მთავარი,სიახლეები

პროპაგანდის ამოცანაა, აპოლიტიკური გავხდეთ – რისთვის ემზადებიან ახალგაზრდა აქტივისტები

01.11.2023 • 814
პროპაგანდის ამოცანაა, აპოლიტიკური გავხდეთ – რისთვის ემზადებიან ახალგაზრდა აქტივისტები

„ჩემს თაობაში პროპაგანდას ცოტა სხვანაირად ამუშავებს ხელისუფლება – ჩვენ შემთხვევაში, ამოცანაა ინერტულობის მიღწევა, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი.

როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდულ მოძრაობებში ცვლილებების მიღწევა და გავლენა პროცესზე? – ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა მათთან გასაუბრების დროს საგრძნობია ტენდენცია: აქტივისტები ხედავენ, როგორ მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდა მათ წინააღმდეგ და მარტის მოვლენების დროს როგორ „ჩაუვარდა“ პროპაგანდა „ოცნებას“, როცა მან რუსული კანონის მიღება დააპირა.

„პროპაგანდაა ამოსავალი ახლაც. მარტის მოვლენების დროს, მაგალითად, ხელისუფლების პროპაგანდამ თავის მოედანზე ვერ შეგვიყვანა, პირიქით, აქეთ მოედანზე გადმოვიდნენ „ოცნებიდან“ და დაიწყეს იმის ახსნა, რატომ არ არის ეს რუსული კანონი,“ – დაკვირვებას გვიზიარებს მეგი დიასამიძე მოძრაობიდან „ჯიუტი“.

  • მეგი დიასამიძე: ახალგაზრდებს აშინებთ იარლიყის მიწებება, რომ ვიღაცას წარმოადგენენ 

„დიახ, ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებით ისევ პარლამენტთან და ვაპროტესტებთ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. ეს დაუშვებელია. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და არა კრემლის დავალებებს,“ – კატეგორიულია მეგი დიასამიძე.

მისი თქმით, ახალგაზრდების მოძრაობა დაფინანსებას არ იღებს რომელიმე პოლიტიკური პარტიისგან და ისინი თავად ახერხებენ პროტესტის ორგანიზებას.

სად გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია? – მეგი დიასამიძე გვიყვება, რომ ქუჩაშიც მას შემდეგ გამოვიდა და „ჯიუტი“ გახდა, როცა „ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება გადაწყვიტა. მეგის თქმით, ამ კანონის მიღება მისთვის მკაფიო მაგალითი აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში კრემლის დავალებას ასრულებდა.

„ოცნება“ მაშინ გვეუბნებოდა, რომ ეს იყო უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი და ეხებოდა გამჭვირვალობის საკითხს. თუმცა როცა გავეცანი სრულყოფილ ინფორმაციას, ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს მართლაც რუსული კანონი იყო. დავინახე, რომ ხელისუფლება გვატყუებდა.

მაშინ მედიამ და სამოქალაქო ორგანიზაციებმაც ამ კანონს პირდაპირ „რუსული კანონი“ უწოდეს და ეს იყო ძალიან სწორი მიდგომა.

ასე უნდა ხდებოდეს ახლაც, როცა სუსი ტრენინგების ჩატარებაზე ამბობს, რომ თურმე სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ჩვენ არ უნდა ვახსენებდეთ „სახელმწიფო გადატრიალებას“.

სტუდენტების ნაწილი, ვისაც პროპაგანდამ დააჯერა, რომ აპოლიტიკური უნდა იყოს, ფიქრობს, რომ რადგან სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს და ხელისუფლებას ეპასუხება ოპოზიცია, ან კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, შესაძლოა, რამე მართლაც მზადდებოდაო.

ორივე მხარეს პროპაგანდაა, ოღონდ გააჩნია, ვის რა ამოცანა აქვს. სამწუხაროდ, დღეს სახელისუფლებო პროპაგანდა ახერხებს სხვადასხვა თემის გააქტიურებით, საკუთარ მოედანზე „შეიყვანოს“ ახალგაზრდებიც,“ – გვიყვება მეგი დიასამიძე.

მეგი დიასამიძე ბათუმში რუსული გემის შემოსვლის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეცაა. მან ასევე გააპროტესტა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თორნიკე რიჟვაძის ფრაზა „ლაჩრულად წაგებულ ომზე“.

მეგი დიასამიძე აქციაზე ბათუმში, სადაც რუსული გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ

რა გზავნილებია დამაჯერებელი სტუდენტებისთვის სახელისუფლებო პროპაგანდიდან?

„ახალგაზრდებს აშინებთ იარლიყის მიწებება, რომ ვიღაცის ინტერესებს წარმოადგენენ,“ – მეგი დიასამიძე იხსენებს, მისთვისაც რომ  ხშირად უკითხავთ თანატოლებს: „იქნებ „ჯიუტს“ მართლაც კეზერაშვილი აფინანსებს?“

„ჩემთვის ლაზარეა კარგი მაგალითი, როგორ ვერ იმუშავა „ოცნების“ პროპაგანდამ,“ – ამბობს მეგი. მას ვკითხეთ, რატომ არ აღმოჩნდა, მაგალითად, ლაზარეს დასაცავად სტუდენტების პროტესტი ისეთივე ერთიანი და ძლიერი, როგორიც ეს იყო მარტის ცნობილი მოვლენების დროს?

„ახალგაზრდების ნაწილი შეშინდა. უთქვამთ კიდეც ჩემთან, რომ აი, ხომ ხედავ, არ დაინდვეს და ციხეშიაო. ვისმენ ასევე: მარტო ჩემმა გამოსვლამ რა უნდა შეცვალოს?

ჩემი აზრით, უმრავლესობა მაინც ვერ შეაშინეს, მაგრამ ხელისუფლების პროპაგანდა ახერხებს სხვადასხვა თემის შემოგდებას, რაც გაბრაზებს და გეკარგება „ლაზარე“… აქტივიზმი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, აკეთო შენი საქმე და გჯეროდეს: ამას შედეგი ექნება. მე ყველაფრისთვის ვარ მზად.

მარტის მოვლენებმა აჩვენა, როგორ უცებ შეიძლება დაიმსხვრეს პროპაგანდა, რისთვისაც „ოცნება“ წლებია ემზადებოდა – ქუჩაში ის ახალგაზრდებიც გამოვიდნენ, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომ აპოლიტიკური იყვნენ, მათთვის რუსული კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი, რადგან მედიამ და სამოქალაქო სექტორმა ნათლად ახსნა, რაც ხდებოდა. პროპაგანდის ჭიდილი გრძელდება ახლაც,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა მეგი დიასამიძეს.

  • ზვიად ცეცხლაძე: მანიპულაციებით ცდილობს ხელისუფლება, ახალგაზრდული მოძრაობების დასუსტებას 

„როცა ხელისუფლება ხედავს, რომ ძლიერდები, ცდილობს მოგაწებოს იარლიყი. თუ ეს გამოუვიდა, ჩაგძირავენ, ფაქტობრივად: ახალგაზრდობის უმრავლესობა არ ენდობა არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას,“ – გვიყვება ზვიად ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი.

რა უშლის ხელს ახალგაზრდულ მოძრაობებს, ჰქონდეთ გავლენა პროცესზე, მაგალითად, როცა ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს? – ვკითხეთ ზვიად ცეცხლაძეს.

ახალგაზრდა აქტივისტი აღწერს, რომ პროპაგანდისტული მანქანის ახალგაზრდების წინააღმდეგ ამუშავების გარდა, „ქართული ოცნება“ სხვა მეთოდებითაც მუშაობს:

„ხელისუფლება ცდილობს, შექმნას ფსევდო ოპოზიცია, ან ისეთი ჯგუფი, რომელიც არასწორ, არაადეკვატურ ქმედებებს განახორციელებს და აღმოჩნდე იმ ჯგუფის პირისპირ, რომელიც სინამდვილეში და ლოგიკურად შენ მხარეს უნდა იყოს.

ისინი ცდილობენ, მოძებნონ გარკვეული ნიუანსები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ჯგუფში განხეთქილება და დაპირისპირების მიღწევა: მაგალითად, შესაძლოა, ვინმემ წამოიწყოს უსაფუძვლო კამათი ისეთ საკითხზე, რაც არ არის არსებითი.

გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებსაც აქვთ მეტი რესურსი, ძალა შესწევთ, ახალგაჩენილ ორგანიზაციებს ხელოვნური წინაღობები შეუქმნან.

მთავარი საკითხი არის აპოლიტიკურობა: ჩემი თაობის წარმომადგენლებთან მაქსიმალურად ცდილობენ, ახალგაზრდები გამოთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან. ამაზე ხშირად ირიბი გზებით მუშაობენ, მაგალითად, ფსევდო ოპოზიციური პოლიტიკური ძალები როცა არაადეკვატურად მოქმედებენ, ისინი ამით საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილის დისტანცირებასაც ახდენენ ოპოზიციური სპექტრის მოქმედებებისგან.

ამგვარი მანიპულაციებით ცდილობს ხელისუფლება, ახალგაზრდული მოძრაობების დასუსტებას,“ – ამბობს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძე

ახალგაზრდა აქტივისტის დაკვირვებით, მის თაობაში პროტესტის ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ავტორიტეტული ადამიანები:

„რეალურად, მარტის მოვლენების დროსაც პროტესტი ვერ დაიმუხტა, ვიდრე არ გამოჩნდნენ ავტორიტეტები და საკუთარი აზრი არ დააფიქსირეს. როგორც წესი, ადამიანები, ვის სიტყვასაც დიდი ფასი აქვს, ნაკლებად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას.

ფეხბურთის კლუბებსა და მუსიკალურ ბენდებსაც პოზიცია ჰქონდათ მაშინ… კონკრეტული პროფესორების შეფასება გადამდები აღმოჩნდა და ახალგაზრდების დამუხტვის კარგი საშუალება.

ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია, მაგრამ უფრო ინტერესის სფეროების მიხედვით იღებენ ამ ინფორმაციას. მარტის მოვლენების დროს კი, ავტორიტეტებმა მოახერხეს მნიშვნელოვან ამბებზე ყურადღების გადატანა.

დღეს ლაზარე ისჯება, როგორც ახალგაზრდების პროტესტის სიმბოლო, ეს არის უფრო სიმბოლური აქტი ახალგაზრდების ბრძოლისუნარიანობის წინააღმდეგ. ლაზარეს დასჯა არის სიმბოლური დასჯა ყველა ახალგაზრდა აქტივისტის,“ – მიიჩნევს ზვიად ცეცხლაძე.

მისი აზრით, „ოცნებამ“ ლაზარეს საქმეზე მოახერხა პროპაგანდისტული ხრიკების ამუშავება, რადგან პოზიციები ლაზარეს ირგვლივ დაიყო და ის უფრო პირად აღქმებს დაუკავშირდა, ვიდრე ამ ამბის საზოგადოებრივ მნიშვნელობას.

ზვიად ცეცხლაძე გვიყვება, რომ ახალგაზრდა აქტივისტებს ხშირად უჭირთ ჩამოყალიბება, რა ფორმით უნდა გამოხატონ პროტესტი.

„ეს კამათი არ უკავშირდება მემარჯვენე ან მემარცხენე იდეოლოგიებს, უფრო პარტიულობას უკავშირდება, ან იმას, პრაქტიკაში რა მოქმედებებია საჭირო. ეს იწვევს განხეთქილებას: მაგალითად, უფრო რადიკალური ქმედებებია საჭირო, თუ ლოიალური?“ – ახალგაზრდა აქტივისტებში აქტუალურ კითხვებს იხსენებს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძეს განსაკუთრებით საზოგადოების მხარდაჭერა ახარებს. მისი თქმით, „დაფიონს“ არაერთხელ ჩაურიცხეს თანხა ადამიანებმა, როცა გაიგეს, რომ სტუდენტებს აქციისთვის წყალი ან საკვები სჭირდებოდათ:

„ხალხის გამოხმაურება არის ძალიან კარგი. იგივე რუსული ლაინერის წინააღმდეგ აქციაზე დავდეთ განცხადება, რომ გვჭირდებოდა ფული საკვებისა და წყლისთვის, საკმაოდ დიდი თანხა ჩაგვირიცხეს.

ამჯერად გეგმაში გვაქვს სხვადასხვა სივრცის ათვისება, მათ შორის, იუთუბ, ინსტაგრამ ან ტიკ-ტოკ სივრცის ათვისება. რაც შეიძლება მეტი სივრცე უნდა შევქმნათ, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ეროვნული იდეა.

ვგულისხმობ ისტორიული ინფორმაციის გავრცელებასაც დღევანდელ რეალობასთან პარალელით,“ – მიმდინარე აქტივობასაც გვიზიარებს ზვიად ცეცხლაძე.

27 ოქტომბერს ზვიად ცეცხლაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა ირაკლი ბებუას შესახებ და იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის წინააღმდეგ: აქვს თუ არა ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ გარკვეული, მყარი ნაბიჯები გადადგას?  – ჰკითხა ზვიად ცეცხლაძემ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და თსუ-ს პროფესორს.

ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ შეკითხვის დასმით უფრო იმის ხაზგასმა სურდა, რომ ოკუპაცია საზოგადოებისთვის აქტუალურია.

  • ილია აბულაძე: როცა სტუდენტები ვთანხდებით, რომ ირაკლი კობახიძის წიგნით არ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუცია, გამოდის, რომ ცვლილებები შესაძლებელია 

„ლექციის დაწყებამდე პირველკურსელთა აუდიტორიაში შევედი და ვიკითხე: უნდა ვისწავლოთ თუ არა კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის წიგნით, რომელმაც ახალგაზრდებს ექსტრემისტები და ფანატიკოსები გვიწოდა? – ყველამ თქვა, არაო.

გამოდის, რომ ცვლილებები შესაძლებელია,“ – ოპტიმისტური განწყობა აქვს ილია აბულაძეს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და მოძრაობა „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ აქტივისტი.

ილია აბულაძე

ილიაც ფიქრობს, რომ ირიბი გზებით ცდილობენ სტუდენტური პროტესტის ჩახშობას. გამოწვევაა ფინანსები და ორგანიზაციული საკითხებიც.

„ცდილობენ, კონცერტებით ახალგაზრდებს დაავიწყონ პრობლემები ან მინიმუმ ყურადღების გადატანა მოხერხდეს… სხვადასხვა კონცერტია, აქტივობა, რაშიც ახალგაზრდებს რთავენ.

მუშაობს ასევე სანათესავოსა და ოჯახის წევრებთან დაკავშირება: სტუდენტებს ეუბნებიან, რომ  უმჯობესია, აქციაზე არ გავიდნენ და ვინმეს არ დაუპირისპირდნენ.

დღეს სტუდენტს არწმუნებს ყველა, რომ აქტიურობამ შესაძლოა მისი მომავალი და კარიერა დააზიანოს. სტუდენტიც ცდილობს, მხოლოდ განათლების მიღებით დაკავდეს და არ ჩაერთოს პროცესში, ამ დროს კი, შესაძლოა ყველაფერმა დაკარგოს აზრი.

მარტის მოვლენების დროს აქციამდე რამდენიმე სტუდენტმა საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ, მომხსენებლები გვყავდა და მათ ისაუბრეს, რა საფრთხეს ქმნიდა რუსული კანონის მიღება. ამ შეხვედრიდანაც ბევრი სტუდენტი პირდაპირ აქციაზე წამოვიდა.

ნიჰილისტური განწყობების გაძლიერების გარდა, პრობლემაა დაფინანსება იმ სტუდენტებისთვის, ვინც აქტიურია – მაგალითად, სივრცე, სადაც ერთმანეთს შევხდებით და დავილაპარაკებთ, ყველაფერი ონლაინსივრცეში არ გამოდის,“ – გვითხრა ილია აბულაძემ.

  • დავით ჩხობაძე: ჩემს თაობას აქვს მომენტი – რეაქცია მაშინ აქვთ, როცა ხედავენ პირად საფრთხეს 

„მუხტი, რომელიც გამოჩნდა მარტის მოვლენების დროს, არსად წასულა: ადამიანებს სჭირდებათ გადამწყვეტი მომენტი. მე არ ვიცი, რა იქნება შემდეგი წითელი ხაზი, მაგრამ ჩემ თაობას აქვს მომენტი – რეაქცია მაშინ აქვთ, როცა ხედავენ პირად საფრთხეს,“ – გვიყვება დავით ჩხობაძე, ის სტუდენტური მოძრაობას „ნაბიჯის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

ახალგაზრდა აქტივისტს ვკითხეთ: როგორ შეიქმნა საპროტესტო განწყობა მარტის მოვლენების დროს და რა ხდება ახლა?

„მარტის მოვლენების დროს თაობამ პირდაპირ დაინახა ის, რომ საფრთხე ეხება ჩვენს პირად კეთილდღეობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, სტუდენტებმა დავინახეთ მკაფიოდ, რომ ყოველგვარ ცოდნას, რასაც უნივერსიტეტში ვიღებთ, ფასი ეკარგება,“ – ახალგაზრდა აქტივისტი ყურადღებას ამახვილებს პროსახელისუფლებო მედიის აქტიურობაზე, სადაც პერიოდულად ამზადებენ სიუჟეტებს იმაზე, რომ ახალგაზრდა აქტივისტები ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებულნი არიან.

„ეს აჩვენებს იმას, რომ „ოცნება“ ხედავს საფრთხეს, ამიტომაც გვიძღვნიან სიუჟეტებს. ახალგაზრდები შესაძლოა ისევ გააქტიურდნენ და ამ პროტესტს უნივერსიტეტის ოდეერებიც ვეღარ შეაჩერებენ,“ – დასძენს დავით ჩხობაძე.

დავით ჩხობაძე

დავით ჩხობაძე თავის მოსაზრებას გვიზიარებს, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება ახალგაზრდა აქტივისტების წინააღმდეგ.

„ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, რომ ეს პროტესტი არ არის ქვეყნის საკეთილდღეოდ და ძირითადად აპელირება ხდება ნაცმოძრაობის წარსულზე, რომ აი, ასეთები იყვნენ და ესენი დაბრუნდებიან.

სახელისუფლებო პროპაგანდა სტუდენტებში ძირითადად მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას ინერტული განწყობა. ცდილობენ, სტუდენტები ჩართონ გასართობ ღონისძიებებში, კონცერტებში, ბაბი კირკიტაძესაც ამიტომ დაატარებენ…

დიდ უნივერსიტეტებში მუშაობს ოდეერიც, იქ „ოცნების“ მიერ ხელდასხმული თვითმმართველობები აკონტროლებენ სიტუაციას, თუმცა მარტში იმდენად დიდი იყო საპროტესტო განწყობა, ვერანაირი ოდეერი ვეღარ გააკონტროლებდა ამას,“ – ამბობს დავით ჩხობაძე.

მოძრაობა „ნაბიჯი“ 2022 წელს შეიქმნა კამპანიის ფარგლებში – „შინ ევროპისკენ“. დავით ჩხობაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მოძრაობაში 80-მდე სტუდენტია თბილისსა და ბათუმში.

„ჩვენ შევხვდით ყველა ოპოზიციურ ლიდერს, ეს არის პლატფორმა მათთვისაც, რომ ესაუბრონ ახალგაზრდებს, სტუდენტებს. კონკრეტულად არც ერთ პარტიასთან არ ვთანამშრომლობთ. ფინანსების მოძიებასაც თვითორგანიზებით ვახერხებთ, ასევე საგრანტო პროგრამებია, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია გვაფინანსებს.

კვლევა გვაჩვენებს, რომ სახელისუფლებო პროპაგანდის მიუხედავად, ახალგაზრდების უმრავლესობას აქვს მზაობა ევროინტეგრაციაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი იმ დოზით არ მონაწილეობენ პოლიტიკაში, რაც სასურველი იქნებოდა.

პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და ერთმანეთთან დაახლოება: ჩვენ ერთმანეთის გადაკვეთის წერტილები უნდა მოვძებნოთ. ჩვენ მოგვიწევს პროტესტის ყველა ფორმის გამოყენება, რომ ხელისუფლებამ ხელი ვერ ჰკრას საქართველოს ევროპულ მომავალს. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად,“ – გვითხრა დავით ჩხობაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: