საპატრულო პოლიციის უფროსი კრიმინალის შესახებ ბათუმში

 

 

თეიმურაზ კუპატაძე
თეიმურაზ კუპატაძე

ბატონო თეიმურაზ, რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში, დღისით, ადამიანი დაჭრეს. გვაინტერესებს ასეთი ფაქტების სტატისტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორია და რამდენი შემთხვევაა აქედან გახსნილი?

 

 

 

დანაშაულის გაზრდის ტენდენცია არ არის. კონკრეტულ სტატისტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან როცა დანაშაული ხდება, საპატრულო პოლიციის გარდა ერევა კრიმინალური პოლიცია და შს სამინისტროს სხვადასხვა სამსახური. ყოველ შემთხვევაში, კრიმინალის გაზრდის ტენდენცია არ შეინიშნება, პირიქით. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც არის.

 

 

ბოლო თვეებში მოიმატა თუ არა .. ქუჩის გარჩევებმა და როგორია მოქალაქეების აქტივობა, იძახებენ საპატრულო პოლიციას?

 

 

რესტორნების წინ თუ ხდება ჩხუბი, იმ შემთხვევაში კი. თუ ე.წ. შავი სამყაროს წევრების გარჩევებს გულისხმობთ, არ გვქონია ასეთი ფაქტები. საერთოდ, ქუჩაში ყოველთვის ხდება ჩხუბი, მაგრამ თითქმის არც ერთი გამოძახება არ გვქონია. ჩვეულებრივი მომენტია, ქართული ბუნებიდან გამომდინარე.   

 

 

დანაშაულის პრევენციისთვის რა კეთდება, ან სამომავლოდ ხომ არ გაქვთ რაიმე აქტივობები დაგეგმილი?

 

 

პრევენციის მიზნით, ვაპირებთ ვიდეოთვალების რაოდენობის გაზრდას ქალაქის მასშტაბით.  აჭარის მთავრობასთან ერთად გვაქვს გეგმა, რომ ვიდეოთვალებით მთელი ქალაქი დაიფაროს. ამავდროულად, იმ უბნებში, სადაც არ დგას კამერები და უფრო ხშირად ხდება ჩხუბი, ვაძლიერებთ პატრულირებას.

 

 

რომელია ყველაზე პრობლემატური უბანი ამ მხრივ?

 

 

ძირითადად ის უბნები, სადაც არის ღამის კლუბები, კაზინოები და სადაც ნასვამი ადამიანები დადიან. ალბათ უფრო პუშკინის ქუჩა, სადაც ბევრი ღამის კლუბია.

 

 

ხშირად ჩნდება კითხვები ვიდეოთვალების გამართულობასთან დაკავშირებით. ყველა კამერა ჩართულია, რომელიც ქალაქში დგას

 

 

პრობლემა შეიძლება ყოველთვის გაჩნდეს, გამომდინარე იქედან, რომ დროდადრო ზიანდება ხან ქარის, ხან წვიმის გამო, როცა არ მიეწოდება კამერას  ელექტროენერგია, მაგრამ ეს აღდგენადია. გააჩნია რა დაზიანებაა, ამას ვაკონტროლებთ.

 

 

ამ დროისთვის არის რომელიმე ვიდეოთვალი გამორთული და სად?

 

 

კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კამერა იყოს დაზიანებული. თუმცა, იმ დროს, როცა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა ან რაიმე დანაშაული, ვიყენებთ ბანკების, აფთიაქებისა და სხვადასხვა დაწესებულების ვიდეოთვალის ჩანაწერებს.

 

 

ხშირად მძღოლები არღვევენ მოძრაობის წესებს და მოძრაობენ მაშინ, როცა შუქნიშანზე წითელი ანთია. შუქნიშნებთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული დარღვევის შემთხვევაში თუ ეგზავნებათ მძღოლებს/ფეხით მოსიარულეებს საჯარიმო ქვითრებიეს სისტემა მუშაობს?

 

 

კი, მაგრამ ისეთი ინტენსიურობით აღარ მუშაობს. ახლა ძირითადად სიჩქარის გადაჭარბებაზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული. მაგრამ, როგორც ასეთი, რომ წითელზე მძღოლები არ ჩერდებიან, ვერ დაგეთანხმებით.

სიჩქარის გადაჭარბებას რადარებით ვადგენთ. ხდება გამოვლინება დარღვევების, მაგრამ კონკრეტიკაზე ნუ ვისაუბრებთ. წითელზე გავლაც ჯარიმდება, ღერძულა ხაზის გადაკვეთაც და ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

 

აპირებთ საპატრულო ეკიპაჟის გაზრდას?

 

 

გასულ ზაფხულს ათი ერთეულით გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟი ქალაქში. შვიდი მინიკუპერი დაემატა ბათუმს და შესაბამისად 42-მდე გაიზარდა წევრების რაოდენობაც  საპატრულო პოლიციაში. დაემატა მოტოპატრული ბულვარში და ამ ზაფხულსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ტურისტულ სეზონზე კი 150 პატრულ-ინსპექტორი კიდევ დაემატება თბილისიდან.

 

მხატვარი ქობულეთიდან – დურმიშხან კიკნაძის ფერწერა ლიტერატურის მუზეუმში

 

 

 

 

ქობულეთში, ერთ პატარა იტალიურ ეზოში მხატვარი ცხოვრობს. მის სახელოსნოში მზე მხოლოდ სამხრეთიდან ანათებს, სწორედ ამ მხარეს გადის ნახევრად ბნელი ოთახის ფანჯრები, იატაკი ალაგ-ალაგ ყანყალებს, სახელოსნოში 150-მდე ნამუშევარია. ნახატებს დურმიშხან კიკნაძე ბოლო 32 წლის მანძილზე ქმნიდა:

 

 

დურმნიშხან კიკნაძე.
დურმნიშხან კიკნაძე.

„ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ სერიოზულად 25 წლის ასაკში მივუდექი. იყო პერიოდები, ფიზიკურად ვშრომობდი დღისით და ღამით შეძლებისდაგვარად ვმუშაობდი შემოქმედებითად. ყველა მხატვარი ასეა, ვისაც ოჯახი აქვს. სიმართლე თუ გინდა, უფრო მეტად ბოლო ოთხი წელი ვიმუშავე კარგად. ბავშვები რომ  წამოიზარდნენ, რომ დასაქმდნენ მერე მომეცა საშუალება მემუშავა. ახლა ცოტა ავად გავხდი და არ ვიცი როგორ იქნება. არადა, ახლა მინდა ხატვა. იმიტომ კი არა, რომ ახლა გამოფენა იყო და კარგი შეფასება მიიღო ნამუშევრებმა. უბრალოდ, საშუალება ახლა არის, რომ ვიმუშაო.

 

 

ერთი წელია აგერ უკვე ვმკურნალობ. ახლაც ქიმიოთერაპიაზე ვარ, კიდევ ერთი კურსი მაქვს დარჩენილი, მერე რა იქნება არ ვიცი.

 

 

არც აკადემია დამიმთავრებია, არც არაფერი. 1987 წელს ჩავაბარე მოსკოვში, იყო ასეთი, სახალხო უნივერსიტეტი. დაუსწრებელზე ვსწავლობდი. 5-6 ნამუშევარს შევქმნიდი,  ბანდეროლს გავაკეთებდი და ვუგზავნიდი ლექტორს. მოსკოვში მყავდა პედაგოგი, რომელიც მეთოდურ მითითებებს მაძლევდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მანამდე ერთი წელი, სანამ სწავლას უნივერსიტეტში დავიწყებდი ქობულეთელ მხატვარ მიხეილ ფაღავასთან დავდიოდი სამეცადინოდ. რომ იტყვიან, ხატვა მან მასწავლა. სწავლის პარალელურად სულ ვმუშაობდი. ძირითადად ფიზიკურად. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სკოლებში ხატვას და ხაზვას ვასწავლიდი. 

 

 

წარმოშობით იმერელი ვარ, ხარაგაულიდან. მეშვიდე კლასში ვიყავი, ქობულეთში რომ გადმოვედით საცხოვრებლად. იმის შემდეგ აქ ვცხოვრობ. ზღვისპირელი მხატვარი ვარ, თუმცა ჩემს შემოქმედებაში ზღვა ნაკლებადაა. სულ 150-მდე ნამუშევარი მექნება შექმნილი.

 

 

ბევრ ადგილას რომ ვმუშაობდი, დრო ნაკლები მრჩებოდა და ხანდახან ერთი ნამუშევრის გაკეთებას  ხუთ ექვს-თვეს ვანდომებდი. ხანდახან ფურცელზე დავწერდი, მონახაზს გავაკეთებდი და მერე მოგვიანებით დავხატავდი. ასე წვალებ-წვალებით ვაკეთებდი.

 

 

ახლა 57 წლის ვარ. პირველი გამოფენა იანვარში მქონდა. მანამდე რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 11 მარტს მეორე პერსონალური გამოფენა თბილისში მექნება, ლიტერატურის მუზეუმში. შეიძლება ვინმემ თქვას, საქმე ჩააწყოო, არადა, თვითონ დამიკავშირდნენ, გამოვფენთ შენს ნამუშევრებსო. როცა მუშაობ და წლების განმავლობაში არ ფასდები, ამას გულისტკივილი ახლავს. ნამუშევარს უნდა დაფასება, თორემ მე რა. რა თქმა უნდა, ნამუშევრის უკან მხატვარი დგას, მაგრამ ნამუშევარი უნდა დაფასდეს. ყოველთვის გული მტკიოდა, რომ ასე უყურადღებოდ იყო ჩემი ნამუშევრები.

 

 

ადრე პატარა დაცინვაც იყო. მეუბნებოდნენ თავს იქცევ, რა გენაღვლება, ზიხარ და ხატავო. მე, მაგალითად, თავის შექცევას იმას უფრო ვუძახი, კაცი რომ ფიცარს ხერხავს, ვიდრე რომ ზიხარ და ხატავ. 

 

 

სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი, ერთი გოგო. ერთი შვილი სასულიერო პირია, მეორე _  მეზღვაური, გოგომაც საზღვაო აკადემია დაამთავრა. არ არის აუცილებელი მხატვარი  ცხოვრობდეს მარტო. შეიძლება მარტო ცხოვრობდეს მხატვარი, არ ჰყავდეს ოჯახი, ყველაფერი ჰქონდეს და ვერაფერს ქმნიდეს. შეიძლება ჰყავდეს ოჯახი, წვალებ-წვალებით, მაგრამ მაინც ქმნიდეს ნამუშევარს. 29 წელია მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებული ვართ. უნივერსიტეტში მისი დაჟინებით ჩავაბარე. ოჯახისთვის რაც შემეძლო, ვაკეთებდი. რომ შევხედე შვილებს სწავლა სურდათ, ყველანაირად ვეხმარებოდი. რუსეთში წავედი სამუშაოდ და იქიდან ვაგზავნიდი ფულს.

 

 

მაშინ თუ ვხატავდი? ათ საათს რომ ფიზიკურად იმუშავებ, მერე დახატავ რამეს? მოწყვეტილი რომ გაქვს ხელ-ფეხი, რა უნდა დახატო. ჩემი ძმა ცხოვრობს იქ. მუშაობის დროს ბევრჯერ მითქვამს, მე რომ ამ დროს ხატვას ვანდომებდე, ეეე ახლა სად ვიქნებოდი-მეთქი. მეტი დრო რომ მქონოდა ხატვისთვის, მეტს გავაკეთებდი. რას იზამ, ცხოვრება თვითონ გკარნახობს. ასე ყოფილა ბევრი მხატვარი. წვალობდნენ. უწვალებლად არაფერი არ მოდის.

 

 

ხატვა უნდა ისწავლო, მაგრამ ნიჭი ზემოდან მოდის. ხატვის წყურვილი, როგორი წყურვილია იცით? გინდა რომ გააკეთო, დახატო. ნახატის ხატვა როგორაა იცი? სახლს რომ აშენებს კაცი, ფიცარს თუ დაუწყო ძებნა, ლურსმანს თუ დაუწყო ძებნა, იგი ვერასოდეს ააშენებს იმ სახლს. მაგრამ როცა მომარაგებული გაქვს ყველაფერი, იწყებ მუშაობს და სახლიც შენდება. ნამუშევრის შესაქმნელად ჯერ მოსამზადებელი ეტაპია. ვემზადები და მერე ვიწყებ ხატვას. ხანდახან ორ ნახატზე პარალელურად ვმუშაობ.

 

 

არასდროს ვყოფილვარ რაიმე კავშირის წევრი, არც მხატვართა კავშირის. ალბათ გავხდები. მხატვართა კავშირის წევრობა კარგი იმითაა, რომ იქ რაღაც გამოფენები იმართება. როცა მხატვართა კავშირის წევრი ხარ, უყურადღებოდ არ დაგტოვებენ, როცა მხატვართა კავშირის წევრი არ ხარ, არავის ახსოვხარ.

 

 

ახლა რა მინდა? მინდა, რომ ცოტა გამოვჯანმრთელდე და ვიმუშაო. მეტი რა დამრჩენია. კარგად იქნებიო, მეუბნებიან. არ ვიცი. ვნახოთ.   

საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

 

ამ დროისთვის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა და ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხეს.

სახანძრო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის  ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ერთი ოთახი.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ახლა ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. 

ტურისტული ბიზნესის განვითარების მსურველებს კონსულტანტები დაეხმარებიან

 

ტრენინგები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეისწავლეს თუ როგორ დაეხმარონ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს  ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვასა და განვითარებაში და რა მინიმალურ და მაქსიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საოჯახო სასტუმროები.

 აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ტრენინგის ფარგლებში  საოჯახო სასტუმრო სახლები მოინახულეს სოფელ გობრონეთსა და გომარდულში. სპეციალისტებმა იქ არსებული მდგომარეობა შეაფასეს და რეკომენდაციები მოამზადეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. ხვალიდან კი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მსურველებს აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებთან დაკავშირება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შეეძლებათ.

ტრენინგები აჭარის   ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა მხარდაჭერით „ENPARD Ajara- სოფლის  მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროგრამის  ფარგლებში ხორციელდებოდა და მისი მიზანი რეგიონში, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. 

 

 

მშენებარე ჰესთან მოსახლეობას შესაძლოა მიწები ჩამოართვან

საჯარო რეესტრი აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობაზე რეგისტრაციების გადახედვას გეგმავს. ასეთი სულ 26 ოჯახია. უწყების იურიდიული სამსახურის უფროსი თინათინ ყოლბაია საკითხის გაცნობა-შესწავლისთვის ბათუმში, იუსტიციის სახლში დღეს სოფელ მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა და საჯარო მოსმენა გამართა.

შეხვედრაზე  დაინტერესებული მხარეების – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  სამინისტროების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ასევე იურისტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. მათ მოსახლეობის საკუთრებაში მქონე მიწების კანონიერება განიხილეს.

სახელმწიფო ორგანოს პოზიცია ასეთია: აღმოჩნდა, რომ მისივე გამოცემული აქტებით მიწები მდინარის პირას არის დარეგისტრირებული. წყალი და წყლის კალაპოტი კი წარმოადგენს განსაკუთრებული რეგულირების საგანს და კანონით არ შეიძლება ვინმეს საკუთრებაში იყოს.

გარდა ამისა ეს ნაკვეთები გამოუსადეგარია სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის. ეს გარემოებები კი  მათთვის მიწის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთებით, რომელიც მდინარის პირას აქვთ, დღემდე სარგებლობენ და მოჰყავთ მოსავალი.

ჰესის მშენებარე ტერიტორიაზე მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებისთვის მიწის რეგისტრაციის კანონიერებაზე კიდევ 13 და 24 მარტს იმსჯელებენ.

10 დღის შემდეგ კი საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რითაც ცნობილი გახდება რა ფორმით შეუნარჩუნდება 26 ოჯახს მიწის ნაკვეთი.

”შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები”

 

ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს,  მიზნად ისახავს სკოლის მე-10, მე-11, და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის სალექციო კურსის ჩატარებას.

პროექტის მიზანია შშმ პირების გააქტიურება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ლექციებს ჩაატარებს შშმ პირები, რომლებიც მოსწავლეებს აუხსნიან სწორი ტერმინების გამოყენებასნ  შშმ პირების მიმართ.

პროექტს აფინანსებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

რა ხდება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობაში

 

 

ზურაბ მესხიძე, თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე: სტუდენტის სტატუსი სექტემბრამდე არ აღმიდგება, მანამდე ჩემი გუნდის წევრები გააგრძელებენ მუშაობას. მას შემდეგ, რაც გაცვლითი პროგრამით წავედი იტალიაში, ავტომატურად თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი გახდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლელა ფაღავა. იგი ყოველთვის აქტიური წევრი იყო ჩვენი გუნდის, იმსახურებდა იმ ნდობას, რაც მე გამოვუცხადე, თუმცა ჩემი წასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, თვითმმართველობის წევრები მომმართავდნენ საჩივრებით, მათ არ მოსწონდათ ლელას მუშაობა. დეკემბერში გამოვლინდა უკმაყოფილება, მაშინ ფაქსით გამოვაგზავნე ლელას გადადგომის მოთხოვნა, თუმცა სტატუსი შეჩერებული მქონდა და ეს არ მოხერხდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ჩამოსვლა გახდა მიზეზი ლელას გადაწყვეტილების, ლელა ისეთი ადამიანია, არ სჭირდებოდა გადაწყვეტილებისთვის ორი თვე. შეიძლება ჩემმა ჩამოსვლამ მოტივაცია მისცა თვითმართველობის წევრებს.

 

 

ლელა ფაღავა, თვითმმართველობის ყოფილი  ვიცე-პრეზიდენტი:  გუნდში არსებობდა განხეთქილება, თუმცა  ჩემსა და ზურას შორის კონფლიქტი არ ყოფილა და არ ვიცი, რატომ მოექცა სხვების გავლენის ქვეშ და რატომ მიიღო ჩემი თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება, მაშინ როცა დიალოგიც არ გვქონია რაიმე სახის პრობლემაზე.

 

 

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ზურას თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  სტატუსის შეჩერების შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, არც მომავალი წლის ბიუჯეტი იყო გაწერილი და არც სტრუქტურულად გამართული სისტემა, ამიტომ ბუნებრივია დიდი თანადგომა მჭირდებოდა გუნდის, რომელიც ერთიანი მხოლოდ ერთ თვეს იყო, შემდეგ ყველამ თავი აარიდა სამუშაო პროცესს და დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ზოგიერთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა, ზოგიერთს ამბიციები გაუძლიერდა, ზოგიერთის ინტერესიც მხოლოდ მატერიალური საკითხები გახდა, ამიტომ თვითმმართველობას წარმოვადგენდით 5-6 ადამიანი, რაც არ იყო საკმარისი პროდუქტიული მუშაობისთვის. პრობლემა ისაა, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას 80-მდე წევრის 95-პროცენტი ვერ იაზრებს. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა მოვალეობის შემსრულებლისა და მოადგილის თანამდებობა, მართალია გული მწყდება, თუმცა კმაყოფილი ვარ, რომ პირველივე კურსიდან გარკვეული წვლილი შევიტანე უნივერსიტეტის მუშაობაში, უნივერსიტეტში არ არის ერთი სტუდენტიც კი, რომლის ინიციატივა ან აზრი არ მივიღე და დახმარებაზე უარი ვუთხარი, არც ასეთი თვითმმართველობის წევრი არსებობს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მიუხედავად არაჯანსაღი სამუშაო პირობებისა, ჩემს მეგობრებთან  და თვითმმართველობის რამდენიმე წევრთან ერთად ბევრი ნაყოფიერი პროექტი განხორციელდა. 

 

 

მინურ პაქსაძე, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი: მე პირადად არანაირი პრეტენზია არ მქონია ლელას მიმართ, არც მისი მუშაობით ვყოფილვარ უკმაყოფილო. ჯგუფის გადაწყვეტილებით გავხდი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე ვიმუშავებ სტუდენტთა უფლებების დასაცავად, არ ვიქნები მიკერძოებული, ყველა სტუდენტისთვის თვითმმართველობის კარი იქნება ღია.

 

 

ანნა დვალიშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი: მეექვსე თვეა, რაც თვითმმართველობის წევრი ვარ, ერთხელაც არ ვარ ნამყოფი სტუდენტური თვითმმართველობის კაბინეტში. სულ ჩხუბია, წევრები აგრესიულად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ. 27 თებერვლის შეკრება იყო პირველი საერთო კრება ამ ხნის განმავლობაში. კრებაზე კი ნამდვილი ქაოსი იყო, სტუდენტების ნაწილი ითხოვდა, განეხილათ სხვადასხვა საკითხები (სტუდენტური პრობლემები, სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა და ა.შ) მეორე ნაწილი კი, ეგრეთ წოდებული “უმრავლესობა”, ამის უფლებას არ აძლევდა მათ. შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, მხოლოდ აირჩიეს თვითმმართველობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მისი პირველი მოადგილე. პარალელურად მიმდინარეობდა კამათი, სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე პირადად ვერ ვუწოდებ ამ ორგანიზაციას “სტუდენტურ თვითმმართველობას”. წევრები ერთმანეთს არ ვიცნობთ, უფრო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შევადარებდი ჩვენ თავს. მიძინების პროცესში ვართ. 

 

 

 

“როკი ის არის, რაც მინდოდა”


 თეო, “ახალ ხმაში” ერთ-ერთი ფავორიტი იყავი, როგორ შეაფასებ ამ კონკურსს?

 

 

 საქართველოში მეტი რა უნდა გააკეთო, თუ არა კონკურსზე გასვლა. “ახალ ხმაში” იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ ჩემი ჯგუფისთვის  “vanilla cage”-სთვის პიარი გამეკეთებინა. ორჯერ მოვახერხე და „ახალი ხმის” სცენაზე ჩემს ჯგუფთან ერთად წარვდექი მაყურებლის წინაშე. ბოლო დღეს გავაგზავნე ვიდეო, მაია მინდოდა მწვრთნელად, მასთან მოვხვდი, შემდეგ რინგზე ცვლილებები იყო, სტეფანეს გუნდში გადავედი, მომეწონა მასთან მუშაობა, შოუმენია, უამრავი იდეა აქვს. პროექტის შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენი პოპულარობა, კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა.

 

 

 თუ გახსოვს, როდის გქონდა პირველი შეხება მუსიკასთან?

 

 მე არ მახსოვს, ჩემები მეუბნებიან, რომ სიმღერას ლაპარაკის დაწყებამდე ვცდილობდი, მელოდიას ვღიღინებდი ჩემთვის. მე რაც თავი მახსოვს, ვმღერი. ვოკალის პედაგოგთან არასოდეს მივლია, დამთავრებული მაქვს საფორტეპიანო სკოლა. ყოველთვის სახლში, ჩემთვის ვმუშაობდი, დღის ნახევარს მთლიანად ვუთმობდი ინსტრუმენტს, უკვე 10 წლიდან ვწერდი მუსიკას, ტექსტს. პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთან 19 წლის ასაკში მქონდა, როცა პროექტ „ნუცას სკოლაში” მივიღე მონაწილეობა.

 

 რა მოგცა “ნუცას სკოლამ”?

 

 საერთოდ, კონკურსები არ მიყვარს, მაგრამ უკვე ის ასაკი მქონდა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. პროექტი დავტოვე sms-ების ნაკლებობის გამო, თუმცა “Tv იმედის” რჩეული გავხდი და დამაბრუნეს პროექტში. მერე ისევ sms-ების გამო დავტოვე პროექტი. ეს პროექტი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, პირდაპირ ეთერში გიწევს მუშაობა, დილის ათი საათიდან ხარ ეთერში. საერთოდ, მომღერლისთვის დილით სიმღერა არ შეიძლება, იოგები დამჯდარია დილით, გვიწევდა ექვს საათზე გაღვიძება, რომ ხმა ფორმაში მოგვეყვანა. გვიწევდა კამერებთან მუშაობა, ხალხმა გაგვიცნო, ბევრი კონტაქტი დამიგროვდა, ძალიან ბევრი მომცა ამ პროექტმა.

 

 „ნუცას სკოლის” შემდეგ მიგიწვიეს “ჯეოპლანეტში”?

 


 ერთი წელი ვმუშაობდი ამ ჯგუფში, ალბომიც კი გამოვუშვით. საინტერესო იყო ჩემთვის მათთან მუშაობა, ეს იყო ერთწლიანი, დაუღალავი, ყოველდღიური მუშაობა, დილიდან დაღამებამდე ვიყავით სტუდიაში, დიდი გამოცდილება მივიღე. მერე გამოჩნდა “vanilla cage”, გოგონების როკ-ბენდი. დღემდე ამ ჯგუფის წევრი ვარ. რუსთაველის თეატრში იდგმებოდა მიუზიკლი „ოლივერი~, რომელშიც მინდოდა მონაწილეობა. მოუზიკლში ვერ მოვხვდი, თუმცა შემომთავაზეს “vanilla cage”-ს ვოკალისტობა. უბრალოდ მივედი, წარმოდგენა არ მქონდა, გოგონების როკ ბენდი როგორი უნდა ყოფილიყო. მომასმენინეს მათი შესრულება, გაოცებული დავრჩი, ძალიან მაგრად უკრავდნენ, ამიტომაც დავრჩი მათთან. რომ მივედი, ზუსტად ათ დღეში ევროვიზია იწყებოდა, უცებ ჩავწერეთ სიმღერა და გავაგზავნეთ, საგზური ანრი ჯოხაძემ მოიპოვა. ევროპული ევროვიზიის გამოკითხვით პირველ ადგილზე ვიყავით. ამას მოჰყვა ჩვენი წარმატება, ერთი წლის განმავლობაში ბევრი კონცერტი ჩავატარეთ, რეგიონებში გვქონდა მიწვევა. მხოლოდ ბათუმში არ მქონია კონცერტი. მინდა ჩემს მშობლიურ ქალაქში ბენდთან ერთად კონცერტი გავმართო. ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია, მას ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ ჩემი ჯგუფის გამო თბილისში მიწევს ცხოვრება. ამ ეტაპზე რამდენიმე წევრმა დატოვა ჯგუფი, ახალი შემადგენლობით ვართ.

 

 სად შეიძლება თქვენი მოსმენა?

 


 ჯერ მხოლოდ კონცერტებზე, ზამთარში ცოტა კონცერტი ტარდება, გაზაფხულიდან კი აქტიურად ვმუშაობთ. დამატებითი შემოსავლის წყარო რომ გაგვიჩნდეს, გადავწყვიტეთ ბარშიც დავუკრათ. ამ პროგრამაზე ახლა ვმუშაობთ. ესეც ერთგვარ გამოცდილებას შეგვძენს, ყოველი გამოსვლა ბარში იქნება მინიკონცერტი. აქამდე ძირითადად ვმუშაობდით ქავერებზე, ახლა კი ვცდილობთ ჩვენი რეპერტუარი შევქმნათ. თავად ვწერთ მუსიკას, უკვე გვაქვს ოთხი სიმღერა გაკეთებული. ქავერის შესრულება უფრო რთულია, მსმენელი ბევრად კრიტიკულია მის მიმართ.

 

 მუსიკას როდის წერ და რა გეხმარება ამაში?

 

 ასე ვერ იტყვი, დღეს მუსიკას დავწერო. თავისით მოდის, ყოფილა, რომ გონებაშიც დამიწერია, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, ერთი აკორდის აღების შემდეგ მოდის. პირველად ათი წლის ასაკში დავწერე, 12 წლის ასაკში სერიოზული მუსიკა მაქვს დაწერილი, დღეს მიკვირს როგორ მოვახერხე ეს მაშინ.

 

 თავიდანვე არ ყოფილხარ როკშემსრულებელი?

 

 ძალიან დიდი ხანი ვიყავი ძიების პროცესში, ვერ ვხვდებოდი რა იყო ჩემი, რა მინდოდა. როცა პირველად შევასრულე როკ-მუსიკა, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი, “ჯეოპლანეტში” მივხვდი ამას. როკი არის ის, რაც მე მინდოდა.

 

 სწავლობ ბათუმის უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე?

 

 მარადმწვანე სტუდენტი ვარ. 2010 წელს უნდა დამესრულებინა წესით, მუსიკის გამო მივატოვე სწავლა და წავედი თბილისში, არამარტო სწავლა, ბანკში ვმუშაობდი და სამსახურიც მივატოვე. საერთოდ, ყველაფერზე შემიძლია უარის თქმა მუსიკის გამო, მუსიკით ვცოცხლობ. დიპლომი მჭირდება, ამიტომ უნივერსიტეტში სწავლას გავაგრძელებ, ეროვნული გამოცდების თავიდან ჩაბარება მომიწია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ ბიოლოგიას, ყველას უკვირს ჩემი ეს პროფესია, თუმცა საკუთარი თავი ამ მხრივ არ წარმომიდგენია, მიმაჩნია, რომ ხელოვნების სფეროში მუშაობისთვის ვარ გაჩენილი, უნდა ვიმღერო, ვწერო მუსიკა და თუ საშუალება მომეცემა, თეატრშიც ვითამაშებ, ძალიან მომწონს თეატრი, ცოტა გამოცდილებაც მაქვს.

 


 როგორია შენი მომავალი გეგმები?

 

_ ჯგუფი ვმუშაობთ იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მოვახერხოთ წასვლა, სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენი რეპერტუარის შექმნა. ჩვენი ჯგუფი ეკუთვნის კომპანია “ლოკომოტივ პრომოუშენს”, მათგან გვაქვს წინადადება, თუ მზად ვიქნებით, წავალთ სადმე, თუნდაც ამერიკაში. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ, კვირაში ხუთ დღეს, ყოველდღიურად ოთხი საათი რეპეტიცია გაქვს. იმედია, მალე ვიქნებით მზად.

 

ღია კარის დღე ბათუმის უნივერსიტეტში

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ის ცნობილი შემსრულებლები, რომლებიც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან: ლუკა ზაქარიაძე, თეო ჩიტიშვილი, ბათუმის „სითი ბედნი“, ანსამბლი „ტბეთი“, ბსუს ვაჟთა და გოგონათა ვოკალური ანსამბლი და სხვა ჯგუფები.

შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში 15:00 საათზე დაიწყება.

ტრენინგები და სემინარები უფასოდ

 

რადგან სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, სააგენტოს თანამშრომლები ფიქრობენ,  რომ  თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება, CV-ისა და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენა კიდევ უფრო გაზრდის ადამიანების დასაქმების შანსს.

ტრენინგზე დასწრების მსურველები უნდა მივიდნენ მისამართზე:  ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა №70/70 ან დაკავშირება შესაძლებელია  ტელეფონის ნომერზე:  (0422) 24 78 83

ბათუმში ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტია

 

იანვარში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე წარმოებდა. ამ სადგურის მეშვეობით განისაზღვრებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები და ნახშირჟანგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 1.2-ჯერ აღემატებოდა. ხოლო ნახშირჟანგის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდის დაფიქსირებული მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციები არ აღემატებოდნენ შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ყოველდღიურად სულ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს.

გაზომვები სამუშაო დღეებში, დღეში სამჯერ ხორციელდება.

საკლასო შეფასების ახალი სისტემა

 

სწავლის ხარისხის მხრივ, მსოფლიოს 122 ქვეყანას შორის საქართველო 90-ე, ადგილზეა” – აღნიშნულია 2013 წლის `მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მოხსენებაში. “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებში საკლასო შეფასების სისტემა არ არის დანერგილი: “თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა და კვლევები ადასტურებს, რომ მისი წარმატებით დანერგვისა და გამოყენების შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რასაც შედეგად მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავართ”.

მაგდა მაღრაძის განმარტებით, საკლასო შეფასების სისტემა მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად შეაფასოს ინდივიდუალური მოსწავლის პროგრესი და დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” ხუთწლიან პროექტს ტენდერის საფუძველზე შერჩეული, დამოუკიდებელი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი _ “GOPA”  განახორციელებს, რომელიც სისტემის სიტუაციური ანალიზის საფუძველზე გამოავლენს ხარვეზებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განსაზღვრაში დაეხმარება.

“კონსულტანტთა ჯგუფი შეიმუშავებს პროფესიული განვითარების მოდულების დეტალურ სქემას და კურიკულუმს; აგრეთვე, 7-12 კლასების მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია), ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის, საჯარო სკოლების 24 000-მდე პედაგოგისა და საჯარო სკოლის 2075 დირექტორის გადამზადების მეთოდოლოგიას”, _ ამბობს მაგდა მაღრაძე. პროექტი `ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ დაფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 43 974 000 აშშ დოლარია.

საქართველოს მთავრობასა და “აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას” შორის, 2013 წელს გაფორმებული მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის, გრანტის სახით, 140 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.

`ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფონდმა საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შედეგებით იხელმძღვანელა, რამაც აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში. შესაბამისად, ასე განისაზღვრა მეორე ხელშეკრულების ძირითადი მიმართულებები.

ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საქართველოს რეგიონებში 130-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადამზადება და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც 76 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

ადგილობრივი ეკონომიკისთვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდებისთვის, 16 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. უმაღლესი განათლების პროგრამის მიმართულებისთვის კი 30 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი, რაც გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას.

 

 

ღურტას სკოლაში მოსწავლეების უმრავლესობა არ დადის

 

როგორც სკოლის დირექტორმა „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტა, სკოლაში მოსწავლეებს მშობლები არ უშვებენ და ამ ფორმით გამოხატავენ ადგილობრივები პროტესტს სოფელში, გვირაბისა და კაშხლის მშენებლობის გამო.

სადილობა ტკბილეულით

მოზარდობის მიერ ტკბილეულის ხშირი მოხმარება რომ პრობლემაა, ამაზე ქართველი მედიკოსები ხშირად საუბრობენ. მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, ლიკა ცუცქირიძე, რომელიც საზღვაო ჰოსპიტლის მოწვეული სპეციალისტია ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, მოზარდებში შაქრიანი დიაბეტის მაჩვენებელმა სწორედ არაჯანსაღი კვების შედეგად მოიმატა.

ბავშვები და მოზარდები უმეტეს დროს სკოლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში ატარებენ. ჩვენ შევეცადეთ სკოლების მაგალითზე გადაგვეხედა იმ რაციონისთვის, რომლითაც დღის განმავლობაში ისინი იკვებებიან. #2 საჯარო სკოლაში ორიათასამდე ბავშვი სწავლობს.
ნინო, მარიამი და ქეთი მეშვიდეკლასელები არიან. ისინი ამბობენ, რომ საუზმობა არც ერთს არ უყვარს.

„დილით არ ვჭამთ. სკოლაში კი სადილობამდე ფუნთუშებს და ტკბილეულს ვყიდულობთ“, – გვეუბნება ნინო. მოზარდებს მიაჩნიათ, რომ დღეს ბავშვები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ტკბილეულსა და ცომეულს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ. „შოკოლადს ნამდვილად ბევრს ვჭამთ. თითქმის ყველა ბავშვი ასეა. კარგი იქნება სკოლები უფრო ჯანსაღ მენიუს რომ გვთავაზობდნენ ბუფეტში, თუნდაც ხილს“, -ამბობენ ბავშვები.

მსგავსი ვითარებაა ქალაქის #1 საჯარო სკოლაშიც, რომელიც ასევე ყველაზე მაღალკონტინგენტიანია. სკოლის ბუფეტი, რომელიც იჯარით არის გაცემული, მოსწავლეებს ძირითადად ცომეულსა და ტკბილეულს სთავაზობს.

„მე დილით და საღამოს ვჭამ სახლში, შუადღეზე კი ხაჭაპურს ვყიდულობ სკოლაში. შოკოლადიც მიყვარს“, -გვეუბნება შვიდი წლის გიორგი. სკოლის ბუფეტში დღის პირველი საათისთვის ბავშვების რიგი სწორედ ტკბილეულის განყოფილებასთან დგას.

„პიცა“, „ფენოვანი“, „ლობიანი“ – ეს არის ცომეულის ჩამონათვალი, რომელსაც სკოლის ბუფეტში ბავშვები ყველაზე ხშირად ყიდულობენ. სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი ბუფეტის მენიუში არ ერევიან.

„ჩვენ მხოლოდ სისუფთავეს ვაკონტროლებთ“, – გვეუბნება #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო რუსეიშვილი. ის მომხრეა, რომ სკოლაში ჯანსაღი საკვების არჩევანი ჰქონდეთ მოსწავლეებს, თუმცა რეალობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა: „ვფიქრობ, ორცვლიან სკოლებში არ მოხერხდება ის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში სადილობა შეძლონ. მცირე დასვენებებია და ვერ მოასწრებენ“.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მარიზა აბაშიძის აზრით, საჯარო სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვა თითქმის შეუძლებელია: „კარგია სასადილოს აწყობა, მაგრამ ამის ფუფუნება საჯარო სკოლებში გამორიცხულია. მესმის, რომ ძალიან ცუდია, როცა ბავშვები ამდენ ცომეულს და ტკბილეულს მიირთმევენ და არა მარტო სკოლაში. მაკდონალდში, ქუჩაში, სწრაფი კვების ობიექტებში, მაგრამ სკოლაში ჯანსაღი კვება ხუთწუთიანი დასვენების პირობებში ვერ მოხერხდება“.

„ჩემი შვილები შვიდი და თერთმეტი წლისანი არიან. ვიცი, რომ სკოლაში ჯანსაღ საკვებს ვერ იყიდიან, ამიტომ ვცდილობ, საუზმის გარეშე არ გავუშვა. თუმცა ტკბილეულს მაინც ყიდულობენ. კარგი იქნება, თუ უფრო ჯანსაღ საკვებს შესთავაზებენ სკოლები ბავშვებს“, – ამბობს ვიოლეტა გოგიშვილი.

არაჯანსაღი კვების კულტურა, როგორც ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძე ამბობს, აუცილებლად აისახება დროთა განმავლობაში მოზარდის ჯანმრთელობაზე: „ჯანსაღი კვება არამარტო მოზარდებისა და ბავშვებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლო პირობაა. მოზარდებისთვის განსაკუთრებით, რადგან მათი ორგანიზმი სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. ჩვენ, ფაქტობრივად, არანორმირებულ რეჟიმში ვცხოვრობთ. ბავშვს ეზარება დილით ადრე ადგომა (განსაკუთრებით ზამთარში) და გაკვეთილზე რომ არ დააგვიანდეს, ხშირად საუზმის გარეშე გადის სახლიდან, შემდეგ კი დღის განმავლობაში იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს, რომ სახლში მისვლას ვეღარც ახერხებს და არაჯანსაღი საკვების მიღება უხდება. როდესაც ასეთ რეჟიმს ინტენსიური ხასიათი აქვს, მომავალში აუცილებლად აისახება სხვადასხვა დაავადების სახით“.

ენდოკრინოლოგი მიიჩნევს, რომ ოჯახებში საუზმის სწორი კულტურა უნდა დაინერგოს: „საუზმე მთავარია. დილით მიღებული ცხელი კერძი დღის განმავლობაში მეტაბოლური აქტივობის ტემპს განსაზღვრავს. ამიტომ საუზმედ საუკეთესოა ბურღულეულის ფაფები, ცეხვილი პურის ტოსტები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთ მიდგომას ფართო მასშტაბები ჯერ არ აქვს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეპატობრივად დაინერგოს“.

ლიკა ცუცქირიძის თქმით, ბოლო წლებში, სწორედ არაჯანსაღი კვების ხარჯზე გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებში შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები. „განვითარებული ქვეყნების მოზარდთა 15%-ს სიმსუქნე აღენიშნება, 25%-ს კი – ჭარბი წონა. აშშ-ში ბავშვთა ასაკში სიმსუქნის გავრცელება 25-30%-ია. სავალალო მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებშიც. ხშირად მშობლები თვითონ უწყობენ ხელს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას, სახლში ათასგვარი ნუგბარი მიაქვთ და ბავშვებიც ცდუნებას ვერ უძლებენ. სწორედ მშობელმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, თავისი ცხოვრების წესით მაგალითი მისცეს ბავშვს და უბიძგოს ჯანსაღი კვებისაკენ“.

როგორც ენდოკრინოლოგი ამბობს, არაჯანსაღი საკვების მიღება (იგულისხმება სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, პურფუნთუშეული დიდი რაოდენობით) აისახება მოზარდების ზრდის ტემპებზეც. „ბუნებრივია, ეს იწვევს ენდოკრინულ დარღვევებსაც, რასაც მშობლები გვიან აღმოაჩენენ. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა მშობლების დროული რეაქცია ჭარბ წონასთან დაკავშირებით, ისინი აცნობიერებენ, რომ ლოყებღაჟღაჟა და ხორცსავსე ბავშვი ყოველთვის ჯანმრთელს არ ნიშნავს“.

სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებს მხოლოდ ტკბილეულს და ცომეულს სთავაზობენ

რელიგიური ნიშნით დევნა თუ რეპუტაციის შელახვა

 

კომპანია სასამართლოს სთხოვს, ამ პირებმა მათ მიერვე ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია უარყონ. 

ნანული გორაძე 2013 წლის 13 ივლისამდე „ბუგატოში” დამლაგებლად მუშაობდა. კომპანიის დირექტორმა ონურ ქურთმა ის სამსახურიდან დაითხოვა. ნანული გორაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ის რელიგიური მრწამსის შეცვლის გამო, ქრისტიანად მონათვლისთვის გაათავისუფლა. ნუნუ გორაძის ბრალდება ვიდეოს სახით „იუთუბზეც” გავრცელდა. კიდევ ერთ ვიდეოში ნანული გორაძის ქალიშვილი – ნინო ლორთქიფანიძე ასევე დედის რელიგიური ნიშნით დევნაზე საუბრობს.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ხიჭაურის უნივერსიტეტში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ სახელმწიფოს მოუწოდეს, ქვეყანაში მართლმადიდებლების დევნა არ დაუშვან. გამომსვლელთა შორის ეპისკოპოსი სპირიდონიც იყო.

სასამართლომ რვა მოწმე დაკითხა.  

„ბუგატოს” თანამშრომელმა თემურ უსტიაძემ, რომელიც მოწმის სახით დაკითხა სასამართლომ, თქვა, რომ ნანული გორაძე სამსახურიდან დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად ვერ შესრულებისა და თანამშრომლებთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო დაითხოვა დამსაქმებელმა, სანაცვლოდ კი იმავე კომპანიაში ექთნის სამუშაო შესთავაზა.

ჰესების მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მხარემ უარყოფის ინფორმაციაც იმავე ფორმით გაავრცელოს, რა ფორმითაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გაავრცელა.

ნანული გორაძემ, ნინო ლორთქიფანიძემ და ნუგზარ ლორთქიფანიძემ უარყვეს კომპანიის ინტერესების დამცველთა მოსაზრება, რომ თითქოს მათ კომპანიის რეპუტაცია შელახეს.

საქმეს მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი განიხილავს. კომპანიის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი შავაძე და „ბუგატოს~ იურისტი რენა ფერცელიძე იცავენ, მოპასუხე მხარის უფლებებს კი – მზია შავაძე და ია შალამბერიძე.
მომდევნო სასამართლო პროცესი 14 მარტს 14 საათზე შედგება. სასამართლო განიხილავს მტკიცებულებას და გაიმართება მხარეთა პაექრობა.

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის თებერვლის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 38 751 ერთეულია: „ამ წლის თებერვალი 2010-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის თებერვალთან (25 432 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 25.7%-ით, 2011 წლის თებერვალთან (31 970 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 0.9%-ით, 2012 წლის თებერვალთან (32 251 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 5.4%-ით და 2013 წლის თებერვალთან (33 987 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 14.0%-ით.

 

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 7.8%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (4.9%-ით), ისე მეორადი (8.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2014 წლის თებერვლის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.921 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.808).

 

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (4.0%-ით), ისე მეორადი (16.4%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის თებერვლის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 6 730, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 32 021 ერთეულია; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.608 და 1.033 დონეებზე დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.6%-ს მეორადი, ხოლო 17.4%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის თებერვალში კი -შესაბამისად 81.0% და 19.0%)“.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ქალი დაშავდა

 

აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი სამარშრუტო ტაქსის კარები გახსნეს და დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.

 

აჭარის სამაშველო სამსხაურის ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, მიკროავტობუსი სარფიდან მოდიოდა. მგზავრებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა.  

მიკროავტობუსი და ავტომანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი.

ცხოვრება ბარაკებში

„მე მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ და ამ ბარაკში ჩემს შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. მხოლოდ პენსიით და სოციალური შემწეობით ვარსებობთ. აქ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია, ოთახებში წყალი ჩამოდის, არ გვაქვს სველი წერტილები“-გვეუბნება ლიანა ბერიძე.

59 ოჯახიდან ფართი მხოლოდ 25 ოჯახს აქვს საკუთრებაში დაკანონებული, თუმცა ხის ბარაკები საცხოვრებლად უვარგისია და  თითქმის არცერთ ოჯახს სველი წერტილები არ აქვს. უბანსი არც  საკანალიზაციო სისტემაა მოწესრიგებული. ოჯახების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია.

ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს ბათუმის მერიამ მემორანდუმი 2004 წელს გაუფორმა, თუმცა ახალი საცხოვრებელი სახლები მერიას დღემდე არ გადაუცია. მემორანდუმის მიხედვით, ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო. აქ მცხოვრები ოჯახებს საცხოვრებელი არც სოციალურ სახლში გამოუყეს.

 

 

ახალი ბულვარი ზედაპირულად გაიწმინდება

 

„ახალი ბულვარის ქვაფენილი ისეა დაპროექტებული რომ ბალახისგან არ იწმინდება.  მაშინ ფილები უნდა აიყაროს და ხელმეორე დაიგოს. ამას კი მერიისგან  ნებართვა სჭირდება. ნებართვა რომც მივიღოთ, ფილების ხელმეორედ დაგება დიდ ხარჯებთა, დაახლოებით 2-3 მილიონ ლართან იქნება დაკავშირებული“- ამბობს ბულვარის დირექტორი გურამ ჩიქოვანი.

 

დირექტორის განცხადებით, ბულვარის ტერიტორია ზედაპირულად გაიწმინდება: „მთლიანად გასუფთავება კი შეუძლებელია“.

 

 გურამ ჩიქოვანის ინფორმაციით, ახალი ბულვარის მთელ პერიმეტრზე ამჟამად საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება მიწინ განოყიერება და ყვავილების დარგვა.  წელს ახალ ბულვარში   2 000 ძირი ხე და  300 000 ცალი ერთწლიანი ყვავილები უნდა დაირგოს.  

 

ბათუმის ახალი ბულვარი

აჭარის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა

 

პროკურატურის ინფორმაციით მოქალაქე გ.ჭ.   შეიტყო, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ოჯახის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. 

მოქალაქემ ბრალდებულის ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ შეძლებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაშიც დაეხმარებოდა მისი ნაცნობი პროკურორი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იყო ადვოკატი, მოტყუებით, დაზარალებულებს თავი გააცნო   პროკურორად და დაარწმუნა ბრალდებულის ოჯახის წევრები, რომ  მისი მეშვეობით პროკურატურასთან მოხდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება   რის სანაცვლოდაც მათ დაზარალებულს გამოართვეს 1000 ლარი.  

 
საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რატომ ეშინიათ მარტის წვიმის ჩანჩხალოში

„მინდა, ის აყირავებული სახლებიც გაჩვენოთ… სასაფლაოა დამეწყრილი… აი იქ ოჯახს სახლის დატოვება მოუხდა, აქ სულ ვაკე იყო, ახლა რომ უყურებთ და ციცაბო დამრეცია… სულ ახალი დამეწყრილია გაღმა ის ტერიტორია, წყალი მიედინება ნაპრალებში, ისიც გადაიღეთ… აი, იქ, ჰესებისთვის გვირაბის გათხრას აპირებენ, მაგრამ იმ მთაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, მარტის წვიმებზე რა გვეშველება, არ ვიცი… ეს ოჯახიც გადაიღეთ, ეს სახლი ორსართულიანი იყო, ახლა რომ მარტო პირველი ჩანს, მეწყერმა ჩაიტანა…“ –  გვეუბნება ჩანჩხალოს რწმუნებული უშანგი დიასამიძე და ცდილობს ყველა დაზარალებულის სახლთან, ყველა ადგილას მიგვიყვანოს, სადაც ჩანს სოფელში განვითარებული მეწყრული კატასტროფების კვალი და მათი გამეორების რისკები.

სოფელი ჩანჩხალო აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის დასკვნით წითელ ზონაშია შეყვანილი და აუცილებელ განსახლებას საჭიროებს. აქ სულ 95 ოჯახია, სადაც 478 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ერთი ნაწილი 1985 წელს დაზარალდა მეწყრული პროცესების შედეგად. ამავე წელს მოხდა აღნიშნული სოფლის სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა და სოფელში მცხოვრებ ოჯახებს დღემდე აქვთ შემორჩენილი იმ დროს გეოლოგების მიერ გაცემული დასკვნები, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელი სასწრაფო განსახლებას საჭიროებს. მას შემდეგ მეწყერი სოფელს პერიოდულად უტევს.

ყანებს, ბაღჩებს, ეზოებს მეწყრის შედეგად გაჩენილი ნაპრალები კვეთს. ამ ტერიტორიაზე სიარულის დროს ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ნიადაგი წყალში ტივტივებს. სოფლის გამგებელი გვიხსნის, რომ გეოლოგების თქმით, სწორედ ნიადაგზე გაჩენილ უზარმაზარ ნაპრალებში მომდინარე წყაროებია მეწყრის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. აქ ამბობენ, რომ ყანებში, როდესაც საგაზაფხულო სამუშაოებს იწყებენ, მიწის სიღრმიდან წყლის შუილის ხმა ისმის.

ისედაც რთულ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს კიდევ ერთი ახალი პრობლემა გაუჩნდათ, ჩანჩხალოში, სოფლის ქვეშ 5-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანაა დაგეგმილი, რომელიც „შუახევიჰესის“ აშენებას უკავშირდება.

„არ ვიცით რა გავაკეთოთ, გეოლოგებმა გვითხრეს, მიწის დამუშავება და ერთწლიანი კულტურების მოყვანა დაუშვებელიაო, მაგრამ აქ მხოლოდ ეგ არის შემოსავალი, სხვა არაფერი გაგვაჩნია. ჩვენი სოფლიდან ხუთ ოჯახს, რომელთაც სახლი მთლიანად გაუნადგურა სტიქიამ, ბინები გადასცეს შუახევის ცენტრში, მაგრამ გაზაფხულობით მაინც ამოდიან და მიწას ამუშავებენ, რადგან მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ. გარდა ამისა, ძალიან გვიკვირს, ასეთ სოფელში როგორ შეიძლება გვირაბის გაყვანა, აქ რომ აფეთქება დაიწყონ, მთელი სოფელი ჩამოიშლება. არ დავუშვებთ ამას.“ –  ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.

ღურტის მოსახლეობა აქციებს აგრძელებს

სოფლის მაცხოვრებელთა განცხადებით, “შუახევიჰესისთვის” საჭირო წყალსაცავი და გვირაბი ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღურტაში უნდა აშენდეს. სოფლის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობა აქციის გამართვას დღესაც აპირებს.

„ამ წუთებში თითქმის მთელი სოფელი მივემართებით მშენებლობის ადგილზე, აქცია რამდენხანს გაგრძელდება ვერ გეტყვით“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ღურტის მაცხოვრებელი ოთარ იაკობაძე.

გუშინ წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სოფელი ღურტა მთაზეა გაშენებული, მთის ძირში კი მდინარე მიედინება, გვირაბის მშენებლობა მდინარის ერთ მონაკვეთზე, სოფლის ქვემოთ დაიწყო. სოფელ ღურტას მოსახლეობა ამბობს რომ მათი სოფელი დამეწყრილია და შესაძლოა ჰესის მშენებლობამ სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

ჰესისთვის საჭირო გვირაბის მშენებლობა ღურტაში

სარეკლამო სტატიებში დახარჯული ფული და შედეგები

 

Sdare dni vbaTumi ანუ „ოთხი დღე ბათუმში“- ამ სათაურით სტატია პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს აეროპორტის ჟურნალ Sdare dni vbaTumi -ის გასული წლის შემოდგომის ნომერში გამოქვეყნდა. სტატია სარეკლამოა და მკითხველს ქალაქში დასვენების უპირატესობებზე მოუთხრობს. სტატიაში აღწერილია ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოს რეგიონში ჩამოსულმა ტურისტმა. სტატია პოლონურ და ინგლისურ ენებზეა დაწერილი. ავტორი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო კამპანიის კოორდინატორი მიშელ ჟანოვსკია.

 

დეპარტამენტის მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, სტატიის მიზანი რეგიონის პოპულარიზაციაა. ამის მიღწევას კი ავტორი პოლონელებისთვის რჩევების მიცემით ცდილობს. ის ურჩევს მათ, თუ როგორ გახადონ ვიზიტი აჭარაში კიდევ უფრო საინტერესო. ჟურნალი SILESIA-AIRPORT – ი კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტში ვრცელდება. კატოვიცე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტია და ყოველწლიურად 2,5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. კატოვიცეს აეროპორტიდანვე შესაძლებელია ავიაკომპანია „Wizz Air“-ის საშუალებით პირდაპირი ფრენით საქართველოში გამგზავრება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ჩამოსასვლელად ბევრი ევროპელი ტურისტი ამ რეისით სარგებლობს.

 

სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, დეპარტამენტის მიერ გასულ წელს დაწყებული პიარკამპანია პოლონეთში ამ დრომდე გრძელდება. ბოლო პერიოდში პოლონეთის ბეჭდურ პრესაში ბათუმის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს ავტორებმა, რომლებიც გასულ წელს დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო ტურის ფარგლებში იყვნენ ბათუმში მოწვეულები.

 

დეპარტამენტის კვლევით, 2013 წელს პოლონურ ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტპორტალებზე დაბეჭდილი სტატიების წვდომამ 560 000 შეადგინა. გასულ წელს სარეკლამო კამპანია ხორციელდებოდა ასევე პოლონეთის ტელევიზიებითა და გარე სარეკლამო ბილბორდების საშუალებით. სარეკლამო კამპანია ჩატარდა კატოვიცეს აეროპორტში, პოლონეთის კურორტებზე კინოფესტივალის „Orange kino letnie“-ის ფარგლებში. ამ პროექტის წვდომამ 4, 984. 058 შეადგინა.

 

2014 წელს დეპარტამენტი სარეკლამო ღონისძიებების დამატებას გეგმავს, მალე დეპარტამენტის ვებგვერდი პოლონურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, დეპარტამენტის დაკვეთით სარეკლამო სტატიები პოლონეთის გარდა თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და ბელორუსიის ქვეყნების ტურისტულ ჟურნალებში იბეჭდება. ამ ქვეყნების სარეკლამო კომპანიების წვდომა 32 607 950-ს, პრესტურების შედეგად გამოქვეყნებულ სტატიებზე წვდომა კი 20 996 800-ს შეადგენს.

 

დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს აჭარას 309.617 ტურისტი სტუმრობდა. აქედან სასტუმროს მომსახურებით გასულ წელს თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან 10.955-მა ტურისტმა ისარგებლა.

 

 

„შუქის გამორთვები უკეთესობისკენ არის მიმართული“

 

ბატონო ირაკლი, რამდენადაა დაცული უსაფრთხოების წესები თქვენს კომპანიაში და უტარდებათ თუ არა თანამშრომლებს ტრენინგები?

 

-ჩვენი კომპანიის თანამშრომლები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ხელსაწყოებით, რაც აუცილებელია სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებისთვის. ხორციელდება მათი გადამზადება, რაც ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. აღნიშნულ მეცადინეობებს ატარებს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ათდღიანი სწავლება, რომელიც ყოველ ექვს თვეში ტარდება. როდესაც ახალი თანამშრომელი ინიშნება, მასაც უტარდება მეცადინეობები.

 

რამდენიმე დღის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქედაში. ახალგაზრდა მამაკაცი, თქვენი თანამშრომელი, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შესწავლილია თუ არა, რასთან გვქონდა საქმე?

 

-დიახ, იყო ასეთი სამწუხარო ფაქტი და ის ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი. როდესაც ასეთი უბედური შემთხვევა ხდება, იქმნება კომისია, 10 დღის ვადაში სწავლობს ამ საკითხს და შემდგომ აქვეყნებს დასკვნას, რომელიც საჯაროა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ჩვენებები ჩამოერთვა ყველა პასუხისმგებელ პირს.

 

ენერგეტიკაში მომხდარი უბედური შემთხვევა იმდენად სპეციფიკურია, რომ წინასწარ რაიმე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. ტექნიკური სამუშაოები ამ სფეროში გაწერილია კანონმდებლობით და შიდა ნორმატიული აქტებით. ასეთი ფაქტების დროს კომისიის მიერ (სადაც შედის იურისტი, უსაფრთხოების სამსახურისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები), ხდება შესწავლა, კონკრეტულად რომელი მუხლი/ნორმა იყო დარღვეული. ძირითადად, სამუშაოს შესრულების სამი წესია – „გამორთე დანადგარი“, „შეამოწმე ძაბვის არარსებობა“ და „დაამიწე“. ვფიქრობ, უბედური შემთხვევა შესაძლოა მომხდარია იმის გამო, რომ არ არის შემოწმებული ძაბვის არარსებობა. ამის შემოწმებას სჭირდება სპეციალური ხელსაწყოები, რაც ყველა თანამშრომელს აქვს. ხშირად არის მექანიკური შეცდომაც; შეიძლება კიბე იდგა იქ, დაუცდა ფეხი, ჩამოვარდა, ან მიედო ძაბვას… თუმცა, კომისიამ შეიძლება სულ სხვა გარემოებას მიაკვლიოს.

 

ეხმარებით თუ არა დაღუპულის ოჯახს?

 

-ენერგოკომპანიის ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა რამე სავალალო შემთხვევა, სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. კომისიის დასკვნა ამ შემთხვევაში აუცილებელია. თუ შემთხვევა არასამსახურებრივს უკავშირდება და სადაზღვევო თანხა არ გადაეცემა, ჩვენს კომპანიაში არის კომისია, რომელიც სწავლობს დაღუპულის ოჯახურ მდგომარეობას და გარკვეულ დახმარებას მაინც ითვალისწინებს.

 

ელექტროგადამცემი სისტემა მოძველებულია განსაკუთრებით სოფლებში, რა გაქვთ დაგეგმილი ამ კუთხით?

 

– ყველა ოჯახშიც კი არ არის ახალი გაყვანილობა, დამეთანხმებით, თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენ რომ უნდა შევისწავლოთ, თავისთავად ცხადია, მაგრამ ამას სჭირდება დრო. რაც 80 წლის განმავლობაში შენდებოდა, ის ასე უცებ არ შეიცვლება და გაკეთდება. ამ ეტაპზე, გამრიცხველიანების მიხედვით, რაც მიმდინარეობს ახლა, ხდება ღია კაბელების უმეტესი ნაწილის იზოლირებულით შეცვლა, რომელიც უფრო დაცული და უსაფრთხოა.

 

საერთო მრიცხველების პრობლემა როდის მოგვარდება რეგიონში?

 

-საერთო მრიცხველები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2015 წლიდან აღარ იარსებებს. ეს შეთანხმებული გეგმა-გრაფიკია სახელმწიფოსთან. არ არის გამორიცხული, მანამდეც დავასრულოთ ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

 

ქალაქის უბნებში ხშირად ითიშება ელექტროენერგა, რითია გამოწვეული?

 

– გეთახმებით, მაგრამ ესაა გეგმიური გამორთვები, რაც უკავშირდება იმას, რომ შენდება ახალი ხაზები, მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები, რომლებიც ძაბვის ქვეშ არ კეთდება. მაგალითად, ტრანსფორმატორების შეცვლა და სხვა. ბევრი მოძველებული დანადგარი იცვლება. ინტერნეტით და ტელევიზიით წინასწარ ვაფრთხილებთ ამის შესახებ მოსახლეობას. მინდა გითხრათ, რომ უკეთესობისკენ არის მიმართული ეს გამორთვები.

 

ისევ უსაფრთხოებას დავუბრუნდები. სადარბაზოებში და სხვა ადგილებში არის ფაქტობრივად ღია კარადები, რომლებშიც ძაბვაა, გამანაწილებელი კაბელები შიშველია. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი?

 

-თუ მეტყვით კონკრეტულად რა მონაკვეთებზეა საუბარი, ჩავინიშნავ და აუცილებლად გადავამოწმებ, ისე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალოგიკურია. თუმცა, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ მკაცრ კონტროლზეა. კომპანიაში მიღებული წესებით, ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია. თუ სადმე არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგვმართოს ნებისმიერმა და ეს სწრაფად გამოსწორდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია აბონენტებთან და პრიორიტეტულია, რომ სტაბილურად იყოს ელექტროენერგია. ჩვენი ბიზნესი სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგია გაიყიდოს. ამიტომ, როცა პრობლემაა, ვზარალდებით ჩვენც. მოსახლეობას და ჩვენ, ასე ვთქვათ, საერთო ინტერესი გვაქვს – იყოს უწყვეტი ელექტროენერგია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მალე მივაღწევთ ამას.

 

 

ირაკლი ვახტანგიძე

რაზე მიუთითებს ბენზინის დაყნოსვის სურვილი

 

– ბატონო რეზო, რა არის ზოგადად რკინადეფიციტური ანემია და რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?


– რკინადეფიციტური ანემია არის ადამიანის სისხლში ერითროციტების და ან ჰემოგლობინის დეფიციტი. ანემია განიხილება არა როგორც ცალკე აღებული დაავადება, არამედ სხვადასხვა დაავადების მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც მიმდინარეობს შემდეგი კლინიკური ნიშნებით: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, სიფერმკრთალე. ამ დაავადების მძიმე ფორმის დროს ადამიანს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები, მაგალითად, პაციენტს მიდრეკილება აქვს საკვებად მიირთვას ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ საკვებად არ გამოიყენება, მაგალითად, ცარცი, ყავის მარცვლები, უმი კარტოფილი და ასე შემდეგ. ასევე ახასიათებს ყნოსვის გაუკუღმართებაც _ ადამიანს მოსწონს ბენზინის, საღებავის, აცეტონის სუნი და ასე შემდეგ. ეს არის ზოგადი სიმპტომები ანემიის.

 

რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება?

 

– რკინადეფიციტური ანემია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიგშია. დაავადება გვხვდება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. რკინადეფიციტური ანემია ჭარბობს ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში.

 

ვინ უფრო მიდრეკილნი არიან ამ დაავადების მიმართ _ მამაკაცები თუ ქალები?

– რკინადეფიციტური ანემია შეიძლება განუვითარდეს როგორც მამაკაცს, ასევე ქალს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა გამოვლინებები სქესის მიხედვით. ქალებში ხშირად რკინადეფიციტური ანემია გამოვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს, როცა ციკლი არის ჭარბი ან გახანგრძლივებული, ასევე მშობიარობის, აბორტის სიხშირის შედეგად. ასევე რკინადეფიციტური ანემია შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს. ორსულობის ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ქალს აღენიშნება რკინის დეფიციტი.

მამაკაცებში ანემიის გამომწვევი მიზეზები კი ხშირად არის კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი, ბუასილი და ა.შ. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, რომელთაც ახლავს პერიოდული სისხლდენა და მიღებული საკვებიდან რკინის შეწოვის დაქვეითება. ასევე სხვა ლორწოვანი გარსებიდან ქრონიკული სისხლდენა.

გადაეცემა თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობით და არის თუ არა განკურნებადი?

 

-რკინადეფიციტური ანემია არ არის მემკვიდრული დაავადება, მის განვითარებას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს და იგი აბსოლუტურად განკურნებად დაავადებათა რიგშია. მოსახლეობა ხშირად ანემიას აიგივებს ლეიკემიასთან, რაც არასწორია, ლეიკემია არის ძვლის ტვინის სიმსივნე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რკინადეფიციტურ ანემიასთან.

 

რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, თუკი გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი აღნიშნული დაავადების არსებობის?

 

– როცა გვაქვს ეჭვი, ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზის დროს თუკი დაფიქსირდა ერითროციტების, ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, ესე იგი საქმე გვაქვს ანემიასთან. ანემიას გააჩნია მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმა. მსუბუქი ფორმის დროს ყოველთვის მკურნალობა იწყება რკინის შემცველი აბებით. მოსახლეობაში გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა თითქოს შესაძლებელია რკინის შემცველი საკვების უხვად მიღებით, მაგალითად ხილით, ხორცეულით, რაც არასწორი მოსაზრებაა. ანემიის მკურნალობა მხოლოდ საკვები პროდუქტებით, გამორიცხულია. საჭიროა კომპლექსური მკურნალობა. რადგან რაც არ უნდა დიდი რაოდენობით მივიღოთ რკინით მდიდარი საკვები, ორგანიზმი იმ რაოდენობით არ შეიწოვს რკინას, რომ ანემია აღმოიფხვრას. როცა ანემიური სინდრომი უკვე დადგენილია, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

რა პროფილაქტიკურ ხერხს შეიძლება მივმართოთ ანემიის თავიდან აცილების მიზნით?

 

– სასარგებლოა რკინით მდიდარი საკვების მიღება, განსაკუთრებით ორსულთათვის, რომლებმაც უნდა მიირთვან უხვად ხილი და ხორცეული. მაგრამ თუ უკვე განვითარდა ანემია, ამ შემთხვევაში მხოლოდ საკვების მიღებით ეფექტი არ გვექნება.
ამ დაავადების აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიოს რიგ ქვეყნებში პროფილაქტიკური თვალსაზრისით შეაქვთ რკინით გამდიდრებული ანუ ფორტიფიცირებული ფქვილი.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, რაც გულისხმობს ორსულების დასვენებას, სწორ კვებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღებისაგან თავშეკავებას. ამ დაავადების ზემოაღნიშნული სიმპტომების არსებობისას დროულ მიმართვას ექიმ ჰემატოლოგთან.

 

 

რეზო მიქელაძე

„მე გადასახლებაში დავიბადე“

დეკემბრის ცივი დღე იყო. ფეხმძიმე დედა შვიდი კილომეტრი ატარეს ფეხით, პატარა ბავშვებთან ერთად, რაიონის ცენტრში ჩემს და-ძმებს ხელი წაავლეს და ტომრებივით შეყარეს სატვირთო მანქანაზე. როცა მამა გაბრაზდა და შენიშვნა მისცა, დაემუქრნენ“, – იხსენებს მშობლების მონათხრობს მერი დიასამიძე.

მისთვის გადასახლებაში გატარებული წლები „აუნაზღაურებელი და შეუფასებელი ტკივილია“.

„სახლიდან ვერაფრის წამოღება მოასწრეს მშობლებმა. მოულოდნელად დაგვადგნენ თავზე. დაუნდობლად იქცეოდნენ. პირუტყვის გადასაყვან ვაგონებში ვერ სუნთქავდნენ ადამიანები. დედაჩემს გონება დაუკარგავს. ბეწვზე გადარჩენილა. ადამიანებს არ აძლევდნენ საკვებს და წყალს, უამრავი დაიღუპა. გარდაცვლილებს კი ვაგონებიდან ყრიდნენ. არც კი მარხავდნენ. ყაზახეთში ჩასულები მიწურებში, გაუსაძლივ პირობებში დაყარეს. დედა ამბობდა, გველებთან ერთად გვეძინაო“.

სუფთა წყლის დეფიციტის გამო ადამიანები ხშირად ავადდებოდნენ. სასმელ წყლას ბინძური ჭებიდან იღებდნენ, რაც ხშირად ინფექციას და სხვადასხვა დაავადებას იწვევდა:

„ჩემი და ისე დაავადდა, რომ წლების განმავლობაში ხმას ვერ იღებდა. დღემდე წარმოუდგენელია, როგორ შეძლო დედაჩემმა ჩემი ან სხვა შვილების გადარჩენა. თვითონაც ძალიან სუსტად იყო მშობიარობის შემდეგ. მამა კი თავდაუზოგავად შრომობდა. ჩემი და-ძმები იმ დროს 13-14 წლის იყვნენ და მათ უფრო მძიმედ გადაიტანეს ეს წლები. შიმშილი, სიცივე და მძიმე შრომა ბამბის პლანტაციებში. გადასახლების საშინელი მოგონებები დედაჩემს მთელი ცხოვრება ტანჯავდა. ისეთი შეშინებული იყო, გვეტყოდა „ფანჯარასაც ყურები აქვსო“. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დედა და მამა მალე გარდაიცვალნენ“.

სოფელ ორცვადან დიასამიძეების ოჯახის გარდა კიდევ რამდენიმე ოჯახი გადაასახლეს. სამშობლოში ისინიც ცოცხლები დაბრუნდნენ, თუმცა ყველა მათგანს ახალი ცხოვრების დაწყება თავიდან მოუწია. „მიწასთან იყო ყველაფერი გასწორებული. არც სახლი, არც საკვები. ისევ წვალება. სამშობლოს მოღალატის სახელით გაგვასახლეს, თუმცა დღესაც არავინ იცის, რაში გამოიხატებოდა ეს ღალატი. მამაჩემს ბოლშევიკები რომ არ მოსწონდა, ალბათ ამაში. ყაზახეთშიც როგორც კაციჭამიებს, ისე გვიყურებდნენ _ ესეც პროპაგანდის შედეგი იყო. ადამიანები „ჩაშვების“ ინსტიტუტს პირადი ანგარიშსწორების იარაღად იყენებდნენ“.

მერი დიასამიძის გაკვირვებას იწვევენ ის ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმს მისტირიან: „საშინელი, მახინჯი სისტემა იყო. ვინ იყო სტალინი? მმართველი, რომელიც შიშს სცემდა ყველას, შეეძლო ყველა დაეხვრიტა, ვინც ხმას ამოიღებდა. ვისაც არ გამოუცდია გადასახლების საშინელი დღეები, მათთვის შეიძლება მარტივია, მაგრამ ადამიანებმა ოჯახის წევრები, შვილები დაკარგეს. ბევრი დაიღუპა. ჩემს ქვეყანაში უცხო მიმოწმებდა პასპორტს და „შლაგბაუმით“ გვიხერგავდა გზას. საუბარი ადვილია, თუმცა რა ტანჯვა გადაიტანეს ჩემმა მშობლებმა ოთხ შვილთან ერთად, ეს მხოლოდ უფალმა იცის“.

რამდენიმე წლის წინ ქართულმა სახელმწიფომ გადასახლებაში მყოფი პირები რეპრესირებულებად აღიარა და ფულადი კომპენსაცია მისცა: „280 ლარი მოგვცეს. სასაცილო იყო. ამხელა ტკივილგადატანილ ადამიანებს სახელმწიფო ასე არ უნდა მოგვქცეოდა“.

 

მერი დიასამიძე

სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი

 

 

 

სტალინის მუზეუმის ყოფილი შენობა წარმოადგენს ბელეტაჟის ტიპის ნაგებობას ეზოს მხარეს გამართული ლოჯიით. ძველი ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ თავდაპირველად სახლი ემყარებოდა ხიმინჯებს. მოგვიანებით ხიმინჯების დონეზე არსებული ნაწილი სარდაფის სართულად დახურეს, ხოლო აივანი შუშაბანდებში ჩასვეს. მე-19  საუკუნის 50-იანი წლებიდან შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნეს და ეზოში სკვერი გააშენეს.

ასეთი ტიპის საცხოვრებელი სახლები ძველი ბათუმის არქიტექტურაში XIX საუკუნის დასასრულიდან ვრცელდება. მის თავისებურებას წარმოადგენს ოთახების ერთმანეთის გვერდით იზოლირებულად განთავსება და მათი ორიენტირება აივნის მხარეს. შეიძლება ითქვას, რომ ნაგებობა XIX ს-ის დასასრულის “შემოსავლიანი სახლის” ერთ-ერთი ადრეული ტიპური ნიმუშია.

ასეთი გეგმის მქონე შენობები, ძველ ბათუმში, ძირითადად, გასაქირავებლად გამოიყენებოდა. სტალინის მუზეუმის ყოფილი შენობა თავდაპირველად არსებული წაგრძელებული გეგმის მქონე საცხოვრებელი ნაგებობის მხოლოდ ნაწილია.

ეზოს მხარეს აივნით ორიენტირებული შენობის ერთადერთი მხატვრული დეტალი – ხის კბილანებიანი კარნიზია, სხვა მხრივ მის შემკულობას მარტივი პროფილის კარ-სარკმელთა საპირეები შეადგენს. სახლი ნაგებია შერეული ტექნიკით – ქვითა და “ფახვერკული” (ბათუმისათვის ტიპური ე.წ. “დრანკით”) წყობით, გადახურულია კრამიტის სახურავით.

შენობას არ გააჩნია განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება, მაგრამ იგი წარმოადგენს XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი ნაგებობის ავთენტურ ნიმუშს ძველი ბათუმის განაშენიანებაში.

შენობას აქვს ისტორიული ღირებულება, რომელიც თავის მხრივ გამყარებულია XIX-XX სს-ის მიჯნის ავთენტური გარემოს შენარჩუნებით. აღსანიშნავია ის, რომ შენობა განთავსებულია ეზოს სიღრმეში და შესასვლელებითა და აივნით გახსნილია სწორედ ეზოს მხარეს, რაც, გარკვეულად გულისხმობს კურდონერის დეკორატიული მოწყობის შესაძლებლობას.

ქუჩისაკენ ეზოებით მიმართული კურდონერები ტრადიციულია ბათუმის განაშენიანებაში და სწორედ ამ თავისებურების გათვალისწინებით 50-იანი წლებიდან მუზეუმის ეზოში გაშენებული იყო დეკორატიული “სკვერი” ეგზოტიკური მცენარეებით.
სტალინის მუზეუმის ყოფილი შენობა XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ტიპური ნიმუშია, რომელსაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ავთენტურობა.

1936 წელს ამ შენობაში გაიხსნა და გარკვეული პერიოდულობით ფუნქციონირებდა სტალინის მუზეუმი (1936 წელს გახსნილმა მუზეუმმა 1956 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. 1964 წლიდან მუზეუმი განახლდა და 1988 წელს კვლავ დაიხურა. 1995 წლის 9 მაისს მუზეუმი ისევ გაიხსნა და 2011 წლის 12 იანვარს დაიხურა).

ამ შენობაში სტალინის მუზეუმის გახსნა განაპირობა იმან, რომ ეს იყო სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი. XIX საუკუნის დამლევს სახლი მესაათე სიმხოვიჩს ეკუთვნოდა. ამ უბანში სახლებს მეტწილად გასაქირავებლად აშენებდნენ. რამდენიმე ერთად ქირაობდა ოთახს. ყოველი მათგანი სახლის პატრონს თვიურად სამ მანეთს უხდიდა ერთი საწოლისათვის. ამ სახლის ერთ ოთახში ცხოვრობდა მანთაშევის ქარხნის მუშა კოტე კალანტაროვი და კოწია კანდელაკი.

რსდმპ თბილისის კომიტეტის დავალებით იოსებ სტალინი ბათუმში ჩამოვიდა 1901 წლის გვიან შემოდგომაზე. რადგანაც მას ბათუმში არავინ არ ჰყავდა, კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რკინიგზის სადგურში. ამის შესახებ არსებობს ჟანდარმერიის პატაკები ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის სახელზე.

1901 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სტალინი უკვე დადის პუშკინის ქუჩაზე არსებულ სიმხოვიჩის სახლში, რადგან არსებობს სტალინის თანამებრძოლების დარახველიძისა და განსაკუთრებით კალანტაროვის მოგონებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ამ სახლში სტალინთან ერთად გეგმავდნენ რევოლუციურ გამოსვლებს.

ასევე, 1902 წლის 9 მარტის ბათუმის ცნობილი მუშათა დემონსტრაცია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა, სწორედ ამ სახლში დაიგეგმა. მაგრამ ამ სახლში სტალინი სისტემატურად არ ცხოვრობდა, რადგან მას, როგორც საეჭვო პირს, პოლიცია უთვალთვალებდა და ისიც იძულებული იყო გამოეცვალა საცხოვრებელი ადგილები.

სიმხოვიჩის სახლის გარდა, სტალინი ათევდა ბარცხანაში, როტშილდის ქარხნის მუშა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ და სტალინთან ყველაზე დაახლოებულ პირთან, სილიბისტრო ლომჯარიასთან.

ლომჯარიას ბინაში ჩატარდა 1901 წლის 31 დეკემბერს შეკრება, სადაც აირჩიეს რსდმპ ბათუმის კომიტეტი. ასევე სტალინი ბათუმში ხანმოკლე ყოფნის პერიოდში ჩერდებოდა კიდევ 5 ადგილზე. ერთ-ერთი კონსპირაციული ბინა იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია და აგრეთვე, ჭაობის დასახლებაში, ახმედ ბერიძის სახლი.

სიმხოვიჩის სახლში ხშირად იმართებოდა საიდუმლო პარტიული შეკრებები. მაგ. 1902 წლის თებერვალში აქ შედგა რსდმპ ბათუმის კომიტეტის საიდუმლო შეკრება, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ცნობილი ბოლშევიკი ფეოდოროვი და დავით ლაღიძე.

აქ ცხოვრებისას სტალინმა ჩამოაყალიბა რამდენიმე არალეგალური სოციალ-დემოკრატიული წრე, რომლებსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. აქვე მომზადდა ამ წრის პირველი არალეგალური კონფერენცია.

ამ სახლში ინახებოდა სტამბა, რომელიც 1902 წლის დამდეგს გამართა ბათუმის კომიტეტმა.

ოთახი, სადაც სტალინი ცხოვრობდა, 14 კვ. მეტრია. ოთახში იდგა ხის სამი საწოლი, ერთი უჯრიანი ძველი მაგიდა, რომლის თავზე კედელზე თუნუქის პატარა ლამპა ეკიდა. ოთახში იდგა ოთხი ხის სკამი და ნავთქურა.

მუზეუმში დაცული იყო 400-მდე ექსპონატი და 2000-მდე წიგნადი ფონდი. ექსპონატები გადატანილია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში.
2013 წლის 18 ივლისისთვის სტალინის სახლი შენარჩუნებულია პირვანდელი სახით.

 

2014 წლის 9 მარტი.  სახლს, სადაც სტალინი ცხოვობდა, ანგრევენ.

 

 

„ქართული ოცნების“ ქედის ორგანიზაცის თავმჯდომარე აირჩიეს

 

არაერთხელ გამოთქმული პროტესტის მიუხედავად დღეს ქედაში გამართულ პარტიულ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს მიერ წარდგენილმა ამირან ცინცაძის კანდიდატურამ დელეგატებისგან მხარდაჭერა მიიღო.

 

დამსწრე დელეგატებიდან თავი მხოლოდ პარტიის სამმა წევრმა შეიკავა.

 

პარტიულ ყრილობაზე, რომელსაც 70 დელეგატიდან 63 ესწრებოდა, პარტიის ქედის ბიუროც აიჩიეს.

 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი მზია საფარიძე ამბობს, რომ დელეგატებზე ზეწოლა განხორციელდა და პარტიის შემადგენლობა მართვადი პიროვნებებით ყალიბდება:

 

„აქტივის ნაწილს, რომელიც ასლან ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს, მურმან დუმბაძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი, ავთანდილ ბერიძე, ნუგზარ ფუტკარაძე შეხვდა და უთხრა, პოლიტსაბჭოს მიერ მოწონებულ ამირან ცინცაძის კანდიდატურას მხარდაჭერა უნდა მიეღო.  ეს კადრი  [ამირან ცინცაძე] არამარტო ჩემთვის, პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელია, მაგრამ რადგან აქტივისტების დიდი ნაწილი თემისა და სოფლის რწმუნებულები არიან, მათზე ზეწოლა განხორციელდა.“

 

“ამირან ცინცაძე, რომელიც ქედის გამგებლის თანაშემწის სიმამრია, ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის კანდიდატურაა.  ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავაპროტესტეთ მურმან დუმბაძის გადაწყვეტილება, როცა გამგებლად ნოდარ ძნელაძის დანიშვნა უნდოდა. მართალია ნოდარ ძნელაძე გამგებლად ვეღარ დაინიშნა, მაგრამ დღეს ბიუროს შემადგენლობაში დასახელდა, პარტიის წევრებს არავინ არაფერს ეკითხება, მართვადი პირებით აკომპლექტებენ პარტიას“ – აცხადებს მზია საფარიძე.

 

პარტიის რაიონული ორგანიზაციის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ასლან ლორთქიფანიძემ ყრილობაზე პარტიის წევრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სამართლიანობისთვის დაწყებულ ბრძოლას ქედაში ბოლომდე მიიყვანს.

 

„სამართლიანობის აღდგენაში ვიგულისხმე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სრულად მოვა [დღეს ასე არ არის და უსამართლობაც ამიტომ გრძელდებადა] რის შემდეგაც დაპირებები, რაც გავეცით, რეალიზებული იქნება“ – ამბობს ასლან ლორთქიფანიძე.

 

„ქართული ოცნების“ ქედის რაიონული ორგანიზაციის ახალარჩეული თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ პარტიაში ამ ეტაპზე დაპირისპირება არ არის და დასძენს „ის პიროვნული შეუთავსებლობებიც, რაც აქამდე იყო, აღმოიფხვრება“.

შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძემ გუშინ შუახევში განაცხადა, რომ თუ პარტიის წარმომადგენელი პოლიტსაბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდა, პარტიიდან გაირიცხებოდა. 

 

 

 

ბრძოლის აზრი

 

16 დღე მქონდა დარჩენილი თავისუფლებაზე ყოფნის, მაგრამ მაინც ვიბრძოდი. მტანჯავდა იმის ფიქრი, როგორ გაიზრდებოდა დემეტრე უჩემოდ, ვინ წაიყვანდა სკოლაში, ვინ მივიდოდა მშობელთა კრებაზე… კარგი და ვინმემ წამოაძახოს დედა ციხეში გვყავსო _ ყველაფერს ვფიქრობდი, განვიცდიდი, საკუთარი თავის დარდი აღარ მქონდა, მარტო დემეტრე მიტრიალებდა თავში. ვიცოდი, ციხეში უსამართლოდ ყოფნასთან ერთად დემეტრეს დარდი მომკლავდა.

მორჩა ყველაფერი. მე დღეს ბედნიერი დედა ვარ; დედა, რომელიც შვილის დაბადების დღეზე მასთან ერთად იქნება, ერთად წავალთ სკოლაში, მე მივალ მშობელთა კრებაზე და მას ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს.

მჯერა იმის, რომ მალე შეიქმნება მართლმსაჯულების დამდგენი ხარვეზების შემსწავლელი კომისია და მე გავმართლდები. მაშინ კი წერტილი დაესმება ყველაფერს. მეკითხებიან, კომპენსაციას თუ მოვითხოვ გამართლების შემთხვევაში? _ რა თქმა უნდა არა, განა ვინმე ამინაზღაურებს იმ საშინელ დღეებს, თვეებსა და წლებს, რაც გადავიტანე. ოთხი თვის ფეხმძიმე ციხეში გამომკეტეს, მთელი ორსულობა სასამართლოზე მატარეს, მერე ჩვილი ბავშვით დავდიოდი პროცესზე, მერე ძმასთან ციხეზე.

ამას ვერანაირი კომპენსაცია ვერ შეწვდება. ცხოვრება დამიმახინჯეს, შიშით მაცხოვრეს მთელი 5 წელი. რა აღარ მაკადრეს, მაგრამ მაინც გავიმარჯვე.

დიახ, მე ის ნათია ვარ, ვინც ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს 2009 წელს, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, სასჯელი გადამივადეს. დიახ, მე ის ნათია ვარ, ვისაც 2009 წელს 11 წლით და 4 თვით მომისაჯეს პატიმრობა. დიახ, მე ბრალი არასოდეს მიღიარებია. დიახ, ჩემ განმეორებით დაპატიმრებამდე 16 დღით ადრე გამათავისუფლა სასამართლომ.

დიდი მადლობა ამისთვის მოსამართლე ლეილა გურგუჩიანს. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს – რამინ პაპიძეს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც განიცდიდა და წუხდა ჩემზე.

ყველაზე დიდი მადლობა ჩემს დემეტრეს, ჩემ გადამრჩენელსა და ჩემს ერთადერთ იმედს, ჩემს შვილს.

ყველა უკანონოდ გასამართლებულს ვუსურვებ, განეცადოს ის გრძნობა, რაც მე განვიცადე 2014 წლის 28 თებერვალს.

 

 

ღურტაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს

მოსახლეობა წუხელ გვიან ღამით დაიშალა, სამოქალაქო ორგანიზაციების (დემოკრატიის ინსტიტუტი, საია, სახალხო დამცველის რწმუნებული აჭარაში) ინიციატივით, მთავრობასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება შედგა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, დემოკრატიის ინსტიტუტი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები მოამზადებენ ხელშეკრულების დოკუმენტს, რომელსაც ხელს მთავრობა  და ადგილობრივი მოსახლეობა  მოაწერს.

დოკუმენტის ძირითადი  შინაარსის მიხედვით, კი თუ ადგილობრივები კაშხლებისა და გვირაბების მშენებლობის დროს დაზარალდებიან, კომპენსაციას მათ სახელმწიფო გადაუხდის.

ღურტაში მთავრობას ელოდებიან

 

„მე შევთავაზე ხელისუფლებას, რომ მოვიდენენ ხალხთან კომპანიის წარმომადგენლები და საინციატივო ჯგუფთან გამართონ მოლაპარაკება. ადამიანები, ქალები და კაცები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი სცემა, რის გამოც არიან შეურაცხყოფილები. მაგრამ ამის მიუხედვადა არის მზაობა იმისთვის, რომ დაელაპარაკონ ხელისუფლებას. მე ამ ხალხს და ხელისუფლებასაც შევთავაზე, რომ პროცესი გაჩერდეს 10 დღით; კომპანიამ იმ ოჯახებს, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის პროექტი მეტ-ნაკლებად სარისკოა, გაუფორმონ შემდეგი შინაარსის ხელშეკრულება: თუ პროექტის შედეგად რომელიმე ოჯახი დაზარალდება, მათ ზარალს კომპანია აუნაზღაურებს“.

 

გენო გელაძე ამბობს, რომ ელოდება სატელეფონო ზარს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან: „ხალხის ასე მიტოვება არ შეიძლება, ხეობაში ძალიან ცივა, ამის მიუხედავად ხალხი ემატება. კოცონი ანთია მდინარის ნაპირზე. აშკარაა, რომ აქ მარტო ერთი სოფლის მოსახლეობა არ იკრიბება, ხეობის სახვა სოფლებიდანაც მოდის ხალხი“.

 

აჭარის მაღალმთიანეთში ჰესებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აშენებს. გენო გელაძის ინფორმაციით, დღეს კომპანიის წარმომადგენლები სოფელში არ გამოჩენილან.

 

ღურტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

ჯერჯერობით უცნობია ძიება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე დაიწყო, თუ აქციის მონაწილეების ბრალეულობის შესწავლას ისახავს მიზნად. რა ფაქტს იძიებს უწყება და რა მუხლით მინდინარეობს გამოძიება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ინფორმაცია ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა ანანო ჭითანავამ მიაწოდა.  

სტუდენტების აქცია: ვაპროტესტებთ ჰესების მშენებლობას

 

ამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, გოჩა სურგულაძის თქმით, დღევანდელი შეკრების შემდეგ მოილაპარაკებენ თუ რა ფორმებს მიმართავენ სოფელ ღურტას მოსახლეობის მხარდასაჭერად.

 

მისი თქმით, თითოეულ სტუდენტს აწუხებს ის ფატქი, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა დაეშალა მოსახლეობის სამართლიანი შეკრება დღეს სოფელ ღურტაში.

 

“იყო ფემინისტი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა”

რას ნიშნავს იყო ფემინისტი – ინტერვიუ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გენდერული პროგრამების კოორდინატორ ეთუნა ნოღაიდელთან.

  • საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფემინისტებს სძულთ მამაკაცები, მათ ებრძვიან, იცვამენ მხოლოდ მამაკაცურად, ფემინისტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ლესბოსელები… რამდენად სწორია ეს წარმოდგენა?

თუ ფემინიზმი კაცთმოძულეობის მიმდინარეობაა, მაშინ გამოდის, რომ კაცთმოყვარეობა ამ ადამიანებს ესმით, როგორც ქალის დაქვემდებარება მამაკაცისადმი. ჩვენთან მთავარი პრობლემა ისაა, რომ გენდერული თანასწორობა ასოცირდება კომუნიზმთან, რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად ეს უფლებები უბრძოლველად დაკანონდა.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში არ დარჩა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ქართველი ფემინისტების ღვაწლი. საბჭოთა საქართველოში ქალებს არ უბრძოლიათ ხმის მიცემისა და განათლების უფლებისთვის და რისთვისაც არ გიბრძოლია, იმის ღირებულების დაფასება, როგორც ჩანს, გვიჭირს.

ნებისმიერ ქალს რომ უთხრათ ახლა, მას ხმის მიცემის ან განათლების უფლება არა აქვს, ეს არავის მოეწონება, მაგრამ პარალელურად ვერ იაზრებენ ამის ფასს და იმას, თუ რამ მოიტანა ეს ყველაფერი. ფემინიზმის ისტორიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ქალებს, რომლებიც თანაბარი უფლებებისთვის იბრძოდნენ, სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ ეს ბრძოლა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ევროპასა და ამერიკაში ბევრად უფრო შეგნებული აქვთ ქალებს, რას ნიშნავს თანასწორობა და რა არის ამაში ფემინიზმის წვლილი.

დღეს ფემინიზმი არის მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის, შესაბამისად, ფემინიზმი მოიცავს ნებისმიერი სოციალური თუ გენდერული ნიშნით დაჩაგრულ ადამიანს; ფემინიზმი ასევე მოიაზრებს ბავშვთა და მოხუცთა უფლებების, გარემოს დაცვას. და ყველა ამ მიმართულებით დიდი წარმატება არის მიღწეული.

ქალის ჩაგვრა (მიუხედავად იმისა, ამას ვაღიარებთ თუ არა) ამ საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, საზოგადოება კი პატრიარქალურია – ანუ აქ მამაკაცი მიიჩნევა უპირატესად. სწორედ ამიტომ, ადამიანი, რომელიც ჩაგვრას უპირისპირდება, ავტომატურად მამაკაცთან დაპირისპირებულად მოიაზრება. ალბათ ესაა მიზეზი, რატომაც ფემინიზმი კაცთმოძულეობად აქვთ მონათლული ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ იმ პრივილეგიების დაკარგვა, რაც უპირობოდ მიენიჭებათ მხოლოდ სქესობრივი ნიშნით. მე კი მჯერა, რომ თავმოყვარე, განათლებულ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია ის დააფასონ თავისი ინტელექტუალური თუ პიროვნული მიღწევების, და არა სქესის გამო.

რაც შეეხება კაცივით ჩაცმას, ფემინურობის ტრადიციულ გაგებას რომ ვიზიარებდეთ, ახლა კორსეტებით უნდა დავდიოდეთ. ფემინიზმი არის იდეოლოგია თავისუფალ არჩევანის შესახებ, სწორედ იმის შესახებ, რომ არ ხარ ვალდებული კორსეტით იარო, თუკი კომფორტულად არ გრძნობ თავს.

  • თქვენი აზრით, რატომ იწვევენ ფემინისტები გაღიზიანებს არა მარტო მამაკაცებში, არამედ ქალებშიც? ეს უკავშირდება ფემინიზმის შესახებ ინფორმაციის არ ქონას, თუ სხვა საფუძველიც აქვს?

პოზიცია – ფემინისტი არ ვარ, მაგრამ…“ ძალიან კარგად აქვს ახსნილი თამარ ცხადაძეს სტატიაში, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის პუბლიკაციაში „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ შევიდა.

ეს პოზიცია ნიშნავს, რომ ადამიანი ან არ აღიარებს, რომ უთანასწორობა არსებობს და რეალობაზე თვალს ხუჭავს; ან თვლის, რომ კი, არსებობს სქესთა უთანასწორობა, მაგრამ ეს არის განპირობებული ბიოლოგიით და ამას არაფერი ეშველება; ან ფიქრობს, რომ არსებობს, მაგრამ მე ვერაფერს გავაკეთებ. სწორედ ამიტომ, იყო ფემინისტი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა: ანუ მე ვხედავ, რომ არსებობს უთანასწორობა, ვაღიარებ ამას და მინდა, რომ ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალებს ყველაზე მეტად სწორედ ეს აკლიათ საქართველოში.

კაცებს რაც შეეხება, მათ კარგად აქვთ მორგებული ის კომფორტი, რასაც მათ სოციალური როლების ამგვარი გადანაწილება აძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი შეიძლება ბევრად უფრო კონტროლდებოდეს ცოლის მიერ ირიბად.

ეს აზრი რომ გავაგრძელო, ფემინიზმი მამაკაცებსაც სჭირდებათ, რადგან უამრავი მასკულინური მითი და სტერეოტიპი არსებობს. „არ იტირო, კაცი არა ხარ?“ – ეუბნებიან ორი წლის ბავშვს. „კაცობის“ ამ ტრადიციული გაგებით მამაკაცი უემოციოა, ძლიერი მუშტები და ქალებთან ბევრი თავგადასავალი მისი ვალდებულებაა, თუ ბევრ ფულს ვერ „შოულობს“, კაცად არ ვარგა და ასე შემდეგ. ეს მასკულინობის ტრადიციული ნორმებია, რაც ბევრ კაცს ისევე უზღუდავს თავისუფალ არჩევანს, როგორც სხვა ნორმები ქალებს.

  • როცა საუბრობენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, ამბობენ, ჩვენთან ეს პრობლემა არ არსებობს და ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. დღეს, საშუალო სტატისტიკურ ქართულ ოჯახში კონკრეტულად როგორ ირღვევა ქალის უფლებები?

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გულწრფელი იყოს საკუთარ თავთან და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ანალიზი გაუკეთოს, შეუძლია კარგად დაინახოს ეს პრობლემები.

ქალი იჩაგრება როგორც მემკვიდრე, როცა ოჯახის ქონება ბიჭს რჩება, გოგონას მზითევს უკეთებენ და ამით მორჩება ყველაფერი.

გათხოვილი ქალი იჩაგრება იმით, რომ თუ ოჯახი ვერ შედგა და მშობლების ოჯახი მისი სახლში დაბრუნების წინააღმდეგია, მას წასასვლელი არ აქვს და ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

ავიღოთ სიტუაცია, როცა ქალიც და მამაკაციც მუშაობს, მაგრამ სახლში დაბრუნებისას მთელი ოჯახის საქმეებზე, შვილების აღზრდაზე მხოლოდ ქალია პასუხისმგებელი და სახლში მხოლოდ მამაკაცი ისვენებს.

ის, რომ არსებობს ქალის სექსუალობაზე შეზღუდვა და მამაკაცზე არ არსებობს, მეტიც, ეს პრობლემად არ მიაჩნიათ ქორწინების შემდეგაც კი; სელექციური აბორტების თემა, როცა გაიგებენ სქესს და თუ გოგონაა – აბორტს იკეთებენ; პრობლემად არ ითვლება, როცა ქალს არ აქვს კარიერა, რადგან მისი მთავარი კარიერა უნდა იყოს ოჯახი; გავიხსენოთ სიტუაცია, როცა ქალი ვალდებულია ბევრი შვილი გააჩინოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭი გაუჩნდეს აუცილებლად, ეს თუ ჩაგვრა არ არის, მაშინ გამოდის, რომ ქალი მეორეხარისხოვანი მოქალაქეა.

ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჩაგვრა არ არის მხოლოდ ის, რომ ფიზიკურად ურტყამენ ქალს, რაც ძალადობის უმძიმესი ფორმაა. არსებობს სხვადასხვა ფორმის ჩაგვრა, რაც ქალს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს. ამ ყველაფრის არ დანახვა გულდასაწყვეტია.

  • ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალის სოციალური როლი, ბევრ ქალს მოუწია საკუთარ თავზე ოჯახის წინაშე ფინანსური ვალდებულებების სრულად აღება. ხედავთ იმის ნიშნებს, რომ შეიცვალა ქართულ საზოგადოებაში ქალის სოციალური როლი? თუ მაინც ტრადიციულ ჩარჩოებში რჩება ქალი და უბრალოდ ახალი ფუნქცია დაემატა?

მე მეორე მგონია. რა თქმა უნდა, ბევრმა ქალმა იყოჩაღა, მაგრამ ოჯახის უფროსის როლი ისევ მამაკაცს რჩება, ქმარს ფასადურად, თავმოყვარეობისათვის უნარჩუნებენ ამ როლს.

  • ანუ ფინანსური დამოუკიდებლობა, რასაც მიიჩნევენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ პირობად, არ წყვეტს ამ საკითხს?

ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ როცა 70 წლის ქალი წასულია უცხოეთში და მუშაობს იმისათვის, რომ თავისი 50 წლის „ბიჭი“ არჩინოს, ამაში კარგი არაფერი არ არის. თუმცა ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის ადამიანისთვის დამოუკიდებლობის საფუძველი. თუ, მაგალითად, ქალი იჩაგრება ოჯახში, ფინანსური დამოუკიდებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება.

  • საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფემინიზმი არის მოდა და დასავლური ინსტიტუტები ფემინიზმს ძალად ახვევენ ამას თავს ქართულ საზოგადოებას. თუმცა არსებობს ქართული ფემინიზმიც. როდის დაიწყეს ფემინიზმზე საუბარი საქართველოში?

მე-19 საუკუნიდან საქართველოშიც აქტიურად საუბრობდნენ ქალთა უფლებების დაცვაზე. მათ შორის ის ცნობილი ავტორები, რომელთა პატრიოტულ ლექსებს ვსწავლობთ სკოლაში და არ ვკითხულობთ იმ ტექსტებს, სადაც ისინი თანასწორობაზე წერენ.

ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა მხარს უჭერდნენ „დედათა ემანსიპაციას“ [ასე უწოდებდნენ მაშინ], მაგრამ არსად სკოლაში ამაზე ყურადღება არ არის გამახვილებული. ასევე ბარბარე ჯორჯაძე, ძალიან ცნობილი ქალი, კატო მიქელაძე, ფემინისტი, რომელმაც განათლება მიიღო ევროპაში… ასე რომ ქართულ ფემინიზმს აქვს თავის ისტორია, რომელიც სხვადასხვა პროექტების საშუალებით ბოლო დროს უფრო ხილვადი გახდა. მათ შორისაა ბიოლის ფონდის არაჩვეულებრივი პროექტი „50 ქალი საქართველოდან“, რომელიც შეგიძლიათ ფეისბუქგვერდზე ნახოთ. ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს იმ სტერეოტიპის დანგრევას, რომ ფემინიზმი საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოვიდა გრანტებთან ერთად.

„ქართული ოცნება“ აჭარაში რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ასახელებს

დღეს შუახევში გამართულ პარტიულ ყრილობას, რომელსაც 70 დელეგატიდან 63 ესწრებოდა, პოლიტსაბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას დამსწრე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„დამსწრე საზოგადოებიდან სრული მხარდაჭერა მივიღე, ჩემი სამომავლო მიზანი –  პარტიის გაზრდა და სააარჩევნო სისტემის სათანადო მომზადებაა“, – აცხადებს ნოდარ ქარცივაძე.

პოლიტსაბჭო, რაიონულ ორგანიზაციის ახალ კანდიდატს ხვალ წარადგენს ქედაში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატად ამირან ცინცაძე დასახელდება, რომელსაც ქედის აქტივის უმეტესობა მხარს არ უჭერს.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თუ დელეგატი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას გააკრიტიკებს, პარტიის გარეშე დარჩება.

„ ტენდენცია რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შეცვლისკენ არის მითითებული, პრაქტიკულად ყველა  პარტიის თავმჯდომარე შეიცვალა, ბიურო შემადგენლობაც გადახალისდა, ეს არის როტაციული წესი.

ქედაში პოლიტიკურ საბჭოს წარმოდგენილი ჰყავს ამირან ცინცაძის კანდიდატურა, აქტივისტებს აქვთ უფლება გააპროტესტოს, მაგრამ პარტია ვერტიკალია და ვერტიკალი  ავალდებულებს პარტიის ყველა წევრს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მიიღოს. ვინც არ მიიღებს და საბოლოოდ გააკრიტიკებს შეიძლება პარტიის მიღმა დარჩეს“, – აცხადებს მურმან დუმბაძე.

დაუჭერენ თუ არა დელეგატები ამირან ცინცაძის კანდიდატურას მხარს, ხვალ გახდება ცნობილი.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ ორგანიზაციის დელეგატთა უმეტესობა ქედაში საჯარო მოხელეები არიან.

ღურტას მცხოვრები: არჩილ ხაბაძეც იქ იყო და უყურებდა, როგორც გვცემდნენ

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეც იქ იყო და უყურებდა, როგორც გვცემდნენ. ვინც გვცემდა იმ ხალხს პოლიციის ფორმა ეცვა“. მაგული კახაძე ხალხის შეკრების მიზეზს განმარტავს: „ჩვენ იმიტომ ვიყავით შეკრებილები, რომ არ ვუშვებდით ტექნიკას.

ამ წუთებშიც აქ ვდგავართ და დილამდე ვიქნებით აქ. მთავრობის თავჯდომარესთან შეხვედრას არ დავსწრებივართ. შეხვდა რამდენიმე ადამიანი და გვითხრეს, რომ არ შედგა მოლაპარაკება. სადაც კაშხალი უნდა აშენდეს იქ შეიყვანეს ერთი ტექნიკა, ჩვენ არ ვუშვებდით და ამიტომ იყო ასეთი ამბავი.

სასწრაფო დახმარება ჩვენ არ გამოგვიძახებია, სასწრაფო მათ მოიყვანეს, ალბათ იცოდნენ, რომ დაგვაშავებდნენ. არ დამინახია რომ სასწრაფო დახმარება ვინმეს დასჭირვებოდეს. დაახლოებით 100-200 კაცი ვართ ახლა შეკრებილები. ჩვენ არ გვინდა აქ ჰესები და კაშხლების მშენებლობა, რადგან სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია“.

 

არჩილ ხაბაძის პრესცენტრის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას: „მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კორიდორი გააკეთა პოლიციამ და მოსახლეობას სთხოვდა გზის გათავისუფლებას. პოლიცია მოქმედებდა კანონის და ინსტრუქციის ფარგლებში. ძალის გადამეტების ფაქტი არ დაფიქსირებულა“

 

Exit mobile version