ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია.
კითხვებით: რას ფიქრობს რუსულ კანონზე, რა პრობლემები შეიძლება შექმნას, რატომ დააბრუნა მმართველმა გუნდმა ეს კანონი განსახილველად და რატომ უკეტავს რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირის კარს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლალი ანთიძეს მივმართეთ.
„პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი მორალია. პოლიტიკოსის იარაღს სიტყვა, პირობა, საჯარო განცხადებები წარმოადგენს. ძნელია, იყო ლექტორი/მასწავლებელი, ახალი თაობის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების მონაწილე და ბოლოს და ბოლოს მოქალაქე, და გულგრილი დარჩე მსგავსი ქეისების მიმართ, რომელიც ბუნდოვანს ხდის ახალგაზრდებისა და ქვეყნის მომავალს.
ან როგორ უნდა აუხსნა მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომ ერთი წლის წინანდელი საჯარო განცხადებების ამოყირავება ნორმაა…
მართალია, ბევრჯერ გავმხდარვართ პოლიტიკოსების მხრიდან უტიფრად დარღვეული საჯარო პირობის მოწმე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა.
დღეს, როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, როცა გეოპოლიტიკური რყევები ასეთი გლობალური გახდა და ამ პირობებში გვაქვს საოცრად მყიფე სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც ასე რეზონანსულია.
იმ პირობებში, როცა ქვეყანა მთლიანად მეგობარი ქვეყნების დახმარებით საზრდოობს (ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ მოიძიებთ ინფორმაციას, რომ ყველა გრანდიოზული თუ მცირე პროექტი აშშ-სა და ევროპული გრანტებით ხორციელდება), შეუძლებელია, უგულებელყო მეგობარი სახელმწიფოების ცალსახა უარყოფითი შეფასება, რომლებიც ღიად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადაიდგას ესოდენ დამღუპველი ნაბიჯი.
ნატოს გენერალური მდივნის და ევროკავშირის ქვეყნების უარყოფითი დამოკიდებულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი მგონია.
ძნელად წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებას არ ესმოდეს იმ ფასის მნიშვნელობა, რის გადახდაც ამ კანონპროექტის გაცოცხლებით მოუწევს. სწორედ ეს გარემოება აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, თუ რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან.
ისიც გაუგებარია, რატომ გახდა ყველაზე აქტუალური უკვე ერთხელ უკან გაწვეული კანონპროექტის დაბრუნება, როცა ასეთი უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში მოსახლეობის მასიური გადინების, უკიდურესი სიღარიბის პირობებში ფასების რეკორდული ზრდისა და განათლების დონის კატასტროფული მდგომარეობის ფონზე. უპრიანია, საზოგადოებას კი არ უხდებოდეს მისი მიუღებლობის დადასტურება, თავად ხელისუფლება უნდა ხსნიდეს, თუ რატომ გახდა აქ და ახლა ეს საკითხი აქტუალური.
არგუმენტი, რომელსაც სახელისუფლებო წრეებიდან ვისმენთ, ძირითადად ორ საკითხზე დაიყვანება:
1. სამოქალაქო სექტორისა და მედიების მუშაობის გამჭვირვალობა;
2. სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს მსგავსი კანონპროექტი.
მათ გაბათილებას არ სჭირდება დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ნებისმიერი უცხოური გრანტი ისედაც გამჭვირვალეა და სკრუპულოზური სიზუსტით ხორციელდება, დეკლარაციებიც ივსება. განსაკუთრებით საგანგაშოა მე-2 მუხლის 1 ა) პუნქტი, რომლის მიხედვითაც 20%-ზე მეტი დაფინანსების მიღების პირობებში ა(ა)იპ-ს ავტომატურად მოეთხოვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება.
აგენტების გამოვლინება შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების პრეროგატივაა. აშშ-სა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოქმედი მსგავსი კანონებისგან განსხვავებით, ქართულ ვერსიაში არ არის დეკლარირებული ის საკითხები და ქვეყნები, რომლისგანაც უნდა მოხდეს პრევენციული თავდაცვა. ეს საკითხი იმდენად ბუნდოვანია, რომ დაინტერესების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იოლად არის შესაძლებელი მანიპულაციები, უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის გაჟონვაც კი.
მსგავსი პროცესები, როგორც წესი, სამოქალაქო ცნობიერების და მოქალაქეობის კულტურის ამაღლებას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თამაშის წესების ფორმირებას უწყობს ხელს. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერების და წინდახედულების. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც რაციონალური ინსტრუმენტებით გაუმკლავდება”- ამბობს ლალი ანთიძე.
ამავე თემაზე:
ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე
ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი