ახალი მიკროავტობუსები ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, მაგრამ არა ყველასთვის

ხელვაჩაური – ბათუმის გზაზე ახალი მუნიციპალური, სამარშრუტო მიკროავტობუსები მოძრაობს, მაგრამ კომფორტული და იაფი ტრანსპორტით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, ვერ შეძლებენ.

ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებულია.

პროფესიით არქიტექტორი, 27 წლის ნოდარ ქარცივაძე ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ბათუმში მუშაობს. ნოდარი ეტლით მოსარგებლეა და ეს პრობლემა მას უშუალოდ ეხება. 10 წელია ნოდარი ამ თემაზე საუბრობს, თუმცა ამაოდ – პრობლემა პრობლემად რჩება.

ნოდარი ამბობს, რომ ჯერ კიდევ მიკროავტობუსების შესყიდვამდე შეხვდნენ ბათუმის ავტოტრანსპორტის წარმომადგენლებს შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად:

„ვთხოვეთ და შემდეგ წერილობითაც მივმართეთ, რომ ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებული არ ყოფილიყო. მაშინ არ იყო შესყიდვა განხორციელებული, ბაზარს იკვლევდნენ. ვიცოდით, რომ ადაპტირების ნაწილი გათვალისწინებული არ ჰქონდათ, რადგან ტექნიკურ დავალებაში ეს არ ეწერათ.

ჩვენი ინიციატივა იყო მიკროავტობუსების ნაწილში მომხდარიყო ადაპტირების გათვალისწინება, თუნდაც გარკვეულ რაოდენობაზე. მაგალითად 20 პროცენტზე და ამ მიკროავტობუსებს იმ ხაზებზე ემუშავა, სადაც ეტლით მოსარგებლეები ვცხოვრობთ…

არაადაპტირებული ავტობუსები ჩამოიყვანეს და ახალშენის მიმართულებითაც არ დანიშნეს, სადაც მე ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 10 წელია, რაც ჩემი საჭიროების გათვალისწინებას ვითხოვ და საბოლოოდ, მაინც ყურადღების მიღმა დავრჩი“, – ამბობს ნოდარი.

ნოდარის თქმით, ავტოტრანსპორტის წარმომადგენლებმა მაშინ უთხრეს, რომ ეცდებიან მათი თხოვნის გათვალისწინებას, თუმცა ვერ დაჰპირდებიან და მიზეზად ადაპტირებული ტრანსპორტის უფრო ძვირი ფასი დაასახელეს.

ნოდარ ქარცივაძე

ნოდარი ამბობს, რომ გადაადგილების პრობლემა დიდი ქალაქების მიღმა განსაკუთრებული პრობლემაა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ხელვაჩაურში რამდენიმე ერთეულ ადაპტირებულ მიკროავტობუსს მაინც ემოძრავა.

„ქალაქში გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ გარეუბნებთან კავშირი მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით მინიმალურია. ის მიკროავტობუსები, რომლებიც ჩამოიყვანეს, დაახლოებით 10-15 წელი ხომ იმუშავებს? გამოდის, რომ გაუთვალისწინებლობის გამო ბათუმის შემოგარენში მცხოვრებმა ადამიანებმა ამდენი წლით დაკარგეს შესაძლებლობა, ჩართული იყვნენ აქტივობებში, გადაადგილდნენ“ – გვეუბნება ნოდარი.

30 წლის ანა ბარათაშვილიც ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში ცხოვრობს. ანა ეტლით მოსარგებლეა. მას მწერლობა სურს და ამბობს, რომ ბევრჯერ ჰქონია სურვილი მნიშვნელოვან შეხვედრებს თუ ტრენინგს დასწრებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ანა ამბობს, რომ ბათუმიდან მოშორებით ცხოვრება მას, როგორც შშმ პირს, ორმაგ სირთულეებს უქმნის.

„ყოველდღე მაქვს ბრაზი. ახალი თაობა ვართ მიზანდასახული, ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ შესაძლებლობები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც მდიდარია, ჩვენ კი 90-იანებში დაბრუნებას გვიპირებენ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას და სწორედ ეს მაბრაზებს.

…წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, მარტოს შეგეძლოს წახვიდე მეგობართან, მაღაზიაში ან უბრალოდ მარტო გასეირნება, როცა არავის დახმარება არ გჭირდება“ – გვეუბნება ანა.

იგი ამბობს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის ფონზე ძველ ელექტრონულ ეტლში თავს დაცულადაც არ გრძნობს.

ანა ბარათაშვილი

ანა მიიჩნევს, რომ ისიც კი, რაც შშმ თემის სასიკეთოდ კეთდება, იმდენად იწელება დროში, რომ გაკეთებული საქმის ეფექტურობა საგრძნობი არ არის:

„ძალიან გულწრფელი ვიქნები, მუშაობენ, ოღონდ როგორ მუშაობენ იცით?! შეიძლება ერთი რამის გასაკეთებლად 2-3 წელი დასჭირდეთ. მათი მუშაობა არაეფექტურია და რასაც აკეთებენ, ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა“.

ორგანიზაციის, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ იხსენებს, რომ ახალი მიკროავტობუსების ადაპტირების საჭიროებაზე ბათუმის მერთანაც ჰქონდა შეხვედრა:

„დაპირება [ბათუმის მერისგან] არ ყოფილა, რომ უეჭველად შემოვიდოდა… მაგრამ მე ვთქვი, რომ წლებია ეს ადამიანები ელიან ტრანსპორტს განათლების მისაღებად, დასაქმებისთვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად, იმისთვის რომ დამოუკიდებლად იგრძნონ თავი. ეს მათი ელემენტარული უფლებაა“.

თომა იხსენებს, რომ 2012 წელს, როცა ბათუმში პირველად შემოვიდა ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმის ავტოტრანსპორტმა პირობა დადო, რომ ამის შემდეგ ქალაქში არაადაპტირებული ტრანსპორტი აღარ შემოვიდოდა:

„თუმცა 2018 წელს შემოვიდა საშინელი ადაპტირების პანდუსებით… შემდეგ, 2020-ში თუ 2021-ში, იყო ცოტათი უკეთესი ხარისხის, იმიტომ, რომ წინა გამოცდილება გავითვალისწინეთ და ინტენსიური შეხება გვქონდა ბათუმის მერიასთან, ავტოტრანსპორტთან… გვახსოვს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებმა წელს შეიძინეს ავტობუსები, რომლებიც თვეობით იყო გაჩერებული…

ახლახან შეიძინეს ბათუმისთვის და ხელვაჩაურისთვის მიკროავტობუსები და არცერთი არ არის ადაპტირებული. არჩევნების წინა დღეებში გააკეთეს პრეზენტაცია და გამოდიან და ტრაბახობენ, რომ აი, ავტოფარეხი გავაფართოვეთ, განვაახლეთ… ადრე მოჰქონდათ თავი, ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანით…

2024 წელს არაადაპტირებული მიკროავტობუსების შემოყვანა დანაშაულია, კონვენციის დარღვევაა და ამაზე უნდა მოეთხოვებოდეთ პასუხი“ – ამბობს თომა, რომელიც წლებია შშმ პირების საჭიროებებზე მუშაობს..

თომა კაკაბაძე

მისი თქმით, აპირებენ ამ საკითხს სამართლებრივადაც გაჰყვნენ.

თომა კაკაბაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, არაადაპტირებული ქუჩები თუ შენობები უმთავრეს გამოწვევად რჩება შშმ თემისთვის, რადგან ამით ადამიანის ერთ-ერთი პირველი საჭიროება და გადაადგილების თავისუფლების უფლება იზღუდება.

„ჩვენ არასდროს გვრთავენ დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. სწორედ ესაა ჩვენი პრობლემების სათავე.

კანონმდებლობის დონეზე დარეგულირებულია, კონვენცია გვაქვს, მისი შესაბამისი კანონი მივიღეთ შშმ პირთა უფლებების შესახებ, მივიღეთ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რომელიც 2021 წლის მარტიდან შევიდა ძალაში, თუმცა ამ დოკუმენტის განხორციელებისთვის არაფერი არ ხდება, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება და არ გაგვაჩნია სამოქმედო გეგმა… რომ განისაზღვრა კანონმდებლობაში, რომ 2035 წლისთვის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს აშენებული, რეაბილიტირებული, „გადაკეთებული“ შენობები და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების საჭიროებებზე, როგორ მივდივართ ამ მიზნამდე, პირველ ეტაპზე რას ვაკეთებთ, მეორეზე – ეს გეგმა არ არსებობს“ – განმარტავს თომა.

იგი აქვე იხსენებს 2014 წლის ე.წ. 41-ე დადგენილებას [შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე], რომლის დასახელებაც, თომას თქმით, „ირონიულია“.

„ამ დადგენილებას 2019 წლამდე ჰქონდა მოქმედების ვადა და ეს ვადა ისე გავიდა, რომ თბილისში კანცელარიასთან გახსნილი პანდუსის გარდა არაფერი შერჩენია ჩვენს თემს“ – ამბობს თომა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სულ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარი გამოიყო.

რატომ არ გაითვალისწინა შშმ პირების საჭიროებები „ავტოტრანსპორტმა“? – ამ კითხვაზე მუნიციპალური ორგანიზაციისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

კომენტარისთვის მივმართეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც. ხელვაჩაურის მერიისთვის გვინდოდა გვეკითხა, აპირებს თუ არა მუშაობას ამ საკითხზე, თუმცა მერიიდან კომენტარი ვერ მივიღეთ.

„მერია შენობის დაცლას გვთხოვს“ – როგორ აისახა რუსული კანონი ახალგაზრდულ ცენტრზე

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ცენტრის დამფუძნებელმა, ლუსინე დოსტიბეგიანმა ფეისბუქზე.

ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ერთადერთი განვითარების კერაა თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა გაუქმდეს.

შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან უზუფრუქტის წესით ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მერია სავარაუდოდ აღარ აპირებს ცენტრისთვის შენობის დათმობას.

რუსული კანონის დამტკიცებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ცენტრს თეთრიწყაროს მერიამ წერილობით მიმართა და შეახსენა, რომ 26 სექტემბერს უზუფრუქტის ხელშეკრულებას ვადა გასდის და შენობა არა უგვიანეს 3 ოქტომბერს უნდა ჩააბარონ.

მიტოვებულ შენობას ახალგაზრდებმა რეაბილიტაცია ჩაუტარეს, თუმცა ახლა მერია მათ გამოსახლებას აპირებს.

„ამ შენობით 6 წელია ვსარგებლობთ და ამ ხნის განმავლობაში მერიას არც ერთხელ მსგავსი წერილი არ მოუწერია წინასწარ, რომ 26 სექტემბერს გაგდით ვადა და 3 ოქტომბერს მოახდინეთ შენობის მიღება-ჩაბარებაო, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, რა თქმა უნდა, რადგან ყოველთვის ჩვენ მივმართავდით ხოლმე ვადის გაგრძელებაზე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლუსინე დოსტიბეგიანი.

როგორც ლუსინე გვეუბნება, მერიას წერილით მიმართა და სთხოვა ხედვის წარმოდგენა, თუ როგორ აპირებდა მერია ცენტრთან თანამშრომლობას. მერიიდან ცენტრს უპასუხეს, რომ შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინა წერილით, სადაც მერია შენობის მიღება-ჩაბარების თაობაზე აფრთხილებს ცენტრს.

„ამის შემდეგ, ისევ მივწერე წერილები მერია და ვთხოვე მათი გადაწყვეტილებების გადახედვა, რომ საქმიანად გაგვევლო ეს საკითხი და ასევე გვესაუბრა იმაზე, რაც ამ წლებში ერთად გავაკეთეთ თემის განვითარებისთვის. თუმცა მათგან შესაბამისი უკუკავშირი არ ყოფილა“-ამბობს ლუსინე.

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც არსებობის დღიდან დღემდე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებდა, არ დარეგისტრირდა რუსული კანონის რეესტრში.

შენობისა და დონორების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ორგანიზაციას არსებობის გაგრძელების რესურსები ეწურება.

ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები

„ცენტრი 2016 წელს შევქმენით ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, 2018 წელს კი მუნიციპალიტეტიდან უსასყიდლო სარგებლობის წესით გადმოგვეცა ძველი სასამართლოს შენობა, რომელიც დახურული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. დროთა განმავლობაში შენობა მოვაწესრიგეთ, გავარემონტეთ და ამ ყველაფერს ვაკეთებდით სხვადასხვა დონორების დაფინანსებით: „ქალთა ფონდი“, „ორბელიანი საქართველო“, რომელიც მოხალისეებს უწყობდა ხელს, საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრი და ასე შემდეგ.

ჩვენი საქმიანობის შესახებ არაერთხელ დაიწერა მედიაშიც და ყველა ხედავდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი სათემო ორგანიზაცია ვართ, რადგან თემში არსებულ პრობლემებზე ვმუშაობდით და ვცდილობდით მუნიციპალიტეტთან ერთად გვემუშავა ყველა იმ პრობლემაზე, რაც აქტუალური იყო ჩვენი მოსახლეობისთვის.

ახალგაზრდული საკითხებზე ვმუშაობდით, ქალების გაძლიერებაზე, მიუსაფარ ცხოველებზე, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ახალგაზრდული სივრცეების შექმნაზე და ეს არის ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესი.

გარდა დონორებისა, ამ აქტივობებში იხარჯებოდა ჩვენი გუნდის წევრების რესურსებიც. მოხალისეობრივ საწყისებზეც ვაკეთებდით ბევრ აქტივობას, ჰონორარის გარეშე და მუნიციპალიტეტისთვისაც ვიყავით სამაგალითო სათემო ორგანიზაცია და ეს არაერთხელ აღუნიშნავთ.

ახალგაზრდულ ცენტრს, როგორც საუკეთესო სათემო ორგანიზაციას, ჯილდოც აქვს მიღებული.

ამ ცენტრის აქტივობების მეშვეობით ახალგაზრდები ვითარდებოდნენ, აძლიერებდნენ ლიდერობის, კომუნიკაციის უნარებს, ხშირად ვაწყობდით საველე აქტივობებსაც – ბანაკებს, ლაშქრობებს, რაც ხელს უწყობდა ახალგაზრდებს უკეთ გაეცნოთ ის გარემო, სადაც ცხოვრობდნენ, გაეცნოთ ამ კუთხის ისტორია, კულტურა, ვზრუნავდით გარემოს დაცვაზე და ასე შემდეგ“ -გვიყვება მათი საქმიანობის შესახებ ლუსინე დოსტიბეგიანი.

ამ დროის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა საბოლოდ, როცა ახალგაზრდული ცენტრი გაძლიერდა და უფრო გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი, სწორედ ამ დროს მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, რომელიც რეალურად ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს განვითარებაში.

„საქმე იმაშია, რომ ამ პროცესებმა რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, შეასუსტა აქტივობებიც, რადგან გავანულეთ ანგარიშები და არც კი ვიცით, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას.

აქამდე ყოველთვის გვქონდა განვითარების სტრატეგიული გეგმა, ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა თეთრიწყაროს განვითარების მიზნით, მაგრამ უკვე პრობლემები შეგვექმნა.

არადა ბავშვებს ჰქონდათ სურვილი, რომ რობოტექნიკის ოთახი გაგვეკეთებინა და ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი, ისეთი ახალგაზრდული ცენტრის შექმნა გვინდა, როგორსაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. აქ ხომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლია.

ახლაც სასწავლო ტურით ბოსნიაში ვიმყოფები, სამი ბავშვი მყავს წამოყვანილი და ვეცნობით ევროპული ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობას, რომ დაბრუნების შემდეგ ჩვენც გამოვიყენოთ აქ მიღებული გამოცდილება.

ბევრისთვის ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში და ძალიან გახარებული არიან ბავშვები. ჩვენთან, მუნიციპალიტეტში, მსგავსი ტიპის სივრცეების სერიოზული ნაკლებობაა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი არსებობა ახალგაზრდებისთვის და სათემო სოციალიზაციისთვის“ – ამბობს ლუსინე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი თეთრიწყაროს მერია შენობას წაართმევს ახალგაზრდულ ცენტრს და ამით შეაფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას და განვითარებას, ისინი თვითმმართველ ორგანოსთან აღარ ითანამშრომლებენ.

ახალგაზრდული ცენტრი

„საფუძვლიანად გადაიხედება მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ ყველანაირი ურთიერთობა შევწყვიტოთ და ეს გარკვეულწილად მათთვისაც იქნება დანაკლისი, რადგან ჩვენ რეალურად ძალიან ვეხმარებოდით მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას ერთმანეთთან ურთიერთობაში და საერთო პრობლემების მოგვარებაში“-ამბობს ლუსინე დოსტიბეგიანი.

მისი თქმით, მერიაში მოგვიანებით უთხრეს, რომ შენობა, სადაც ამჟამად ახალგაზრდული ცენტრია განთავსებული, სატრანსპორტო კომპანიისთვის უნდათ.

„მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადმოეცა, რომელსაც ხალხი მიჰყავს თბილისში, მარნეულში და ეს კომპანია უნდა შევიყვანოთო. ისინი ახლა ქირით გვყავს შეყვანილი ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში და თქვენ კი უფასოდ ხართო.

არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო ამ ყველაფერს“ – ამბობს ლისინე დოსტიბეგიანი.

ბათუმში პარკირების გამო კაცი დაჭრეს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, პარკირების მიზეზით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის კაცმა ერთი ადამიანი დაჭრა. „ბათუმელების“ ცნობით, კაცს ჭრილობა დანით, ფეხის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს დაჭრის ფაქტს. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე  მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ილიაუნი: არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი  შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.

ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10  სამუშაო დღე აქვს“ – განცხადებას ილიაუნი უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

ექსპერტთა შეფასების დოკუმენტი, სადაც ილიაუნს ყველა კომპონენტში დადებითი შეფასება აქვს მიღებული.

განცხადება დღეს, 27 სექტემბერს, 13:42 საათზე გამოქვეყნდა.

ილიაუნი აქვე ასაჯაროებს ექსპერტთა შეფასებების დოკუმენტსაც, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტს დადებითი შეფასება აქვს მიღებული ყველა კომპონენტში, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მათ ავტორიზაცია არ მისცა.

ავტორიზაციის საბჭო 2024 წლის 6 მარტს ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომლის შემადგომლობაში არიან შედეგი პირები:

ავტორიზაციის საბჭოს წევრები.

საბჭოში მე-16 წევრად შედის თამარ იოსელიანი, რომელიც შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, საბჭოს წევრებიდან რამდენი ესწრებოდა ავტორიზაციის სხდომას.

____________

ამ თემაზე:

ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“

ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“

განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელისუფლება ავტორიზაციის პრობლემას უქმნის.

„სამწუხარო რამ გააკეთეს, გუშინ ილიას უნივერსიტეტს, რომელიც გადიოდა ავტორიზაციის პროცესს, მისცეს პირობითი ავტორიზაცია. რას ნიშნავს ეს?

ავტორიზაციის პროცესში მიდიან უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და იკვლევენ ამ უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, რომ ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მათ უნდათ, შემდეგ წერენ დასკვნას და ეს დასკვნა გადის ავტორიზაციის საბჭოზე.

მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა დასკვნა დადებითი ყველა მიმართულებით, ავტორიზაციის საბჭომ ასე გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს სრულად ავტორიზაციის მოთხოვნებს და მიიღებს პირობით ავტორიზაციას, მერე გაივლის შემოწმებას ერთი წლის შემდეგ და გაირკვევა, ექნება თუ არა ავტორიზაცია ამ უნივერსიტეტს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია პირდაპირ ჩართვაში.

მისი თქმით, როცა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს სთხოვა განემარტა მიზეზები, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ორჯონიკიძემ, შეხვედრა დროებით დატოვა.

„სავარაუდოდ გარეთ გასვლის შემდეგ ის ვიღაცას მოეთათბირა, რადგან არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ დილითაც დაურეკეს მას. შემდეგ ის ბრუნდება ავტორიზაციის საბჭოზე და ამბობს, რომ ის არ არის ვალდებულო განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ იქცევა ის, როგორც იქცევა და ვერ მიიღეს პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, სამწუხაროა ისიც, რომ ავტორიზაციის წევრებიდან მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ, მიუხედავად ექსპერტების შეფასებისა, რომ ყველაფერი წესრიგშია.

„რატომ ხდება ეს ასე? კონტექსტში, რომ განვიხილოთ, არის თუ არა ეს უბრალოდ უნივერსიტეტის პროგრამების პრობლემა. შარშან, როცა პირველად გამოიტანეს რუსული კანონი, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ასევე ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ როდესაც აქ ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მას ჰქონდა ილიას უნივერსიტეტში და იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს.

ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ილიას უნივერსიტეტზე შეტევა, მაგალითად, მიუქსიეს ახალგაზრდები რექტორს და დააბრალეს, რომ პანდემიის პერიოდში მან ზედმეტად ცოტა ფული დახარჯა საწვავზე. აი, ასეთი აბსურდული რაღაც დაიწყეს.

ამას მოჰყვა ის, რომ სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო და დააწერინა წერილები, სადაც უნივერსიტეტები თითქოს ემიჯნებოდნენ პოლიტიკას და ამ წერილს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა არ მოაწერა ხელი.

მერე განათლების სამინისტრომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გვერდის ავლით გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის თუ აკრედიტაციის პროცესში და ამ მუქარას ასრულებს სახელმწიფო.

შიგადაშიგ ირაკლი კობახიძე იძახის, რომ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით არიან დანიშნული უნივერსიტეტებში და რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია მხოლოდ ორი უნივერსიტეტის განვითარება. ამ კონტექსტში გადაწყვეტილების მიღება აი, ასეთი ფორმით, გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, ამის ნიშნები არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტთან მიმართებით ჩანს, თუნდაც იმაში, რომ, მაგალითად, ბათუმის უნივერსიტეტმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს ხელშეკრულება (სავარაუდოდ) აღარ გაუგრძელა.

„ასეთ პირობებში, ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ დამოუკიდებელ უნივერსიტეტს აღარ დაინდობს. ეს ყველაფერი საგანგაშო“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ედისონის ცენტრი 4 ოქტომბერს ბათუმში საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციას გამართავს

თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოების ცენტრმა ოპერირება სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია.

კონფერენცია ორ ეტაპად – პირველ ოქტომბერს თბილისში, ხოლო 4 ოქტომბერს ბათუმში სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება.

ღონისძიებას ლატვიის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ენერგეტიკოსთა ასოციაციის ექსპერტები გაუძღვებიან. ბათუმის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საკითხი აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ პრობლემური თემები იქნება.

კერძოდ: სწრაფი განაშენიანების ტემპის ფონზე გამართული და უსაფრთხო ელექტროენერგეტიკული სექტორის მოწყობა. ასევე, გაზრდილი მოხმარება აჭარის რეგიონში, რომელიც ის გამოწვევაა, რაც მსხვილ მომხმარებლებს, განსაკუთრებით სამშენებლო კომპანიებს, ხელს უშლის გამართულად ფუნქციონირებაში. განხილული იქნება, კვალიფიციური პერსონალის დეფიციტის საკითხიც ენერგეტიკის სფეროში.

ვინაიდან ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დგას ენერგეტიკაში მომუშავე ადამიანების გადამზადების აუცილებლობა, ლატვიელი ექსპერტები კონფერენციაზე დამსწრე ქართველ ენერგეტიკოსებს ლატვიის მაგალითზე გაუზიარებენ გამოცდილებას ამა თუ იმ პრობლემური საკითხის გადაჭრაზე.

კონფერენციაზე ადგილები შეზღუდულია, ასე რომ დასწრების მსურველებმა იჩქარეთ და დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScb-6MkX5biMZBXBm_zrFUNltm26E4nV6EYrogX6Yv-Bnwvew/viewform

ღონისძიება იქნება ორენოვანი სინქრონული თარგმნით.

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია გამოაქვეყნა

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კოალიციის საარჩევნო სია გამოაქვეყნა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, 26 ოქტომბერს გაიმართება რეგიონში.

სიის პირველი ნომერი ელგუჯა ბაგრატიონია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სია:
1. ელგუჯა ბაგრატიონი
2. მიშა ბოლქვაძე
3. ედიშერ ჟღენტი
4. ლია ჯაყელი
5. გოგიტა სოლომონიძე
6. როინ ზოიძე
7. მამული სურმანიძე
8. ნინო ასამბაძე
9. რამინი ბერიძე
10. მათე ფუტკარაძე
11. მალხაზ დიასამიძე
12. ვიქტორია ჟორჟოლიანი
13. დავით დუმბაძე
14. როსტომ დავითაძე
15. ნაზი დვალიძე
16. დავით მახაჭაძე
17. ზურაბ სეიდიშვილი
18. ზურაბ მაკარაძე
19. ირაკლი ტაკიძე
20. შორენა შავაძე
21. ამირან ხიმშიაშვილი
22. ჯეირან წულუკიძე
23. მინდია არძენაძე
24. ელზა ბჟალავა
25. მინდია ცინცაძე
____
სია საქართველოს პარლამენტში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29-30 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ტოვებს

ჟურნალისტი, აქტივისტი ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ტოვებს – ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

ირმა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის მალე აღარ იქნება კოალიციის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაშიც, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“ გუშინ, 26 სექტემბერს გამოაქვეყნა და ზოიძე მერვე ნომერს იკავებდა. როგორც მან გვითხრა, საარჩევნო სიიდან ამოსაწერად განცხადებას დღეს დაწერს.

„ჩემი პოლიტიკური კარიერა ძალიან მოკლე აღმოჩნდა. კრიზისულ სიტუაციაში ადამიანები მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით როცა მოქმედებენ და ავიწყდებათ ყველაფერი ის, რაც მანამდე კეთილშობილურ მიზნად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, დასანანია. შეიძლება სხვების თავებზე გადავლით შედეგზე გასვლა? ვიღაცები ფიქრობენ, რომ კი, თუმცა ეს პრინციპულად არასწორი მგონია. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.

თუ მხოლოდ სასარგებლო იდიოტის როლს მთავაზობენ, მირჩევნია ამაზე უარი ვთქვა. ეს არ ნიშნავს, რომ ვნანობ ჩემს თავდაპირველ გადაწყვეტილებას ბრძოლისა და წინააღმდეგობისთვის ახალი საშუალებები მეცადა.

მე გადავდგი ნაბიჯი და ვიყავი სრულიად გულწრფელი ჩემს განცდებსა და მიზნებში. არ გამოვიდა. ცუდად დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ გამოცდილებაა და მეტი არაფერი. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება“, – დაწერა ირმა ზოიძემ.

მან გვითხრა, რომ აქტივიზმს აუცილებლად გააგრძელებს და აპირებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 649 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
  • ტანკი – 8 846 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 17 396 ერთეული [+48]
  • საარტილერიო სისტემა – 18 678 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 199 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 961 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 031 ერთეული [+85]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 608 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 411 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 3 192 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 288 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 434 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 295 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 613 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია – ზელენსკი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის საბაგიროსთან რესტორანს აშენებენ, აქ ზღვა ამოავსეს და ტომრებით შემორკალეს – ნებართვა მერიამ გასცა

აქაც კუნძულს აშენებენ? – ეს კითხვა „ბათუმელებს“ მკითხველმა გამოუგზავნა, თანდართული ფოტოთი, რომელზეც ბათუმის საბაგიროსთან მიმდინარე სამუშაოებია ასახული.

საბაგიროსთან, სანაპიროს გასწვრივ არსებულ ვიწრო და მოგრძო ადგილზე რესტორნის მშენებლობას რომ იწყებდნენ, ამაზე „ბათუმელებმა“ 2024 წლის 24 აგვისტოს დაწერა, შენობის რენდერიც გამოვაქვეყნეთ. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ, მის მასშტაბთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები ისევ გაუჩნდა, არაერთი შეტყობინება მივიღეთ. მეტი ინფორმაციისთვის „ბათუმელებმა“ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეისწავლა.

ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით, მშენებელი კომპანია, შპს „555“ სახელშეკრულებო პირობებს არღვევს. ის ზღვის აკვატორიაში შეიჭრა და საიჯარო წესით გადაცემული ფართობის გაფართოება დაიწყო. ადგილზე ჯერ ქვებით სავსე ტომრები რკალისებურად ჩაალაგეს, შემდეგ კი ამ რკალის ამოვსება დაიწყეს. ფაქტობრივად, ხელოვნურად შექმნეს მიწის ნაკვეთი ზღვაში. 

როგორ შეიცვალა სანაპირო ზოლი საბაგიროსთან ბათუმში / ფოტოები გადაღებულია 2024 წლის აგვისტოს ბოლოდან ამავე წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში

ფოტოზე კარგად ჩანს „ზემოქმედება საზღვაო აკვატორიაზე“ – დამცავი ბეტონის კონსტრუქციიდან მინიმუმ 5 მეტრით ზღვის სიღრმეში კომპანიის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიწის ნაკვეთი ზღვაში და რკალისებურად გაფართოებული სანაპირო ზოლი. ხელოვნურად შექმნილ ნაკვეთზე კი რკინა-ბეტონის ხიმინჯები განათავსეს.

კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, კომპანია გავიდა იჯარით გადაცემული ტერიტორიის საზღვრებიდან, შევიდა ზღვის აკვატორიაში. ამასთან, განათავსა რკინა-ბეტონის ხიმინჯები, რაც ხელშეკრულებით ეკრძალება.

სქრინი ხელშეკრულებიდან

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ კიდევ ერთ ფოტოს – მწვანე ხაზით მონიშნულია მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მიერ იჯარით გაცემული ტერიტორია, ხოლო წითელი ხაზით დაახლოებით ის ტერიტორიაა მონიშნული ზღვაში, რომელიც კომპანიამ ამოავსო და ხმელეთად აქცია.

მწვანე ხაზით მონიშნულია მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მიერ იჯარით გაცემული ტერიტორია, ხოლო წითელი წყვეტილი ხაზით დაახლოებით ის ტერიტორიაა მონიშნული ზღვაში, რომელიც კომპანიამ ამოავსო და ხმელეთად აქცია

საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, მშენებელ კომპანიას ზღვის აკვატორიაში მოქმედების უფლება არ ჰქონდა. შეთანხმების პირობებში ვკითხულობთ, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი ემიჯნება საზღვაო სივრცეს, რომელიც არის შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა ტერიტორიის ნაწილი. ე.წ. ბუფერული ზონა და გამოიყენება გემების მოძრაობისა და მანევრირებისთვის:

„მოიჯარეს ეკრძალება საზღვაო აკვატორიაზე ზემოქმედება, ზღვაში ნებისმიერი სახის რკინა-ბეტონის ან და ლითონის კონსტრუქციის მოწყობა, მიწის ნაკვეთის ნავმისადგომად გამოყენება.“

დააკვირდით ამ ფოტოს და შეადარეთ ზემოთ მოცემულ ფოტოებს – აქ კარგად ჩანს, რომ მშენებელმა ადგილი ზღვის ხარჯზე გააფართოვა, შემდეგ კი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მოაწყო, რაც ხელშეკრულებით ეკრძალება.

ხელშეკრულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დაგეგმილი მშენებლობის საკითხი მოიჯარემ წინასწარ უნდა შეათანხმოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“.

მშენებლობის ადგილი, საბაგიროს შუშის შენობისა და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის უკან – სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის მერიამ 2023 წლის ივნისში 15-წლიანი ვადით, საიჯარო წესით გაასხვისა. ხელშეკრულება შპს „555“-თან გააფორმეს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საკადასტრო კოდზე არსებული 1790 კვ.მეტრიდან, კომპანიამ 670 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით უნდა ისარგებლოს. თუმცა სამშენებლო ღობე კონკრეტული მიწის ნაკვეთის მთელ პერიმეტრს აქვს შემოვლებული. კომპანიას ხელშეკრულებითვე დაავალეს დარჩენილი ფართობის კეთილმოწყობა. თუმცა, ამ კეთილმოწყობილ ფართობს პრაქტიკულად თავად კომპანია გამოიყენებს, ანუ გადაიხდის 670 კვ.მეტრის საიჯარო ფასს 15 წლის განმავლობაში და სარგებლობაში ექნება 1790 კვ.მეტრი ზღვასთან.

YouTube video player

რაც შეეხება მშენებლობის მასშტაბს, ერთი მხრივ, ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი უნდა იყოს, რადგან საბაგიროს შუშის შენობისა და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის უკან – სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის მერიას მეოთხე კლასის შენობის მშენებლობის ნებართვა აქვს გაცემული. ასე წერია ბრძანებაში, რომელიც კომპანიას სამშენებლო მოედანზე აქვს გამოკრული.

თუმცა, იმავე ბრძანებაში შეიძლება იმის ამოკითხვაც, რომ ნებართვა მესამე კლასის ობიექტის მშენებლობაზეა გაცემული. მშენებლობის პარამეტრები ასეთია: მიწის ნაკვეთის ფართობი 1790, განაშენიანების ფართობი – 413, საერთო ფართობი 790, სამშენებლო მოცულობა 5 172, ნული ნიშნულის ზევით 3 964 და ნული ნიშნული ქვევით – 1 208.

სამშენებლო კოდექსის მიხედვით, „მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობა, ხასიათდება მაღალი რისკით.“  ამ შემთხვევაში კი ეს რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს, რადგან სანაპიროსთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში მხედველობიდან არც წყლის დაცვის შესახებ კანონი უნდა გამოგვრჩეს. საზოგადოების ყურადღებას სწორედ ამ სამუშაოების მასშტაბი იწვევს.

ბათუმის მერიის განმარტებით ადგილზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის სამუშაოები ყველა უწყებასთან შეთანხმებით, ნებართვის საფუძველზე, პროექტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.“  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჯერ პასუხი არ მოუწოდებია, თუმცა დაგვპირდნენ. სააგენტოს პასუხს მისი მიღების შემთხვევაში აქვე გამოვაქვეყნებთ. 

შპს „555“ ბათუმში 2010 წელსაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა. 2020 წელს მან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 10 ათასი ლარი შესწირა.

მიმდინარე სამუშაოები

კომპანიის დირექტორი, მარად აბულაძეც ამბობს, რომ პროექტი ადგილის გაფართოებას ითვალისწინებდა და სამუშაოები კანონის შესაბამისად შეთანხმებულია ყველა უწყებასთან. მისივე თქმით, დაცულია უსაფრთხოების ნორმებიც:

„ყველაფერი მიდის პროექტის და კანონის სრული დაცვით. დიახ. გაფართოება პროექტის ნაწილია და მერიასთან შეთანხმებულია. ყველა სტრუქტურასთან შეთანხმებულია.“

კითხვაზე, მომზადდა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შესაბამისობის პროექტი, მარად აბულაძემ გვიპასუხა:

„ყველა კანონიერი გზა გავლილია. თუ არ გჯერათ მიმართეთ მაშინ მერიას, მიმართეთ საზღვაო სააგენტოს, მე ყველა კანონიერი გზა გავლილი მაქვს. ერთი მილიმეტრითაც არ გავცდები არაფერს. გარდა მაგისა, იქ რაც პრობლემა იყო, სუნის და ასე შემდეგ, ყველაფერი იქნება მოგვარებული. მეტი რა ვთქვა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული“.

მარად აბულაძეს ვკითხეთ ასევე, არის თუ არა ის თორნიკე რიჟვაძის ნათესავი. მან გვითხრა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს.

„მე დიდი ხანია ბიზნესში ვარ, მაქვს სასტუმრო, მაქვს გაქირავებული ფართობები, ვარ მშენებელი. შეგიძლიათ ყველაფერი გადაამოწმოთ“.

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების წლიური საწყისი ფასი 70 350 ლარი იყო, ბიჯი – 2200. კომპანიამ ელექტრონულ აუქციონზე ერთი ბიჯით უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

___

ამავე თემაზე:

რატომ ყარს საბაგიროსთან სანაპირო? – ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ვერაფერს შეცვლიან

 

„ოცნებამ“ 4,6 მილიონი დახარჯა 20 დღეში, საარჩევნო რეკლამაში

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 27 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პერიოდში 6 მილიონ 895 ათასი ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიისთვის. აქედან 4 მილიონ 650 ათასი ლარი მმართველმა პარტიამ რეკლამაში დახარჯა.

ანტიკორუფციულ ბიუროში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში უშუალოდ გარე რეკლამისთვის პარტიის საკასო ხარჯმა 3 777 009 ლარი შეადგინა. გარე რეკლამაში შედის – ბილბორდი, ლაით ბოქსი, ქუჩაში დამონტაჟებული ეკრანი, სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული რეკლამა და სხვა.

ამ თემაზე: ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული – ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე

„ოცნებას“ ბეჭდური რეკლამის ხარჯების გრაფა ამ ანგარიშში შევსებული არ აქვს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, იმავე პერიოდში „ოცნებამ“ შემოსავლის სახით 3 020 896 ლარი მიიღო. აქედან 2,6 მილიონი ლარი კერძო პირების შემოწირულობებია, ხოლო 428 335 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.

ანტიკორუფციულ ბიუროში 27 აგვისტოდ – 16 სექტემბრის პერიოდის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში „ოცნების“ გარდა კიდევ 25 საარჩევნო სუბიექტს/პარტიას აქვს წარდგენილი.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი საფინანსო ანგარიშების სისრულის, სისწორისა და კანონიერების შემოწმება მიმდინარეობს.“

საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტები ვალდებული არიან ფინანსური ანგარიშები ბიუროს წერილობით პერიოდულად წარუდგინონ.

პარტიებს საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშების წარდგენა შემდეგი გრაფიკის მიხედვით ევალებათ:

  • 2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 19 სექტემბრამდე;
  • 2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 10 ოქტომბრამდე;
  • 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 29 ოქტომბრამდე;
  • საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის  8 ნოემბრამდე იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა.
  • ინფორმაცია 2024 წლის 27 აგვისტოდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით – არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა  აუდიტორული [აუდიტორული ფირმის] დასკვნასთან ერთად. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.

პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

„გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი დაასახელა.

დღეს, 26 სექტემბერს, „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი წარადგინა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში.

სიის პირველი ნომერი გოჩა გუგუნავაა, სიაში სულ 14 ქალია.

კოალიციის საარჩევნო ნომერია – 25.

„გახარია საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოს სია:

1. გოჩა გუგუნავა
2. ირაკლი ბოლქვაძე
3. ნინო ჩხეტია
4. არჩილ სამნიძე
5. გიორგი კახიძე
6. მერაბ დავითაძე
7. ია მესხიძე
8. დიმიტრი ჭეიშვილი
9. ჯემალ დავითაძე
10. თამილა ფაღავა
11. შალვა გოგიტიძე
12. მამუკა ჭაღალიძე
13. დალი ტაკიძე
14. ელისო სურმანიძე
15. გიორგი წულუკიძე
16. გიორგი ნაკაშიძე
17. გუგული დუაძე
18. რამაზ გოლომანიძე
19. ეკატერინე მაკარაძე
20. რევაზ ჯალაღანია
21. მზია საფარიძე
22. მაია სირაძე
23. ლელა ტოროტაძე
24. მუხრან გორგაძე
25. სულიკო გოგოლიშვილი
26. ნანა ზოიძე
27. ნესტან დიდმანიძე
28. ნანა კოსტავა
29. მაყვალა ანთაძე

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა უსკოში

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 22 წევრი დაასახელა.

კოალიციის სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა, სიაში სულ 8 ქალია.

კოალიციის საარჩევნო ნომერია – 4.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ უმაღლესი საბჭოს სია:

  1. მირდატ ქამადაძე
  2. ლევან გორგილაძე
  3. თემურ გორგაძე
  4. ნოდარ დუმბაძე
  5. ჯამბულ ხოზრევანიძე
  6. როინ დვალი
  7. ეკა ზარია
  8. ქეთევან ლასტაკანიძე
  9. ნატალია ზაქარეიშვილი
  10. ლაურა შარაშიძე
  11. ნუგზარ თაფლაძე
  12. ბაჩი მექვაბიშვილი
  13. მიხეილ ფუტკარაძე
  14. მამუკა ქობულაძე
  15. ზურაბ კონჯარია
  16. მარიამ წითელაძე
  17. ნატო ნაცარაშვილი
  18. ილია ჯინჭარაძე
  19. მაყვალა ბარაბაძე
  20. ბექა აბულაძე
  21. ჯემალ ირემაძე
  22. შორენა წულუკიძე

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა

ვინ აღარ არის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში

დღეს, 26 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია წარადგინა.

2024 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოქმედი დეპუტატების ნაწილი აღარ გვხდება.

„ოცნების“ საარჩევნო სიაში აღარ არიან:

  • ნადიმ ვარშანიძე [ვარშანიძე სიის მე-17 ნომერია].
  • ილია ვერძაძე [იგი სიის მე-18 ნომერია].
  • გიორგი მანველიძე
  • ვლადიმერ მგალობლიშვილი
  • ირაკლი ჭეიშვილი [ჭეიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაშია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი].

____

მასალა ჩასწორებულია. თორნიკე რიჟვაძის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ სიაში 16 კანდიდატი იყო, მოგვიანებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სია გამოაქვეყნა, რომელშიც 29 ადამიანია. აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრი უნდა იყოს. 

ნახეთ 2024 წლის  ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში:
1.თორნიკე რიჟვაძე
2. დავით გაბაიძე
3. გოგი ფუტკარაძე
4. ტიტე აროშიძე
5. თინათინ ზოიძე
6. რამაზ ჯინჭარაძე
7. ცოტნე ანანიძე
8. მინდია დიასამიძე
9. ვახტანგ ბერიძე
10. მამუკა თურმანიძე
11. ფრიდონ ფუტკარაძე
12. დავით ბაციკაძე
13. მარინე გვიანიძე
14. დავით თედორაძე
15. ფატი ხალვაში
16. ლაშა სირაბიძე
17. ნადიმ ვარშანიძე
18. ილია ვერძაძე
19. ასლან ლორთქიფანიძე
20. რაულ ბოლქვაძე
21. დურსუნ ბერიძე
22. თეა ფხაკაძე
23. მამუკა კაკაბაძე
24. ოთარ ფედიჩკინი
25. ლია გოგიტიძე
26. ელიზბარ ზოიძე
27. მინურ პაქსაძე
28. რეზო ტაკიძე
29. თამაზ მჟავანაძე

თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ სიის პირველი ნომერია

ბათუმიდან ჩაქვის მიმართულებით ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს – ავტოტრანსპორტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, დღეს, 26 სექტემბერს, ჩაქვის მიმართულებით გაიხსნა ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი და ამით ქალაქის ხაზების გაშვება დასრულდა.

ავტოტრანსპორტის ცნობით გახსნილია ქალაქის 5 და საგარეუბნო 50 მიმართულება, რომლებიც ემსახურება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფლის მოსახლეობას.

ქალაქის სამარშრუტო მიკროავტობუსები მოძრაობენ შემდეგი მიმართულებებით:

  • #20 თბილისის მოედანი-გონიო: თბილისის მოედანი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, ტბელ აბუსერიძის ქუჩა, აეროპორტის გზატკეცილი, აფსაროსის ქუჩა, სვიმონ კანანელის ქუჩა (გონიო). უკუმიმართულება იგივე.
  • #26 მიხეილ შარაშიძის ქუჩა (ინჯალოს დასახლება), ხახულის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, შერვაშიძის აღმართი. უკუმიმართულება იგივე.
  • #27 დავით აღმაშენებლის ქუჩა – ჩაქვი (ბუკნარი): დავით აღმაშენებლის ქუჩა, ტბელ აბუსერიძის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჩაქვი, ბუკნარი. უკუმიმართულება იგივე.
  • #21 ავტოსადგური – თოდოგაური: სევერიან აჭარელის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა, აეროპორტის გზატკეცილი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, თოდოგაური. უკუმიმართულება იგივე.
  • #22 ავტოსადგური – მახვილაური: სევერიან აჭარელის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა, აეროპორტის გზატკეცილი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, მახვილაური. უკუმიმართულება იგივე.

ქალაქის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი 50 თეთრია. ძალაში რჩება ყველა ის საშეღავათო პროგრამა, რომლებიც მუნიციპალურ ავტობუსებში მოქმედებს.

მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.

მუნიციპალური მიკროავტობუსები 07:00-დან 23:00 სთ-მდე იმოძრავებენ.

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის – ავტობუსების შემოტანა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ სიის პირველი ნომერია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ,აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ოცნების“ საარჩევნო სიაშია.

დღეს, 26 სექტემბერს, „ოცნებამ“ ბათუმში წარადგინა კანდიდატთა სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში.

თორნიკე რიჟვაძე სიის პირველი ნომერია.

სიაში მეორე ნომერია დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე.

სია ასე გამოიყურება:

  1. თორნიკე რიჟვაძე
  2. დავით გაბაიძე
  3. გოგი ფუტკარაძე
  4. ტიტე აროშიძე
  5. თინათინ ზოიძე
  6. რამაზ ჯინჭარაძე
  7. ცოტნე ანანიძე
  8. მინდია დიასამიძე
  9. ვახტანგ ბერიძე
  10. მამუკა თურმანიძე
  11. ფრიდონ ფუტკარაძე
  12. დავით ბაციკაძე
  13. მარინე გვიანიძე
  14. დავით თედორაძე
  15. ფატი ხალვაში
  16. ლაშა სირაბიძე

ასევე, დღეს, 26 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

_________________

ფოტოზე: ბრიფინგი ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში. ფოტო:„ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე.

ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი „სონიკი“ საშემოდგომო აქციას გთავაზობთ

ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ჯავშნებზე, „სონიკის“  სამზარეულოში გადახდილ  ყოველ 700 ლარზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 20% -იანი, ხოლო ყოველ გადახდილ 1500 ლარზე 30% – იანი ფასდაკლებით.

ასევე იმ იუბილარებს, ვინც უკვე „სონიკში“ გადაიხადა დაბადების დღე და წელსაც დაჯავშნის აქ, ფეიერვერკს, ვარსკვლავსა და ქაღალდის შოუს აჩუქებენ!

  • მხიარული ანიმატორები
  • ფოტო + ვიდეო
  • ქაღალდის შოუ
  • კარაოკე
  • სახის მოხატვა
  • ჰარი პოტერის პროგრამა
  • არიელის პროგრამა ( ზღაპარი პატარა ქალთევზაზე)
  • ფეხბურთის პროგრამა. თქვენს საყვარელ ფეხბურთელებზე 5 კითხვა , თამაში ვიქტორინა!
  • დაუვიწყარი ჰელოუინი
  • მელომანი მშობლებთან
  • მელომანი ჰოლივუდის ვარსკვლავებზე
  • ვარსკვლავის გახსნა გარე სივრცეში
  • ინტერვიუ იუბილართან
  • წითელი ხალიჩა
  • პრინცესას დაჯილდოება

გასართობი ცენტრი გთავაზობთ გასვლით პროგრამებსაც. ჩვენი უნიჭიერესი ანიმატორები  და მთელი ჩვენი გუნდი, 40 -მდე ანიმაციური გმირით, მზადაა გემსახუროთ თქვენს სივრცეში!

„სონიკის“ ანიმატორებს შეუძლიათ კორპორაციული წვეულებების წაყვანა, პრეზენტაციების წარდგენა, სასკოლო საიუბილეო საღამოების დაგეგმვა და განხორციელება.

ცენტრის გამორჩეული დიზაინით შესრულებული ულამაზესი სივრცე გელოდებათ თქვენ და თქვენს პატარებს!

დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 593 84 07 07

 

ბავშვთა გასართობი ცენტრი “სონიკი” ბათუმში | გასართობი პროგრამა, ფასები

რუსეთში ქართველ ჯარისკაცს ასამართლებენ, რომელიც 2023 წელს ჩავარდა ტყვედ უკრაინაში

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა 785 უცხოელს, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. მათ შორისაა ქართველი ჯარისკაცი გიორგი გოგლიძე, რომელიც მედიის ცნობით 2023 წელს ჩავარდა ტყვედ რუსეთის მიერ ანექსირებულ ლუგანსკის ოლქში.

რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად და შემდგომ სასამართლოში გადასაცემად პროკურორს გადაეგზავნა:

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა 785 უცხოელ დაქირავებულს, რომლებიც ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ამდენად, საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად და შემდგომ სასამართლოსთვის გადასაცემად, საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, „2023 წლის აპრილში გიორგი გოგლიძე ჩავიდა უკრაინის ლვოვის რეგიონში, სადაც გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება, შემდეგ კი გაგზავნეს სლავიანსკში, სადაც მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში“.

2023 წლის ნოემბერში მედია წერდა, რომ გიორგისთან ერთად რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ჩუბითიძე. იმავე პერიოდში რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, ტყვედ ჩავარდნილი გიორგი გოგლიძის და მასთან ერთად გიოგრი ჩუბითიძის დაკითხვის ვიდეოს. ვიდეოში გიორგი გოგლიძე დიდი ალბათობით, დაწერილ ტექსტს კითხულობს.

უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური შენაერთია, მაგრამ რუსეთი ქართველ სამხედრო ტყვეებს სპეციალურად წარმოაჩენს და ასამართლებს „დაქირავებულების“ სტატუსით.

პროპაგანდისტული მედია „სპუტნიკი“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ შეაგროვეს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს გოგლიძის მონაწილეობას დანაშაულში და დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

_____________________________

მთავარ ფოტოზე კადრი გიორგი გოგლიძის დაკითხვიდან, 2023 წელი.

ძმებმა ზურაბ და ზებურ დუმბაძეებმა და მათმა პარტნიორებმა „ოცნებას“ 1 მლნ შესწირეს – კვლევა

ბათუმში სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965 000 ათასი ლარი მიიღო, ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრ მშენებლობას ითვალისწინებს – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ზურაბ და ზებურ დუმბაძეები, პარტნიორებთან ერთად, 22 ბიზნესსუბიექტის საქმიანობაში მონაწილეობენ, ფლობენ წილებს კომპანიებში და ხელმძღვანელობენ მათ.

დუმბაძეებს 5 სამშენებლო კომპანია აქვთ. ამ სამშენებლო კომპანიებს 6 სამშენებლო ნებართვა აქვთ აღებული, რის საფუძველზეც დუმბაძეები ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ, რომელთა ჯამური ფართობი 75,456 კვადრატული მეტრია.

ზებურ და ზურაბ დუმბაძეებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ შესწირეს 965,000 ათასი ლარი, მათ შორის 230,000 ლარი – 2024 წელს.

„გამჭვირვალობა“ აქვეყნებს ამ კომპანიების ჩამონათვალსაც:

წყარო: transparency.ge

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ზურაბ დუმბაძესა და მის კიდევ ერთ პარტნიორს, მუხრან ბაგრატიონს, ეკუთვნის კომპანია „აჭარა აგროჯგუფი“, რომელმაც ელექტრონული აუქციონის გზით 2022 წლის 3 მაისს ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 223,287 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარით მიიღო.

„მეიჯარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრია“, რომელსაც, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის თითოეულ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 40 თეთრი უნდა გადაუხადოს (ჯამში იჯარის წლიური ღირებულება 90,443 ლარია).

აჭარის მთავრობამ მიწის იგივე ნაკვეთი რამდენიმე თვით ადრე აუქციონზე გაყიდა 415,143 ლარად, თუმცა აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ამის შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გასაცემად მეორე აუქციონი გამოაცხადეს და გამარჯვებულ კომპანიას თითქმის მეხუთედ ფასად გადასცეს იგი.

„აჭარა აგროჯგუფს“, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 1 წლის ვადაში ტერიტორიაზე 500,000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, გაეშენებინა მრავალწლიანი ნარგავები. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, „აჭარა აგროჯგუფმა” ლურჯი მოცვის პლანტაციების გასაშენებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოდან 156,000 ლარის დაფინანსება, იაფი აგროკრედიტის პროგრამიდან, ასევე, ფინანსური მხარდაჭერა, ქობულეთის მერიიდან კი – წყლის რესურსების გამოყენების ნებართვა მიიღო“ – წერს „გამჭვრივალობა“.

წყარო: transparency.ge

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დუმბაძეების მსგავსად, „აჭარა აგროჯგუფში“ მისი პარტნიორი, მუხრან ბაგრატიონი შვილებთან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებთან ერთად, „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველები არიან: სამივემ ჯამში მმართველ პარტიას 2020-2024 წლებში 870,000 ლარი შესწირა, მათ შორის, 180,000 ლარი – 2024 წელს.

_______________

მთავარი ფოტო: წყარო: transparency.ge

4 კილოგრამზე მეტი ოქრო სარფის საბაჟოზე უკანონოდ გადმოჰქონდათ – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ოქროს საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 577 497 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11-წლამდე ვადით.

„ბსუ-მ კონტრაქტი აღარ გამიგრძელა“ – როლანდ შავაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუფორმა. შავაძე ამ ფაქტს, მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

„ექვსწლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა ბათუმის უნივერსიტეტმა და, ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს.

ბსუ-ში მივიღე მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული.

მასწავლებლის  ეროვნული ჯილდოს მიღების შემდეგ უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი. თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.

რეალურად, ორი კვირის წინ პასუხისმგებელი პირი როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარებით ერთი ჯგუფის ნაცვლად ორ, სურვილის შემთხვევაში სამ ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა.

დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე  უცხო ენის 50-მდე მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.

გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება ვერ შეაფერხებს ბრძოლას, რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება“, – ინფორმაციას როლანდ შავაძე თავადვე ავრცელებს.

„ბათუმელები“ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, მათი ვერსიით რა იყო მიზეზი როლანდ შავაძესთან თანამშრომლობის შეწყვეტის და უკავშირდება თუ არა ეს მის პოლიტიკურ აქტიურობას.

როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, შავაძეს კონტრაქტი შესაძლოა მეორე სემესტრიდან გაუგრძელონ.

„ეს არანაირად მის პოლიტიკურ აქტიურობას არ უკავშირდება, საუნივერსიტეტო ინგლისური ენის კურსები იწყება პირველ სემესტრში და დიდი ნაწილი იწყება მეორე სემესტრში.

მეორე სემესტრში რომ დაიწყება, გაუფორმდება ხელშეკრულება“, – გვითხრა ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო სამნიძემ.

თუ გასულ წელსაც ასე იყო, მაშინ ხომ უნდა ჰქონოდა როლანდ შავაძესაც ინფორმაცია, რატომ არ იცოდა ამის შესახებ? – ვკითხეთ მას.

ნინო სამნიძე ამბობს, რომ „ყოველთვის ერთნაირად არ არის“.

„მასწავლებელს უწევს ასე გადაანაწილოს საათები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე ვართ ყველა. მე ვუთხარი შავაძესაც და იცის, რომ მეორე სემესტრში ექნება საათები“.

მაშინ რატომ არის კონკურსი გამოცხადებული ათ ადგილზე, თუკი შავაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება ისევ იგეგმება? – ვკითხეთ ნინო სამნიძეს.

მისი თქმით, კონკურსი შავაძეს არ შეეხება.

„კონკურსის გარეშე საათებით ვერ დაიტვირთება ვერცერთი მასწავლებელი, თუ არ აქვს ჩვენთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. როლანდ შავაძეს კი სამ წელზე მეტი სტაჟი აქვს უნივერსიტეტში მუშაობის, ამიტომ მას კონკურსი არ შეეხება“, – ამბობს სამნიძე.

ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს

ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს, რის გამოც საბაგირო გზით სარგებლობა 11:00 საათამდე შეზღუდული იქნება.

როგორც საბაგირო გზა „არგოს“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, საევაკუაციო წვრთნებს შს სამინისტრო ატარებს.

„წვრთნების შესახებ გამოცხადებული გვქონდა ფეისბუქზე. თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობამ ვერ ნახა ეს ინფორმაცია.

წვრთნებს ვატარებთ შს სამინისტროსთან შეთანხმებით, ჩანიშნეს ეს სწავლება და მათი და სამაშველო სამსახურის დახმარებით იმიტირებული ევაკუაციის სწავლება მიმდინარეობს.

წვრთნები იწყება დილის ათი საათიდან და 11:00 საათზე გავიხსნებით“, – გვითხრეს ადმინისტრაციაში.

მათი თქმით, საევაკუაციო წვრთნები გეგმიურად ტარდება.

შესაბამისად, ინფორმაცია, რომ „საბაგიროდან ვიღაც ჩამოვარდა“, სიმართლეს არ შეესაბამება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 647 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
  • ტანკი – 8 825 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 17 348 ერთეული [+44]
  • საარტილერიო სისტემა – 18 620 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 199 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 959 ერთეული [+7]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 946 ერთეული [+67]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 599 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 353 ერთეული [+105]
  • სპეცტექნიკა – 3 190 ერთეული [+22]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 263 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 356 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 464 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 207 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 510 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია – ზელენსკი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სავალდებულო უნდა იყოს, მაღალჩინოსნებმა შვილები საჯარო სკოლებში ატარონ – მშობლების მოსაზრება

„როცა სკოლაში უშვებ შვილს, უნდა იცოდე, რომ კიბე არ ჩაუტყდება. ბზარი ბზარზეა, ყველგან მორყეულია რაღაც. გარდა იმისა, რომ საჯარო სკოლების დიდი ნაწილი სახიფათოა ბავშვებისთვის, იმდენად მოქუფრულ გარემოს იწვევს ცუდი ინფრასტრუქტურა, გადაჭედილი კლასები, რომ ბავშვებს ყველა მოტივაცია უქრებათ“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე, მშობელი.

თქვენ, როცა მშობელი, ამ ქვეყნის მოქალაქე, უყურებთ, როგორ დაჰყავთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები კომფორტულ კერძო სკოლებში, რა ხდება ამ დროს იმ შენობებში, სადაც თქვენი შვილები „განათლებას“ იღებენ?

რატომ არ დაჰყავთ განათლების მინისტრს ან სხვა მაღალჩინოსნებს შვილები საჯარო სკოლებში? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ორ მშობელს, მარიამ ჩუბინიძესა და მედეა ტურაშვილს.

„ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც მშობლის პროტესტი ბევრი რამით არის განპირობებული. ეს არის პრობლემა, რომელიც მე, როგორც მშობელს, დამიდგა ორი წლის წინ, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ ჩემი შვილის 166-ე სკოლა რეაბილიტაციაზე უნდა გასულიყო.

შუა სასწავლო წელს დისტანციურ სწავლებაზე გადაგვიყვანეს. ახლა, აგვისტოში გვითხრეს, რომ სკოლა გადის, ან სარეაბილიტაციოდ, ან დასანგრევად. ბავშვები ორ ცვლაში გადაანაწილეს.

ვისაც შვილები ჰყავს, ყველა დამეთანხმება, როგორი კატასტროფაა მეორე ცვლა, რადგან ბავშვი მოწყვეტილია ყველა დამატებით აქტივობას, რაც მას გულს უხარებს. ამის გამო, ჩემი შვილი სხვა სკოლაში გადავიყვანე.

ესეც ძალიან პრობლემურია, რადგან თბილისში სკოლების დიდი ნაწილი დანგრეულია. სკოლების ნაწილი სადღაც შეხიზნულია და ამის გამო, თითქმის ყველა სკოლაში ორი ცვლაა“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.

მისი თქმით, სკოლა, სადაც მისი შვილი დადიოდა, სტრატეგიულ ადგილზეა. „წერეთლის ქუჩაზე, დიდუბის პანთეონისა და ეკლესიის გვერდით“, ამიტომ მშობლებს გონივრული ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ამ ადგილით რომელიმე ინვესტორი დაინტერესდა.

„სკოლა შეიძლება დაანგრიონ, მაგრამ აღარ ააშენონ და იქ ჩადგან კორპუსი ან რაიმე სავაჭრო ქსელი აშენდეს“, – ვარაუდობს მარიამი. ამ ეჭვის საფუძველს კი სკოლის და სამინისტროს პოზიცია უქმნის.

„სამხარაულიდან მოვიდა დასკვნა, რომ შენობა ავარიულიაო. მშობლების ჯგუფთან ერთად ბევრჯერ ვეცადე ეს დასკვნა გამოგვეთხოვა. თუმცა საკუთარ ნათქვამშივე იბურდებოდნენ დირექტორი, სამინისტრო და პასუხები ვერ მივიღეთ“, – გვეუბნება მარიამ ჩუბინიძე.

ორცვლიანი სწავლების გამო სკოლებში გაკვეთილები შემცირებულია. „35-40 წუთი თუ ეთმობა. შემცირებულია დასვენების საათები ან გადასული არიან შაბათს სწავლაზე, რომელსაც მე პირადად კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ჩვენმა ხალხმა ისედაც არ იცის რა არის დასვენება და ახლა, ამ ასაკშივე გავუცამტვერო ბავშვს დასვენების კულტურა, შეუძლებელია. ამიტომაც გადავიყვანე შვილი სხვა სკოლაში.

ისეთი დასტრესილები არიან მშობლები, ვისაც ვესაუბრე, წარმოიდგინეთ 2-იდან 7-მდე სწავლობენ ბავშვები სკოლაში და ზოგიერთ სკოლაში სამ ცვლაში არიანო, ისიც მითხრეს.

ეს ყველაფერი უკვე აისახება ბავშვების მოტივაციაზე, იმაზე, რომ სასწავლო პროცესი აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

მე როგორც ერთი რიგითი მშობელი, რომელიც სტატისტიკურად ვარ საშუალო შემოსავლით და ვიტყოდი, რომ უფრო სიღარიბისკენ, შესაძლებლობა რომ მქონდეს, მეც გადავიყვანდი შვილს კერძო სკოლაში, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს.

ამით ფაქტობრივად ვიყიდი ჩემი შვილის უსაფრთხოებას, რაც ისედაც მეკუთვნის მე სახელმწიფოსგან, მაგრამ არ გვაწვდის“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ბავშვებს აქვთ მათი კლასის დაშლის და სხვაგან გადასვლის სტრესი, მოკლებული არიან უსაფრთხო გარემოს. „ბზარი ბზარზე სკოლებში, ყველგან რაღაც მორყეულია, საკლასო ოთახები დაობებული, სადენები ამოყრილი, კიბე ჩატეხილი. ვერცერთ სკოლაში ვერ იგრძნობ თავს მყარად, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არ არის ჩატარებული.

ამ დროს, ჩვენ ჩაგვჩიჩინებენ, რომ თურმე სკოლებს აშენებენ და ყველა არჩევნების წინ აფრიალებული აქვთ საგანმანათლებლო პოლიტიკა.

როდის აშენებენ?

გაიხედავ და შენ ცხვირწინ ცხრა თვეში იდგმება 10-სართულიანი შენობა და სკოლა ვერ აშენდა ერთ წელიწადში? ნახალოვკაში სკოლები დანგრეულია წლობით. ერთი სკოლა 4 წელია დაანგრიეს და ჯერ არც კი დაუწყიათ მშენებლობა. და ეს არის მრავალკონტინგენტიანი სკოლები და ამდენი ბავშვის გადანაწილება წარმოშობს სწორედ პრობლემებს და იწვევს კლასების გადატვირთვას.

ამის შემდეგ, შენ გაიძულებენ, რომ იყო მომთმენი, რაღაცნაირად შეეგუო ყველაფერს, გაგებით მოეკიდო და ამ დროს, თავიანთი შვილები მიჰყავთ იქ, სადაც ბევრ ჩვენგანს არ მიესვლება. მათ ყველაფერი აქვთ, რასაც ჩვენც ვისურვებდით ჩვენი შვილებისთვის“, – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, სახელმწიფოს საჯარო სკოლებში კვების გარეშე ჰყავს დატოვებული ბავშვები, მათი შვილები კი კერძო სკოლებში ამ სერვისსაც იღებენ.

„მე შემიძლია უზრუნველვყო ჩემი შვილი კვებით და გავატანო „ლანჩბოქსი“, მაგრამ არიან მრავალშვილიანი ოჯახები, ვინც შვილებს სხვადასხვა ცვლაში ატარებს.

გარდა ბავშვებისა, მასწავლებლების დიდი ნაწილი ხომ მშობლებიც არიან და მათაც აერიათ გეგმები. ცოტა ხნის წინ შეხვედრა გვქონდა სასკოლო საკითხებზე და ერთ-ერთი მასწავლებელი 15 წუთში გავიდა შეხვედრიდან. გუშინ უთხრეს, რომ ის სკოლა, სადაც უნდა შეხიზნულიყვნენ, დასანგრევი იყო. აი, ასეთ სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა. სახელფასო პოლიტიკა კი როგორი აქვს სამინისტროს, უკვე ყველამ დავინახეთ.

მე როგორც მშობელი, როცა სამართლიანად ვბრაზდები მასწავლებელზე, არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება დავიცვა ჩემი შვილის უფლებები მასწავლებლისგან ამ ყველაფრის ფონზე. თუმცა მას, ვინც ჩემი შვილის უფლებებს უნდა იცავდეს, ვერაფერი გავაგებინე, ვერ მივაწვდინე ხმა და ეს არის სისტემა.

პასუხი მინდა მოვთხოვო მასწავლებელს, როცა ის ჩემს შვილს შეურაცხყოფს, როცა არ ასწავლის, მაგრამ ახლა როგორ მოვთხოვო?

ცალკე საკითხია მასწავლებლების ინტელექტუალური დონე, მათი მრწამსი, მათი ემოციური ან ზოგადი ინტელექტი, მსოფლმხედველობა, ბავშვების მიმართ მათი დამოკიდებულება.

მაღალჩინოსნებს არ სურთ ასწავლონ თავიანთ შვილებს ისეთ სკოლებში, სადაც მათ მიერ შექმნილ სისტემას დაშინებული ან მოსყიდული ჰყავს მასწავლებელი. ზუსტად ეს არის ინდიკატორი ამ ხელისუფლების ღირსების.

ადრე საჩვენებლად მაინც დაჰყავდათ შვილები საჯარო სკოლებში, ახლა კი იმდენად ცუდი სიტუაციაა, არავის უნდა შვილის საჯარო სკოლაში გაშვება.

ეს ყველაფერი ცუდია მოსწავლისთვის, ბავშვისთვის, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს კარგი განათლება და იყოს ბედნიერი. ამ სისტემის გამო კი არც მასწავლებელია ბედნიერი და კმაყოფილი თავისი პროფესიით და არც მოსწავლე“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.

მისი აზრით, ამ ყველაფრის შემყურე, სახელმწიფოს პოზიცია არის ასეთი: „სხვისი ჭირი, ღობის ჩხირი“.

„როცა ხარ არაპატიოსანი და არაემპათიური ხელისუფლება, ბუნებრივია ძალაუფლებას იყენებ მხოლოდ სათავისოდ და ამის დემონსტრირებაა ის, რასაც დღეს ვხედავთ.

ეს არის ზღვარგადასული თავხედობა, არაადამიანობა, რომ შენ ქვეყანაში ათასობით ბავშვი დატოვო განათლების გარეშე. ეს არის გულგრილობის, არაემპათიურობის, უპასუხისმგებლობის ყველაზე დიდი მაგალითი. რომელ ღირსებაზე შეუძლია ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომელსაც ამ ქვეყნის მომავალი თაობა, ასეთ მდგომარეობაში ჰყავს?“ – გვეუბნება მარიამი.

მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში უნდა იყოს ჯანსაღი გარემო, რომელიც ბავშვს მორალური სტრესებისგანაც დაიცავს.

„ბავშვები წლობით სწავლობენ არაჰიგიენური სახელმძღვანელოებით. წიგნებით, რომელიც ხუთი-ექვსი წელი სხვადასხვა ბავშვმა, სხვადასხვა ოჯახში, სხვადასხვა ჩანთაში, ყველგან ათრიეს. ახალი სახელმძღვანელოები კი არ იბეჭდება, უნდა გაგიმართლოს, რომ მოწესრიგებული წიგნი მოუწიოს ბავშვს. ახალი თუ გინდა, მაშინ უნდა გადაიხადო ფული და შეიძინო“, – გვეუბნება მარიამ ჩუბინიძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებასაც უნდა მისცეს არჩევანი, მაშინ არც მათი ოჯახების მიმართ გაჩნდება კითხვები – რატომ არ დადიან მათი შვილები საჯარო სკოლებში?

რადგან არ გვაძლევენ ამ არჩევანს, ამიტომ, როცა არჩევნებზე მივალთ, დავფიქრდეთ რა ძალის გაფერადება გვინდა. ძალის რომელიც სიძულვილის ენით ელაპარაკება ხალხს? და ეს სიძულვილი არის გამოხატული ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში. ალბათ თავად უსიყვარულობაში გაზრდილებს, ძალიან დიდი სიძულვილი აქვთ ჩვენი. სხვანაირად წარმოუდგენელია, ასე ექცეოდე შენს ხალხს და ეს გვინდა გაგრძელდეს?

როცა არ შეგვიძლია მათი ქცევა შევცვალოთ, მაშინ ისინი უნდა შეცვალოთ“, – მიიჩნევს მარიამ ჩუბინიძე.

მედეა ტურაშვილი კიდევ ერთი მშობელია, ვისაც ამაზე თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“.

მას ორი ახსნა აქვს, თუ რატომ არ დაჰყავთ მაღალჩინოსნებს შვილები საჯარო სკოლებში.

„პირველი ის, რომ მათაც კარგად იციან, რამდენად განსხვავებულია განათლების ხარისხი კერძო და საჯარო სკოლებში, ინფრასტრუქტურა, კვება, ტექნოლოგიები, უცხო ენების სწავლების ხარისხი, სამეცნიერო ლაბორატორიები და ასე შემდეგ.

ასევე სკოლის გარე აქტივობებიც.

მოწესრიგებულია ყველაფერი, კლასებში არ არის დაობებული კედლები, ამოყრილი სადენები და პარკეტი. სუფთა ტუალეტი, რომელიც საჯარო სკოლებისთვის სანატრელი“, – ამბობს მედეა ტურაშვილი.

მედეას ორი შვილი ჰყავს და ორივე თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დადიან.

„ეს სკოლა, ერთ-ერთ საუკეთესო საჯარო სკოლად ითვლება თბილისში. მიუხედავად ამისა, ტუალეტიც კი არ არის მოწესრიგებული და ვერ შედის ბავშვი.

კვლევა რომელიც ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ჩაატარა, ათასამდე მშობელი იყო გამოკითხული და აქედან, სადაც 30-% ამბობს, რომ მათი შვილი სასკოლო ტუალეტში არ დადის. ეს ნორმალურია?

ამიტომ, როცა მოვა შენი შვილი და გეტყვის, რომ ეს არის პრობლემა სკოლაში, პოლიტიკოსი რომ ხარ, კეთილს ინებებ და მოიკითხავ მაინც, რატომ არის სკოლებში ასეთი მდგომარეობა. სასოწარკვეთამდეა მისული სიტუაციაა.

ვფიქრობ, გარდამავალ პერიოდში სავალდებულო უნდა იყოს ის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც ატარონ შვილები საჯარო სკოლებში – როცა მათი შვილები მოვლენ სახლში და იმაზე იწუწუნებენ, რაზეც ჩვენი შვილები წუწუნებენ, იქნებ ასე მაინც მიაქციონ ყურადღება სკოლებს და განათლების სისტემას.

ეს, სხვათა შორის, ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპულ ქვეყნებში. იქ საჯარო ტრანსპორტით მიჰყავთ და მოჰყავთ საჯარო მოხელეებს შვილები და ეს ერთგვარი პოლიტიკური განაცხადია, რომ იქ დადიოდეს ჩემი შვილი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის შვილი დადის“, – გვეუბნება მედეა ტურაშვილი.

მედეას შვილის სკოლაში, სადაც ათასზე მეტი ბავშვი დადის, არავინ საუბრობს შენობის უსაფრთხოებაზე.

„1924 წელს არის აშენებული სკოლა და ასეთი საკითხები ჰაერშია გამოკიდული.

სკოლები ვერ პოულობენ დამლაგებლებს, რადგან 400 ლარად არავინ დაალაგებს 4-სართულიან შენობას ყოველდღე. ამიტომ მშობლებს გვიწევს ცოცხების, ჰიგიენური საშუალებების ყიდვა და დალაგება.

ორცვლიანობის გამო გადატვირთულია სასკოლო გარემო. მეზობელი სკოლაა შემოხიზნული და არავინ იცის, როდის ააშენებენ ახალს.

ჩემი რვა წლის შვილი, ექვს საათზე ამთავრებს სწავლას, ამის გამო მოწყვეტილია წრეებზე სიარულს.

დაბალ კლასებში უფრო ადვილია პატარების გახალისება, მაგრამ უფროს კლასებში რთული მდგომარეობაა. მაგალითად, უფროსი შვილის მოტივაცია წლიდან წლამდე იკლებდა. გაკვეთილები არ იყო მისთვის საინტერესო, ვატყობდი, რომ საგაკვეთილო პროცესებშიც სათანადოდ არ ერთვებოდა, არც მასწავლებლის ყურადღება იყო სათანადო. მოზარდობის ასაკში კი, როცა გაკვეთილი საინტერესო არ არის, ბავშვის გაჩერება კლასში ძალიან ძნელია.

ვხედავ, რომ ჩემს შვილთან შედიან მასწავლებლები (დიდი ნაწილი), რომლებიც თავიანთი პროფესიით არც ბედნიერები არიან, არც კმაყოფილი. ეს  საგაკვეთილო პროცესზე აისახება.

უინტერესო გაკვეთილები და გადაჭედილი სკოლა იწვევს იმას, რომ მასწავლებლებიც ვერ მართავენ სიტუაციას და უწევთ ყვირილი, დამამცირებელი საუბარი ბავშვებთან, რაზეც ბავშვები ნეგატიურად რეაგირებენ და საგაკვეთილო პროცესი „გაჩერდი“, „დაწყნარდი“, შელაპარაკებებში გადის. ბავშვები აღარ მეცადინეობენ და გადართული არიან რეპეტიტორებთან“, – ამბობს მედეა ტურაშვილი.

მისი თქმით, მითია ის, რომ ჩვენ გვაქვს საყოველთაო განათლება ქვეყანაში.

„ფიზიკურად სკოლაში მისვლა არ ნიშნავს განათლების მიღებას. განათლებას იღებენ ის ბავშვები, რომელთა მშობლებს აქვთ საშუალება ბავშვები მოამზადონ რეპეტიტორებთან. სამწუხაროდ, ამაზე დგას საჯარო სკოლები.

ეს არის გულგრილობა, ემპათიის ნაკლებობა, რადგან როცა მაღალჩინოსნების შვილები არ განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ჩვენი შვილები, ჩვენი პრობლემების მიმართ მათ მგრძნობელობა აღარ აქვთ. თანაგანცდის უნარი აღარ აქვთ საერთოდ, არ ესმით რაზე ველაპარაკებით.

რას აკეთებს განათლების მინისტრი, როცა სკოლაში მოდის? ხელს ჩამოართმევს დირექტორს, მასწავლებლებს, დაუსვამენ კლასში წინასწარ გამზადებულ ბავშვებს, გაუცინებს და წავა. არავის აზრს არ ისმენენ.

ყველაზე გასაბრაზებელი ის არის, რომ ამ დროს ხელისუფლება გველაპარაკება „ოჯახის სიწმინდის“ დაცვაზე. როგორ უნდა დავიცვა ოჯახის სიწმინდე, თუ განათლებაში არ ჩავდეთ ინვესტიცია?

როგორ უნდა გავაძლიეროთ ოჯახები, თუ განათლებაში და თანასწორობაში არ ჩავდეთ ინვესტიცია, სოციალური თანასწორობა ხომ განათლებას მოაქვს არა?

როგორ ვაძლიერებთ, იმ კანონებით, რომელსაც „ოჯახის სიწმინდის“კანონი დავარქვით?

გაიძახიან „ვაშენებთ სკოლებს“, თბილისში ვცხოვრობ და იცით ალბათ დიდი დიღომი, ფაქტობრივად ქალაქია ქალაქში, უამრავი კორპუსი აშენდა და არცერთი სკოლა. სად უნდა წაიყვანონ ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებიან? რომ ჰკითხო, ადგილი არ არის, კორპუსების ადგილი კი უცებ გამოჩნდება.

რასაც ანგრევენ, არც ის შენდება წლობით. როგორ ხდება, რომ კორპუსის აშენებას 9 თვე სჭირდება და სკოლისას ოთხი წელიც არ ჰყოფნის? ესეც პრიორიტეტზე მეტყველებს, რომ განათლება და ბავშვების კეთილდღეობა ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არის“, – ამბობს მედეა.

_____________

მთავარი ფოტო: მედეა ტურაშვილი, მარიამ ჩუბინიძე

ჯემალ ანანიძე და აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიის საპარლამენტო სიაში არიან

დღეს, 25 სექტემბერს, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. ამ სიაში ორი პირი არის ბათუმიდან – ჯემალ ანანიძე, ბათუმის ყოფილი მერი და აკაკი გვიანიძე, ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი.

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ სიაში, 29 კანდიდატს შორის ცხრა ქალია.

  • გიორგი გახარია;
  • ნათია მეზვრიშვილი;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი;
  • კახაბერ ქემოკლიძე;
  • ზვიად ძიძიგური;
  • ზაზა თავაძე;
  • ანა ბუჩუკური;
  • ბერდია სიჭინავა;
  • როინ ქოჩორაშვილი;
  • ბექა ლილუაშვილი;
  • თეონა აქუბარდია;
  • ლევან გოგიჩაიშვილი;
  • გიგა ფარულავა;
  • გელა აბულაძე;
  • შალვა კერესელიძე;
  • თამარ ხვედელიანი;
  • ელგუჯა ხოკრიშვილი;
  • ვიკა ფილფანი;
  • კახა ნურალიძე;
  • სოფო ხორგუანი;
  • ჯემალ ანანიძე;
  • რუსუდან თევზაძე;
  • ქეთევან ბაკარაძე;
  • მალხაზ თორია;
  • ვატო ფაჩულია;
  • ერეკლე დუმბაძე;
  • სალომე კობალაძე;
  • გოჩა ტყეშელაშვილი;
  • აკაკი გვიანიძე.

რამდენად ეფექტურია ივანიშვილის ტრიუკები – „გადარჩნენ, რომ ტრამპი არ არის ხელისუფლებაში“

„დაინახეს, რომ აღარ ყოფნით უკვე „დავით გარეჯი“ გაზარდეს ფსონები, გადავიდნენ უფრო დიდ თემებში. მათ უნდათ, რომ სრულ ისტერიამდე მიიყვანონ ყველაფერი,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მას ივანიშვილის ტრიუკებზე ვესაუბრეთ, რაც მუშაობს, ან ვერ იმუშავა და „ქართულმა ოცნებამაც“ თაროზე შემოდო.

მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საუბარი წამოიწყეს, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთო, თუმცა დღეს ისინი ამ თემას საერთოდ აღარ ახსენებენ, ისევე, როგორც „დავით გარეჯი საქართველოა“. შეგახსენებთ, რომ ეს „ოცნების“ მთავარი გზავნილი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, არჩევნების შემდეგ კი, პრობლემის მოსაგვარებლად ივანიშვილის ხელისუფლებას ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.

ივანიშვილის რომელი ტრიუკი მუშაობს ამ არჩევნებზე და რომელი არ მუშაობს? – „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

  • ბატონო გია, ივანიშვილი მოსახლეობის წინასაარჩევნოდ დაშინებას ომით ცდილობს, თითქოს რუსეთია მშვიდობის გარანტი. ეს ის ტრიუკია, რომლის იმედიღა შემორჩა ივანიშვილს? წინასაარჩევნოდ გააქტიურებულ რამდენიმე გზავნილზე „ოცნებამ“ ლაპარაკი შეწყვიტა, მაგალითად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება… 

როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, თანხმდება ერთ საკითხში, რომ ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, ანუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას. ჩვენ ამ არჩევნებზე ვაკეთებთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორთან დაკავშირებულ არჩევანს. ეს ერთგვარი რეფერენდუმია – ეს პრეზიდენტის ფორმულირება, ანუ მივდივართ ევროპისკენ, რაც კონსტიტუციით არის გამაგრებული, თუ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში?

ივანიშვილმა შემოგვთავაზა ალტერნატიული რეფერენდუმი: ომი, თუ მშვიდობა. მას ამით მისთვის ძალიან არაკომფორტული ფორმულირების გადაფარვა სურს. ის კიდევ უფრო ფუნდამენტურ რაღაცას შეეხო და პოზიციონირებს, როგორც მშვიდობის ერთადერთი გარანტი. ის ოპოზიციას აბრალებს იმას, რომ თითქოს ოცნებობენ ომის დაწყებაზე საქართველოში.

ახლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ ამის ახსნას ამომრჩევლისთვის, რომ ივანიშვილის შემოთავაზებული რეფერენდუმი არის ყალბ შეკითხვაზე აგებული და სინამდვილეში ასე არ დგას ეს საკითხი. პირიქით არის დიდწილად, რადგან მშვიდობა მოაქვს ზუსტადაც ევროპას, ნამდვილი ომის პარტია კი, რუსეთშია ჩაბუდებული. ამას ხედავს მთელი სამყარო ჩვენს გარდა.

გია ხუხაშვილი

ძალიან რთულია ბრძოლა სახელისუფლებო პროპაგანდასთან, მათ ბევრად მეტი რესურსები აქვთ. როცა საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს დიდი, კონტრპროპაგანდით ამის გადაფარვა, განსაკუთრებით რეგიონებში საკმაოდ პრობლემურია. ამიტომაც არის საჭირო ოპოზიციის მხრიდან ინტერაქტიური ურთიერთობა ამომრჩეველთან: ჩასვლა, დალაპარაკება, კითხვებზე პასუხის გაცემა, ასე რომ, ბურთი ახლა ოპოზიციის მოედანზეა. მ

მთავარი თემაა: ამომრჩეველი საარჩევნო უბნისკენ რომ წავა, რომელ კითხვაზე პასუხის გასაცემად წავა? აქ უკვე პროპაგანდას რაც შეეძლო, ყველაფერი გაკეთა. ახლა ეს კონტრპროპაგანდა და ინტერაქტიური ურთიერთობაა საჭირო ოპოზიციის მხრიდან, რომ ამომრჩეველი სწორ კითხვაზე პასუხის გასაცემად წავიდეს არჩევნებზე.

რაც შეეხება სხვა ურაპატრიოტულ და ფსევდორელიგიურ თემებს, ვითომ-ვითომ ტრადიციების დაცვას, ამ საკითხებმა დაკარგა ეფექტურობა. იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, ვნახეთ ზატულინის კომენტარები, დაივიწყეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიო. ეს ილუზიაც ვერ შექმნეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რაღაც გეგმა აქვთ. ერთადერთი დარჩათ ეს ომი და მშვიდობა, რომ ქართველ ამომრჩეველში ღრმად ჩაბუდებულ კონფორმიზმს შეუწყონ ხელი. მათ სურთ ადამიანებს ათქმევინონ, ოღონდ მშვიდობა იყოს და წყალსაც წაუღია ყველაფერი.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ბუნებრივია, ყალბი პროპაგანდა მოქმედებს. ნუ ვიტყვით, რომ ეს პროპაგანდა არ ზემოქმედებს ადამიანებზე, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, რომ ამ ზომბირების მდგომარეობიდან ამომრჩეველი გამოვიყვანოთ.

  • თქვენი დაკვირვებით, რის მიხედვით არჩევს ივანიშვილი ტრიუკებს წინასაარჩევნოდ? გამოჩნდა, რომ „ოცნების“ გზავნილმა, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთო, არ იმუშავა, ასევე, 2024 წლის არჩევნებზე „ოცნება“ საერთოდ აღარ ახსენებს „დავით გარეჯი საქართველოა“, რაც წინა არჩევნებზე მთავარი გზავნილი იყო. 

ყველაფრის მოსინჯვა ხდება. ფაქტობრივად, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი ფასეულობითი არჩევანი არ აქვს. ისინი ნებისმიერ ხავსს ეჭიდებიან, რამაც შეიძლება თეორიულად რაღაც შედეგი მაინც მოუტანოს.

ნახეთ უტიფრობის დონე – როდესაც გინდა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, მეორე მხარესთან ჯერ კონსულტაცია გაიარე. მათ ხომ უნდა სცოდნოდათ საპატრიარქოს პოზიცია წინასწარ? ისინი თანამშრომლობენ საკმაოდ კარგად, მაგრამ იმდენად გათავხედებულები არიან, რომ არც კი ჩათვალეს საჭიროდ, წინასწარ ლაპარაკი საპატრიარქოსთან ამ თემაზე და მიიღეს იქიდანაც ცივი შხაპი.

დავით გარეჯზე საუბრის შემდეგ და წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ფსონები გაიზარდა, წინა არჩევნებზე, სხვათა შორის, კარგად ამუშავეს ეს თემა. ახლა ვიღას ახსოვს დავით გარეჯი? ცხადია, რომ ესეც იყო საარჩევნო ტრიუკი. ახლა დაინახეს, რომ აღარ ყოფნით „დავით გარეჯი“ – გაზარდეს ფსონები, გადავიდნენ უფრო დიდ თემებში. მათ უნდათ, რომ სრულ ისტერიამდე მიიყვანონ ყველაფერი, რომ ჰიპნოზის ქვეშ ამყოფონ საზოგადოება, ყალბი შიშებით და შფოთვებით აცხოვრონ. ეს არის მათი ამოცანა.

ერთადერთი კოზირი დღევანდელი ხელისუფლების არის ის, თუ ოპოზიცია იქნება ნაკლებად ადეკვატური და ვერ მოახდენს რეალური უპირატესობის რეალიზებას. თუ ეს ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ეს არის ხელისუფლების ძალა.

  • ლიბერალური ძალები დასავლეთში მარცხდებიან“ – ესეც ივანიშვილის ერთ-ერთი ტრიუკი იყო, თუმცა პირიქით მოხდა. აქ რა ვერ გათვალა ივანიშვილმა, თქვენი აზრით? 

ესეც აღარ მუშაობს, ცხადია, რადგან როდესაც პრემიერ-მინისტრს ბოდიში და სადილზე აღარ ეპატიჟებიან, თუ კიდევ ვინმეს სჯერა, რომ ისინი მარცხდებიან და აქ ვიღაც იმარჯვებს, ძნელად წარმოსადგენია.

რეალურად არც ტრამპია ამათთვის საჩუქარი. ჩემი აზრით, გადარჩენილები არიან, რომ ტრამპი არ იყო ხელისუფლებაში. ტრამპი ბევრად უფრო ხისტად იმოქმედებდა იმ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც რაღაც ომის პარტიაზე საუბრობს და რევოლუციებზე აშშ-ის მხრიდან. ბაიდენი რბილია ამ ყველაფერთან მიმართებით.

ვფიქრობ, ხელისუფლებაში არაადეკვატურობის ხარისხმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მეჩვენება, რომ ეს უკვე სრული საგიჟეთია. თანმიმდევრულობას და მწყობრ პოლიტიკას ვეღარ ვხედავ.

___

ამ თემაზე:

აღარ არის დავით გარეჯი „ოცნებისთვის“ საქართველო? – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

ექიმი, რომელიც გერმანიაშია ემიგრაციაში – თუ გენატრებათ დედა, მამა, ნათესავები, წადით არჩევნებზე

„მე ვარ დავით ალექსიძე, გორში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, რამდენიმე წელი საქართველოში ექიმად ვმუშაობდი. ერთ დღეს კი ავდექი და წამოვედი ბერლინში, ევროპული ცხოვრება მინდოდა, არ ვიყავი ყოველდღიურობით კმაყოფილი – იმით, რაც საქართველოში ხდებოდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც წამოვედი. ვიფიქრე, რომ აქ უფრო გამიადვილდებოდა“, – ასე იწყებს თავის ამბის თხრობას დავით ალექსიძე, რომელთან ინტერვიუც ბერლინის ერთ-ერთ კაფეში ჩავწერეთ. დავითი უკვე სამი წელია გერმანიაშია.

  • დავით, თქვენი მოლოდინები გამართლდა აქ ჩამოსვლის შემდეგ?

აქ ჩამოსვლის შემდეგ დავინახე, რომ ევროპაში ადამიანები ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ გაგებით, რომ აქვთ საკუთარი საქმე და სამსახური. ამ საქმისა და სამსახურის გარეთ კი აქვთ საკუთარი პირადი დრო. ეს მე აქ მკაფიოდ დავინახე და გავიაზრე. აქვთ შესაძლებლობები ოჯახებთან ერთად გავიდნენ სადმე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მწვანე სივრცეა, შეგიძლია შენი სივრცე იპოვო – მთავარი ესაა. აქ არ გაწუხებს არც გაჭირვება და არც ამისგან გამოწვეული პრობლემები. აქ არის კულტურა, სპორტი და სხვადასხვა აქტივობა, რაც ძალიან მომწონს.

  • „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ ევროპა გარყვნილებაა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენი დაკვირვებით?  

მე ევროპაში გარყვნილებას ვერ ვხედავ. აქ ადამიანები თავისუფლები არიან, ისინი იცავენ საკუთარ პირად სივრცეს. აქ, ვინც გავიცანი – ჩემი მეგობრები, უფროსი ადამიანები, ოჯახები – ყველგან უფრო დიდი სიყვარულია, ვიდრე ჩვენთან. ჩვენთან ეს მხოლოდ სუფრაზეა – აი, მაგალითად, თუ სამეზობლო შეიკრიბება ან რამდენიმე ადამიანი. ამ დროს არის ქალების მიმართ დამამცირებელი მოპყრობები, ბევრჯერ მინახავს.

რა თქმა უნდა, ეს ბოლო დროს უკეთესობისკენ შეიცვალა. აღარ არის ისეთი ჩაკეტილი სივრცე და ტაბუდადებული თემები, როგორც ადრე იყო. ევროპა არაა გარყვნილი, პირიქით, მას ძალიან დიდი ღირებულებები აქვს, რომლებიც ჩვენც უნდა გავიზიაროთ. ევროპა გაძლევს შესაძლებლობებს. შესაძლებლობები კი უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში.

ევროპა არ არის სხვა, უცხო კულტურა. ჩვენ ვართ ევროპელები. აქ ვარ, მეტ-ნაკლებად გავეცანი აქაურობას და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბუნებით ევროპელები ვართ. ჩვენთან აზიური გავლენები ყოველთვის დიდი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ევროპელებად დავრჩით და ჩვენთვის ევროპელობა უპირატესია.

ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც სხვისი დაჩაგვრა ან დაზიანება გვიყვარს. გვიხარია, როდესაც სხვებიც კარგად არიან. ვინც არ უნდა იყოს გვიყვარს, სტუმართმოყვარეები ვართ. ეს კი ევროპული, მაღალი მორალური თვისებების მქონე ერისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენ გვჭირდება სივრცე, სადაც მივიღებთ განათლებას, თავისუფლად ვისუნთქავთ და არავინ გვესვრის იარაღს.

  • საქართველოში რუსული კომპანიების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რა იწვევს ამას და რას ნიშნავს ეს?

ვინ არიან რუსები? ჩემი პასუხი ასეთია – რუსები არიან ჩვენი მტრები. ვინც მე მესვრის, ჩემს ოჯახს ესვრის, ჩემს მეზობელს, ნაცნობს ესვრის, მოვა, სილას გამარტყამს, დამბომბავს, ტერიტორიას წამართმევს, ხალხს დამიხოცავს და ყველანაირად შეეცდება, რომ არ განვვითარდე, ჩემი მტერია.

რუსები ქვეყანაში შემოუშვეს. მტერი არ უნდა შემოუშვა შენს სახლში, შენს ოჯახში. ამის მიუხედავად მაინც შემოუშვეს. თუ შემოუშვეს, უნდა შემოეშვათ, როგორც ტურისტები. თუმცა მათ მისცეს ქვეყანაში ყოფნის და ცხოვრების უფლება. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ არა მტერთან მიმართებაში. კომფორტული პირობები შეუქმნეს. ამიტომაც არ მიკვრის, რომ ამდენი კომპანიაა უკვე. რეალურად მათთვის ერთადერთი შანსი საქართველოა, საზღვარგარეთ რომ გავიდნენ, ფული გამოიტანონ და გაათეთრონ.

შესაძლოა ამან საქართველოს ეკონომიკაზე რაღაც მომენტში დადებითი გავლენა იქონიოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამად არ ღირს. აქ დიდ საფრთხესთანაც გვაქვს საქმე. გუშინ წავიკითხე, რომ იანდექსმა გადასცა საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსეთის სახელმწიფოს.

ესე იგი, შენზე ყველაფერი იცის შენმა მტერმა. დღეს კი ყველაზე ღირებული ინფორმაციაა, რაც შენი მოწინააღმდეგის სისუსტის ნახვაში გეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოება და ამ ინფორმაციის დაფარვაა. ამის ნაცვლად კი ვხედავთ, რაც მოხდა. ეს ჩემთვის გამოცხადებული ღალატის ქრონიკაა.

ისტორიის წიგნებში როდესაც ვკითხულობდი ღალატზე, ვფიქრობდი – ვა, ეს როგორ შეიძლება, მაგრამ ისტორიაში უფრო მეტი მოღალატეა, ვიდრე გვგონია ან ჩანს.

  • როგორი მოლოდინები გაქვთ არჩევნებზე?

დიდი მოლოდინები მაქვს. ობიექტურად ეს არის გზაგასაყარი ჩვენს უახლოეს ისტორიაში. ეს არის ჩვენი შანსი, ერთხელ და სამუდამოდ რუსული წრიდან გამოვიდეთ, სადაც, ჩემი გამოცდილებით, სულ მცირე 36 წელია ვტრიალებთ. თითქოს ვერ ვწყდებით, მაგრამ რეალურად გვინდა, რომ მოვწყდეთ, რის საშუალებასაც არ გვაძლევენ.

იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის სათავეში არიან, არ ესმით რა არის კეთილი და ბოროტი მხარე, რა არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის. ეს არ აინტერესებთ.  არ ვიცი, ეს ხალხი ასე როგორ დაბრმავდა. ვფიქრობ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. მგონი მხოლოდ გვარები აქვთ ქართული, სხვა მხრივ კი რუსები არიან – ქცევით, ყოველდღიურობით. არ არსებობს ამხელა პროტესტები იყოს და ერთი კითხვაც არ დაუსვა შენ თავს – ღირს ეს ამად?

ვფიქრობ, მათი მიზანია კარგად ცხოვრება, კონტროლი და საკუთარი თავის სხვებზე მაღლა წარმოჩენა. აი, ზუსტად აქ ავიწყდებათ, რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ჩვენ ვართ მოკვდავები, ვინც განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაზღვრულ გარემოში ვცხოვრობთ. საქართველო კი არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც გვიყვარს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დედამიწის ამ პატარა ნაგლეჯზე შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა ბედნიერი იქნება.

საქართველოში მცხოვრებ ქართველებს ვეტყოდი, რომ თუ გენატრებათ დედები, მამები, ნათესავები – აუცილებლად მიდით არჩევნებზე. იმავეს ვეტყოდი საზღვარგარეთ მყოფებზეც – თუ გენატრებათ ისინი, მიდით არჩევნებზე.

ახლა არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს საზღვრების ჩაკეტვას, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას. ამ შემთხვევაში იქნება ორი საქართველო – საზღვრებს გარეთ და საზღვრებს შიგნით მყოფი საქართველო.

ადამიანები შეძლებენ დაბრუნებას, თუმცა აქაურობას ვეღარ დატოვებენ. ამ ფაქტის მიღება კი ევროპაში მცხოვრებ ადამიანს ძალიან გაუჭირდება. თავისუფალი სივრციდან დიქტატორულ სამყაროში შებიჯება მიუღებელია. ამიტომ ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი აღარ დაბრუნდება.

იგივე მოხდა საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, საზღვრის სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ადამიანები და ერთმანეთს ვეღარ ნახულობდნენ. ძალიან მტკივნეული იქნება, საყვარელ ადამიანს რომ ვეღარ ჩაეხუტები.

ამაზე უნდა იფიქრონ ადამიანებმა და შემდეგ უკვე ძალიან მარტივი გადასაწყვეტია – მიხვდებიან, რომ არჩევნებზე წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

  • რატომ ტოვებენ ადამიანები საქართველოს?

სოციალური პრობლემების გამო. ყველა ინდივიდუალურია, ყველას თავისი პრობლემა აქვს. მე, პირადად, სანამ წამოვიდოდი სამი სამსახური მქონდა. ჩნდება კითხვა, თუ რატომ ვიყავი სამ სამსახურში.

ერთი ან ორი სამსახური არ არის საქართველოში იმის გარანტი, რომ შენ თვიდან თვემდე თავს გაიტან – ძალიან დაბალია ანაზღაურება, დაუფასებელია შრომა. ეს ასე იყო ყოველ შემთხვევაში ჩემს სფეროში. ყველა სფერო მაინც ერთმანეთს ჰგავს საბოლოო ჯამში. დაბალი ანაზღაურებაა, დიდ ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ რესურსს გასცემ, ეს ყველაფერი კი არ გიფასდება და არ გიბრუნდება უკან.

ამ დროს სხვა პრობლემებიც არსებობს – ნარკომანია, ბანკები, აზარტული თამაშები. პირველ რიგში მაინც ბანკები ალბათ. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ადამიანი კი ამას უკვე ვეღარ უმკლავდება, თუნდაც თვითონ არ იყოს ამ ყველაფერში ჩართული. მისი რომელიმე ოჯახის წევრი, მეზობელი, ნაცნობი ან ნათესავი შეიძლება იყოს ჩართული. ყველას გინდა, რომ დაეხმარო, მაგრამ ვერ ახერხებ. ამ ადამიანებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

უამრავი დაპირება ისმის პარტიებისგან, მაგრამ ამ მწვავე პრობლემებზე არავინ საუბრობს – საიდან დაიწყო, რატომ ვართ ასეთ დღეში, რატომ წავიდა ამდენი ადამიანი ქვეყნიდან. ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ მხრივ. ადამიანებიც ძალიან დაიღალნენ.

მე, პირადად, 36 წლის მანძილზე, 90-იანებიდან მოყოლებული სულ პრობლემებთან მიწევს გამკლავება, არაფერი არ იცვლება. მივხვდი, რომ შენი სიცოცხლე არაფრად ღირს ასეთ გარემოში. რუსული სამყაროს დამახასიათებელიც ზუსტად ისაა, რომ ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს ფასი.

ასეთი სოციალური პრობლემების მქონდე ადამიანი, რა თქმა უნდა, შესაძლოა არ იყოს მენტალურად მდგრადი და ძალიან უჭირს დამოუკიდებლად თავის გატანა. ამის შემდეგ ხვდება, რომ სულ სხვა რაღაც უნდა. 21-ე საუკუნეა და ვიცით, სად რა ხდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – რატომ უნდა ვიცხოვრო ასე, როდესაც ჩემი შესაძლებლობები ნორმალურად ცხოვრების საშუალებას მაძლევს. ამის გამო ვერავის ვერ გავამტყუნებ, რომ ტოვებენ ქვეყანას.

სამი წელია წამოვედი და ჩემი თავი აქ მაინც არ წარმომიდგენია სიბერეში. ჩვენ „გეორგია“ იმიტომ გვქვია, რომ მაინც ჩვენს მიწაზე მიჯაჭვული ხალხი ვართ. ვფიქრობ, ყველა მაინც დაბრუნდება უკან, სამშობლოში.

„ნუ გვიმალავთ სამართალს“ – საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

„ნუ გვიმალავთ სამართალს“ – ამ მოწოდებით შეიკრიბნენ დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ახალგაზრდები. აქციის ორგანიზატორი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

„მოვითხოვთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად გამოიტანოს გადაწყვეტილება რუსული კანონის შესახებ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის გზასთან. ეს პროცესები იწვევს მუდმივ დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას. მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები – გაიწვიონ ეს კანონი უკან“ – განაცხადეს ახალგაზრდებმა.

„ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან: 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 2024 წლის 31 აგვისტოს დაასრულა.

საუბარია შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, რუსული კანონი შეაჩეროს, ვიდრე ის ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და შეაფასებს: არის თუ არა რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ამ დრომდე არც ის გადაუწყვეტია, განიხილავს თუ არა სასამართლო სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ არსებითად.

ამავე თემაზე: 

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

სარფის საბაჟოზე 41 000 ლარის არადეკლარირებული ოქრო შემოჰქონდათ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 326,55 გრამი) გამოვლინდა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 41 998,35 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – იუწყება შემოსავლების სამსახური.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 646 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
  • ტანკი – 8 815 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 17 304 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 18 549 ერთეული [+74]
  • MLRS – 1 199 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 952 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 879 ერთეული [+115]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 595 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 248 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 168 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 218 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 462 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 187 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 467 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია – ზელენსკი

რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტის გამოცდა, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვარი კიდევ ერთ მონაკვეთზე გაარღვიეს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ მან განცხადება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ბოლოს გააკეთა.

მისივე განცხადებით, ის საკრებულოს რიგით წევრად დარჩება არჩევნებამდე.

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობა, კანონის შესაბამისად, პირველმა მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ უნდა შეასრულოს.

რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში იქნება.

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნებით შევიდა, ეს არჩევნები ცესკომ გონიო-კვარიათის არჩეული მაჟორიტარის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ჩანიშნა.

მანამდე ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა ჰქონდა.

შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 338 ამომრჩეველი „ოცნების ქალაქში“ დაარეგისტრირეს. ეს ის უბანია, სადაც ასობით ოჯახი ხელისუფლებისგან საცხოვრებელ ბინებს ელოდებოდა.

ოლქის საზღვრების შუალედური არჩევნებისთვის ცვლილებებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამომრჩევლის მოსყიდვის ან ზეგავლენის მოხდენის მუხლებით გამოძიების დაწყებას ითხოვდა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

საკრებულოში არჩევამდე რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

7 მიზეზი, თუ რატომ არის ფინანსური განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის

ეკონომიკის ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება მეწარმეობასა და ბიზნესში. ასეთ დროს კი, პირადი ფინანსებისა და ზოგადად, ფინანსების მართვის საფუძვლების ცოდნა გადამწყვეტი ხდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ეროვნული კეთილდღეობისთვის.

ამ ბლოგში, ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ 7 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის ფინანსური განათლება მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის:

  1. ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები აძლიერებს თითოეულ ინდივიდს

ფინანსური განათლება ადამიანებს სთავაზობს იმ ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რაც მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდებათ. საქართველოში, სადაც ბევრი ჯერ კიდევ ცდილობს ანაბრებში, ინვესტიციებსა და სხვა საბანკო პროდუქტებში ნავიგაციას, ფინანსური განათლება ფინანსური დამოუკიდებლობის გასაღები ხდება. ისეთი ცნებების გაგება, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, საკრედიტო ქულა და დაზოგვის მნიშვნელობა, ადამიანს აძლევს ძალაუფლებას აიღოს კონტროლი საკუთარ ფინანსურ მომავალზე.

  1. ფინანსური განათლება სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა

ფინანსური განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიღარიბის ციკლის გარღვევაში. როდესაც ადამიანებს ესმით, როგორ მართონ საკუთარი ბიუჯეტი და შეძლონ დანაზოგების გაკეთება, ისინი უკეთ მართავენ ხარჯებს და ამცირებენ ვალის მოცულობას. ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი კვლავ ებრძვის სიღარიბეს, ფინანსების მართვის ცოდნა ამცირებს ფინანსურ ხაფანგში მოხვედრის რისკებს და ეხმარება ადამიანებს ოჯახებისთვის სტაბილური საფუძვლის შექმნაში.

  1. მეწარმეობის ხელშეწყობა

საქართველოს აქვს მზარდი სამეწარმეო სულისკვეთება, რადგან აქ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. თუმცა, ბევრი ახალი წამოწყება მალევე სრულდება ცუდი ფინანსური მენეჯმენტის გამო. ფინანსური ცოდნა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს დაგეგმვასა და წარმატებული ბიზნესის შექმნაში  – ასწავლის მათ როგორ მართონ ფულადი ნაკადები და მოიზიდონ ინვესტიციები. ფინანსური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში, სადაც კაპიტალზე წვდომა შეზღუდულია.

  1. ეკონომიკური ზრდის სტიმულირება

ფინანსურად განათლებული მოსახლეობა ხელს უწყობს ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ზრდას. როდესაც ადამიანებს ესმით, როგორ განახორციელონ ინვესტიციები და მონაწილეობა მიიღონ ფინანსურ სისტემაში, ეს აძლიერებს ეკონომიკურ აქტივობას. ფინანსური განათლების ხელშეწყობას შეუძლია გაზარდოს სამომხმარებლო ხარჯები, გააუმჯობესოს დანაზოგის განაკვეთები და ზოგადად, გაზარდოს ჩართულობა ფორმალურ ეკონომიკაში  – ეს კი ხელს უწყობს მთლიანი ქვეყნის განვითარებას.

  1. ფინანსური საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადება

ისეთ მოულოდნელ მოვლენებს, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა, ჯანმრთელობის გაუარესება ან ეკონომიკური ვარდნა, შეუძლია დამანგრეველი გავლენა მოახდინოს ინდივიდებსა და ოჯახებზე. ფინანსური განათლება ხალხს შთააგონებს გააკეთონ დანაზოგები „შავი დღისთვის“ და განახორციელონ ინვესტიციები დაზღვევაში, რაც მათ ცხოვრებისეული კრიზისებისა და გამოწვევების გადალახვაში ეხმარება. საქართველოში, სადაც ბევრი ადამიანი დაუცველია ეკონომიკური შოკების მიმართ, ფინანსური განათლების გაუმჯობესება ნიშნავს ინდივიდების ცხოვრების გაუმჯობესებას.

  1. ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა

ბევრ ქვეყანაში ფინანსურ სერვისებზე წვდომა ხშირად შეზღუდულია. ინფორმაცია ნაკლები დოზით, ან საერთოდ არ მიდის სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან. ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები საბაზისო ფინანსური განათლება ამ უფსკრულის გადალახვას უწყობს ხელს, ასწავლის ადამიანებს, როგორ მიიღონ საბანკო მომსახურება და ისარგებლონ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით. ფინანსური ინკლუზიის ხელშეწყობით, საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს, რომ უფრო მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს ეკონომიკური სიკეთეებით და აღჭურვოს ისინი ეკონომიკაში მონაწილეობისთვის საჭირო რესურსით.

  1. დაცვა ფინანსური თაღლითებისგან

როდესაც ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, ის ფინანსური თაღლითობისა და მტაცებლური სესხების პრაქტიკის გამოწვევის წინაშე დგას. ფინანსური ცოდნა საშუალებას აძლევს ადამიანებს ამოიცნონ და თავიდან აიცილონ თაღლითობები. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განვითარებად ბაზარზე, სადაც ადამიანები უფრო დაუცველნი არიან თაღლითური სქემების, ე.წ. პირამიდების მიმართ, რადგან მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ფინანსურ პროდუქტებზე.

განვითარების ისეთ საფეხურზე მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ფინანსური განათლება ის აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც აძლიერებს ინდივიდებს, ხელს უწყობს მეწარმეობას, ამცირებს სიღარიბეს და უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს არის წინაპირობა, რომელიც შექმნის ფინანსურად ძლიერ საზოგადოებას, სადაც თითოეულ წევრს შეუძლია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. ფინანსურ საგანმანათლებლო პროგრამებში ინვესტირებით, ჩვენ გზას ვუხსნით უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს. 

*****

პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

„წადით არჩევნებზე… ემიგრანტებმა განსაკუთრებული სიტყვა უნდა ვთქვათ“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველები

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა. არჩევნების მოახლოების ფონზე უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს, ცდილობენ გაცვალონ ინფორმაცია, ერთმანეთს შეახსენონ მნიშვნელოვანი თარიღები და ყველა გზა გამოიყენონ, რათა ბევრმა მათგანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ფეისბუქჯგუფი „თაობები ქვეყნისთვის“. ემიგრანტები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით მართავენ აქციებსაც. ასეთი ბოლო აქცია ემიგრანტებმა 23 სექტემბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამართეს.

„ბათუმელები“ რამდენიმე ემიგრანტს ესაუბრა მოახლოებულ არჩევნებზე. ზოგიერთი მათგანი არჩევნებში მონაწილეობას ახერხებს, ზოგიერთი კი – ვერა. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ვკითხეთ, რატომაა ეს არჩევნები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

მიხეილ სარჯველაძე გერმანიაში ცხოვრობს. ის პოლიტოლოგია. საუბრის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად აპირებს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„გადამწყვეტი, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეალურად, სისტემური კონფლიქტის ნაწილია – ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლაკმუსის ტესტია, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს სახელმწიფოთა ავტორიტარულ ბანაკში ხედავს და მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, მსურს, რომ ამ პროცესს შევეწინააღმდეგო.

თუ გადავხედავთ საქართველოს ბოლო ასი წლის ისტორიას, მარტივად დავადგენთ, თუ რამხელა ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას ერთპიროვნულმა მმართველობამ. თუ გვსურს ვიყოთ დემოკრატიული, სუვერენული და დაცული სახელმწიფო, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას ამ ეტაპზე ალტერნატივა არ გააჩნია” – გვეუბნება მიხეილ სარჯველაძე.

მისი თქმით, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში, ცხოვრება უმარტივებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ბევრი ემიგრანტის შემთხვევაში სხვაგვარადაა.

„მე პირადად სირთულეები არ შემხვედრია, თუმცა ვხედავ, რომ ემიგრანტების გარკვეული ნაწილი არ არის ინფორმირებული, თუ როგორ უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. გარდა ამისა, საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფებიან, არსებობს შიში, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომამ შესაძლოა მათთვის სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან ვალდებულებას და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ კუთხით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება”.

მიხეილი მიიჩნევს, რომ ახლა მოქალაქეების ბედთან ერთად სახელმწიფოს მომავალიც წყდება.

„არ მსურს საქართველო გახდეს ავტორიტარული სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქეებს ადამიანთა ვიწრო ჯგუფი შეგვიზღუდავს თავისუფლებას.

ჩვენი ქვეყანა ამჟამად გარდამავალ ეტაპზეა და ჩვენზე – ამომრჩეველზეა დამოკიდებული მისი ბედი.

„ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი ისუნთქებს თავისუფლად, ვინც ავტორიტარული სისტემის ნაწილი იქნება. ეს არ შეეხება მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლის ემოციებზე ზემოქმედებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ტყუილებით, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს, ან თითქოს „ქართული ოცნებაა“ საქართველოში მშვიდობის გარანტი.

იმედია, ჩვენი საზოგადოება მიხვდება ამ პრიმიტიული პროპაგანდის ბოროტ ზრახვებს და არ დაუშვებს საქართველოს ავტორიტარული სახელმწიფოების ორბიტაზე გადასვლას.

ოპოზიციის გამარჯვებისა და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების შემთხვევაში შანსი იზრდება, რომ საქართველო შეძლებს დაუბრუნდეს დასავლურ კურსს და ჯერ კიდევ შეძლოს იმ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად წარმოიქმნა.

თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება გააყალბოს არჩევნები და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააგრძელებს სვლას ავტორიტარული ბანაკისკენ, საქართველო დაკარგავს წვდომას ძალიან ბევრ სიკეთეზე, რომელსაც ქვეყანა დასავლელი პარტნიორებისგან იღებს და როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა”.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ის იცნობს ბევრ სტუდენტს, რომლებიც არ ცხოვრობენ გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულოები არსებობს და შესაბამისად, ამ ახალგაზრდებისთვის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილება დროის თუ ფინანსების თვალსაზრისით დიდ გამოწვევას წარმოადგენს. „თუ გავითვალისწინებთ ქართველების დიდ რაოდენობას, რომლებიც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, დროა, რომ ემიგრანტებმა მიიღონ საფოსტო გზით არჩევნებში მონაწილეობის უფლება“ – მიიჩნევს ის.

მიხეილ სარჯველაძე

სალომე სალაძე ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში წლებია ცხოვრობს და გარდა იმისა, რომ მუშაობს, მეორე მაგისტრატურას ამთავრებს ვენის უნივერსიტეტში.

„არჩევნები არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, მოქალაქეებმა გადავწყვიტოთ, როგორი ქვეყნის ქონა გვსურს”, – ამბობს სალომე. მისი თქმით, ის აუცილებლად წავა არჩევნებზე და ამისკენ მოუწოდებს ირგვლივმყოფებსაც.

სალომე ხმის მისაცემად საკონსულო აღრიცხვაზე წელს არ დამდგარა არჩევნებზე, რადგან ეს წლების წინ გააკეთა საელჩოში და მას შემდეგ ყველა არჩევნებში, ვენაში გახსნილ საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას.

მისი თქმით, თავს პრივილეგირებულადაც კი მიიჩნევს, რადგან მისთვის სამოქალაქო ვალის მოხდა იოლია, სხვებისთვის კი არჩევანის გაკეთება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული:

„ადამიანები, რომლებიც დედაქალაქიდან დაშორებით ცხოვრობენ, შეიძლება გამოაკლდნენ ამ მნიშვნელოვან მოვლენას.

არის ქართველებით დასახლებული ავსტრიული ქალაქები, რომლებიც 3 და 4 საათის სავალზე მდებარეობს ვენიდან და იქ მცხოვრებ ქართველებს გაუჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა.

ავსტრიაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან ტერიტორიულად უფრო დიდ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბნები მხოლოდ დედაქალაქებშია გახსნილი. როგორც ვიცი, ასეთ ქალაქებში მცხოვრებმა ქართველებმა ცესკოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე თხოვნით მიმართეს, მაგრამ მათი ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეს განსაკუთრებით დააზარალებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ოჯახებში მუშაობენ ბავშვებთან თუ მოხუცებთან და ოჯახებიდან დიდი ხნით გამოსვლა და სხვა ქალაქში ხმის მისაცემად წასვლა არ შეუძლიათ“ – ამბობს სალომე.

სალომეს ვკითხეთ, მისი აზრით, რა უნდა შეცვალოს არჩევნებმა ქვეყანაში.

„საქართველოში ბევრი რამ არის უკეთესობისკენ შესაცვლელი, თუმცა, მთავარი, რამაც ამ ცვლილებებს საფუძველი უნდა ჩაუყაროს, არის ის, რომ ძალაუფლება აღარ იყოს ერთი პარტიის ხელში მოქცეული, რადგან საქართველოს ისტორიის ბოლო ათწლეულებმა გვაჩვენა, რომ ერთპიროვნული ძალაუფლებით მთავრობაში მოსული პარტიები, რაღაც პერიოდის შემდეგ, კარგავენ ბმას საზოგადოებასთან, აღარ უსმენენ მათ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც კი ბედავენ წასვლას.

 

სალომე სალაძე, სტუდენტი

ამ არჩევნებისგან, პირადად მე, ველი, რომ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თუნდაც ერთმანეთისგან პოლიტიკური იდეოლოგიით განსხვავებული პარტიებისგან, რომელთაც დისკუსიისა თუ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე უნდა იპოვონ ყველაზე კარგი გზა, ქვეყნის სამართავად და ჩვენი, მოსახლეობის ნების აღსასრულებლად.

გარდა ამისა, მოველი, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფადვე აღვადგენთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან გაფუჭებულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროატლანტიკურ საგარეო კურსს, რადგან, ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას არ ექნება ის, რაც ასე ძალიან მოგვწონს სხვა ევროპულ ქვეყნებში – გამართული ჯანდაცვა, მაღალი ხელფასები, კარგი განათლება თუ გამწვანებული გარემო”.

საუბრის ბოლოს, სალომე გვეუბნება, რომ იცნობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან უჭირთ დედაქალაქში ჩასვლა ხმის მიცემისთვის.

„ევროპულმა ქვეყნებმა წლების წინ გადაწყვიტეს ეს პრობლემა, რადგან, მათ საზღვარგარეთ მცხოვრებ თავიანთ მოქალაქეებს, საარჩევნო უბნებზე მისვლის გარდა შესთავაზეს წერილობით ან ონლაინ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ჩვენთანაც დაინერგება იგივე, თუმცა, ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის გადარჩენაა და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, სხვას ყველაფერს ფასი დაეკარგება”.

ზურაბ ბაკურაძე იურისტია. ის გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს და ხმის მისაცემად ბერლინში მოუწევს ჩასვლა, თუ საკონსულო აღრიცხვაზე გაგზავნილ მის განაცხადს საქართველოს საკონსულო დაადასტურებს. ზურაბი ახლა პასუხის მოლოდინშია.

ამბობს, რომ მისთვის არ არის დიდი პრობლემა ხმის მისაცემად სხვა ქალაქში ჩასვლა, მაგრამ ბევრ ემიგრანტს იცნობს, რომლებისთვისაც ეს ნამდვილად რთულია:

„გერმანიაში ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის ბევრი ლტოლვილი და არალეგალურად შემოსული. სამწუხაროდ, ყველა ქალაქში არ იხსნება საარჩევნო უბანი, მხოლოდ იქ, სადაც საელჩო-საკონსულოებია.

ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქ მიწის დატოვების უფლება არ აქვს, ზოგს პასპორტი აქვს ჩაბარებული, ზოგს ნდობა აქვს გამქრალი და არ უნდა საელჩოში მისვლა, არ უნდა რომ დაფიქსირდეს, ამას ემატება გადაადგილების ხარჯებიც, ზოგი უბრალოდ მუშაობს იმ დღეს და ვერ მიდის სხვა ქალაქში ხმის მისაცემად, ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ გადაადგილდება შორ გზაზე. ასეთ დროს კი მარტივად იკარგება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და საერთოდაც მის გადასარჩენად საჭირო ხმები.

ამ მოჩვენებითი „მშვიდობის“ პერიოდში საქართველო მოსახლეობის 30%-მა დატოვა, უკრაინაში ომის პირობებში კი უკრაინა მოსახლეობის -28%-მა. დასკვნა თვითონ გააკეთეთ. ემიგრაციამ განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვას ამ არჩევნებზე – ერთი, ხმის მიცემით და მეორე, ამ ხმების დაცვით.

თუ ჩემი აქ რეგისტრაცია გართულდა, გამორიცხული არაფერია კრემლისგან, მაშინ საქართველოში ჩამოვალ და ხმას მაინც მივცემ იქ”, – გვითხრა ზურაბ ბაკურაძემ.

მისი თქმით, არჩევანის გაკეთება ადამიანის ნებაა და ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ცვლილებების მოსაპოვებლად.

„ადრე ასე თუ ისე მესმოდა აპოლიტიკური ადამიანის, დღეს უკვე – ვეღარ, რადგან დღეს უმოქმედობის, სიზარმაცის და ინფანტილურობის გამო არჩევნებზე არ მისვლა, ნებით თუ უნებლიედ, შენი ქვეყნის გაუქმებაში თანამონაწილეობას ნიშნავს.

ასე დგას საკითხი დღეს – საქართველო ან იარსებებს ან არა. ასეთ დროს ფრაზა – „მე აპოლიტიკური ვარ და არ მივალ არჩევნებზე“ არის პირდაპირი გაგებით იდიოტობა. ტერმინი იდიოტი ძველი საბერძნეთიდან მოდის და ისეთი ადამიანების მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრებისგან განზე იდგნენ”, – ამბობს ზურაბი და დასძენს, რომ თუ არჩევნებზე მაქსიმალურად ბევრი ამომრჩეველი მივა, „კრემლი, საქართველოში “ქართული ოცნების” სახით, ვეღარ შეძლებს არჩევნების გაყალბების გზით ქვეყნის კურსის შეცვლას“.

„ეს ცვლილება, პირველ რიგში ჩვენი, როგორც სახელმწიფოს გადარჩენის და შემდეგ, განვითარების გარანტიაა. გარდა ამისა, ეს ცვლილება დიდი დახმარება იქნება ჩვენი უკრაინელი დების და ძმების ტერორისტული რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან დღეს საქართველო კრემლს აქვს მიტაცებული რუსი ოლიგარქის ხელით, რომელსაც ემსახურება მთელი სახელმწიფო სისტემა, ეს რუსი ოლიგარქი კიდევ თავის მხრივ კრემლის დავალების შემსრულებელია ყველა მიმართულებით. ამიტომ კრემლისთვის ამ არჩევნების მერე საქართველოს, როგორც საყრდენის გამოცლას უკრაინასთან ომში, დააჩქარებს უკრაინის გამარჯვებას ომში.

ზურაბ ბაკურაძე

მე პირადად ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული, სამართლიანი, არაძალადობრივი, ანუ ისეთი, როგორიც უნდა იყოს არჩევნები წესით, რადგან, როგორც ვთქვი, ამ არჩევნებს ატარებს კრემლი და კრემლის მეთოდებზე და ბოროტებაზე ყველამ კარგად ვიცით.

ვარდისფერი სათვალეებიდან ცქერის დრო არ არის, თუმცა მაქვს იმედი, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები დავიცავთ ჩვენს არჩევანს და ისე როგორც გვჩვევია ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, გავერთიანდებით და დავიბრუნებთ იმას რაც ჩვენია და რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“ – თავისუფლებიდან დაწყებული დროებით ოკუპირებული ტერიტორიებით დამთავრებული“ – ამბობს ზურაბ ბაკურაძე. 

მიზეზები, რის გამოც ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა უჭირს, ან საერთოდ ვერ ახერხებს, ბევრია, თუმცა მთავარ პრობლემად უცხოეთში მცხოვრები ქართველები საარჩევნო უბნის სიშორეს, დროსა და ფინანსურ რესურს ასახელებენ.

48 წლის მანანა ბოლქვაძე 8 წელია რაც ემიგრაციაშია. ის იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობს. ქალმა ემიგრაციაში წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა ბათუმში, სამსახურში შემცირებაში მოყვა.

„ყველა ემიგრანტს გვინდა, მალე დავბრუნდეთ. სამწუხაროა, რომ ვერც არჩევნებზე წასვლას ვახერხებ. წინა არჩევნებზე ვიყავი რომში, რათა ხმა მიმეცა, მაგრამ ახლა ვერ ვახერხებ. ფლორენციაშიც რომ იყოს საარჩევნო უბანი, პირველი ვიქნები, ვინც არჩევნებზე მივა, მაგრამ სამსახურის გამო, დრო არ მაქვს რომში რომ ჩავიდე. რა თქმა უნდა, მეც მინდა არჩევანის გაკეთება. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვერ მოვახერხებ წელს, თანაც ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებზე.

მანანა ბოლქვაძე

როგორც რომში, ისე ფლორენციაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და არამხოლოდ მე, არამედ ყველა ქართველს უნდა, რომ იყოს საარჩევნო უბანი აქ. ვფიქრობთ, რომ მოვითხოვოთ. რამდენიმე ქართველსაც გავუზიარე ეს… ხალხი დაღლილია ჯერ ემიგრანტობით, მერე საქართველოს ასეთი მდგომარეობით… ისიცაა, რომ ნდობა დაკარგა ხალხმა.

ისე არ არის, რომ ჩვენ საქართველოში არ ვართ და არ გვანაღლებს. ჩვენ ვართ აქ, მაგრამ ჩვენი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, ყველა ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენ გვანაღვლებს საქართველოს ბედი. კი, ახლა აქ ვარ, შეიძლება 10 წელიც გავიდეს, მაგრამ ხომ უნდა ჩამოვიდე საქართველოში? მეც ისეთი საქართველო მინდა, როგორც ყველას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. ყველას ვთხოვ, წადით არჩევნებზე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მე არ მივდივარ, არა უშავსო, მაგრამ არა, შესაძლოა სწორედ შენი ერთი ხმა იყოს გადამწყვეტი” – ამბობს მანანა.

კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ბათუმიდან, ნინო დუმბაძე სავარაუდოდ ვერ მოახერხებს არჩევნებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი აქვს. ნინო გვიხსნის, რომ გერმანიის იმ მხარეში არ ცხოვრობს, სადაც საარჩევნო ოლქია, სხვა ქალაქში წასვლას კი ვერ მოახერხებს. მიუხედავად ამისა, ნინო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას მაინც აპირებს.

„სამედიცინო სფეროში ვარ და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი მაქვს, თან საარჩევნო ოლქი გერმანიის სხვა ფედერაციულ მხარეშია, მე სხვა მხარეში ვცხოვრობ. კარგი იქნებოდა, ელექტრონულად ყოფილიყო ხმის მიცემის შესაძლებლობა.

საზღვარგარეთ ყოფნის დროს უფრო მეტად შეიგრძნობს ადამიანი თავისი ქვეყნის საჭიროებას და უფრო მეტად უმძაფრდება სურვილი თავისი ქვეყნის გვერდში დგომის, კარგად ყოფნის და ამ შემთხვევაში თავისი მოქალაქებრივი პოზიციის დაფიქსირების”, – ამბობს ნინო.

ნინო დუმბაძე

ლია დეკანაძე „სოლიდარობის თემის“ თანადამფიძნებელი და სტუდენტია. ლია მაგისტრატურის მეორე კურსზე სწავლობს საზღვარგარეთ. ის ამ სემესტრს არგენტინაში გადის. მიუხედავად იმისა, რომ ლიას ძალიან უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მისი თქმით, სრულიად იაზრებს ამ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, სამწუხაროდ, ამას ვერ მოახერხებს.

„ძალიან პატარა საელჩო გვაქვს არგენტინაში. საკონსულო აღრიცხვაზე ძალიან ცოტა ადამიანია. სხვა ქვეყნებშიც ასეა, სადაც მცირე რაოდენობით საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ზუსტად ვიცი, რომ ვერ მოვახერხებ ხმის მიცემას ამ არჩევნებში. ოფიციალურად, 50 საქართველოს მოქალაქე არ ცხოვრობს არგენტინაში. ეს ჩემი პირველი არჩევნებია, რომელშიც ხმას ვერ ვაძლევ”, – ამბობს ლია.

ლია დეკანაძე, სტუდენტი

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ, მათი ჩართულობის გარეშე არჩევნები ვერ იქნება რეპრეზენტაციული და ვერ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას.

„საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფრო რომ გამარტივებოდათ არჩევნებში მონაწილეობა, მნიშვნელოვანი იყო რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვასა და არჩევნებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებით დროულად ჰქონოდათ ამომწურავი ინფორმაცია. უნდა ამოქმედებულიყო ცხელი ხაზები, სადაც იურისტები უფასო კონსულტაციებს გაუწევდნენ მათ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბევრ ემიგრანტს აშინებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სხვადასხვა მიზეზთა გამო (ხშირად იმ შემთხვევაში თუ ისინი სხვა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან) და ამგვარ კონკრეტულ შემთხვევებში სამართლებრივი რჩევები იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა სხვა სამართლებრივ რისკებს არ ქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ უბნების რაოდენობა გაიზარდოს იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება არ ავლენს პოლიტიკურ ნებას უზრუნველყოს და გაამარტივოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა

ჩემთვის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მის სრულ იზოლაციას შორის. ქვეყანაში მძაფრდება ავტორიტარიზმი, რეპრესიული აპარატი ამოქმედებულია სამოქალაქო საზოგადოების წინაშე, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები გამქრალი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ წინააღმდეგ აგორებულია სიძულვილის ენა, ხელისუფლება საზოგადოების ნამდვილ საჭიროებებსა და დაკვეთას უგულებელყოფს. ასეთ კრიზისულ მომენტში არჩევნებს რეფერენდუმის ბუნება აქვს და ამიტომაცაა ახლა მნიშვნელოვანი მასში აისახოს საზოგადოების ფართე ჯგუფების მონაწილეობა და გამოვლინდეს მათი თავისუფალი ნება”, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

ოზურგეთში, ლანჩხუთსა და თბილისში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – ინფორმაციას დღეს, 25 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე ორ პირს დავა ჰქონდა, „ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს. ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, ე.წ. ავტორიტეტებს ქურდული ტრადიციების შესაბამისი შეკრება მოუწყვიათ, სადაც მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მ.გ.-მ დათქმულ ვადაში გადაიხადა.

„აღნიშნული თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე კი დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

Exit mobile version