ საერთო პოზიციებს.“
მოძრაობა გააერთიანებს მოქალაქეებს იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, თვითმმართველობა თუ სხვა ინსტიტუტები კვლავ გახდნენ ანგარიშვალდებულნი ხალხთან და ხალხის მიერ განსაზღვრულ, საზოგადო ინტერესებს ემსახურონ.
ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამარ მამეიშვილის თქმით, მოძრაობის დაფუძნების იდეა მარტის მოვლენების დროს გაჩნდა, როდესაც მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
„ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივამ და შემდეგ პირველი მოსმენით კანონის მიღებამ, რაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას შეეხებოდა, ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დააყენა საფრთხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვა ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებული პროტესტი და გავლენა მოახდინეს ამ პროცესზე, ვხედავთ, რომ ეს მაინც არ ჩერდება“.
თამარ მამეიშვილი
„მმართველი ძალა აგრძელებს დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ ამ დროს გაჩერების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. როგორც არასდროს, ახლა არის მეტი მოქმედების დრო. ამიტომაც ვქმნით „თავისუფლების მოედანს“. გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას აქვს ფართო მხარდაჭერა. ჩვენში დემოკრატიისკენ სწრაფვა არის ძალიან მაღალი და გვინდა, რომ ეს საქმითაც ვაჩვენოთ“, – ამბობს თამარ მამეიშვილი.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ კურსდამთავრებულები „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.
ინიციატორების თქმით, ეს იქნება ღია, სახალხო პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე მსჯელობა.
შეხვედრაზე დამფუძნებლები სიტყვითაც გამოვიდნენ. მათ თავიანთ სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემურად მიაჩნიათ:
„…ბოლო 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცდილობს, ახალგაზრდებმა დატოვონ ქვეყანა, ყველანაირად ცდილობენ, შეგვიქმნან ის ბარიერები, რომლებითაც გვიბიძგებენ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი თავი ვერ ვიპოვოთ და წავიდეთ უცხოეთში. თან ირონიულად მოგვაყოლებენ ხოლმე – ჩვენ გეტყვით, სად არის ბილეთები იაფი და სწორედ იმ ქვეყანაში წადითო. იქ იმუშავეთ, რადგან ეს ქვეყანა არ არის თქვენთვისო. რეალურად ასე არ არის – ეს ქვეყანა სწორედ, რომ ჩვენია“
ჩვენი მთავრობის მიზანია სხვადასხვა პრობლემის მოუგვარებლობით – ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლით, უნივერსიტეტების პოლიტიზებით და ასე შემდეგ, უნდა, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებმა თავი კომფორტულად ვერ ვიგრძნოთ. უნდათ, რომ ვიყოთ მუდმივ უიმედობაში, ნიჰილიზმში… ჩვენ გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ ყოფით პრობლემებს.
„ქართული ოცნების“ მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ვერ ვიფიქროთ დიდ მიზნებზე და ჩავრჩეთ ყოფით პრობლემებში. ჩვენი ამ ფიქრის დროს „ოცნება“ ფულს აკეთებს, ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება არის ფულის საკეთებლად… ამის მოგვარება სახლში ჯდომით და უიმედობით არ არის შესაძლებელი“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
არჩილ ბერიძე
აზა გაბუნიამ გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა განათლების საკითხებზე და საზოგადოებას მოუწოდა კარგად დააკვირდნენ, როგორ ჩაატარა დირექტორების არჩევნები განათლების სამინისტრომ. მისი თქმით, მთავრობა მუდმივად ცდილობს დაიქვემდებაროს განათლების სფეროში დასაქმებულები:
„პოლიტიკური ნიშნით ირჩევდნენ ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს ეძლევათ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, ვინც „ქართული ოცნების“ მეხოტბეა. მხოლოდ მათ დაიკავეს თანამდებობები და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ 2024 წელს არჩევნებზე მასწავლებლები თავის ელექტორატებად ჰყავდეთ. “
ნათია ხარატმა ქალაქში უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფით გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა, ირმა ზოიძემ კი ურბანულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
რომა დოლაბერიძემ მეტი აქტივობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. მისი თქმით, ყველა უნდა გამოვიდეს თავისი კომფორტის ზონიდან იმისთვის, რომ იმ აქტივობებს, რასაც საზოგადოებრივი მოძრაობები არ იშურებენ, უფრო მეტი რეალური შედეგი მოჰყვეს.
რომა დოლაბერიძე სიტყვით გამოსვლისას
მოძრაობის პრეზენტაცია ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შედგა. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ მამეიშვილმა თქვა, რომ მათი ადგილი ახლა სწორედ აქ არის, ქალაქის ცენტრში.
ღონისძიებას „დემოკრატიის სკოლის“ დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე და ბათუმში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინაში, ომში მონაწილე ქართველი ექიმი, უმცროსი სერჟანტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოქროს ჯვრის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ამსახველი ფოტო და ვიდე მასალა ქეთი ლეშკაშელმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
კადრი ვიდეოდან
ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში 2022 წელს, ომის დაწყებიდან მოკლე ხანში ჩავიდა გერმანიიდან, მონაწილეობს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, დაჭრილებსა და დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.
გასულ სამ თვეში საქართველოში 121 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და 2027 დაშავდა – ასეთია შს სამინისტროს 2023 წლის მესამე კვარტალის სტატისტიკა.
დაღუპულთაგან 14 ქვეითი იყო.
რაც შეეხება 2023 წლის სრულ სტატისტიკას ამ დრომდე [იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით], ამ პერიოდში საქართველოში 304 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ბოლო წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევაა – 2022 წელს 91 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით, 2021 წელს – 90, 2020 წელს კი – 122.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შენობას თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში [მე-12კმ.] ააშენებენ. სატენდერო თანხა 17 მილიონ 849 ათასი ლარია.
მშენებლობა 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. კერძოდ:
2023 წელი – 4 934 000 ლარი;
2024 წელი – 5 200 000 ლარი;
2025 წელი – 7 715 000 ლარი.
კონკრეტულად რა თანხა იქნება საჭირო საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისთვის, ეს ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2023 წლის 29 ნოემბერს და 4 დეკემბერს მთავრდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების მაქსიმალური ვადა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 24 თვეა. ამასთან, „ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღეში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი, თვეების ჭრილში.“
ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ტერიტორია, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, 4 440 კვადრატული მეტრია.
საპროექტო ადმინისტრაციული შენობა კი „წარმოადგენს ხუთსართულიან შენობას. მას ასევე გააჩნია მიწისქვეშა ორი სართული. საიდანაც, -1 სართულზე განთავსდება ავტოსადგომი და საწყობი. შენობა გადახურულია ბრტყელი გადახურვით.“
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შენობა თბილისში / რენდერი პროექტიდან
„შენობის შესასვლელებთან მოწყობილია კიბეები და პანდუსები. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ენერგოეფექტურობის მიზნით, შენობის გარე კედლები, სართულშუა გადახურვები და სახურავი დაფარულია თბოსაიზოლაციო მასალით. შემინვისთვის გამოყენებულია იზოალუმინის ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა“, – აღნიშნულია პროექტში.
ტერიტორიაზე, სადაც ადმინისტრაციული შენობა უნდა აშენდეს, დაუსრულებელი ნაგებობაა, რომელსაც ამ ტენდერის ფარგლებში დაანგრევენ.
ამ შენობას დაანგრევენ და აქ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას ააშენებენ / ფოტო ტენდერიდან
პრეტენდენტს, რომელსაც ტენდერში მონაწილეობის მიღება სურს, პირობის მიხედვით:
„2018 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი, არანაკლებ III კლასის, სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობის ან არსებული შენობ(ებ)ის რეკონსტრუქციის სამუშაოები (არ განიხილება ინდივიდუალური ტიპის, ერთ-ბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის/რეკონსტრუქციის სამუშაოები).
შესრულებული სამუშაოების ღირებულება არაუმეტეს 5 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 17 850 000 ლარს (პირობა N1), ან შესრულებული სამუშაოების ღირებულება არაუმეტეს 1 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 925 000 ლარს (პირობა N2).
აღნიშნული სამუშაოები (ნებისმიერი თანხობრივი პირობის (პირობა N1, ან პირობა N2) დაკმაყოფილების შემთხვევაში) სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციების, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ექსტერიერის მოპირკეთების სამუშაოებს და სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.“
„კლუბი სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. სერვისის მიზანია ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია.
კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სერვისი გახსნილია თბილისსა და ბათუმში. „კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბაზაზე, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში.
ინტერვიუ პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელთან, ჯანა ჯავახიშვილთან.
ჯანა ჯავახიშვილი: „ხშირად საჭიროა სულ პატარა ბიძგი იმისთვის, რომ მოზარდმა დაძლიოს პრობლემა“
რა არის „კლუბი სინერგია“
ჯანა ჯავახიშვილი: „კლუბი სინერგია“, სინამდვილეში, ძალიან დიდი სიახლეა საქართველოს ცხოვრებაში. ბავშვთა, მოზარდთა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მოვლა დიდი ღიობია საქართველოში. თუ მოზარდს აღენიშნება გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, მაღალი შფოთვა, ან დაბალი გუნება-განწყობილება, ან ვერ უმკლავდება სტრესს, აქ ფსიქოლოგიური დახმარებაა საჭირო.
უფრო ხშირად, ბავშვის ემოციური თუ ქცევითი პრობლემები არ არის მისული დაავადებამდე, მას არ სჭირდება ფსიქიატრიული მკურნალობა. აქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მულტიდისციპლინურ მომსახურებას, ისეთს, როგორიც არის „კლუბი სინერგია“, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია, რომ მოზარდმა ისწავლოს საკუთარი ემოციების მართვა, სტრესთან გამკლავება და ა.შ.
ეს მისი მდგომარეობის შემდგომ გართულებას აგვაცილებს თავიდან, გააუმჯობესებს მის ცხოვრების ხარისხს. ეს არის პრევენცია, რომელიც ასე ძალიან საჭიროა ჩვენს ქვეყანაში. „კლუბი სინერგია“ სწორედ ამ ნიშას იკავებს, ამ ღიობს ავსებს.
„კლუბი სინერგია“ არის ისეთი ადგილი, სადაც ყოველგვარი სტიგმატიზების გარეშე (ეს სათაურიდანაც ჩანს), მოზარდს/ახალგაზრდას ხვდება კომპეტენტური გუნდი, დაკომპლექტებული ფსიქოლოგებითა და სოციალური მუშაკებით, რომლებიც ეხმარებიან მას ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ფსიქიატრიული კონსულტირება/ჩარევა, ამის საშუალებაც არის. აქ მოზარდი/ახალგაზრდა, სპეციალისტების დახმარებით, მუშაობს იმაზე, რომ თავის პრობლემას თავი გაართვას, მოერიოს, დაძლიოს, ემოციები მართოს, სოციალური ურთიერთობები გააუმჯობესოს და შესაბამისად, ცხოვრების უკეთესი ხარისხი ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი თავიდან გვაცილებს შემდგომ გართულებებს.
არც თუ ისე იშვიათად პედაგოგს და/ან ოჯახს უჭირს მოზარდის ემოციური თუ ქცევითი პრობლემების მართვა. მიაკერებენ ხოლმე იარლიყს, რომ „რთული ბავშვია“ ან „მძიმე ხასიათი აქვს“. და რა? არ (ან ვერ) ვშველით, ფაქტობრივად.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა „კლუბი სინერგიის“ ტიპის მომსახურება მოზარდს დაეხმარება და მომავალ პრობლემებს თავიდან ააცილებს. ამ დროს ხშირად საჭიროა სულ პატარა ბიძგი იმისთვის, რომ მოზარდმა დაძლიოს პრობლემა.
ხშირად პრობლემები თვითონ ოჯახშია, ამას ვუწოდებთ „ოჯახურ დისფუნქციას“. მნიშვნელოვანია, ოჯახმა იცოდეს, რომ თუ ვერ ართმევს თავს შვილების ემოციურ თუ ქცევით პრობლემებთან არსებულ გამოწვევებს, პროფესიული დახმარების ძიება მნიშვნელოვანია და აქ „კლუბი სინერგიას“ ტიპის მომსახურებას ქმედითი დახმარების გაწევა შეუძლია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, რომ მშობელმა იცოდეს, თუ რა შემთხვევებში არის სასურველი, მიმართოს პროფესიულ დახმარებას, რომ პედაგოგმა იცოდეს, როდის გადაამისამართოს მოზარდი სპეციალისტთან. მხოლოდ მოზარდთან მუშაობა არაფერს იზამს, ოჯახთან მუშაობაა ამ დროს საჭირო, რადგან ჩვეულებრივ, პრობლემა ოჯახურ დისფუნქციაშია და არა მხოლოდ ბავშვის მდგომარეობაში.
„კლუბი სინერგიას“ გუნდი
ჯანა ჯავახიშვილი: როგორც თბილისში, ასევე ბათუმში „კლუბი სინერგია“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, ახალგაზრდა გუნდია ორივე სერვისში. ზოგიერთი მათგანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, არიან ფსიქოლოგები, კლინიკური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები.
მუშაობენ როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, მუშაობენ ოჯახთან, ონლაინ და პირისპირ ფორმატში. რაც მთავარია, „კლუბი სინერგია“ შეიქმნა ძალიან სერიოზულ მეთოდოლოგიურ ბაზაზე, კადრების შესაბამისი მომზადების საშუალებით. გუნდი რეგულარულად გადის სუპერვიზიას, რაც მუშაობის ხარისხის დამცავი მექანიზმია.
რატომ არის საჭირო ადვოკატირება
ჯანა ჯავახიშვილი: სერვისი არის უფასო, ხარისხიანი და ემსახურება საზოგადოებას, რათა საზოგადოებაში გვქონდეს უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა და უკეთესი მომავალი. მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ეს სერვისიც კი არ არის დაფინანსებული სახელმწიფოს ან ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურების მხრიდან.
ახლაც რიგები გვაქვს, საშუალოდ 200 ბავშვი დგას ხოლმე რიგში ყოველ მოცემულ მომენტში. და ეს იმიტომ, რომ გუნდი არ არის დიდი, დახმარების საჭიროების მქონე კი ბევრია. არადა, ფსიქიკური (თუ ფიზიკური) ჯანმრთელობის მომსახურების მიღება ადამიანის საბაზო უფლებაა.
ამიტომ, ადვოკატირება საჭიროა. ამაში უნდა დაგვეხმაროს მოსახლეობა და მოსთხოვოს ადგილობრივ მმართველობის სტრუქტურებს, სახელმწიფოს, რომ ამგვარი სერვისების დაფინანსება ჩართული იყოს სახელმწიფო სქემებში, ან ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტში, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ზოგადად, საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქსა და სოფელში.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ „კლუბი სინერგიას“ მომსახურება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში არის უფასო. საქმე ისაა, რომ სიღარიბე და სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფნა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკის ფაქტორი.
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს მხოლოდ მძიმე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობასა და მწვავე მდგომარეობებს, არ აფინანსებს ე.წ. გავრცელებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
კერძო სპეციალისტთან მისვლა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ფინანსურად ხელმიუწვდომელია.
თავის დროზე, 2010 წლიდან, ევროკავშირის დახმარებით, ანალოგიური სერვისი – „ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი“ – შევქმენით ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, თბილისში. 2013 წელს, როდესაც ევროკავშირის პროექტი დასრულდა, განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალურმა სამსახურმა „ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი“ შეიერთა, როგორც ფსიქოლოგიური სერვისი.
მოდელი იმდენად კარგი იყო, რომ მომზადებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი პირდაპირ გადავიდა მანდატურის სამსახურში. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მოხდა უაღრესად მნიშვნელოვანი რამ – ეს მომსახურება განვითარდა, როგორც ეროვნული ქსელი, სადაც პირველი კლასიდან მოყოლებული, პედაგოგებს აქვთ საშუალება, ბავშვები გადაამისამართონ და ბავშვებმა მიიღონ მაღალკვალიფიციური ფსიქოსოციალური მომსახურება.
აი, ასეთი ბედი თუ ექნება „კლუბ სინერგიას“, რომელიც ახლა მხოლოდ ბათუმსა და თბილისშია, იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის საქმეში.
თუ სახელმწიფო „კლუბი სინერგიას“ მოდელით შექმნის ამგვარი სერვისების ქსელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება გახდება ხელმისაწვდომი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ვინც ექსპერიმენტირებს ფსიქოაქტიური საშუალებებით, ვისაც გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები აქვს, ვისაც ქცევითი და ემოციური პრობლემები აქვს.
ამ შემთხვევაში სახელმწიფო დიდ წვლილს შეიტანს იმაში, რომ მათი ცხოვრების ხარისხი იყოს უკეთესი და თავიდან ავიცილოთ სეროზული პრობლემები მომავალში. ეს არის განვითარების საუკეთესო მოდელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 6– 11 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 303 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
ტანკი – 5 265 ერთეული [+24]
ჯავშანტექნიკა – 9 901 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 7 328 ერთეული [+36]
MLRS – 854 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 566 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 495 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 551 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 691 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 1 034 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
524 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 586 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 135 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 177 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 967 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
14 923 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, პარტია ან ნათესავი იმისათვის, რომ რომელიმე პოზიციაზე დაინიშნოს. ადამიანი მისი ცოდნის შესაბამისად უნდა ფასდებოდეს“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე „ბათუმელებთან“.
ის სხვა 30 პედაგოგთან ერთად სკოლის დირექტორობის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგებს აპროტესტებს და ხუთი თვეა განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. რატომ მიიჩნევს ის გასაუბრების ეტაპს უსამართლოდ და როგორ მოიშორა „გასაუბრებით“ სამინისტრომ ხელისუფლებისთვის არასასურველი კანდიდატები?
ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, თქვენ კონკურსს გასაუბრების ეტაპიდან გამოეთიშეთ, რა ხდებოდა გასაუბრებაზე, რას არ ეთანხმებით?
ჩემი გასაუბრება იყო 5 აპრილს. 4 აპრილს მე დავრეკე სამინისტროში და ვიკითხე, თუ რა კრიტერიუმებით გვაფასებდნენ კანდიდატებს. რადგან მსგავსი ინფორმაცია არასად არ ჰქონდა სამინისტროს გამოქვეყნებული.
„დირექტორის სტანდარტით“ – ასე ზედაპირულად მითხრეს და მომიშორეს თავიდან.
ეს სტანდარტი ზეპირად ვიცი და, შესაბამისად, არც მქონია განცდა, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა.
გასაუბრებაზე პრაგმატული კითხვები იყო, ყოველდღიურობას ეხებოდა და რაიმე შემოქმედებითობა იქ საჭირო არ იყო.
ერთი-ორი ცალი კალამი და ფურცელი ედოთ მაგიდაზე ფორმალურად, რადგან არავინ არაფერს ინიშნავდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არც კომისიის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია კრიტერიუმებზე.
შემდეგ, როცა გასაუბრების შედეგები გავაპროტესტე და მოვითხოვე შეფასების დოკუმენტი, ეს დოკუმენტი არ მომცეს. სამაგიეროდ მომწერეს, რომ თურმე ჰქონდათ 6 კრიტერიუმი, მათ შორის იყო „შემოქმედებითად მიღებული გადაწყვეტილების უნარი“ და თითოეული კრიტერიუმი ფასდებოდა 5 ქულით. და ეს არ იცის სერტიფიცირებული კანდიდატების 99-მა პროცენტმა.
არც კომისიის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ, რადგან მეუბნებოდნენ, რომ დირექტორების სტანდარტით გვაფასებდნენ და მეც ამ სტანდარტით ვპასუხობდი. კითხვებიც ამ სტანდარტიდან იყო, ძირითადად.
პირველად მონაწილეობდით მსგავს კონკურსში?
მე ჩემი კომპეტენცია დავადასტურე 2014 წელსაც და უფრო ადრეც და სამივეჯერ ტესტირებაზე ავიღე ძალიან მაღალი ქულა. თეორიულად ვადასტურებ ჩემს ცოდნას, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ მომეცა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
პირველ ორ შემთხვევაში სერტიფიკატი ავიღე. ახლა, 2023 წელს კი, ტესტირება მაღალი ქულებით ჩავაბარე, თუმცა გასაუბრებიდან გამომთიშეს პროცესს.
როცა არ საქმდები დირექტორად, 7 წლის შემდეგ სერტიფიკატს ვადა გასდის. ერთი წელიც რომ ვყოფილიყავი დირექტორი, ამ შემთხვევაში იქნებოდა ჩემი სერტიფიკატი უვადო და ესეც არის დისკრიმინაცია, რა თქმა უნდა, რადგან, მე ვადასტურებ კომპეტენციას, მაგრამ დირექტორად არ ვინიშნები.
3 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა კონკურსზე რეგისტრაცია და აქედან 1366-მა ადამიანმა ტესტირებამდე თქვა დირექტორობაზე უარი. ძალიან საეჭვოა ხომ ამხელა რიცხვი. შეიძლება კონკურსზე არ გამოვიდეს ასი, ხუთასი, მაგრამ როცა აპლიკანტების ნახევარი უარს ამბობს, ეს ბევრ კითხვას აჩენს.
დანიშნული არჩევნები პანდემიის მომიზეზებით გადადეს, მაგრამ ისიც საეჭვოა, რომ ამ პერიოდში თან ამ ქვეყანაში ამდენი ადამიანი დასაქმდა და აღარ აინტერესებდა დირექტორობა.
კი დადიოდა ხმები, რომ დატოვებდნენ სერტიფიკატის გარეშე და ტყუილად იწვალებდნენ, არის ნიჰილიზმიც, რომ „მე მაინც არ დამნიშნავენ“, აი, ეს, ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დაწუნება და ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ 1800 კონკურსანტიდან მესამე ეტაპზე მხოლოდ 750 კანდიდატი გადავიდა და შემდეგ მათგან თითქმის უმრავლესობა საერთოდ აღარ წარადგინეს მითითებულ სკოლებში.
როგორც ვიცით,სასამართლოში დავობთ. რას ითხოვთ კონკრეტულად?
ვითხოვთ, გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებას, გასაუბრების პროცესის ღიაობას და გამჭვირვალობას.
სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ ეს პროცესი არ იყო ღია, კომისიაში არ იყვნენ თავისუფალი წევრები, კომისიის რაოდენობა იყო სხვადასხვა, შეფასების კრიტერიუმები წინასწარ არ იყო ცნობილი კონკურსანტებისთვის და მერე გაჩნდა საეჭვო ვითარებაში, ეს ხომ უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი არა?
რა გვკითხეს და ჩვენ რა ვუპასუხეთ, ამას ვერ წარვადგენთ, რადგან არ იწერებოდა გასაუბრება, მაგრამ ის, რაც დოკუმენტურად დადასტურდა, ვფიქრობ, ესეც აჩვენებს პროცესუალურ დარღვევებს.
ძალიან კარგია, რომ გამოცდა არსებობს, მაგრამ ეს გამოცდაც უკვე ფორმას კარგავს ნელ-ნელა: თუ რამდენიმე წლის წინ ფორმალური სახე მაინც ჰქონდა ამ გამოცდებს, ახლა ეს ფორმალობაც დაკარგა.
არც კი ცდილობენ ახსნან, რატომ აკეთებენ ამას, რა მიზანი აქვთ და რა შედეგებს მოიტანს. მაგრამ მე ვიცი, რომ შედეგებს მოიტანს ძალიან ცუდს.
ამბობთ, რომ ხუთი თვეა მინისტრთან შეხვედრას ცდილობთ 30 ადამიანი. ერთხელ მაინც თუ გამოგეხმაურათ რაიმე ფორმით?
8 ივნისიდან ვითხოვთ შეხვედრას, 5 ოქტომბერს დაგვემატნენ წარდგენის გარეშე დარჩენილი კანდიდატები. სხვათა შორის, სამინისტრო ჩვენ დაყოფასაც შეეცადა, რადგან ნაწილი მიიყვანა მესამე ეტაპამდე და ნაწილი მეორიდან გამოთიშა. ამიტომ იყო, რომ ვინც მესამე ეტაპზე გადავიდა, ნაკლებად საუბრობდა ამ ხარვეზებზე.
ეს არასწორი კონკურსები მარტო ჩემი ან ერთი ადამიანის პრობლემა კი არ არის, ეს ეხება სკოლას, ბავშვებს და, ზოგადად, კონკურსების მიმართ ნდობას.
არ მინდა, ჩემი შვილიც იმავე გზას გადიოდეს, რასაც მე გავდივარ ამდენი წელი. ჩემი შვილი თავისი უნარებით დასაქმდა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მეც, თავის დროზე, ჩემი უნარებით დავსაქმდი, მაგრამ მე მეტი წვალება მიწევდა და მიწევს, ახალ თაობას კი აღარ უნდა უწევდეთ ასეთი წვალება.
მე არ ვარ რომელიმე პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველო და ევროინტეგრაცია. მინდა, რომ საქართველო იდგეს ევროპულ ღირებულებებზე ამ საკითხშიც.
ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, დასაქმების დროს თავისი ცოდნით, უნარებით უნდა ფასდებოდეს და არ უნდა სჭირდებოდეს პარტია და ან ნათესავი იმისათვის, რომ რომელიმე პოზიციაზე დაინიშნოს.
სკოლის დირექტორობა უნდა იყოს მიღწევადი რიგითი ადამიანისთვის, თუ ის შრომობს და აქვს კომპეტენცია.
სამჯერ ოფიციალურად მოვითხოვე მინისტრთან შეხვედრა, ვითხოვ, ყველა პლატფორმიდან, იქნება პრესა თუ ტელევიზია. გვინდა, შევხვდეთ და ვუთხრათ კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. უნდა მოგვისმინოს და მერე განსაჯოს, საჭიროა თუ არა ახალი გასაუბრება.
როგორც ვიცი, „მასწავლებლის ეროვნული დღე“ რომ გახსნა თეატრში მინისტრმა, იმ დღეს თქვენი ჯგუფიც იქ იყო საპროტესტო პლაკატებით. არც იქ გამოგეხმაურათ ამილახვარი?
დიახ, გავმართეთ აქცია თეატრის წინ, მობრძანდნენ პარლამენტარები, მათ შორის იყო ალუდა ღუდუშაური, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში ყოფილა თურმე. მე, პირადად, ძალიან ვბრაზობ მასზე ქალების მიმართ მისი საძაგელი გამონათქვამების გამო. ვერც კი ვაფასებ, რა შეიძლება ვუწოდო მაგას, მსგავსი ტერმინები ასეთი მაღალი ტრიბუნიდან არ უნდა ისმოდეს, მიუღებელია. სხვათა შორის, ეს მოქმედებს ბავშვის ქცევასა და ფსიქიკაზე.
ჩამოიარეს კახაძემ და ღუდუშაურმა, მისცეს ტელევიზიებს კომენტარი, დაღუნეს თავი და სირაქლემასავით გამოიქცნენ.
არც კი უკითხავთ, რას ვაპროტესტებდით. მასწავლებლის დღეც კი არ მოულოციათ.
ამილახვარი და პრემიერი უკანა მხრიდან შევიდნენ და საერთოდ არ დაგვინახია.
„მასწავლებლის ეროვნული დღე“/ მაია ეკალაძე კოლეგებთან ერთად თეატრის წინ, აქციაზე.
უარესსაც გეტყვით, 43 წლის ვარ და ჩემი ასაკის გეოგრაფიის მასწავლებელი ჩამოიყვანეს მუნიციპალიტეტიდან და არ შეუშვეს შენობაში, სიაში არ ხარო უთხრეს. უკან გააბრუნეს ადამიანი. აი, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მასწავლებელს მასწავლებლის დღეზე.
ან 600 ათასი ლარიდან მხოლოდ 11 ათასი რომ დაიხარჯა მასწავლებლებისთვის მაშინ, როცა უფრო მეტი იმსახურებდა ჯილდოს. 60-100 მასწავლებელი მაინც დაეჯილდოებინათ ამ თანხით. ან რა საჭირო იყო ასეთი პომპეზურობა.
იმ ინტერვიუმ კი, რომელიც ერთ-ერთმა დაჯილდოებულმა თქვენს გამოცემას მისცა, საერთოდ გამაოგნა. ცხოვრება რომ აღარ მოგინდება, იმ მდგომარეობაში ჩამაგდო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ დანარჩენი ათი დაჯილდოებულიც ასე მსჯელობს.
ჩემი აზრით, მასწავლებელი, რომელიც ღირსეულად შრომობს, ჯილდოც ეკუთვნის წელიწადში ერთხელ, კარგი დაზღვევაც, რომ მოგვარებული იყოს მისი ჯანმრთელობის პრობლემები.
ფსიქოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები ასი პროცენტით უნდა უფინანსდებოდეს მასწავლებლებს. ჩვენ დაზღვევაც კი არ გვაქვს წესიერი.
ბევრი ყურადღება სჭირდება სკოლას და არც იმას ვფიქრობ, რომ ფინანსები გამოასწორებს მოსწავლის შეფასებას, თუმცა ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ფულის დაზოგვით და მასწავლებლის დამცირებით სკოლას ვერ ავაშენებთ.
ვიცით, რომ მომავალ წელს არჩევნებია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ხელისუფლება მასწავლებლებს თავის ელექტორატად განიხილავს. ფიქრობთ, რომ ამიტომ დატოვეს ძველი დირექტორები სკოლაში, რადგან ახალი კადრები არ მოიაზრებით მათ მხარდამჭერ რესურსად?
ყველაზე მოწყვლადი არასერტიფიცირებული მასწავლებლები არიან. სამსახური არის ადამიანის საარსებო წყარო, მასწავლებლისთვისაც და მეეზოვისთვისაც, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება.
ყველაზე მეტად ეს გვაწუხებს სწორედ, რომ დიახ, ამ ადამიანებს გამოიყენებენ არჩევნებში. მერწმუნეთ, მე ვერასდროს გამიბედავენ იმის თქმას, რომ „ნუ ლაპარაკობ ხმამაღლა“, ან მომიტანე 7 ხმა, 30 ხმა. თუ ხვალ სკოლაში არ ვიმუშავებ და გამომიშვებენ სამსახურიდან, არ დავიკარგები. და, ზოგადად, ადამიანი, რომელიც განათლებაზეა დამოკიდებული, ვერავის მართული ვერ იქნება. ასეთი კადრი, როგორც ჩანს, არ უნდათ.
თუ ხელისუფლებას არ აქვს ქვენა გრძნობები და თუ არ სჭირდებათ ეს ხალხი საარჩევნო ხმებად ან იმისთვის, რომ ხმაჩაკმენდილნი ისხდნენ და არც ერთ პრობლემაზე არ ილაპარაკონ, მაშინ რისთვის ტოვებენ არასერტიფიცირებულ კადრებს, ნაკლები ცოდნის მქონე ადამიანებს სკოლაში და რატომ ეუბნებიან უარს მცოდნე ადამიანებს?
სასამართლო პროცესი არ მოაგვარებს პრობლემას, რადგან სკოლაშია პრობლემა.
დღესაც ვთხოვ მინისტრს, ტყუილად აყოვნებს, კეთილი ინებოს და შეგვხვდეს.
ძალიანაც ნუ იქნებიან თავდაჯერებულები, რადგან სამასწავლებლო დიდი ხანია გუგუნებს, შეიძლება ხმას არ იღებდნენ, მაგრამ იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ მივლენ არჩევნებზე და ხმას მათ სასარგებლოდ ჩააგდებენ ყუთში.
ქობულეთის მერია საახალწლოდ ქალაქის გასაფორმებლად სხვადასხვა დეკორაციას შეისყიდის. ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების შესყიდვაზე კი ტენდერი 201 ათას 600 ლარით გამოაცხადა.
პირობის მიხედვით, „მიწოდებული დეკორაციებით მოირთვება ქობულეთში დავით აღმაშენებლის ქუჩის ცენტრალური ნაწილი [სიგრძით მინიმუმ 500 მეტრი], ასევე მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ნაძვის ხე“. თუმცა დეკორაციების მიმწოდებელს ქუჩის მორთვა ამ პირობით არ ევალება.
ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამონტაჟო სამუშაოებს მერია საკუთარი ძალებით შეასრულებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 ნოემბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება.
„მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს 30 ნოემბრამდე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდა 30 ნოემბრამდე, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში“, – აღნიშნულია ტენდერში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის და რაოდენობის ლედგანათებას, ვარსკვლავს, ნაძვის ხის სათამაშო ბურთს [მასალა პლასტიკი. ზომა არანაკლებ 10 სმ დიამეტრი და არაუმეტეს 35 სმ დიამეტრი. ფერი: ვარდისფერი, ყავისფერი, იასამნისფერი] შეისყიდის.
შესასყიდი საქონლის ჩამონათვალშია ასევე „ნაძვის ხის თავი – დიამეტრით არანაკლებ 120 სმ და არაუმეტეს 200 სმ. ნაძვის ხის ვარსკვლავის ნიმუში შეთანხმებული უნდა იყოს წარმოდგენილი ფოტოვიზუალით“:
დეკორაცია [მარცხნივ], რომლის მსგავსსაც ქობულეთის მერია ნაძვის ხისთვის შეიძენს და საახალწლო ნაძვის ხე ქობულეთში [მარჯვნივ, ფოტო არქივიდან]
ქობულეთის მერია იმ მოედნის რეკონსტრუქციასაც გეგმავს, სადაც საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ.
„აღნიშნული სივრცე კონკურსში გამარჯვებულმა სასურველია განავითაროს, როგორც ე.წ. „პიაცა“ – ასეთია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური დავალება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციას მოიცავს.
ამ კონცეფციით კურორტ ბეშუმში გათვალისწინებულია ორი სათხილამურო ტრასის მოწყობა, რომელთაგან, სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ერთის საბოლოო წერტილი დაშორებულია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 1 250 მეტრით, ხოლო მეორეს საბოლოო წერტილი – სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 2 200 მეტრით.
„გეგმით წარმოდგენილი სათხილამურო ტრასების მოწყობის შემთხვევაში გაიზრდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურისტული ნაკადები, რაც თავისთავად გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს, მათ შორის უნებლიეთ“, – აცხადებს სასაზღვრო პოლიცია. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს სარეკომენდაციო წერილში, რომლის ადრესატიც აჭარის ეკონომიკის სამინისტროა.
„ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტ ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით) – გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმისა და ამ არეალში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის – კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფცია და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში [სგშ] სამინისტროს მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოშია წარდგენილი.
სააგენტო წერილობით მიმართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „განიხილოს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შენიშვნები/მოსაზრებები და სგშ-ის ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია მათი გათვალისწინების შესახებ.“
სააგენტოს წერილი 2023 წლის 31 ოქტომბრითაა დათარიღებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სათხილამურო ტრასების მოწყობა დაგეგმილია „სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) №7 სასაზღვრო სექტორის (ხიხაძირი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო ზონის ფარგლებში“.
ამავე წერილის მიხედვით, ორივე სათხილამურო ტრასის საწყისი წერტილები მდებარეობს კურორტ ბეშუმში და სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაშორებულია დაახლოებით 4 200 მეტრით.
„აღნიშნული მიმართულებით, სახელმწიფო საზღვრის ეფექტურად გაკონტროლებისათვის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მიზანშეწონილად მიაჩნია, კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებული იყოს სასაზღვრო პოსტისა და სათვალთვალო კოშკურის მოწყობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ მოთხოვნილი პროექტის მიხედვით,“ – აღნიშნულია წერილში.
ამასთან, სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციაა, გაითვალისწინონ „პირადი შემადგენლობის როტაციისა და სურსათით უზრუნველყოფის მიზნით თოვლმავლების შეძენა, ასევე სათვალთვალო კოშკურის პროჟექტორითა და მძლავრი სათვალთვალო კამერით აღჭურვა.“
გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ასევე სწერს, რომ „სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული საკადასტრო ერთეულები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვრის ხაზს და არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, გათვალისწინებულია თუ არა მოცემული საკადასტრო ერთეულების ფარგლებში რაიმე სახის აქტივობები“.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით კი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საკადასტრო ერთეულების ფარგლებში სამშენებლო და სხვა სახის აქტივობები არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 1 000 მეტრ მანძილზე ახლოს.
„გაცნობებთ, რომ საჭიროა სტრატეგიულ დოკუმენტსა და სგშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული იყოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია“, – წერს სააგენტო სამინისტროს.
სააგენტო სამინისტროსგან ასევე მოითხოვს განიხილოს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საინიციატივო ჯგუფ „გოდერძის მეგობრებისა“ და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები/მოსაზრებები და სგშ-ის ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია მათი გათვალისწინების შესახებ.
„ზემოაღნიშნული შენიშვნების საფუძველზე განახლებული სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ სააგენტო უზრუნველყოფს რეკომენდაციის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას“, – აღნიშნულია სააგენტოს წერილში.
ხულოში, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით 2023 წლის მარტში მიმართა. სააგენტოს დასკვნით, სგშ-ს მომზადებისთვის სამინისტროს არაერთი საკითხი ჰქონდა შესასწავლი და დასაზუსტებელი.
მასშტაბური სამშენებლო პროექტების ნებართვების მისაღებად ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციები სავარაუდო ხარჯებსა და მოგებასაც მოიცავს, რომელიც პროექტმა მშენებელს უნდა მოუტანოს.
პროექტების ეკონომიკურ გათვლებს თუ გადავხედავთ, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მოგებასთან დაკავშირებული ციფრები ხშირად შემცირებულია, რეალურად კი 1 კვ.მეტრი უძრავი ქონების ფასი ბაზარზე ბევრად უფრო მაღალ ფასად იყიდება. მიუხედავად ამისა, იმ გათვლებითაც კი, რასაც კომპანიები მერიას სთავაზობენ, წინასწარ ნავარაუდევი მოგება რამდენიმე მილიონია.
„ბათუმელებმა“ საკრებულოს ბოლო სხდომაზე დამტკიცებული სამშენებლო პროექტების კონცეფციებში მოცემული ეკონომიკური გათვლები შეისწავლა. მშენებლობა კომერციულად მომგებიან ადგილზეა – ქალაქის ცენტრში და ზღვასთან ახლოს.
შპს „ბლექ სი თაუერი“ და „ცენტრალ სითი ლაინი“ ორი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავენ ბათუმში, იუსტიციის სახლთან ახლოს. ეს ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული ადგილია თავისი მდებარეობის გამო – ახლოსაა ზღვასთან და ახალ ბულვართან.
ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, აქ აშენებულ თაუერებში 1.კვ მეტრის ფასი 1500-2500 დოლარია, სიმაღლისა და ხედის მიხედვით.
კომპანიებმა ბათუმის მერიას ერთობლივი დოკუმენტით მიმართეს და როგორც კონცეფციის დამტკიცება, ასევე პროექტების K2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვეს. დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთი ოთხ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. მითითებულია ისიც, რომ ამ ადგილის ნაწილის სამშენებლოდ გამოსათავისუფლებლად „ხრუშოვკის ტიპის“ სახლის დემონტაჟს გეგმავენ.
დაგეგმილი პროექტების მშენებლობისთვის კომპანიები K2 კოეფიციენტის გაზრდას 4.6-დან 17.0-მდე ითხოვენ. მშენებლობა გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარე 4194 კვ.მეტრ ფართობზე იგეგმება.
მერიაში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით, გორგილაძის #113-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს მრავალფუნქციური კომპლექსი – საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები. შენობა 46-სართულიანი იქნება და 700 ერთეულ ბინას გააერთიანებს. მოაწყობენ 120 აპარტამენტს და 7 კომერციულ ფართობს.
ფიროსმანის #10-ში კი დაგეგმილია 50-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა, 450 ბინა და 1 კომერციული ფართობი.
გორგილაძის #113-ში დაგეგმილი 49-სართულიანი თაუერის ეკონომიკური ეფექტიანობის გათვლების მიხედვით, კომპანია ვარაუდობს, რომ მშენებლობის ხარჯი 87 მილიონ 705 000 ლარი იქნება, მიღებული შემოსავალი კი – 91 მილიონ 380 000 ლარი, სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის – 3 მილიონ 675 000.
აქ ერთი გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ:
კომპანიის ინფორმაციით, შენობაში საცხოვრებელი ფართობი 30 000 კვ.მეტრი იქნება. კვ.მეტრის ღირებულებად 2500 ლარი მიუთითეს – დღეს არსებული კურსით 920 დოლარი. 920 დოლარად ზღვის ზოლში მხოლოდ მეათე სართულამდე ბინებს ყიდიან, მე-11 სართულიდან კი ფასი თითქმის გაორმაგებულია.
კომპანია წერს, რომ საცხოვრებელი ფართობის ფასი ჯამში 75 მილიონი ლარი იქნება, ეს მისი ვარაუდია. რეალური საბაზრო ფასების გათვალისწინებით კი, ეს თანხა, დიდი ალბათობით, მკვეთრად მაღალი იქნება მომავალში, როცა მშენებლობა დასრულდება. ან თუნდაც მაშინ, როცა გაყიდვა დაწყება. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ეს საძირკვლის ჩაყრის დღიდანაც შესაძლებელია.
შენობაში კომპანია კომერციული ფართობის სახით 5000 კვ. მეტრის გაყიდვას გეგმავს. მერიაში წარდგენილი გათვლებით 1 კვ. მეტრის ფასი 2800 ლარი იქნება – 1000 დოლარზე ოდნავ მეტი. ამ ფასად კომერციული ფართობი „ჭაობის დასახლებაშიც“ კი არ იყიდება.
შესაბამისად, ამ ფართობიდან კომპანია 14 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.
კომპანია გაასხვისებს ასევე 119 ერთეულ ავტოსადგომს, ჯამში 2 მილიონ 380 000 ლარად.
საბოლოოდ, მთლიანი შემოსავლის სახით 91 მილიონ 380 000 ლარის ამოღება ივარაუდეს. ხარჯი კი ასე გადაანაწილეს:
შპს „ცენტრალ სითი ლაინი“ მშენებლობას ფიროსმანის #10-ში გეგმავს. კომპანიას 50-სართულიანი თაუერის აშენება სურს, დამატებით ერთი მიწისქვედა სართულით. გათვლების მიხედვით, ამ თაუერში საცხოვრებელი ფართობი 26 900 კვ.მეტრ – 1.კვ.მეტრის ფასი 2500 ლარი [922 დოლარი]. ამ ფართობის მთლიანი ღირებულება კი 67 მილიონ 250 000 ლარი იქნება – ასეთია კომპანიის გათვლა მერიაში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით.
კომერციული ფართობის სახით კომპანია 680 კვ.მეტრის გაყიდვას გეგმავს. კვ.მეტრის ღირებულებად 2800 ლარი მიუთითა, ფართობის საერთო ღირებულებად კი – 1 მილიონ 904 000 ლარი.
კომპანია გეგმავს ასევე 97 ავტოსადგომის ადგილის გაყიდვას – საერთო ჯამში 1 მილიონ 940 000 ლარად.
საბოლოო შეფასებაში, კომპანია თავის გათვლებში წერს, რომ სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის 3 მილიონ 646 500 ლარია, ხოლო მოგება გადასახადების გარეშე – 2 მილიონ 376 530 ლარი.
შპს „ბლექ სი თაუერის“ 76 პროცენტს ბიზნესმენი ლევან ხიმშიაშვილი ფლობს, 24 პროცენტი კი ზურა ხიმშიაშვილს ეკუთვნის.
შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ 50 პროცენტის მფლობელი და დირექტორი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძეა. დარჩენილ 50 პროცენტს კი გიორგი ზოიძე ფლობს [სავარაუდოდ, ის ბიზნესმენ ჯუმბერ ზოიძის შვილია].
დაგეგმილი პროექტების სავარაუდო რენდერები
ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩის, ადლიის ქუჩისა და ამავე სახლობის ჩიხს შორის შპს „ტემპო ჰოლდინგი“ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 24 ოქტომბერს დაამტკიცა.
კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას 9.0-მდე ითხოვდა. კომპანია ორ 17-სართულიან კორპუსს ააშენებს, მათ შორის ერთი მიწისქვედა სართულით. სამშენებლო ფართობი 4 687 კვ. მეტია.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის საცხოვრებელი ფართობი 27 784,2 კვ.მეტრია. 1 კვ.მეტრის ღირებულება 1300 ლარი [480 დოლარი], ხოლო მთლიანი საცხოვრებელი ფართობის ღირებულება – 36 119 460. სხვა ფართობები კომპანიამ ასე გადაანაწილა:
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დღეს, 2 ნოემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ 2024 წელს დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა.
„რაც შეეხება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს – გარდა გახსნილი მონაკვეთებისა, 81-ე კილომეტრზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, იმ პროგრესის და ნაწარმოები სამუშაოების გათვალისწინებით, 2024 წელს, მათ შორის, ბათუმის შემოვლითი გზის დასრულება არის გათვალისწინებული.
ეს არ არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, ზეპირი გეგმა, არამედ ამას გააჩნია შესაბამისი პროგრესის დამადასტურებელი კონკრეტული მონაცემები – 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია და 18 ხიდიდან 16 აშენებულია. ალბათ გვირაბების და ხიდების რაოდენობითაც ხვდებით, თუ რამდენად რთულ პროექტზეა საუბარი, მათ შორის საინჟინრო თვალსაზრისით“ – განაცხადა მან.
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის მთლიანი თანხა 493 მილიონ 120 ათას 100 ლარია.
აქედან, 2022 წლის ჩათვლით დახარჯულია 428 120 100 ლარი, 2023 წელს დაიხარჯება 40 მილიონი ლარი, 2024 წელ კი – 25 მილიონი ლარი.
ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას.
ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ღვინის მცირე დოზით მიღებას შესაძლოა დადებითი ეფექტიც ჰქონოდა ჯანმრთელობაზე, თუმცა ალკოჰოლის დალევასთან დაკავშირებული რისკები და ზიანი სისტემატურად ფასდება წლების განმავლობაში და კარგად არის დოკუმენტირებული, რის საფუძველზეც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წელს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ: „როდესაც საქმე ეხება ალკოჰოლის მოხმარებას, არ არსებობს უსაფრთხო დოზა, რომელიც არ იმოქმედებს ჯანმრთელობაზე“.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების რისკებს, როგორიცაა: კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია, ღვიძლის დაავადებები.
ჯანმო: დღეში თუნდაც ერთი ჭიქა ალკოჰოლი ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.
„ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ სიგუა ამბობს, რომ ალკოჰოლი, თამბაქოსგან განსხვავებით, ჯერ აფართოებს სისხლძარღვებს, მაგრამ მეორე დღეს ავიწროებს, რა დროსაც შესაძლოა განვითარდეს მაღალი არტერიული წნევა და სხვა სირთულეები:
„საწყის ეტაპზე, როცა ალკოჰოლი ხვდება სისხლში, ის აფართოებს სისხლძარღვებს, შეიძლება ადამიანმა ცოტა უკეთესად იგრძნოს თავი, წნევაც კი დაეწიოს, კარგ ხასიათზე მოვიდეს და ზოგადად კარგად გრძნობდეს თავს, მაგრამ როცა ალკოჰოლი გამოდის ორგანიზმიდან, მეორე-მესამე დღეს გაფართოებული არტერიები ნელ-ნელა ისევ ვიწროვდება.
ზოგჯერ ხდება ისე, რომ ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოსვლისას ძალიან ჩქარა მიდის გაფართოებული სისხლძარღვების უკან დაბრუნების პროცესი და ხდება სპაზმი, ამ დროს სისხლძარღვები კიდევ უფრო ვიწროვდება, ვიდრე ალკოჰოლის მიღებამდე იყო. იმატებს შანსი, რომ ამ ფონზე პაციენტის ჯანმრთელობა გაუარესდეს“ – ამბობს ექიმი.
არჩილ სიგუა ამბობს, ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ მაღალი წნევა და სისხლძარღვთა სხვა პრობლემები, პირველ რიგში საერთოდ არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი, მაგრამ თუ მიიღეს, მეორე დღეს უნდა იყონ განსაკუთრებით ყურადღებით:
„ჩვენ არ ვსაუბრობთ ნაბახუსევზე, ჩვენ ვსაუბრობთ სისხლძარღვოვან პრობლემაზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ დროს. ამიტომაა საჭირო მეორე დღეს წნევის რეგულარული კონტროლი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, რადგან სისხლძარღვების შევიწროებისას შეიძლება არტერიული წნევა უჩვეულოდ გაიზარდოს. ფიზიკური დატვირთვაც მეორე დღეს უნდა იყოს ზომიერი და არა მძიმე.
ასევე, სასურველია, რომ ინტოქსიკაცია მოიხსნას სათანადო რაოდენობის (საშუალოდ 2 ლ.) სითხის მიღებით. ამ დროს წყალი აუცილებელია.
არჩილ სიგუა განმარტავს, რომ ეპიზოდური სმის შემდეგ, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და ვერ ფხიზლდება, მისთვის დამატებით ალკოჰოლის მიცემა [რა მეთოდსაც ხშირად მიმართავენ], საფრთხისშემცველია:
„შეიძლება ის ერთი ჭიქა მყისიერად დაეხმაროს სისხლძარღვების გაფართოებაში, არტერიულმა წნევამაც დაიწიოს, მაგრამ მეორე შეტევაზე შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეავიწროოს ეს სისხლძარღვები და ეს უფრო საშიშია. ასეთ დროს საუკეთესო დახმარებაა გადასხმა და ექიმის ზედამხედველობა“.
ჯანმოს ცნობით, რაც უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმართ, მით უფრო იზრდება კიბოს განვითარების რისკი. თუმცა, უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების ნახევარი გამოწვეულია „მსუბუქი“ და „ზომიერი“ ალკოჰოლის მოხმარებით – 1,5 ლიტრზე ნაკლები ღვინო ან 3,5 ლიტრზე ნაკლები ლუდი ან 450 მილილიტრზე ნაკლები ალკოჰოლური სასმელი კვირაში.
ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი: დღეში სამი ან მეტი ერთეული ალკოჰოლის მოხმარება ასოცირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების (გსდ) მომატებულ რისკთან. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მეტყველებს, რომ გსდ რისკი ნაკლებია ალკოჰოლის ზომიერ მომხმარებლებში (დღეში ერთიდან ორ ერთეულამდე) არამომხმარებლებთან შედარებით.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ფონდმა სამივე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პრეისკურანტით და Design-Build მეთოდით გამოაცხადა, რაც გულისხმობს არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას.
სამუშაოების სრულად შესრულების ვადა სამივე საბავშვო ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეა. აქედან 4 თვე განსაზღვრულია დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხოლო 12 თვე – შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. „სამუშაოების შესრულების ვადა მოიცავს ზამთრის სეზონის კლიმატური პირობებით გამოწვეულ მოცდენის პერიოდსაც“, – აღნიშნულია ტენდერში.
ამასთან, პირობის მიხედვით, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დაწყება, ისევე როგორც ამ დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შემდეგ, საბავშვო ბაღებზე შესაბამისი სამუშაოების დაწყება, დამოკიდებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილობით მითითებაზე.
ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით:
სოფელ ფერიის საბავშვო ბაღის ტერიტორიის ფართი 1 808 კვადრატული მეტრია და გათვლილია 150 ბავშვზე,
სოფელ მახინჯაურის საბავშვო ბაღი – 1 164 კვადრატული მეტრი – გათვლილია 150 ბავშვზე
სოფელ ორთაბათუმის საბავშვო ბაღი – 2 244 კვადრატული მეტრი – გათვლილია 250 ბავშვზე.
საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იყოს, საქართველოში მოქმედი, დარგის შესაბამისი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.
„საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საბავშვო ბაღის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი შენობა-ნაგებობებისათვის სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ტექნიკური და ფინანსური წინადადების მოსამზადებლად“, – აღნიშნულია ტენდერში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 12 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 6 მილიონ 83 ათას 120 ლარია.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო, პირველი ნოემბრით დათარიღებულ მიმოხილვაში წერს, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, ემზადებიან უკრაინის პოზიციებზე სახმელეთო თავდასხმების მორიგი ტალღისთვის ავდიივკის რაიონში.
ISW-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ კრემლთან დაახლოებულ ბლოგერის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ავდიივკის მახლობლად რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვნად შეანელეს დახურული პოზიციებიდან სახმელეთო თავდასხმები ძლიერი საარტილერიო ცეცხლის სასარგებლოდ.
ანალიტიკოსები წერენ, რომ ეს დიდი ალბათობით, რუსეთის მზადებაა სახმელეთო თავდასხმების მორიგი ტალღის წინ ამ რაიონში.
ISW-ი აღნიშნავს, რომ ომის სხვა რუსი ბლოგერები რუსეთის ამჟამინდელ ოპერაციებს ახასიათებენ როგორც „მოსამზადებელ მხარდაჭერას“ შემდგომი თავდასხმებისთვის.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია უკრაინის ტავრიის ძალების ჯგუფის პრესსპიკერის განცხადება, რომ რუსული ძალები ემზადებიან ე.წ. „ხორცის შეტევებისთვის“ ავდიივკის მახლობლად და ავარჯიშებენ Storm-Z-ს ქვედანაყოფებს [მასში ძირითადად შედიან სამხედრო დამნაშავეები და ყოფილი პატიმრები] მომავალი თავდასხმებისთვის აღჭურვილობის გარეშე.
რუსული ძალები, შესაძლოა, ემზადებიან შეტევისთვის ქვეითთა მეთაურობით, მძიმე არტილერიის გამოყენების შემდეგ, რათა აანაზღაურონ ავდიივკაში ოქტომბრის თვეში რუსეთის მძიმე დანაკარგები – წერენ ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ სატელიტური სურათების თანახმად, 9 ოქტომბრის შემდეგ ამ რაიონში რუსული ძალების მინიმუმ 197 მანქანა დაზიანდა და განადგურდა, ხოლო გეოლოკაციის პლატფორმა GeoConfirmed-მა რუსეთის ძალისხმევა ავდიივკის მახლობლად დაახასიათა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული რუსული ძალისხმევა უკრაინასთან ომში.
განათლების სფერო ძალიან დინამიკურია და მუდმივად იცვლება სწავლის მეთოდები და მიდგომები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც რევოლუცია მოახდინა ამ სფეროში, ონლაინ სწავლების შემოღება გახდა.
დისტანციური სწავლების პოპულარობა 2010-იანი წლების დასაწყისიდან გაიზარდა. დღეს აშშ-ში კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტების უმეტესობა რამდენიმე გაკვეთილს მაინც ატარებს ონლაინ რეჟიმში.
სტუდენტების 70% ამბობს, რომ ონლაინ სწავლა უკეთესია, ვიდრე ტრადიციული საკლასო სწავლება;
მსოფლიოს მასშტაბით, სტუდენტების 49%-ს გარკვეული სახის ონლაინ სწავლების გამოცდილება აქვს.
ონლაინ სწავლება საქართველოშიც ძალებს იკრებს და დღეს უამრავი ონლაინ კურსი შეგხვდებათ. ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი “ბექას სკოლა” დიდი ხანია მოერგო სწავლების თანამედროვე მეთოდს და კიდევ უფრო დახვეწა იგი.
და მაინც, რატომ “ბექას სკოლის” ონლაინ კურსები?
არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, რომელ ქალაქსა თუ სოფელში, მთავარია ინტერნეტზე წვდომა გქონდეს და ხარისხიანი განათლების მიღება, უკვე ყველგან შესაძლებელია! Სანამ “ბექას სკოლა” ბათუმში ფიზიკურ სივრცეს შემოგვთავაზებს, იქამდე მათი ონლაინ კურსებით შეგვიძლია ავიმაღლოთ ჩვენი ინგლისურის დონე.
ონლაინ კურსების უპირატესობებზე საუბრისას პირველი ალბათ სწორედ დისტანცია გვახსენდება, მაგრამ, რეალურად ონლაინ სწავლება კიდევ ბევრი უპირატესობით გამოირჩევა.
სტუდენტზე მორგებული სასწავლო პროცესი
“ბექას სკოლაში” ონლაინ კურსი მთლიანად ადაპტირებულია მოსწავლის დონესა და სწავლის ტემპზე. პერსონალიზებული მიდგომა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეები არ გადაიტვირთონ, რაც თავისთავად პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად ზრდას იწვევს.
მოქნილობა და მოხერხებულობა
“ბექას სკოლის” ნებისმიერ კურსზე რეგისტრაციისას, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დრო: დილა, ადრიანი თუ გვიანი საღამო, სასწავლო პროცესი სკოლაში დილის 10 საათზე იწყება და საღამოს 11 საათზე სრულდება. მოქნილი გრაფიკი ითვალისწინებს ჩვენი ცხოვრების რუტინას და გვაძლევს საშუალებას სამსახურს, სწავლას, თუ ნებისმიერ სხვა აქტივობას შევუთავსოთ ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები.
ინტერაქციული სასწავლო აქტივობები
ონლაინ კურსები მოიცავს ინტერაქციულ ელემენტებს, როგორიცაა ქვიზები, სახალისო სავარჯიშოები და მულტიმედიური კონტენტი. არასტანდარტული სასწავლო მეთოდები ეხმარება მოსწავლეს ცოდნის უკეთ მიღებაში, ვინაიდან ის მეტად ჩართულია სასწავლო პროცესში.
კემბრიჯის ახალი სასწავლო პლატფორმა
“ბექას სკოლამ” ახლახან, კემბრიჯის ონლაინ პლატფორმა დანერგა. ეს არის უახლესი სასწავლო პლატფორმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები, აუდიო მასალები და ყველა სხვა საჭირო რესურსი.
Digital Workbook-ს ცალკე სექცია აქვს გამოყოფილი და აქ სტუდენტს შეუძლია ნახოს ყველა Unit-ის დავალებები. აქვეა Student Resources ნაწილი, სადაც აუდიო/ვიდეო მასალებია განთავსებული, და რა თქმა უნდა თავად წიგნი – Student Book.
ყოველი Unit-ის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა.
დამატებით, პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები. პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. ამ ტესტირების შედეგების საფუძველზე ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.
პროგრესის მონიტორინგი
კემბრიჯის პლატფორმა იძლევა პროგრესის მონიტორინგის საშუალებას. მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს, როგორ იხვეწებიან ისინი დროთა განმავლობაში, რა ნაწილში უჭირთ და ა.შ. ამ ყველაფერს მასწავლებელიც ხედავს და მოსწავლესთან ერთად მუშაობს შეცდომების გამოსწორებაზე.
ონლაინ კურსების ფართო არჩევანი ბექას სკოლაში
ზოგადი ინგლისური, ექსპრეს სასაუბრო ინგლისური, ბიზნეს სასაუბრო ინგლისური – სამივე მათგანი “ბექას სკოლაში” ონლაინ ფორმატითაცაა წარმოდგენილი.
ზოგადი ინგლისურის კურსი ბექას სკოლის ყველაზე სიღრმისეული პროგრამაა. ის 4 თვეს გრძელდება, კურსი უნიკალურია და სპეციალურად ქართველი მოსწავლეებისთვისაა შექმნილი და მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.
Საწყის ეტაპებზე – A1 და A2 – კურსს ქართველი მასწავლებელი უძღვება, ხოლო B1 დონის ზემოთ, სწავლის პროცესში ჩართულია 2 მასწავლებელი. უცხოელი – Native speaker, კვირაში ორჯერ ატარებს გაკვეთილს. ხოლო, ქართველი მასწავლებელი კვირაში ერთხელ, გრამატიკას ასწავლის სტუდენტებს.
სტუდენტები სრულად ფარავენ ინგლისურის შესაბამის დონეს და დასრულების შემდეგ მზად არიან გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე.
ექსპრეს სასაუბრო კურსი სალაპარაკო ინგლისურის განვითარებაზეა ფოკუსირებული. სალაპარაკო ინგლისური ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკის ნაკლებობის გამო რთული დასახვეწია.
ზუსტად ამიტომ, “ბექას სკოლამ” სპეციალურად ამ კურსისთვის ახალი მეთოდოლოგია, სასწავლო გეგმა და მასალა შეიმუშავა, რომელიც ორიენტირებულია მეტყველების პრაქტიკაზე. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს არ ექნებათ საშინალო დავალება.
მოსწავლეს ყოველდღიური გაკვეთილები ჩაუტარდება უცხოელ მასწავლებელთან.
“ბექას სკოლაში” ბიზნეს სასაუბრო ინგლისურს ცალკე პროგრამა ეთმობა. ბიზნეს სასაუბრო ინგლისური ძალიან სწრაფი ონლაინ კურსია, რომელიც ინგლისურის სწავლებასთან ერთად, ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული. “ბექას სკოლის” გამოცდილი მასწავლებლები ბიზნეს სამყაროში საჭირო ყველა მნიშვნელოვანი უნარის დახვეწაში დაგეხმარებიან: ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაცია, ზრდილობიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა.შ.
კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.
შეგახსენებთ, რომ ახალი ჯგუფები სწავლას 13 ნოემბერს დაიწყებენ. ასე რომ, იჩქარეთ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი და სწავლის დრო, სანამ ჯგუფები დაკომპექტების პროცესშია!
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 2 ნოემბერს, X-ზე წერს, რომ სავარაუდოდ, რუსეთმა უკრაინის დარტყმის შედეგად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 4 შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი დაკარგა.
დაზვერვა მიუთითებს 26 ოქტომბერს, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სამი რუსული SA-21 გამშვები სადგური განადგურდა ლუგანსკის რეგიონში. ამავე დროს, უკრაინული წყაროები წერენ ოკუპირებულ ყირიმში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი დანაკარგების შესახებ.
რუსეთი დიდი ხანია პრიორიტეტს ანიჭებს მაღალტექნოლოგიურ, შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, როგორც სამხედრო სტრატეგიის ძირითად კომპონენტს.
„ბოლო დანაკარგები ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა აგრძელებს ბრძოლას თანამედროვე ზუსტი დარტყმის იარაღის წინააღმდეგ, რაც, დიდი ალბათობით, გაზრდის უკვე არსებულ მნიშვნელოვან დატვირთვას დანარჩენ სისტემებსა და ოპერატორებზე.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკრაინაში განადგურებულ სისტემებს შეცვლის, რაც შეასუსტებს საჰაერო თავდაცვას სხვა საომარი მოქმედებების რაიონებში“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
აკრედიტაციის გარეშე მოქმედი კერძო რუსული სკოლები, სადაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთი წლის წინ მოკვლევა დაიწყო, შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
„ბათუმელებმა“ არააკრედიტებული სკოლების: „School Club Georgia-სა“ და „პროექტორის“ შესახებ სტატიები 2022 წლის 2 და 9 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ორივე სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში.
ორივე სკოლის დირექტორი და მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.
სკოლებში საგნებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან და ატესტატსაც რუსეთის განათლების სამინისტრო გასცემს სკოლის კურსდამთავრებულებისთვის.
სკოლამ, რომელზეც ერთი წლის წინ საქართველოს განათლების ხარისხის მართვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, კიდევ სამი სკოლა გახსნა, ახლა საქართველოში Scool Club Georgia-ს ოთხი სკოლა აქვს: ორი თბილისში, ერთი ბათუმში და ერთიც ქობულეთში.
სქრინი რუსული სკოლა School Club Georgia-ს ვებგვერდიდან
Scool Club Georgia-ს ბათუმის ფილიალი მას შემდეგ, რაც მედიამ მათ შესახებ დაწერა, უბრალოდ გადაფუთეს: წაშალეს სარეკლამო ბანერი და წარწერები. ახლა შენობის დანახვისას ვერავინ მიხვდება, რომ აქ ყოველდღიური სასწავლო პროცესია.
კერძო რუსული სკოლა School Club Georgia. 2023 წლის 18 ოქტომბერიკერძო რუსული სკოლა School Club Georgia. 2022 წლის სექტემბერი
რას ამბობენ რუსულ სკოლებში
მიმართეს თუ არა განათლების სამინისტროს აკრედიტაციისთვის ამ ერთ წელში ან იყვნენ თუ არა შსს-დან სკოლაში და რა დადგინდა მოკვლევის შედეგად – ამ კითხვით Scool Club Georgia-ს დავუკავშირდით სკოლის გვერდზე მითითებულ ნომერზე. სკოლის მენეჯერმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა, გვიპასუხა, რომ სკოლაში შსს-დან ნამდვილად იყვნენ, წაიღეს დოკუმენტები და გამოჰკითხეს მშობლები, მასწავლებლები.
როგორ გაგრძელდა საქმის მოკვლევა, ამის მერე რა მოხდა? – ვკითხეთ რუსული სკოლის მენეჯერს.
– და რა გნებავთ, რომ მომხდარიყო? თქვენი წყალობით მოვიდა ჩვენთან პოლიცია, კი. მაგრამ მოვიდა და წავიდა. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ და ჟურნალისტებთან არ გვსურს ურთიერთობა – განაცხადა სკოლის მენეჯერმა.
ამ საუბრის მერე სკოლის დირექტორი, ნატალია გეორგიევა, თავად დაგვიკავშირდა და ჩვენს იმავე კითხვებზე, რაც მენეჯერს დავუსვით, წერილობით ასე გვიპასუხა:
„ვფიქრობ, რომ თქვენ არასწორად გესმით საქართველოს კანონი საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ამ კანონით ნათლადაა დადგენილი კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი საქმიანობა არანაირად არ არღვევს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას.
არ ვიცი, ვინ არის თქვენი ინიციატივების დამკვეთი, მაგრამ, ალბათ, უფრო გონივრული იქნებოდა, ყურადღება მიაქციოთ ბევრ სხვა პროექტს, რომლებიც საქართველოში ხორციელდება“, – მოგვწერა სკოლის დირექტორმა და დასძინა, რომ მათ იურისტებს შეუძლიათ ჩვენს ყველა კითხვას უპასუხონ წერილობით.
დავურეკეთ სკოლა „პროექტორის“ დირექტორს, ანა პუჩკოვასაც, რომელიც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეა ერთდროულად. იგივე კითხვები დავუსვით, რაც School Club Georgia-ს სკოლის დირექტორს:
„რატომ მირეკავთ? კიდევ უნდა დაწეროთ ამაზე რამე?
ჩვენ არ გვჭირდება მუშაობისთვის ქართული აკრედიტაცია. კემბრიჯის აკრედიტაცია მივიღეთ უკვე და რეგისტრაციას, ოფიციალურ დოკუმენტს ველოდებით, ეს საერთაშორისო აკრედიტაციაა, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროც აღიარებს. მოვიდნენ პოლიციიდან და უკან წავიდნენ, მეტი რა უნდა ექნათ?“ – გვიპასუხა სატელეფონო ზარზე ანა პუჩკოვამ.
ორივე სკოლის დირექტორი საუბრისას ამტკიცებს, რომ მათ „სკოლები“ არ აქვთ და რომ ეს, უბრალოდ, სასწავლო დაწესებულებებია, თუმცა ორივე სკოლაში ჩვეულებრივი, ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესია, აქვთ კლასები, გასცემენ რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ატესტატს და ასწავლიან რუსეთში გრიფირებული სახელმძღვანელოებით სასკოლო საგნებს.
პროექტორს სახელწოდებაც ასეთი აქვს: „სკოლა პროექტორი“.
კერძო რუსული სკოლა „პროექტორი” თბილისში
კანონმდებლობით აკრედიტაცია საქართველოში სჭირდებათ იმ სასწავლებლებს, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ ატესტატებს გასცემენ. კერძო რუსული სკოლების ინტერესს არ წარმოადგენს ქართული ატესტატის მიღება, შესაბამისად მათ მიაჩნიათ, რომ აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებით კანონს არ არღვევენ.
ერთი წლის წინ ზემოთ ხსენებული სკოლების შესახებ ჩვენ მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში გახსნილ კერძო სკოლა „School Club Georgia-ს“ არ აქვს ავტორიზაცია, რომელსაც გასცემს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, სამინისტროს ცნობით, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით მაშინ შესაბამის უწყებას მიმართა. სახელმწიფო უწყების მხრიდან მაშინ ეს იყო ნაბიჯი, რაც მედიის მიერ გაშუქებულ ამბავზე მყისიერ რეაგირებას ჰგავდა.
სინამდვილეში, ერთი წლის შემდეგ ვერც შსს-მ, ვერც განათლების სამინისტრომ და ვერც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა ცენტრმა მცირე დისკომფორტიც კი ვერ შეუქმნეს ბათუმსა და თბილისში არააკრედიტებულ კერძო რუსულ სკოლებს.
რას ამბობენ განათლების სამინისტრო და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრი
არაფერს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორივე ინსტანციამ მიმართა შესაბამის უწყებას საკითხის გამოსაკვლევად, მაგრამ რა მოიკვლიეს, გაურკვეველია.
განათლების სამინისტროს არც ერთი პრესსამსახური „ბათუმელების“ ზარებს ერთი კვირა არ პასუხობს. ერთი კვირა ვურეკავთ ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრს, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ერთკვირიანი ზარების შემდეგ გვიპასუხა და გვითხრა, რომ წერილობით უნდა მივმართოთ ცენტრს საჭირო ინფორმაციის მისაღებად. წერილობითი პასუხის მოსამზადებლად ათდღიანი ვადა აქვთ უწყებებს და ამ ვადის გასვლის შემდეგაც არ გასცემენ ინფორმაციას.
სტატია განახლდება, თუ ისინი კანონის დარღვევის პრაქტიკაზე უარს იტყვიან და მოგვაწვდიან ინფორმაციას.
რეალურად გასაუბრების შესაძლებლობა არ მოგვეცა არავისთან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული სკოლების მოკვლევაში.
მათთვის გვინდოდა გვეკითხა:
რა დადგინდა შესწავლის შემდეგ, აქვთ თუ არა კერძო რუსულ სკოლებს ფუნქციონირების უფლება საქართველოში მაშინ, როცა მოსწავლეები ატესტატს რუსეთის განათლების სამინისტროსგან იღებენ და რუსეთში გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ?
თუ ეს სკოლები აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებით არ არღვევენ კანონს, რადგან არ სჭირდებათ ქართული ატესტატი და არც საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან აღიარება, მაშინ რა საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს მათ საქართველოს სახელმწიფო? უფრო კონკრეტულად: სახელმწიფოსთვის რუსული კაფეებისა და კერძო რუსული სკოლის გახსნა, რუსული ატესტატებით და მოსკოვის მიერ ნებადართული სახელმძღვანელოებით, თანაბარი მნიშვნელობის და თანაბრად დაბეგრილი ბიზნესებია?
ხომ არ არის კანონი სკოლების აკრედიტაციის შესახებ ხარვეზიანი და ახალ რეალობაში ხომ არ სჭირდება გადახედვა, შევსება, შედეგად კი კერძო რუსული სკოლების და მომავალშიც მსგავსი სასწავლო დაწესებულებების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა?
რა გეგმები აქვს სამომავლოდ განათლების სამინისტროს კერძო რუსულ სკოლებთან დაკავშირებით? რამდენად საფრთხისშემცველია იმ ქვეყნის სკოლების ფუნქციონირება საქართველოში, რომლისგანაც ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ?
ხარვეზიანი კანონი, რომელიც სკოლებს სამართლებრივ ჩარჩოში ვერ აქცევს
განათლების იურისტი, რეზო ხოფერია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ ორგანიზებული სასწავლო საქმიანობის შედეგად გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუნდაც სხვა სახელმწიფოში იყოს აღიარებული, წესით, ასეთი საქმიანობა უნდა ექცეოდეს საკანონმდებლო ჩარჩოში:
„მაგრამ იმისთვის, რომ პირს დააკისრო პასუხისმგებლობა, მით უფრო სისხლის სამართლებრივი, საჭიროა ცალსახა და არაორაზროვანი რეგულაცია. პრობლემურია როგორც კანონმდებლობა, ისე მისი აღსრულება.
დეტალურად არ არის მოწესრიგებული, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოში. ასევე არ არის დარეგულირებული დისტანციური განათლების საკითხი. კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით მოწესრიგებას საჭიროებს“, – ამბობს რეზო ხოფერია.
ამ საკითხზე სახელმწიფოს გულგრილობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში არც ერთ დეპუტატს არ ჰქონია ინიციატივა, საუბარი დაეწყო ხარვეზიანი კანონის გადახედვაზე.
განათლების სამინისტროს ერთი წლის წინანდელი განცხადებით გაჩნდა განცდა, რომ სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესდა და მოკვლევა დაიწყო, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ არააკრედიტებული კერძო რუსული სკოლების რაოდენობა გაიზარდა და სახელმწიფო ინსტანციები არ აწვდიან ინფორმაციას მედიასა და საზოგადოებას, თუ რა დაადგინეს ერთწლიანი მოკვლევის შედეგად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 302 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
ტანკი – 5 241 ერთეული [+18]
ჯავშანტექნიკა – 9 877 ერთეული [+43]
საარტილერიო სისტემა – 7 292 ერთეული [+42]
MLRS – 850 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 566 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 322 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 488 ერთეული [+20]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 549 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 658 ერთეული [+34]
სპეცტექნიკა – 1 032 ერთეული [+13]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
521 თვითმფრინავი
254 ვერტმფრენი
8 543 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
13 118 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 175 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 957 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
14 887 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ჩემს თაობაში პროპაგანდას ცოტა სხვანაირად ამუშავებს ხელისუფლება – ჩვენ შემთხვევაში, ამოცანაა ინერტულობის მიღწევა, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი.
როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდულ მოძრაობებში ცვლილებების მიღწევა და გავლენა პროცესზე? – ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა მათთან გასაუბრების დროს საგრძნობია ტენდენცია: აქტივისტები ხედავენ, როგორ მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდა მათ წინააღმდეგ და მარტის მოვლენების დროს როგორ „ჩაუვარდა“ პროპაგანდა „ოცნებას“, როცა მან რუსული კანონის მიღება დააპირა.
„პროპაგანდაა ამოსავალი ახლაც. მარტის მოვლენების დროს, მაგალითად, ხელისუფლების პროპაგანდამ თავის მოედანზე ვერ შეგვიყვანა, პირიქით, აქეთ მოედანზე გადმოვიდნენ „ოცნებიდან“ და დაიწყეს იმის ახსნა, რატომ არ არის ეს რუსული კანონი,“ – დაკვირვებას გვიზიარებს მეგი დიასამიძე მოძრაობიდან „ჯიუტი“.
მეგი დიასამიძე: ახალგაზრდებს აშინებთ იარლიყის მიწებება, რომ ვიღაცას წარმოადგენენ
„დიახ, ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებით ისევ პარლამენტთან და ვაპროტესტებთ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. ეს დაუშვებელია. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და არა კრემლის დავალებებს,“ – კატეგორიულია მეგი დიასამიძე.
მისი თქმით, ახალგაზრდების მოძრაობა დაფინანსებას არ იღებს რომელიმე პოლიტიკური პარტიისგან და ისინი თავად ახერხებენ პროტესტის ორგანიზებას.
სად გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია? – მეგი დიასამიძე გვიყვება, რომ ქუჩაშიც მას შემდეგ გამოვიდა და „ჯიუტი“ გახდა, როცა „ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება გადაწყვიტა. მეგის თქმით, ამ კანონის მიღება მისთვის მკაფიო მაგალითი აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში კრემლის დავალებას ასრულებდა.
„ოცნება“ მაშინ გვეუბნებოდა, რომ ეს იყო უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი და ეხებოდა გამჭვირვალობის საკითხს. თუმცა როცა გავეცანი სრულყოფილ ინფორმაციას, ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს მართლაც რუსული კანონი იყო. დავინახე, რომ ხელისუფლება გვატყუებდა.
მაშინ მედიამ და სამოქალაქო ორგანიზაციებმაც ამ კანონს პირდაპირ „რუსული კანონი“ უწოდეს და ეს იყო ძალიან სწორი მიდგომა.
ასე უნდა ხდებოდეს ახლაც, როცა სუსი ტრენინგების ჩატარებაზე ამბობს, რომ თურმე სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ჩვენ არ უნდა ვახსენებდეთ „სახელმწიფო გადატრიალებას“.
სტუდენტების ნაწილი, ვისაც პროპაგანდამ დააჯერა, რომ აპოლიტიკური უნდა იყოს, ფიქრობს, რომ რადგან სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს და ხელისუფლებას ეპასუხება ოპოზიცია, ან კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, შესაძლოა, რამე მართლაც მზადდებოდაო.
ორივე მხარეს პროპაგანდაა, ოღონდ გააჩნია, ვის რა ამოცანა აქვს. სამწუხაროდ, დღეს სახელისუფლებო პროპაგანდა ახერხებს სხვადასხვა თემის გააქტიურებით, საკუთარ მოედანზე „შეიყვანოს“ ახალგაზრდებიც,“ – გვიყვება მეგი დიასამიძე.
მეგი დიასამიძე ბათუმში რუსული გემის შემოსვლის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეცაა. მან ასევე გააპროტესტა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თორნიკე რიჟვაძის ფრაზა „ლაჩრულად წაგებულ ომზე“.
მეგი დიასამიძე აქციაზე ბათუმში, სადაც რუსული გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ
რა გზავნილებია დამაჯერებელი სტუდენტებისთვის სახელისუფლებო პროპაგანდიდან?
„ახალგაზრდებს აშინებთ იარლიყის მიწებება, რომ ვიღაცის ინტერესებს წარმოადგენენ,“ – მეგი დიასამიძე იხსენებს, მისთვისაც რომ ხშირად უკითხავთ თანატოლებს: „იქნებ „ჯიუტს“ მართლაც კეზერაშვილი აფინანსებს?“
„ჩემთვის ლაზარეა კარგი მაგალითი, როგორ ვერ იმუშავა „ოცნების“ პროპაგანდამ,“ – ამბობს მეგი. მას ვკითხეთ, რატომ არ აღმოჩნდა, მაგალითად, ლაზარეს დასაცავად სტუდენტების პროტესტი ისეთივე ერთიანი და ძლიერი, როგორიც ეს იყო მარტის ცნობილი მოვლენების დროს?
„ახალგაზრდების ნაწილი შეშინდა. უთქვამთ კიდეც ჩემთან, რომ აი, ხომ ხედავ, არ დაინდვეს და ციხეშიაო. ვისმენ ასევე: მარტო ჩემმა გამოსვლამ რა უნდა შეცვალოს?
ჩემი აზრით, უმრავლესობა მაინც ვერ შეაშინეს, მაგრამ ხელისუფლების პროპაგანდა ახერხებს სხვადასხვა თემის შემოგდებას, რაც გაბრაზებს და გეკარგება „ლაზარე“… აქტივიზმი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, აკეთო შენი საქმე და გჯეროდეს: ამას შედეგი ექნება. მე ყველაფრისთვის ვარ მზად.
მარტის მოვლენებმა აჩვენა, როგორ უცებ შეიძლება დაიმსხვრეს პროპაგანდა, რისთვისაც „ოცნება“ წლებია ემზადებოდა – ქუჩაში ის ახალგაზრდებიც გამოვიდნენ, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომ აპოლიტიკური იყვნენ, მათთვის რუსული კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი, რადგან მედიამ და სამოქალაქო სექტორმა ნათლად ახსნა, რაც ხდებოდა. პროპაგანდის ჭიდილი გრძელდება ახლაც,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა მეგი დიასამიძეს.
ზვიად ცეცხლაძე: მანიპულაციებით ცდილობს ხელისუფლება, ახალგაზრდული მოძრაობების დასუსტებას
„როცა ხელისუფლება ხედავს, რომ ძლიერდები, ცდილობს მოგაწებოს იარლიყი. თუ ეს გამოუვიდა, ჩაგძირავენ, ფაქტობრივად: ახალგაზრდობის უმრავლესობა არ ენდობა არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას,“ – გვიყვება ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი.
რა უშლის ხელს ახალგაზრდულ მოძრაობებს, ჰქონდეთ გავლენა პროცესზე, მაგალითად, როცა ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს? – ვკითხეთ ზვიად ცეცხლაძეს.
ახალგაზრდა აქტივისტი აღწერს, რომ პროპაგანდისტული მანქანის ახალგაზრდების წინააღმდეგ ამუშავების გარდა, „ქართული ოცნება“ სხვა მეთოდებითაც მუშაობს:
„ხელისუფლება ცდილობს, შექმნას ფსევდო ოპოზიცია, ან ისეთი ჯგუფი, რომელიც არასწორ, არაადეკვატურ ქმედებებს განახორციელებს და აღმოჩნდე იმ ჯგუფის პირისპირ, რომელიც სინამდვილეში და ლოგიკურად შენ მხარეს უნდა იყოს.
ისინი ცდილობენ, მოძებნონ გარკვეული ნიუანსები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ჯგუფში განხეთქილება და დაპირისპირების მიღწევა: მაგალითად, შესაძლოა, ვინმემ წამოიწყოს უსაფუძვლო კამათი ისეთ საკითხზე, რაც არ არის არსებითი.
გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებსაც აქვთ მეტი რესურსი, ძალა შესწევთ, ახალგაჩენილ ორგანიზაციებს ხელოვნური წინაღობები შეუქმნან.
მთავარი საკითხი არის აპოლიტიკურობა: ჩემი თაობის წარმომადგენლებთან მაქსიმალურად ცდილობენ, ახალგაზრდები გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან. ამაზე ხშირად ირიბი გზებით მუშაობენ, მაგალითად, ფსევდო ოპოზიციური პოლიტიკური ძალები როცა არაადეკვატურად მოქმედებენ, ისინი ამით საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილის დისტანცირებასაც ახდენენ ოპოზიციური სპექტრის მოქმედებებისგან.
ამგვარი მანიპულაციებით ცდილობს ხელისუფლება, ახალგაზრდული მოძრაობების დასუსტებას,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძე
ახალგაზრდა აქტივისტის დაკვირვებით, მის თაობაში პროტესტის ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ავტორიტეტული ადამიანები:
„რეალურად, მარტის მოვლენების დროსაც პროტესტი ვერ დაიმუხტა, ვიდრე არ გამოჩნდნენ ავტორიტეტები და საკუთარი აზრი არ დააფიქსირეს. როგორც წესი, ადამიანები, ვის სიტყვასაც დიდი ფასი აქვს, ნაკლებად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას.
ფეხბურთის კლუბებსა და მუსიკალურ ბენდებსაც პოზიცია ჰქონდათ მაშინ… კონკრეტული პროფესორების შეფასება გადამდები აღმოჩნდა და ახალგაზრდების დამუხტვის კარგი საშუალება.
ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია, მაგრამ უფრო ინტერესის სფეროების მიხედვით იღებენ ამ ინფორმაციას. მარტის მოვლენების დროს კი, ავტორიტეტებმა მოახერხეს მნიშვნელოვან ამბებზე ყურადღების გადატანა.
დღეს ლაზარე ისჯება, როგორც ახალგაზრდების პროტესტის სიმბოლო, ეს არის უფრო სიმბოლური აქტი ახალგაზრდების ბრძოლისუნარიანობის წინააღმდეგ. ლაზარეს დასჯა არის სიმბოლური დასჯა ყველა ახალგაზრდა აქტივისტის,“ – მიიჩნევს ზვიად ცეცხლაძე.
მისი აზრით, „ოცნებამ“ ლაზარეს საქმეზე მოახერხა პროპაგანდისტული ხრიკების ამუშავება, რადგან პოზიციები ლაზარეს ირგვლივ დაიყო და ის უფრო პირად აღქმებს დაუკავშირდა, ვიდრე ამ ამბის საზოგადოებრივ მნიშვნელობას.
ზვიად ცეცხლაძე გვიყვება, რომ ახალგაზრდა აქტივისტებს ხშირად უჭირთ ჩამოყალიბება, რა ფორმით უნდა გამოხატონ პროტესტი.
„ეს კამათი არ უკავშირდება მემარჯვენე ან მემარცხენე იდეოლოგიებს, უფრო პარტიულობას უკავშირდება, ან იმას, პრაქტიკაში რა მოქმედებებია საჭირო. ეს იწვევს განხეთქილებას: მაგალითად, უფრო რადიკალური ქმედებებია საჭირო, თუ ლოიალური?“ – ახალგაზრდა აქტივისტებში აქტუალურ კითხვებს იხსენებს ზვიად ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძეს განსაკუთრებით საზოგადოების მხარდაჭერა ახარებს. მისი თქმით, „დაფიონს“ არაერთხელ ჩაურიცხეს თანხა ადამიანებმა, როცა გაიგეს, რომ სტუდენტებს აქციისთვის წყალი ან საკვები სჭირდებოდათ:
„ხალხის გამოხმაურება არის ძალიან კარგი. იგივე რუსული ლაინერის წინააღმდეგ აქციაზე დავდეთ განცხადება, რომ გვჭირდებოდა ფული საკვებისა და წყლისთვის, საკმაოდ დიდი თანხა ჩაგვირიცხეს.
ამჯერად გეგმაში გვაქვს სხვადასხვა სივრცის ათვისება, მათ შორის, იუთუბ, ინსტაგრამ ან ტიკ-ტოკ სივრცის ათვისება. რაც შეიძლება მეტი სივრცე უნდა შევქმნათ, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ეროვნული იდეა.
ვგულისხმობ ისტორიული ინფორმაციის გავრცელებასაც დღევანდელ რეალობასთან პარალელით,“ – მიმდინარე აქტივობასაც გვიზიარებს ზვიად ცეცხლაძე.
27 ოქტომბერს ზვიად ცეცხლაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა ირაკლი ბებუას შესახებ და იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის წინააღმდეგ: აქვს თუ არა ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ გარკვეული, მყარი ნაბიჯები გადადგას? – ჰკითხა ზვიად ცეცხლაძემ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და თსუ-ს პროფესორს.
ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ შეკითხვის დასმით უფრო იმის ხაზგასმა სურდა, რომ ოკუპაცია საზოგადოებისთვის აქტუალურია.
ილია აბულაძე: როცა სტუდენტები ვთანხმდებით, რომ ირაკლი კობახიძის წიგნით არ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუცია, გამოდის, რომ ცვლილებები შესაძლებელია
„ლექციის დაწყებამდე პირველკურსელთა აუდიტორიაში შევედი და ვიკითხე: უნდა ვისწავლოთ თუ არა კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის წიგნით, რომელმაც ახალგაზრდებს ექსტრემისტები და ფანატიკოსები გვიწოდა? – ყველამ თქვა, არაო.
გამოდის, რომ ცვლილებები შესაძლებელია,“ – ოპტიმისტური განწყობა აქვს ილია აბულაძეს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და მოძრაობა „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ აქტივისტი.
ილია აბულაძე
ილიაც ფიქრობს, რომ ირიბი გზებით ცდილობენ სტუდენტური პროტესტის ჩახშობას. გამოწვევაა ფინანსები და ორგანიზაციული საკითხებიც.
„ცდილობენ, კონცერტებით ახალგაზრდებს დაავიწყონ პრობლემები ან მინიმუმ ყურადღების გადატანა მოხერხდეს… სხვადასხვა კონცერტია, აქტივობა, რაშიც ახალგაზრდებს რთავენ.
მუშაობს ასევე სანათესავოსა და ოჯახის წევრებთან დაკავშირება: სტუდენტებს ეუბნებიან, რომ უმჯობესია, აქციაზე არ გავიდნენ და ვინმეს არ დაუპირისპირდნენ.
დღეს სტუდენტს არწმუნებს ყველა, რომ აქტიურობამ შესაძლოა მისი მომავალი და კარიერა დააზიანოს. სტუდენტიც ცდილობს, მხოლოდ განათლების მიღებით დაკავდეს და არ ჩაერთოს პროცესში, ამ დროს კი, შესაძლოა ყველაფერმა დაკარგოს აზრი.
მარტის მოვლენების დროს აქციამდე რამდენიმე სტუდენტმა საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ, მომხსენებლები გვყავდა და მათ ისაუბრეს, რა საფრთხეს ქმნიდა რუსული კანონის მიღება. ამ შეხვედრიდანაც ბევრი სტუდენტი პირდაპირ აქციაზე წამოვიდა.
ნიჰილისტური განწყობების გაძლიერების გარდა, პრობლემაა დაფინანსება იმ სტუდენტებისთვის, ვინც აქტიურია – მაგალითად, სივრცე, სადაც ერთმანეთს შევხდებით და დავილაპარაკებთ, ყველაფერი ონლაინსივრცეში არ გამოდის,“ – გვითხრა ილია აბულაძემ.
დავით ჩხობაძე: ჩემს თაობას აქვს მომენტი – რეაქცია მაშინ აქვთ, როცა ხედავენ პირად საფრთხეს
„მუხტი, რომელიც გამოჩნდა მარტის მოვლენების დროს, არსად წასულა: ადამიანებს სჭირდებათ გადამწყვეტი მომენტი. მე არ ვიცი, რა იქნება შემდეგი წითელი ხაზი, მაგრამ ჩემ თაობას აქვს მომენტი – რეაქცია მაშინ აქვთ, როცა ხედავენ პირად საფრთხეს,“ – გვიყვება დავით ჩხობაძე, ის სტუდენტური მოძრაობას „ნაბიჯის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.
ახალგაზრდა აქტივისტს ვკითხეთ: როგორ შეიქმნა საპროტესტო განწყობა მარტის მოვლენების დროს და რა ხდება ახლა?
„მარტის მოვლენების დროს თაობამ პირდაპირ დაინახა ის, რომ საფრთხე ეხება ჩვენს პირად კეთილდღეობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, სტუდენტებმა დავინახეთ მკაფიოდ, რომ ყოველგვარ ცოდნას, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ, ფასი ეკარგება,“ – ახალგაზრდა აქტივისტი ყურადღებას ამახვილებს პროსახელისუფლებო მედიის აქტიურობაზე, სადაც პერიოდულად ამზადებენ სიუჟეტებს იმაზე, რომ ახალგაზრდა აქტივისტები ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებულნი არიან.
„ეს აჩვენებს იმას, რომ „ოცნება“ ხედავს საფრთხეს, ამიტომაც გვიძღვნიან სიუჟეტებს. ახალგაზრდები შესაძლოა ისევ გააქტიურდნენ და ამ პროტესტს უნივერსიტეტის ოდეერებიც ვეღარ შეაჩერებენ,“ – დასძენს დავით ჩხობაძე.
დავით ჩხობაძე
დავით ჩხობაძე თავის მოსაზრებას გვიზიარებს, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება ახალგაზრდა აქტივისტების წინააღმდეგ.
„ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, რომ ეს პროტესტი არ არის ქვეყნის საკეთილდღეოდ და ძირითადად აპელირება ხდება ნაცმოძრაობის წარსულზე, რომ აი, ასეთები იყვნენ და ესენი დაბრუნდებიან.
სახელისუფლებო პროპაგანდა სტუდენტებში ძირითადად მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას ინერტული განწყობა. ცდილობენ, სტუდენტები ჩართონ გასართობ ღონისძიებებში, კონცერტებში, ბაბი კირკიტაძესაც ამიტომ დაატარებენ…
დიდ უნივერსიტეტებში მუშაობს ოდეერიც, იქ „ოცნების“ მიერ ხელდასხმული თვითმმართველობები აკონტროლებენ სიტუაციას, თუმცა მარტში იმდენად დიდი იყო საპროტესტო განწყობა, ვერანაირი ოდეერი ვეღარ გააკონტროლებდა ამას,“ – ამბობს დავით ჩხობაძე.
მოძრაობა „ნაბიჯი“ 2022 წელს შეიქმნა კამპანიის ფარგლებში – „შინ ევროპისკენ“. დავით ჩხობაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მოძრაობაში 80-მდე სტუდენტია თბილისსა და ბათუმში.
„ჩვენ შევხვდით ყველა ოპოზიციურ ლიდერს, ეს არის პლატფორმა მათთვისაც, რომ ესაუბრონ ახალგაზრდებს, სტუდენტებს. კონკრეტულად არც ერთ პარტიასთან არ ვთანამშრომლობთ. ფინანსების მოძიებასაც თვითორგანიზებით ვახერხებთ, ასევე საგრანტო პროგრამებია, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია გვაფინანსებს.
კვლევა გვაჩვენებს, რომ სახელისუფლებო პროპაგანდის მიუხედავად, ახალგაზრდების უმრავლესობას აქვს მზაობა ევროინტეგრაციაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი იმ დოზით არ მონაწილეობენ პოლიტიკაში, რაც სასურველი იქნებოდა.
პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და ერთმანეთთან დაახლოება: ჩვენ ერთმანეთის გადაკვეთის წერტილები უნდა მოვძებნოთ. ჩვენ მოგვიწევს პროტესტის ყველა ფორმის გამოყენება, რომ ხელისუფლებამ ხელი ვერ ჰკრას საქართველოს ევროპულ მომავალს. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად,“ – გვითხრა დავით ჩხობაძემ.
„როცა ექიმმა გამსინჯა, მითხრა – არ დაგიმალავ, ეს არის სიმსივნე.
ადგილზე გავიყინე, რადგან იმ მომენტში მართლა რთული იყო ჩემთვის. სიმსივნე იყო მეოთხე სტადია, ღვიძლზე გადასული მეტასტაზებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 41 წლის თამილა სალუქვაძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა.
ამბობს, რომ მკერდზე სიმაგრე როცა შენიშნა, ექიმთან მაშინვე არ წასულა. „რთული პერიოდი მქონდა და თან ქვეცნობიერი შიში“, – გვეუბნება თამილა. თუმცა ერთ დღეს, როცა უფასო სკრინინგის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა, რომ გამოკვლევები ჩაეტარებინა.
„ძალიან რთული იყო ამის მოსმენა, მაგრამ კარგია, რომ ექიმმა პირდაპირ მითხრა ყველაფერი, ასეც უნდა ხდებოდეს, რადგან ზუსტად უნდა გაიგო, რასთან გაქვს საქმე და როგორ უნდა იმკურნალო.
დაიგეგმა ქიმიის 8 კურსი, თუმცა მე მხოლოდ 6 დამჭირდა, იმდენად კარგი იყო შედეგი. შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია, თუმცა სადღაც მაინც ვუშვებდი გონებაში, რომ იქნებ აღარ მჭირდება, მე ხომ აღარაფერი მაქვს ორგანიზმში-მეთქი.
საჭირო იყო გენეტიკური ტესტის გაკეთება და ასევე სხვა კვლევებიც, რაც დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული.
რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები, მეგობრები გვერდით მედგნენ და ფულს მიგროვებდნენ, მაგრამ აღარ მინდოდა ადამიანების შეწუხება. თანაც ეჭვი მქონდა მკერდის ოპერაციასთან დაკავშირებით, არ ვიცოდი, უნდა გამეკეთებინა თუ არა, ამიტომ საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტე და ლტოლვილად ჩავბარდი.
საფრანგეთმა სრულად დაფარა ჩემი მკურნალობის ხარჯი და ძალიან მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, რადგან გამომაჯანმრთელეს და გამიჯანსაღეს სიცოცხლე.
ძალიან ჰუმანური მიდგომა აქვთ, პაციენტებთან ძალიან თბილი და უშუალონი არიან ექიმები. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემს ქვეყანაში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცოდი“, – გვეუბნება თამილა.
თამილას მკერდის ოპერაცია მაინც დასჭირდა, რადგან არსებობდა დაავადების გაღვიძების რისკი.
„გავიკეთე და ახლა კარგად ვარ. აქაც კარგი ექიმები მყავს და წელიწადში ერთხელ გავდივარ კონტროლს. სიმსივნეს ღრმა ძილით სძინავს და ღმერთს ვთხოვ, რომ აღარ გაიღვიძოს“, – ამბობს თამილა.
მისი თქმით, დაავადება იმ შემთხვევაში პროგრესირებს, თუ ადამიანს შიში ეუფლება და დეპრესიაში ვარდება. ამიტომ, სხვა პაციენტებსაც ურჩევს, არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში.
„საკუთარ ფიქრებთან დიდი ხნით დარჩენა გვასუსტებს. კარგი ფიქრებით და განწყობით გავიმარჯვებთ ამ დაავადებაზე.
იცით, კიდევ რა დამეხმარა ძალიან? იმ ადამიანების ისტორიებს ვუსმენდი, ვინც ეს გზა გაიარა და გამოჯანმრთელდა. ამან ძალიან გამაძლიერა.
ამიტომ თუ ჩემი ერთი სიტყვაც კი ვინმესთვის იქნება იმედი და ძალის მიმცემი, ძალიან გამიხარდება.
ამ დაავადების შემდეგ თითქოს სხვა ადამიანი გავხდი, უფრო მეტი ძალა ვიპოვე ჩემ თავში და ძალიან დამეხმარა რწმენაც.
სამი შვილი მყავს, ბედნიერი დედა ვარ და პირველი დარდი ის იყო, რომ ჩემი შვილები არ დარჩენილიყვნენ უდედოდ. ცხადია, ამანაც მომცა ძალა და მათთვის დავიწყე ბრძოლა.
თამილა შვილთან ერთად ფოტო: ბათუმელები/ლელა დუმბაძე
ჩემი ფიქრები, აზრები შეიცვალა, პრობლემების მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც. მივხვდი, რომ არ ღირდა წვრილმანებზე დარდი და ნერვიულობა. ვიცი, რომ არ არის ეს ადვილი, მაგრამ ჩვენ თავში ჩვენვე უნდა ვიპოვოთ იმის ძალა, რომ გადავრჩეთ, გავიმარჯვოთ ამ ომში“, – ამბობს თამილა სალუქვაძე.
მისი აზრით, სიმსივნე არ არის ყოველთვის განაჩენი და იმისათვის, რომ ადამიანი გადარჩეს, აუცილებელია დროული სკრინინგი და სწორი მკურნალობა.
„ადრე ქიმია ასოცირდებოდა სიკვდილთან. დედაჩემიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქიმიის, მაგრამ როცა ექიმისგან მოისმინა სწორი ახსნა, უკეთ გაიგო. დღეს მედიცინა უკეთ არის განვითარებული და ამიტომაც გვყავს მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი.
წარმოუდგენლად შოკი იყო ჩემთვისაც, მაგრამ სწორად დაგეგმილი მკურნალობით, კვალიფიციურ ექიმებთან ვიზიტით და სწორად დაგეგმილი გამოკვლევებით, მე დღეს ჯანმრთელი ვარ“, – გვეუბნება ის.
თამილა სალუქვაძე
თამილა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას დროულად ჩატარებულ სკრინინგზე.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს ინფორმაცია უფასო სკრინინგის შესახებ.
„სოფლებში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ზოგს ტელევიზორიც კი არ აქვს სახლში და არაფერი იცის სკრინინგზე. ამიტომ უნდა გავაგებინოთ. იქნება ეს ბანერები, რეკლამები თუ სხვა საშუალება, ყველა გზით უნდა შევიდეს ეს ინფორმაცია ოჯახებში, რომ დროულად შეძლონ ადამიანებმა გამოკვლევა და გადარჩენა.
ასევე კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ფსიქოლოგის მომსახურებას ჩართავს პროგრამაში, რადგან ეს ძალიან დაეხმარება ადამიანებს. საფრანგეთში იყო ამის შესაძლებლობა, თუმცა მე არ დამჭირვებია, რადგან ადვილად გადავლახე“, – ამბობს თამილა.
ბოლოს კი დასძენს, რომ მნიშვნელოვანია დადებითი ფიქრები და პოზიტიური განწყობა.
სწორი კვება, კარგი მუსიკის მოსმენა და სუფთა ჰაერზე გასეირნება. „თუნდა ერთი მეგობარი, ვისაც შეუძლია მოგისმინოს, დაჯექი მასთან, ილაპარაკე დიდხანს და ესეც მოგიტანს შვებას.
ასეთი ცხოვრება გვაქვს, – ცუდიც ხდება და კარგიც, მაგრამ უნდა ვისწავლოთ გაძლიერება, რომ გადავრჩეთ“, – ამბობს თამილა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია.
მოწევა გულის დაავადების მთავარი რისკფაქტორია, თუმცა ეს მავნე ჩვევა აზიანებს სხეულის თითქმის ყველა ორგანოს: სისხლძარღვებს, ფილტვებს, თვალებს, რეპროდუქციულ სისტემას, ძვლებს, შარდის ბუშტს და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი არჩილ სიგუა ამბობს, რომ ქიმიკატები, რომლებსაც ისუნთქავთ მოწევის დროს, აზიანებს გულსა და სისხლძარღვებს, რაც ზრდის არტერიებში ფოლაქების აღმოცენების რისკს.
ბატონო არჩილ, როგორ, რა მექანიზმით გვაზიანებს თამბაქოს მოწევა?
როცა ადამიანი ეწევა თამბაქოს, მის ორგანიზმში შედის როგორც ნიკოტინი, ისე წვის პროდუქტები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ როგორც ფილტვებზე, ისე ნივთიერებათა ცვლაზე ორგანიზმში.
თავიდან, მწეველობის საწყის ეტაპზე, ეს ისე ძლიერად არ არის გამოხატული, რადგან ორგანიზმი ძლიერია და ამას ერევა. მაგრამ როცა ადამიანი წლების განმავლობაში ეწევა, ორგანიზმი იმდენად არის ნიკოტინითა და წვის პროდუქტებით მოწამლული, რომ ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, რის შედეგადაც ორგანიზმში ირღვევა სხვადასხვა ლიპიდების ბალანსი. ამ დროს იწყება სქელდება არტერიის კედელი, გასქელებულ კედელზე კი წარმოიშობა ათეროსკლეროზული ფოლაქი – ეს არტერიის შიდა გარსის კეროვანი გასქელებაა, რომელიც აღმოცენდება ლიპიდების დაგროვების უბანში შემაერთებელი ქსოვილის გავრცელების შედეგად.
საბოლოოდ ფოლაქით ვიწროვდება და იხურება არტერიის სანათური, ანუ სისხლს უჭირს იქ გასვლა.
ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას გულის, ფეხის, ხელი ან თავის ტვინის [სანათურში], თუმცა ეს პროცესი პირველ რიგში აზიანებს მცირე კალიბრის არტერიებს.
რა მყისიერი საფრთხე შეიძლება შექმნას სისხლძარღვების პრობლემის მქონე ადამიანისთვის თამბაქოს მოწევამ?
უშუალოდ მოწევის დროს, სიგარეტის კვამლის ყლაპვის პროცესში ან აქედან 5-7 წუთის შემდეგ, წვის პროდუქტების გამო წვრილი არტერიები ისპაზმება, ანუ დროებით ვიწროვდება. მართალია, ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ იმ შემთხვევებში, როცა უკვე არსებობს/სახეზეა სისხლძარღვის გარკვეული დაზიანება, ამ ხანმოკლე სპაზმსაც შეუძლია მნიშვნელოვანი სისხლძარღვი დახუროს და მოიტანოს ნევრალგიური ან კარდიალური დარღვევები – ინფარქტის ან ინსულტის სახით.
შესაძლებელია თუ არა განვსაზღვროთ რა დროს სჭირდება თამბაქოს სისხლძარღვების დასაზიანებლად?
ეს ძალიან ინდივიდუალურია, (იშვიათად მაგრამ მაინც) შეიძლება ადამიანი 20 წელი ეწეოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოს სისხლძარღვების დაზიანება, მაგრამ შეიძლება ეწეოდეს 5 წელი და ჰქონდეს არტერიების უფრო სერიოზული პრობლემა. ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, მის სხვა ჩვევებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს დიაბეტი, ჭარბი წონა… ერთი მეორეს რომ ემატება, უფრო სწრაფად ვითარდება ეს პროცესები.
რა მნიშვნელობა აქვს მოწევაზე თავის დანებებას ხანგრძლივი მწეველობის შემდეგ, როცა სისხლძარღვები უკვე დაზიანებულია?
როცა სისხლძარღვი ზიანდება, სამწუხაროდ, თამბაქოზე თავის დანებების შემდეგ პროცესი უკან არ ბრუნდება, ფოლაქები ისევ იქ რჩება, სადაც წარმოიშვა; მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვანელებთ პრობლემის განვითარებას და ჯანმრთელობის პერსპექტივა პაციენტს უკეთესი აქვს.
ახლო პერიოდში მყოლია ორი ერთნაირი პრობლემის მქონე პაციენტი, ორივე, არტერიის დაზიანების პრაქტიკულად იდენტური შემთხვევით (პრობლემები ტერფზე – განგრენა იყო წამოსული), ორივეს ჩავუტარეთ მცირეინვაზიური, ოპერაციული მკურნალობა; მათგან ერთმა მიატოვა თამბაქოს მოწევა იმავე დღეს, როცა დაუსვეს დიაგნოზი, მეორემ – არა. შედეგი სხვადასხვა ჰქონდათ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია.
ხშირად ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტები რამდენიმე თვე ანებებენ თავს მოწევას, მაგრამ ბოლოს სადღაც მაინც მოწევენ ერთ ღერს, ამის შემდეგ კი გაჩერება უჭირთ. ამიტომ, როცა თავს ანებებთ მოწევას, იმ ერთ ღერსაც ნუ გაეკარებით. იგივე ვრცელდება ელექტროსიგარეტებსა და ვეიფებზე.
65 წლის ნაზიბროლა მიქელაძე დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელია. ის განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე“ დააჯილდოვა. ნაზიბროლა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და პარტიის წევრია.
ნაზიბროლა მიქელაძე ხულოში, სხალთის საჯარო სკოლაში ასწავლის.
ქალბატონო ნაზიბროლა, ვინ წარგადგინათ სამინისტროს მიერ დაწესებულ პრიზზედა სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგალითად, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ თუ ყოფილხართ როდისმე წარდგენილი?
ამ ჯილდოზე წარმადგინა სკოლის დირექციამ და ხულოს რესურსცენტრმა.
„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ თვითონ ვიკავებდი თავს, რადგან არ მქონდა მზაობა. ვერ ვბედავდი, სხვა საკითხებით ვიყავი დაინტერესებული. ფასილიტატორი ვარ და როგორც სკოლის ხარისხის ჯგუფის წევრი, კოლეგებს ვეხმარებოდი სერტიფიცირებასა და პროფესიულ კარიერულ წინსვლაში.
მზად ყოფილხართ, რადგან რესურსცენტრს დათანხმდით.
ახლა მივაღწიე იმ მიზანს, რაც მქონდა და როგორც კი გამოჩნდა შანსი, რომ მებრძოლა ეროვნული ჯილდოსთვის, დავთანხმდი.
სამინისტრომ 600 ათასი ლარი დახარჯა ამ ღონისძიებაზე და მომავალ წელს აპირებს მილიონის დახარჯვას. ზოგიერთი თქვენი კოლეგა ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, ეს თანხა სასკოლო რესურსებზე დახარჯულიყო, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
რთული შეკითხვაა. არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ ეს თანხა რესურსებს მოხმარებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, რაც მთავრობამ გადაწყვიტა, ბატონმა მინისტრმა… ჩვენი ღირსეული პრემიერ-მინისტრისა და შეუდარებელი განათლების მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით გაკეთდა ეს დღე.
არის გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ლარი სკოლებისთვის და ალბათ ეს პრობლემაც გადაიჭრება, 160 მილიონია ხელფასებისთვის გამოყოფილი.
ჯერ არ არის ბიუჯეტში ეს თანხა. მსგავსი დაპირება წინა მინისტრებსაც ხომ ჰქონდათ?
რასაც ამბობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, უდავოდ იქნება.
ჩემი ოცნება იყო მასწავლებლის ავტორიტეტისა და როლის დაფასება და ეს ამ ღონისძიებაზე გამოვლინდა. უამრავი კოლეგა მირეკავს და მეკითხება, რა გავაკეთოთ, რომ ეს ღირსეული ჯილდო მივიღოთო.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არ არის ღირსეული? იქ თუ აქტიურობდნენ ასე თქვენი კოლეგები? საპრიზო თანხაც უფრო მაღალია, როგორც ვიცი.
როგორ არ არის, ორივე კარგია.
ხელფასების ზრდაზე იყო საუბარი, როგორ ფიქრობთ, საბაზო ხელფასები უნდა გაიზარდოს, თუ დანამატი?
ჩემი აზრით, საბაზო ხელფასი უნდა გასამმაგდეს. დაბალია ძალიან. გარდა ამისა, ძალიან დიდია საშემოსავლო გადასახადები და ესეც უნდა გადაიხედოს.
მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს ღირსეული და საჯარო მოხელის ხელფასებს არ უნდა ჩამორჩებოდეს.
მასწავლებლის ხელფასი დაბალია, სკოლებში არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა, მინახავს სოფლები, სადაც ფიცრულ შენობებში სწავლობენ ბავშვები და არათანაბარია რესურსებზე წვდომა. ამ ფონზე თქვენ განათლების მინისტრს უწოდებთ „შეუდარებელს“. ასე რა დამსახურებისთვის აფასებთ?
ყველა მის გამოსვლაში ლაპარაკია სკოლების მშენებლობაზე, ლაპარაკია სკოლების კეთილმოწყობაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაზე, მასწავლებლის ხელფასის ზრდაზე…
ასე საუბრობდნენ წინა მინისტრებიც. ისინიც „შეუდარებლები“ იყვნენ?
მე, სხვათა შორის, დანარჩენ მინისტრებსაც ვაფასებდი. ვინც სწორ ნაბიჯს გადადგამს, ყველა მომწონს და ყველას ვაფასებ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ნაბიჯები იდგმება.
ჩემს ხეობაშიც შენდება სპორტული კომპლექსი, ჩვენი სკოლა გარემონტდა და ამიტომ მათ ღვაწლს ვაფასებ.
თქვენი გაკვეთილები როგორია, რა გაქვთ საკლასო ოთახში და რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
თანამედროვე გაკვეთილი, თანამედროვე მეთოდებით და სტრატეგიებით გაჯერებული გაკვეთილია. ვიყენებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, რაც მეხმარება შედეგებზე გასვლაში.
ბავშვებს უყვართ ხალისიანი გაკვეთილები, აქტივობებით დატვირთული, განსაკუთრებით მოსწონთ პროექტ-გაკვეთილები. მაქვს კლუბი „ჩვენი საუნჯე“ და ჩართული მყავს მოსწავლეები. იკვლევენ ისტორიული ხიხანის ხეობაში გაბნეული ხალხური ფოლკლორის ნიმუშებს.
ამით ბავშვები სწავლობენ ხალხური მთქმელების ლექსებს, მოთხრობებს, ლეგენდებს. ხშირად დამყავს შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში და იძიებენ ამ ეროვნული გმირის შესახებ მასალებს.
კონკურსიც ჩავატარე, ვინ უკეთ კითხულობს, რომელიც ბავშვებს ეხმარება წაკითხვის ტექნიკის გაუმჯობესებასა და წაკითხულის გააზრებაში.
მე ფოლკლორული ანსამბლის სოლისტიც ვარ და ჩემი მოსწავლეებიც ჩართული მყავს ძველი სიმღერების მოძიებაში.
წაკითხულის გააზრების პრობლემა ისევ დგას სკოლებში?
სამწუხაროდ, ტექსტის გააზრების პრობლემა ისევ აქილევსის ქუსლია. ამ კლუბის მიზანიც ესაა, რომ დავეხმარო მოსწავლეებს გამართული კითხვის ტექნიკის დაუფლებაში.
მოსწავლე დაშორდა წიგნს – ტელეფონი, ინტერნეტი, თამაში უფრო აინტერესებთ, ვიდრე კითხვა.
თუმცათამაშიც შეიძლება გამოიყენოთ, როგორც რესურსი, არა?
რა თქმა უნდა, მაგრამ კითხვის ტექნიკა მაინც სულ სხვაა. გამართული კითხვა და წერა ყველა საგნის საფუძვლიან შესწავლას უწყობს ხელს.
თუ ქართულში ვერ გაიაზრა წაკითხული მოთხრობა, ზღაპარი, ლექსი, ფიზიკასა და მათემატიკაში წაკითხულსაც ვერ გაიაზრებს.
კომპლექსურ დავალებებზე რას ფიქრობთ. თუ აკეთებენ ბავშვები და როგორ ართმევენ თავს?
მეორე წელია ამაზე ვმუშაობთ. ეს შემოქმედებითი საქმიანობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე რაღაცას ქმნის.
კომპლექსური დავალებით მოსწავლე ქმნის თხზულებას, იაზრებს პერსონაჟის თვალით დანახულ საკითხებს და მე ეს ძალიან მომწონს.
პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ რთულია ამ დავალებების შესრულება და ხშირად მშობლები აკეთებენ ბავშვების ნაცვლად. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, დაეხმარეთ-მეთქი. თუ დასახმარებელია, მე თვითონ ვეხმარები.
ვაკორექტირებ შესრულებულ დავალებებს და შემდეგ მიდის ახალ იდეებზე მსჯელობა. ჩვენ ჩვენივე რესურსებით, ჩვენივე ძალებით ვჭრით ამ პრობლემას.
რესურსებზე გკითხეთ, რა გაკლიათ სკოლაში?
მაინცა და მაინც არ ვართ განებივრებული რესურსებით. ჩემს საგანში მე თვითონ ვამზადებ, მაგალითად, პერსონაჟის რუკას ვხაზავ, ვაფორმებ, ასევე ვაკეთებ გმირთა რუკას.
გვაქვს კომპიუტერები, პროექტორიც, მაგრამ არ გვაქვს ინტერნეტი კლასში. ზოგჯერ ჩემს ინტერნეტს ვიყენებ და კარგი იქნება, თუ ეს გაუმჯობესდება, რადგან თანამედროვე სწავლებას აუცილებლად სჭირდება. როცა შევხვდები მთავრობის ხელმძღვანელს, იქაც დავაყენებ ამ საკითხს. არის დაპირებები, რომ იქნება და ვნახოთ.
მოდით, ახლა სხვა თემებზეც გადავიდეთ. რას ფიქრობთ, მაგალითად, ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსს ველოდებით და თქვენ თუ ესაუბრებით ბავშვებს ამ თემაზე?
ევროპა ჩვენი მომავალია. ერთი შვილიშვილი ევროპაში მყავს, ჰოლანდიაში სწავლობს და მისი თვალით დანახულ ევროპაზე ვლაპარაკობ. მე მაქვს რწმენა და იმედი, რომ ამ სტატუსს მივიღებთ წელს.
იცით ალბათ, როგორ გვიშლის რუსეთი ამ ყველაფერში ხელს და ცდილობს დაგვაშოროს ევროპას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე. მაგალითად, იმაზე, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაში თუ ხედავთ საფრთხეებს?
ურთულესი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ და არც რუსების შემოდინება მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ. ცოტა რომ შეიზღუდებოდეს, კარგი იქნება… არც ის მომწონს, ამდენ ბინას რომ ყიდულობენ, მაგრამ ჩვენ იმდენად გონიერი მთავრობა გვყავს, არა მგონია, ეს საფრთხის შემცველი იყოს.
რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება არ იქნებოდა უფრო გონივრული?
ვფიქრობ, როცა ომი შეწყდება, ყველა დაუბრუნდება თავის სამშობლოს. მე უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს.
თუ მიწაც იყიდება და სხვა უძრავი ქონებაც, მაშინ სად ჩანს მთავრობის გონიერება?
ამას ვგრძნობთ და ვხედავთ. შეინარჩუნა მშვიდობიანი კურსი. დღეს არ გვაქვს ომი და ჩვენ, პედაგოგები, მშვიდობიანი ცის ქვეშ ვშრომობთ.
მცოცავი ოკუპაცია და ადამიანების გატაცება საკუთარი ეზოებიდან, მშვიდობაა?
ეს უკვე წმინდა პოლიტიკური საკითხია.
თქვენ ხომ ამბობთ, რომ ინტეგრირებულ გაკვეთილებს ატარებთ. ოკუპაციას, რუსეთის თემას არ ეხებით, არ გისაუბრიათ თუნდაც აგვისტოს ომზე?
სკოლა დეპოლიტიზებულია. ოკუპაციის თემას რაც შეეხება, მასე რუსეთიც ოკუპანტია და თურქეთიც.
თქვენ რუსეთსა და თურქეთს შორის ტოლობის ნიშანს სვამთ?
ეს ისეთი გლობალური საკითხია, რომ… არის მთავრობის მცდელობა, რომ გამოინახოს რაღაც საშუალება. მე მაინც მგონია, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველა წავა თავის სამშობლოში.
თქვენ ამბობთ, რომ სკოლა დეპოლიტიზებულია, მაგრამ აქტიურად აზიარებთ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ფოტოებს და ვიდეოებს, გაქვთ მათი მხარდამჭერი მოწოდებები. ხშირად აზიარებთ პრორუსული პარტიის – „ხალხის ძალის“ წევრის, ზაალ მიქელაძის ფოტოებსაც. ალბათ იცით, რომ ეს პარტია იყო რუსული კანონის ინიციატორი.
ზაალ მიქელაძე ჩემი ბიძაშვილია და უარყოფითს ვერაფერს ვხედავ მისი პარტიის იდეოლოგიაში. ეს კანონიც (რუსული კანონი) იმაზე იყო, რომ მთავრობის გვერდის ავლით არ შემოსულიყო გრანტები და საქმის კურსში ყოფილიყო. როგორც ვიცი, ეს ამბავი დამთავრდა.
თქვენ იყავით მომხრე რუსული კანონის მიღების?
არ ვიყავი მომხრე, მაგრამ… მე, სხვათა შორის, სააკაშვილსაც ვაპიარებდი და ვუჭერდი მხარს და მიტინგებზეც ჩამოვდიოდი ბათუმში, მაგრამ როცა აღარ მომეწონა მისი ნაბიჯები, აღარ გამიპიარებია.
მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატიც ვიყავი და როგორ არ დავუჭერ მხარს.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთებაც, მაგრამ იმედია, სამომავლოდ მეტი გაკეთდება ხალხის საკეთილდღეოდ.
„მე მიყვარს ბულვარი“ – ბათუმის ბულვარში ამ ინსტალაციის დადგმას გეგმავენ. ინსტალაციას, სავარაუდოდ, ახალი ბულვარი განათავსებენ.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2 966 ლარით უკვე გამოაცხადა.
ტექნიკური დავალების მიხედვით, ინსტალაცია/მონუმენტი – „მე მიყვარს ბულვარი“ უნდა დაპროექტდეს შემდეგი ზომებით: „სიგრძე – არანაკლებ 15 მეტრი, სიმაღლე – არანაკლებ 1,8 მეტრი; მოცულობითი ასობგერის სისქე – არანაკლებ 30 სანტიმეტრი, მოცულობითი ასობგერის სიგანე – პროპორციულად“.
ინსტალაცია/მონუმენტი უნდა იყოს უსაფრთხო, მყარი დამაგრებით. საჭირო მასალების ვარიანტებისა და ფერთა არჩევა უნდა შეთანხმდეს ბულვარის ადმინისტრაციასთან.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს.
ანალოგიური ინსტალაცია – „მე მიყვარს ბულვარი“ – ცოტა ხნის წინ ბულვარში, კოლონადების უკან, რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა.
დროებითი ინსტალაცია ბათუმის ბულვარში კოლონადებსა და სანაპირო ზოლს შორის / 22 ოქტომბერი 2023 წ. / ეს ინსტალაცია ბულვარიდან უკვე გატანილია
„როცა მოქალაქეებს ბულვარის ახალი გეგმის მონახაზი გაგვაცნეს, იქ ძალიან კარგად იყო აღნიშნული, რომ ბულვარის ბილიკები უნდა იყოს გამჭოლი, კოლონადებიდან ზღვის და პალმების ხედი იშლებოდა… ეს იაფფასიანი და ბანალური კონსტრუქცია კი ორმხრივად კეტავს ამ აღქმას. ამას დავუმატოთ ის, რომ თავად ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მათ შორის კოლონადებიც, ასეთი უხეში ჩარევა მიუღებელია. ეს კონსტრუქცია არღვევს ავთენტურ იერს და არც ტურისტებისთვის იქნება საინტერესო, რადგანაც მათთვის გაუგებარ ენაზეა შესრულებული. ასეც რომ არ იყოს, მასში ორიგინალური და საინტერესო არაფერი არ არის“, – გვითხრა მაშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ბულვარის ადმინისტრაციაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კონსტრუქცია ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში დაამზადებინეს, „არის დროებითი და არამდგრადი, ამიტომ, ამ კონსტრუქციას ავიღებთ, შევინახავთ და საჭიროებისა და კარგი ამინდის შემთხვევაში შეგვეძლება მისი გამოყენება“.
ეს კონსტრუქცია კოლონადების უკან აღარ დგას, თუმცა ახალი ინსტალაციის ვიზუალი ფაქტობრივად იმეორებს მას:
დროებითი კონსტრუქცია ბულვარში [რომელიც უკვე აიღეს] და ახალი ინსტალაციის ვიზუალი/ესკიზი ტენდერიდან.„ახალი ინსტალაცია აუცილებლად იქნება ქართულ ენაზე. ესკიზი, რაც ტენდერს ახლავს, არის ჩვენი დიზაინერის მიერ შექმნილი, თუმცა შესაძლებელია საერთოდ განსხვავებული ვერსიებიც შემოგვთავაზონ, რასაც შესაბამისი კომისია განიხილავს და ამის შემდეგ დაამტკიცებენ საბოლოო პროექტს.
რაც შეეხება ახალი ინსტალაციის განთავსებას, დაგეგმილი გვაქვს 2024 წლისთვის. სავარაუდო ლოკაციად ახალი ბულვარი მოიაზრება.
იმ კონსტრუქციამ, რაც ბულვარში დროებით იდგა, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მიერ… ახალი ინსტალაცია ერთგვარი საკომუნიკაციო მესიჯი იქნება ჩვენგან ჩვენი სტუმრებისთვის, ვიზიტორებისთვის და ვგეგმავთ, რომ ის იყოს მყარი, ანტივანდალური, რომელიც მუდმივად განთავსდება ბულვარში.“ – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში“ დღეს, პირველ ნოემბერს.
ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს შეუძლია ბულვარს შესთავაზოს „ინსტალაციის ვარიაციები, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური კომბინაციები“.
აღწერის მიხედვით კი, ინსტალაციის „შიდა კარკასი უნდა იყოს მყარი; უჟანგავი ლითონის, რომელიც ვანდალიზმის ფაქტების შემთხვევაში იოლად არ დაზიანდება. კონსტრუქცია უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის. ამასთან, გარე შეფუთვა გარემო პირობებთან ადაპტირებული, ხანგრძლივი პერიოდით გარე გამოყენების მიზნით. კონსტრუქციას უნდა ჰქონდეს განათება (შესაძლებელია განხილული იქნას რამდენიმე ვერსია, როგორც მინათება, ისე შიდა განათება)“.
საბოლოოდ, გამარჯვებული პროექტის ავტორს მოუწევს დამატებითი მომსახურების გაწევაც. კერძოდ: „სამუშაოების მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში კი, „მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე გონივრულ ვადებში შეიტანოს სათანადო ცვლილებები (კორექტირება) შესაბამის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე“.
ბულვარში დასადგამი ინსტალაციის/მონუმენტის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.
კრიზისების ფონზე საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს სასტიკი ომი უკრაინაში, სადაც გრძელდება ყოველდღიური დაბომბვა და თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხალხს მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ესმის სირენების ხმა – განაცხადა 31 ოქტომბერს გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის წარმომადგენელმა რამეშ რაჯასინჰემმა.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, 9900 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ეს არის თითქმის 16 ადამიანი ყოველდღიურად და ეს მხოლოდ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადასტურებული შემთხვევებია.
მან აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოების ფონზე, როცა ტემპერატურა შეიძლება -20 გრადუსამდე დაეცეს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება და განადგურება განსაკუთრებით საგანგაშოა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა 1300 თავდასხმა ჯანდაცვის დაწესებულებებზე, რაც 55 პროცენტით აღემატება მსგავს მაჩვენებლებს მსოფლიოში. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 111 ექიმი და პაციენტი, კიდევ უფრო მეტი – დაშავდა. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში 13 სამედიცინო დაწესებულებას ცეცხლი გაუხსნეს.
რამეშ რაჯასინჰემის თქმით, ჰუმანიტარულმა საჭიროებებმა უკრაინაში ომის პერიოდში მიაღწია „უზარმაზარ მასშტაბებს“. ამჟამად დაახლოებით 18 მილიონ ადამიანს – უკრაინის მთლიანი მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტს – სჭირდება რაიმე სახის ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, ათი მილიონი ადამიანი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ბევრი მათგანი ლტოლვილი გახდა.
მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ომის გენდერული ასპექტები. კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა გენდერული უთანასწორობა და დისკრიმინაცია, რის გამოც ქალები და გოგონები, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმული ქალები და მოზარდი გოგონები, გენდერული ძალადობის გაზრდილი რისკისა და სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობის წინაშე არიან.
______________________
ფიტოზე: ხარკოვი. 2023 წლის 6 ოქტომბერი. ფოტო: EPA-EFE/YAKIV LYASHENKO
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ევროპაში ომის საშიშროებაა და აუცილებელია გერმანია თავდაცვისთვის მზად იყოს.
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომლისგანაც იგი 30 წელია გადაჩვეული იყო“ – ციტირებს „დოიჩე ველე“ გერმანიის თავდაცვის მინისტრს. პისტორიუსმა თქვა, რომ ევროპაში არის „აგრესორის მხრიდან ომის საფრთხე“ და გერმანია ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არის.
პისტორიუსმა დასძინა, რომ გერმანია უნდა მოემზადოს ასეთი საფრთხისთვის, რათა შეძლოს თავის დაცვა. მისივე თქმით, არ შეიძლება მოემზადო საფრთხისთვის, რომელსაც ვერ აღიქვამ. მისი თქმით, უახლოეს წლებში იქნება საუბარი გერმანიაში შექმნილი სპეციალური ფონდის გამოყენებაზე და შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციაზე, თუმცა გასული 30 წლის შეცდომების გამოსწორებას დრო დასჭირდება.
„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში გერმანიის თავდაცვის მინისტრი მეორედ საუბრობს ამ თემაზე. მან ამ საკითხზე ყურადღება 29 ოქტომბერს, ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში გაამახვილა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში შეიძლება იყოს ომის საფრთხე. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და მოვამზადოთ ბუნდესვერი და საზოგადოება ამისთვის,“ – განაცხადა მინისტრმა ZDF-ის გადაცემაში.
ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში, შპს „ველ ბილდინგი“ ავარიული სახლის ათვისებას გეგმავს. სანაცვლოდ მერიისგან კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის პირველ ჩიხში, #11-ში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტისთვის.
მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთი
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ველ ბილდინგი“ 2023 წლის ივნისში დაუფუძნებიათ. კომპანიის 45 პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეს, მამუკა კაკაბაძეს ეკუთვნის.
მამუკა კაკაბაძე თვითმმართველობის არჩევნებში გონიოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ოცნებიდან“, მას არჩევნები ენმ-ს წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოუგო, რომელიც არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა.
კომპანიამ შესაბამისი შეთანხმების მოთხოვნით მერიას უკვე მიმართა, საკითხი მერის სათათბირო საბჭომ განიხილა, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა.
„ოცნების“ უმრავლესობამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ოპოზიციას საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ეს საკითხიც იყო.
განსხვავებული პოზიცია მხოლოდ საკრებულოს წევრს „გახარია საქართველოდან“ ნატალია ძიძიგურს ჰქონდა, მას სხდომა არ დაუტოვებია და საკითხის დამტკიცებას მხარიც დაუჭირა. გასულ კვირას ის სწორედ ამ სხდომასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო პარტიიდან გარიცხეს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, შპს „ველ ბილდინგი“ მაზნიაშვილის #9-ში ორსართულიანი ავარიული სახლის ათვისებას და აქ მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილებას გეგმავს.
სანაცვლოდ გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კ2 კოეფიციენტის 17.0- მდე გაზრდას ითხოვდა. მერიამ კომპანიას გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კ2 კოეფიციენტი არა 17,0-მდე, არამედ 4.5-მდე გაუზარდა.
ბათუმი, მაზნიაშვილის #9
კომპანიის 55 პროცენტი შპს „აბ დეველოპმენტის“ საკუთრებაა, ამ კომპანიას კი ბეგლარ ბოლქვაძე ფლობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაზნიაშვილის #9-ში მდებარე ორსართულიანი შენობა 423 კვ.მეტრია. შენობის ირგვლივ ქუჩაზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ძველი იერ-სახე და სიმაღლე.
მერიის ინფორმაციით:
„კომპანიის მიერ ხდება ავარიული სახლის 7 მესაკუთრის დაკმაყოფილება, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულებები, აქედან ერთ-ერთი მესაკუთრის დაკმაყოფილება ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე“ [ტექსტი სიზუსტის დაცვით].
მაზნიაშვილის #9
ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, დასანგრევად მომზადებული შენობა ძეგლის დაცვის არეალშია. ამიტომ პროექტზე მსჯელობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მოუწევს.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით, ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ისეთი მშენებლობა, რაც ძეგლს დაჩრდილავს. ამიტომაც ძეგლის დაცვის ზონაში დაგეგმილ სამშენებლო პროექტს სამშენებლო ნებართვის გაცემამდე სააგენტოს ზონალური საბჭო ითანხმებს.
ადგილზე გამოკრული დაგვხვდა საინფორმაციო ბანერი, რომლის მიხედვითაც კომპანია მაზნიაშვილის ქუჩაზე ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, გონიოში, იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც შპს „ველ ბილდინგი“ მშენებლობას გეგმავს, მერიასთან სამშენებლო პროექტი შპს „არქდიზაინს“ ჰქონდა შეთანხმებული. კომპანიამ მშენებლობა რატომღაც გადაიფიქრა. ახლა მერიაში ახალ პროექტს ელოდებიან. კოეფიციენტის გაზრდას საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა.
მერია ასევე განმარტავს, რომ შეთანხმების სანაცვლოდ, კომპანია ახალაშენებულ შენობაში კ2 კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის არანაკლებ 10%-ს მერიას გადასცემს. ეს კანონის მოთხოვნაა. დოკუმენტში წერია ისიც, რომ ამ ფართობს მერია სოციალური მიზნით, ავარიული ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის გამოიყენებს.
სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოში 2201 კვ.მეტრია. შპს „ველ ბილდინგმა“ ის ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბეგლარ ბოლქვაძის შენატანი კომპანიის საწესდებო კაპიტალში ნახევარ მილიონზე მეტია. ეს საჯარო რეესტრის ამონაწერშიც არის დაფიქსირებული. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს, მამუკა კაკაბაძეს ვკითხეთ, თავად რა რესურსით გეგმავს მშენებლობას. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთს გონიოში, სადაც მშენებლობა იგეგმება, მისი ოჯახი თანასაკუთრებაში ფლობდა:
„გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით და ჩვენც დავთანხმდით ამ წინადადებას, რაც შემდგომში აისახა ჩემი წილობრივი თანამონაწილეობით. როგორც მე ვიცი ინვესტორისგან, ყველაფერი არის კანონთან შესაბამისობაში და არანაირი განსაკუთრებული მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტთან მიმართებაში არ ყოფილა. მე პირადად მერიის არც ერთ სტრუქტურასთან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არ მიკონტაქტია.
შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად არ ვფლობ სამწუხაროდ. მე როგორც ვიცი, ინვესტორი ავარიული პროგრამის ფარგლებში კანონის შესაბამისად აუმჯობესებს ძველ ბათუმში მცხოვრები კონკრეტული მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დამატებითი შეღავათით არ სარგებლობს.“
საჯარო რეესტრით ამ ქონებაზე თანასაკუთრების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში სურიე კეჟერაძეს ეკუთვნოდა. როცა მამუკა კაკაბაძეს ამ საკითხის დაზუსტება ვთხოვეთ, გვითხრა, რომ ნაკვეთი მისი ნათლიის ოჯახს ეკუთვნის.
გონიოში დაგეგმილი პროექტი კომპანიას მერიაში ჯერ არ წარუდგენია.
მამუკა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პროექტით დაინტერესება კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება:
„რაც შეეხება ჩემს სამსახურს, მე არ ვარ პროფესიული საჯარო მოხელე და ამდენად აქ კანონდარღვევაზე საუბარი ზედმეტია. სავარაუდოდ, ეს თემაც წამოიწია კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზნით, რაც ჩემთვის პირადად სამწუხაროა. რაიმე დასამალი რომ ყოფილიყო, ძალიან მარტივად ავირიდებდი ამ კომპანიაში ჩემი ფიგურირების ფაქტს თავიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება სამწუხაროდ არ შემიძლია.“