Batumelebi | დედის დღე „ოცნების ქალაქში“ დედის დღე „ოცნების ქალაქში“ – Batumelebi
RU | GE  

დედის დღე „ოცნების ქალაქში“

 

12 წლის გიულიმ, რომელსაც სამი და-ძმა ჰყავს, საკუთარი ხელით დამზადებული, მოხატული ღია ბარათით  მიულოცა  დედას 3 მარტი. ისინი უკვე წელიწადნახევარია `ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ და მათი მისამართია ქოხი №600.  

 

„ოცნების ქალაქს“ ხელვაჩაურში მდებარე ფარღალალა ქოხების დასახლებას უწოდებენ, სადაც ეკომიგრანტები ამაოდ ელიან ხელისუფლების დახმარებას. 

 

მრავალშვილიანი დედის თქმით, ოთხი მცირეწლოვანი შვილისგან მსგავსი საჩუქრები აგრძნობინებს, რომ ძლიერი უნდა იყოს და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა შეძლოს. ასეთი ოჯახი აქ ბევრია. მართალია, აქაურ დედებს ბევრად განსხვავებული და მძიმე ცხოვრება აქვთ, ურთულესი პრობლემებით, თუმცა აქ ამბობენ, რომ დედის დღეს აღნიშნავენ, რადგან დედის ღირსება სწორედ ის არის, რომ დედა შვილებს არ მიატოვებს და ასეთ გაუსაძლის პირობებში არ გატყდება.

 

 

„ჩვენ ვართ უფრო ღირსეული ქალები, უფრო ღირსეული დედები, რომლებიც ამ გაჭირვებაში მაინც ვცოცხლობთ და არ გვეშინია არაფრის. ყველა დედა იბრძვის, ჩვენც ვიბრძოლებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი შვილებისთვის“- ამბობს 12 წლის გიულის დედა.

 

 

 მეზობლებს, ორ  შორენას, ხათუნას, თამარს და იას დღეს გიული ცეცხლაძემ უმასპინძლა ქოხში №858. ქალები ერთმანეთს ულოცავდნენ, იმ ერთადერთ და უძვირფასეს საჩუქრებს ხსნიდნენ, რომლებიც შვილებმა აჩუქეს და თან იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომლებიც დედისთვის ყველაზე დიდი გულისტკივილია: „ყველაზე დიდი პრობლემა, აუტანელი გარემოპირობებია, რაც ხშირად ბავშვების ავადმყოფობის მიზეზი ხდება. ბრონხები ხშირად აწუხებთ, ცივდებიან, წამლის ფული არ გვაქვს. წარმოიდგინეთ, ლარნახევრიან წამალს რომ ინატრებს ადამიანი. ანთებით ერთი კაცი გარდაიცვალა აქ“- ყვებიან ქალბატონები.

 

 

შორენა ოთხი შვილის დედაა, მაგრამ მრავალშვილიანობისთვის არავითარი დახმარება არ მიუღია.  „სამი და ოთხი შვილი მრავალშვიალიანობას არ ნიშნავსო, მითხრეს.  ვერც საბავშვო ბაღში შეგვყავს ბავშვები, თქვენს მუნიციპალიტეტებში უნდა მიიყვანოთო“.

 

 

„არავის  ვახსოვართ“- დანანებით ამბობს შორენა ირემაძე, – „ის, რომ დემოგრაფიული პრობლემების ფონზე ჩვენ სამი, ოთხი და მეტი შვილის დედები ვართ, არათუ არ ფასდება,  პირიქით, ჩვენს მაგალითზე ახალგაზრდებს ბევრი შვილის ყოლის სურვილიც კი ეკარგებათ“.   

 

 

 ჩვენი მასპინძელი გიული ცეცხლაძე ორი ვაჟის დედაა. უფროსი, 6 წლის შოთიკო, სკოლაში სწავლობს, მან დედას ნახატი და ერთლარიანი ტუჩსაცხი აჩუქა, რომლისთვისაც უკვე დიდი ხანია აგროვებდა ფულს.  „როცა ორი შვილის გაზრდა ასეთ პირობებში მიწევს, ფიქრადაც არ მომდის, რომ მესამე შვილი მყავდეს. მეც და მეუღლეც უმუშევრები ვართ, არაფერი გაგვაჩნია, ხანდახან ვინმეს მანქანის ჩამოტვირთვაში თუ დაეხმარება და 5 ლარს აიღებს… თურქეთშიც ვერ გავა, სოციალურ დახმარებას მოგვიხსნიან“.  

 

 

სამი შვილის მარტოხელა დედა მანანა ვარშანიძე შვილებთან ერთად ქოხში ცხოვრობს, რომლის კედლებიც მუყაოს დაშლილი ყუთებისგან არის გაკეთებული. ის პროფესიით პედაგოგია, თუმცა არ მუშაობს.  „ვერ ვიმუშავე. ჩემი წონა ფული გინდა, რომ ადგილი ნახო. სად ვნახო ის ფული?!“ ის და მისი შვილები მუნიციპალური უფასო სასადილოების საკვებით იკვებებიან. თუმცა  პრობლემები იქაც ხვდებათ: ,,ხუთი თვე ვიარე, რომ სიაში ჩავეწერეთ. ბოლოს, ნავთიანი სოიოს ფარშის კატლეტები გამომატანეს. ისეთ საჭმელს აკეთებენ, ჭურჭელს რომ ვრეცხავ, ცხიმი არ შორდება. სუნი აქვს საშინელი.

 

 

ძაღლმაც კი არ ჭამა, ეგ ბავშვებს როგორ ვაჭამო? თევზი რომ შეწვეს და თევზი რომ წამოვიღე იქედან, აი, მაშინ დავამტკიცე, რომ გაფუჭებული იყო“- მოგვიყვა მანანა. მისი თქმით ყველა დედა, ვინც იძულებული გახდა ქოხები ჩაედგა, წლებია ხელისუფლებას დახმარებისთვის ამაოდ მიმართავს.

 

 

 „ჩვენს შვილებს ხშირად სცივათ, ჩვენ კი გაყინულ ხელებს უბეში ვუთბობთ. აქ  ოცამდე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვიც ცხოვრობს, ჯერ არ მახსოვს, იმ ბავშვებისთვის მაინც ერთი პურის ნატეხი  ვინმეს შემოეტანა. ერთხელ შემოიტანა ჰუმანიტარული დახმარება ირანის მოქალაქემ და ამანაც უსიამოვნება გამოიწვია, რადგან მხოლოდ მრავალშვილიანებისთვის იყო და ყველას არ შეხვდა. მე პირადად ბედნიერი ვიქნებოდი, პური რომ შემოიტანონ და ყველას დაურიგონ, რადგან აქ  ყველა გაჭირვებული და მშიერია. 2014 წელი არის ბავშვთა უფლებების დაცვის წელი და ძალიან კარგად ვიცით, ამ ბავშვებს ეკუთვნით, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. იმედი გვაქვს, ახლა მაინც მისცემენ ჩვენს შვილებს უფლებას, ჰქონდეთ ელემენტარული საარსებო პირობები“- გვეუბნებიან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები დედები.

 

 

 როდესაც ,,ოცნების ქალაქიდან“ მოვდიოდი, იქაურმა დედებმა მისურვეს, რომ არასდროს აღმოვჩენილიყავი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შვილებს სცივათ, შიათ, სტკივათ, “დედები კი ვიბრძვით ამ პრობლემების მოსაგვარევლად, მაგრამ საზოგადოება ისე გვიყურებს, თითქოს ზედმეტი ფუფუნებისთვის ვიბრძვით და ზღვის პირას, ქალაქში, ცხოვრებაა თვითმიზანი,” – ამბობენ ისინი. 

 

 

 „ოცნების ქალაქიდან“ წამოსულს აქ მცხოვრები დედები თავიანთ სურვილებს მატანენ. მეუბნებიან, რომ არასდროს ვიყო ისეთი დედა,  რომელიც  სხვა დედების ჩაგვრაზე თვალს დახუჭავს და ვიყო ისეთი, რომელსაც ვერასდროს დაამცირებენ და დასცინებენ ადამიანები.  

 

დედის დღე „ოცნების ქალაქში“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირმა დიმიტრაძე (მოხალისე)