დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 2 ნოემბერს, X-ზე წერს, რომ სავარაუდოდ, რუსეთმა უკრაინის დარტყმის შედეგად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 4 შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი დაკარგა.
დაზვერვა მიუთითებს 26 ოქტომბერს, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სამი რუსული SA-21 გამშვები სადგური განადგურდა ლუგანსკის რეგიონში. ამავე დროს, უკრაინული წყაროები წერენ ოკუპირებულ ყირიმში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი დანაკარგების შესახებ.
რუსეთი დიდი ხანია პრიორიტეტს ანიჭებს მაღალტექნოლოგიურ, შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, როგორც სამხედრო სტრატეგიის ძირითად კომპონენტს.
„ბოლო დანაკარგები ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა აგრძელებს ბრძოლას თანამედროვე ზუსტი დარტყმის იარაღის წინააღმდეგ, რაც, დიდი ალბათობით, გაზრდის უკვე არსებულ მნიშვნელოვან დატვირთვას დანარჩენ სისტემებსა და ოპერატორებზე.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკრაინაში განადგურებულ სისტემებს შეცვლის, რაც შეასუსტებს საჰაერო თავდაცვას სხვა საომარი მოქმედებების რაიონებში“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.






