სიახლეები

თავისუფლების მოედანი – ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს

03.11.2023 • 1759
თავისუფლების მოედანი – ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს

ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს. მოძრაობაში „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულები და სხვადასხვა მიმართულებით აქტიური მოქალაქეები გაერთიანდნენ.

დამფუძნებლების ინფორმაციით, „ბათუმის თავისუფლების მოედანი იქნება სახალხო დემოკრატიის შესაძლებლობა, სივრცე, სადაც მოქალაქეები პირდაპირ და უშუალოდ განიხილავენ მათ საჭიროებებს,  ადგილობრივ თუ საზოგადო ინტერესებს და დემოკრატიული პროცედურებით ჩამოაყალიბებენ საერთო პოზიციებს.“

მოძრაობა გააერთიანებს მოქალაქეებს იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, თვითმმართველობა თუ სხვა ინსტიტუტები კვლავ გახდნენ ანგარიშვალდებულნი ხალხთან და ხალხის მიერ განსაზღვრულ, საზოგადო ინტერესებს ემსახურონ.

ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამარ მამეიშვილის თქმით, მოძრაობის დაფუძნების იდეა მარტის მოვლენების დროს გაჩნდა, როდესაც მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.

„ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივამ და შემდეგ პირველი მოსმენით კანონის მიღებამ, რაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას შეეხებოდა, ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დააყენა საფრთხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვა ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებული პროტესტი და გავლენა მოახდინეს ამ პროცესზე, ვხედავთ, რომ ეს მაინც არ ჩერდება“.

თამარ მამეიშვილი

„მმართველი ძალა აგრძელებს დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ ამ დროს გაჩერების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. როგორც არასდროს, ახლა არის მეტი მოქმედების დრო. ამიტომაც ვქმნით „თავისუფლების მოედანს“. გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას აქვს ფართო მხარდაჭერა. ჩვენში დემოკრატიისკენ სწრაფვა არის ძალიან მაღალი და გვინდა, რომ ეს საქმითაც ვაჩვენოთ“, – ამბობს თამარ მამეიშვილი.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ კურსდამთავრებულები „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.

ინიციატორების თქმით, ეს იქნება ღია, სახალხო პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე მსჯელობა.

შეხვედრაზე დამფუძნებლები სიტყვითაც გამოვიდნენ. მათ თავიანთ სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემურად მიაჩნიათ:

„…ბოლო 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცდილობს, ახალგაზრდებმა დატოვონ ქვეყანა, ყველანაირად ცდილობენ, შეგვიქმნან ის ბარიერები, რომლებითაც გვიბიძგებენ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი თავი ვერ ვიპოვოთ და წავიდეთ უცხოეთში. თან ირონიულად მოგვაყოლებენ ხოლმე – ჩვენ გეტყვით, სად არის ბილეთები იაფი და სწორედ იმ ქვეყანაში წადითო. იქ იმუშავეთ, რადგან ეს ქვეყანა არ არის თქვენთვისო. რეალურად ასე არ არის – ეს ქვეყანა სწორედ, რომ ჩვენია“

ჩვენი მთავრობის მიზანია სხვადასხვა პრობლემის მოუგვარებლობით – ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლით, უნივერსიტეტების პოლიტიზებით და ასე შემდეგ, უნდა, რომ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებმა თავი კომფორტულად ვერ ვიგრძნოთ. უნდათ, რომ ვიყოთ მუდმივ უიმედობაში, ნიჰილიზმში… ჩვენ გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ ყოფით პრობლემებს.

„ქართული ოცნების“ მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ვერ ვიფიქროთ დიდ მიზნებზე და ჩავრჩეთ ყოფით პრობლემებში. ჩვენი ამ ფიქრის დროს „ოცნება“ ფულს აკეთებს, ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება არის ფულის საკეთებლად… ამის მოგვარება სახლში ჯდომით და უიმედობით არ არის შესაძლებელი“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

არჩილ ბერიძე

აზა გაბუნიამ გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა განათლების საკითხებზე და საზოგადოებას მოუწოდა კარგად დააკვირდნენ, როგორ ჩაატარა დირექტორების არჩევნები განათლების სამინისტრომ. მისი თქმით, მთავრობა მუდმივად ცდილობს დაიქვემდებაროს განათლების სფეროში დასაქმებულები:

„პოლიტიკური ნიშნით ირჩევდნენ ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს ეძლევათ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, ვინც „ქართული ოცნების“ მეხოტბეა. მხოლოდ მათ დაიკავეს თანამდებობები და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ 2024 წელს არჩევნებზე მასწავლებლები თავის ელექტორატებად ჰყავდეთ. “

ნათია ხარატმა ქალაქში უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფით გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა, ირმა ზოიძემ კი ურბანულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

რომა დოლაბერიძემ მეტი აქტივობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. მისი თქმით, ყველა უნდა გამოვიდეს თავისი კომფორტის ზონიდან იმისთვის, რომ იმ აქტივობებს, რასაც საზოგადოებრივი მოძრაობები არ იშურებენ, უფრო მეტი რეალური შედეგი მოჰყვეს.

რომა დოლაბერიძე სიტყვით გამოსვლისას

მოძრაობის პრეზენტაცია ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შედგა. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ მამეიშვილმა თქვა, რომ მათი ადგილი ახლა სწორედ აქ არის, ქალაქის ცენტრში.

ღონისძიებას „დემოკრატიის სკოლის“ დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე და ბათუმში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ცუცქირიძე

გადაბეჭდვის წესი