2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის თეიმურაზ ბერიძის ოჯახს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და ქობულეთის გამგებელი ეწვია. ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცის დედასა და მეუღლეს, სამინისტროს პროგრამის „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება“ ფარგლებში 1000-1000 ლარი გადაეცათ. მთავრობის წევრებმა თეიმურაზ ბერიძის შვილებს 9 წლის ქრისტინესა და 11 წლის დათოს ტკბილეული და საბავშვო ლიტერატურა მიუტანეს.
ბავშვები ცერებრალური დამბლით არიან დაავადებული, თუმცა ისინი დადიან სკოლაში და ჩართული არიან სპეციალურ სასწავლო პროგრამაში. ბავშვები ასევე სარგებლობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, რომლიც ფსიქო-რეაბილიტაცის კურსი წელიწადში ოთხჯერ უფასოდ დაფინანსებას ითვალისწინებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლეს მანანა ფუტკარაძეს, ჩაქვში ახალგახსნილ საბავშვო ბაღში დასაქმება შესთავაზა.
2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ, აჭარაში მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის დედას და მეუღლეს პირად ანგარიშზე 1000-1000 ლარი დაირიცხათ. იგივე ტიპის დახმარება გაეწიათ 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ ორი მეომრის ოჯახს.
აგვისტოს თვეში კი 18 მეომრის თითოეული ოჯახი, დამატებით ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 3000 ლარს მიიღებს.