„ოცნების“ მიერ წამოწყებული პროცესი ქვეყნისთვის ხაფანგია, მცოცავი ქვიშა, რომელშიც მთელი საზოგადოება და საბოლოოდ, ქვეყანა გაეხვევა და განადგურდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლებამ ეს ცალსახად რუსული, ე.წ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღოს’’ – აცხადებს მწერალი ელზა გურგენიძე.
ელზა გურგენიძე, რომელიც პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს კანონი ხელისუფლების მასობრივი რეპრესიების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაჩუმების, ოსტრაკიზმის, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებისა და დამორჩილების ინსტრუმენტია:
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლებამ ეს ცალსახად რუსული ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღოს.
„ოცნების“ მიერ წამოწყებული პროცესი ქვეყნისთვის ხაფანგია, მცოცავი ქვიშა, რომელშიც მთელი საზოგადოება და საბოლოო ჯამში ქვეყანა გაეხვევა და განადგურდება.
ეს კანონი ხელისუფლებისთვის მასობრივი რეპრესიების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაჩუმების, ოსტრაკიზმის, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინების და დამორჩილების ინსტრუმენტია. მისი მიღებით პრაქტიკულად დაუცველი რჩება ადამიანის უფლებები და, შესაბამისად, თითოეული ადამიანი რეპრესიული რუსული რეჟიმის პირისპირ.
რუსული კანონი ასევე გაანადგურებს ისეც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დამოუკიდებელ მედიას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოური ფონდების დახმარებით არსებობს. საზოგადოება დარჩება სახელისუფლებო და ოლიგარქიული მედიების პირისპირ, რაც თავისთავად საბოლოოდ გაანადგურებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
პუტინის რუსეთში ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებები 2012 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად იქცა ტერორისა და ეგზეკუციის საშუალებად კრემლის ხელში. დღეს ამ პროცესს ეპიდემიის სახე აქვს მიღებული პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე (ყაზახეთი, უზბეკეთი), სადაც რუსეთი თავის გავლენებს აძლიერებს და სადაც დაუშურებლად აფინანსებს მეხუთე კოლონებს.
წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გველოდება და მედიის თავისუფლებას, საზოგადოებაში თავისუფლების განცდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაუშვებელია საარჩევნო ურნასთან შეშინებული, არაინფორმირებული და სახელისუფლო მედიის მიერ დაზომბირებული მოქალაქე მივიდეს.
არ უნდა მოგვატყუოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ. ეს გადაწყვეტილება ევროპამ ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატური ნაბიჯების მიუხედავად და არა წყალობით მიიღო. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა თავიდან ავიცილოთ რეალური რუსული სრული ოკუპაციის საფრთხე ამ გადამწყვეტ ეტაპზე, ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში არასწორ ადგილას არ აღმოვჩნდეთ და ხელიდან არ გავუშვათ ჩვენი ისტორიული შანსი, დავბრუნდეთ ევროპაში, ევროპულ ღირებულებებში და ცივილიზაციაში.
არავის გვაქვს პასუხი და ახსნა, თუ რატომ აბრუნებს ხელისუფლება რუსულ კანონს ხელახლა, რადგან „კიდალა“ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, ჩრდილში დგას, ხოლო თანამდებობებზე დანიშნული მარიონეტები მდინარაძე-კობახიძის სახით არაფერს წყვეტენ და, დარწმუნებული ვარ, არც თვითონ იციან ამ კითხვაზე პასუხი.
მოდი, ვთხოვოთ, კითხონ ივანიშვილს – Почему ты опать нас кинул, батя?“
- რა ხდება
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს.
ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.
_____________
ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი
ამავე თემაზე:
ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე
„ოცნებამ“ შექმნა დაძაბულობა იმ დროს, როცა ქვეყანა ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს – ბერძენიშვილი






