Batumelebi | 25 მოსწავლე ყველა პირველ კლასში 25 მოსწავლე ყველა პირველ კლასში – Batumelebi
RU | GE  

25 მოსწავლე ყველა პირველ კლასში

 

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლი წლიდან საჯარო სკოლებში, კლასებში, მოსწავლეთა რაოდენობა 25-მდე შემცირდება. ახალი სტანდარტი პირველ ეტაპზე მხოლოდ პირვეკლასელებზე გავრცელდება. რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები სამინისტროს ინიციატივაზე და როგორ აპირებენ ისინი გადაწყვეტილების შესრულებას.

 

„ანალიზის საფუძველზე და სამინისტროს ხედვითაც გადაწყვეტილია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვროს 25 მოსწავლით. ცვლილებები დაიწყება პირველი კლასიდან. მოსწავლეთა კონტინგენტი ზედა კლასებში არ გადანაწილდება. იმპლემენტაცია ეტაპობრივად განხორციელდება“, _ წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ გადმოგზავნილ წერილში.

 

ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლები, ყველაზე მაღალკონტინგენტიანი სკოლებია აჭარაში. თითოეულში ორიათასამდე მოსწავლე სწავლობს. წელს პირველ საჯარო სკოლას ექვსი პირველი კლასი ჰყავს, თითოეულში 30 მოსწავლეა.

 

„დამატებით კლასებს გავხსნი თუ არა, ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, რადგან მაღალკონტინგენტიან სკოლებს ფართობის პრობლემა გვაქვს. ახალი კლასები რომც გავხსნათ, ამას სჭირდება აღჭურვა _ მერხები, სკამები, კარადები. ამას ალბათ მოგვცემს სამინისტრო. თუმცა, რამდენი მოსწავლის მიღებასაც შევძლებთ, იმდენზე გავაკეთებთ სამინისტროში განაცხადს“, _ ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მედეა გვენეტაძე.

 

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე კი აცხადებს, რომ ახალი ნორმის ამოქმედების გამო იძულებულია ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასებში მისაღებ მოსწავლეთა კონტინგენტი შეამციროს.

 

„წელს შვიდი პირველი კლასი მყავს, სადაც თითოეულში 30 მოსწავლე მიზის. თუ სამომავლოდ ექვსი პირველი კლასი მივიღე, კონტინგენტს განვსაზღვრავ 150 ბავშვით და არა 180-ით, როგორც ეს წელს იყო. 5-5 მოსწავლეს ყველა კლასს მოვაკლებ“.

 

როგორც მარიზა აბაშიძე ამბობს, კლასებში მოსწავლეთა შემცირებით შემცირდება ვაუჩერული დაფინანსებაც: „ახალ კლასებს ვერ დავამატებთ, რადგან მატერიალური შესაძლებლობები არ გვაქვს, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ვაუჩერის შემცირებასაც“.

 

გაეზრდებათ თუ არა ვაუჩერული დაფინანსება სკოლებს პირველკლასელთა შემცირების ხარჯზე? _ ამ კითხვაზე სკოლის დირექტორებს სამინისტროსგან პასუხი არ აქვთ.

 

პირველკლასელების ელექტრონული რეგისტრაცია მარტის ბოლოდან დაიწყება. მოქმედი ნორმების მიხედვით, მოსწავლეებს სასურველი სკოლის არჩევა თავისუფლად შეუძლიათ და ტერიტორიული შეზღუდვა აღარ არსებობს. როგორც სკოლის დირექტორები აცხადებენ, სასურველ სკოლაში მოხვედრა, ფაქტობრივად, დასწრებაზეა, რადგან მითითებული კონტინგენტის ამოწურვის შემდეგ სკოლას დამატებითი განაცხადების მიღება არ შეუძლია.

 

„რეგისტრაცია არის დასწრებაზე, ბევრი ადამიანი დარჩა გასულ წელს ჩვენი სკოლის გარეთ. სამომავლოდ ალბათ გაცილებით მეტი მსურველი დარჩება, რადგან მისაღებ კონტინგენტს შევზღუდავთ“, _ ამბობს მეორე სკოლის დირექტორი.

 

მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი თემურ სირაბიძე მიიჩნევს, რომ პირველკლასელთა შემცირებით მათ სკოლას პრობლემები არ შეექმნება: „სამ პირველ კლასს ვიღებდი თითქმის ყოველ წელს და ასე მივიღებ ალბათ მომავალშიც. თუმცა, ერთი კლასის დამატებას კიდევ შევძლებ“.

 

მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში კი ამბობს, რომ კლასებს მოსწავლეთა განაცხადების მიხედვით დაგეგმავენ: „შევთანხმდებით, ალბათ, რომელ სკოლას რამდენი მოსწავლის მიღება შეეძლება და იმის მიხედვით გავხსნით კლასებს“.

 

მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, წელს სკოლაში ოთხი პირველი კლასია. სამომავლოდ კი მხოლოდ ერთი ახალი კლასის დამატებას შეძლებენ.

 

საჯარო სკოლების პედაგოგების ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კლასებში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობა იყო. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ როცა კლასში 30 და მეტი მოსწავლეა, თითქმის შეუძლებელია კარგი გაკვეთილის ჩატარება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთია იმ ცვლილებების პაკეტისა, რომელზეც სამინისტრო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეროვნულ სასწავლო გეგმის ანალიზზე დაყრდნობით, მუშაობდა.

 

პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასი

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე