ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია.
რა ჩანაფიქრი აქვს ხელისუფლებას, რატომ მიიჩნევს „ქართული ოცნება” მტრად მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, აანალიზებს თუ არა ხელისუფლება, რომ ამგვარი მიდგომა საფრთხეს უქმნის ჩვენი ევროინტეგრაციის გზას? „ბათუმელებმა” რუსული კანონის შესახებ ამ კითხვებით ლევან ბერძენიშვილს მიმართა.
ლევან ბერძენიშვილი: „ოცნება ახლა საარჩევნოდ ემზადება, ლგბტ თემებსა და აგენტებზე საუბრით სურთ მოიპოვონ უპირატესობა და დარწმუნებულები არიან, რომ ამას შეძლებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ხალხი დაიღლება, ქუჩაში აღარ გამოვა.
ანალიზის უნარი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, არც არასდროს გამოირჩეოდა აზროვნების სიძლიერით. მას ეჩვენება, რომ ახლა კარგი დროა რუსული კანონის დასაბრუნებლად. კანონის უკან დაბრუნებაზე განცხადება გააკეთებინეს კაცს, რომელიც ერთი წლის წინ ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს არასდროს დააბრუნებდნენ. სწორედ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რუსული კანონი დაბრუნდება.
ყველა ხელისუფლება საქართველოში თვითონ იმხობს ხოლმე საკუთარ თავს.
კანდიდატის სტატუსი შეიძლება წაგვართვან ამ კანონის გამო, კი, მაგრამ გაცილებით საშიშია კანდიდატის სტატუსი გვქონდეს 60 წელი, როგორც თურქებს აქვთ და წინ ვერ წავიწიოთ. სტატუსი გვინდა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრები. თუ ეს 2030 წელს არ მოხდება, ევროკავშირში გაერთიანების პროცესი შეიძლება 2050 წლამდეც გაიწელოს.
კანდიდატის სტატუსი ნიშნავდა დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს. თუ წელს არ დაიწყო მოლაპარაკება, ჩათვალეთ, რომ 2030 წლის შემადგენლობაში ჩვენ აღარ ვიქნებით. შემდეგ კი მოინდომებენ თუ არა კიდევ ევროკავშირის გაფართოებას, არავინ იცის. ასეთი შანსის დაკარგვა არ შეიძლება, მაგრამ ხელისუფლება ამ საფრთხეს არ ითვალისწინებს, შეიძლება იმიტომ, რომ არ უნდა ევროკავშირის წევრობა. დაავალეს, ახლა აღარ გინდათო.
„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ არჩევნების მოგება სურს, ევროპასაც შესწირავენ ამ სურვილს და ამერიკასაც.
ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე, ხალხზე. შემთხვევითი ხალხი როცა ხვდება პოლიტიკაში, სულ ასეა ხოლმე.
მოწმე ვარ ჩვენს ყოფილ, სასაცილო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს რა უთხრა ჰოლანდიის პრემიერმა. მე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ვარო, ასე წარადგინა თავი მაშინ ღარიბაშვილმა. ჰოლანდიის პრემიერმა კი უპასუხა შენ არც ლიდერი ხარ და არც ახალგაზრდაო. ეს იყო შეხვედრა, რომელზეც ღარიბაშვილი სამი მანქანით მივიდა, ჰოლანდიის პრემიერი კი ველოსიპედით.
ხელისუფლება ებრძვის მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ საერთოდ არ უნდათ კრიტიკის გაგონება. მედია არის პირველი სამიზნე, შემდეგ იქნება ინტერნეტში შეზღუდვები და ა.შ. ეს გზა გავლილია და ზეპირად ვიცით რას გააკეთებენ, მათ არ უნდათ არცერთი ტელევიზია, რომელიც მათ არ აქებთ, ისინი არ უნდა არსებობდნენ, უნდა იყოს მხოლოდ „იმედი“ და „რუსთავი 2“.
ტელევიზია, ჟურნალისტიკა საერთოდ არაა საჭირო ამ ხელისუფლების აზრით. ფაქტების მოპოვებაც კი არ იქნება საჭირო. ეთერებში იქნება ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ ბიძინა დიდია და მამუკა მდინარაძე კი გრანდიოზული.
ხელისუფლებას მედიების დახურვა უნდა, ეს აშკარაა. მათთვის იმის წარმოდგენაც კი, რომ შეიძლება გააკრიტიკონ, მეტისმეტია.
ვინ არის „ოცნების“ თავკაცი ივანიშვილი? არასაჯარო ტიპი, რომელიც მოგეხსენებათ, საერთოდ არ ჩანს, რადგან არ შეიძლება მისი გამოჩენა, სირცხვილია. კაცმა არ იცის ლაპარაკი, არ იცის დგომა, არ იცის გაღიმება, არ შეუძლია ფეხბურთელებს მიულოცოს გამარჯვება.
„ქართულმა ოცნებამ“ სპეციალურად შექმნა რუსული კანონის დაბრუნებით დაძაბულობა ქვეყანაში. ზუსტად იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს.
მათ სჭირდებათ ეს დაძაბულობა.
ახლა ხელისუფლებას არ აძლევს ხელს ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკი, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან და ლაპარაკობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, წაგებულია და ა.შ. ამ დროს თავადვე აკეთებენ ყველაფერს ოპოზიციის გასაძლიერებლად.
ოპოზიციის სისუსტეს ჩვენ ვერ დავინახავთ ხვალ თუ მრავალათასიანი მიტინგები დაიწყება და გამოჩნდება, ვინაა სუსტი სინამდვილეში“.