ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო, პირველი ნოემბრით დათარიღებულ მიმოხილვაში წერს, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, ემზადებიან უკრაინის პოზიციებზე სახმელეთო თავდასხმების მორიგი ტალღისთვის ავდიივკის რაიონში.
ISW-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ კრემლთან დაახლოებულ ბლოგერის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ავდიივკის მახლობლად რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვნად შეანელეს დახურული პოზიციებიდან სახმელეთო თავდასხმები ძლიერი საარტილერიო ცეცხლის სასარგებლოდ.
ანალიტიკოსები წერენ, რომ ეს დიდი ალბათობით, რუსეთის მზადებაა სახმელეთო თავდასხმების მორიგი ტალღის წინ ამ რაიონში.
ISW-ი აღნიშნავს, რომ ომის სხვა რუსი ბლოგერები რუსეთის ამჟამინდელ ოპერაციებს ახასიათებენ როგორც „მოსამზადებელ მხარდაჭერას“ შემდგომი თავდასხმებისთვის.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია უკრაინის ტავრიის ძალების ჯგუფის პრესსპიკერის განცხადება, რომ რუსული ძალები ემზადებიან ე.წ. „ხორცის შეტევებისთვის“ ავდიივკის მახლობლად და ავარჯიშებენ Storm-Z-ს ქვედანაყოფებს [მასში ძირითადად შედიან სამხედრო დამნაშავეები და ყოფილი პატიმრები] მომავალი თავდასხმებისთვის აღჭურვილობის გარეშე.
რუსული ძალები, შესაძლოა, ემზადებიან შეტევისთვის ქვეითთა მეთაურობით, მძიმე არტილერიის გამოყენების შემდეგ, რათა აანაზღაურონ ავდიივკაში ოქტომბრის თვეში რუსეთის მძიმე დანაკარგები – წერენ ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ სატელიტური სურათების თანახმად, 9 ოქტომბრის შემდეგ ამ რაიონში რუსული ძალების მინიმუმ 197 მანქანა დაზიანდა და განადგურდა, ხოლო გეოლოკაციის პლატფორმა GeoConfirmed-მა რუსეთის ძალისხმევა ავდიივკის მახლობლად დაახასიათა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული რუსული ძალისხმევა უკრაინასთან ომში.






