„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ცენტრის დამფუძნებელმა, ლუსინე დოსტიბეგიანმა ფეისბუქზე.
ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ერთადერთი განვითარების კერაა თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა გაუქმდეს.
შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან უზუფრუქტის წესით ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მერია სავარაუდოდ აღარ აპირებს ცენტრისთვის შენობის დათმობას.
რუსული კანონის დამტკიცებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ცენტრს თეთრიწყაროს მერიამ წერილობით მიმართა და შეახსენა, რომ 26 სექტემბერს უზუფრუქტის ხელშეკრულებას ვადა გასდის და შენობა არა უგვიანეს 3 ოქტომბერს უნდა ჩააბარონ.
„ამ შენობით 6 წელია ვსარგებლობთ და ამ ხნის განმავლობაში მერიას არც ერთხელ მსგავსი წერილი არ მოუწერია წინასწარ, რომ 26 სექტემბერს გაგდით ვადა და 3 ოქტომბერს მოახდინეთ შენობის მიღება-ჩაბარებაო, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, რა თქმა უნდა, რადგან ყოველთვის ჩვენ მივმართავდით ხოლმე ვადის გაგრძელებაზე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლუსინე დოსტიბეგიანი.
როგორც ლუსინე გვეუბნება, მერიას წერილით მიმართა და სთხოვა ხედვის წარმოდგენა, თუ როგორ აპირებდა მერია ცენტრთან თანამშრომლობას. მერიიდან ცენტრს უპასუხეს, რომ შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინა წერილით, სადაც მერია შენობის მიღება-ჩაბარების თაობაზე აფრთხილებს ცენტრს.
„ამის შემდეგ, ისევ მივწერე წერილები მერია და ვთხოვე მათი გადაწყვეტილებების გადახედვა, რომ საქმიანად გაგვევლო ეს საკითხი და ასევე გვესაუბრა იმაზე, რაც ამ წლებში ერთად გავაკეთეთ თემის განვითარებისთვის. თუმცა მათგან შესაბამისი უკუკავშირი არ ყოფილა“-ამბობს ლუსინე.
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც არსებობის დღიდან დღემდე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებდა, არ დარეგისტრირდა რუსული კანონის რეესტრში.
შენობისა და დონორების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ორგანიზაციას არსებობის გაგრძელების რესურსები ეწურება.
„ცენტრი 2016 წელს შევქმენით ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, 2018 წელს კი მუნიციპალიტეტიდან უსასყიდლო სარგებლობის წესით გადმოგვეცა ძველი სასამართლოს შენობა, რომელიც დახურული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. დროთა განმავლობაში შენობა მოვაწესრიგეთ, გავარემონტეთ და ამ ყველაფერს ვაკეთებდით სხვადასხვა დონორების დაფინანსებით: „ქალთა ფონდი“, „ორბელიანი საქართველო“, რომელიც მოხალისეებს უწყობდა ხელს, საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრი და ასე შემდეგ.
ჩვენი საქმიანობის შესახებ არაერთხელ დაიწერა მედიაშიც და ყველა ხედავდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი სათემო ორგანიზაცია ვართ, რადგან თემში არსებულ პრობლემებზე ვმუშაობდით და ვცდილობდით მუნიციპალიტეტთან ერთად გვემუშავა ყველა იმ პრობლემაზე, რაც აქტუალური იყო ჩვენი მოსახლეობისთვის.
ახალგაზრდული საკითხებზე ვმუშაობდით, ქალების გაძლიერებაზე, მიუსაფარ ცხოველებზე, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ახალგაზრდული სივრცეების შექმნაზე და ეს არის ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესი.
გარდა დონორებისა, ამ აქტივობებში იხარჯებოდა ჩვენი გუნდის წევრების რესურსებიც. მოხალისეობრივ საწყისებზეც ვაკეთებდით ბევრ აქტივობას, ჰონორარის გარეშე და მუნიციპალიტეტისთვისაც ვიყავით სამაგალითო სათემო ორგანიზაცია და ეს არაერთხელ აღუნიშნავთ.
ამ ცენტრის აქტივობების მეშვეობით ახალგაზრდები ვითარდებოდნენ, აძლიერებდნენ ლიდერობის, კომუნიკაციის უნარებს, ხშირად ვაწყობდით საველე აქტივობებსაც – ბანაკებს, ლაშქრობებს, რაც ხელს უწყობდა ახალგაზრდებს უკეთ გაეცნოთ ის გარემო, სადაც ცხოვრობდნენ, გაეცნოთ ამ კუთხის ისტორია, კულტურა, ვზრუნავდით გარემოს დაცვაზე და ასე შემდეგ“ -გვიყვება მათი საქმიანობის შესახებ ლუსინე დოსტიბეგიანი.
ამ დროის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა საბოლოდ, როცა ახალგაზრდული ცენტრი გაძლიერდა და უფრო გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი, სწორედ ამ დროს მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, რომელიც რეალურად ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს განვითარებაში.
„საქმე იმაშია, რომ ამ პროცესებმა რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, შეასუსტა აქტივობებიც, რადგან გავანულეთ ანგარიშები და არც კი ვიცით, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას.
აქამდე ყოველთვის გვქონდა განვითარების სტრატეგიული გეგმა, ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა თეთრიწყაროს განვითარების მიზნით, მაგრამ უკვე პრობლემები შეგვექმნა.
არადა ბავშვებს ჰქონდათ სურვილი, რომ რობოტექნიკის ოთახი გაგვეკეთებინა და ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი, ისეთი ახალგაზრდული ცენტრის შექმნა გვინდა, როგორსაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. აქ ხომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლია.
ახლაც სასწავლო ტურით ბოსნიაში ვიმყოფები, სამი ბავშვი მყავს წამოყვანილი და ვეცნობით ევროპული ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობას, რომ დაბრუნების შემდეგ ჩვენც გამოვიყენოთ აქ მიღებული გამოცდილება.
ბევრისთვის ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში და ძალიან გახარებული არიან ბავშვები. ჩვენთან, მუნიციპალიტეტში, მსგავსი ტიპის სივრცეების სერიოზული ნაკლებობაა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი არსებობა ახალგაზრდებისთვის და სათემო სოციალიზაციისთვის“ – ამბობს ლუსინე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი თეთრიწყაროს მერია შენობას წაართმევს ახალგაზრდულ ცენტრს და ამით შეაფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას და განვითარებას, ისინი თვითმმართველ ორგანოსთან აღარ ითანამშრომლებენ.
„საფუძვლიანად გადაიხედება მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ ყველანაირი ურთიერთობა შევწყვიტოთ და ეს გარკვეულწილად მათთვისაც იქნება დანაკლისი, რადგან ჩვენ რეალურად ძალიან ვეხმარებოდით მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას ერთმანეთთან ურთიერთობაში და საერთო პრობლემების მოგვარებაში“-ამბობს ლუსინე დოსტიბეგიანი.
მისი თქმით, მერიაში მოგვიანებით უთხრეს, რომ შენობა, სადაც ამჟამად ახალგაზრდული ცენტრია განთავსებული, სატრანსპორტო კომპანიისთვის უნდათ.
„მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადმოეცა, რომელსაც ხალხი მიჰყავს თბილისში, მარნეულში და ეს კომპანია უნდა შევიყვანოთო. ისინი ახლა ქირით გვყავს შეყვანილი ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში და თქვენ კი უფასოდ ხართო.
არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო ამ ყველაფერს“ – ამბობს ლისინე დოსტიბეგიანი.