კვირის ამბები

„დაბალი ანაზღაურების მქონე ექიმი ვერ უმკურნალებს პაციენტს ნორმალურად”

03.03.2014 • 2295
„დაბალი ანაზღაურების მქონე ექიმი ვერ უმკურნალებს პაციენტს ნორმალურად”

 

ლადო, რომელ ქალაქში გაიარეთ პრაქტიკა?


 ვიყავი სტამბოლში, კლინიკა  „მედიქალ ფარქში“, სადაც მედიცინის თითქმის ყველა პროფილია წარმოდგენილი ძალიან მაღალ დონეზე. ერთი თვით ვიყავი ამ ეტაპზე და წლის მანძილზე რამდენჯერმე ჩავალ, პერიოდულად. 

 

 

 რა ტიპის პრაქტიკას ითვალისწინებს პროგრამა?


 ხარ ან ასისტენტი და ღებულობ მონაწილეობას ოპერაციის გაკეთებაში, ან ხარ „ვიუვერი“, მაყურებელი, ამას თვითონ ირჩევ, შენთვის რომელი სჯობს, რადგან ასისტენტობას თავისი დადებითი მხარე აქვს, ისევე როგორც ოპერაციისათვის თვალყურის დევნებას, როცა უფრო მეტის ნახვას, დაკვრვებას ასწრებ. საერთო ჯამში ყველა  პროცესის მონაწილე ხდები და იზრდები რასაკვირველია, რადგან იქ არის ძალიან მაღალი ტექნოლოგიები, რაც საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის და არც ვიცით როდის იქნება, რადგან ძალიან ძვირი ღირს ეს ყველაფერი.  მაგალითად გამა-დანის შეძენა არ იქნება ადვილი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვისაც კი.

 

 

ამ ერთი თვის მანძილზე თუ ესწრებოდით ისეთ ოპერაციებს, რისი ჩატარების საშუალებას ბათუმში არ მოგცემიათ?


რა თქმა უნდა. ძირითადად ისეთ ოპერაციებს ვადევნებდი თვალს, რომელიც  საქართველოში  კი კეთდება, მაგრამ არა იმ აღჭურვილობით, როგორც სტამბოლშია. ტექნიკური ბაზა იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ ამის გარეშე შეუძლებელია ჩაატარო ოპერაციები, რომელიც იქ კეთდება.

 

 

მაგალითად?


იყო თავის ტვინის ღეროს რთული ლოკალიზაციის სიმსივნეები, უკანა ფოსოს სიმსივნეები, ხშირად კეთდებოდა სამწვერა და სახის ნერვების მიკროვასკულარული დეკომპრესიები, ასევე „DBS” – ანუ ტვინის ღრმა სტიმულაცია , პარკინსონის დაავადებისა და სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს; გამადანის პროცედურები, რომელიც სხივური თერაპიის ყველაზე თანამედროვე მკურნალობს მეთოდია დღეს, ანუ სიმსივნეს მკურნალობ ფაქტიურად გაჭრის გარეშე. გარდა ამისა არის ისეთი გამოკვლევის მეთოდებია, რომლის გამოყენებაც ხდება ოპერაციის პროცესში, (ინტრაოპერაციული მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული ტომოგრაფია, 3 D MRI და ექონავიგაციები, გამოწვეული პოტენციალები, ტვინის კარტირება-სტიმულაცია) რაც ოპერაციას უფრო სრულყოფილს ხდის და მინიმუმამდე დაყავს შეცდომების ალბათობა.

 

 

ტექნიკის გარდა, რა არის ძირითადი განმასხვავებელი ქართულ და თურქულ სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რაც დაინახეამ ერთი თვის მანძილზე პრაქტიკისას?


ეს არის ძალიან ორგანიზებული სისტემა, სადაც არც ერთი წამი არ იკარგება. კლინიკაში მუშაობა დილის 7 საათიდან იწყება და საღამოს ხუთ საათამდე გრძელდება. მე პრაქტიკას გავდიოდი  კლნიკაში, რომელიც ძირითადად გეგმიურ ოპერაციებზე იყო ორიენტირირებული. რა თქმა უნდა აქვთ „ემერჯენსიც~, (გადაუდებელი დახმარება), რომელიც აბსოლუტურად სხვა სამყაროა. ყველამ იცის თავისი საქმე, მენეჯმენტი უმაღლეს დონეზეა გამართული. რაც შეეხება კადრების ინტელექტუალურობას, ვერ ვტყვი, რომ იქაური კადრები უფრო მაღალ დონეზე არიან  მომზადებული, უბრალოდ იქ ფინანასური დონე არის ძალიან გამართული და როცა  ექიმი ოპერაციას აკეთებს და აქვს შესაბამისი ანაზღაურებაც.  

 

 

ჩვენთან ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი პაცენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის არის ფინანსური ურთუერთობა. იქ როგორ გვარდება ეს საკითხი, თუ დანტერესდით ამ თემით?


როდესაც ამაზე მიდგება საქმე, იქ არანაერი შეზღუდვა არა აქვს ექიმს, რადგან ის დარწმუნებულია, რომ მომსახურება ანაზღაურდება სრულად. სადაზღვევო კომპანიებსა და საავადმყოფოს შორის  არის იდეალურად დარეგულირებული სიტუაცია. მე ვფიქრობ ეს ჩვენთანაც გაიმართება თანდათან.

 

 

ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად მიდიან პაციენტები საქართველოდან თურქეთში ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ჩვენთან, რომ პაცენტმა სხვა ქვეყანაში წასვლაზე არ იფიქროს?


 

უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს და  მგონი ნელ-ნელა მიდის აქეთკენ ყველაფერი. უნდა დააკმაყოფილო დასავლური  სტანდარტები,  უნდა გქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებელს გახდის გაკეთდეს თანამედროვე ქირურგიული იპერაციები. და უნდა არსებობდეს შესაბამისი ანაზღაურებაც. ეს ერთი მედლის ორი მხარეა, ამის გარეშე ვერ იარსებებს ხარისხი და ვერ იარსებებს კმაყოფილი პაციენტი. პირდაპირ რომ ვთქვათ, დაბალი ანაზღაურების მქონე ექიმი ვერსოდეს ვერ უმკურნალებს პაციენტს ნორმალურად.

 

 

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა ძვირი ღირს. ბათუმში, და ზოგადად საქართველოში, სამედიცინო ბაზარი პატარაა. შეიძენს კი სამედიცინო კლინიკა ასეთ ძვირადღირებულ ტექნიკას მცირე ბაზრის პირობებში?


რა თქმა უნდა, ეს სხვა ბაზარია, მაგრამ პათოლოგიას, რომელიც აქვს ადამიანს, სტამბულშიც და ბათუმშიც სჭირდება ხარისხიანი მკურნალობა.  ამიტომ უნდა არსებობდეს ტექნოლოგიაც.

 

 

თქვენ, როგორც პრაქტიკოს ქირურგს, რაში დაგეხმარებათ ის გამოცდილება რაც მიიღეთ?


ის ინოვაციები, რაც ვიცოდი თეორიულად, პრაქტიკულად ვნახე. მე გავიზარდე ამ მიმართულებით, ვნახე ბევრი და ნანახის რეალიზიების, საქართველოში დანერგვის საშულება თუ მომეცემა,  რა თქმა უნდა,  ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: