ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დამეწყრილი გზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას და ჩამოშლილი ფერდობის დატერასებას 1 მილიონი ლარი დასჭირდება. ბაღდათის მერიამ ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
2024 წლის 7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი. სოფლის დამეწყვრის შემდეგ ნერგეეთიდან 7 ოჯახი გაასახლეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
„მიმდინარე წლის 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე განვითარდა სტიქია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებულ იქნა კატასტროფული ხასიათის კლდეზვავური ტიპის მეწყრულ მოვლენად.
მეწყერმა გამოიწვია მთის ფერდობის მოწყვეტა, რომლის შედეგადაც 150 000-160 000 კუბური მეტრის მიწის მასამ სრულად დაფარა სოფელ ნერგეეთის საცხოვრებელი ტერიტორია და საავტომობილო გზა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდა კრიტიკულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე 60 000 კუბური მეტრის მოცულობით [საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული სოფელ ნერგეეთის ვაკისი] და ამასთანავე აუცილებელია ჩამოშლილი ფერდობის ფორმირება და დატერასება, საავტომობილო გზისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების – ნაშალი მიწის ხელახალი ჩამოშლისგან დაცვის მიზნით“ – აღნიშნულია ბაღდათის მერიის განაცხადში.
ამავე განაცხადის მიხედვით, „აღნიშნული მოცულობებისა და ფასის გაანგარიშება წარმოადგენს საორიენტაციო სახელშეკრულებო მონაცემებს, რომლებიც სამუშაოების შესრულების შემდეგ დაზუსტდება“.
„ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარებას, ტენდერის დასრულებას ესაჭიროება არანაკლებ 20 კალენდარული დღე, ხოლო შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებას, საუკეთესო შემთხვევაში 10 სამუშაო დღე მაინც, შესაბამისად, სამუშაოების დასაწყებად საჭიროა არანაკლებ 35-40 დღე მაინც.
აღნიშნული ვადით შესყიდვის დაყოვნება გამოიწვევს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გახანგრძლივებას დამატებით 40 დღით, იმ პირობებში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გამაგრებულ იქნას ჩამოშლილი ფერდობი და აღდგენილ იქნას უსაფრთხო მიმოსვლა,“ – აღნიშნულია ბაღდათის მერიისგან შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 5 აპრილს გაგზავნილ წერილში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მერიის განაცხადის განხილვის დროდ 2024 წლის 12 აპრილია ჩანიშნული.
განაცხადს თან ახლავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით:
- „მეწყრის მოწყვეტის ფლატის ძირში ფიქსირდება გრუნტის წყლების ფრონტალური გამოსავლები… სავარაუდოდ, შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად [უკუსვლით] გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მეტრში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები.
- მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. ეს ოჯახები გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანას ექვემდებარება.
- გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფელ ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა.
- პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური“.
გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნა ვრცლად ნახეთ აქ: ნერგეეთში განგაშის სისტემა დამდგარი შედეგების ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური – სააგენტო
ამავე თემაზე:
მყინვარულ ხეობებში საფრთხეებს 594 ათას ევროდ შვეიცარიული კომპანია გამოიკვლევს