კრიზისების ფონზე საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს სასტიკი ომი უკრაინაში, სადაც გრძელდება ყოველდღიური დაბომბვა და თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხალხს მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ესმის სირენების ხმა – განაცხადა 31 ოქტომბერს გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის წარმომადგენელმა რამეშ რაჯასინჰემმა.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, 9900 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ეს არის თითქმის 16 ადამიანი ყოველდღიურად და ეს მხოლოდ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადასტურებული შემთხვევებია.
მან აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოების ფონზე, როცა ტემპერატურა შეიძლება -20 გრადუსამდე დაეცეს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება და განადგურება განსაკუთრებით საგანგაშოა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა 1300 თავდასხმა ჯანდაცვის დაწესებულებებზე, რაც 55 პროცენტით აღემატება მსგავს მაჩვენებლებს მსოფლიოში. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 111 ექიმი და პაციენტი, კიდევ უფრო მეტი – დაშავდა. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში 13 სამედიცინო დაწესებულებას ცეცხლი გაუხსნეს.
რამეშ რაჯასინჰემის თქმით, ჰუმანიტარულმა საჭიროებებმა უკრაინაში ომის პერიოდში მიაღწია „უზარმაზარ მასშტაბებს“. ამჟამად დაახლოებით 18 მილიონ ადამიანს – უკრაინის მთლიანი მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტს – სჭირდება რაიმე სახის ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, ათი მილიონი ადამიანი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ბევრი მათგანი ლტოლვილი გახდა.
მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ომის გენდერული ასპექტები. კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა გენდერული უთანასწორობა და დისკრიმინაცია, რის გამოც ქალები და გოგონები, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმული ქალები და მოზარდი გოგონები, გენდერული ძალადობის გაზრდილი რისკისა და სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობის წინაშე არიან.
______________________
ფიტოზე: ხარკოვი. 2023 წლის 6 ოქტომბერი. ფოტო: EPA-EFE/YAKIV LYASHENKO






