კვირის ამბები

გამოცდები უნივერსტეტში, ხარვეზების ფონზე

03.03.2014 • 1543
გამოცდები უნივერსტეტში, ხარვეზების ფონზე

 

„ერთ-ერთ გამოცდაზე კომპიუტერი გამოცდის დაწყებამდე მიწერდა, რომ მე ავიღე ნული ქულა. გადამიტვირთეს კომპიუტერი, ამის გამო გარეთ გაგვიშვეს, მერე შეგვიყვანეს – ისევ ის დაგვიწერა კომპიუტერმა. ისევ გაგვიშვეს გარეთ და კომპიუტერების გადატვირთვა დაიწყეს. ასე განმეორდა ზუსტად ოთხჯერ, ამის შემდეგ დავწერეთ საგამოცდო საკითხები. ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემური“, – ამბობს ფსიქოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი თამარ ბაუჟაძე.

 

 

მედეა ტუღუში ფინანსებს სწავლობს. მას მეორად პროფესიად აუდიტი აქვს არჩეული. მედეა ამბობს, რომ მას ორი გამოცდა ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე საათზე ჩაუსვეს: „დეპარტამენტმა შეადგინა ჩვენი საგამოცდო სია და დაგვიანებით დავიწყეთ გამოცდები. ვფიქრობ, შეეძლოთ უფრო ადრე დაეწყოთ, მერე ერთ დღეს ორი გამოცდა ჩაგვისვეს, არჩევანის გაკეთება მოგვიწია, რომელს დავსწრებოდით. ერთ-ერთის გადაბარებაზე უნდა გავსულიყავით, რაც გულისხმობს იმას, რომ განმეორებითი გამოცდის შანსი გეკარგება. ამაზე მთელმა ჯგუფმა მივმართეთ ადმინისტრაციას, მაგრამ არ შეგვიცვალეს – გვიპასუხეს, ასე იყოსო“, – ამბობს მედეა.

 

 

თორნიკე ხალვაში მესამე კურსის სტუდენტია, ის საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, საგამოცდო ცენტრის ხარვეზებზე ისიც საუბრობს: „გამოცდაზე დამაგვიანდა ხუთი წუთი, ამის გამო აღარ შემიშვეს. ბოდიშიც მოვიხადე, სიტუაციაც ავუხსენი, თუმცა გადაბარებაზე გამიშვეს. გადაბარებაზე კი თავად დააგვიანეს გამოცდაზე მოსვლა, საგამოცდო ცენტრი ერთი საათის შემდეგ გახსნეს, გამოცდა ოცი წუთის დაწყებული იყო, რომ შუქი გაითიშა, შემოვიდნენ, ბოდიში მოგვიხადეს და მეორე დღეს დაგვიბარეს. როცა მე მოვიხადე ბოდიში ხუთი წუთის დაგვიანების გამო, ყურად არ იღეს, თავად ჯერ ერთი, საათი დააგვიანეს და მერე საერთოდ გადადეს გამოცდა.“ – გვიამბობს თორნიკე.

 

 

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ივდით დიასამიძე ადასტურებს, რომ საგამოცდო პროცესის დროს ხარვეზები იყო. თუმცა ამავე დროს დასძენს, რომ სტუდენტები ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს: „ვისაც ქსელთან აქვს ურთიერთობა, ალბათ ესმის, რომ გამორიცხულია არ იყოს ხარვეზი, მცირედი მაინც. ვადასტურებ, რომ ასეთი ფაქტი იყო, თუმცა ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სტუდენტები ხელოვნურად ქმნიდნენ ხარვეზებს. მაგალითად, დერეფანში დამონტაჟებული ჩამრთველიდან შუქის გათიშვის გამო საჭირო ხდებოდა კომპიუტერების გადატვირთვა. არასწორად დაფიქსირებული პასუხების შემთხვევაში სტუდენტს აქვს უფლება გაასაჩივროს პასუხი, ლექტორის თანხმობის შემდეგ კი მას ქულა აღუდგება.“

 

 

ივდით დიასამიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტებს „მანიპულაციის გზით სურთ მიზნის მიღწევა“ და „გამოცდაზე მოუმზადებლად მიდიან“: „ოთხი თუ ხუთი მცდელობა აღმოვფხარით სტუდენტებისა, როცა ცდილობდნენ გადაწერას, ყურსასმენების გამოყენებას, სხვის ნაცვლად გამოცდაზე სხვა რომ გადის.“ – ამბობს ივდით დიასამიძე.

 

 

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში გამოცდები კომპიუტერთან მიმდინარეობს, საგამოცდო პერიოდის ხანგრძლივობა გაიზარდა. მიმდინარე წელს გამოცდები თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, ამის მიზეზი კი კომპიუტერების არასაკმარისი რაოდენობაა: „კომპიუტერების რაოდენობა გაიზარდა ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი იზრუნებს ამ საკითხზე. საგამოცდო პერიოდი აკადემიური საბჭოს დადგენილებით გავზარდეთ. ყველა შაბათს ვმუშაობდით საღამოს შვიდის ნახევრამდე, თუმცა მაინც მოგვიწია დროის გაზრდა.“ – ამბობს ივდით დიასამიძე.

 

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ გამოცდების შედეგები ჯერ არ შეუჯამებიათ, ამიტომაც ამ თემაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. „მონაცემებს შევაჯამებთ, ყველა პრობლემას განვიხილავთ, სტუდენტებს გამოვკითხავთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ამ საკითხზე.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: