კვირის ამბები

ინიციატივა -150 ლარი ყოველ მესამე ბავშვზე

03.03.2014
ინიციატივა -150 ლარი ყოველ მესამე ბავშვზე

 

საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ყოველ მესამე ბავშვზე ფინანსური დახმარების პროექტს, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-დან დაბრუნების შემდეგ უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ კი შეთანხმებული დოკუმენტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. 

 

მესამე შვილის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს. ამისთვის, როგორც ფონდში აცხადებენ, პირველ წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, მეორე წელს კი – ათი მილიონი ლარი. ოჯახი მესამე ბავშვზე ფინანსურ დახმარებას ორი წლის განმავლობაში მიიღებს. როგორც ფონდში გვეუბნებიან, ეს დახმარება არ გავრცელდება მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე, ანუ მსხვილ გადამხდელებზე.  

 

„დაფინანსება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან. ჩვენ „იუნისეფთან“ ერთად დავითვალეთ, თუ რამდენი სჭირდება ყოველთვიურად ბავშვს, წამახალისებელი დანამატების გარეშე ეს გამოვიდა 150 ლარი. თუმცა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის გვინდა ეს კოეფიციენტი გავზარდოთ“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

რამდენი სამშვილიანი დედაა დღეს ქვეყანაში, ამის ზუსტი მონაცემები ფონდს ჯერ არ აქვს. როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, საინფორმაციო ბაზას ისინი არ ამუშავებენ. „ფონდი ატარებს კვლევას იმაზე, თუ როგორია ერის დაბერების აქტივობა, შობადობის აღრიცხვა და ბალანსი შობადობასა და სიკვდილიანობას შორის“.

 

პროექტი, რომელსაც „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ საკუთარი ინიციატივით ამუშავებს, მცირეკომლიანი სოფლების ხელშეწყობის პროგრამაა. „სოფლის მეურვე“, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალი ხუთი ბიზნესმენის ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს.

 

„სოფლის მეურვე“ იყო „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ნიშნიანიძის  ინიციატივა. რადგან 164 სოფელი დღეს მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან – ეს არის ძირითადად საზღვრისპირა სოფლები, ხოლო 152 სოფელი დგას იმავე საფრთხის წინაშე. ამ სოფლების გამაგრებისთვის ხორციელდება ეს პროექტი“, – ამბობს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე.

 

სოფლის გამაგრების იდეა მდგომარეობს შემდეგში: ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალმა ხუთმა ბიზნესმენმა, ხუთი წლის განმავლობაში თავის თავზე უნდა აიღოს თითო სოფლის მეურვეობა. „რა უნდა გაკეთდეს? _ კონკრეტული ოჯახისთვის იყიდიან მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონელს, ან მეფუტკრეობას შეუწყობენ ხელს, ნამატს კი თვითონ ეს ბიზნესმენები იყიდიან. ოჯახებს არ ექნებათ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა და ამ ფორმით გააძლიერებენ მათ ეკონომიკურად“.

 

 ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალი ბიზნესმენები არიან: სააქციო საზოგადოება „ბაგრატიონი 1882“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე, „თი ბი სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე და „მედია-პალიტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, მცირეკომლიანი სოფლების შერჩევა რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და  ფშავ-ხევსურეთში იგეგმება.  

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ფონდი ძირითადად კანონპროექტებისა და ინიციატივების წარმოებაზეა ორიენტირებული. მათთან ფინანსებს თავს არ უყრიან. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც ფონდი ამუშავებს, უკუმიგრაციის პროექტია და ისიც სახელმწიფოს მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

 

თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ეს არის ინიციატივა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობა მიტოვებულ ადგილებს. „ინიციატივა ხუთ სამინისტროსთან ერთად მუშავდება. დეტალები არ ვიცით, მაგრამ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავიგოთ, რა სჭირდებათ ადამიანებს უკუმიგრაციისთვის. მიტოვებული სახლის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე მეურნეობის დაწყება, ერთწლიანი ფულადი დახმარება, მიწით უზრუნველყოფა თუ რა. ბიუჯეტის თანხები წყალში რომ არ გადავყაროთ, მსურველთან დაიდება ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით და თუ მოქალაქე დახმარების შემდეგ მაინც მიატოვებს ფუძეს, მას ეს თანხა დაეკისრება ვალად“. 

 

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, სოფლებში ახალგაზრდების შეჩერების მიზნით ცალკე პროგრამა მუშავდება, რომლის პრეზენტაცია მარტის დასაწყისში გაიმართება.   

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: