Batumelebi | ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმე ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმე – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმე

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მე-3 საპყრობილის დირექტორის გიორგი ვეკუასა და მისი მოადგილის ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. ბრალდება ბათუმის ციხეში პატიმრების წამებას ეხება. სასამართლო 116 ადამიანს დაკითხავს. საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის ციხის თანამშრომლები და პატიმრები.

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განსასჯელების ადვოკატების სამი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა საქმეში მტკიცებულების სახით ბადრაგის სამსახურის მაშინდელი უფროსის, დავით ბასილაძის წერილობითი განცხადების დასაშვებობა ითხოვეს. ადვოკატების თქმით, ბასილაძე წერს, რომ პატიმრების დაშინებას ბადრაგირებისას არავინ ცდილობდა. პროკურორებმა კი ამ ადამიანის დაკითხვა ითხოვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, _ განცხადების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

გიორგი ვეკუასა და ზაზა ჯიქიას პროკურატურა ათეულობით პატიმრის არაადამიანურ, დამამცირებელ და სასტიკად მოპყრობაში ადანაშაულებს.  მოსამართლეებმა ისინი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

შესავალი სიტყვა

 

სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე:

 

დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ მომეყოლა ეს ამბავი სასამართლოსთვის. რთულია იმის აღწერა, რაც ციხეებში ხდებოდა. საქმეში 50-ზე მეტი დაზარალებულია, ასევე მოწმეები, რომლებიც ცემას ახორციელებდნენ ზაზა ჯიქიასა და გიორგი ვეკუას დავალებით.

 

ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმრების არაადამიანური მოპყრობა 2009 წლის ზაფხულიდან დაიწყო. პატიმრები ამბობენ, რომ სამწელიწადნახევარი ისინი, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში იყვნენ. ეს ის პერიოდია, როცა ჯიქია და ვეკუა ხელმძღვანელობდნენ ციხეს. სასამართლოში პატიმრები მოყვებიან ისტორიებს, როგორ აწამებდნენ მათ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ადგილი ჰქონდა ტანჯვასა და წამებას. ჩვენ მოვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ხედავდნენ. უშუალოდ ზაზა ჯიქიას მოთხოვნით პატიმრები მუდმივად იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ.

 

პატიმრებს საკნებში გადანაწილების დროსაც კი სცემდნენ. მათ ეზღუდებოდათ პაემანის, მკურნალობის, ექიმთან ვიზიტისა და ამანათის მიღების უფლება. პატიმრებს სცემდნენ ჯგუფურად, ხელკეტებით. ჩვენ ასევე დავკითხავთ ციხის ექიმებსა და ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერების წიგნს. პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა მესამე საპყრობილეში არსებული მდგომარეობით, რაც გლდანის ციხეში გადაღებული პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდა. სწორედ მას შემდეგ გაბედეს პატიმრებმა და მოგვმართეს კოლექტიური განცხადებით. მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ ნაწამები პატიმრების რიცხვი დაბალია მაშინ, როცა ზაზა ჯიქია შვებულებაში იმყოფებოდა. მოწმეები იტყვიან, რომ ვეკუა გასცემდა პატიმრების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების ბრძანებას.

 

პაატა ბოლქვაძე, ზაზა ჯიქიას ადვოკატი:

 

ასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს მესამე საპყრობილეში და მხოლოდ 50 პატიმარი ამბობს, რომ ცხოვრობდნენ ჯოჯოხეთში. ვერ დამტკიცდება ეს ბრალდება, რადგან ეს არის მიკერძოებული და განაწყენებული პატიმრების ჩვენება. ჩვენ დავკითხავთ გიორგი ვეკუას, რომელიც დაადასტურებს, რომ უკანონო ბრძანებას არ გასცემდა და არ ასრულებდა ზაზა ჯიქია. დარწმუნებული ვარ, რომ განსასჯელების ბრალეულობა არ დადგინდება.

 

სოსო ჯალაღონია, გიორგი ვეკუას ადვოკატი:

გადაჭარბებულია, თითქოს ვეკუა არაადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს. ბრალდების მხარე ცდილობს, ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სასამართლო. ათასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს, მარტო 50 როგორ იყო ცუდ დღეში, უნდა ვენდოთ ინტრიგნებს? კრიმინალებს? დამნაშავეებს? დიახ, დამნაშავეებს, რადგან ამ პატიმრებს უკვე სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ბრალდებას მოწმეები აერევა.

სამწუხაროა, რომ გიორგი ვეკუა კრიმინალების მსხვერპლი გახდა. გავიგეთ, რომ გამოკეტილი პატიმრები ვერ დაწერდნენ საჩივრებს, მაგრამ რას აკეთებდნენ თანამშრომლები, რომლებიც ხედავდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას? რატომ არ მიდიოდნენ პროკურატურაში და არ ყვებოდნენ პატიმრებს წამების შესახებ? ან რატომ არ ისჯებიან ეს თანამშრომლები?

წესრიგი დაამყარა გიორგი ვეკუამ, ციხეში აღარ ხდებოდა ქურდული გარჩევები. ეს ბრალდება გაუმართავია და ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ველით.

 

გიორგი ვეკუა, განსასჯელი:

ბოდიშს ვიხდი იმისთვის, თუ ემოციებს ავყვები. საბრალდებო სკამზე ზის ზაზა ჯიქია, რომელიც არის ღირსეული ადამიანი, ჩვენ კრიმინალის წინაშე თავი არ დაგვიხრია. ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად ვემსახურებოდით. გარწმუნებთ, ის, რაც პროკურორმა თქვა, ტყუილია. ის თანამშრომლები, რომლებიც ახლა ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ, კრიმინალები არიან. ზაზა ჯიქიას მე მადლობას ვუხდი, ის არის ღირსეული თანამშრომელი, ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას.

ბატონო მოსამართლე, ჩემი თხოვნაა, ნუ მისცემთ ქურდულ სამყაროს გამარჯვების უფლებას, ჩვენთვის განაჩენის გამოტანა არის სახელმწიფოსთვის განაჩენის გამოტანა.  

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა