სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შენობას თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში [მე-12კმ.] ააშენებენ. სატენდერო თანხა 17 მილიონ 849 ათასი ლარია.
მშენებლობა 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. კერძოდ:
- 2023 წელი – 4 934 000 ლარი;
- 2024 წელი – 5 200 000 ლარი;
- 2025 წელი – 7 715 000 ლარი.
კონკრეტულად რა თანხა იქნება საჭირო საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისთვის, ეს ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2023 წლის 29 ნოემბერს და 4 დეკემბერს მთავრდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების მაქსიმალური ვადა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 24 თვეა. ამასთან, „ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღეში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი, თვეების ჭრილში.“
ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ტერიტორია, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, 4 440 კვადრატული მეტრია.
საპროექტო ადმინისტრაციული შენობა კი „წარმოადგენს ხუთსართულიან შენობას. მას ასევე გააჩნია მიწისქვეშა ორი სართული. საიდანაც, -1 სართულზე განთავსდება ავტოსადგომი და საწყობი. შენობა გადახურულია ბრტყელი გადახურვით.“
„შენობის შესასვლელებთან მოწყობილია კიბეები და პანდუსები. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ენერგოეფექტურობის მიზნით, შენობის გარე კედლები, სართულშუა გადახურვები და სახურავი დაფარულია თბოსაიზოლაციო მასალით. შემინვისთვის გამოყენებულია იზოალუმინის ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა“, – აღნიშნულია პროექტში.
ტერიტორიაზე, სადაც ადმინისტრაციული შენობა უნდა აშენდეს, დაუსრულებელი ნაგებობაა, რომელსაც ამ ტენდერის ფარგლებში დაანგრევენ.
პრეტენდენტს, რომელსაც ტენდერში მონაწილეობის მიღება სურს, პირობის მიხედვით:
- „2018 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი, არანაკლებ III კლასის, სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობის ან არსებული შენობ(ებ)ის რეკონსტრუქციის სამუშაოები (არ განიხილება ინდივიდუალური ტიპის, ერთ-ბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის/რეკონსტრუქციის სამუშაოები).
- შესრულებული სამუშაოების ღირებულება არაუმეტეს 5 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 17 850 000 ლარს (პირობა N1), ან შესრულებული სამუშაოების ღირებულება არაუმეტეს 1 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 925 000 ლარს (პირობა N2).
- აღნიშნული სამუშაოები (ნებისმიერი თანხობრივი პირობის (პირობა N1, ან პირობა N2) დაკმაყოფილების შემთხვევაში) სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციების, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ექსტერიერის მოპირკეთების სამუშაოებს და სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.“
2022 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ჩამოყალიბდა ორი სტრუქტურა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.