მთავარი,სიახლეები

„ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ხედავენ“ – ქეთის კენიური ვარდების ბაღი ქედაში

03.11.2023 • 1986
„ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ხედავენ“ – ქეთის კენიური ვარდების ბაღი ქედაში

„ხშირად ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ამჩნევენ და არ იციან, თუ რა დიდი შრომა სჭირდება მის გახარებას.

ზოგადად, რასაც ადამიანი არ აკეთებს, ყველაფერი იოლი ჰგონია. მეგობრები, ნათესავები თუ სხვები ძალიან ხშირად მეუბნებიან: „ვაიმე, ვარდები რა ლამაზია, მათ მოყვანას რა უნდა, რა ბედნიერი ხარ, ვარდებთან რომ გაქვს შეხება“ და ა.შ.

ერთი შეხედვით როგორც ჩანს, ასე ნამდვილად არ არის. ვარდებთან ყოფნა გულისხმობს დიდ შრომასა და ძალისხმევას. ყოველდღე ვარდების ბაღში უნდა იყო. ზედმეტი ტოტები მოაშორო, დააკვირდე, რაიმე დაავადების ნიშნები ხომ არ აქვს. ყურადღებით უნდა იყო, რამე არ გამოგეპაროს“, – მეუბნება 42 წლის ქეთი ქარცივაძე, რომელიც 3 000 ძირ, კენიური ჯიშის ვარდების ბაღს უვლის.

ქეთი დაქორწინების შემდეგ გადაიკვეთა ვარდებთან, როცა ქედაში, სოფელ ინაშარიძეებში გადავიდა საცხოვრებლად, დაახლოებით 3 წლის წინ.

„იქამდე ქობულეთში ვცხოვრობდი, იქ დავიბადე და გავიზარდე. გვქონია ეზოს, სახლის ყვავილებიც, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ მათით. ამის არც სურვილი მქონდა და არც დრო.

ქედაში რომ გადმოვედი, ჩემს მეუღლეს უკვე ჰქონდა დარგული ვარდები, მაგრამ პირველი მოსავალი ჯერ არ ჰქონდა აღებული.

აქედან დაიწყო ჩემი ვარდებთან ურთიერთობა. ბევრი რამ ვისწავლე მათზე და პარალელურად სულ ვეძებდი ინფორმაციას ვარდების შესახებ.

იქამდე საერთოდ არაფერი არ ვიცოდი ვარდებზე, მათი მოვლის ტექნიკაზე. მხოლოდ ის იყო, რომ ქობულეთში, ეზოში გვქონდა და ვხედავდი.

თავიდან, რადგან ოჯახის ყოველდღიური საქმიანობა იყო, ჩავერთე მეც, მაგრამ მერე და მერე, ვარდებთან ხშირი ურთიერთობის ფონზე, გულწრფელი ინტერესი გამიჩნდა, თუ როგორ უნდა მეზრუნა მათზე, უკეთესად როგორ გამეხარებინა.

სიყვარული თანდათან მოდის და ღრმავდება მცენარის მიმართ. თუ არ გიყვარს ვარდი, მართლა ვერ გაახარებ, ვერ მოუვლი, იმდენად ძნელია მასზე ზრუნვა“, – გვეუბნება ქეთი.

მებაღის თქმით, ყველაფერი ჯერაც არ იცის ვარდის შესახებ, მაგრამ ეს სულაც არ აშინებს.

„მართალია, ვარდის ნერგები უკვე დარგული დამხვდა, მაგრამ ახლა უკვე მათი მოვლის სადავეები სრულად მაქვს ხელში აღებული. ცხადია, რომ სრულიად მარტო ფიზიკურად ვერ მოვუვლი, იმდენი შრომაა საჭირო. მუდმივად უნდა გაასუფთაო ბალახისგან, სჭირდება ხშირად შეწამვლა და კიდევ უამრავი რამ. ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ცდილობს დამეხმაროს“ – ამბობს ქეთი.

იგი გვიხსნის, რომ წვიმა ძალიან აზიანებს ვარდს და წვიმის შემდეგ, ყოველ ჯერზე, შეწამვლა სჭირდება: „ალბათ ყველამ იცის, რა სათუთი მცენარეა ვარდი. მნიშვნელოვანია კოკორში ჩასული წვიმის წყლის გაშრობა მალევე მოასწროს. თუ ამას ვერ ახერხებს და წვიმიანი დღეები ერთმანეთს ებმის, ვარდი ფუჭდება“.

ქეთი ვარდების ბაღში

ქეთისა და მისი ვარდების ბაღისთვის ყველაზე რთული პერიოდი გასული წელი იყო.

„თითქმის ერთი თვე იწვიმა. ამ ერთი თვის განმავლობაში ვჭრიდით და ვყრიდით ვარდებს. 

ალბათ 5 000 ცალ ვარდზე მეტი გადავყარე და ეს ძალიან, ძალიან განვიცადე. წაგებაზე აღარც ვსაუბრობ, იმდენად ცუდად იმოქმედა ამან ჩემზე ემოციურად. აი, წარმოიდგინეთ, ამდენ ვარდს ჭრი და ყრი ნაგავში. საშინელი განცდა იყო.

თითო-თითოს ვარჩევდი. ზოგს მეზობლებს ვურიგებდი, ზოგს – ვის. დღესაც რომ მახსენდება, ძალიან ცუდად ვხდები. თან გადაბმული წვიმის გამო იმდენად ბევრი დაავადება დარჩა ნერგებს, რომ ძლივს გამოვაჯანსაღეთ.

ერთი წლის წინ რომ მქონოდა ჩემი ვარდების ბაღი გადახურული, ამდენ ზარალს არ მივიღებდი. ასეა ყველა სხვა სფეროში. მაღალმთიან აჭარაში რთული კლიმატია და ძალიან გვჭირდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. სავარაუდოდ, ფინანსების არ ქონა ბევრს აფერხებს იდეების განხორციელებაში“, – გვეუბნება ის.

ქეთიმ 4 500 ლარის დაფინანსება მოიპოვა „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში და გაზაფხულზე ვარდების ბაღში ღია სათბურს მოაწყობს, რისთვისაც უკვე შეიძინა ხის მასალა და ცელოფნის პარკი: „ზამთარში უხვი ნალექი აუცილებლად გაგვიფუჭებს სათბურს, ამიტომ მოგვიწევს სათბურის ალაგება და შენახვა. ზამთრისთვის ვარდს დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე ვჭრით და ვტოვებთ, არ იყინება“.

ქალის თქმით, ვარდების ფასი ბაზარზე ყოველთვის იცვლება, თუმცა ფასი, ძირითადად, დამოკიდებულია ვარდის სიმაღლეზე.

„ბაზარზე რეალიზების კუთხით არ გვექმნება პრობლემა. მეგობარი გვყავს, რომელსაც [ყვავილების] მაღაზიები აქვს ბათუმში. ვარდებს კარგად ვფუთავ, რომ მისი ფურცელი არ დაზიანდეს და ხან ოჯახის მანქანით ჩაგვაქვს, ხან „მარშუტკით“ ვაგზავნით, როგორც მოგვიხერხდება“ – გვითხრა ქეთიმ.

მებაღის თქმით, მისი ყოველი დილა ვარდების ბაღის მოვლით იწყება, მზის ჩასვლის შემდეგ კი ვარდებს ჭრის.

„ვარდების მოვლა დამღლელია, მაგრამ, როცა ვარდებში ხარ და ამდენ ვარდს უყურებ, ვერაფრით იქნები ცუდ ხასიათზე. ხანდახან ვიტყვი, რომ ვაიმე, როდის დასრულდება-მეთქი, მაგრამ, აი, მაგალითად, მთელი ზამთარი რომ ვარ ვარდების გარეშე, ძალიან მენატრება, თითქოს მაკლია რაღაც.

პერიოდულად ვასაქმებთ ადგილობრივებსაც, რომლებიც ვარდების ბაღის ბალახისგან გასუფთავებაში გვეხმარებიან“, – გვიყვება ქეთი.

ფოტო ქეთის ვარდების ბაღიდან

ფოტო ქეთის ვარდების ბაღიდან

ზამთარში ვარდების მოსაყვანად იზოლირებული სათბურია საჭირო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და რისი გაკეთების საშუალებაც ქეთის და მის ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვთ.

გაზაფხულიდან ქეთი ვარდის სხვა ჯიშების გამრავლებაზეც ფიქრობს.

„ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება მცენარეების მიმართ შეიცვალა. ძალიან მიკვირს ჩემი თავის, რადგან მსგავსი რაღაცების გაკეთება არასდროს არ მიფიქრია, არ დავინტერესებულვარ მცენარეებით. ახლა უკვე ოთახის მცენარეების მომრავლებაზეც გადავერთე. სადმე თუ ქოთნებს დავინახავ, ვყიდულობ, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ყვავილებს ვეძებ, მათი სახლში წამოღება და გახარება მინდება. მოკლედ, ამ საქმესაც მივყავი ხელი“, – გვითხრა ქეთიმ.

მებაღე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალს ჰქონდეს თავისი შემოსავალი, რათა გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული და იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი.

„როცა მიზანი გაქვს, შეუძლებელი მართლა არაფერია. მთავარია, მონდომება. მე მივმართავ ქალებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც კონკრეტულს ვერ გააკეთებენ – მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაც გვერდში გედგას, ნებისმიერი სახის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი, მაგრამ სულ მარტოც ყველაფერს შეძლებენ ქალები.

ძალიან მინდა, ყველა ქალს აუხდეს ოცნებები“ – ამბობს ქეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: