„ეჭვი ჩნდება, რომ მთავრობის ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს“ – მიიჩნევს „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა პავლიაშვილი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, რატომ გადადო 15 აპრილს პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა და რატომ დააბრუნა „ოცნებამ“ ერთხელ უკვე უკან გაწვეული კანონპროექტი.
- ქალბატონო ირმა, პარლამენტმა რუსული კანონის განხილვის შემდეგი ეტაპი 15 აპრილისთვის ჩანიშნა, დაჩქარებული წესი არ გამოიყენა ამ შემთხვევაში. რა ვერსიები შეიძლება განვიხილოთ, აქტიური წინააღმდეგობის შემდეგ გვაჩვენებს, რომ ნაბიჯებს უკან გადადგამს, თუ ეს არასწორი მოლოდინების გაჩენას და წინააღმდეგობის მუხტის დავარდნას ემსახურება?
ერთი მხრივ, ამ პროცესში საინტერესოა პარლამენტის მიდგომა, თითქოს პროცედურას იცავენ, 12 აპრილს უნდა მომხდარიყო განხილვის პროცესის დაწყება, თუმცა შემდგომ, რეგლამენტის დაცვის მიზნით, რაც ითქვა საჯარო განცხადებით, გადაიდო ორშაბათისთვის. ფორმალურად დაიცვეს 3-დღიანი ვადა, რომელსაც რეგლამენტი გვთავაზობს.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, პარლამენტი პირველ ორ მოსმენას გეგმავს და მესამე მოსმენა უკვე ოქტომბერში უნდა გაიმართოს, საბოლოოდ კანონად ქცევისთვის. ეჭვი ჩნდება, რომ ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს.
მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტით, საარჩევნო წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სესიები არ იმართება. თუ საქართველოში რამდენიმე არჩევნების პრაქტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ პერიოდში მართლაც არ შეკრებილა პარლამენტი და ძირითადად საარჩევნო კამპანიაზე არის მიმართული მთელი რესურსი. შესაბამისად, რომ დავუბრუნდეთ ვარაუდებს, თუ რატომ აკეთებს ასეთ სვლას პარლამენტის უმრავლესობა, პასუხი ერთია – რომ მუხტი შემცირდეს.
მუხტის დაწევასთან ერთად მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი მგონია, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით ამ პერიოდში გაგრძელდება დისკრედიტაციის კამპანია, გამჭვირვალობის საკითხი ისევ პრობლემად რომ იდგეს და დამოკლეს მახვილივით ეკიდოს ჩვენს თავზე ეს კანონპროექტი, რომელიც თითქოსდა გამჭვირვალობისკენ გვიბიძგებს, თუმცა ჩვენ ვიცით და არაერთი აქტია წარმოდგენილი საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტებს უზრუნველყოფს. ასევე, არის შიდა რეგულაციები, რომლებიც სწორედ გამჭვირვალობის სტანდარტებს უზრუნველყოფენ.
- ამის პარალელურად იგივე ორგანიზაციებს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეთ წინასაარჩევნო პროცესი, შემდეგ კი არჩევნების დღის მონიტორინგი…
დიახ, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე ვმსჯელობთ, მათ ანგარიშებს და შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჭრილში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც… როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები შეისწავლიან გარემოს, თუ როგორია საარჩევნო პოლიტიკური გარემო, სწორედ სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს ენდობიან.
გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტია იყენებს ყველა იმ რესურსს, რაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ეს ვნახეთ კვოტების მიმართულებით. შემდგომი განვითარებაც რაც მოყვა, რუსულ კანონთან დაკავშირებით, იყო საჯარო მოხელეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების ჩართულობა.
რომ შევაჯამოთ და ძირითადი კითხვები გამოვკვეთოთ, ერთი – არის სავარაუდო დისკრედიტაციის კამპანია, მესიჯები სწორედ იმ მიმართულებით იქნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები შეექნათ, მათ შორის მათ ანგარიშებს და საზოგადოებამ მათი სანდოობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. გარდა ამისა, არასამთავრობოები არიან სერვისის მიმწოდებლები შშმ პირებზე, ქალებზე… სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. აქ შემოდის თვითცენზურის საკითხი – რამდენად უნდა დაუპირისპირდნენ ისინი სახელმწიფოს, რომელიც გარკვეულწილად მათ სერვისებსაც აფინანასებს.
ის, რომ რუსული კანონი გამჭვირვალობის თაობაზე შემოაქვთ იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიცვან გამჭვირვალობა უფრო მეტად, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია.
საქართველოს კანონმდებლობაში არაერთია აქტია, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტს უზრუნველყოფს. გრანტების შესახებ კანონი, დეკლარაციები რომლებიც იგზავნება საშემოსავლოში, დონორებთან ანგარიშგება.
ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ არა გამჭვირვალობაა ძირითადი მოთხოვნა, არამედ ის, რომ კონკრეტული ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების სტიგმატიზაცია მოხდეს, მათ მუშაობას შეუშალოს ხელი.
ეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს იმას, რომ ღირსების შელახვასთან ერთად შეწყდება შენი სამუშაო პროცესი. დაასრულებ მუშაობას, რადგან მე ძალიან რთულად წარმომიდგენია ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირდება, მოახდენს თავისი თავის სტიგმატიზებას და შემდეგ ამ სტიგმით იმუშავებს.
ასევე, ის მოქალაქეები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვადასხვა სერვისს იღებენ და მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზაციამ უნდა მიეწოდოს შესაბამის უწყებებს ინფორმაციას მათზე, არ მოისურვებენ, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ვგულისხმობ შშმ პირებს, ქალებს და ა.შ.
ასე რომ ერთია, რომ არ დარეგისტრირდები და მეორე – რომც დარეგისტრირდე, შენთან უკვე ის ბენეფიციარი აღარ მოვა, ვინაიდან იფიქრებს, რომ მასზე ინფორმაცია გასაჯაროვდება.
საინტერესოა, რომ 9 ნაბიჯის ფარგლებში ევროკავშირმა ერთ-ერთ ნაბიჯად სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საკითხი წამოწია, საარჩევნო რეფორმასთან ერთად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ეს არჩევნები ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში დგას, ვინაიდან სტატუსის საკითხები და მოლაპარაკების თემატიკა სწორედ ამ ნაბიჯების შესრულებასთან არის დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე, არსებითია, როგორი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები მხოლოდ ერთი დღით არ ფასდება. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი. ამიტომ ყველა ის მოქმედება და პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება, სწორედ იმ კუთხით უნდა იყოს გადადგმული, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ერთ-ერთია 9 ნაბიჯიდან.
- გამოდის, რომ მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ სერვისებს, მეორე მხრივ „ოცნება“ აპელირებს იმაზე, რომ ეს კანონი ყველას არ შეეხება…
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაჩვენებს, რამდენად სჭირდებათ მოქალაქეებს კონკრეტული სერვისების მიღება. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სჭირდება ფსიქოლოგის მომსახურება, რასაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. არაერთ ანგარიშშია იმაზე საუბარი, რომ არ არის თავშესაფრების ხელმისაწვდომობა, ასევე, კრიზისული ცენტრების და ამ ცენტრებში კი იურისტის სათანადო დახმარება მოქალაქეების გაძლიერებას იწვევს.
თუ ეს სერვისები გაქრება, ეს შეეხება ყველას, ვინც ამით სარგებლობს.
ასევე, როდესაც უცხო ქვეყნის ძალად ვაცხადებთ სტრატეგიულ მეგობრებს, რამდენად გააგრძელებენ ისინი დაფინანსებას?! ეს არის სუბიექტი, რომელიც არის ქვეყნის სტრატეგიული მეგობარი, რომელიც განსაზღვრავს შენს მხარდაჭერას და მთელი რიგი პროგრამები დგება, ეს არ ხდება ცალმხრივად, შემოთავაზების ფარგლებში, ეს არის საქართველოს ინტერესი. საქართველომ ითხოვა ეს დახმარება სტრატეგიული პარტნიორებისგან.
რა თქმა უნდა, ის ნეგატიური სახელდება, რასაც იყენებს მმართველი პარტია ამ ორგანიზაციების მიმართ, მათ საქმიანობაზეც აისახება. არცერთ სტრატეგიულ მეგობარს არ მოუნდება შენი მხარდაჭერა, თუ მას უცხო ძალად გამოაცხადებ. უცხო ძალად ცხადდებიან ემიგრანტებიც, მათ პირდაპირ ეხებათ. ისინი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ხომ შეიძლება რაღაც შემოწირულებას აკეთებდნენ კომპანიებში, მათი სახელდებაც იქნება, როგორც უცხო ქვეყნის ძალის.
- რა სამართლებრივი გზები რჩება ამომრჩეველს? თუ, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რაღაც „ტრიუკი“ ჩაატარეს და ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს ეს პროექტი?
დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა დაძლევადია.
როცა აკვირდები და სწავლობ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს, ხედავ რა შემთხვევაში მოხდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც წლების განმავლობაში ადვოკატირებდნენ, მათ შორის, მაგალითად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კვოტირება თავის დროზე, როდესაც კრიტიკული მასა გამოვიდა სამართლიანი პროტესტის გზით, იმ უფლებით, რასაც ადამიანს კონსტიტუცია აძლევს, რომ გამართოს მშვიდობიანი მანიფესტაცია.
შესაბამისად, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური გზის გამოყენება უნდა მოხდეს. კონსტიტუციაში გაწერილია ხალხის ნება, რომ ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია.
- რას გვაჩვენებს ეს დაჟინება, ჯერ დაპირება, რომ აღარ შემოიტანდნენ კანონპროექტს, მაგრამ მაინც დაბრუნება?
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ხალხის კონსტიტუციური ნება უნდა შესრულდეს. ის ძალა, რომელსაც დროებით, არჩევნებით გადაცემული აქვს ლეგიტიმაცია, რომ პოლიტიკა განსაზღვროს, სწორედ ხალხის ნებასთან უნდა იყოს შესაბამისი და როცა ის წინააღმდეგობაში მოდის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება ხდება.
ამავე თემაზე:
„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე
ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი






