აჭარაში მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება

 

 

მემორანდუმის ფარგლებში სს “საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში – ქალაქ ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო – ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის 36 378 მოსწავლის სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას.

 

მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრამა და სხვა.

 

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. შეიქმნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრების) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.

 

აგროსერვის ცენტრის ფინანსისტები ეკოტურიზმში გადამზადდებიან

 

 

პროექტის ფარგლებში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებს სპეციალური გადამზადების კურსები ჩაუტარდებათ. სასწავლო კურსი ექვსი სამუშაო დღის მანძილზე თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს და ბიზნეს-კონსულტატების მომზადებას ისახავს მიზნად.


გადამზადების კურსებში მონაწილე აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ კონსულტაციების გაცემა სოფლად ტურისტული მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისათვის, მათთვის დახმარების გაწევა ტურისტული ბიზნესის უკეთ დაგეგმვასა და მართვაში.


ხვალ, 7 მარტს, ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდებათ ქედაში, სოფელ გობრონეთში, სადაც ისინი საოჯახო სასტუმროს მფლობელს ესტუმრებიან. კონსულტანტები სასტუმროში არსებულ მდგომარეობას ადგილზევე გაეცნობიან და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მეპატრონისთვის რეკომენდაციებს მოამზადებენ. 11 მარტს, ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. 

„ქართულმა ოცნებამ“ ქედაში მუშაობა შეწყვიტა

 

პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან ლორთქიფანიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.  ვინ უხელმძღვანელებს ქედის რაიონულ ორგანიზაციას, ამ ეტაპზე საჯაროდ არ ცხადდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე მურმან დუმბაძე ექიმ ამირან ცინცაძეს სთავაზობს.

 

კოალიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მურმან დუმბაძის კანდიდატურას ქედაში მხარს არ დაუჭერენ.

 

პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების დავალებას ასრულებს.

 

 „პოლიტიკური პარტიის ლიდერების დავალებით მოვალეობას აღარ ვასრულებ. დღეს ორგანიზაცია ქედაში არ მუშაობს, ჩატარდება კონფერენცია და აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. რაც შეეხება ხელშეკრულებას ოფისის ფართობზე, რომელიც დაქირავებული გვქონდა, ვადა 28 თებერვალს ამოიწურა“, – აცხადებს ასლან ლორთქიფანიძე.

 

პარტიის აქტივისტებმა ასლან ლორთქიფანიძის შესაძლო გათავისუფლება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააპროტესტეს. 11 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ერთიანი გუნდის დაშლას ქედაში მურმან დუმბაძე ცდილობს და კახი კალაძეს თხოვნით მიმართეს –  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასლან ლორთქიფანიძე დარჩენილიყო.

 

 „ასლან ლორთქიფანიძის მხარდამჭერი ხელწერები შეგროვდა, 71 დელეგატიდან მის კანდიდატურას 48 დელეგატი უჭერს მხარს. ამირან ცინცაძე პიროვნულად არ არის მიუღებელი, დადებითი პიროვნებაა, მაგრამ ერთ ჯგუფს ეკუთვნის“, – აცხადებს პარტიის წევრი, ლევან სურმანიძე.

 

რამდენიმე დღის წინ ქედაში კოალიციის მხარდამჭერთა მცირე ნაწილთან შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ. წყაროს ინფორმაციით, მურმან დუმბაძემ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე წარადგინა. შეხვედრას ვერ დაესწრო კოალიციის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი. როგორც ისინი აცხადებენ, შეხვედრა მათთვის გასაიდუმლოებული იყო.

 

ამირან ცინცაძე სატელეფონო კომენტარზე უარს აცხადებს. ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურის ვინაობას  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

ნებართვის გარეშე დაწყებული ეკლესიის სარემონტო სამუშაოები გრძელდება

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ მათ სარემონტო სამუშაოების ნაბართვა არ გაუციათ და სააგენტოს ახალი დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, რომელიც აქამდე  ამავე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსი იყო, აპირებს ბათუმში, ადგილზე გაეცნოს ვითარებას. ნათია მურაჩაშვილი, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ყველა კომპეტენტური უწყება ინფორმირებულია. 

 

ძეგლზე სარემონტო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო, ეკლესიის წინამძღვრის, მამა გიორგის (მამალაძე) თქმით, მეუფე დიმიტრის კურთხევით.

 

2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის.

 

კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე აკრძალულია სამუშაოების ჩატარება შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

წმ. ბარბარეს ეკლესიის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ შენობა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ამ ადგილას მდებარე ძველი ჰოსპიტალის შენობების დანგრევის შემდეგ (1990 – იანი წწ.) ეკლესიამ ქალაქგეგმარების თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა, როგორც ძველი განაშენიანების ნაწილმა. ეკლესიის წინამძღვრის თქმით, შენობა ბოლოს 1996 წელს გარემონტდა.   

რაზე შეთახმდნენ ანსამბლის გაფიცული წევრები და აჭარის მთავრობა

 

ანსამბლის წევრებმა თავისი პრეტენზიები ამჟამინდელი ხელმძღვანელის ოთარ მიქელაძის თანდასწრებით დააფიქსირეს. პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი და განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი.

 

„ვფიქრობ, რომ დიალოგის შემდეგ შეთანხმება მიღწეულია. ყოფილი სამხატვრო ხელმძრვანელი თემურ ქორიძე დირექტორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ანსამბლიდან გათავისუფლებული წევრები ისევ დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს. ექვსი თვის შემდეგ მსგავსი შეხვედრა ისევ შედგება და ანსამბლის მუშაობის შედეგების მიხედვით გადაწყდება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი. ვფიქრობ, არ უნდა იყოს ცუდი გადაწყვეტილება.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

„დიდი საბჭოთა ტერორი“ – კინოჩვენება და დისკუსია

 

დღეს, 17 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გიწვევთ დოკუმენტური ფილმის _ „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ _ ჩვენებასა და დისკუსიაზე. 

 

 

 საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წევრების ისტორიებს ასახავს. დისკუსიას გაუძღვება ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

დასწრება თავისუფალია.

11 წლის გოგონას ქუჩის გადაკვეთისას ავტომობილი დაეჯახა

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთისას, 11 წლის გოგონას „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.

 

სამაშველო სამსახურის  ინფორმაციით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ბათუმში გადმოჰყავთ. 

უფასო გამოკვლევები მოსწავლეებისთვის

 

 

მემორანდუმის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საჯარო და კერძო სკოლის 1-8 კლასის მოსწავლეს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.   მოსწავლეებს გამოკვლევებს პედიატრის, ოკულისტის,  ენდოკრინოლოგის და ორთოპედისაგან დაკომპლექტებული საზღვაო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი ჩაუტარებს. 

  

„სირთულეების გამოვლენისას მოსწავლეებს სპეციალისტები შესაბამის მკურნალობას და დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ“  – განმარტა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რომან ბოლქვაძემ.  

 

 

სოფელი, სადაც წვიმის დროს მეწყერი ესიზმრებათ

 

გოგნიძეებში, მთის თავზე, საიდანაც მეწყერი იღებს სათავეს, დაჭაობებული ადგილებია. მოსახლეობა შიშობს, რომ ძლიერი წვიმის დროს შეიძლება აქ წყალი დაგუბდეს, რასაც მოშლილი ქანები ვეღარ გაუძლებს და მთის გარკვეული მასა კვლავ შეძლება დაიძრას სოფლისკენ. მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები სოფელი  დახმარების მოლოდინშია.

 

 „წვიმის დროს ხშირად მესიზმრება, რომ მეწყერი მოდის და მეღვიძება. ასეა სოფლის უმრავლესობა და ფსიქიკაც მოგვეშალა ამ დაძაბულობაში. გვინდა ბავშვები იყოს დაცული. ბოლო წლებია ახალგაზრდობა საერთოდ წავიდა სოფლიდან.“ – ამბობს გოგინიძეების მკვიდრი ნანუკა შარაშიძე.

 

2011 წელს, ზვავის განვითარების შემდგომ, 40 დღის მანძილზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მაშველები არ უშვებდნენ საცხოვრებლად თავიანთ სახლში მოსახლეობას, რადგან  ზვავი აქტიური იყო. 40 დღის შემდეგ გეოლოგების შეფასებით ზვავი საშიშროებას არ წარმოადგენდა, რის საფუძველზეც მოსახლეობას მისცეს უფლება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

 

 

 მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მოსახლეობა დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობს და ყოველი გაწვიმების დროს ზვავის გააქტიურებას ელოდება.

 

 

 ზვავის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ოჯახს მე-2 კატეგორია მიანიჭეს იმ მოტივით, რომ სახლები დაზიანებული არ იყო. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ მომხდარყო კატეგორიის შეცვლა, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციები კატეგორიის შეცვლის საშუალებას არ იძლევა.

 

 

„ალბათ ოდესმე პირველ კატეგორიასაც მოგვანიჭებენ, სახლები როცა დაინგრევა, მაგრამ ამ დროს რამდენი ჩვენგანი დარჩება ცოცხალი აღარ ვიცი…“  – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

 

ნანუკა შარაშიძე, სოფლის მკვიდრი, ასეთ ისტორიას იხსენებს: „სოფლის განაპირას ცხოვრობდა ზურაბ შერვაშიძის ოჯახი. ცოლ-ქმარი იყვნენ ოჯახში მარტო, ორივეს შეზღუდული შესაძლებლობების ჰქონდათ. დიდთოვლობის გამო დაბაში ნაქირავებ ბინაში იყვნენ და ზაფხულობით ამოდიოდნენ აქ. იმ დღეს აპირებდნენ ამოსვლას და რომ ვუთხარით, დიდი თოვლიაო, აღარ ამოსულან. ბედი მაგათ ქონიათ, იმ საღამოს მეწყერი დაატყდა სოფელს და მათ საცხოვრებელ სახლს ზვავის წნევამ ახადა სახურავი, ხოლო სახლი ჩაიტანა თან მიწაში. გამგეობამ ქედის სოციალურ სახლში 2 ოთახი გადასცა და ახლა იქ ცხოვრობენ“.  

 

აქცია – ბათუმში ასზე მეტმა სტუდენტმა სისხლი გაიღო

 

 

„მოგეხსენებათ, ბათუმში გაიხსნა სისხლის ბანკი, არის საჭიროება, რომ შეივსოს ეს ბანკი, ამიტომაც მოვაწყვეთ აქცია. იმედია, ჩვენ მიერ გაღებული სისხლი სასიკეთოდ მოხმარდება ყველას, მათ შორის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.“ – გვითხრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ.

 

 

უკვე ასზე მეტმა სტუდენტმა გაიღო სისხლი  „სისხლის ბანკისთვის“. აქციას სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც შეურთდებიან.

 

 „დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ სისხლი გავიღო ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, არაფერი დაგვიშავდება იმით, თუ მათთვის 250 გრამ სისხლს გავიღებთ.“ – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ირინა მუკუტაძე.  

 

ჯებირის მშენებლობა მდინარე ჩაქვისწყალზე

 

 

 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდის ორივე მხარეს, ჯამში 100 მეტრი სიგრძის ჯებირის მშენებლობა. სამუშაოებს, რისთვისაც 238 ათასი ლარია გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბონდი 2009“ ასრულებს.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოები მიმდინარე წლის იანავარში დაიწყო და 15 აპრილს უნდა დასრულდეს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა აეროპორტის გზატკეცილის #118-ის მიმდებარედ ჯებირის მოწყობას, რომლის სამუშაოები უკვე დასარულებულია. (დაიხარჯა 61 ათას 371 ლარი.)

 

აღნიშნული ჯებირები (ასევე, ჩაქვის ხიდი, რომელიც გასულ წელს აღდგა) სტიქიის დროს დაზიანდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.    

 

რა პრობლემების მოგვარება სურთ სოფლებში 1 403 000 ლარად

 

სასოფლო კრებებზე მოსახლეობის მიერ მიზნობრივი პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტები განისაზღვრება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობითა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ესწრება, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ახდენს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან,  ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად ბობოყვათის თემის მოსახლეობას შეხვდა.  სასოფლო კრებები ბობოყვათის ცენტრსა და სოფელ ქვედა დაგვაში გაიმართა. შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და პრიორიტეტული ღონისძიებები განსაზღვრა. მათ პროგრამით გამოყოფილი ბიუჯეტით, რომელიც თემისთვის 62 990 ლარს შეადგენს, ბობოყვათში, სოფლის ცენტრში გარე განათების სისტემის მოწყობა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო ქვედა დაგვაში ცენტრალური სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა გადაწყვიტეს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე შეხვედრა დაგვაში, გვარასა და ალამბარშიც გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული მოსახლეობასთან შეხვედრები 6 მარტს დასრულდება, რომლის შემდეგაც მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და დაიწყება განსაზღვრული ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება.

 

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 403 000 ლარია გამოყოფილი.   

ხუთსულიანი ოჯახი დახმარების მოლოდინში

 

 

 

ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მარინა სალვარიძემ შუამდგომლობისთვის ორგანიზაციას _  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ მიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ და მარინა სალვარიძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

 

 

მარინა სალვარიძის თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ უშედეგოდ.“

 

 

„ბინა არ მაქვს. 20 წელია ნაქირავებში ვცხოვრობ სამი შვილით. მეუღლე პენსიონერია, ჩერნობილის კატასტროფის დროს ჯანმრთელობა დაუზიანდა, იშემია აწუხებს. გიორგი, რომელიც 10 წლისაა, განსაკუთრებული საჭიროების მქონეა და ინკლუზიურ სკოლაში დამყავს. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება – 252 ლარი, გიორგის 100-ლარიანი პენსია და მეუღლის პენსია – 100 ლარია. დახმარებისთვის მივმართე ბათუმის მერიასაც, მაგრამ ყურადღება დღემდე არ მოუქცევიათ“.

 

 

გარდა სახელმწიფოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია დახმარებისკენ საქველმოქმედო ფონდებსაც მოუწოდებს.

საქველმოქმედო ფონდ „მომავლის ხედვის“ ხელმძღვანელმა გოჩა ადამიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სხვა ფონდებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედავენ სალვარიძის ოჯახის საცხოვრებელ პირობებს და განიხილავენ „კეთილი სახლის“ ბინადართა სიაში შეყვანის საკითხს.

 

 

როგორც გოჩა ადამია განმარტავს, საცხოვრებელი კორპუსი _ „კეთილი სახლი“ _ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კახაბერში აშენდება, თუმცა პროექტის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება.

 

სოფელ ახალშენში ჩაის პლანტაცია იწვის

 

„სოფლის გვერდით, მთაზე გაშენებული პლანტაცია იწვის. სოფლიდან მოშორებითაა, სამანქანო გზა არ მიდის და ფეხით მოუწიაT მაშველებს ასვლა. ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზებას ვცდილობთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ.

 

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული. 

ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაზე

 

გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე: „ჩემი ძმა ხშირად რეკავდა სახლში. ბოლოს გუშინ ველაპარაკეთ… დედაჩემმა გაუგზავნა ციხეში საჭმელი, მადლობა გადაუხადა დედას, გემრიელი იყოო. ვარჯიშობდა, მოჭიდავე იყო. 21 წლის იყო, როცა დააპატიმრეს. დღეს დილით დამირეკეს, რომ პროზექტურაშია და ჩამოაკითხეთო…

 

რა მოხდა, არავინ იცის, თუმცა ამბობენ, რომ ღამე მძინარეს ჩაიდანი ჩაარტყეს თავში. მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ რომელია სწორი, არ ვიცი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. არ ვიცი, რა მოხდა, თუმცა როგორც ყოველთვის ახლაც პატიმარს დაბრალდება ალბათ ყველაფერი. სასჯელს იმის გამო იხდიდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სცემა. ამას არც თვითონ უარყოფდა, შეუარცხყოფა მიაყენეს და სცემა. თუმცა მას სასჯელი ჰქონდა მისჯილი არასწორად, ხულიგნობის მუხლს ყაჩაღობის ბრალდებაც დაუმატეს და 16 წელი მიუსაჯეს. გავასაჩივრეთ, თუმცა სამართალს ვერ მივაღწიეთ.

 

მზია მიქაბაძე, დედა: ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელეთ: ფეისბუქზე ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მას თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი. ჩემი შვილი მოთამაშე ნამდვილად არ ყოფილა. თავანიც ჩასაბარებელი არ ჰქონია. ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდაცვლილ პატიმარს შეურაცხყოფას ნუ აყენებენ. მე ვერც ძველ მთავრობაში და ვერც ახალში ვერ ვნახე სამართალი, ყაჩაღები გამოუშვეს, ნარკომანები გამოუშვეს, ბარიგები… ყველა გამოუშვეს… ჩემმა შვილმა ორი ადამიანი გალახა – 15 წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს და მოკლეს ციხეში, ის მისით არ მოკვდებოდა, მას ვერ მოერეოდნენ.   

  

ნანი კომახიძე, ბებია:  ყველგან დავაგზავნე მაგის საბუთები, განცხადება პრეზიდენტ სააკაშილსაც მივაწოდე ხელში… ველოდებოდი, გადასინჯავდენ განაჩენს. მტკიცებულება არაფერი ყოფილა იმისა, რომ მას ყაჩაღობის მცდელობა ჰქონდა. დაჭრილი ვინმე არ ყოფილა, საავადმყოფოში არავინ წაუყვანიათ. სასამართლოზე თქვა, გასალახი იყო და გავლახეო… დაზარალებულებმაც თქვეს ოქრო და ფული შევთავაზეთ და არ წაუღიაო… მიუსაჯეს 15 წელი… ყველამ მინდა გაიგოს, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილიშვილის საქმის პროკურორი ზაზა მეტონიძე, მოსამართლე კი ვერა დოლიძე იყო.

 

“გეგუთის ციხეში გვიან ღამით, დახურულ საკანში, პატიმრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ერთი პატიმარი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა.

 

“2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც”, – წერია განცხადებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.

 

 სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა ამ ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.

შს სამინისტრო: განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

 

დაჭრილი მამაკაცი ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მალხაზ ხალვაშის ინფორმაციით, დაზარალებულს აქვს მრავლობითი სახის მძიმე ჭრილობები.

 

„ამ ეტაპზე დადებითი დინამიკაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის ცნობილი, როდის გაწერენ რეანიმაციიდან“.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის  მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

სამსახურიდან გათავისუფლებულები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

 

იურისტ რამინ პაპიძის განმარტებით, მათი  გათავისუფლება უკანონოა: „სასამართლოს გზით ჩვენ მოვითხოვთ გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, ვინაიდან  იგი  გამოიცა მაშინ, როცა მოცეკვავეები  გაფიცვის რეჟიმში იყვნენ”.  სამსახურიდან გათავისუფლებულებს 26 მარტამდე აქვთ ვადა სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის.  ადმინისტრაციამ სამსახურიდან 32 მოცეკვავე დაითხოვა.

 

 

ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმე

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განსასჯელების ადვოკატების სამი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა საქმეში მტკიცებულების სახით ბადრაგის სამსახურის მაშინდელი უფროსის, დავით ბასილაძის წერილობითი განცხადების დასაშვებობა ითხოვეს. ადვოკატების თქმით, ბასილაძე წერს, რომ პატიმრების დაშინებას ბადრაგირებისას არავინ ცდილობდა. პროკურორებმა კი ამ ადამიანის დაკითხვა ითხოვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, _ განცხადების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

გიორგი ვეკუასა და ზაზა ჯიქიას პროკურატურა ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებს.  მოსამართლეებმა ისინი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

შესავალი სიტყვა

 

სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე:

 

დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ მომეყოლა ეს ამბავი სასამართლოსთვის. რთულია იმის აღწერა, რაც ციხეებში ხდებოდა. საქმეში 50-ზე მეტი დაზარალებულია, ასევე მოწმეები, რომლებიც ცემას ახორციელებდნენ ზაზა ჯიქიასა და გიორგი ვეკუას დავალებით.

 

ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმრების არაადამიანური მოპყრობა 2009 წლის ზაფხულიდან დაიწყო. პატიმრები ამბობენ, რომ სამწელიწადნახევარი ისინი, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში იყვნენ. ეს ის პერიოდია, როცა ჯიქია და ვეკუა ხელმძღვანელობდნენ ციხეს. სასამართლოში პატიმრები მოყვებიან ისტორიებს, როგორ აწამებდნენ მათ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ადგილი ჰქონდა ტანჯვასა და წამებას. ჩვენ მოვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ხედავდნენ. უშუალოდ ზაზა ჯიქიას მოთხოვნით პატიმრები მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ.

 

პატიმრებს საკნებში გადანაწილების დროსაც კი სცემდნენ. მათ ეზღუდებოდათ პაემანის, მკურნალობის, ექიმთან ვიზიტისა და ამანათის მიღების უფლება. პატიმრებს სცემდნენ ჯგუფურად, ხელკეტებით. ჩვენ ასევე დავკითხავთ ციხის ექიმებსა და ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერების წიგნს. პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა მესამე საპყრობილეში არსებული მდგომარეობით, რაც გლდანის ციხეში გადაღებული პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდა. სწორედ მას შემდეგ გაბედეს პატიმრებმა და მოგვმართეს კოლექტიური განცხადებით. მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ ნაწამები პატიმრების რიცხვი დაბალია მაშინ, როცა ზაზა ჯიქია შვებულებაში იმყოფებოდა. მოწმეები იტყვიან, რომ ვეკუა გასცემდა პატიმრების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების ბრძანებას.

 

პაატა ბოლქვაძე, ზაზა ჯიქიას ადვოკატი:

 

ასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს მესამე საპყრობილეში და მხოლოდ 50 პატიმარი ამბობს, რომ ცხოვრობდნენ ჯოჯოხეთში. ვერ დამტკიცდება ეს ბრალდება, რადგან ეს არის მიკერძოებული და განაწყენებული პატიმრების ჩვენება. ჩვენ დავკითხავთ გიორგი ვეკუას, რომელიც დაადასტურებს, რომ უკანონო ბრძანებას არ გასცემდა და არ ასრულებდა ზაზა ჯიქია. დარწმუნებული ვარ, რომ განსასჯელების ბრალეულობა არ დადგინდება.

 

სოსო ჯალაღონია, გიორგი ვეკუას ადვოკატი:

გადაჭარბებულია, თითქოს ვეკუა არაადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს. ბრალდების მხარე ცდილობს, ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სასამართლო. ათასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს, მარტო 50 როგორ იყო ცუდ დღეში, უნდა ვენდოთ ინტრიგნებს? კრიმინალებს? დამნაშავეებს? დიახ, დამნაშავეებს, რადგან ამ პატიმრებს უკვე სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ბრალდებას მოწმეები აერევა.

სამწუხაროა, რომ გიორგი ვეკუა კრიმინალების მსხვერპლი გახდა. გავიგეთ, რომ გამოკეტილი პატიმრები ვერ დაწერდნენ საჩივრებს, მაგრამ რას აკეთებდნენ თანამშრომლები, რომლებიც ხედავდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას? რატომ არ მიდიოდნენ პროკურატურაში და არ ყვებოდნენ პატიმრებს წამების შესახებ? ან რატომ არ ისჯებიან ეს თანამშრომლები?

წესრიგი დაამყარა გიორგი ვეკუამ, ციხეში აღარ ხდებოდა ქურდული გარჩევები. ეს ბრალდება გაუმართავია და ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ველით.

 

გიორგი ვეკუა, განსასჯელი:

ბოდიშს ვიხდი იმისთვის, თუ ემოციებს ავყვები. საბრალდებო სკამზე ზის ზაზა ჯიქია, რომელიც არის ღირსეული ადამიანი, ჩვენ კრიმინალის წინაშე თავი არ დაგვიხრია. ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად ვემსახურებოდით. გარწმუნებთ, ის, რაც პროკურორმა თქვა, ტყუილია. ის თანამშრომლები, რომლებიც ახლა ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ, კრიმინალები არიან. ზაზა ჯიქიას მე მადლობას ვუხდი, ის არის ღირსეული თანამშრომელი, ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას.

ბატონო მოსამართლე, ჩემი თხოვნაა, ნუ მისცემთ ქურდულ სამყაროს გამარჯვების უფლებას, ჩვენთვის განაჩენის გამოტანა არის სახელმწიფოსთვის განაჩენის გამოტანა.  

 

 

 

 

 

 

25 მოსწავლე ყველა პირველ კლასში

 

„ანალიზის საფუძველზე და სამინისტროს ხედვითაც გადაწყვეტილია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვროს 25 მოსწავლით. ცვლილებები დაიწყება პირველი კლასიდან. მოსწავლეთა კონტინგენტი ზედა კლასებში არ გადანაწილდება. იმპლემენტაცია ეტაპობრივად განხორციელდება“, _ წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ გადმოგზავნილ წერილში.

 

ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლები, ყველაზე მაღალკონტინგენტიანი სკოლებია აჭარაში. თითოეულში ორიათასამდე მოსწავლე სწავლობს. წელს პირველ საჯარო სკოლას ექვსი პირველი კლასი ჰყავს, თითოეულში 30 მოსწავლეა.

 

„დამატებით კლასებს გავხსნი თუ არა, ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, რადგან მაღალკონტინგენტიან სკოლებს ფართობის პრობლემა გვაქვს. ახალი კლასები რომც გავხსნათ, ამას სჭირდება აღჭურვა _ მერხები, სკამები, კარადები. ამას ალბათ მოგვცემს სამინისტრო. თუმცა, რამდენი მოსწავლის მიღებასაც შევძლებთ, იმდენზე გავაკეთებთ სამინისტროში განაცხადს“, _ ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მედეა გვენეტაძე.

 

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე კი აცხადებს, რომ ახალი ნორმის ამოქმედების გამო იძულებულია ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასებში მისაღებ მოსწავლეთა კონტინგენტი შეამციროს.

 

„წელს შვიდი პირველი კლასი მყავს, სადაც თითოეულში 30 მოსწავლე მიზის. თუ სამომავლოდ ექვსი პირველი კლასი მივიღე, კონტინგენტს განვსაზღვრავ 150 ბავშვით და არა 180-ით, როგორც ეს წელს იყო. 5-5 მოსწავლეს ყველა კლასს მოვაკლებ“.

 

როგორც მარიზა აბაშიძე ამბობს, კლასებში მოსწავლეთა შემცირებით შემცირდება ვაუჩერული დაფინანსებაც: „ახალ კლასებს ვერ დავამატებთ, რადგან მატერიალური შესაძლებლობები არ გვაქვს, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ვაუჩერის შემცირებასაც“.

 

გაეზრდებათ თუ არა ვაუჩერული დაფინანსება სკოლებს პირველკლასელთა შემცირების ხარჯზე? _ ამ კითხვაზე სკოლის დირექტორებს სამინისტროსგან პასუხი არ აქვთ.

 

პირველკლასელების ელექტრონული რეგისტრაცია მარტის ბოლოდან დაიწყება. მოქმედი ნორმების მიხედვით, მოსწავლეებს სასურველი სკოლის არჩევა თავისუფლად შეუძლიათ და ტერიტორიული შეზღუდვა აღარ არსებობს. როგორც სკოლის დირექტორები აცხადებენ, სასურველ სკოლაში მოხვედრა, ფაქტობრივად, დასწრებაზეა, რადგან მითითებული კონტინგენტის ამოწურვის შემდეგ სკოლას დამატებითი განაცხადების მიღება არ შეუძლია.

 

„რეგისტრაცია არის დასწრებაზე, ბევრი ადამიანი დარჩა გასულ წელს ჩვენი სკოლის გარეთ. სამომავლოდ ალბათ გაცილებით მეტი მსურველი დარჩება, რადგან მისაღებ კონტინგენტს შევზღუდავთ“, _ ამბობს მეორე სკოლის დირექტორი.

 

მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი თემურ სირაბიძე მიიჩნევს, რომ პირველკლასელთა შემცირებით მათ სკოლას პრობლემები არ შეექმნება: „სამ პირველ კლასს ვიღებდი თითქმის ყოველ წელს და ასე მივიღებ ალბათ მომავალშიც. თუმცა, ერთი კლასის დამატებას კიდევ შევძლებ“.

 

მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში კი ამბობს, რომ კლასებს მოსწავლეთა განაცხადების მიხედვით დაგეგმავენ: „შევთანხმდებით, ალბათ, რომელ სკოლას რამდენი მოსწავლის მიღება შეეძლება და იმის მიხედვით გავხსნით კლასებს“.

 

მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, წელს სკოლაში ოთხი პირველი კლასია. სამომავლოდ კი მხოლოდ ერთი ახალი კლასის დამატებას შეძლებენ.

 

საჯარო სკოლების პედაგოგების ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კლასებში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობა იყო. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ როცა კლასში 30 და მეტი მოსწავლეა, თითქმის შეუძლებელია კარგი გაკვეთილის ჩატარება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთია იმ ცვლილებების პაკეტისა, რომელზეც სამინისტრო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეროვნულ სასწავლო გეგმის ანალიზზე დაყრდნობით, მუშაობდა.

 

პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასი

 

 

ანსამბლის პროტესტი ღამისთევით

 

 

ანსამბლის წევრებს  ხელშეკრულება მარტის ბოლომდე ჰქონდათ გაფორმებული. როგორც ისინი ამბობენ, ანსამბლის ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 32 მოცეკვავე გაათავისუფლა. იმის გამო, რომ გაფიცვაში მყოფი თანამშრომლები ხელმძღვანელობამ დაითხოვა, ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

 

სახელმწიფო ანსამბლის გაფიცული წევრები ამბობენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, ხვალიდან კი აჭარის მთავრობის წინ კარვების დადგმას გეგმავენ. 

 

დღეს საღამოს აქციის წევრებმა მთავრობის სახლის წინ თავიანთი პროტესტი ცეკვით გამოხატეს. 

ინიციატივა -150 ლარი ყოველ მესამე ბავშვზე

 

საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ყოველ მესამე ბავშვზე ფინანსური დახმარების პროექტს, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-დან დაბრუნების შემდეგ უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ კი შეთანხმებული დოკუმენტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. 

 

მესამე შვილის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს. ამისთვის, როგორც ფონდში აცხადებენ, პირველ წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, მეორე წელს კი – ათი მილიონი ლარი. ოჯახი მესამე ბავშვზე ფინანსურ დახმარებას ორი წლის განმავლობაში მიიღებს. როგორც ფონდში გვეუბნებიან, ეს დახმარება არ გავრცელდება მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე, ანუ მსხვილ გადამხდელებზე.  

 

„დაფინანსება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან. ჩვენ „იუნისეფთან“ ერთად დავითვალეთ, თუ რამდენი სჭირდება ყოველთვიურად ბავშვს, წამახალისებელი დანამატების გარეშე ეს გამოვიდა 150 ლარი. თუმცა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის გვინდა ეს კოეფიციენტი გავზარდოთ“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

რამდენი სამშვილიანი დედაა დღეს ქვეყანაში, ამის ზუსტი მონაცემები ფონდს ჯერ არ აქვს. როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, საინფორმაციო ბაზას ისინი არ ამუშავებენ. „ფონდი ატარებს კვლევას იმაზე, თუ როგორია ერის დაბერების აქტივობა, შობადობის აღრიცხვა და ბალანსი შობადობასა და სიკვდილიანობას შორის“.

 

პროექტი, რომელსაც „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ საკუთარი ინიციატივით ამუშავებს, მცირეკომლიანი სოფლების ხელშეწყობის პროგრამაა. „სოფლის მეურვე“, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალი ხუთი ბიზნესმენის ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს.

 

„სოფლის მეურვე“ იყო „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ნიშნიანიძის  ინიციატივა. რადგან 164 სოფელი დღეს მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან – ეს არის ძირითადად საზღვრისპირა სოფლები, ხოლო 152 სოფელი დგას იმავე საფრთხის წინაშე. ამ სოფლების გამაგრებისთვის ხორციელდება ეს პროექტი“, – ამბობს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე.

 

სოფლის გამაგრების იდეა მდგომარეობს შემდეგში: ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალმა ხუთმა ბიზნესმენმა, ხუთი წლის განმავლობაში თავის თავზე უნდა აიღოს თითო სოფლის მეურვეობა. „რა უნდა გაკეთდეს? _ კონკრეტული ოჯახისთვის იყიდიან მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონელს, ან მეფუტკრეობას შეუწყობენ ხელს, ნამატს კი თვითონ ეს ბიზნესმენები იყიდიან. ოჯახებს არ ექნებათ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა და ამ ფორმით გააძლიერებენ მათ ეკონომიკურად“.

 

 ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალი ბიზნესმენები არიან: სააქციო საზოგადოება „ბაგრატიონი 1882“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე, „თი ბი სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე და „მედია-პალიტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, მცირეკომლიანი სოფლების შერჩევა რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და  ფშავ-ხევსურეთში იგეგმება.  

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ფონდი ძირითადად კანონპროექტებისა და ინიციატივების წარმოებაზეა ორიენტირებული. მათთან ფინანსებს თავს არ უყრიან. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც ფონდი ამუშავებს, უკუმიგრაციის პროექტია და ისიც სახელმწიფოს მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

 

თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ეს არის ინიციატივა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობა მიტოვებულ ადგილებს. „ინიციატივა ხუთ სამინისტროსთან ერთად მუშავდება. დეტალები არ ვიცით, მაგრამ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავიგოთ, რა სჭირდებათ ადამიანებს უკუმიგრაციისთვის. მიტოვებული სახლის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე მეურნეობის დაწყება, ერთწლიანი ფულადი დახმარება, მიწით უზრუნველყოფა თუ რა. ბიუჯეტის თანხები წყალში რომ არ გადავყაროთ, მსურველთან დაიდება ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით და თუ მოქალაქე დახმარების შემდეგ მაინც მიატოვებს ფუძეს, მას ეს თანხა დაეკისრება ვალად“. 

 

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, სოფლებში ახალგაზრდების შეჩერების მიზნით ცალკე პროგრამა მუშავდება, რომლის პრეზენტაცია მარტის დასაწყისში გაიმართება.   

 

 

 

ნაკვეთი იჯარით – 36 ათასი ლარი წლიურად

 

წლიური სარგებლობის საწყისი ფასი 36 ათასი ლარია. 2014 წლის 1 ივლისისთვის სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი  უნდა ამოქმედდეს.

 

აუქციონის პირობების თანახმად, აუცილებელია ობიექტის პროფილის შენარჩუნება  მთელი სარგებლობის პერიოდით, სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 3 თვე). ამასთან, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე შესაძლებელია  განთავსდეს მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

 

აუქციონი 17 მარტს დასრულდება. 

 

კონცერტი მრავალშვილიანი დედებისთვის

 

 „არ არის ადვილი გერქვას მრავალშვილიანი დედა. მე ხუთი შვილის მყავს, ბედნიერი დედა ვარ. მესამე შვილი მინდოდა, რომ პატრიაქრის ნათლული ყოფილიყო და ამიტომ გავაჩინე და ტყუპი დაიბადა, მერე კი მეხუთეც შეგვეძინა. სამი წელია მერიისგან ათასლარიან დახმარებას ვიღებ” _ ამბობს ნატო ბატიაშვილი.

 

94-მა მრავალშვილიანმა დედამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ათასლარიანი საჩუქრებიც მიიღო.

 

კონცერტი მრავალშვილიანი დედებისთვის

საქმის გარჩევა მურმან დუმბაძის ბიუროში

რეპლიკები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარის, მურმან დუმბაძის ბიუროდან ისმოდა, აჭარაში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლისა და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლის, მერაბ ღოღობერიძის მიმართ იყო ნათქვამი.

ამ დროს ბიუროს უფროსის სამუშაო ოთახში თავად მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსი ნუგზარ კეკელიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი კობა ადეიშვილი, მურმან დუმბაძის ძმა გურამ დუმბაძე და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

დედის და ოჯახის მიმართ გინება, უწმაწური სიტყვებით მოხსენიება, მუქარის შემცველი ფრაზები – ამ შინაარსის სტატუსებსა და მურმან დუმბაძის ფოტოს მგლის თავის გამოსახულებით მერაბ ღოღობერიძე ბოლო ორი თვეა ინტენსიურად აქვეყნებს „ფეისბუქში“.

„როცა უკვე სიწმინდეს ეხება, დედას ეხება, ნენეს ეხება, გვარს ეხება, ჩემს ცოლს ეხება… ნათქვამია, განკვეთე ცხენიც და კაციც და ქვიშაზე მოგიხდეს ხმალიო – ეს ქართველმა თქვა, ვაჟამ თქვა. ამის იქეთ საქართველო ღმერთმა ნუ ქნას. მორალი უფრო დიდია ჩემთვის, ვიდერე კონსტიტუციური კანონები. მორალი არის ღირსება. ცოლის მოვლა, მზრუნველობა ცოლზე, შვილის გაზრდა და სამშობლოს სიყვარული ეს მორალია გესმით? – ტრადიციების შენარჩუნება ესეც მორალია. ამის იქით თუ გავდივართ, წიხლი ვკარი კონსტიტუციას. მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური თანამდებობა საქართველოში. ამის მიღწევას უნდა 20-25 წელი. ამ პრობლემას მოვაგვარებ 15 წუთში და მე ამაში არც საზოგადოების მხარდაჭერა მაკლია. მაგრამ მე სხვა რეაქციებს ვამოწმებ. მე ვერ ვხედავ თანამიმდევრულობას“, – ამბობდა მურმან დუმბაძე.

მერაბ ღოღობერიძე კი აცხადებს, რომ მას პარლამენტარის სახელით ემუქრებიან.

„პირადად მისი შვილი მემუქრება. მე გამოვაქვეყნე მიმოწერა, სადაც მურმან დუმბაძის სახელით მემუქრებიან და შეურაცხყოფას მაყენებენ. ბოლო პერიოდში დეპუტატის შვილი, მუხრან დუმბაძე მემუქრება. მე თუ მას შეურაცხყოფა მივაყენე, შეუძლია მიჩივლოს სასამართლოში ან პროკურატურაში. რაც შეეხება იმას, თუ მე რატომ ვაქვეყნებ – მე მათ ცუდ კონტექსტში მომიხსენიეს არაერთხელ ბიძინა ივანიშვილთან და თქვეს, რომ მე ვყოფილვარ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მისი აპარატის უფროსის ირაკლი ჭეიშვილის მარიონეტი. ეს არის აბსოლუტური ტყიული. მე მართლაც კარგად ვიცნობ ირაკლი ჭეიშვილს, მაგრამ ასევე ვიცნობ მურმან დუმბაძეს“, – უთხრა მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“.

მერაბ ღოღობერიძის თქმით, ვიცე-სპიკერის შვილი 2 მარტს, გვიან საღამომდე ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მერაბ ღოღობერიძეს ძალოვან სტრუქტურებში უჩივლებს:

„თუ ეს კაცი შეურაცხადია, შესაბამისი ადგილი მოძებნონ. თუ სამართალდამცავი ორგანოები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს ოჯახი, გვარი, შვილები და პირადად მე. საქართველო არის ტრადიციების ქვეყანა და ჩვენ ამ ტრადიციებს არ ვუღალატებთ.“

მერაბ ღოღობერიძის ქმედებებზე რეაქციის არქონის გამო მურმან დუმბაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც გამოთქვა პრეტენზიები. დეპუტატის აზრით, არასამთავრობო სექტორი მისი უფლებების დარღვევაზე არ რეაგირებს: „კობა ადეიშვილის ნათქვამზე [ამ უკანასკნელმა შეურაცხმყოფელი სტატუსები „ფეისბუქში“ „გაზეთ ბათუმელების“ თანამშრომლების მისამართით გამოაქვეყნა] მთელი არასამთავრობოები და ჟურნალისტები ადგნენ ფეხზე. მე მაინტერესებს რაშია საქმე? – მე არ მჯერა, რომ არ იციან რა ხდება „ფეისბუქში“, მაგრამ ეშინიათ ამ ადამიანის. კაცი ასე იქცევა, რომ უნდა ამუშავდეს ქართული წესი. “

მერაბ ღოღობერიძის თქმით, ის პროკურატურაში მურმან დუმბაძის მიმართ გამოქვეყენებული შეურაცხმყოფელი სტატუსების გამო ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

დედის დღე „ოცნების ქალაქში“

 

მრავალშვილიანი დედის თქმით, ოთხი მცირეწლოვანი შვილისგან მსგავსი საჩუქრები აგრძნობინებს, რომ ძლიერი უნდა იყოს და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა შეძლოს. ასეთი ოჯახი აქ ბევრია. მართალია, აქაურ დედებს ბევრად განსხვავებული და მძიმე ცხოვრება აქვთ, ურთულესი პრობლემებით, თუმცა აქ ამბობენ, რომ დედის დღეს აღნიშნავენ, რადგან დედის ღირსება სწორედ ის არის, რომ დედა შვილებს არ მიატოვებს და ასეთ გაუსაძლის პირობებში არ გატყდება.

 

 

„ჩვენ ვართ უფრო ღირსეული ქალები, უფრო ღირსეული დედები, რომლებიც ამ გაჭირვებაში მაინც ვცოცხლობთ და არ გვეშინია არაფრის. ყველა დედა იბრძვის, ჩვენც ვიბრძოლებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი შვილებისთვის“- ამბობს 12 წლის გიულის დედა.

 

 

 მეზობლებს, ორ  შორენას, ხათუნას, თამარს და იას დღეს გიული ცეცხლაძემ უმასპინძლა ქოხში №858. ქალები ერთმანეთს ულოცავდნენ, იმ ერთადერთ და უძვირფასეს საჩუქრებს ხსნიდნენ, რომლებიც შვილებმა აჩუქეს და თან იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომლებიც დედისთვის ყველაზე დიდი გულისტკივილია: „ყველაზე დიდი პრობლემა, აუტანელი გარემოპირობებია, რაც ხშირად ბავშვების ავადმყოფობის მიზეზი ხდება. ბრონხები ხშირად აწუხებთ, ცივდებიან, წამლის ფული არ გვაქვს. წარმოიდგინეთ, ლარნახევრიან წამალს რომ ინატრებს ადამიანი. ანთებით ერთი კაცი გარდაიცვალა აქ“- ყვებიან ქალბატონები.

 

 

შორენა ოთხი შვილის დედაა, მაგრამ მრავალშვილიანობისთვის არავითარი დახმარება არ მიუღია.  „სამი და ოთხი შვილი მრავალშვიალიანობას არ ნიშნავსო, მითხრეს.  ვერც საბავშვო ბაღში შეგვყავს ბავშვები, თქვენს მუნიციპალიტეტებში უნდა მიიყვანოთო“.

 

 

„არავის  ვახსოვართ“- დანანებით ამბობს შორენა ირემაძე, – „ის, რომ დემოგრაფიული პრობლემების ფონზე ჩვენ სამი, ოთხი და მეტი შვილის დედები ვართ, არათუ არ ფასდება,  პირიქით, ჩვენს მაგალითზე ახალგაზრდებს ბევრი შვილის ყოლის სურვილიც კი ეკარგებათ“.   

 

 

 ჩვენი მასპინძელი გიული ცეცხლაძე ორი ვაჟის დედაა. უფროსი, 6 წლის შოთიკო, სკოლაში სწავლობს, მან დედას ნახატი და ერთლარიანი ტუჩსაცხი აჩუქა, რომლისთვისაც უკვე დიდი ხანია აგროვებდა ფულს.  „როცა ორი შვილის გაზრდა ასეთ პირობებში მიწევს, ფიქრადაც არ მომდის, რომ მესამე შვილი მყავდეს. მეც და მეუღლეც უმუშევრები ვართ, არაფერი გაგვაჩნია, ხანდახან ვინმეს მანქანის ჩამოტვირთვაში თუ დაეხმარება და 5 ლარს აიღებს… თურქეთშიც ვერ გავა, სოციალურ დახმარებას მოგვიხსნიან“.  

 

 

სამი შვილის მარტოხელა დედა მანანა ვარშანიძე შვილებთან ერთად ქოხში ცხოვრობს, რომლის კედლებიც მუყაოს დაშლილი ყუთებისგან არის გაკეთებული. ის პროფესიით პედაგოგია, თუმცა არ მუშაობს.  „ვერ ვიმუშავე. ჩემი წონა ფული გინდა, რომ ადგილი ნახო. სად ვნახო ის ფული?!“ ის და მისი შვილები მუნიციპალური უფასო სასადილოების საკვებით იკვებებიან. თუმცა  პრობლემები იქაც ხვდებათ: ,,ხუთი თვე ვიარე, რომ სიაში ჩავეწერეთ. ბოლოს, ნავთიანი სოიოს ფარშის კატლეტები გამომატანეს. ისეთ საჭმელს აკეთებენ, ჭურჭელს რომ ვრეცხავ, ცხიმი არ შორდება. სუნი აქვს საშინელი.

 

 

ძაღლმაც კი არ ჭამა, ეგ ბავშვებს როგორ ვაჭამო? თევზი რომ შეწვეს და თევზი რომ წამოვიღე იქედან, აი, მაშინ დავამტკიცე, რომ გაფუჭებული იყო“- მოგვიყვა მანანა. მისი თქმით ყველა დედა, ვინც იძულებული გახდა ქოხები ჩაედგა, წლებია ხელისუფლებას დახმარებისთვის ამაოდ მიმართავს.

 

 

 „ჩვენს შვილებს ხშირად სცივათ, ჩვენ კი გაყინულ ხელებს უბეში ვუთბობთ. აქ  ოცამდე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვიც ცხოვრობს, ჯერ არ მახსოვს, იმ ბავშვებისთვის მაინც ერთი პურის ნატეხი  ვინმეს შემოეტანა. ერთხელ შემოიტანა ჰუმანიტარული დახმარება ირანის მოქალაქემ და ამანაც უსიამოვნება გამოიწვია, რადგან მხოლოდ მრავალშვილიანებისთვის იყო და ყველას არ შეხვდა. მე პირადად ბედნიერი ვიქნებოდი, პური რომ შემოიტანონ და ყველას დაურიგონ, რადგან აქ  ყველა გაჭირვებული და მშიერია. 2014 წელი არის ბავშვთა უფლებების დაცვის წელი და ძალიან კარგად ვიცით, ამ ბავშვებს ეკუთვნით, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. იმედი გვაქვს, ახლა მაინც მისცემენ ჩვენს შვილებს უფლებას, ჰქონდეთ ელემენტარული საარსებო პირობები“- გვეუბნებიან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები დედები.

 

 

 როდესაც ,,ოცნების ქალაქიდან“ მოვდიოდი, იქაურმა დედებმა მისურვეს, რომ არასდროს აღმოვჩენილიყავი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შვილებს სცივათ, შიათ, სტკივათ, “დედები კი ვიბრძვით ამ პრობლემების მოსაგვარევლად, მაგრამ საზოგადოება ისე გვიყურებს, თითქოს ზედმეტი ფუფუნებისთვის ვიბრძვით და ზღვის პირას, ქალაქში, ცხოვრებაა თვითმიზანი,” – ამბობენ ისინი. 

 

 

 „ოცნების ქალაქიდან“ წამოსულს აქ მცხოვრები დედები თავიანთ სურვილებს მატანენ. მეუბნებიან, რომ არასდროს ვიყო ისეთი დედა,  რომელიც  სხვა დედების ჩაგვრაზე თვალს დახუჭავს და ვიყო ისეთი, რომელსაც ვერასდროს დაამცირებენ და დასცინებენ ადამიანები.  

 

დედის დღე „ოცნების ქალაქში“

 

ხანდაზმულებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს

 

„ჩვენთან ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ჯგუფი: კერვის, რეცხვის, ბინაზე მოვლის და უფლებათა დაცვის  ჯგუფები. დღეს წარმოდგენილია ქსოვისა და კერვის ჯგუფის 12 ბენეფიციარის ნამუშევრები. შემოსული თანხით, მათ სტიმული უჩნდებათ, რომ მოემზადონ სხვა გამოფენა-გაყიდვისთვის. ყოველთვის ცდილობენ, ნამუშევარი იყოს მრავალფეროვანი“- აღნიშნა წითელი ჯვრის სოციალური ცენტრის მენეჯერმა ინდირა ებრალიძემ. 

 

 

ინდირა ებრალიძის თქმით, მსგავსი კულტურული ღონისძიები კარგია იმით, რომ ხანდაზმულებს  უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი და ჩართული არიან საზოგადოებაში.

 

 

გამოფენაზე ხანდაზმულთა მიერ შექმნილი ათი ნამუშევარი გაიყიდა.

 

 

 

გამოფენა-გაყიდვა დღეს, 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

ხანდაზმულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

მოტო-ტაქსი ბათუმში – სტუდენტების იდეა

 

 

„მსგავსი მომსახურების შექნის იდეა გაჩნდა „სტუდენტური ბიზნესოლიმპიადის“ მიმდინარეობისას. ბიზნეს იდეაზე მუშაობისას გვეხმარებოდნენ გამოცდილი ბიზნესმენები. “  –  ამბობს ანრი ბეჟანიძე, ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ანრისთან ერთად პროექტზე მელანო აბაშიძე,  მელანო პაპიძე  და დავით არძენაძე მუშაობდნენ, დავითი ბათუმის შოთა რუსთაველის უნვერსიტეტის კურსდამთავრებულია.

 

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ „ბიზნეს ოლიმპიადასთვის“ დაწერილმა ბიზნეს იდეამ მოწონება ბიზნესმენებისგანაც დაიმსახურა და მათი წინასწარი გათვლით, მოტო-ტაქსის იდეა წარმატებული იქნება, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე.

 

 

სტუდენტები ამბობენ, რომ მოტო-ტაქსით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი,  ფასი  ფიქსირებული და დიფერენცირებული იქნება ქალაქის უბნების მიხედვით.  პროექტის ავტორები  ამბობენ, რომ მოტო-ტაქსით მომსახურება ბათუმში არსებული ყველაზე იაფი ტაქსის საფასურის ნახევარი იქნება, ყველაზე მაღალი ფასი, რაც შეიძლება ქონდეს ბათუმიდან მის შემოგარენის მაშტაბით ტაქსით სარგებლობას, ხუთი ლარია.

 

„ბათუმი- მოტო“, გარდა ტაქსისა სხვა მომსახურებების გაწევასაც გეგმავს, კერძოდ:  მოტო-კურიერი, რომელიც უზრუნველყოფს ამანათის სწრაფ გადატანას;  მოტო-ექსკურსია; მოტო-ივენთები:  მოტო-რეკლამა და ა.შ.

 

„6 დამოუკიდებელი კვლევა ჩავატარეთ, კვლევამ აჩვენა, რომ ამ მომსახურებისადმი მოთხოვნა არსებობს ქალაქში. ამ ეტაპზე მარკეტინგზე ვმუშაობთ, ვცდილობთ მოლოდინი შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გაამართლებს, მთავარია ვიპოვოთ ინვესტორი, ვინც ჩვენს იდეას დააფინანსებს, შემდგომ უკვე შემოვიყვანთ საჭირო რაოდენობის მოტოებს, ვფიქრობთ 10 ან 12 მოტო ამ ეტაპზე საკმარისი იქნება. ბიზნეს გეგმა გაწერილი გვაქვს, დაახლოებით 10 ან 15 ათასი  გვჭირდება საწყის ეტაპზე, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ჩანს, გვაიმედებენ, სხვა შემთხვევაში თავად შევეცდებით განვახორციელოთ ეს იდეა, გავინაწილებთ თანხებს.“ – ამბობს მელანო პაპიძე.

 

 

 „კომპანია დაასაქმებს 18 ადამიანს, რომლის ვაკანსიებიც მალე გამოჩნდება (პრიორიტეტი სტუდენტებს მიენიჭებათ). კომპანიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს  15 დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებსაც არ აშინებთ სიახლეები, ფასი და დროკი არის გადამწყვეტი.“  –  ამბობს ანრი.

 

 

ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

 

დაჭრილი მამაკაცი მოქალაქის ავტომანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, ეჭვმიტანილი მიიმალა. 

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, დაზარალებულს უტარდება გამოკვლევა. 

საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამსახური შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 16:34 წუთზე მოვიდა. დაჭრილი პირის ვინაობა უცნობია. 

 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

 

„დაბალი ანაზღაურების მქონე ექიმი ვერ უმკურნალებს პაციენტს ნორმალურად”

 

ლადო, რომელ ქალაქში გაიარეთ პრაქტიკა?


 ვიყავი სტამბოლში, კლინიკა  „მედიქალ ფარქში“, სადაც მედიცინის თითქმის ყველა პროფილია წარმოდგენილი ძალიან მაღალ დონეზე. ერთი თვით ვიყავი ამ ეტაპზე და წლის მანძილზე რამდენჯერმე ჩავალ, პერიოდულად. 

 

 

 რა ტიპის პრაქტიკას ითვალისწინებს პროგრამა?


 ხარ ან ასისტენტი და ღებულობ მონაწილეობას ოპერაციის გაკეთებაში, ან ხარ „ვიუვერი“, მაყურებელი, ამას თვითონ ირჩევ, შენთვის რომელი სჯობს, რადგან ასისტენტობას თავისი დადებითი მხარე აქვს, ისევე როგორც ოპერაციისათვის თვალყურის დევნებას, როცა უფრო მეტის ნახვას, დაკვრვებას ასწრებ. საერთო ჯამში ყველა  პროცესის მონაწილე ხდები და იზრდები რასაკვირველია, რადგან იქ არის ძალიან მაღალი ტექნოლოგიები, რაც საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის და არც ვიცით როდის იქნება, რადგან ძალიან ძვირი ღირს ეს ყველაფერი.  მაგალითად გამა-დანის შეძენა არ იქნება ადვილი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვისაც კი.

 

 

ამ ერთი თვის მანძილზე თუ ესწრებოდით ისეთ ოპერაციებს, რისი ჩატარების საშუალებას ბათუმში არ მოგცემიათ?


რა თქმა უნდა. ძირითადად ისეთ ოპერაციებს ვადევნებდი თვალს, რომელიც  საქართველოში  კი კეთდება, მაგრამ არა იმ აღჭურვილობით, როგორც სტამბოლშია. ტექნიკური ბაზა იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ ამის გარეშე შეუძლებელია ჩაატარო ოპერაციები, რომელიც იქ კეთდება.

 

 

მაგალითად?


იყო თავის ტვინის ღეროს რთული ლოკალიზაციის სიმსივნეები, უკანა ფოსოს სიმსივნეები, ხშირად კეთდებოდა სამწვერა და სახის ნერვების მიკროვასკულარული დეკომპრესიები, ასევე „DBS” – ანუ ტვინის ღრმა სტიმულაცია , პარკინსონის დაავადებისა და სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს; გამადანის პროცედურები, რომელიც სხივური თერაპიის ყველაზე თანამედროვე მკურნალობს მეთოდია დღეს, ანუ სიმსივნეს მკურნალობ ფაქტიურად გაჭრის გარეშე. გარდა ამისა არის ისეთი გამოკვლევის მეთოდებია, რომლის გამოყენებაც ხდება ოპერაციის პროცესში, (ინტრაოპერაციული მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული ტომოგრაფია, 3 D MRI და ექონავიგაციები, გამოწვეული პოტენციალები, ტვინის კარტირება-სტიმულაცია) რაც ოპერაციას უფრო სრულყოფილს ხდის და მინიმუმამდე დაყავს შეცდომების ალბათობა.

 

 

ტექნიკის გარდა, რა არის ძირითადი განმასხვავებელი ქართულ და თურქულ სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რაც დაინახეამ ერთი თვის მანძილზე პრაქტიკისას?


ეს არის ძალიან ორგანიზებული სისტემა, სადაც არც ერთი წამი არ იკარგება. კლინიკაში მუშაობა დილის 7 საათიდან იწყება და საღამოს ხუთ საათამდე გრძელდება. მე პრაქტიკას გავდიოდი  კლნიკაში, რომელიც ძირითადად გეგმიურ ოპერაციებზე იყო ორიენტირირებული. რა თქმა უნდა აქვთ „ემერჯენსიც~, (გადაუდებელი დახმარება), რომელიც აბსოლუტურად სხვა სამყაროა. ყველამ იცის თავისი საქმე, მენეჯმენტი უმაღლეს დონეზეა გამართული. რაც შეეხება კადრების ინტელექტუალურობას, ვერ ვტყვი, რომ იქაური კადრები უფრო მაღალ დონეზე არიან  მომზადებული, უბრალოდ იქ ფინანასური დონე არის ძალიან გამართული და როცა  ექიმი ოპერაციას აკეთებს და აქვს შესაბამისი ანაზღაურებაც.  

 

 

ჩვენთან ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი პაცენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის არის ფინანსური ურთუერთობა. იქ როგორ გვარდება ეს საკითხი, თუ დანტერესდით ამ თემით?


როდესაც ამაზე მიდგება საქმე, იქ არანაერი შეზღუდვა არა აქვს ექიმს, რადგან ის დარწმუნებულია, რომ მომსახურება ანაზღაურდება სრულად. სადაზღვევო კომპანიებსა და საავადმყოფოს შორის  არის იდეალურად დარეგულირებული სიტუაცია. მე ვფიქრობ ეს ჩვენთანაც გაიმართება თანდათან.

 

 

ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად მიდიან პაციენტები საქართველოდან თურქეთში ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ჩვენთან, რომ პაცენტმა სხვა ქვეყანაში წასვლაზე არ იფიქროს?


 

უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს და  მგონი ნელ-ნელა მიდის აქეთკენ ყველაფერი. უნდა დააკმაყოფილო დასავლური  სტანდარტები,  უნდა გქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებელს გახდის გაკეთდეს თანამედროვე ქირურგიული იპერაციები. და უნდა არსებობდეს შესაბამისი ანაზღაურებაც. ეს ერთი მედლის ორი მხარეა, ამის გარეშე ვერ იარსებებს ხარისხი და ვერ იარსებებს კმაყოფილი პაციენტი. პირდაპირ რომ ვთქვათ, დაბალი ანაზღაურების მქონე ექიმი ვერსოდეს ვერ უმკურნალებს პაციენტს ნორმალურად.

 

 

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა ძვირი ღირს. ბათუმში, და ზოგადად საქართველოში, სამედიცინო ბაზარი პატარაა. შეიძენს კი სამედიცინო კლინიკა ასეთ ძვირადღირებულ ტექნიკას მცირე ბაზრის პირობებში?


რა თქმა უნდა, ეს სხვა ბაზარია, მაგრამ პათოლოგიას, რომელიც აქვს ადამიანს, სტამბულშიც და ბათუმშიც სჭირდება ხარისხიანი მკურნალობა.  ამიტომ უნდა არსებობდეს ტექნოლოგიაც.

 

 

თქვენ, როგორც პრაქტიკოს ქირურგს, რაში დაგეხმარებათ ის გამოცდილება რაც მიიღეთ?


ის ინოვაციები, რაც ვიცოდი თეორიულად, პრაქტიკულად ვნახე. მე გავიზარდე ამ მიმართულებით, ვნახე ბევრი და ნანახის რეალიზიების, საქართველოში დანერგვის საშულება თუ მომეცემა,  რა თქმა უნდა,  ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება. 

საჩუქარი დაღუპული ჯარისკაცის დედას

 

ბავშვები ცერებრალური დამბლით არიან დაავადებული, თუმცა ისინი დადიან სკოლაში და ჩართული არიან სპეციალურ სასწავლო პროგრამაში. ბავშვები ასევე სარგებლობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, რომლიც ფსიქო-რეაბილიტაცის კურსი წელიწადში ოთხჯერ უფასოდ დაფინანსებას ითვალისწინებს.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლეს მანანა ფუტკარაძეს, ჩაქვში ახალგახსნილ საბავშვო ბაღში დასაქმება შესთავაზა.  

 

2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ, აჭარაში მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის დედას და მეუღლეს პირად ანგარიშზე 1000-1000 ლარი დაირიცხათ. იგივე ტიპის დახმარება გაეწიათ 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ ორი მეომრის ოჯახს.

 

აგვისტოს თვეში კი 18 მეომრის თითოეული ოჯახი, დამატებით ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 3000 ლარს მიიღებს.

 

 

გამოცდები უნივერსტეტში, ხარვეზების ფონზე

 

„ერთ-ერთ გამოცდაზე კომპიუტერი გამოცდის დაწყებამდე მიწერდა, რომ მე ავიღე ნული ქულა. გადამიტვირთეს კომპიუტერი, ამის გამო გარეთ გაგვიშვეს, მერე შეგვიყვანეს – ისევ ის დაგვიწერა კომპიუტერმა. ისევ გაგვიშვეს გარეთ და კომპიუტერების გადატვირთვა დაიწყეს. ასე განმეორდა ზუსტად ოთხჯერ, ამის შემდეგ დავწერეთ საგამოცდო საკითხები. ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემური“, – ამბობს ფსიქოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი თამარ ბაუჟაძე.

 

 

მედეა ტუღუში ფინანსებს სწავლობს. მას მეორად პროფესიად აუდიტი აქვს არჩეული. მედეა ამბობს, რომ მას ორი გამოცდა ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე საათზე ჩაუსვეს: „დეპარტამენტმა შეადგინა ჩვენი საგამოცდო სია და დაგვიანებით დავიწყეთ გამოცდები. ვფიქრობ, შეეძლოთ უფრო ადრე დაეწყოთ, მერე ერთ დღეს ორი გამოცდა ჩაგვისვეს, არჩევანის გაკეთება მოგვიწია, რომელს დავსწრებოდით. ერთ-ერთის გადაბარებაზე უნდა გავსულიყავით, რაც გულისხმობს იმას, რომ განმეორებითი გამოცდის შანსი გეკარგება. ამაზე მთელმა ჯგუფმა მივმართეთ ადმინისტრაციას, მაგრამ არ შეგვიცვალეს – გვიპასუხეს, ასე იყოსო“, – ამბობს მედეა.

 

 

თორნიკე ხალვაში მესამე კურსის სტუდენტია, ის საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, საგამოცდო ცენტრის ხარვეზებზე ისიც საუბრობს: „გამოცდაზე დამაგვიანდა ხუთი წუთი, ამის გამო აღარ შემიშვეს. ბოდიშიც მოვიხადე, სიტუაციაც ავუხსენი, თუმცა გადაბარებაზე გამიშვეს. გადაბარებაზე კი თავად დააგვიანეს გამოცდაზე მოსვლა, საგამოცდო ცენტრი ერთი საათის შემდეგ გახსნეს, გამოცდა ოცი წუთის დაწყებული იყო, რომ შუქი გაითიშა, შემოვიდნენ, ბოდიში მოგვიხადეს და მეორე დღეს დაგვიბარეს. როცა მე მოვიხადე ბოდიში ხუთი წუთის დაგვიანების გამო, ყურად არ იღეს, თავად ჯერ ერთი, საათი დააგვიანეს და მერე საერთოდ გადადეს გამოცდა.“ – გვიამბობს თორნიკე.

 

 

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ივდით დიასამიძე ადასტურებს, რომ საგამოცდო პროცესის დროს ხარვეზები იყო. თუმცა ამავე დროს დასძენს, რომ სტუდენტები ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს: „ვისაც ქსელთან აქვს ურთიერთობა, ალბათ ესმის, რომ გამორიცხულია არ იყოს ხარვეზი, მცირედი მაინც. ვადასტურებ, რომ ასეთი ფაქტი იყო, თუმცა ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სტუდენტები ხელოვნურად ქმნიდნენ ხარვეზებს. მაგალითად, დერეფანში დამონტაჟებული ჩამრთველიდან შუქის გათიშვის გამო საჭირო ხდებოდა კომპიუტერების გადატვირთვა. არასწორად დაფიქსირებული პასუხების შემთხვევაში სტუდენტს აქვს უფლება გაასაჩივროს პასუხი, ლექტორის თანხმობის შემდეგ კი მას ქულა აღუდგება.“

 

 

ივდით დიასამიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტებს „მანიპულაციის გზით სურთ მიზნის მიღწევა“ და „გამოცდაზე მოუმზადებლად მიდიან“: „ოთხი თუ ხუთი მცდელობა აღმოვფხარით სტუდენტებისა, როცა ცდილობდნენ გადაწერას, ყურსასმენების გამოყენებას, სხვის ნაცვლად გამოცდაზე სხვა რომ გადის.“ – ამბობს ივდით დიასამიძე.

 

 

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში გამოცდები კომპიუტერთან მიმდინარეობს, საგამოცდო პერიოდის ხანგრძლივობა გაიზარდა. მიმდინარე წელს გამოცდები თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, ამის მიზეზი კი კომპიუტერების არასაკმარისი რაოდენობაა: „კომპიუტერების რაოდენობა გაიზარდა ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი იზრუნებს ამ საკითხზე. საგამოცდო პერიოდი აკადემიური საბჭოს დადგენილებით გავზარდეთ. ყველა შაბათს ვმუშაობდით საღამოს შვიდის ნახევრამდე, თუმცა მაინც მოგვიწია დროის გაზრდა.“ – ამბობს ივდით დიასამიძე.

 

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ გამოცდების შედეგები ჯერ არ შეუჯამებიათ, ამიტომაც ამ თემაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. „მონაცემებს შევაჯამებთ, ყველა პრობლემას განვიხილავთ, სტუდენტებს გამოვკითხავთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ამ საკითხზე.“

გიტარისტი ბათუმიდან


უფრო მეტი მუსიკაზე



დედაჩემი უკრავდა გიტარაზე და ფანდურზე, ამის შემხედვარემ მოვითხოვე მეც მომეცით გიტარა-მეთქი. სამი წლის ვიყავი, სათამაშო გიტარა მომიტანეს, ოთხსიმიანი, ჟღერადობა არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც ვუკრავდი. დედაჩემმა ფანდურზე დაკვრა მასწავლა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა, რაღაც მეტი მინდოდა. დედაჩემის ძმასთან დავდიოდი სოფელ ხალაში, იქ ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული. მდინარეში ვთევზაობდი ხოლმე. ბიძიას გიტარა ჰქონდა, მასთან მივდიოდი და სიხარულით ჩამოვკრავდი სიმებზე თითებს. ექვსი წლის ბავშვს ამ ხმაზე ჟრუანტელი მივლიდა. ბიძიამ რამდენიმე აკორდის აღება მასწავლა, მარტივად ავითვისე, შემდეგ უკვე ნამდვილი გიტარა მოვითხოვე.

 

გიტარა ძვირი ფუფუნება იყო მაშინ, თან ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმდენი საშუალება, რომ ეყიდა. მერე ნათესავმა მაჩუქა გიტარა, მამამ კი თავის მეგობარ მუსიკის მასწავლებელთან მიმიყვანა. საერთოდ, მამაჩემს უფრო სურდა ჩემი ამ მხრივ განვითარება, ძალიან უნდოდა მუსიკოსი გავმხდარიყავი. შემდეგ ანსამბლ „ზღვის შვილებში~ მიმიყვანეს, მისვლისთანავე ელექტროგიტარა მომცეს ხელში, ცოცხალი ბენდის წევრი აღმოვჩნდი. მაშინ არ ვნერვიულობდი სცენაზე გასვლისას, პირიქით მიხაროდა, ახლა ვნერვიულობ.

 

ყოველთვის მინდოდა უფრო მეტი მესწავლა, დღემდე ასე ვარ, ვისი შესრულების სტილიც მომწონდა, ვთხოვდი ხოლმე ესწავლებინა ჩემთვის. ნიკო ბალაძის კოლეჯი დავამთავრე, საესტრადო ხელოვნებას ვსწავლობდი. მინდოდა თბილისში წასვლაც ჯაზის სკოლაში სასწავლებლად, თუმცა ვერ წავედი, დღემდე გულდასაწყვეტი საკითხია ეს ჩემთვის. ძალიან მინდოდა მესწავლა, ამის შემდეგ რასაც ვსწავლობ, ისევ საკუთარ თავთან მუშაობის შედეგია. ვფიქრობ, განვითარებასაც ვახერხებ, შრომა მიყვარს, კომპიუტერთანაც ვმეცადინეობ და პროგრამებითაც. იმის მიუხედავად, რომ სამ სამსახურში ვმუშაობ, დროს საკუთარი განვითარებისთვის მაინც ვიტოვებ. ოთხი წელია რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ, 16 მოსწავლე მყავს, ყველა არა, მაგრამ ბევრი მათგანი მოწონებას იმსახურებს. მკაცრი არ ვარ, ნიჭიერი მოსწავლეები მყავს, ზოგი ზარმაციც. მოსწავლეებისგან დადებით განწყობას ვგრძნობ, უხარიათ ჩემთან მოსვლა, მე კი მათთან მუშაობა. დამატებითი შემოსავლისთვის რესტორან „სანრემოში` ვმუშაობ, ბენდი გვყავს, ყოველ საღამოს ვმუშაობთ. შემოსავლის გამო დაკვრა არ მსიამოვნებს, თან რესტორანში ხშირად მიწევს ისეთი მუსიკის შესრულება, რომელიც არ მომწონს. როცა რაღაცის მოსმენა გიწევს იძულებით, მერე გემოვნებაც გიფუჭდება და მოგწონს ის, რაც არ მოგწონდა. ახლახან მოვხვდი ბათუმის “ჯაზ ბიგ ბენდში”, სანრემოში მოისმინეს ბენდის წევრებმა ჩემი შესრულება და მიმიწვიეს, მეც სიხარულით მივედი.

 

 

ასრულებული ოცნება

 

 

ბათუმში ვერ ისწავლი ჯაზს, ძალიან რთულია გახდე ჯაზის შემსრულებელი, ჯაზმენი გიტარისტი მე არ გამიგია, ბათუმის “ჯაზ ბიგ ბენდში” მოხვედრა ჩემთვის საოცრება იყო, რაღაც რომ ძალიან გინდა და თავისით გისრულდება. ვერ ვისწავლე ჯაზის სკოლაში, ახლა კი თავად ჯაზმენებისგან ვსწავლობ ყველაფერს. მე სხვა მიმართულებით ვმუშაობდი, ახლა მიწევს იმ პროგრამის ათვისება, რასაც უკვე ასრულებს ბიგ ბენდი, ხელმძღვანელს შევპირდი, რომ მთლიან პროგრამას ავითვისებ, ბენდის თითოეული წევრი ჩემი მასწავლებელია, სიხარულით დავდივარ რეპეტიციებზე. ღამით ვმეცადინეობ, ჩემი ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ და არ წუწუნებენ. რომ გახდე გიტარისტი, დღეში რვა საათი უნდა იმეცადინო. ხშირი იყო შემთხვევა, როცა საჭმელად მეძახდა დედა, მე კი არ მივდიოდი, რომ დრო არ მომეკლო მეცადინეობისთვის.

 

 

 

ცოტა რამ ოჯახზე

 

 

დილით სახლში ვსაუზმობ, საღამოობით კი მუდამ დაკავებული ვარ. ჩემი ქალიშვილი ორი წლისაა, ძალიან უყვარს მამა, სულ მეთამაშება, როცა სახლიდან მაცილებს, კოცნას მიგზავნის. ვფიქრობ, კარგი მამა ვარ, თავისუფალი დრო, რაც მაქვს, ვცდილობ მას დავუთმო. ანა კვაშილავაა ჩემი მეუღლე, პროფესიით სტილისტია. დროებით არ მუშაობს, პატარა ჯერ ბაღში არ შესულა. ანა სამეგრელოდან ჩამოვიდა სტუმრად, ზაფხულში კვარიათში ვუკრავდით და იქ ისვენებდა, მაშინ გავიცანი. ერთი წელი ერთმანეთს ვხვდებოდით, სამეგრელოში ჩავდიოდი თვეში ერთხელ მის სანახავად, ერთი წლის თავზე კი გავიპარეთ. ჩემი მეუღლის მხარდაჭერას ყველაფერში ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა, ანა რომ შემხვდა. მე და ანას სეირნობა გვიყვარს, ბავშვს ხშირად ვასეირნებთ ერთად.

 

 

და ისევ გიტარა

 

 

გიტარა ყველაფერია ჩემთვის, დეპრესიისა თუ პრობლემის დროს გიტარა ჩემი მხსნელია, ძალიან ბევრჯერ ჩამძინებია მასთან ერთად. რაზეც ახლა ვოცნებობ, „გიბსონ ლეს პაულის” გიტარაა. მეც არ მაქვს ცუდი გიტარა, ვხუმრობ ხოლმე „გიბსონის” ბიძაშვილი მყავს-მეთქი. იმედი მაქვს, მალე მეყოლება „გიბსონი”.

 

ბათუმის საკრებულოს წევრები დაკითხვაზე

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფებოდნენ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები. კითხვები მათ იმ მიწების შესახებ დაუსვეს, რომელიც კომისიამ 2013 წელს მოქალაქეებს გადასცა საკუთრებაში.

 

კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი მამული ჟღენტი ამბობს, რომ ის საგამოძიებო უწყებას დაკითხვაზე არ დაუბარებია. კიდევ ერთი დეპუტატი, გენო თებიძე კი ადასტურებს, რომ თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ის მოწმის სტატუსით დაკითხეს.

გენო თებიძის თქმით, კითხვები, რომლებიც მას დაუსვეს შს სამინისტროში, კონფიდენციალურია და ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

ბათუმის საკრებულოს სხდომა
ბათუმის საკრებულოს სხდომა

8 მარტის მუსიკალურ-გასართობი საღამო ბათუმში

 

საღამო ჩატარდება კაფე-ბარ „ალექსანდრიაში“ 20:00 საათზე  ფრიდონ ხალვაშის 231  ბილეთების შეძენა  შესაძლებელია გასართობ ცენტრ „ბუბუში” (გორგასლის 110) და კ. გამსახურდიას 42-ში.  ბილეთის ფასი 80 ლარი (ფასში შედის სუფრა).

 

 

წიგნების გამოფენა-გაყიდვა „პრესკაფეში“

 

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება – “ქარჩხაძის”, “ბაკულ სულაკაურის”, “დიოგენეს”, “პალიტრა L” და “ლოგოს პრესის” გამომცემლობის გამოცემები – საბავშვო, სამხატვრო, სამეცნიერო, შემეცნებითი და სხვა სახის ლიტერატურა.

 

წიგნების გამოფენა-გაყიდვა პრესკაფეში

1000 ლარიანი საჩუქარი მრავალშვილიან დედებს

 

94 მრავალშვილიანი დედა, სოციალური პროგრამის ფარგლები კონცერტის შემდეგ ათას ლარიან საჩუქარს მიიღებს.

კონცერტს მარავალშვილიანი დედებისთვის მერიის კულტურის ცენტრის ანსამბლები გამართავენ.

მრავალშვილიან დედებს ათას ლარიანი საჩუქრები გასულ წელსაც გადაეცათ.

 

 

Exit mobile version