„კლუბი სინერგია“ არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის სერვისი, რომელიც უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. სერვისის მიზანია ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია.
კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სერვისი გახსნილია თბილისსა და ბათუმში. „კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბაზაზე, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში.
ინტერვიუ პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელთან, ჯანა ჯავახიშვილთან.
ჯანა ჯავახიშვილი: „ხშირად საჭიროა სულ პატარა ბიძგი იმისთვის, რომ მოზარდმა დაძლიოს პრობლემა“
რა არის „კლუბი სინერგია“
ჯანა ჯავახიშვილი: „კლუბი სინერგია“, სინამდვილეში, ძალიან დიდი სიახლეა საქართველოს ცხოვრებაში. ბავშვთა, მოზარდთა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მოვლა დიდი ღიობია საქართველოში. თუ მოზარდს აღენიშნება გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, მაღალი შფოთვა, ან დაბალი გუნება-განწყობილება, ან ვერ უმკლავდება სტრესს, აქ ფსიქოლოგიური დახმარებაა საჭირო.
უფრო ხშირად, ბავშვის ემოციური თუ ქცევითი პრობლემები არ არის მისული დაავადებამდე, მას არ სჭირდება ფსიქიატრიული მკურნალობა. აქ ფსიქიკური ჯანმრთელობის მულტიდისციპლინურ მომსახურებას, ისეთს, როგორიც არის „კლუბი სინერგია“, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია, რომ მოზარდმა ისწავლოს საკუთარი ემოციების მართვა, სტრესთან გამკლავება და ა.შ.
ეს მისი მდგომარეობის შემდგომ გართულებას აგვაცილებს თავიდან, გააუმჯობესებს მის ცხოვრების ხარისხს. ეს არის პრევენცია, რომელიც ასე ძალიან საჭიროა ჩვენს ქვეყანაში. „კლუბი სინერგია“ სწორედ ამ ნიშას იკავებს, ამ ღიობს ავსებს.
„კლუბი სინერგია“ არის ისეთი ადგილი, სადაც ყოველგვარი სტიგმატიზების გარეშე (ეს სათაურიდანაც ჩანს), მოზარდს/ახალგაზრდას ხვდება კომპეტენტური გუნდი, დაკომპლექტებული ფსიქოლოგებითა და სოციალური მუშაკებით, რომლებიც ეხმარებიან მას ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ფსიქიატრიული კონსულტირება/ჩარევა, ამის საშუალებაც არის. აქ მოზარდი/ახალგაზრდა, სპეციალისტების დახმარებით, მუშაობს იმაზე, რომ თავის პრობლემას თავი გაართვას, მოერიოს, დაძლიოს, ემოციები მართოს, სოციალური ურთიერთობები გააუმჯობესოს და შესაბამისად, ცხოვრების უკეთესი ხარისხი ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი თავიდან გვაცილებს შემდგომ გართულებებს.
არც თუ ისე იშვიათად პედაგოგს და/ან ოჯახს უჭირს მოზარდის ემოციური თუ ქცევითი პრობლემების მართვა. მიაკერებენ ხოლმე იარლიყს, რომ „რთული ბავშვია“ ან „მძიმე ხასიათი აქვს“. და რა? არ (ან ვერ) ვშველით, ფაქტობრივად.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა „კლუბი სინერგიის“ ტიპის მომსახურება მოზარდს დაეხმარება და მომავალ პრობლემებს თავიდან ააცილებს. ამ დროს ხშირად საჭიროა სულ პატარა ბიძგი იმისთვის, რომ მოზარდმა დაძლიოს პრობლემა.
ხშირად პრობლემები თვითონ ოჯახშია, ამას ვუწოდებთ „ოჯახურ დისფუნქციას“. მნიშვნელოვანია, ოჯახმა იცოდეს, რომ თუ ვერ ართმევს თავს შვილების ემოციურ თუ ქცევით პრობლემებთან არსებულ გამოწვევებს, პროფესიული დახმარების ძიება მნიშვნელოვანია და აქ „კლუბი სინერგიას“ ტიპის მომსახურებას ქმედითი დახმარების გაწევა შეუძლია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, რომ მშობელმა იცოდეს, თუ რა შემთხვევებში არის სასურველი, მიმართოს პროფესიულ დახმარებას, რომ პედაგოგმა იცოდეს, როდის გადაამისამართოს მოზარდი სპეციალისტთან. მხოლოდ მოზარდთან მუშაობა არაფერს იზამს, ოჯახთან მუშაობაა ამ დროს საჭირო, რადგან ჩვეულებრივ, პრობლემა ოჯახურ დისფუნქციაშია და არა მხოლოდ ბავშვის მდგომარეობაში.
„კლუბი სინერგიას“ გუნდი
ჯანა ჯავახიშვილი: როგორც თბილისში, ასევე ბათუმში „კლუბი სინერგია“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, ახალგაზრდა გუნდია ორივე სერვისში. ზოგიერთი მათგანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, არიან ფსიქოლოგები, კლინიკური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები.
მუშაობენ როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, მუშაობენ ოჯახთან, ონლაინ და პირისპირ ფორმატში. რაც მთავარია, „კლუბი სინერგია“ შეიქმნა ძალიან სერიოზულ მეთოდოლოგიურ ბაზაზე, კადრების შესაბამისი მომზადების საშუალებით. გუნდი რეგულარულად გადის სუპერვიზიას, რაც მუშაობის ხარისხის დამცავი მექანიზმია.
რატომ არის საჭირო ადვოკატირება
ჯანა ჯავახიშვილი: სერვისი არის უფასო, ხარისხიანი და ემსახურება საზოგადოებას, რათა საზოგადოებაში გვქონდეს უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა და უკეთესი მომავალი. მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ეს სერვისიც კი არ არის დაფინანსებული სახელმწიფოს ან ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურების მხრიდან.
ახლაც რიგები გვაქვს, საშუალოდ 200 ბავშვი დგას ხოლმე რიგში ყოველ მოცემულ მომენტში. და ეს იმიტომ, რომ გუნდი არ არის დიდი, დახმარების საჭიროების მქონე კი ბევრია. არადა, ფსიქიკური (თუ ფიზიკური) ჯანმრთელობის მომსახურების მიღება ადამიანის საბაზო უფლებაა.
ამიტომ, ადვოკატირება საჭიროა. ამაში უნდა დაგვეხმაროს მოსახლეობა და მოსთხოვოს ადგილობრივ მმართველობის სტრუქტურებს, სახელმწიფოს, რომ ამგვარი სერვისების დაფინანსება ჩართული იყოს სახელმწიფო სქემებში, ან ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტში, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ზოგადად, საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქსა და სოფელში.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ „კლუბი სინერგიას“ მომსახურება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში არის უფასო. საქმე ისაა, რომ სიღარიბე და სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფნა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკის ფაქტორი.
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს მხოლოდ მძიმე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობასა და მწვავე მდგომარეობებს, არ აფინანსებს ე.წ. გავრცელებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
კერძო სპეციალისტთან მისვლა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ფინანსურად ხელმიუწვდომელია.
თავის დროზე, 2010 წლიდან, ევროკავშირის დახმარებით, ანალოგიური სერვისი – „ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი“ – შევქმენით ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, თბილისში. 2013 წელს, როდესაც ევროკავშირის პროექტი დასრულდა, განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალურმა სამსახურმა „ოჯახსა და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი“ შეიერთა, როგორც ფსიქოლოგიური სერვისი.
მოდელი იმდენად კარგი იყო, რომ მომზადებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი პირდაპირ გადავიდა მანდატურის სამსახურში. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მოხდა უაღრესად მნიშვნელოვანი რამ – ეს მომსახურება განვითარდა, როგორც ეროვნული ქსელი, სადაც პირველი კლასიდან მოყოლებული, პედაგოგებს აქვთ საშუალება, ბავშვები გადაამისამართონ და ბავშვებმა მიიღონ მაღალკვალიფიციური ფსიქოსოციალური მომსახურება.
აი, ასეთი ბედი თუ ექნება „კლუბ სინერგიას“, რომელიც ახლა მხოლოდ ბათუმსა და თბილისშია, იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის საქმეში.
თუ სახელმწიფო „კლუბი სინერგიას“ მოდელით შექმნის ამგვარი სერვისების ქსელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება გახდება ხელმისაწვდომი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ვინც ექსპერიმენტირებს ფსიქოაქტიური საშუალებებით, ვისაც გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები აქვს, ვისაც ქცევითი და ემოციური პრობლემები აქვს.
ამ შემთხვევაში სახელმწიფო დიდ წვლილს შეიტანს იმაში, რომ მათი ცხოვრების ხარისხი იყოს უკეთესი და თავიდან ავიცილოთ სეროზული პრობლემები მომავალში. ეს არის განვითარების საუკეთესო მოდელი.