ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, გუშინ მომხდარი დანაშაული, რომლის დროსაც 32 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, გახსნილია. „დამნაშავე ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, – ეს ინფორამცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა.
დაჭრილი მამაკაცი ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მალხაზ ხალვაშის ინფორმაციით, დაზარალებულს აქვს მრავლობითი სახის მძიმე ჭრილობები.
„ამ ეტაპზე დადებითი დინამიკაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის ცნობილი, როდის გაწერენ რეანიმაციიდან“.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.