მთავარი,სიახლეები

41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო

01.11.2023 • 26271
41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო

„როცა ექიმმა გამსინჯა, მითხრა – არ დაგიმალავ, ეს არის სიმსივნე.

ადგილზე გავიყინე, რადგან იმ მომენტში მართლა რთული იყო ჩემთვის. სიმსივნე იყო მეოთხე სტადია, ღვიძლზე გადასული მეტასტაზებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 41 წლის თამილა სალუქვაძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა.

ამბობს, რომ მკერდზე სიმაგრე როცა შენიშნა, ექიმთან მაშინვე არ წასულა. „რთული პერიოდი მქონდა და თან ქვეცნობიერი შიში“, – გვეუბნება თამილა. თუმცა ერთ დღეს, როცა უფასო სკრინინგის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა, რომ გამოკვლევები ჩაეტარებინა.

„ძალიან რთული იყო ამის მოსმენა, მაგრამ კარგია, რომ ექიმმა პირდაპირ მითხრა ყველაფერი, ასეც უნდა ხდებოდეს, რადგან ზუსტად უნდა გაიგო, რასთან გაქვს საქმე და როგორ უნდა იმკურნალო.

დაიგეგმა  ქიმიის 8 კურსი, თუმცა მე მხოლოდ 6 დამჭირდა, იმდენად კარგი იყო შედეგი. შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია, თუმცა სადღაც მაინც ვუშვებდი გონებაში, რომ იქნებ აღარ მჭირდება, მე ხომ აღარაფერი მაქვს ორგანიზმში-მეთქი.

საჭირო იყო გენეტიკური ტესტის გაკეთება და ასევე სხვა კვლევებიც, რაც დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები, მეგობრები გვერდით მედგნენ და ფულს მიგროვებდნენ, მაგრამ აღარ მინდოდა ადამიანების შეწუხება. თანაც ეჭვი მქონდა მკერდის ოპერაციასთან დაკავშირებით, არ ვიცოდი, უნდა გამეკეთებინა თუ არა, ამიტომ საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტე და ლტოლვილად ჩავბარდი.

საფრანგეთმა სრულად დაფარა ჩემი მკურნალობის ხარჯი და ძალიან მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, რადგან გამომაჯანმრთელეს და გამიჯანსაღეს სიცოცხლე.

ძალიან ჰუმანური მიდგომა აქვთ, პაციენტებთან ძალიან თბილი და უშუალონი არიან ექიმები. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემს ქვეყანაში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცოდი“, – გვეუბნება თამილა.

თამილას მკერდის ოპერაცია მაინც დასჭირდა, რადგან არსებობდა დაავადების გაღვიძების რისკი.

„გავიკეთე და ახლა კარგად ვარ. აქაც კარგი ექიმები მყავს და წელიწადში ერთხელ გავდივარ კონტროლს. სიმსივნეს ღრმა ძილით სძინავს და ღმერთს ვთხოვ, რომ აღარ გაიღვიძოს“, – ამბობს თამილა.

მისი თქმით, დაავადება იმ შემთხვევაში პროგრესირებს, თუ ადამიანს შიში ეუფლება და დეპრესიაში ვარდება. ამიტომ, სხვა პაციენტებსაც ურჩევს, არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში.

„საკუთარ ფიქრებთან დიდი ხნით დარჩენა გვასუსტებს. კარგი ფიქრებით და განწყობით გავიმარჯვებთ ამ დაავადებაზე.

იცით, კიდევ რა დამეხმარა ძალიან? იმ ადამიანების ისტორიებს ვუსმენდი, ვინც ეს გზა გაიარა და გამოჯანმრთელდა. ამან ძალიან გამაძლიერა.

ამიტომ თუ ჩემი ერთი სიტყვაც კი ვინმესთვის იქნება იმედი და ძალის მიმცემი, ძალიან გამიხარდება.

ამ დაავადების შემდეგ თითქოს სხვა ადამიანი გავხდი, უფრო მეტი ძალა ვიპოვე ჩემ თავში და ძალიან დამეხმარა რწმენაც.

სამი შვილი მყავს, ბედნიერი დედა ვარ და პირველი დარდი ის იყო, რომ ჩემი შვილები არ დარჩენილიყვნენ უდედოდ. ცხადია, ამანაც მომცა ძალა და მათთვის დავიწყე ბრძოლა.

თამილა შვილთან ერთად
ფოტო: ბათუმელები/ლელა დუმბაძე

ჩემი ფიქრები, აზრები შეიცვალა, პრობლემების მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც. მივხვდი, რომ არ ღირდა წვრილმანებზე დარდი და ნერვიულობა. ვიცი, რომ არ არის ეს ადვილი, მაგრამ ჩვენ თავში ჩვენვე უნდა ვიპოვოთ იმის ძალა, რომ გადავრჩეთ, გავიმარჯვოთ ამ ომში“, – ამბობს თამილა სალუქვაძე.

მისი აზრით, სიმსივნე არ არის ყოველთვის განაჩენი და იმისათვის, რომ ადამიანი გადარჩეს, აუცილებელია დროული სკრინინგი და სწორი მკურნალობა.

„ადრე ქიმია ასოცირდებოდა სიკვდილთან. დედაჩემიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქიმიის, მაგრამ როცა ექიმისგან მოისმინა სწორი ახსნა, უკეთ გაიგო. დღეს მედიცინა უკეთ არის განვითარებული და ამიტომაც გვყავს მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი.

წარმოუდგენლად შოკი იყო ჩემთვისაც, მაგრამ სწორად დაგეგმილი მკურნალობით, კვალიფიციურ ექიმებთან ვიზიტით და სწორად დაგეგმილი გამოკვლევებით, მე დღეს ჯანმრთელი ვარ“, – გვეუბნება ის.

თამილა სალუქვაძე

თამილა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას დროულად ჩატარებულ სკრინინგზე.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს ინფორმაცია უფასო სკრინინგის შესახებ.

„სოფლებში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ზოგს ტელევიზორიც კი არ აქვს სახლში და არაფერი იცის სკრინინგზე. ამიტომ უნდა გავაგებინოთ. იქნება ეს ბანერები, რეკლამები თუ სხვა საშუალება, ყველა გზით უნდა შევიდეს ეს ინფორმაცია ოჯახებში, რომ დროულად შეძლონ ადამიანებმა გამოკვლევა და გადარჩენა.

ასევე კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ფსიქოლოგის მომსახურებას ჩართავს პროგრამაში, რადგან ეს ძალიან დაეხმარება ადამიანებს. საფრანგეთში იყო ამის შესაძლებლობა, თუმცა მე არ დამჭირვებია, რადგან ადვილად გადავლახე“, – ამბობს თამილა.

ბოლოს კი დასძენს, რომ მნიშვნელოვანია დადებითი ფიქრები და პოზიტიური განწყობა.

სწორი კვება, კარგი მუსიკის მოსმენა და სუფთა ჰაერზე გასეირნება. „თუნდა ერთი მეგობარი, ვისაც შეუძლია მოგისმინოს, დაჯექი მასთან, ილაპარაკე დიდხანს და ესეც მოგიტანს შვებას.

ასეთი ცხოვრება გვაქვს, – ცუდიც ხდება და კარგიც, მაგრამ უნდა ვისწავლოთ გაძლიერება, რომ გადავრჩეთ“, – ამბობს თამილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: