სიახლეები

ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

01.03.2024 • 4728
ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად 13 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ოჯახები გეოლოგიურ დასკვნებს ელოდებიან და ამჯერად მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ.

ნერგეეთის მცხოვრებლები სახლების მდგომარეობის შეფასებას ელოდებიან გეოლოგებისგან, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია.

ბაღდათში მცხოვრებლებმა მეწყრით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით სოლიდარობის კამპანია დაიწყეს.

კამპანიის ინიციატორი და აქტივისტი, ლილი ფულარიანი გვეუბნება, რომ დაზარალებულებს ძირითადად სჭირდებათ პირადი და ყოველდღიური სარგებლობის ნივთები:

„ვისი სახლიც გადარჩა, მათ ნაწილს იქაურობის დატოვება იმავე დღეს მოუწია და უკან ნივთების გამოსატანადაც ვერ ბრუნდებიან. ვკითხეთ დაზარალებულებს, რა სჭირდებათ ახლა და რადგან ძალიან ბევრი, წვრილმანი ნივთია საჭირო, თანხის შეგროვება გადავწყვიტეთ.

ვისაც სურვილი აქვს, ჩვენთან ერთად შეუძლია დაუდგეს ამ ოჯახებს გვერდით, შეუძლიათ თუნდაც 1 ლარი ჩარიცხონ.

გამოქვეყნდება ჩარიცხული თანხის ოდენობა, ჩამრიცხველების რაოდენობას და სახელ-გვარებს გამოვაქვეყნებთ. ძირითადად ორგანიზაციის მხრიდან გაფორმდება ოჯახებთან მიღება-ჩაბარების ფორმა“, – ამბობს ლილი ფულარიანი.

ლილი ბაღდათში მცხოვრები აქტივისტი და სოფელ დიმის საინიციატივო ჯგუფის ,,დიმელი ქალების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებს აღწერს, ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია იმერეთის რეგიონის შვიდ სოფელში: ობჩა, დიმი, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი

ლილი გვეუბნება, რომ მისი სოფელიც, დიმი, ამ ჩამონათვალშია და მეწყერსაშიშ ადგილებში მისი სახლისგან მოშორებით, ხალხი ცხოვრობს:

„რაიმე კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მხრიდან იმის შესახებ, თუ სად რა არის მოსალოდნელი, როგორ შეგვიძლია მეწყერსაშიში ადგილების იდენტიფიცირება და პირველადი რეაგირება, არ ყოფილა. პირადად მე ამის მოლოდინი არც მქონია. დოკუმენტებით და ონლაინ მასალებით ვცდილობ ინფორმაციის მოგროვებას. ალბათ თავად მოვიძიებ ვინმეს, ვინც ბუნებრივი კატასტროფების საფრთხის დროს რეაგირებას მასწავლის, მეც და ჩემ გარშემომყოფებსაც.

ჩემს სოფელზე უფრო რთული მდგომარეობაა წითელხევსა და სხვა სოფლებში. იქაც, როგორც ვიცი, ხალხი ისევ დაბზარული სახლების შეფასებას ელოდება. სოფელ ობჩაში შიდა საუბნო გზებიც პრობლემურია, ფერსათი-შუბანის გზაც დამეწყრილია“, – ამბობს ლილი ფულარიანი.

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი. სოფლის დამეწყვრის შემდეგ ნერგეეთიდან 7 ოჯახი გაასახლეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: