განათლება,მთავარი,სიახლეები

ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ

12.05.2024 •
ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ იწყებენ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით და აღარ გამოცხადდებიან აუდიტორიებში.

12 მაისი მონაცემებით, სტუდენტურ გაფიცვას ერთდებიან:

  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები
  • თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
  • ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები 
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
  • კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • ალტეს უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები 

სტუდენტების გაფიცვის ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყეს. 11 მაისს სტუდენტების ჯგუფმა საგანგებო განცხადება გააკეთა თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, მათ უარი თქვეს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებსა და ლექტორებსაც მოუწოდეს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.

12 მაისს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ისინი დადგებიან მათი სტუდენტების გვერდით, მათ შორის აქციებზე, გაცდენილ ლექცია-სემინარებს კი მოგვიანებით აღადგენენ. განცხადებას ამ დროისთვის 150-ზე მეტი ლექტორ-მასწავლებელი აწერს ხელს.

საკუთარი სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც. „რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა“, – აცხადებენ ილიაუნის ლექტორები.

  • რა ხდება

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: