მთავარი,სიახლეები

თუ ასე გაგრძელდა ემიგრაცია, ალბათ შეიცვლება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა – ინტერვიუ

03.11.2023 •
თუ ასე გაგრძელდა ემიგრაცია, ალბათ შეიცვლება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა – ინტერვიუ

უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში საქართველოში მიგრაციული სალდო დადებითი ერთადერთხელ იყო – 2020 წელს, როცა ქვეყანაში 15 732 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან წავიდა.

“2020 წლის მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია „COVID-19-ის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა გადაადგილების შეზღუდვებმა“ – ასეთია დადებითი მიგრაციული სალდოს ოფიციალური ახსნა საქართველოს მიგრაციის 2021 წლის პროფილის დოკუმენტის მიხედვით.

2020 წლამდეც და 2020 წლის შემდეგაც საქართველოდან საზღვარგარეთ მიგრაციის ტემპი მაღალია. ადამიანები ურთულეს გზებს ირჩევენ იმისათვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ და უცხოეთში იპოვონ თავშესაფარი. ემიგრანტთა დიდი ნაწილი შრომითი მიგრანტებია, ისინი საქართველოდან ძირითადად დაბალი ხელფასის და არასათანადო შრომის პირობების გამო მიდიან.

რა გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე შრომისუნარიანი მოქალაქეების საქართველოდან წასვლა, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, რას არ აკეთებს და სად არის გამოსავალი?

„ბათუმელების“ კითხვებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი პასუხობს.

  • ქალბატონო ნათია, რა სურათი გვაქვს დღეს საქართველოში შრომითი მიგრაციის კუთხით?

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიემგზავრებიან სხვადასხვა ქვეყანაში, ევროკავშირში და ან ევროპის გარეთ, უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივების მოსაძებნად ან გაუარესებული ჯანმრთელობის პრობლემების გასაუმჯობესებლად, ან სწავლის მიზნით.

ასევე ხდება იმიგრაცია: საქართველოში შემოდიან უცხოელები – უცხოელი სტუდენტები, უცხოელი მიგრანტები, რომელთა მიზნობრიობა შეიძლება არ იყოს გამოკვეთილი. ქვეყანაში ყოფნის და ცხოვრების დროს შეიძლება დაზუსტდეს მათი აქ ყოფნის მიზნები.

ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი

  • როგორია ემიგრაციის ტემპი საქართველოში და ასე თუ გაგრძელდა, რას მოუტანს ეს ქვეყანას?

რა თქმა უნდა, ემიგრაცია გაზრდილია. მიგრაციულ სალდოს თუ შევხედავთ მოქალაქეობის ჭრილში, ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეებს და უკან დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის განსხვავება მზარდია და უარყოფითი.

მიგრაციული სალდო მზარდია და უარყოფითი. 2020 წელს იყო დადებითი, კოვიდის პერიოდში, მაგრამ მას შემდეგ მზარდია. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წელშიც ზრდა გვექნება.

გაზრდილია და დადებითია მიგრაციული სალდო იმიგრაციის კუთხით – უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და ცხოვრების მხრივ.

თან მრავალჯერ აღემატება უკან დაბრუნებული მიგრანტების რაოდენობას და თუ ვთქვათ გავითვალისწინებთ ამ პროცესებს, დემოგრაფიული საკითხი დგება დღის წესრიგში. შეიძლება დღეს მაინცა და მაინც არა, მაგრამ მცირე ხანში ალბათ გვექნება ცვლილებები ქვეყნის დემოგრაფიულ შემადგენლობაში. თუ ასეთი ინტენსივობით გაგრძელდა ემიგრაცია და სხვადასხვა კატაკლიზმებით გამოწვეული იმიგრაცია.

მზარდი იმიგრაცია უკავშირდება როგორც უკრაინის ომს, ისე წინა აზიაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გაზარდოს. ამიტომ თავისთავად დგება საკითხი, დემოგრაფიული სურათი როგორ შეიცვლება საქართველოში.

  • ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში რა დადებითი და უარყოფითი კონტექსტი აქვს ემიგრაციას?

ემიგრაცია ჯერ კიდევ არალეგალური ხასიათის მქონეა. ადამიანები მიემგზავრებიან უცხოეთში ძირითადად არალეგალურ სამუშაოებზე. საქართველოს აქვს შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან და ისრაელთან.

გერმანიასთან არის სეზონური, საფრანგეთთან არის 50 პროფესია. კიდევ გახსნილია სექტორები და პროფესიები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის 35 წლამდე. არის მიგრაცია ისრაელში, რომელიც სავარაუდოდ შეჩერდება.

აქტიურად გახსნილია დასაქმება გერმანიის მიმართულებით. ამას იყენებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, მათ შორის სტუდენტები დასვენების პერიოდში.

იციან დასაქმების პირობები, დასაქმების შესაძლებლობები, დასაქმების ადგილები. წლის განმავლობაში ორჯერ მაინც ახერხებენ წასვლას და მუშაობას გერმანიაში, ფერმებში. გამომუშავება ნორმალურია და შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ამ თანხით საკუთარი დღის წესრიგი წინ წაწიონ.

ეს იქნება ოჯახური საკითხები, განათლება თუ რაც არის.

ეს არის დადებითი კომპონენტი. ასეთი შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებები უნდა გაიზარდოს მთელ რიგ ქვეყნებთან. რადგანაც დღეს, ჩვენი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი მიდის უცხოეთში, არალეგალურ სამუშაოებზე, არალეგალურად და არარეგულირებული ხასიათი აქვს ამ მიგრაციას. ეს თავისთავად დაკავშირებულია ადამიანის  შრომითი უფლებების დარღვევასა და სხვა დარღვევებთან, რადგანაც უკან არ გიდგას სახელმწიფო, არ იცის სახელმწიფომ შენს შესახებ, შენი მოძრაობის და მოქმედების შესახებ უცხო ქვეყანაში. რაც მთავარია, რისკებია მაღალი.

შესაბამისად, ემიგრაციის ეს მზარდი ტემპი დადებითად ვერ შეფასდება, რადგან მთელ რიგ პრობლემებს და რისკებს ითვალისწინებს.

  • ის, რომ შრომისუნარიანი ადამიანები გადიან ქვეყნიდან, როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე?

მინდა გამოვყო ახალგაზრდების მიგრაცია უცხოეთში სასწავლებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები უკან დაბრუნდნენ და მათი უკან დაბრუნების პერსპექტივები შევქმნათ.

ამისათვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი რეფორმების გატარება – ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მხოლოდ უმუშევრობა კი არ არის, არამედ დაბალი ანაზღაურებაც.

რაც თავისთავად ბადებს კითხვებს, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყნის მასშტაბით იმისათვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას – მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დაწესებული.

დაბალი ანაზღაურება ცალმხრივი არ არის. მეორე მხარეა სამუშაო ძალა, ის კვალიფიკაცია და უნარები, რაც სამუშაო ძალას უნდა ჰქონდეს.

საქართველოს ბაზარზე მუდმივად არის კვალიფიკაციაზე და უნარებზე დიდი შიმშილი. ეს მიუთითებს ჩვენი სამუშაო ძალის დაბალ კონკურენტუნარიანობაზე და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე.

აქ მოდის საკითხი განათლების, მათ შორის პროფესიული განათლების, ხარისხის გაძლიერების, განვითარების და ამ პროცესების ხელშეწყობის.

განათლების სამინისტრო წლებია მუშაობს ამ მიმართულებით – პროფესიული განათლების სისტემა მაღალ ხარისხშია აყვანილი და პრიორიტეტულია ქვეყნისათვის, მაგრამ მაინც არის საჭირო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა იმ სწავლისა, რომელსაც ადამიანები იღებენ კონკრეტულად პროფესიული სწავლების პროცესში.

ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ კვალიფიცირებული და მაღალკვალიფიციური ძალა გაედინება საქართველოდან… თუმცა აქტიურ სამუშაო ასაკში მყოფი ადამიანები გადიან და ეს დამანგრეველია, არ არის კარგი ქვეყნისა და მისი ეკონომიკისათვის. რადგან ეს არის პოტენციური ძალა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს.

ეროვნული სამუშაო ძალა შეიძლება ჩანაცვლებული იყოს რიგ შემთხვევაში საერთაშორისო სამუშაო ძალით და ეს ტენდენცია ცხადია, არის.

შრომის სააგენტომ შეიტანა ცვლილება კანონში, რომლითაც საქართველოში მოქმედ ბიზნესებს ევალებათ აღრიცხონ და მოაწოდონ ინფორმაცია შრომის სამინისტროს მათ დაწესებულებებსა და ბიზნესებში დასაქმებული უცხოელი სამუშაო ძალის შესახებ. ეს გაზრდის ინფორმირებულობას და პასუხების გაცემის შესაძლებლობას გამოწვევებზე.

  • ბოლო ორი წლის მიგრაციის ტენდენციაზე საუბრისას, სულ ამბობენ, რომ გაედინება ეგრეთ წოდებული „ტვინები“. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცეს?

თუ კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება არ იქნება ჩვენ ქვეყანაში, ცხადია ადამიანმა შეიძლება იფიქროს სხვა ქვეყანაში თავისი უნარების და კვალიფიკაციის გაყიდვა და უკეთესი ანაზღაურების მიღება. ამას ვერ გამორიცხავ. რა თქმა უნდა, არის ეს პროცესი.

განსაკუთრებულად დაზარალდა ჩვენი სამუშაო ძალა და ბაზარი 90-იან წლებში და 2000-იანი წლების პირველ პერიოდში, როდესაც მართლაც ძალიან ბევრმა მაღალკვალიფიციურმა ადამიანმა დატოვა საქართველო და დამკვიდრდა სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში და მთლიანად მსოფლიოში. ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა ქართული დიასპორის რუკა.

საქართველოს მის საზღვრებს გარეთ ჰყავს ძალიან სერიოზული, მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთა გამოყენება, ჩაყენება შრომის ბაზრის ინტერესებში და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებში, ძალიან მნიშვნელოვანია.

სათითაოდ არ დაგვითვლია, მაგრამ სადღაც 6 ათასი ადამიანის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და აქედან კონტაქტები გაცოცხლებულია 500-600 კაცთან.

  • სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა რა არის, რა უნდა გააკეთოს?

შრომით მიგრაციას სრულად უარყოფით კონტექსტში ნუ შევხედავთ. ემიგრაციაში წასულია ადამიანების ნაწილი ახერხებს გარკვეული ცოდნის, უნარების და რაც მთავარია, ენის ცოდნის დონის განვითარებას. უკან დაბრუნებული ეს ძალა ცოტა განსხვავებულია მათგან, ვინც აქედან არ წავიდა. მეტი გამოცდილება აქვთ, ცოტა სხვა თვალსაწიერი აქვთ, ჰორიზონტი გაფართოებული აქვთ, ეს ხალხი ძალიან კარგი რესურსია ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.

მეორე საკითხია შრომითი მიგრაციის სქემების განვითარება ბევრ ქვეყანასთან.

აქაც განსასაზღვრია ის ნიშა, რომელსაც ქართული სამუშაო ძალა დაიკავებდა ამ ქვეყნებში.

უნდა მოვიძიოთ ამ ქვეყნების შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაცია და მერე დავუკავშიროთ ჩვენი სამუშაო ძალის განათლებასა და კვალიფიკაციას.

შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა ცირკულარული მოძრაობისთვის – ადამიანების წასვლისთვის, სამუშაოს შესრულების შემდეგ უკან დაბრუნებისთვის, სხვა ქვეყანაში წასვლისთვის.

ეს რეალურად ქმნის წრეს, რომელშიც უკან დაბრუნება გათვალისწინებულია. არ არის გრძელვადიანი. ადამიანი დაბრუნდება ერთი წელი იქნება თუ ორი წელი და შეუძლია საკუთარ ქვეყანას არგოს, აქ განვითარებული უნარებით. დაფუძნდეს საერთოდ ან იფიქროს ისევ ცოტა ხნით სადმე წასვლაზე, მაგრამ არ იფიქროს გადასახლებაზე და ოჯახის წაყვანაზე, რაც ხშირად ხდება დღეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: