კვირის ამბები

„შუქის გამორთვები უკეთესობისკენ არის მიმართული“

10.03.2014 • 1894
„შუქის გამორთვები უკეთესობისკენ არის მიმართული“

 

ბატონო ირაკლი, რამდენადაა დაცული უსაფრთხოების წესები თქვენს კომპანიაში და უტარდებათ თუ არა თანამშრომლებს ტრენინგები?

 

-ჩვენი კომპანიის თანამშრომლები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ხელსაწყოებით, რაც აუცილებელია სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებისთვის. ხორციელდება მათი გადამზადება, რაც ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. აღნიშნულ მეცადინეობებს ატარებს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ათდღიანი სწავლება, რომელიც ყოველ ექვს თვეში ტარდება. როდესაც ახალი თანამშრომელი ინიშნება, მასაც უტარდება მეცადინეობები.

 

რამდენიმე დღის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ქედაში. ახალგაზრდა მამაკაცი, თქვენი თანამშრომელი, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შესწავლილია თუ არა, რასთან გვქონდა საქმე?

 

-დიახ, იყო ასეთი სამწუხარო ფაქტი და ის ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი. როდესაც ასეთი უბედური შემთხვევა ხდება, იქმნება კომისია, 10 დღის ვადაში სწავლობს ამ საკითხს და შემდგომ აქვეყნებს დასკვნას, რომელიც საჯაროა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ჩვენებები ჩამოერთვა ყველა პასუხისმგებელ პირს.

 

ენერგეტიკაში მომხდარი უბედური შემთხვევა იმდენად სპეციფიკურია, რომ წინასწარ რაიმე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. ტექნიკური სამუშაოები ამ სფეროში გაწერილია კანონმდებლობით და შიდა ნორმატიული აქტებით. ასეთი ფაქტების დროს კომისიის მიერ (სადაც შედის იურისტი, უსაფრთხოების სამსახურისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები), ხდება შესწავლა, კონკრეტულად რომელი მუხლი/ნორმა იყო დარღვეული. ძირითადად, სამუშაოს შესრულების სამი წესია – „გამორთე დანადგარი“, „შეამოწმე ძაბვის არარსებობა“ და „დაამიწე“. ვფიქრობ, უბედური შემთხვევა შესაძლოა მომხდარია იმის გამო, რომ არ არის შემოწმებული ძაბვის არარსებობა. ამის შემოწმებას სჭირდება სპეციალური ხელსაწყოები, რაც ყველა თანამშრომელს აქვს. ხშირად არის მექანიკური შეცდომაც; შეიძლება კიბე იდგა იქ, დაუცდა ფეხი, ჩამოვარდა, ან მიედო ძაბვას… თუმცა, კომისიამ შეიძლება სულ სხვა გარემოებას მიაკვლიოს.

 

ეხმარებით თუ არა დაღუპულის ოჯახს?

 

-ენერგოკომპანიის ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა რამე სავალალო შემთხვევა, სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. კომისიის დასკვნა ამ შემთხვევაში აუცილებელია. თუ შემთხვევა არასამსახურებრივს უკავშირდება და სადაზღვევო თანხა არ გადაეცემა, ჩვენს კომპანიაში არის კომისია, რომელიც სწავლობს დაღუპულის ოჯახურ მდგომარეობას და გარკვეულ დახმარებას მაინც ითვალისწინებს.

 

ელექტროგადამცემი სისტემა მოძველებულია განსაკუთრებით სოფლებში, რა გაქვთ დაგეგმილი ამ კუთხით?

 

– ყველა ოჯახშიც კი არ არის ახალი გაყვანილობა, დამეთანხმებით, თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენ რომ უნდა შევისწავლოთ, თავისთავად ცხადია, მაგრამ ამას სჭირდება დრო. რაც 80 წლის განმავლობაში შენდებოდა, ის ასე უცებ არ შეიცვლება და გაკეთდება. ამ ეტაპზე, გამრიცხველიანების მიხედვით, რაც მიმდინარეობს ახლა, ხდება ღია კაბელების უმეტესი ნაწილის იზოლირებულით შეცვლა, რომელიც უფრო დაცული და უსაფრთხოა.

 

საერთო მრიცხველების პრობლემა როდის მოგვარდება რეგიონში?

 

-საერთო მრიცხველები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2015 წლიდან აღარ იარსებებს. ეს შეთანხმებული გეგმა-გრაფიკია სახელმწიფოსთან. არ არის გამორიცხული, მანამდეც დავასრულოთ ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

 

ქალაქის უბნებში ხშირად ითიშება ელექტროენერგა, რითია გამოწვეული?

 

– გეთახმებით, მაგრამ ესაა გეგმიური გამორთვები, რაც უკავშირდება იმას, რომ შენდება ახალი ხაზები, მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები, რომლებიც ძაბვის ქვეშ არ კეთდება. მაგალითად, ტრანსფორმატორების შეცვლა და სხვა. ბევრი მოძველებული დანადგარი იცვლება. ინტერნეტით და ტელევიზიით წინასწარ ვაფრთხილებთ ამის შესახებ მოსახლეობას. მინდა გითხრათ, რომ უკეთესობისკენ არის მიმართული ეს გამორთვები.

 

ისევ უსაფრთხოებას დავუბრუნდები. სადარბაზოებში და სხვა ადგილებში არის ფაქტობრივად ღია კარადები, რომლებშიც ძაბვაა, გამანაწილებელი კაბელები შიშველია. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი?

 

-თუ მეტყვით კონკრეტულად რა მონაკვეთებზეა საუბარი, ჩავინიშნავ და აუცილებლად გადავამოწმებ, ისე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალოგიკურია. თუმცა, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ მკაცრ კონტროლზეა. კომპანიაში მიღებული წესებით, ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია. თუ სადმე არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგვმართოს ნებისმიერმა და ეს სწრაფად გამოსწორდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია აბონენტებთან და პრიორიტეტულია, რომ სტაბილურად იყოს ელექტროენერგია. ჩვენი ბიზნესი სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგია გაიყიდოს. ამიტომ, როცა პრობლემაა, ვზარალდებით ჩვენც. მოსახლეობას და ჩვენ, ასე ვთქვათ, საერთო ინტერესი გვაქვს – იყოს უწყვეტი ელექტროენერგია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მალე მივაღწევთ ამას.

 

 

ირაკლი ვახტანგიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: