გოგნიძეებში, მთის თავზე, საიდანაც მეწყერი იღებს სათავეს, დაჭაობებული ადგილებია. მოსახლეობა შიშობს, რომ ძლიერი წვიმის დროს შეიძლება აქ წყალი დაგუბდეს, რასაც მოშლილი ქანები ვეღარ გაუძლებს და მთის გარკვეული მასა კვლავ შეძლება დაიძრას სოფლისკენ. მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები სოფელი დახმარების მოლოდინშია.
„წვიმის დროს ხშირად მესიზმრება, რომ მეწყერი მოდის და მეღვიძება. ასეა სოფლის უმრავლესობა და ფსიქიკაც მოგვეშალა ამ დაძაბულობაში. გვინდა ბავშვები იყოს დაცული. ბოლო წლებია ახალგაზრდობა საერთოდ წავიდა სოფლიდან.“ – ამბობს გოგინიძეების მკვიდრი ნანუკა შარაშიძე.
2011 წელს, ზვავის განვითარების შემდგომ, 40 დღის მანძილზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მაშველები არ უშვებდნენ საცხოვრებლად თავიანთ სახლში მოსახლეობას, რადგან ზვავი აქტიური იყო. 40 დღის შემდეგ გეოლოგების შეფასებით ზვავი საშიშროებას არ წარმოადგენდა, რის საფუძველზეც მოსახლეობას მისცეს უფლება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.
მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მოსახლეობა დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობს და ყოველი გაწვიმების დროს ზვავის გააქტიურებას ელოდება.
ზვავის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ოჯახს მე-2 კატეგორია მიანიჭეს იმ მოტივით, რომ სახლები დაზიანებული არ იყო. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ მომხდარყო კატეგორიის შეცვლა, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციები კატეგორიის შეცვლის საშუალებას არ იძლევა.
„ალბათ ოდესმე პირველ კატეგორიასაც მოგვანიჭებენ, სახლები როცა დაინგრევა, მაგრამ ამ დროს რამდენი ჩვენგანი დარჩება ცოცხალი აღარ ვიცი…“ – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
ნანუკა შარაშიძე, სოფლის მკვიდრი, ასეთ ისტორიას იხსენებს: „სოფლის განაპირას ცხოვრობდა ზურაბ შერვაშიძის ოჯახი. ცოლ-ქმარი იყვნენ ოჯახში მარტო, ორივეს შეზღუდული შესაძლებლობების ჰქონდათ. დიდთოვლობის გამო დაბაში ნაქირავებ ბინაში იყვნენ და ზაფხულობით ამოდიოდნენ აქ. იმ დღეს აპირებდნენ ამოსვლას და რომ ვუთხარით, დიდი თოვლიაო, აღარ ამოსულან. ბედი მაგათ ქონიათ, იმ საღამოს მეწყერი დაატყდა სოფელს და მათ საცხოვრებელ სახლს ზვავის წნევამ ახადა სახურავი, ხოლო სახლი ჩაიტანა თან მიწაში. გამგეობამ ქედის სოციალურ სახლში 2 ოთახი გადასცა და ახლა იქ ცხოვრობენ“.