კვირის ამბები

საპატრულო პოლიციის უფროსი კრიმინალის შესახებ ბათუმში

12.03.2014 • 5312
საპატრულო პოლიციის უფროსი კრიმინალის შესახებ ბათუმში

 

 

თეიმურაზ კუპატაძე
თეიმურაზ კუპატაძე

ბატონო თეიმურაზ, რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში, დღისით, ადამიანი დაჭრეს. გვაინტერესებს ასეთი ფაქტების სტატისტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორია და რამდენი შემთხვევაა აქედან გახსნილი?

 

 

 

დანაშაულის გაზრდის ტენდენცია არ არის. კონკრეტულ სტატისტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან როცა დანაშაული ხდება, საპატრულო პოლიციის გარდა ერევა კრიმინალური პოლიცია და შს სამინისტროს სხვადასხვა სამსახური. ყოველ შემთხვევაში, კრიმინალის გაზრდის ტენდენცია არ შეინიშნება, პირიქით. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც არის.

 

 

ბოლო თვეებში მოიმატა თუ არა .. ქუჩის გარჩევებმა და როგორია მოქალაქეების აქტივობა, იძახებენ საპატრულო პოლიციას?

 

 

რესტორნების წინ თუ ხდება ჩხუბი, იმ შემთხვევაში კი. თუ ე.წ. შავი სამყაროს წევრების გარჩევებს გულისხმობთ, არ გვქონია ასეთი ფაქტები. საერთოდ, ქუჩაში ყოველთვის ხდება ჩხუბი, მაგრამ თითქმის არც ერთი გამოძახება არ გვქონია. ჩვეულებრივი მომენტია, ქართული ბუნებიდან გამომდინარე.   

 

 

დანაშაულის პრევენციისთვის რა კეთდება, ან სამომავლოდ ხომ არ გაქვთ რაიმე აქტივობები დაგეგმილი?

 

 

პრევენციის მიზნით, ვაპირებთ ვიდეოთვალების რაოდენობის გაზრდას ქალაქის მასშტაბით.  აჭარის მთავრობასთან ერთად გვაქვს გეგმა, რომ ვიდეოთვალებით მთელი ქალაქი დაიფაროს. ამავდროულად, იმ უბნებში, სადაც არ დგას კამერები და უფრო ხშირად ხდება ჩხუბი, ვაძლიერებთ პატრულირებას.

 

 

რომელია ყველაზე პრობლემატური უბანი ამ მხრივ?

 

 

ძირითადად ის უბნები, სადაც არის ღამის კლუბები, კაზინოები და სადაც ნასვამი ადამიანები დადიან. ალბათ უფრო პუშკინის ქუჩა, სადაც ბევრი ღამის კლუბია.

 

 

ხშირად ჩნდება კითხვები ვიდეოთვალების გამართულობასთან დაკავშირებით. ყველა კამერა ჩართულია, რომელიც ქალაქში დგას

 

 

პრობლემა შეიძლება ყოველთვის გაჩნდეს, გამომდინარე იქედან, რომ დროდადრო ზიანდება ხან ქარის, ხან წვიმის გამო, როცა არ მიეწოდება კამერას  ელექტროენერგია, მაგრამ ეს აღდგენადია. გააჩნია რა დაზიანებაა, ამას ვაკონტროლებთ.

 

 

ამ დროისთვის არის რომელიმე ვიდეოთვალი გამორთული და სად?

 

 

კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კამერა იყოს დაზიანებული. თუმცა, იმ დროს, როცა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა ან რაიმე დანაშაული, ვიყენებთ ბანკების, აფთიაქებისა და სხვადასხვა დაწესებულების ვიდეოთვალის ჩანაწერებს.

 

 

ხშირად მძღოლები არღვევენ მოძრაობის წესებს და მოძრაობენ მაშინ, როცა შუქნიშანზე წითელი ანთია. შუქნიშნებთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული დარღვევის შემთხვევაში თუ ეგზავნებათ მძღოლებს/ფეხით მოსიარულეებს საჯარიმო ქვითრებიეს სისტემა მუშაობს?

 

 

კი, მაგრამ ისეთი ინტენსიურობით აღარ მუშაობს. ახლა ძირითადად სიჩქარის გადაჭარბებაზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული. მაგრამ, როგორც ასეთი, რომ წითელზე მძღოლები არ ჩერდებიან, ვერ დაგეთანხმებით.

სიჩქარის გადაჭარბებას რადარებით ვადგენთ. ხდება გამოვლინება დარღვევების, მაგრამ კონკრეტიკაზე ნუ ვისაუბრებთ. წითელზე გავლაც ჯარიმდება, ღერძულა ხაზის გადაკვეთაც და ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

 

აპირებთ საპატრულო ეკიპაჟის გაზრდას?

 

 

გასულ ზაფხულს ათი ერთეულით გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟი ქალაქში. შვიდი მინიკუპერი დაემატა ბათუმს და შესაბამისად 42-მდე გაიზარდა წევრების რაოდენობაც  საპატრულო პოლიციაში. დაემატა მოტოპატრული ბულვარში და ამ ზაფხულსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ტურისტულ სეზონზე კი 150 პატრულ-ინსპექტორი კიდევ დაემატება თბილისიდან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: