ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა

13.01.2023 • 5316
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა

ქობულეთის მერია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟი „პრობლემად რჩება“, ვინაიდან შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერით ვერ ახერხებს. ამიტომ დეკორაციების დაშლას გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით გეგმავს.

თანხმობისთვის ქობულეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

მერიის განაცხადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააგენტოსგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხეს თებერვლის ბოლომდე ვერ დაშლიან.

„ქუჩის/გარე განათების 2023 წლის მომსახურების შესაძენად 2022 წლის 29 დეკემბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. ვინაიდან სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს [140 000 ევრო] საჭირო გახდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის განთავსების ვადად განსაზღვრულიყო არანაკლებ 30 კალენდარული დღე და შესაბამისად ელექტრონული ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 30 იანვარი.

საჭირო გახდა იანვრის თვის მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში შესყიდვა, ვინაიდან იანვრის თვე რჩება მომსახურების გარეშე; ამასთან ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი საახალწლო დეკორაციების მონტაჟი-დემონტაჟის მომსახურებას ყოველწლიურად სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს და, შესაბამისად, პრობლემად რჩება იანვრის თვეში საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის საკითხიც“, – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

ქობულეთში ქუჩის/გარე განათების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე 2022 წლის 29 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ეს ტენდერი ქობულეთმა პრეისკურანტით გამოაცხადა, სადაც შესყიდვის ღირებულება 500 ათასი ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

რატომ გამოაცხადა 2023 წლის მომსახურების შესყიდვაზე ქობულეთის მერიამ ტენდერი 2022 წლის 29 დეკემბერს და რატომ არ გამოაცხადა გაცილებით ადრე? – ამ საკითხზე ქობულეთის მერიის განმარტება ასეთია:

  • „მსგავსი ტენდერების მომზადებისთვის გარკვეული ვადაა საჭირო და მუნიციპალიტეტსაც გარკვეული დრო დასჭირდა… ვინაიდან ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების შედეგად საჭირო გახდა არანაკლებ 30-დღიანი პერიოდი, იანვრის თვისა და თებერვლის თვის მომსახურების საკითხი ღიად დარჩა. შესაბამისად 1-თვიანი მომსახურების შესყიდვის შეძენა საჭირო გახდა გადაუდებელი აუცილებლობით.
  • შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობა დადგა მაშინ, როცა სატენდერო პროცედურებიდან გამომდინარე იანვრის თვე, განსაკუთრებით პირველი ნახევარი (19 იანვრამდე), როცა საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო ქუჩის განათებების დემონტაჟის განხორციელების პერიოდია, დარჩა მომსახურების გარეშე.
  • იმ შემთხვევაშიც, მუნიციპალიტეტს გაცილებით ადრე, რომ გამოეცხადებინა ელექტრონული ტენდერი, შერჩევა-შეფასებას, გამარჯვებულად გამოვლენასა და ხელშეკრულების გაფორმებას საორიენტაციოდ მაინც დასჭირდებოდა ის დრო რა დროშიც, შესაბამისი პერიოდისთვის ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდებოდა.“

მერიის განმარტებით, „ვინაიდან იანვრის თვეში უნდა განხორციელდეს ქობულეთში ნაძვის ხისა და საახალწლო ქუჩის განათებების დემონტაჟი, დაზუსტების შედეგად, სააგენტოსგან თანხმობის მისაღებად, წარადგინეს მხოლოდ ნაძვის ხის დემონტაჟისა და საახალწლო ქუჩის განათებების დემონტაჟის მომსახურების ხარჯები. ასევე მხოლოდ ის ფაქტობრივი ხარჯები, რომელიც უკვე დამდგარია მუნიციპალიტეტში [დაზიანებულია გარეგანათების ნაწილები].“

ქობულეთის მერია ტენდერის გარეშე იანვარში 22 420 ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟისთვის 1 250 ლარი, ხოლო საახალწლო ქუჩის განათებების [სულ 490 ცალი] დემონტაჟისთვის – 9 800 ლარია საჭირო.

მერიის დოკუმენტების მიხედვით, დანარჩენი თანხა გარეგანათების ქსელის დაზიანებული ნაწილების გამოცვლას მოხმარდება.

ქობულეთის მერიის განაცხადის განხილვის საბოლოო ვადად, შესყიდვების სააგენტოს, 18 იანვარი აქვს მითითებული.

ქობულეთი / საახალწლო ნაძვის ხე /31.12.2022

მთავარი ფოტო: ქობულეთი / მუნიციპალიტეტის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: