მთავარი,სიახლეები

ახალი მიკროავტობუსები ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, მაგრამ არა ყველასთვის

27.09.2024 •
ახალი მიკროავტობუსები ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე, მაგრამ არა ყველასთვის

ხელვაჩაური – ბათუმის გზაზე ახალი მუნიციპალური, სამარშრუტო მიკროავტობუსები მოძრაობს, მაგრამ კომფორტული და იაფი ტრანსპორტით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, ვერ შეძლებენ.

ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებულია.

პროფესიით არქიტექტორი, 27 წლის ნოდარ ქარცივაძე ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ბათუმში მუშაობს. ნოდარი ეტლით მოსარგებლეა და ეს პრობლემა მას უშუალოდ ეხება. 10 წელია ნოდარი ამ თემაზე საუბრობს, თუმცა ამაოდ – პრობლემა პრობლემად რჩება.

ნოდარი ამბობს, რომ ჯერ კიდევ მიკროავტობუსების შესყიდვამდე შეხვდნენ ბათუმის ავტოტრანსპორტის წარმომადგენლებს შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად:

„ვთხოვეთ და შემდეგ წერილობითაც მივმართეთ, რომ ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებული არ ყოფილიყო. მაშინ არ იყო შესყიდვა განხორციელებული, ბაზარს იკვლევდნენ. ვიცოდით, რომ ადაპტირების ნაწილი გათვალისწინებული არ ჰქონდათ, რადგან ტექნიკურ დავალებაში ეს არ ეწერათ.

ჩვენი ინიციატივა იყო მიკროავტობუსების ნაწილში მომხდარიყო ადაპტირების გათვალისწინება, თუნდაც გარკვეულ რაოდენობაზე. მაგალითად 20 პროცენტზე და ამ მიკროავტობუსებს იმ ხაზებზე ემუშავა, სადაც ეტლით მოსარგებლეები ვცხოვრობთ…

არაადაპტირებული ავტობუსები ჩამოიყვანეს და ახალშენის მიმართულებითაც არ დანიშნეს, სადაც მე ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 10 წელია, რაც ჩემი საჭიროების გათვალისწინებას ვითხოვ და საბოლოოდ, მაინც ყურადღების მიღმა დავრჩი“, – ამბობს ნოდარი.

ნოდარის თქმით, ავტოტრანსპორტის წარმომადგენლებმა მაშინ უთხრეს, რომ ეცდებიან მათი თხოვნის გათვალისწინებას, თუმცა ვერ დაჰპირდებიან და მიზეზად ადაპტირებული ტრანსპორტის უფრო ძვირი ფასი დაასახელეს.

ნოდარ ქარცივაძე

ნოდარი ამბობს, რომ გადაადგილების პრობლემა დიდი ქალაქების მიღმა განსაკუთრებული პრობლემაა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ხელვაჩაურში რამდენიმე ერთეულ ადაპტირებულ მიკროავტობუსს მაინც ემოძრავა.

„ქალაქში გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ გარეუბნებთან კავშირი მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით მინიმალურია. ის მიკროავტობუსები, რომლებიც ჩამოიყვანეს, დაახლოებით 10-15 წელი ხომ იმუშავებს? გამოდის, რომ გაუთვალისწინებლობის გამო ბათუმის შემოგარენში მცხოვრებმა ადამიანებმა ამდენი წლით დაკარგეს შესაძლებლობა, ჩართული იყვნენ აქტივობებში, გადაადგილდნენ“ – გვეუბნება ნოდარი.

30 წლის ანა ბარათაშვილიც ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში ცხოვრობს. ანა ეტლით მოსარგებლეა. მას მწერლობა სურს და ამბობს, რომ ბევრჯერ ჰქონია სურვილი მნიშვნელოვან შეხვედრებს თუ ტრენინგს დასწრებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ანა ამბობს, რომ ბათუმიდან მოშორებით ცხოვრება მას, როგორც შშმ პირს, ორმაგ სირთულეებს უქმნის.

„ყოველდღე მაქვს ბრაზი. ახალი თაობა ვართ მიზანდასახული, ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ შესაძლებლობები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც მდიდარია, ჩვენ კი 90-იანებში დაბრუნებას გვიპირებენ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას და სწორედ ეს მაბრაზებს.

…წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, მარტოს შეგეძლოს წახვიდე მეგობართან, მაღაზიაში ან უბრალოდ მარტო გასეირნება, როცა არავის დახმარება არ გჭირდება“ – გვეუბნება ანა.

იგი ამბობს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის ფონზე ძველ ელექტრონულ ეტლში თავს დაცულადაც არ გრძნობს.

ანა ბარათაშვილი

ანა მიიჩნევს, რომ ისიც კი, რაც შშმ თემის სასიკეთოდ კეთდება, იმდენად იწელება დროში, რომ გაკეთებული საქმის ეფექტურობა საგრძნობი არ არის:

„ძალიან გულწრფელი ვიქნები, მუშაობენ, ოღონდ როგორ მუშაობენ იცით?! შეიძლება ერთი რამის გასაკეთებლად 2-3 წელი დასჭირდეთ. მათი მუშაობა არაეფექტურია და რასაც აკეთებენ, ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა“.

ორგანიზაციის, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ იხსენებს, რომ ახალი მიკროავტობუსების ადაპტირების საჭიროებაზე ბათუმის მერთანაც ჰქონდა შეხვედრა:

„დაპირება [ბათუმის მერისგან] არ ყოფილა, რომ უეჭველად შემოვიდოდა… მაგრამ მე ვთქვი, რომ წლებია ეს ადამიანები ელიან ტრანსპორტს განათლების მისაღებად, დასაქმებისთვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად, იმისთვის რომ დამოუკიდებლად იგრძნონ თავი. ეს მათი ელემენტარული უფლებაა“.

თომა იხსენებს, რომ 2012 წელს, როცა ბათუმში პირველად შემოვიდა ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმის ავტოტრანსპორტმა პირობა დადო, რომ ამის შემდეგ ქალაქში არაადაპტირებული ტრანსპორტი აღარ შემოვიდოდა:

„თუმცა 2018 წელს შემოვიდა საშინელი ადაპტირების პანდუსებით… შემდეგ, 2020-ში თუ 2021-ში, იყო ცოტათი უკეთესი ხარისხის, იმიტომ, რომ წინა გამოცდილება გავითვალისწინეთ და ინტენსიური შეხება გვქონდა ბათუმის მერიასთან, ავტოტრანსპორტთან… გვახსოვს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებმა წელს შეიძინეს ავტობუსები, რომლებიც თვეობით იყო გაჩერებული…

ახლახან შეიძინეს ბათუმისთვის და ხელვაჩაურისთვის მიკროავტობუსები და არცერთი არ არის ადაპტირებული. არჩევნების წინა დღეებში გააკეთეს პრეზენტაცია და გამოდიან და ტრაბახობენ, რომ აი, ავტოფარეხი გავაფართოვეთ, განვაახლეთ… ადრე მოჰქონდათ თავი, ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანით…

2024 წელს არაადაპტირებული მიკროავტობუსების შემოყვანა დანაშაულია, კონვენციის დარღვევაა და ამაზე უნდა მოეთხოვებოდეთ პასუხი“ – ამბობს თომა, რომელიც წლებია შშმ პირების საჭიროებებზე მუშაობს..

თომა კაკაბაძე

მისი თქმით, აპირებენ ამ საკითხს სამართლებრივადაც გაჰყვნენ.

თომა კაკაბაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, არაადაპტირებული ქუჩები თუ შენობები უმთავრეს გამოწვევად რჩება შშმ თემისთვის, რადგან ამით ადამიანის ერთ-ერთი პირველი საჭიროება და გადაადგილების თავისუფლების უფლება იზღუდება.

„ჩვენ არასდროს გვრთავენ დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. სწორედ ესაა ჩვენი პრობლემების სათავე.

კანონმდებლობის დონეზე დარეგულირებულია, კონვენცია გვაქვს, მისი შესაბამისი კანონი მივიღეთ შშმ პირთა უფლებების შესახებ, მივიღეთ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რომელიც 2021 წლის მარტიდან შევიდა ძალაში, თუმცა ამ დოკუმენტის განხორციელებისთვის არაფერი არ ხდება, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება და არ გაგვაჩნია სამოქმედო გეგმა… რომ განისაზღვრა კანონმდებლობაში, რომ 2035 წლისთვის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს აშენებული, რეაბილიტირებული, „გადაკეთებული“ შენობები და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების საჭიროებებზე, როგორ მივდივართ ამ მიზნამდე, პირველ ეტაპზე რას ვაკეთებთ, მეორეზე – ეს გეგმა არ არსებობს“ – განმარტავს თომა.

იგი აქვე იხსენებს 2014 წლის ე.წ. 41-ე დადგენილებას [შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე], რომლის დასახელებაც, თომას თქმით, „ირონიულია“.

„ამ დადგენილებას 2019 წლამდე ჰქონდა მოქმედების ვადა და ეს ვადა ისე გავიდა, რომ თბილისში კანცელარიასთან გახსნილი პანდუსის გარდა არაფერი შერჩენია ჩვენს თემს“ – ამბობს თომა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სულ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარი გამოიყო.

რატომ არ გაითვალისწინა შშმ პირების საჭიროებები „ავტოტრანსპორტმა“? – ამ კითხვაზე მუნიციპალური ორგანიზაციისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

კომენტარისთვის მივმართეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც. ხელვაჩაურის მერიისთვის გვინდოდა გვეკითხა, აპირებს თუ არა მუშაობას ამ საკითხზე, თუმცა მერიიდან კომენტარი ვერ მივიღეთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: