სიახლეები

„ქართულმა ოცნებამ“ ქედაში მუშაობა შეწყვიტა

05.03.2014 • 1444
„ქართულმა ოცნებამ“ ქედაში მუშაობა შეწყვიტა

 

პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან ლორთქიფანიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.  ვინ უხელმძღვანელებს ქედის რაიონულ ორგანიზაციას, ამ ეტაპზე საჯაროდ არ ცხადდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე მურმან დუმბაძე ექიმ ამირან ცინცაძეს სთავაზობს.

 

კოალიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მურმან დუმბაძის კანდიდატურას ქედაში მხარს არ დაუჭერენ.

 

პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების დავალებას ასრულებს.

 

 „პოლიტიკური პარტიის ლიდერების დავალებით მოვალეობას აღარ ვასრულებ. დღეს ორგანიზაცია ქედაში არ მუშაობს, ჩატარდება კონფერენცია და აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. რაც შეეხება ხელშეკრულებას ოფისის ფართობზე, რომელიც დაქირავებული გვქონდა, ვადა 28 თებერვალს ამოიწურა“, – აცხადებს ასლან ლორთქიფანიძე.

 

პარტიის აქტივისტებმა ასლან ლორთქიფანიძის შესაძლო გათავისუფლება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააპროტესტეს. 11 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ერთიანი გუნდის დაშლას ქედაში მურმან დუმბაძე ცდილობს და კახი კალაძეს თხოვნით მიმართეს –  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასლან ლორთქიფანიძე დარჩენილიყო.

 

 „ასლან ლორთქიფანიძის მხარდამჭერი ხელწერები შეგროვდა, 71 დელეგატიდან მის კანდიდატურას 48 დელეგატი უჭერს მხარს. ამირან ცინცაძე პიროვნულად არ არის მიუღებელი, დადებითი პიროვნებაა, მაგრამ ერთ ჯგუფს ეკუთვნის“, – აცხადებს პარტიის წევრი, ლევან სურმანიძე.

 

რამდენიმე დღის წინ ქედაში კოალიციის მხარდამჭერთა მცირე ნაწილთან შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ. წყაროს ინფორმაციით, მურმან დუმბაძემ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე წარადგინა. შეხვედრას ვერ დაესწრო კოალიციის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი. როგორც ისინი აცხადებენ, შეხვედრა მათთვის გასაიდუმლოებული იყო.

 

ამირან ცინცაძე სატელეფონო კომენტარზე უარს აცხადებს. ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურის ვინაობას  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

გადაბეჭდვის წესი