ქობულეთში, ერთ პატარა იტალიურ ეზოში მხატვარი ცხოვრობს. მის სახელოსნოში მზე მხოლოდ სამხრეთიდან ანათებს, სწორედ ამ მხარეს გადის ნახევრად ბნელი ოთახის ფანჯრები, იატაკი ალაგ-ალაგ ყანყალებს, სახელოსნოში 150-მდე ნამუშევარია. ნახატებს დურმიშხან კიკნაძე ბოლო 32 წლის მანძილზე ქმნიდა:
„ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ სერიოზულად 25 წლის ასაკში მივუდექი. იყო პერიოდები, ფიზიკურად ვშრომობდი დღისით და ღამით შეძლებისდაგვარად ვმუშაობდი შემოქმედებითად. ყველა მხატვარი ასეა, ვისაც ოჯახი აქვს. სიმართლე თუ გინდა, უფრო მეტად ბოლო ოთხი წელი ვიმუშავე კარგად. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, რომ დასაქმდნენ მერე მომეცა საშუალება მემუშავა. ახლა ცოტა ავად გავხდი და არ ვიცი როგორ იქნება. არადა, ახლა მინდა ხატვა. იმიტომ კი არა, რომ ახლა გამოფენა იყო და კარგი შეფასება მიიღო ნამუშევრებმა. უბრალოდ, საშუალება ახლა არის, რომ ვიმუშაო.
ერთი წელია აგერ უკვე ვმკურნალობ. ახლაც ქიმიოთერაპიაზე ვარ, კიდევ ერთი კურსი მაქვს დარჩენილი, მერე რა იქნება არ ვიცი.
არც აკადემია დამიმთავრებია, არც არაფერი. 1987 წელს ჩავაბარე მოსკოვში, იყო ასეთი, სახალხო უნივერსიტეტი. დაუსწრებელზე ვსწავლობდი. 5-6 ნამუშევარს შევქმნიდი, ბანდეროლს გავაკეთებდი და ვუგზავნიდი ლექტორს. მოსკოვში მყავდა პედაგოგი, რომელიც მეთოდურ მითითებებს მაძლევდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მანამდე ერთი წელი, სანამ სწავლას უნივერსიტეტში დავიწყებდი ქობულეთელ მხატვარ მიხეილ ფაღავასთან დავდიოდი სამეცადინოდ. რომ იტყვიან, ხატვა მან მასწავლა. სწავლის პარალელურად სულ ვმუშაობდი. ძირითადად ფიზიკურად. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სკოლებში ხატვას და ხაზვას ვასწავლიდი.
წარმოშობით იმერელი ვარ, ხარაგაულიდან. მეშვიდე კლასში ვიყავი, ქობულეთში რომ გადმოვედით საცხოვრებლად. იმის შემდეგ აქ ვცხოვრობ. ზღვისპირელი მხატვარი ვარ, თუმცა ჩემს შემოქმედებაში ზღვა ნაკლებადაა. სულ 150-მდე ნამუშევარი მექნება შექმნილი.
ბევრ ადგილას რომ ვმუშაობდი, დრო ნაკლები მრჩებოდა და ხანდახან ერთი ნამუშევრის გაკეთებას ხუთ ექვს-თვეს ვანდომებდი. ხანდახან ფურცელზე დავწერდი, მონახაზს გავაკეთებდი და მერე მოგვიანებით დავხატავდი. ასე წვალებ-წვალებით ვაკეთებდი.
ახლა 57 წლის ვარ. პირველი გამოფენა იანვარში მქონდა. მანამდე რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 11 მარტს მეორე პერსონალური გამოფენა თბილისში მექნება, ლიტერატურის მუზეუმში. შეიძლება ვინმემ თქვას, საქმე ჩააწყოო, არადა, თვითონ დამიკავშირდნენ, გამოვფენთ შენს ნამუშევრებსო. როცა მუშაობ და წლების განმავლობაში არ ფასდები, ამას გულისტკივილი ახლავს. ნამუშევარს უნდა დაფასება, თორემ მე რა. რა თქმა უნდა, ნამუშევრის უკან მხატვარი დგას, მაგრამ ნამუშევარი უნდა დაფასდეს. ყოველთვის გული მტკიოდა, რომ ასე უყურადღებოდ იყო ჩემი ნამუშევრები.
ადრე პატარა დაცინვაც იყო. მეუბნებოდნენ თავს იქცევ, რა გენაღვლება, ზიხარ და ხატავო. მე, მაგალითად, თავის შექცევას იმას უფრო ვუძახი, კაცი რომ ფიცარს ხერხავს, ვიდრე რომ ზიხარ და ხატავ.
სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი, ერთი გოგო. ერთი შვილი სასულიერო პირია, მეორე _ მეზღვაური, გოგომაც საზღვაო აკადემია დაამთავრა. არ არის აუცილებელი მხატვარი ცხოვრობდეს მარტო. შეიძლება მარტო ცხოვრობდეს მხატვარი, არ ჰყავდეს ოჯახი, ყველაფერი ჰქონდეს და ვერაფერს ქმნიდეს. შეიძლება ჰყავდეს ოჯახი, წვალებ-წვალებით, მაგრამ მაინც ქმნიდეს ნამუშევარს. 29 წელია მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებული ვართ. უნივერსიტეტში მისი დაჟინებით ჩავაბარე. ოჯახისთვის რაც შემეძლო, ვაკეთებდი. რომ შევხედე შვილებს სწავლა სურდათ, ყველანაირად ვეხმარებოდი. რუსეთში წავედი სამუშაოდ და იქიდან ვაგზავნიდი ფულს.
მაშინ თუ ვხატავდი? ათ საათს რომ ფიზიკურად იმუშავებ, მერე დახატავ რამეს? მოწყვეტილი რომ გაქვს ხელ-ფეხი, რა უნდა დახატო. ჩემი ძმა ცხოვრობს იქ. მუშაობის დროს ბევრჯერ მითქვამს, მე რომ ამ დროს ხატვას ვანდომებდე, ეეე ახლა სად ვიქნებოდი-მეთქი. მეტი დრო რომ მქონოდა ხატვისთვის, მეტს გავაკეთებდი. რას იზამ, ცხოვრება თვითონ გკარნახობს. ასე ყოფილა ბევრი მხატვარი. წვალობდნენ. უწვალებლად არაფერი არ მოდის.
ხატვა უნდა ისწავლო, მაგრამ ნიჭი ზემოდან მოდის. ხატვის წყურვილი, როგორი წყურვილია იცით? გინდა რომ გააკეთო, დახატო. ნახატის ხატვა როგორაა იცი? სახლს რომ აშენებს კაცი, ფიცარს თუ დაუწყო ძებნა, ლურსმანს თუ დაუწყო ძებნა, იგი ვერასოდეს ააშენებს იმ სახლს. მაგრამ როცა მომარაგებული გაქვს ყველაფერი, იწყებ მუშაობს და სახლიც შენდება. ნამუშევრის შესაქმნელად ჯერ მოსამზადებელი ეტაპია. ვემზადები და მერე ვიწყებ ხატვას. ხანდახან ორ ნახატზე პარალელურად ვმუშაობ.
არასდროს ვყოფილვარ რაიმე კავშირის წევრი, არც მხატვართა კავშირის. ალბათ გავხდები. მხატვართა კავშირის წევრობა კარგი იმითაა, რომ იქ რაღაც გამოფენები იმართება. როცა მხატვართა კავშირის წევრი ხარ, უყურადღებოდ არ დაგტოვებენ, როცა მხატვართა კავშირის წევრი არ ხარ, არავის ახსოვხარ.
ახლა რა მინდა? მინდა, რომ ცოტა გამოვჯანმრთელდე და ვიმუშაო. მეტი რა დამრჩენია. კარგად იქნებიო, მეუბნებიან. არ ვიცი. ვნახოთ.