სიახლეები

საქმის გარჩევა მურმან დუმბაძის ბიუროში

03.03.2014 • 1872
საქმის გარჩევა მურმან დუმბაძის ბიუროში

რეპლიკები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარის, მურმან დუმბაძის ბიუროდან ისმოდა, აჭარაში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლისა და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლის, მერაბ ღოღობერიძის მიმართ იყო ნათქვამი.

ამ დროს ბიუროს უფროსის სამუშაო ოთახში თავად მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსი ნუგზარ კეკელიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი კობა ადეიშვილი, მურმან დუმბაძის ძმა გურამ დუმბაძე და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

დედის და ოჯახის მიმართ გინება, უწმაწური სიტყვებით მოხსენიება, მუქარის შემცველი ფრაზები – ამ შინაარსის სტატუსებსა და მურმან დუმბაძის ფოტოს მგლის თავის გამოსახულებით მერაბ ღოღობერიძე ბოლო ორი თვეა ინტენსიურად აქვეყნებს „ფეისბუქში“.

„როცა უკვე სიწმინდეს ეხება, დედას ეხება, ნენეს ეხება, გვარს ეხება, ჩემს ცოლს ეხება… ნათქვამია, განკვეთე ცხენიც და კაციც და ქვიშაზე მოგიხდეს ხმალიო – ეს ქართველმა თქვა, ვაჟამ თქვა. ამის იქეთ საქართველო ღმერთმა ნუ ქნას. მორალი უფრო დიდია ჩემთვის, ვიდერე კონსტიტუციური კანონები. მორალი არის ღირსება. ცოლის მოვლა, მზრუნველობა ცოლზე, შვილის გაზრდა და სამშობლოს სიყვარული ეს მორალია გესმით? – ტრადიციების შენარჩუნება ესეც მორალია. ამის იქით თუ გავდივართ, წიხლი ვკარი კონსტიტუციას. მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური თანამდებობა საქართველოში. ამის მიღწევას უნდა 20-25 წელი. ამ პრობლემას მოვაგვარებ 15 წუთში და მე ამაში არც საზოგადოების მხარდაჭერა მაკლია. მაგრამ მე სხვა რეაქციებს ვამოწმებ. მე ვერ ვხედავ თანამიმდევრულობას“, – ამბობდა მურმან დუმბაძე.

მერაბ ღოღობერიძე კი აცხადებს, რომ მას პარლამენტარის სახელით ემუქრებიან.

„პირადად მისი შვილი მემუქრება. მე გამოვაქვეყნე მიმოწერა, სადაც მურმან დუმბაძის სახელით მემუქრებიან და შეურაცხყოფას მაყენებენ. ბოლო პერიოდში დეპუტატის შვილი, მუხრან დუმბაძე მემუქრება. მე თუ მას შეურაცხყოფა მივაყენე, შეუძლია მიჩივლოს სასამართლოში ან პროკურატურაში. რაც შეეხება იმას, თუ მე რატომ ვაქვეყნებ – მე მათ ცუდ კონტექსტში მომიხსენიეს არაერთხელ ბიძინა ივანიშვილთან და თქვეს, რომ მე ვყოფილვარ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მისი აპარატის უფროსის ირაკლი ჭეიშვილის მარიონეტი. ეს არის აბსოლუტური ტყიული. მე მართლაც კარგად ვიცნობ ირაკლი ჭეიშვილს, მაგრამ ასევე ვიცნობ მურმან დუმბაძეს“, – უთხრა მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“.

მერაბ ღოღობერიძის თქმით, ვიცე-სპიკერის შვილი 2 მარტს, გვიან საღამომდე ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მერაბ ღოღობერიძეს ძალოვან სტრუქტურებში უჩივლებს:

„თუ ეს კაცი შეურაცხადია, შესაბამისი ადგილი მოძებნონ. თუ სამართალდამცავი ორგანოები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს ოჯახი, გვარი, შვილები და პირადად მე. საქართველო არის ტრადიციების ქვეყანა და ჩვენ ამ ტრადიციებს არ ვუღალატებთ.“

მერაბ ღოღობერიძის ქმედებებზე რეაქციის არქონის გამო მურმან დუმბაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც გამოთქვა პრეტენზიები. დეპუტატის აზრით, არასამთავრობო სექტორი მისი უფლებების დარღვევაზე არ რეაგირებს: „კობა ადეიშვილის ნათქვამზე [ამ უკანასკნელმა შეურაცხმყოფელი სტატუსები „ფეისბუქში“ „გაზეთ ბათუმელების“ თანამშრომლების მისამართით გამოაქვეყნა] მთელი არასამთავრობოები და ჟურნალისტები ადგნენ ფეხზე. მე მაინტერესებს რაშია საქმე? – მე არ მჯერა, რომ არ იციან რა ხდება „ფეისბუქში“, მაგრამ ეშინიათ ამ ადამიანის. კაცი ასე იქცევა, რომ უნდა ამუშავდეს ქართული წესი. “

მერაბ ღოღობერიძის თქმით, ის პროკურატურაში მურმან დუმბაძის მიმართ გამოქვეყენებული შეურაცხმყოფელი სტატუსების გამო ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

გადაბეჭდვის წესი