დღეს ბათუმის #3 საჯარო სკოლაში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – „ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფებში“.
მემორანდუმის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საჯარო და კერძო სკოლის 1-8 კლასის მოსწავლეს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. მოსწავლეებს გამოკვლევებს პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის და ორთოპედისაგან დაკომპლექტებული საზღვაო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი ჩაუტარებს.
„სირთულეების გამოვლენისას მოსწავლეებს სპეციალისტები შესაბამის მკურნალობას და დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ“ – განმარტა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რომან ბოლქვაძემ.