კვირის ამბები

ბრძოლის აზრი

09.03.2014 • 1669
ბრძოლის აზრი

 

16 დღე მქონდა დარჩენილი თავისუფლებაზე ყოფნის, მაგრამ მაინც ვიბრძოდი. მტანჯავდა იმის ფიქრი, როგორ გაიზრდებოდა დემეტრე უჩემოდ, ვინ წაიყვანდა სკოლაში, ვინ მივიდოდა მშობელთა კრებაზე… კარგი და ვინმემ წამოაძახოს დედა ციხეში გვყავსო _ ყველაფერს ვფიქრობდი, განვიცდიდი, საკუთარი თავის დარდი აღარ მქონდა, მარტო დემეტრე მიტრიალებდა თავში. ვიცოდი, ციხეში უსამართლოდ ყოფნასთან ერთად დემეტრეს დარდი მომკლავდა.

მორჩა ყველაფერი. მე დღეს ბედნიერი დედა ვარ; დედა, რომელიც შვილის დაბადების დღეზე მასთან ერთად იქნება, ერთად წავალთ სკოლაში, მე მივალ მშობელთა კრებაზე და მას ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს.

მჯერა იმის, რომ მალე შეიქმნება მართლმსაჯულების დამდგენი ხარვეზების შემსწავლელი კომისია და მე გავმართლდები. მაშინ კი წერტილი დაესმება ყველაფერს. მეკითხებიან, კომპენსაციას თუ მოვითხოვ გამართლების შემთხვევაში? _ რა თქმა უნდა არა, განა ვინმე ამინაზღაურებს იმ საშინელ დღეებს, თვეებსა და წლებს, რაც გადავიტანე. ოთხი თვის ფეხმძიმე ციხეში გამომკეტეს, მთელი ორსულობა სასამართლოზე მატარეს, მერე ჩვილი ბავშვით დავდიოდი პროცესზე, მერე ძმასთან ციხეზე.

ამას ვერანაირი კომპენსაცია ვერ შეწვდება. ცხოვრება დამიმახინჯეს, შიშით მაცხოვრეს მთელი 5 წელი. რა აღარ მაკადრეს, მაგრამ მაინც გავიმარჯვე.

დიახ, მე ის ნათია ვარ, ვინც ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს 2009 წელს, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, სასჯელი გადამივადეს. დიახ, მე ის ნათია ვარ, ვისაც 2009 წელს 11 წლით და 4 თვით მომისაჯეს პატიმრობა. დიახ, მე ბრალი არასოდეს მიღიარებია. დიახ, ჩემ განმეორებით დაპატიმრებამდე 16 დღით ადრე გამათავისუფლა სასამართლომ.

დიდი მადლობა ამისთვის მოსამართლე ლეილა გურგუჩიანს. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს – რამინ პაპიძეს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც განიცდიდა და წუხდა ჩემზე.

ყველაზე დიდი მადლობა ჩემს დემეტრეს, ჩემ გადამრჩენელსა და ჩემს ერთადერთ იმედს, ჩემს შვილს.

ყველა უკანონოდ გასამართლებულს ვუსურვებ, განეცადოს ის გრძნობა, რაც მე განვიცადე 2014 წლის 28 თებერვალს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: